ცესკოს ინფორმაციით, ბათილია 59 772 ბიულეტენი, სააკაშვილის თქმით – 97 ათასი

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციას 97 ათასი ბიულეტენი გაუუქმეს. ამის შესახებ მან ლაივჩართვაშიც ისაუბრა და 2018 წლის პირველ დეკემბერს, არჩევნებიდან მეხუთე დღეს ფეისბუქში სტატუსიც გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ინფორმაცია ბოლო და დაზუსტებულია.

განსხვავებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] წინასწარი მონაცემები.

ცესკოს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, მთლიანობაში, წინასწარი მონაცემებით 59 772 ბიულეტენი გაბათილდა, რაც საქართველოს მასშტაბით საარჩევნო ყუთთან მისული ამომრჩევლის 3,1 პროცენტია.

ეს ციფრი, პირველი ტურის მონაცემებთან შედარებით არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა – პირველ ტურში იყო 3,27% . გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დასახელებული მონაცემები  იმ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით გამოთვალა, რომლებიც მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ წარმოდგენილი:

„…ჩვენ დიდი ხანია ვცდილობთ ამ ციფრის მიღებას და ცესკო გვეუბნება, რომ საჩივრების განხილვას ელოდება. ამიტომაც ცესკოდან მიღებული ოფიციალური მონაცემი არ გვაქვს. როგორც იცით, ვაწარმოებდით პარალელურ დათვლას, გვყავდა წარმომადგენლები ყველა უბანზე და მათი მონაცემებიდან მივიღეთ ციფრი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რაც შეეხება იმას, რომ ვამბობთ – ეს არის უპრეცედენტო რაოდენობა, ამ შემთხვევაში ვადარებთ წინა საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემებს“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

ბათილი ბიულეტენების რაოდენობას ცესკო დიფერენცირებულად არ ითვლის. შესაბამისად, არ ვიცით გაბათილებულთაგან ზუსტად რამდენია ისეთი ბიულეტენი, სადაც ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი გადახაზეს ან ორივე შემოხაზეს. გაბათილებულად ითვლება ყველა ის ბიულეტენი, რომელიც ყუთიდან საღამოს რვა საათის შემდეგ ამოვა და ამ ბიულეტენით ვერ დგინდება, ვის სასარგებლოდ გააკეთა ამომრჩეველმა არჩევანი. მათ შორის შეიძლება იყოს ის ბიულეტენებიც, რომლებზეც რეგისტრატორს გაცემულ ბიულეტენზე ბეჭდის დასმა ან ხელმოწერა დაავიწყდა.

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილეობა 1 975 845-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 56.23%-ია. „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს ხმა მისცა 1 147 701-მა ამომრჩეველმა [59,52],  გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს კი – 780 680-მა [40,48].

ცესკოს ვებგვერდზე უკვე ატვირთული ოქმების მიხედვით, ბათუმის საარჩევნო ოლქში 2108 ბიულეტენი გაბათილდა. საერთო ჯამში კი, ბათუმში საპრეზიდენტო არჩევნებში 80 394-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 34 656-მა ამომრჩეველმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს მისცა ხმა [44%], ხოლო 43 630-მა ამომრჩეველმა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი [56%]. აჭარაში, ექვს ოლქში, 3 570 ამომრჩევლის ბიულეტენი გაბათილდა.

თბილისის ათივე ოლქში, საოლქო კომისიების მიერ მოწოდებული წინასწარი მონაცემებით, ჯამში, 22 856 ბიულეტენი გაბათილდა.

ქუთაისში კი 2735 ამომრჩევლის ბიულეტენი ცნო საარჩევნო კომისიამ ბათილად.

ცესკოს მონაცემებით, 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცა 1 660 976-მა ამომრჩეველმა, გაბათილდა 30 101 ბიულეტენი; 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე კი 33 108 ბიულეტენი გაბათილდა.

 

 

რომელი ავტობუსები იმოძრავებენ შეცვლილი მარშრუტით ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში შავშეთის ქუჩაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო #1, #1ა, #4, #8 და #15 მუნიციპალური ავტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ:

ნომერი პირველი ავტობუსი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით – აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილის, რუსთაველის, ბაქოს, ნონეშვილის, გოგოლის, მაიაკოვსკის, წერეთლის, ჭავჭავაძის, თავდადებულის, ბაგრატიონის, ლერმონტოვის, ორბელიანის, ლეონიძის ქუჩებზე.

#1ა იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით – აღმაშენებლის, ლეონიძის, ორბელიანის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის, თავდადებულის, ჭავჭავაძეის, წერეთლის, მაიაკოვსკის, ნონეშვილის, ბაქოს, გოგებაშვილის ქუჩებზე.

#4 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით – აღმაშენებლის, კობალაძის, ინასარიძის, ფიროსმანის, გორგილაძის, ბარათაშვილის, წერეთლის, მაიაკოვსკის ქუჩებზე.
უკუმიმართულება იგივე.

#8 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით – აღმაშენებლის, ლეონიძის, ორბელიანის, ჯავახიშვილის, ბაგრატიონის, შარტავას, აბუსერიძის, ჭავჭავაძის, წერეთლის, მაიაკოვსკის ქუჩებზე, თამარ მეფის გზატკეცილი, მახინჯაური, ბაღის ქუჩა. უკუმიმართულება -იგივე.

#15 იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით – ზედა ღელე, მემედ აბაშიძის, ორბელიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, რუსთაველის, ბაქოს ქუჩებზე, ბარცხანის ხიდი, ქათამაძის ქუჩა.
უკუმიმართულება – იგივე.

„დღეს მხოლოდ ჩაი გვქონდა და კიდევ პური“ – ბავშვები ქობულეთიდან (ფოტო)

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ნაკაიძეების დასახლებაში ყველა გეტყვით, სად ცხოვრობს სურმანიძეების ოჯახი. სახლი ქვისაა და ორსართულიანი, თუმცა გზაზე ჩავლის დროს შორიდანვე  შეამჩნევთ, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს უჭირთ – დაჟანგული მოაჯირებით და ბავშვების გამოფენილი ფერადი ტანსაცმლით, ტალახიანი ეზოთი, სადაც ბავშვები დარბიან, ძველი მიყრილ-მოყრილი ნივთებით, ღიად დატოვებული ონკანით და შიშველი თოჯინით, პირქვე ჩამხობილი რომ დარჩენიათ ბავშვებს.

„დღეს ჩაი დავალევიე ბავშვებს და კიდევ პური გვქონდა. გუშინაც ჩაი და პური იყო, მეტი არაფერი… გუშინწინ მეზობელმა კომბოსტო მაჩუქა და ბორში გავაკეთე, ძალიან მოეწონათ ბავშვებს,“ – გვიყვება ქეთევან სურმანიძე, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და მეოთხეს ელოდება.

ქეთევან სურმანიძე აქ მეუღლესთან, შვილებთან, დედამთილთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ქეთევანის ძმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

ქეთევან სურმანიძე ამბობს, რომ შემწეობა ბოლო რამდენიმე თვეა შეუჩერეს. სარემონტოა სახლიც, სადაც სახურავიდან წყალი ჩამოდის, იატაკი ჩავარდნის პირასაა და ხის დაფებით გაუმყარებიათ.

სურმანიძეები ამორტიზებულ სახლში ცხოვრობენ. სახლი იმდენად ავარიულია, რომ ხუთი წლის ბავშვს იატაკი ჩაუტყდა და მეორე სართულიდან პირველზე ჩავარდა

„ამას წინათ ჩამივარდა აქ ჩემი პატარა… მეორე სართულიდან ჩავარდა პირველზე. კიდევ კარგი, რომ პირველ სართულზე იმ ადგილას რბილი მიწა შეხვდა და დიდად არ დაზიანებულა,“ – გვიყვება ქეთევანი და ოთახებს გვათვალიერებინებს: მაგიდაზე ცარიელი თეფშები და პურის ერთი ნაჭერია დარჩენილი. დედა ბავშვებს სთხოვს, გარეთ ითამაშონ, რადგან იატაკი შეიძლება ჩავარდეს. ქეთევანი შეშის ღუმელს ანთებს, წყალი უნდა გავათბო და დღეს ბავშვები უნდა ვაბანაოო, მიყვება.

„აბაზანა არ გვაქვს, აქვე ვაბანავებ… ეს რა პრობლემაა, შეშა რომ მქონდეს. ვისიც არის ტყე, იმას ვთხოვეთ და გვითხრა, მთავარია, ხე არ მოჭრათ და ფარჩხები წაიღეთო… მაგას ვეზიდებოდი დღეს მთელია დღეა,“ – ამბობს ქეთევან სურმანიძე.

ქეთევან სურმანიძის მოთხოვნა მარტივია – ის მხოლოდ საკვებს ითხოვს ბავშვებისთვის. ქეთევანი, ასევე, ითხოვს ძმის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას – ბესო სურმანიძეს ოჯახში ძალადობას ედავება გამოძიება.

„იმ ღამით ნასვამი მოვიდა და ჩხუბი დამიწყო. მერე სათამაშო თოფი გამომიქნია და მეტკინა, მეტი არაფერი იყო… ბავშვებმა რომ დაინახეს, კივილი დაიწყეს და ისიც შეშინდა, თვითონ დარეკა 112-ზე, ჩემს ფეხმძიმე დას მუცელში ფეხი ჩავარტყი, მოდით და წამიყვანეთო. მოვიდნენ…

მას მერე ჩემი ძმა აღარ მინახავს. ჩემი დედამთილი იყო ასული ხონის ფსიქიატრიულში, იქ არის ჩემი ძმა. ისიც ვერ მუშაობდა ვერაფერს, ავადაა, მაგრამ ხანდახან წავიდოდა და საჭმელს მოიტანდა, აძლევდნენ რაღაცას… მინდა, გამოუშვან გარეთ, მაგას ვითხოვ მე.

.. დედამთილი სოფელშია ახლა წასული, ქმარი თბილისში წაიყვანეს აქციაზე. არავინ მუშაობს,“ – გვიყვება ქეთევან სურმანიძე.

პატარები საბავშვო ბაღში არ დადიან. დედა ამბობს, რომ ბავშვები ბაღში არ გაჩერდნენ. სკოლაში მხოლოდ ნიკა დადის, ის 12 წლისაა და მეხუთე კლასშია, თუმცა დღეს არც ის წასულა სკოლაში.

რატომ არ დადიხარ სკოლაში? – კითხვას დედა-შვილი უპასუხოდ ტოვებს.

ნიკა ამბობს, რომ მან წერა-კითხვა ამ დრომდე არ იცის. თუმცა დარწმუნებულია, რომ ამას შეძლებს და პოლიციელიც გამოვა.

ნაკაიძეების სკოლაში, სადაც ნიკა სწავლობს, გვითხრეს, რომ ნიკა სკოლას იშვიათად აცდენს, თუმცა ბავშვს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ნიკასთან სპეციალიზებული მასწავლებელი მუშაობს. სპეციალიზებული მასწავლებლის, ლიკა კენჭაძის თქმით, ბავშვს აქამდე სხვა ბავშვებთან ურთიერთობაც უჭირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის ფილიალის ინფორმაციით კი, სურმანიძეების ოჯახს სოციალური შემწეობა მხოლოდ ორი თვით ჰქონდა შეჩერებული, რადგან ოჯახის მონაცემები გადამოწმდა.

„ეს ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას და ყველა პროგრამაში არის ჩართული, თუკი რაიმე არსებობს… რაც შეეხება ნიკას სტატუსს, მშობელმა უნდა მოითხოვს სტატუსის მინიჭება, რასაც მშობლები ამ დრომდე არ აკეთებენ. ბებია დაგვპირდა, მოგმართავთო, მაგრამ არც ის მოვიდა საბოლოოდ“, – აღნიშნავს სოციალური მუშაკი ნანა ჯაფარიძე.

სოციალური მუშაკის თქმით, პრობლემური არიან მშობლებიც. ამის გამო სააგენტომ ბავშვების მინდობით აღზრდაში გაყვანა გადაწყვიტა, მაგრამ დედა ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა. სოციალური მუშაკი მიიჩნევს, რომ ქობულეთის მერია უნდა დაეხმაროს ოჯახს, თუმცა ამ დრომდე მერიამ ამ კონკრეტული ოჯახისთვის ვერ მოიცალა.

ნანა ჯაფარიძე, სოციალური მუშაკი: „ეს ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მერიას… პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს ელემენტარული პირობები, რომ იმ სახლში ცხოვრება საშიში არ იყოს სიცოცხლისთვის. ვგულისხმობ იატაკს, ჭერს… ჩვენ ვცადეთ ბავშვების მინდობით აღზრდაში გაყვანა, მაგრამ დედამ წერილი მისწერა მერიას, თუ ასე მოიქცევით, თავს მოვიკლავო…“

სურმანიძეებს სამი დღეა საჭმელად მხოლოდ ჩაი და პური აქვთ

ფაშისტური სიმბოლიკები საჯარო სკოლის ჭიშკარზე ბათუმში

ბათუმში, მე-8 საჯარო სკოლის რკინის ჭიშკარზე და ჭიშკრის სვეტებზე, ფაშისტური სიმბოლოებია მიხატული. სკოლის ცენტრალური შესასვლელი გრიბოედოვის ქუჩის მხრიდანაა.

სკოლის დირექტორი გივი ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფაშისტური სიმბოლოები სკოლის ჭიშკარზე დღეს დილით შეამჩნია. „მანამდე არ მინახავს. დღეს როცა მივედი სკოლაში, შევნიშნე“, – გვითხრა დირექტორმა.

მისი თქმით, ჭიშკარსა და ჭიშკრის სვეტებზე მიხატული ფაშისტური სიმბოლოები სკოლაში სხვებმაც შენიშნეს. „ჩვენ არ დაგვინახავს ვინ დააწერა ეს სიმბოლიკები. სავარაუდოდ, უცხო პირები არიან. ვიყიდით საღებავს და ჭიშკარს გადავღებავთ“, – ამბობს გივი ხალვაში.

მე-8 საჯარო სკოლაში წელს 1846  მოსწავლე სწავლობს.

ფაშისტური სიმბოლოები ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის ჭიშკარსა და ჭიშკრის სვეტებზე.
ფოტო: თედო ჯორბენაძის

წარმოშობით ქართველი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს

2018 წლის 8 ნოემბერს გაიმართა ა.(ა).ი.პ. „ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ მმართველთა საბჭოს სხდომა , ასოციაციის თავმჯდომარის, მმართველთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევასთან დაკავშირებით. სხდომას ესწრებოდა ასოციაციის მმართველთა საბჭოს ყველა წევრი. გაიმართა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ფარული კენჭისყრა. ფარული კენჭისყრით სამი წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ოსმან ჩალიშქან – მჟავანაძე, მმართველთა საბჭოს 5 ძირითადი წევრი და სამეთვალყურეო საბჭოს 3 წევრი.

ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის განცხადებით: „ასოციაციის უცვლელ მიზნად დარჩება ავტონომიურ და საქართველოს ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ახალ ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა“

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არის არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორთა გაერთიანებას  საქართველოში. ასოციაციაში დღეისათვის 14 კომპანია არის გაწევრიანებული, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა: საფეიქრო მრეწველობა, მშენებლობა და სამშენებლო მასალები, საბანკო, დაზღვევა, სასტუმროები და სხვა.

დღემდე ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ განხორციელდა 850 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ასოციაციის წევრი კომპანიების სამომავლო საინვესტიციო პროექტების ღირებულება აღწევს დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარს. დღემდე ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დასაქმდა 16 600 ადამიანი.

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მთავარი მიზანია საქართველოში ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის უკეთ წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე, ასოციაციის წევრი კომპანიების ლობირება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში, წევრი კომპანიების პრობლემატური საკითხების შესწავლა-ანალიზი და მათი წარმოდგენა შესაბამის ორგანოებში . წევრი კომპანიების PR საქართველოში და საზღვარგარეთ. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არის შუამავალი მთავრობასა და ბიზნესს შორის.

ოსმან ჩალიშქან – მჟავანაძე – წარმოშობით ქართველი, დაიბადა ქალაქ ორდუში, აქვს უმაღლესი განათლება კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. 2004-2007 წლებში ქალაქ ტრაპიზონში მუშაობდა საქართველოს საკონსულოში, 2008-2010 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში, 2010 წლიდან დღემდე არის  საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „Geonet Expo”_ს მფლობელი . 2011 წლიდან 2018 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ხოლო 2018 წლის 8 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოში წამყვანი , გლობალური საკონსულტაციო სააგენტოს მფლობელი და 2018 წლიდან დღემდე “SanPark Georgia”_ს დისტრიბუტორი საქართველოში.

იაპონიაში სკოლის მასწავლებელი ვირტუალურ გოგონაზე დაქორწინდა

დღეს საერთაშორისო მედია წერს იმაზე, რომ იაპონელი მასწავლებელი, 35 წლის აკიჰინო კონდო, ვირტუალურ გოგონაზე, ჰაცუნე მიკუზე დაქორწინდა. ჰაცუნე მიკუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვირტუალური მომღერალი გოგონაა იაპონიაში და რეალურ მუსიკალურ ჩარტებშიც პოპულარულია. ქორწილზე ვირტუალური გოგონას ჰოლოგრამის მიხედვით დამზადებული თოჯინა იყო პატარძლად წარმოდგენილი.

ქორწილისთვის აკიჰინო კონდომ 18 000 დოლარი გადაიხადა. ცერემონიაზე ტოკიოში 40 სტუმარი იყო მიწვეული, მაგრამ არ იყვნენ ახალდაქორწინებულთა მშობლები, ვირტუალურ გოგონას მშობლები უბრალოდ არ ჰყავს, აკიჰინდო კონდოს მშობლები კი შვილის გადაწყვეტილებას არასერიოზულად მიიჩნევენ. კონდო ნაწყენია, რომ მშობლებმა მისი არჩევანი უარყვეს და საცოლე არ მიიღეს.

კადრში ჩანს, როგორ ბრუნდება „ახალდაქორწინებული“ სკოლის მასწავლებელი სამსახურიდან შინ, სადაც მინის კონსტრუქციაში მოთავსებული „ცოლი“ ხვდება, მეუღლის ხმოვანი ჰოლოგრამა მას ესალმება და ესაუბრება. ღამით კი ვირტუალური გოგონას გამოსახულების მიხედვით დამზადებულ სათამაშოსთან ერთად სძინავს.

 

[60fps Full] PoPiPo ぽっぴっぽー - Hatsune Miku 初音ミク DIVA Dreamy theater ドリーミーシアター English Romaji

ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავს დაფრენისას ბორბალი დაეშვა

2 დეკემბერს  ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანია TURKISH AIRLINES-ის თვითმფრინავს ერთი ბორბალი დაეშვა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მგზავრმა უთხრა, რომელიც თავად იმყოფებოდა თვითმფრინავში. მისი თქმით, დასაფრენ ზოლზე დაშვება ავარიული არ ყოფილა. აეროპორტში იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურიც, სადაც „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აეროპორტში უსაფრთხოების გამო იმყოფებოდნენ და ეს არ ყოფილა განსაკუთრებული ინციდენტი.

მგზავრის მიერ გადაღებული ფოტო

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში  „ბათუმელებს“ ინფორმაცია დაუდასტურეს. ფოტოზე, რომელიც აღნიშნული რეისის მგზავრმა გადაიღო, ნათლად ჩანს თვითმფრინავის დაშვებული ბორბალი.

მოეხსნება თუ არა ყადაღა გომარდულს – მთავრობის კიდევ ერთი დაპირება

ამუშავდება თუ არა წელს, ზამთრის ტურისტულ სეზონზე შუახევში, გომარდულში მდებარე სასტუმრო-სახლები, ამ ეტაპზე ისევ უცნობია. სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ქონებას, რომელიც ამ კურორტს მართავს, ჯერ ისევ ყადაღა ადევს. თუმცა, საუბარია საგადასახადო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ზამთრის კურორტი გომარდულში შესაძლოა ისევ ამუშავდეს.

საგადასახადო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 30 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააჟღერა მთავრობის სხდომაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფორმდება საგადასახადო შეთანხმება და აღნიშნულ კომპანიას ყადაღა მოეხსნება. ეს აქციონერებს მისცემს საშუალებას განავითარონ კურორტი.

„აჭარის ხელისუფლება იქნება ჩართული, რომ გომარდულში იყოს მეტი განვითარება. ტურიზმის დეპარტამენტმა უმოკლეს ვადებში უნდა უზრუნველყოს სეზონის გახსნა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აჭარის მთავრობა სააქციო საზოგადოება „გომარდულისთვის“ დავალიანების ჩამოწერაზე საუბრობს. 2017 წელს დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა, თუმცა – უშედეგოდ.

სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ დირექტორი, ჯემალ დარჩიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საგადასახადო შეთანხმება ბიუჯეტში 20 000 ლარის გადახდას ითვალისწინებს:

„ვალდებულებაში გვაქვს 20 000 ლარის შეტანა ბიუჯეტში, შეთანხმებიდან ერთი თვის ინტერვალში. ამ თანხას რომ დავფარავთ, არის პირობა, რომ გომარდული შეზღუდვებისგან იქნება თავისუფალი, ანუ ჩამოეწერება ყველანაირი დავალიანება. თანხის გადახდა აქციონერებზეა დამოკიდებული, ზოგი უცხოეთშია, როცა შეიკრიბებიან, დაახლოებით ათ დღეში, გვეცოდინება ზუსტი პასუხები. ამჟამად კოტეჯები დაკეტილი, იქ შესვლის უფლება არ გვაქვს“.

სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ რვა აქციონერი ჰყავს, მათგან ერთ-ერთია აჭარის მთავრობა, 10-პროცენტიანი წილით. კურორტის ერთ-ერთი აქციონერია აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ხვიჩა შარაშიძე.

კურორტი გომარდული 2011 წელს გაიხსნა, მუშაობდა 2012 წელსაც, ხოლო შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. მიწის ფართობი, რომელიც კომპანიას 2011 წელს პირობებით გადაეცა, 50 ჰექტარია, მიწის გადასახადი კი წლიურად, დაახლოებით 130 ათასი ლარია.

რა დავალიანება აქვს ამ დროისთვის სააქციო საზოგადოება „გომარდულს“, ჯემალ დარჩიძეს „ზეპირად არ ახსოვს“. თუმცა, ჯერ კიდევ გასულ წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ საუბარია დაახლოებით 800 000 ლარზე.

ამავე თემაზე: 

დაყადაღებული კურორტი და მთავრობის გეგმა

 

 

შეხვედრა ბათუმში – თავშესაფრების, კრიზისული ცენტრების საქმიანობა და გამოწვევები

2018 წლის 4 დეკემბერს 14:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების შესახებ.

შეხვედრას წარუძღვება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბექა მაჭუტაძე. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეულნი არიან ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებს, გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ სტატისტიკას, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

ვიდეორგოლი ფიროსმანის შესახებ – კომპიუტერები კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს 

სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა მოამზადონ ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებენ ფიროსმანის ნახატებს.

კონკურსისთვის – „გაცოცხლებული სურათები“ მოსწავლეებმა უნდა შექმნან ვიდეორგოლი, სადაც შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ციფრული, ასევე, სხვადასხვა ტიპის რესურსი, მათ შორის, საკუთარი ნახატებიც.

კონკურსის პირობების მიხედვით, მოსწავლეებმა მხატვრის ბიოგრაფიიდან უნდა მოიძიონ ისტორიები და მასზე დაყრდნობით შეიმუშაონ ვიდეორგოლის სიუჟეტი.

ვიდეორგოლი უნდა იყოს გახმოვანებული ან გაფორმებული მუსიკალურად.

ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

საკონკურსო ნამუშევრის მომზადებას სკოლის ადმინისტრაცია კურირებს. სკოლამ უნდა გამოავლინოს მინიმუმ ორი საუკეთესო ნაშრომი, რომელსაც ჩაწერს CD-ზე და წარადგენს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

ვიდეორგოლებს დაახარისხებენ ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. გამარჯვებულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია გამოავლენს.

პირველ ასაკობრივ კატეგორიაში (მე-7-9 კლასები), პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით.

პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 700 ლარის ღირებულების კომპიუტერულ ტექნიკას და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათს,  მეორე ადგილის მფლობელი – 600, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი – 500 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათს.

იგივე პრიზები გადაეცემათ მეორე ასაკობრივ კატეგორიაში (მე-10-12 კლასები) გამარჯვებულ კონკურსანტებსაც.

გამარჯვებული ნამუშევრები სკოლებმა რესურსცენტრებს უნდა წარუდგინონ 17 დეკემბრამდე, რესურსცენტრებმა კი სამინისტროში უნდა გადააგზავნონ 20 დეკემბრის ჩათვლით.

გამარჯვებულ მოსწავლეებს 31 დეკემბერს გამოავლენენ.

 

 

 

2019 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ანა ეძგვერაძე წარადგენს

2019 წლის ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონს 32 წლის მხატვარი ანა ეძგვერაძე, იგივე ანა კ.ე. წარადგენს.

მხატვარ Anna K.E.-სა და კურატორ მარგო ნორტონის, გალერეა სიმონე სუბალისა და პროჯექთ ართბითის პროექტი REARMIRRORVIEW Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…  გამარჯვებულად creative georgia-ს ექსპერტთა კომისიამ გამოავლინა.

„2019 წლის ვენეციის 58-ე საერთაშორისო ბიენალეზე ქართული პავილიონისთვის – Anna K.E. გეგმავს შექმნას მასშტაბური ნამუშევარი – სპეციფიკური არქიტექტურული გარემო.
მისი ეს, ამ დროისთვის ყველაზე ამბიციური პროექტი, ხელოვანის შემოქმედების ბევრ წამყვან მოტივს აერთიანებს, რომლებიც მან თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ღრმად იკვლია და დაამუშავა.

არტისტს, რომელიც კლასიკურ ბალეტს პროფესიულად სწავლობდა, სივრცეში სხეულის მოძრაობის განსაკუთრებულად ზუსტი განცდის ნიჭი აქვს, ამიტომ მის შემოქმედებაში შექმნილ დენად არქიტექტურულ სივრცეებს ყოველთვის ქორეოგრაფიულობა გამოარჩევს“, – ნათქვამია საკონკურსო კომისიის შეფასებაში.

ანა ეძგვერაძემ საქართველოში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო.

მისი გამოფენები სხვადასხვა დროს იმართება ბერლინში, დიუსელდორფში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკსა და ისრაელში.

2019 წლის ვენეციის ბიენალე ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს.

„გეცხოვროთ საინტერესო დროს“ (May You Live in Interesting Times)  – ეს იქნება 2019 წლის ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს კონცეფცია, რაც მსოფლიოს თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

ამავე თემაზე: 

https://blogs.netgazeti.ge/2015/12/21/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%99-%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98/?fbclid=IwAR09xE7vI39VjZ_HKBcQ-5CWYBmKcWMYU4ryzXzfg22it8Cyt1ZAPKjokVs

 

აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს 50 000 ლარს გამოუყოფს

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 50 000 ლარს გამოყოფს 2018 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში აჭარაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად

აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში ხანძრის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში – ორი, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში სამი ოჯახი დაზარალდა, მათ შორისაა ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის სოფელ ჭახაურში მცხოვრები ოჯახი, სადაც გაჩენილი ხანძრის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე დღეს, 3 დეკემბერს, განიხილეს.

„დღეს განვიხილეთ ხუთი ოჯახის ფინანსური დახმარების საკითხი, თითოეულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონიდან გამოეყოფა 10 000 ლარი, ამ ოჯახებზე ჯამში კომისიის რეკომენდაციით გაიცემა 50 000 ლარი,“ – აღნიშნა შერეული სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

კომისიის სხდომა. ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

2018 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღნიშნული ხუთი ოჯახის გარდა ხანძრის შედეგად 43 ოჯახი დაზარალდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 377042 ლარი.

__________

მთავარ ფოტოზე: ხანძრის შედეგად დამწვარი სახლი მაღალმთიან აჭარაში. ფოტო: აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

როგორ დავამარცხოთ უმუშევრობა ევროკავშირის დახმარებით – ორი რეალური ისტორია

საქართველოში ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა უმუშევრობაა. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს რეგიონებში, სადაც სამუშაო ადგილების ნაკლებობასთან ერთად კვალიფიციური კადრების დეფიციტიც არსებობს.

ამის საპასუხოდ ევროკავშირი აფინანსებს საგრანტო პროექტებს, – „საოჯახო ბიზნესი“ და „საქართველოში ფორმალურ/არაფორმალური პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის სისტემებს შორის კავშირის გაძლიერება სიცოცხლის მანძილზე სწავლების კონტექსტში“.

ჩვენ ამ პროექტების ბენეფიციარებს, ნიკა ხასაიას და იამზე ხახუტაიშვილს შევხდით

ნიკა ხასაია, 25 წლის – შემდუღებელი

„დიახ, გისმენთ. ახლა კი ვმუშაობ, მაგრამ ცოტა ხანს მოვიცლი“, – მეუბნება ტელეფონში ახალგაზრდა კაცი. ნიკა ხასაია 25 წლისაა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში ცხოვრობს. იქ დაიბადა და გაიზარდა. სკოლაც იქვე დაამთავრა. შემდეგ ჯარში იმსახურა. 19 წლის იყო, როდესაც სახლში დაბრუნდა და სამსახურის ძებნა დაიწყო.

ნიკა ხასაია
ნიკა ხასაია

ოჯახში ოთხნი არიან. ის, მისი მეუღლე, ხანშიშესული მამა და 5 წლის ანდრია.

„ერთი პერიოდი ზუგდიდში ჩავედი და მუშად დავიწყე მუშაობა. რა ვიცი, სხვა რა უნდა მექნა. თან, როგორ გითხრათ, აბა… ძალიან უნიჭოც არ ვარ, ვუყურებდი სხვებს და ვხვდებოდი, რომ რაღაცების გაკეთება მეც შემეძლო. ვუყურებდი, ვსწავლობდი“, – მიყვება საკუთარ თავზე. ამ დროს გაიგო, რომ მის სოფელში, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სამუშაოების დაწყებას გეგმავდა და, რა თქმა უნდა, გულმა სახლისკენ გამოუწია.

დაიწყო კიდეც მუშაობა. უბრალო მუშა იყო, ხან რის გადაზიდვას ავალებდნენ და ხან – რის.  „შედუღება ადრეც გამიკეთებია, სხვებს ვუყურებდი, დამაინტერესა და ისე ვისწავლე, მაგრამ პროფესიონალურად, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი“, – მიყვება ნიკა. ჯვარის სასწავლო ცენტრში – „ლაკადა“ ზეინკალ-შემდუღებლის 300-საათიანი პროფესიული კურსი გაიარა.

 

ნიკა ხასაია
ნიკა ხასაია

ახლა უკვე 6 თვეა, რაც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ შემდუღებლად მუშაობს, „სერტიფიკატიც მაქვსო“, მეუბნება და ამატებს – „აბა, ამის გარეშე ვინ აგიყვანს სამსახურში“.

იცის, რომ მილების გაყვანა 7-8 თვეს მაინც გაგრძელდება. ამიტომ ეს პერიოდი არ აშინებს. მერე? მერე იცის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია პროფესიული კურსის ტრენინგების გავლა და სერტიფიცირებული, სხვადასხვა სახელობო პროფესიის დაუფლება. ეს კი, გარანტირებულ სამსახურს ნიშნავს.

პარალელურად კი…  „მამა? დღეს ბაღი მააქვს?“ – ყოველ დილით ასე იწყება ნიკას დღე. და „მამა, დღეს წვიმა რომაა, შენ ხომ არ მუშაობ?“ – მოჰყვება ხოლმე უკვე ტრადიციად ქცეული თანმიმდევრობა. ესეც გაიხედავს ფანჯარაში და თუ უამინდობაა, იცის, რომ იმუშავებს. ესე იგი, ნიკას და ანდრიას დღე იქნება.

იამზე ხახუტაიშვილი – 47 წლის

აი, ასე დგებიან და ნიჟარების ძიებაში მთელი ოჯახით სანაპიროს მოუყვება – იამზე ხახუტაიშვილი, მისი მეუღლე და სამი შვილი – ორი ქალი და ერთიც ვაჟი. ისინი ქობულეთიდან არიან.

ხელნაკეთი ნივთების შექმნა იამზეს ბავშვობიდან უყვარდა. 12 წლის იყო, როდესაც პირველად წიწვებისგან მოქსოვა კალათა. მერე საყვავილე გააკეთა, მერე ქარგვა და ქსოვა ისწავლა. „მთელი ცხოვრება ხელმარჯვე ვიყავი და სულ რაღაცებს ვაკეთებდიო“. ერთი წელი ლაბორატორიაში იმუშავა, თუმცა მერე „გავბედნიერდიო“, მითხრა და ახალ დაოჯახებულმა, სამსახურს თავი დაანება. ჯერ ერთი შვილი გაჩნდა, მერე – მეორე, მერე – მესამე…

იამზე ხახუტაიშვილი
იამზე ხახუტაიშვილი

ნიჟარებით სუვენირების კეთება 25 წლის წინ დაიწყო. ჯერ ის და მისი მეუღლე შრომობდნენ, მერე ბავშვებიც ჩაერთვნენ და ახლა უკვე ნამდვილი საოჯახო ბიზნესი აქვთ. „ყველას სხვადასხვა რაღაც მოგვწონს, ბავშვები რომ წამოიზარდნენ, დაიწყეს – ასე ჯობია, ასე გავაკეთოთო… მე და ჩემი მეუღლეც ვითვალისწინებთ და ისე ვაკეთებთ, რომ ყველა ბედნიერი იყოს“.

ესე იგი, თქვენს სახლში სულ ფუსფუსი და ნიჟარების ჩხარუნი ისმის? – ვეკითხები იამზეს: – „რა თქმა უნდა, აბა, ქობულეთში ზამთარში სხვა რა უნდა გააკეთო?“

ჯერ საფერფლე გააკეთეს, მერე სხვადასხვა ფიგურა და სამკაული მიაყოლეს – ქობულეთში, ბათუმსა და ურეკში სხვადასხვა ადგილას აბარებდნენ და ყიდდნენ.

ნიჟარებს თავად აგროვებენ ანდა ყიდულობენ. ხელით ამუშავებენ და ნატეხებად აქცევენ. აი, მერე კი, ნამდვილი შემოქმედება იწყება.

2 წლის წინ იამზემ ევროკავშირის ტრენინგი გაიარა, რომელზეც ბიზნესის ადმინისტრირება, ბუღალტერიის წარმოება და სხვა ის მრავალი დეტალი შეისწავლა, რაც საკუთარი საოჯახო ბიზნესის უკეთ წარმართვაში ეხმარება.

„მთავარი ის იყო, რომ აქ გვასწავლეს ბიზნესის წარმოება, ხალხთან, კლიენტებთან ურთიერთობა, ისეთი დეტალები, რაზეც მანამდე არც მიფიქრია. როგორ შეგვიძლია ონლაინსივრცის გამოყენება, როგორ კეთდება და რამდენად აუცილებელია ეტიკეტის დამზადება… რა უნდა გააკეთო რეალიზაციისათვის. გრანტით აღებული თანხით კი შევძელით იმ ხელსაწყოებისა და მასალის შეძენა, რაც ძალიან გვჭირდებოდა“, – მიყვება იამზე.

გამოდის, რომ მან აქ ისწავლა ყველაფერი ის, რასაც შეუძლია კუსტარულად დაწყებული საქმე თუ ჰობი, ნამდვილ, გამართულ ბიზნესად აქციოს.

იამზე ხახუტაიშვილი მეუღლესთან ერთად.
იამზე ხახუტაიშვილი მეუღლესთან ერთად.

იამზე მიიჩნევს, რომ ტრენინგზე მიღებულმა გამოცდილებამ მთლიანად შეცვალა საქმისადმი მისი დამოკიდებულება. ეს, თავის მხრივ, გაყიდვებზეც აისახა.

ძალიან უნდა, რომ ისევ ევროკავშირის დახმარებით ქობულეთში ცენტრი გახსნას, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ხელსაქმეს შეასწავლის. ვინც იცის – იმათ დაასაქმებს. „ბევრნი არიან და ასეთ სივრცეს ყველა მოუთმენლად ელისო“.

ასე, რომ თუ შემთხვევით, ქობულეთში, სანაპიროზე ნიჟარების მაძიებელ შუახნის ქალბატონსა და მისი ოჯახის წევრებს დაინახავთ, იცოდეთ, ეს შეიძლება იამზე ხახუტაიშვილის ოჯახი იყოს, რომელიც მორიგი სუვენირისთვის საჭირო მასალის შეგროვებას ცდილობს.

სასამართლოში ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზი – გაფუჭებული ავტომანქანები

52 სპეციალიზებული ავტომანქანიდან 19 კუსტარული წესით გადაკეთების შედეგად გაფუჭდა – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ პენიტენციურმა სამსახურმა ადმინისტრაციულად გასაჩივრების შემდეგ მოაწოდა.

„ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია სასჯელაღასრულების სისტემის ავტოპარკის შესახებ 19 ოქტომბერს გამოითხოვა, მას შემდეგ, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაერთი პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის გამოუცხადებლობა გახდა. სასამართლო პროცესებზე მაშინ [და ახლაც] აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებულები პენიტენციურმა სამსახურმა ავტომანქანის არარსებობის გამო ვერ მიიყვანა ციხიდან სასამართლომდე.

იუსტიციის სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა ავტოპარკის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ ბალანსზე რიცხული 52 ავტომანქანიდან 19 კუსტარულად გადაკეთების შედეგად გაფუჭდა. ოფიციალურ წერილში არ არის დაზუსტებული, დაეკისრა თუ არა ვინმეს ამის გამო რაიმე სახის პასუხისმგებლობა.

„წლების მანძილზე ბალანსზე რიცხული ავტომანქანების სპეციალიზებულ მანქანებად არასწორად და მათი შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე გადაკეთების შედეგად [კუსტარული მეთოდებით მიდუღების შედეგად ავტომობილის სალონში ჩამონტაჟებული ცხაურები და რკინის სხვა მძიმე კონსტრუქციები], ზემოხსენებული 52 მანქანიდან 2018 წლის ივლისის მდგომარეობით 19 ავტომანქანის ძრავი მწყობრიდან იყო გამოსული,“ – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მიერ გამოგზავნილ წერილში.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანების რემონტი ივლისში დაიწყეს, როცა სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დაზიანებული ავტომობილებიდან ექვსი ექსპლუატაციაში დაბრუნდა. პენიტენციურ სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ მომავალი წლისთვის 29 სპეციალიზებულ ავტომანქანას შეიძენენ.

„2018 წლის ოქტომბერში შემუშავდა ფინანსური გეგმა შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად – გადაწყდა 2019 წელს 29 ერთეული მაღალი სტანდარტის მქონე, ქარხნული წესით დამზადებული სპეციალიზებული ავტომობილის შესყიდვა, რომლებიც შესაბამისობაში იქნება პენიტენციური დაწესებულებებიდან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის მიზნებთან“, – მოგვწერეს პენიტენციური სამსახურიდან.

დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო ქონების დაზიანების გამო? – საჯარო ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურს დავურეკეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ პასუხისგებაში მიცემული არავინ არის.

მეხანძრე-მაშველებს ახალი ფორმები ექნებათ

2019 წლის პირველი იანვრიდან მეხანძრე-მაშველები ახალ უნიფორმებს მიიღებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებს სპეცფორმებს წელიწადში ორჯერ  – ზაფხულსა და ზამთარში შეუძენენ.

ახალი ფორმები განსხვავებული დიზაინის იქნება. სპეცტანსაცმლის დამზადებაზე ტენდერი სახელმწიფომ 548 ათას ლარზე გამოაცხადა. გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

სატენდერო პირობების მიხედვით სამაშველო სამსახური შეიძენს: ქურთუკსა და შარვალს – 4000 კომპლექტს, მოკლე მაისურს –  8000 ცალს, მაისურს „პოლო“ – 4000 ცალს, კეპს – 4000 ცალს.

მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური ფორმა

 

EMSA-ს დაფინანსებით საქართველოს გემების მონიტორინგის სახმელეთო ორი სადგური გადმოეცემა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ქალაქ ვენეციაში, (იტალია) ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ((EMSA)) ორგანიზებითა და ჩართულობით გამართულ სისტემა MAREΣ (ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე (15th MAREΣ Expert working Group Meeting) EMSA – სთან აწარმოა მოლაპარაკება ევროპის საზღვაო უსაფროთხოების სააგენტოს დაფინანსებით 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოსთვის გემების მონიტორინგის სახმელეთო ორი ავტომატური საიდენტიფიკაციო სადგურის გადმოცემის თაობაზე, რაც რეალურ დროში, საქართველოს 200 მილიან ზონაში, გემის, ტვირთისა და ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული სადგურებით, სამომავლოდ ევროპულ სააგენტოებთან ინტეგრაციის ფარგლებში, მოხდება ინფორმაციის გაცვლა იგივე ინფორმაციაზე ევროპულ სისტემასთან, რაც ქართულ ნავსადგურებს ჩართავს საერთო ევროპულ ქსელში.

ასევე, საქართველოს წინადადებით და MAREΣ ექსპერტთა ჯგუფის მხარდაჭერით გადაწყდა 2020 წელს MAREΣ Expert working Group Meeting მე-17 შეხვედრის ჩატარდება რიგით მესამე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში.

ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA) წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ დეცენტრალიზებულ უწყებას რომელიც ფუნქციონირებს ევრო პარლამენტისა და საბჭოს EC 1406/2002 დადგენილების საფუძველზე საზღვაო უსაფრთხოების მაღალი, ერთიანი და ეფექტური დონის უზრუნველსაყოფად, როგორც გემების მიერ ასევე ნავთობისა და გაზის დანადგარებით გამოწვეული დაბინძურების პრევენციისა და რეაგირებისათვის.

ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგლამენტის EU 100/2013 შესაბამისად EMSA- ს საქმიანობა ასევე შეიძლება მოიცავდეს ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორი ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევას შავი და კასპიის ზღვის ქვეყნებში ნაციონალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემების შექმნის მიზნით.

 

„BATUMI BUILD 2018“ 7-9 დეკემბერს გაიმართება

მიმდინარე წლის 07-09 დეკემბერს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ეუფორიაში“, სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე-8 საერთაშორისო გამოფენა „BATUMI BUILD 2018“ გაიმართება, რომლის ორგანიზატორია საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO“. კომპანია გამოფენების ორგანიზებით ხელს უწყობს რეგიონში ამ სფეროს განვითარებას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამშენებლო სფეროში დანერგილი ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები, აღჭურვილობა, დანადგარები, კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები, არქიტექტურული ტექნოლოგიები, ასევე, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი.

ბათუმის მე-8 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები.

გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს გააცნოს თავისი პროდუქცია, გაცვალოს ბიზნესკონტაქტები, გაეცნოს სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს.

ბაგა-ბაღი „აისი“ : ჩვენთან არც ერთი ბავშვი არ რჩება უყურადღებოდ

„აისი“ ბათუმში, ს. ხიმშიაშვილის ქუჩა #24-ში მდებარე სამსართულიან სახლში ფუნქციონირებს, რომელსაც მყუდრო და დიდი ეზო აქვს. საბავშვო ბაღის კარებს შეაღებთ თუ არა, ყურადღებას მიიქცევს განსაკუთრებული სისუფთავე და სიმყუდროვე, რომელსაც დროდადრო მხოლოდ ბავშვების ხმები არღვევს – ისინი შემეცნებით დავალებებს აღმზრდელებთან ერთად მხიარული თამაშით ასრულებენ.

ბაგა- ბაღის მოსწავლეები ტესტირებაზე
ბაგა- ბაღის მოსწავლეები ტესტირებაზე

„აისის“ თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 10-10 ბავშვია. ეს აღმზრდელებს აძლევს საშუალებას, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს  ყურადღების გარეშე.

ბაღის აღსაზრდელებს მრავალფეროვანი დღის რეჟიმი აქვთ – ისინი ახერხებენ ისწავლონ, ითამაშონ, დაისვენონ და ჯანსაღად იკვებონ.

მეტი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, ს.ხიმშიაშვილის N24

დაგვირეკეთ: 577 53 65 65

 

3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო დღეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შშმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება შემდეგი სახის პროგრამები:

1. ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია

3.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა

4. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა

5. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უზრუნველყოფა დამხმარე საშუალებებით

6. აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

7. მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1992 წელს გამოცხადდა.

ამ დღის მიზანია, ადამიანებს შეახსენოს, რომ გარშემო მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამოქალაქეების მიმართ ტოლერანტები იყვნენ.

დეკემბრის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 დეკემბრის 21 საათიდან 4  დეკემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 5 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.  მომდევნო 2 დღეს კი – დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

______________

 

მილიონი მყიდველი – მიშელ ობამას მემუარები გამოცემიდან ორ კვირაში წლის ბესტსელერი გახდა

მიშელ ობამას მემუარები ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის ბესტსელერია. არადა, ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემიდან სამი კვირაც კი არ არის გასული. ამ წიგნში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის ცხოვრების პიკანტურ დეტალებსაც წაიკითხავთ. წიგნი 13 ნოემბერს გამოვიდა და ამ დროისთვის უკვე ერთ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

421-გვერდიანი წიგნი შეეხება 54 წლის ქალის მუშაობას, ბავშვობას, გზას ღარიბი სამხრეთი ჩიკაგოდან თეთრ სახლამდე. გარდა ამისა, ის აღწერს ძალიან დელიკატურ დეტალებს თავისი ცხოვრებიდან.

წიგნის ერთ-ერთ ბოლო თავში მოცემულია თეთრ სახლში მუშაობის პერიოდი და ზეწოლა, რომელიც ოჯახმა ბარაკ ობამას „არაამერიკელობასთან“ დაკავშირებით განიცდიდა. მიშელ ობამა აღწერს, ისევ და ისე როგორ ამწვავებდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეკულაციებს, რომ თითქოს ბარაკ ობამა არ არის ამერიკაში დაბადებული და, შესაბამისად, ის არ არის ამერიკელი. პირველი ლედის შეფასებით, ეს იყო საშიში, რადგან მას ჰქონდა განზრახვა ექსტრემიზმის და სიგიჟის გააქტიურების.

ობამების წიგნის გამოცემის უფლების ფასი [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების მემუარების გამოცემის ისტორიაში] რეკორდულია და $60 მილიონად არის შეფასებული. აქამდე, მაგალითად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების: ბილ კლინტონის მემუარების გამოცემის უფლება $15 მილიონად, ხოლო ჯორჯ ბუშის – $10 მილიონად გაიყიდა.

ბარაკ ობამა ამერიკის პრეზიდენტი ორი ვადით იყო – 2009-2017 წლებში.

რა ღირს დასვენება კურორტ გოდერძიზე – სეზონი ერთ კვირაში იხსნება

კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნისთვის ემზადებიან. როგორც კურორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გოდერძიზე ყველა პირობაა შექმნილი გართობისა და დასვენებისთვის.

ტურისტებს გოდერძიზე ღამის გასათევად რამდენიმე ვარიანტი აქვთ. შეუძლიათ კურორტის ტერიტორიაზე კოტეჯებში დარჩნენ, უღელტეხილზე სასტუმროში დაბინავდნენ ან სოფელ დანისპარაულში, საოჯახო სასტუმროებში განთავსდნენ.

კურორტის ტერიტორიაზე 6 კოტეჯი დგას, თითოეულში ერთდროულად 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

კოტეჯში, ორადგილიანი ნომრის ერთი დღით დაქირავება 100 ლარადაა შესაძლებელი, ოთხადგილიანის ფასი კი 150 ლარია.

კოტეჯები გოდერძიზე

კურორტიდან 4 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“.

„მეტეოში“ ორადგილიანი ნომერი 60 ლარი ღირს, ოთხადგილიანი კი  – 100 ლარი.

რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებს, მათი ფასი ერთ ადამიანზე 40 ლარიდან იწყება.

იმის გამო, რომ უხვი ნალექის გამო კურორტიდან უღელტეხილამდე გზა იკეტება, გოდერძიზე თოვლმავალის მომსახურების სერვისი დაინერგა. კურორტიდან უღელტეხილამდე თოვლმავალით გადაადგილება ერთ ადამიანს 5 ლარი დაუჯდება.

თოვლმავალით სარგებლობა შეეძლებათ აღმოსავლეთ საქართველოდან მომავალ ტურისტებსაც. მის დაქირავებას სოფელ ზარზმაში შეძლებთ. ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილამდე, სასტუმრო „მეტეომდე“ ბილეთის ფასი 15 ლარია, კურორტ გოდერძიმდე კი – 20 ლარი.

სეზონის გახსნის შემდეგ კურორტს თოვლმავალი მოემსახურება, რომელიც რეგულარულ რეისებს შეასრულებს ზარზმა-უღელტეხილი-გოდერძის მიმართულებით და პირიქით.

გოდერძიზე თხილამურების დაქირავება (ერთი წყვილი) მთელი დღით 10-15 ლარამდე ღირს. ასევე, შეგიძლიათ დაიქირაოთ კვადროციკლი, რომლის ფასი ათი ლარიდან იწყება.

გოდერძიზე ძირითადი ტრასა რვაკილომეტრიანია, რომელზეც სამი დახრილობის სხვადასხვა კონტინგენტისთვის გათვალისწინებული ტრასაა – დიდი დახრილობის, საშუალო დახრილობის და პროფესიონალური დონის.

ასევე, არის ბავშვებისთვის მცირე დახრილობის 200-მეტრიანი სათხილამურო ტრასა.

კურორტ გოდერძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ველიაძე ამბობს, რომ სეზონის მანძილზე დამსვენებელს შეუფერხებლად შეეძლება გოდერძიზე ასვლა.

„ხულოდან გოდერძამდე არსებული 27-კილომეტრიანი მონაკვეთი ინტენსიურად იწმინდება. ეს გზა მაღალი გამავლობის მანქანებისთვის არასდროს ჩაიკეტება,“ – ამბობს ის.

მისივე თქმით, კურორტზე ასული დამსვენებლების უსაფრთხოება სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

„კურორტის ადმინისტრაციულ შენობაში მოთავსებულია ორი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი. გვაქვს სპეციალური მაღალი გამავლობის მანქანები, რომლებსაც გამოვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში. რაც შეეხება უსაფრთხოებას, დაახლოებით ათამდე მაშველი ინტენსიურად მოძრაობს სათხილამურო ტრასაზე და ყურადღებას აქცევს მოთხილამურეებს. ამავდროულად, კურორტზე არის კრიმინალური პოლიცია, სათხილამურო ტრასებზე ასევე მოძრაობს პატრული,“ – ამბობს ლაშა ველიაძე.

მისივე თქმით, თუ უახლოეს დღეებში მოთოვს, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი 8 დეკემბერს გაიხსნება, თუ არა სეზონის გახსნა ერთი კვირით გადაიწევს.

კურორტი გოდერძი

თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს [LIVE]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს. დღევანდელი აქციით ოპოზიცია  ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. თბილისში მიმდინარე აქციას ოპოზიციის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გამოხატავდა მოქალაქეთა ნებას, ვინაიდან პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ 29 ნოემბერს ჩატარებულ შეკრებაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

სარფში საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სარფში საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულები საქართველოდან თურქეთში გადასვლას  სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსპრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ ქუჩაში უცხო კაცებმა შეურაცხყვეს

დღეს, პირველ დეკემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა და ახლა უკვე „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, მანანა მანჯგალაძემ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც აღწერს, თუ როგორ შეურაცხყვეს ის ორი დღის წინ მისთვის უცნობმა კაცებმა.

„ეს ეტყობა ტრენდია. ორი დღის წინ კინოში მივდივარ და ჩემს მეგობრებს ველოდები, ვაჟა-ფშაველაზე ვდგავართ მე და ნათია ბანძელაძე… მოვიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთი უფრო აქტიური – „მიშას იცნობთო”. მართლა დავაპირე მეკითხა – “რომელი მიშა”. წამით არ მიფიქრია, ვინ იგულისხმა (მე ჩემი მოვალეობაც მოვიხადე, ვალდებულებაც და დავამთავრე ეგ ამბავი 2013 წლის ნოემბერში). ხოდა დაიწყო, მაგრამ რა დაიწყოო… გინება, გინებაა, შეურაცხყოფა… ნუ, მიშას ბოზები ხომ ძაან ჩვეულებრივია, ყველაფერ იმასთან რაც ამოსდიოდა…

მერე ალბათ წავიდა და იამყებდა, თავს მოიწონებდა: მანანა მანჯგალაძეს ვაგინეო. თან გარბოდა…

ისე ვიმუშავე ოთხი წელი ადმინისტრაციაში, ისე ვიარე ხუთი წელი ყველგან, არავინ გამომხტომია. რა ვიცი არ შემშინებია, არც შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი, არც უპასუხოდ დამიტოვებია. მე არც მაშინ შემშინებია ბიბლიოთეკასთან მარტო რომ მივედი (ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ იქ ნაწილი როგორი პოლიტპატიმარიც იყო კი აჩვენა დრომ)… უბრალოდ, არც გინებაა ჩემი სტილი და არც ისტერიკა.

ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ქალებზე გამწევი და მოკივანი კაცები…“

მანანა მანჯგალაძის თქმით, ეს არ ყოფილა მუქარა და არც აპირებდა ამ ამბის გასაჯაროებას, რომ არა დღეს მომხდარი ძალადობის ფაქტები.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერსა და ახლა უკვე მოქმედ ჟურნალისტს მიაჩნია, რომ დღევანდელი ვითარება „ჯინის გამოშვებას“ ჰგავს: „ვის არ გაუმარჯვია და ვინ არ დამარცხებულა, მაგრამ გამარჯვებას და დამარცხებასაც ღირსეულად უნდა შეხვდე, სახე უნდა შეინარჩუნო. მართლა ვერ ვხვდები, გამარჯვებული ასე რატომ უნდა იქცეოდეს. ჯინის გამოშვების ამბავია და ამას თუ არ მიხედავენ, პრობლემა სხვებისთვისაც გახდება – იმისთვის, ვინც ეს ჯინი გამოუშვა. ეს არ არის ადვილად მართვადი. წარმოუდგენელია შეურაცყოფებით და ურთიერთანგარიშსწორებით ვინმემ რამე მოიგოს“.

დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს ქუთაისის აეროპორტში პოლიტიკური ნიშნით დაესხნენ თავს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა კიდევ ერთ ოპოზიციონერს – ბაჩუკი ქარდავას.

ფოტო მანანა მანჯგალაძის ფეისბუქგვერდიდან. ფოტო გამოქვეყნებულია რესპონდენტის თანხმობით.

 

ევროკავშირის წვლილი საქართველოში უმუშევრობის აღმოსაფხვრელად

დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა საქართველოში. სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან.

შრომითი ბაზრის თავისებურებები საქართველოში

 

უმუშევრობის პრობლემას საქართველოში მრავალმხრივი მიზეზები აქვს, ხოლო იმ ვაკანსიების უმრავლესობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის შრომით ბაზარზეა წარმოდგენილი, შრომის ბაზრის ექსპერტის, ანა დიაკონიძის თქმით, განკუთვნილია საშუალო და დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრებისთვის.

ვაკანსიების მონიტორინგმა და შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად დამსაქმებლები გადაჭარბებულ მოთხოვნებს აყენებენ როგორც ცენზის, ასევე ზოგადი უნარების თვალსაზრისით.

ამავე კვლევის მიხედვით, არსებობს ერთის მხრივ ვაკანტური პოზიციები, რომლებიც ვერ ივსება შესაბამისი პროფესიის მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო, სხვა მხრივ კი ასევე არსებობს პოზიციები, რომლებიც შემოთავაზებული მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ხელფასის გამო ვერ ივსება. ასეთ პოზიციებზე, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, დასაქმებულები მალევე ამბობენ უარს. თუმცა დამსაქმებლები არ ზრდიან ხელფასს და გამოსავლის პოვნას კიდევ უფრო დაბალანაზღაურებადი კადრების ძებნით ცდილობენ.

ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რას ცვლის ევროკავშირის პროექტები ადამიანებისთვის დასაქმების თვალსაზრისით პრაქტიკულად და რა კონკრეტული შედეგები დგება ინსტიტუციონალური, პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ? 

ევროპული სტანდარტების სოციალური და დასაქმების სამსახურები

 

ევროკავშირის პროგრამების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში უკვე არის ევროპული ტიპის სოციალური მომსახურების სააგენტოები. თუ აქამდე დასაქმების ერთი კონსულტანტი არსებობდა თითო მუნიციპალიტეტში, ახლა სამსახურის მაძიებლებს სპეციალისტების გუნდი ეხმარება: დასაქმების კონსულტანტები, დასაქმების აგენტები, კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები და მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტები.

დასაქმების კონსულტანტი სამსახურის მაძიებლებთან მუშაობს, დასაქმების აგენტი -დამსაქმებლებთან. კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები თვითორიენტაციასა და მიზნამდე მისაღწევი ეტაპების დაგეგმვაში ეხმარებიან მაძიებლებს.

მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტები შშმ პირებს ეხმარებიან დასაქმებაში. ასეთი სტანდარტი მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში და სერვისების ეს მოდელი ორ წლის განმავლობაში მთელ საქართველოში უნდა დაინერგოს.

დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამები

შშმ პირების დასაქმებისთვის და არამარტო მათთვის, დასაქმების სააგენტო წელიწადში ორჯერ 2-დან 4- თვემდე  ატარებს სწავლება-გადამზადებას ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით, შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

16 წლიდან ზევით ვაუჩერში სახელმწიფო იხდის 1000 ლარს, ხოლო შშმ პირებისთვის 1500 ლარიანი ვაუჩერია სპეცპედაგოგის, ტრანსპორტირების გათვალისწინებით.

სტაჟირების პროგრამა მოქმედებს ყველასთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის. ერთ ვაკანსიაზე დამსაქმებელს სააგენტო აკავშირებს სამსახურის მაძიებელ მინიმუმ სამ ადამიანთან. თითოეული მათგანი იღებს 200 ლარიან სტიპენდიას და დამსაქმებელი ვალდებულია სამი თვის შემდეგ მინიმუმ 6 თვით მაინც გაუფორმოს ხელშეკრულება თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც თავად აირჩევს და დაიტოვებს სამსახურში.

  • 172-მა  ადამიანმა მიიღო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • სერტიფიცირებულთაგან 91 (53%) დასაქმდა კურსების გავლისთანავე
  • 252 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა დასაქმების ხელისშემწყობ პროგრამაში
  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების კურსების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შემდეგ ლინკზე შეუძლიათ – Vet.ge
შშმ პირთა სუფსიდირების პროგრამა

ეს პროგრამა გულისხმობს, რომ კურსების გავლისა და მომზადების შემდეგ, შშმ პირები სტაჟირების პირველი დღიდანვე 470 ლარამდე თანხას იღებენ 4 თვის ვადით. ოთხი თვის შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია 6 თვით აუცილებლად დაასაქმოს სტაჟიორი.

ასე იქმნება შშმ პირებისთვის 10 თვიანი გარანტირებული სამსახური. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ათი თვის გასვლის შემდეგ, ყველა დასაქმებულს გაუგრძელეს კონტრაქტი და არავინ გაუთავისუფლებიათ.

  • პროექტის ფარგლებში სტაჟირების პროგრამა გაიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 129 პირმა
  • პროექტის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდა 595 სამუშაოს მაძიებელი და 640 დამსაქმებელი
  • დასაქმდა 191 ბენეფიციარი

როგორც ქვეყნის სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ბეზარაშვილი ამბობს, უმუშევრობასთან ბრძოლაში წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ სოციალურად დაუცველებს აღარ შეეშინდებათ მუშაობის დაწყების და ბანკებში ოფიციალური ანგარიშის ფლობის, რადგან მათ დასაქმების შემთხვევაში შეუნარჩუნდებათ შემწეობა დასაქმებიდან ერთი წლის განმავლობაში.     

 იმედია, მალე დაიმსხვრევა სტერეოტიპი, რომ სოციალურად დაუცველებს ბანკში ხელფასის მიღების ნაცვლად შემწეობის მიღება ურჩევნიათ. რაც მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდება, მით უფრო შემცირდება პასიური შრომითი ბაზარი და ტენდენცია იქნება გააქტიურებისკენ. ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გვაქვს საუკეთესო მაგალითები, რომ სოციალურად დაუცველები ჩაერთნენ პროგრამებში, გადამზადდნენ, სტაჟირების პროგრამით დასაქმდნენ და ბევრად მეტი აქვთ ხელფასი, ვიდრე შემწეობა ჰქონდათ“, – ამბობს მარიამ ბეზარაშვილი.  

სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ბეზარაშვილი

Worknet.gov.ge სოციალური მომსახურებისა და დასაქმების სააგენტოს სახელმწიფო ვებპორტალია, სადაც სამსახურის ნებისმიერ მაძიებელს და დამსაქმებელს შეუძლია უფასოდ დარეგისტრირდეს. გვერდზე მაძიებელი საკუთარ პორტფოლიოს ქმნის და ყოველდღიურად მისდის ინფორმაცია მისთვის საინტერესო ვაკანსიების, დასაქმების სააგენტოს ყველა აქტივობის შესახებ.

ევროკავშირის დასაქმების ხელშემწყობი პროექტები გრძელვადიანია და 2022 წლამდე უკვე დაგეგმილია ეკონომიკური განვითარების ზრდის პროგრამა, უმუშევრობის დაძლევის გზით.

„მოგზაურობა“ საბჭოთა გარემოში – ფოტორეპორტაჟი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლისას, პირველი, რაც თვალში გხვდება, ეს ძველისძველი ნივთებია. თუ იმდენად ახალგაზრდა ხართ, რომ არ იცით, როგორი ინვენტარი იყო საბჭოთა კავშირის დროს, ცნობისმოყვარეობას რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერიერი დაგიკმაყოფილებთ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეგისტრატურა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ შესასვლელში უზარმაზარი ბანერებია გაკრული. ამ ბანერებზე საავადმყოფოს ახალი შენობის ესკიზია, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო და რომელიც, წესით, 2018 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. ამბობენ, რომ მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. შემდეგ კი მეორე ეტაპი უნდა დაიწყოს – საავადმყოფოს ტექნიკით აღჭურვა. ამას დიდი ფინანსები და დრო სჭირდება. სანამ ეს მოხდება, რესპუბლიკურის მედპერსონალს ისევ ძველ შენობაში უწევს მუშაობა და პაციენტების მიღება.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო – ასე გამოიყურება ჟანგბადის ბალონების შესანახი სათავსო მეორე სართულის ფოიეში. 
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ერთმა ჯგუფმა ბოლო ორ თვეში ერთი აქცია და ერთიც პრესკონფერენცია  გამართა. ისინი ეჭვობენ, რომ საავადმყოფოს გასხვისება იგეგმება, ამიტომ ხელისუფლებისგან ითხოვენ პასუხს კითხვაზე – რა ელის რესპუბლიკურს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ არსებობს კონკრეტული გეგმა: რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გახდეს ეტალონური კლინიკა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც  სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.

აქ  რენტგენის განყოფილებაა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სანამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დასრულდება და თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება, საავადმყოფოს პაციენტებს არც თუ ისე კომფორტულ პირობებში უწევთ მკურნალობა, ექიმებს კი მუშაობა.

ეს ერთ-ერთი პალატის ინტერიერია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ამ დროისათვის 600-მდე ადამიანი მუშაობს. ექიმები ამბობენ, რომ საავადმყოფოს მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო პაციენტების ნაკადი იკლებს. მით უფრო, რომ სამედიცინო ბაზარზე ბევრი მაღალპროფილური საავადმყოფოა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტრების თქმით მიუხედავად არსებული სიტუაციისა, ყველაფერს აკეთებენ რომ საავადმყოფოში სისუფთავე იყოს.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ეს  რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი სამზარეულოა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ეს კი საპირფარეშო
მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოს პატარა, ღია სათავსოა მოწყობილი
ეს კი აივანზე მდგარი კარადაა, სადაც მედპერსონალი საკუთარ ნივთებს ინახავს. იქვეა ხელსაბანი და ელექტროქურა.  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
პალატებს შორის, დერეფანში, ყველგან კარადა ან ტუმბო დგას
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
სახანძრო უსაფრთხოების კუთხე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
თუ იმდენად ახალგაზრდა ხართ, რომ საბჭოთა კავშირის დროს არსებული ინვენტარი ნანახი არ გაქვთ, იმ დროინდელი სკამების, მაგიდების და კარადების ნახვა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეგიძლიათ.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
საავადმყოფოს შენობაში მდებარე ერთ-ერთი ოთახის კარი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
საპირფარეშოს კარი
დირექტორის კაბინეტის კარი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

აჭარის მთავრობას თხოვენ „ოცნების ქალაქის“ საკითხი პრიორიტეტებში ასახოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი რეგიონის მთავრობას მოუწოდებს პრიორიტეტების დოკუმენტში ასახოს თუ რას აპირებს კონკრეტულად „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში.

„პრიორიტეტების დოკუმენტში ასახული იყოს ფინანსური დასაბუთება ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ მიმართებაში, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა,“ – აღნიშნულია კომიტეტის შენიშვნებში, რომელიც მთავრობას 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გადაეგზავნა.

„ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მიმდინარე წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაჭრა და მოგვარება აჭარის ხელისუფლების „ღირსების საკითხია… სტატისტიკური ანალიზი გაკეთებულია და ზუსტი წარმოდგენა გვაქვს [ალბათ, ორპროცენტიანი ცდომილებით], რამდენი ადამიანია, რამდენი სახლია და ამ საკითხზე უახლოეს მომავალში ვაპირებთ წარვადგინოთ კონკრეტული ხედვები“.

ასეთი კონკრეტული ხედვები, „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოსაგვარებლად კი მთავრობას ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

სამომავლოდ თვითნებური ჩასახლებების თავიდან ასაცილებლად საკუთარი პოზიცია აქვს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს, რომელიც მოუწოდებს აჭარის მთავრობას შეიმუშაოს პროგრამა, რომლითაც „იმ ოჯახებს, რომელთაც აქვთ სურვილი და მატერიალური საშუალება სოფლად აიშენონ სახლი და აწარმოონ სოფლის მეურნეობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწა და საცხოვრებელი სახლის ტიპიური პროექტები გადაეცეს სიმბოლურ ფასად, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით“.

კომიტეტში თვლიან, რომ ასეთი პროგრამის ამოქმედებით „თავიდან ავიცილებთ უკონტროლო თვითნებურ ჩასახლებებს, უპროექტო მშენებლობებს და მივიღებთ ურბანულად სწორად განვითარებულ დასახლებებს, ამისათვის საჭიროა შეირჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული კონკრეტული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტების მიხედვით“.

პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისთვის, აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს სულ 6 631 000 ლარია გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით ასეთი პროგრამების დაფინანსება 2020 წლიდან ეტაპობრივად მცირდება და 2022 წლისთვის მხოლოდ 4 979 900 ლარია გათვალისწინებული.

კონკრეტულად რა შენიშვნებს გაითვალისწინებს აჭარის მთავრობა, მას შემდეგ გამოჩნდება, რაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს გადააგზავნის უმაღლეს საბჭოში.

 

მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქი“ „ბათუმელების“ ფოტოარქივიდან

დღეს ბათუმში აივ/ინფექციასა და C ჰეპატიტზე უფასო ტესტირება ტარდება

დღეს, პირველ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უფასო ტესტირებას ატარებს აივ/ ინფექციასა და C ჰეპატიტზე.

ტესტირება სავაჭრო ცენტრ Metro city Forum Batumi-ში მიმდინარეობს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მივიდეს და შემოწმება გაიაროს.

პირველი დეკემბერი, როგორც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 1988 წლიდან აღინიშნება და ის ყოველ წელს აქტიურ თემას ეძღვნება.

2018 წლის თემაა „იცოდე შენი აივ სტატუსი ჩაიტარეთ ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე️”.

სტატისტიკის მიხედვით, აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ზე მეტია.

2018 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 7380 შემთხვევა. აივ ინფიცირებულთა შორის 5526  კაცია და 1854 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

შიდსი 3816 ადამიანს განუვითარდა, 1500 კი გარდაიცვალა.

შიდსის პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი აივ-ინფიცირებული თბილისშია, შემდეგ მოდის – სამეგრელო, იმერეთი და აჭარა. აჭარაში  აივით ინფიცირების  827  შემთხვევაა დაფიქსირებული.

2018 წელს გამოვლინდა 606 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 4524 (მათ შორის აფხაზეთში – 526) პაციენტი.

რატომ არის მნიშვნელოვანი გამოკვლევის ჩატარება

დადგენილია, რომ თუკი დროულად აღმოაჩენთ აივით ინფიცირების ფაქტს, დროულად დაიწყებთ მკურნალობას, შეძლებთ მასთან გამკლავებას.

დღეს საქართველოში მოქმედი პროგრამით, მკურნალობა იწყება ადრეული სტადიიდან, აივით ინფიცირების დადგენის მომენტიდან, რაც პაციენტს აძლევს საშუალებას უფასოდ ჩაერთოს მკურნალობის პროგრამაში და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს.

მთავარი ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ატარებენ უფასო ტესტირებას აივ/ ინფექციასა და C ჰეპატიტზე.

 

აზარტული თამაშები, როგორც დიაგნოზი

ქართული საიტების რეიტინგში, პირველ ოთხეულში აუცილებლად შეხვდებით მინიმუმ ერთ ონლაინ კაზინოს. ერთ-ერთ მათგანს დღეში, საშუალოდ, ას ოცი ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, მათგან 79% კაცია.

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური დარღვევების სიაში შეიყვანა.

„აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (Gambling Disorder) ფსიქოლოგიური დარღვევაა. იგი გულისხმობს თამაშის განმეორებად პრობლემატურ ქცევას, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს. ზოგიერთი ადამიანი აზარტულ თამაშებზე ხდება ისევე დამოკიდებულ, როგორც ალკოჰოლზე ან სხვა ნივთიერებაზე. აზარტული თამაშების კომპულსიურ თამაშს შეუძლია გამოიწვიოს ფინანსური პრობლემები, პრობლემები ურთიერთობებში და სამსახურში. ცხადია, სამართლებრივ საკითხებშიც. აზარტული მოთამაშეები უმეტესად მალავენ თავიანთ ქცევას, მათ შეუძლიათ მოატყუონ ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები”.

ფსიქოთერაპევტი ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ ნებისმიერი ქცევა შესაძლოა იყოს ადიქცია/დიაგნოზი თუ იგი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

 

[checklist]

  • თუ ადამიანი თამაშობს რეალობიდან გასაქცევად;
  • როცა არ შეუძლია ამ ქცევის კონტროლი;
  • საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ურთიერთობებს. 

[/checklist]

იმისთვის, რომ ასეთ ადამიანს დავეხმაროთ, მნიშვნელოვანია დადგინდეს რა მოთხოვნილებას იკმაყოფილებს ამ ქცევით ადამიანი:

“მაგალითად, ეს არის მარტივი ფულის მოთხოვნილება, დროის გაყვანის სურვილი, აზარტი თუ ჟინი… ბაზისურად შესასწავლია რა სურვილია და შემდეგ უნდა ვასწავლოთ ამ სურვილის სხვა ალტერნატიული გზით დაკმაყოფილება” – ამბობს ირმა კვაჭაძე.

ფსიქოთერაპევტის განმარტებით, მოთამაშეები აზარტული თამაშის დროს გადადიან ილუზორულ მდგომარეობაში, როცა არ მოსწონთ არსებული რეალობა. თამაშის დროს გრძნობენ ეიფორიას, აქვთ ამაღლებული განწყობა, რის გამოც მოსწონთ ახალი რეალობა, მაგრამ როგორც კი უბრუნდებიან ძველ რეალობას, იმაზე ცუდად გრძნობენ თავს, ვიდრე იქამდე. სწორედ ამის გამო სულ უფრო და უფრო ერთვებიან აზარტულ თამაშებში  და „დოზას ზრდიან“, როგორც ნარკოდამოკიდებული ადამიანები.

ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანის დახმარების პროცესი ერთ-ერთი რთული თერაპიული პროცესია, თუმცა საბოლოოდ კონტროლს ექვემდებარება.

„ასეთ შემთხვევაში კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია მუშაობს კარგად, ასევე ჰიპნოზის ელემენტებიც. ყველაზე კარგად მუშაობენ სპეციალისტები, რომლებმაც რამდენიმე დისციპლინა იციან. საამისოდ არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ხდება ამ ადამიანების განრიდება გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ცენტრები ჩვენთან არ არის”, – ამბობს ფსიქოლოგი.

იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ აზარტული თამაშების თემა საქართველოში საკმაოდ პრობლემატურია, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ მთავარი აქცენტი არასრულწლოვანთა თამაშდამოკიდებულებაზეა გასაკეთებელი:

„ძირითადი პრობლემა ინტერნეტით აზარტული თამაშებისა არის ის, რომ მაღალია ჩართულობა არასრულწლოვანების. სახელმწიფომ ყველაზე სწრაფი და ეფექტური ზომა უნდა მიიღოს – უნდა დააწესოს გარკვეული ბარიერები იმისთვის, რომ აზარტულ თამაშებში არ ჩაერთონ არასრულწლოვნები. რაც შეეხება სრულწლოვანებს, სამართლებრივი თვალსაზრისით სრულწლოვან ადამიანს აუკრძალო რაღაც, გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ ერევი ადამიანის თავისუფალ ნებაში, მის კონსტიტუციურ უფლებაში, დასვენებაში, გართობაში…” – ამბობს ის.

გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ არასრულწლოვნები ხშირად სხვისი პირადობებით რეგისტრირდებიან ონლაინ კაზინოებში და ამის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა დადგენილი იყოს რეგისტრაციის ბარიერული მექანიზმი – “ონლაინ რეგისტრაცია კი არა, ადგილზე მისვლის და რეგისტრაცია. ამით შეიძლება შემცირდეს არასრულწლოვნების ჩართულობა ინტერნეტ აზარტულ თამაშებში”.

ჯერ კიდევ გასულ წელს პარლამენტში განიხილეს ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობის სიმარტივე და თქვეს, რომ საჭიროა რეგისტრაციის პროცესის დახვეწა. კერძოდ, საჭიროა ასაკობრივი ცენზის, ან თვითაკრძალვის მექანიზმის შემოტანა. თუმცა ამ მხრივ კანონში ცვლილებები დღემდე არ შესულა.

გასულ წელსვე ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეებისთვის “დამოკიდებულ პირთა სია” შეიქმნება და 3 წლის ვადით აზარტულ თამაშებში, მათ შორის ელექტრონულად, მონაწილეობა აეკრძალებათ. კანონპროექტის დეტალებსა და იმაზე თუ როგორ შეიძლება მოხვდეს ადამიანი დამოკიდებულ პირთა სიაში, შეგიძლიათ ნეტგაზეთზე წაიკითხოთ. როგორც საქართველოს პარლამენტის საიტზე ჩანს, კანონპროექტზე დადებითი დასკვნა ოთხიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ ორ კომიტეტს აქვს დაწერილი.

ამ ეტაპზე ერთ-ერთი ბარიერი, რამაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანი შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეაჩეროს – კაზინოს შავი სიაა. თუმცა,  პრაქტიკიდან ჩანს, რომ ეს არ არის ეფექტური ბარიერი. როგორც კაზინოს ერთ-ერთი თანამშრომელი განმარტავს, მოთამაშე მაშინ ხვდება კაზინოს შავ სიაში, როცა იგი იქცევა არაადეკვატურად, აგრესიულად, აზიანებს კაზინოს ქონებას ან შეურაცხყოფს გარშემომყოფებს. ასეთი კლიენტი შესაძლოა სამუდამოდ გაშავდეს კაზინოში, თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა თხოვნის შედეგად ამ სიიდან შლიან ადამიანებს. კაზინოს შავ სიაში მოთამაშეს შეუძლია საკუთარი ნებითაც შეაყვანინოს თავი ადმინისტრაციას, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია ან მცირეხნიანი.

რას აკეთებს სახელმწიფო აზარტული თამაშებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონისა და ამით გამოწვეული რისკების შესამცირებლად? სექტემბერში მმართველი გუნდის დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც, კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა პროვაიდერებს, შესაძლოა, უცხოური სათამაშო კომპანიებთან გადასახადების განხორციელების მიზნით ურთიერთობის დამყარება აეკრძალოთ.

კიდევ ერთი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამა მნიშვნელოვნად იზღუდება. დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტის თანახმად, ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება. ჯერჯერობით უცნობია, როდის წარედგინება პროექტი პარლამენტს.

„შევქმნი საკუთარ გვერდს და გამიცნობენ, როგორც კარგ ხელოსანს“ – სემინარი ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი ბევრი სხვადასხვა კუთხით ითვალისწინებს ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებას. ამჯერად ერთ-ერთ მიმართულებაზე შევჩერდებით: ბიზნესის მართვისა და დასაქმების ხელშეწყობაზე.

ზემოთჩამოთვლილი ჯგუფებისთვის ხშირად ხელოსნობა და ხელსაქმე, ხეზე, რკინასა თუ სხვა მასალებზე მუშაობაა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ზოგიც სოფლის მეურნეობას მისდევს, სხვადასხვა პროდუქტი მოჰყავს.

ქალები ხშირად სუვენირებს ამზადებენ, კერავენ, ქსოვენ ან ქვილინგით – ქაღალდებისგან დეკორატიული ნივთების, სამკაულების დამზადებით არიან დაკავებულები.

თუმცა პროდუქციის შექმნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი რეკლამა და პოტენციურ მომხმარებლამდე მიტანაა.

ამისთვის საჭირო უნარების განსავითარებლად დემოკრატიის ინსტიტუტი მცირეხნიან, მოქნილ და საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგ-სემინარებს სთავაზობს ბენეფიციარებს.

პირველ ეტაპზე ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის წარმომადგენლები და მოხალისეები ათვალიერებენ ბენეფიციართა სახელოსნოებს, ნამუშევრებს, სამუშაო გარემოს, იღებენ ფოტოებს, ქმნიან სოციალურ ქსელში პროდუქციის რეკლამისთვის განკუთვნილ გვერდებს, შემდეგ კი ბენეფიციარებსაც ასწავლიან როგორ გამოიყენონ ეფექტურად ინტერნეტი და სოციალური მედია პროდუქციის რეკლამირებისთვის.

„მსურს სამომავლოდ გავხსნა საბავშვო ბაღი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, სადაც სააღმზრდელო პროცესი იქნება ბავშვებისთვის სახალისო და საინტერესო. აქამდე არ მიფიქრია სოციალურ ქსელში გამეკეთებინა გვერდი, სადაც ბაღის რეკლამას განვათავსებდი. ტრენინგზე ბევრი ახალი რამ გავიგე, რასაც სამომავლო საქმიანობაში გამოვიყენებ“, – ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელმაც ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი გაიარა.

სოციალური მედიისა და ინტერნეტის ეფექტურად გამოყენების შესახებ სემინარის მოსმენის შემდეგ მეორე ბინეფიციარიც გვიზიარებს საკუთარ აზრს:

ვარ ხელოსანი, მაქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, რეკლამა არასდროს გამიკეთებია. ტრენინგის შემდეგ ვფიქრობ, შევქმნა საკუთარი გვერდი, საიდანაც გამიცნობენ, როგორც კარგ ხელოსანს“.

ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს ისწავლონ cv-ის მომზადება და სამოტივაციო წერილის შედგენა, დამსაქმებელთან გასაუბრებისას, პირველი კომუნიკაციის აუცილებელი წესები.

ამავე ტრენინგზე ეცნობიან იმ ძირითად ვებ-პორტალებსა და პლატფორმებს, სადაც სხვადასხვა სფეროს მიხედვით სამსახურის მოძიებაა შესაძლებელი.

ტრენინგებისას ბენეფიციარები და ტრენერები პრაქტიკულად განიხილავენ სხვადასხვა ბიზნესკომპანიის სარეკლამო გვერდებსა და პიარკამპანიის სტრატეგიებს.

ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებს უცხოელმა ტრენერმა, მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ლეიშა სომერსმა ჩაუტარა. მან საკუთარი ბიზნესის წარმოჩენის საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა მსმენელებს.

ტრენინგები და სემინარები უტარდებათ ასევე სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ ბენეფიციარებს სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და ამის პრაქტიკაში დანერგვის საშუალებებზე.

სწავლება ხორციელდება დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.

დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტს ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან: „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“, „თანაზიართან“, და „ფონდ აფხაზინტერკონტთან” ერთად ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია

ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით ტრენინგ-სემინარები ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ტარდება აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და გურიაში.

პროექტი ასევე მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

ზემოთჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ვის გაუნახევრებენ ხელფასს საარჩევნო კომისიებიდან – საჩივრების განხილვა

საუბნო კომისიებში დაწერილი საჩივრები ბათუმის საოლქო კომისიამ დღეს, 30 ნოემბერს განიხილა. ბათუმში საჩივრები, ძირითადად, კომისიის იმ წევრების წინააღმდეგ დაიწერა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ერთ-ერთ შემთხვევაში საჩივარი კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგაც დაიწერა. „კომისიის თავმჯდომარემ თავისი სურვილით არ მიაღებინა მონაწილეობა წილისყრაში კომისიის წევრს,“ – აღნიშნა საოლქო კომისიის სხდომაზე მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა. ეს ორგანიზაცია ბათუმის 25-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარის და ასევე კომისიის წევრის მიმართ ითხოვდა შესაბამისი სანქციის გატარებას.

„როცა გადასატანი ყუთის წილისყრა დავიწყეთ, ვიკითხე, ვის არ სურს მონაწილეობა-მეთქი. ნონა ბასილიამ უარის ნიშნად თავი გაიქნია, არ მინდაო და არც მიუღია მონაწილეობა. ვუთხარი, რომ ამ არჩევნებზე თავისუფალი მოქალაქე იქნები-მეთქი,“ – უთხრა კომისიის წევრებს ბათუმის 25-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.

„რატომ დასვით ეს შეკითხვა საერთოდ? რას ნიშნავს, ვის სურს და არ სურს წილისყრაში მონაწილეობა?“ – იკითხა საოლქო კომისიის წევრმა. საუბნო კომისიის თავმჯდომარეს დავით ბაციკაძე გამოესარჩლა, რომელიც უმაღლესი საბჭოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. საუბნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად შეკითხვას მან გასცა პასუხი.

„გამოცდილება ჰქონდა პირველი ტურიდან და წინა არჩევნებიდან… ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იღებენ მონაწილეობას გადასატანი ყუთის წილისყრაში. ამიტომ იკითხა ეს კომისიის თავმჯდომარემ,“ – თქვა დავით ბაციკაძემ.

„რა იყო ადრე არ მაინტერესებს, მასე ხუთი პრემიერ-მინისტრი გყავდათ თქვენ,“ – მიმართა დეპუტატს კახა ჯაიანმა, ორაგანიზაცი „ახალი ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა.

საბოლოოდ საოლქო კომისიამ მიიჩნია, რომ კანონი კომისიის წევრმა დაარღვია, რომელსაც გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. კომისიის თავმჯდომარის მიმართ კი, სამართალდარღვევა არ დადგინდა.

„არა მგონია, კომისიის თავმჯდომარეს შეეშინებინა ვინმე,“ – დასძინა საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ.

ბათუმის 25-ე საუბნო კომისიის წევრს ნონა ბასილიას ხელფასის ნახევარს ჩამოაჭრიან. ანალოგიურად ხელფასი ჩამოეჭრებათ მე-13 უბნის კომისიის წევრს ნანი გერგანიას და 31-ე საარჩევნო უბნის წევრს – ნონა გოგიტიძეს.

მე-13 უბნის შემთხვევაში საჩივარი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელმა დაწერა, 31-ე უბანზე კი „ახალგაზრდულმა ცენტრმა“. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და შესასვლელთან ამომრჩევლების პირადი მონაცემების ჩაწერა დაიწყო.

„ეს არ იყო მხოლოდ ერთ და ორ უბანზე, ეს ხდებოდა მასობრივად, როცა ისინი წილისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ და შემდეგ ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან დგებოდნენ და პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდნენ. ისინი არ ეხმარებოდნენ კომისიებს მუშაობაში, პირიქით, ხელს უშლიდნენ,“ – გვითხრა საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ. მას ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა ოლქმა საარჩევნო კომისიებში მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლების მკაცრად დასჯა.

ამომრჩეველთა მონაცემების ჩაწერაზე საჩივარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ჰქონდა წარმოდგენილი. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ 51-ე უბანზე კომისიის წევრი ლია ირემაძე ამომრჩევლების სახელ-გვარებს იწერდა და მობილურ ტელეფონში შეჰყავდა.

„ეს არის პერსონალური მონაცემების წესის დარღვევა,“ – მიიჩნევს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი.

„თუ კომისიის წევრი ამ მონაცემს ცესკოში ამოწმებდა, ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ის sms-ს აგზავნიდა, რაც დაუშვებელია,“ – გამოთქვა პოზიცია დავით ბაციკაძემ „ქართული ოცნებიდან“.

„რა იცით, რომ აგზავნიდა, ამის მტკიცებულება არსებობს? ჩვენ უარესი ვნახეთ, თქვენ ამომრჩევლების ფოტოსურათებიანი სიები ქუჩებში გქონდათ გამოფენილი“, – მიმართა მმართველი პარტიის წარმომადგენელს „ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა.

საოლქო კომისიის სხდომას 51-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ჯონი ბარამიძეც ესწრებოდა. საჩივრის ავტორი მის მიმართ მოითხოვდა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან მან კენჭისყრის დროს ამაზე რეაგირება არ მოახდინა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიას უთხრა, რომ ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი კენჭისყრის ოთახის გარეთ იდგა.

„სხვაგვარად მოუხერხებელი იყო, მე ვერ დავინახავდი, კომისიის წევრი ამუშავებდა თუ არა ამომრჩევლის პირად მონაცემებს… როცა მითხრეს, მივედი და ვუთხარი, აღარ განმეორდეს-მეთქი და მაინც განაგრძო. მერე გავაძევეთ უბნიდან, მაგრამ დაბრუნდა, როგორც დამკვირვებელი, მე რა უნდა მექნა?“ – იკითხა ჯონი ბარამიძემ.

„პერსონალური მონაცემების დაცვა სავალდებულოა, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დღეს შემხებლობა გქონდეს პერსონალურ მონაცემებთან, აბა ტყუილად ხომ არ იდგები კენჭისყრის ოთახში, თუ არაფერი არ გადაამოწმე?“ – იკითხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საოლქო კომისიაში, უშანგი მიქელაძემ.

საოლქო კომისიამ გადაწყვიტა, რომ არ უნდა ემსჯელა საკითხზე, რომელიც კენჭისყრის ოთახის მიღმა ხდებოდა. საოლქო კომისია ადმინისტრაციული წესით იმსჯელებს, უნდა ყოფილიყო თუ არა ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კენჭისყრის ოთახს გარეთ.

ადმინისტრაციული წესით ბათუმის საოლქო კომისიამ ერთი თვის ვადაში კიდევ ხუთი საჩივარი უნდა განიხილოს, მათ შორის, ერთ-ერთი დედის საჩივარია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ამომრჩეველთა საერთო სიიდან ამოღებას ითხოვს. საოლქო კომისიამ ეს საკითხიც უნდა შეისწავლოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

ბათუმის საოლქო კომისიამ არ დააკამყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილი საჩივარი, რომელიც მე-100 უბანზე დაგვიანებით მისულ კომისიის წევრს შეეხებოდა.

„საჩივარში მითითებულია, რომ კომისიის წევრმა 10 წუთით დაიგვიანა და მას არ უნდა მიეღო წილისყრაში მონაწილეობა. კანონმდებლობა ასეთ შეზღუდვას არ იცნობს. ბუნებრივია, საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო,“ – გვითხრა საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ.

რატომ არ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, სხვა საჩივარი? – ამ პარტიის წარმომადგენელმა უშანგი მიქელაძემ გვითხრა, რომ ჯამში ბათუმის საუბნო კომისიებში მათ 40-მდე საჩივარი დაწერეს, თუმცა მათი უმრავლესობა აღმოფხვრილად მიიჩნია საოლქო კომისიამ, ნაწილი კი, უსაფუძვლობის გამო არ განიხილა.

„მათ შეცვალეს და მოირგეს კანონი. რაც გინდა ის მოხდეს, თუკი კომისიის წევრი დაწერს ახსნა-განმარტებას, ითვლება, რომ პრობლემა მოხსნილია… ჩვენს დროსაც იყო ახსნა-განმარტებები, მაგრამ მაშინ იქვე, სავარაუდო დარღვევის დროს უნდა დაეწერა კომისიის წევრს ახსნა-განმარტება. გარდა ამისა, საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში მიავლინა დამხმარე პერსონალი, ისინი ეხმარებიან,“ – გვითხრა უშანგი მიქელაძემ.

„გურული დღიურები” უკრაინულად გამოცემული წიგნების ტოპ ხუთეულშია

გიორგი კეკელიძის „გურული დღიურები” უკრაინულად გამოცემული წიგნების ტოპ ხუთეულში მოხვდა. წიგნი უკრაინულ ენაზე თარგმნა რაულ ჩილაჩავამ.

„გურული დღიურები” ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა უკრაინულ ენაზე და გამომცემლობა Charitable Found ‘The Literary Initiatives Foundation-მა გამოსცა.

წიგნების უკრაინული ხუთეული ეგტოზიკური, დოკუმენტური პროზისგან შედგება და გარდა გურიის ამბებისა პარიზის, სარაევოს, სამხრეთ ამერიკის უცნაურ ისტორიებს გვიამბობს.

„გურული დღიურები“ გამომცემლობა „სიესტამ“ 2014 წელს გამოსცა და იმავე წელს წლის ბესტსელერად იქცა.

წიგნი  უკრაინულ, იტალიურ, აზერბაიჯანულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზეა თარგმნილი.

 

მარიამ ჯაში: საატესტატო გამოცდები არის ხისტი, შესაძლოა დუბლირებული გამოცდები გაუქმდეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდების არსებული სისტემა არის ძალიან ხისტი და მისი ცვლილება აუცილებელია. „ბათუმელებთან“ მარიამ ჯაში ასევე საუბრობს თავის პირად რეკომენდაციაზე, რომელიც საატესტატო გამოცდაში ჩაჭრილ მოსწავლეს, მისი გადაბარების შესაძლებლობას აძლევს, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.

თუმცა, როგორც დეპუტატი ჯაში ამბობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია, გადაწყვეტილება კი განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.

„განათლების სამინისტრო 2020 წლისთვის ისედაც გეგმავს საატესტატო და ეროვნული გამოცდების ფუნდამენტურ ცვლილებებს, თუმცა გარკვეული ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს 2019 წელსაც. ამაზე მიმდინარეობს სამინისტროსთან კონსულტაციები.

რაც შეეხება საატესტატო გამოცდების გადაბარებას, არის შემთხვევები, როცა მოსწავლე თითქმის ყველა საგანს აბარებს და ერთ ან ორ გამოცდაში ჩაჭრის გამო, ეცვლება სამომავლო გეგმები, მაშინ, როცა ეს საგნები შესაძლოა არ იყოს მისთვის პროფილური და არ სჭირდებოდეს სწავლის გასაგრძელებლად“.

მარიამ ჯაშის თქმით, წარმატებულ მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ საატესტატო გამოცდა ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გადააბაროს, მაგრამ თუკი მაინც ჩაიჭრება აღნიშნულ საგნებში, მაშინ მომდევნო წელს მოუწევს გადაბარება.

„თუკი ჩვენ დღეს გვაქვს რვა სავალდებულო საატესტატო გამოცდა, მინიმალური გამოცდების გადაბარების შესაძლებლობა უნდა მივცეთ.

ჩვენი განათლების სისტემა დღეს ზედმეტად ფოკუსირებულია ტესტების ჩაბარებაზე და ნაკლები დრო ეთმობა შემოქმედებით და შინაარსობრივ ნაწილს. ვფიქრობ, პირიქით უნდა მოხდეს – უნდა შეიცვალოს ხისტი საატესტატო სისტემა, რომელმაც შეიძლება წარმატებული ბავშვი ერთი შეცდომის გამო დატოვოს დიდი იმედგაცრუების და შემდგომი განათლების გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე“, – გვეუბნება ჯაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ფუნდამენტური რეფორმა გულისხმობს თუ არა იმას, რომ შესაძლოა გაუქმდეს საატესტატო გამოცდები და უმაღლესში მოსწავლეებმა მხოლოდ პროფილური საგნის გამოცდებით ჩააბარონ? – მარიამ ჯაში ამბობს, რომ თუკი რომელიმე გამოცდის გაუქმებაზე იქნება საუბარი, პირველ რიგში, გამოცდებს შორის დუბლირება უნდა აღმოიფხვრას.

„ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ დავადასტურებ დეტალებს, რადგან არსებობს სხვადასხვა გამოცდილება, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და რომელზეც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ისაუბრებს. არ მინდა გაჩნდეს მოლოდინები, რადგან ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის“, -გვეუბნება ის.

რა შეიცვლება 2020 წლისთვის, ამაზე კონკრეტული პასუხები, ჯერჯერობით, არც განათლების სამინისტროში აქვთ და არც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებებს აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავებენ: „თუმცა, რა ცვლილებები იქნება, ამაზე უახლოეს პერიოდში გვექნება შეფასებები, როგორც დამამთავრებელი კლასების, ასევე ეროვნული გამოცდების შესახებ“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ კონსულტაციები ყველა მხარესთან მიმდინარეობს. „თუ რა და როდის შეიცვლება, 2019 წლის დასაწყისში იქნება გამოქვეყნებული“.

„სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელისა და პედაგოგის, მუხრან გულიაშვილის აზრით, ე.წ CAT-ის გამოცდები არ შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს – ის არ ამოწმებს იმ უნარების განვითარებას მოსწავლეებში, რაც ჩამოწერილია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში.

„ის ამოწმებს მხოლოდ დაზეპირების უნარს. ამიტომ, თავისი შინაარსით, საატესტატო გამოცდები საჭიროებს ძირეულ რეფორმას, სასკოლო სისტემის რეფორმასთან ერთად“, – გვეუბნება გულიაშვილი.

რაც შეეხება საატესტატო გამოცდების გადაბარებას, მისი შემოღებით, სასკოლო განათლება იმ არაფორმალურ მიზანსაც დაკარგავს, რაც ამ გამოცდებიდან გამომდინარე აქვს:

„მაღალი კლასის მოსწავლეები დაკარგავენ ყველანაირ მოტივაციას იარონ სკოლაში, თუნდაც იმ ცოდნის მისაღებად, რასაც დღეს ამ გამოცდებით იღებენ. მე მაინც მგონია, რომ ეს ინიციატივა არის უფრო პოლიტიკური, მოსწავლეების გულის მოგებაზე გათვლილი, ვიდრე რეალური ცვლილების სურვილი განათლების სისტემაში“.

ქობულეთის ღვინის სახლსა და სადემონსტრაციო ნაკვეთს აჭარის მთავრობა გაასხვისებს

აჭარის მთავრობა ა(ა)აიპ აგროსერვისცენტრის სარგებლობაში არსებული ღვინის სახლის, ვაზისა და ხილის სადემონსტრაციო ნაკვეთების გრძელვადიანი, პირობიანი იჯარით გაცემას გეგმავს.

ფოტო: ა(ა)იპ – აგროსერვისცენტრი

ამის შესახებ დღეს, 30 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ ისაუბრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის ინფორმაციით, ღვინის სახლისა და სადემონსტრაციო ნაკვეთების შესყიდვით რამდენიმე  ტურისტული ობიექტია დაინტერესებული, ამიტომაც სამინისტრო ამ ქონების აუქციონზე გადატანას გეგმავს. სამინისტრომ დღეს შესაბამისი აუქციონის გამოსაცხადებლად მთავრობისგან თანხმობა ითხოვა.

მინისტრი კონკრეტულ წინადადებასა და ფასზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.

ეს ინფორმაცია დღეს მთავრობამ ქედაში ერთ-ერთ ღვინის სახლში გაახმოვანა, სადაც, დღეს, 30 ნოემბერს გასვლითი სხდომა გამართეს.

ფოტო: ა(ა)იპ – აგროსერვისცენტრი

ბათუმში ვაშაძემ ზურაბიშვილს არჩევნები 10 უბანზე მოუგო

არჩევნების პირველი ტურისგან გასხვავებით, არჩევნების მეორე ტური ბათუმში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. ზურაბიშვილს ხმა ბათუმში 43 630-მა ამომრჩეველმა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს კი – 34 656-მა ამომრჩეველმა.

ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საარჩევნო ოლქის 104 უბნიდან არჩევნები 94 უბანზე მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – მხოლოდ 10 უბანზე. „ბათუმელებმა“ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმებს გადახედა, სადაც ჩანს, რომ განსხვავება ხმებს შორის ძირითადად მცირე იყო, რამდენიმე უბნის გამოკლებით.

ბათუმის #96 უბანი იყო ერთადერთი საარჩევნო უბანი ბათუმში, სადაც ერთმა ხმამ გადაწყვიტა კანდიდატის აქ გამარჯვება. ამ უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 494 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი – 495 ხმა.

ბათუმის ოლქი, #96 უბნის ოქმი

იმ 10 უბანს შორის, რომლებიც ვაშაძემ ბათუმში მოიგო, მისი გამარჯვება ყველაზე დამაჯერებელი ბათუმის #102 უბანზე იყო, სადაც ვაშაძეს ხმა მისცა 344-მა ამომრჩეველმა, ზურაბიშვილს კი – 111-მა. ამავე უბანზე, ასევე, დამაჯერებლად მოიგო ვაშაძემ არჩევნები პირველ ტურშიც – მან უბანზე 287 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი მხოლოდ – 51 ხმა. ბათუმის #102 უბანი ტბეთის ქუჩაზე, თამარის დასახლებაში მდებარეობს.

ბათუმის ოლქი, #102 უბნის ოქმი

ვაშაძემ ბათუმში, ასევე მოიგო შემდეგი უბნები:

  • #42 უბანი – 424 ხმა ვაშაძე, 403 ხმა ზურაბიშვილი
  • #26 უბანი – 469 ხმა ვაშაძე, 376 ხმა ზურაბიშვილი 
  • #61 უბანი  – 337 ხმა ვაშაძე, 330 ხმა ზურაბიშვილი
  • #67 უბანი – 398 ხმა ვაშაძე, 387 ხმა ზურაბიშვილი
  • #87 უბანი – 406 ხმა ვაშაძე, 375 ხმა ზურაბიშვილი
  • #88 უბანი – 407 ხმა ვაშაძე, 391 ხმა ზურაბიშვილი
  • #89 უბანი – 504 ხმა ვაშაძე, 464 ხმა ზურაბიშვილი
  • #101 უბანი –  252 ხმა ვაშაძე, 231 ხმა ზურაბიშვილი
  • #103 უბანი – 455 ხმა ვაშაძე, 360 ხმა ზურაბიშვილი

პირველ ტურში ბათუმში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები მხოლოდ 14 საარჩევნო უბანზე მოიგო, სხვა ყველა უბანზე ვაშაძეს მასზე მეტი ხმა ჰქონდა და რიგ უბნებზე ხმებს შორის სხვაობა ასსაც აღემატებოდა. მაგალითად, #26 საარჩევნო უბანზე პირველ ტურში ვაშაძემ 345 ხმა მიიღო, ზურაბიშვილმა კი – 165. მეორე ტურშიც ამ უბანზე ვაშაძემ გაიმარჯვა და პირველ ტურთან შედარებით 124 ხმით მეტი, სულ 469 ხმა მიიღო.

იმ უბნებზე, სადაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების პირველ ტურში გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმა დააგროვა [ეს უბნებია: #91, #85, #83, #82, #81, #65, #63, #52, #49, #13, #9, #8, #7, #6], მეორე ტურში მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა იმავე უბნებზე გაიზარდა ვაშაძის მომხრეთა რაოდენობაც. მაგალითად, ბათუმის #49 უბანზე ზურაბიშვილმა პირველ ტურში 270 ხმა მიიღო, ვაშაძემ – 263 ხმა. მეორე ტურში კი, ორივე კანდიდატის მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ზურაბიშვილმა 495 ხმა მიიღო, ვაშაძემ კი – 326 ხმა.

პირველ ტურთან შედარებით ბათუმში არჩევნების მეორე ტურში მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა. არჩევნების პირველ ტურში  ბათუმში ხმა მისცა 63 634-მა ამომრჩეველმა [44.38%], მეორე ტურში კი – 80 364-მა ამომრჩეველმა [55.84 %]. 

არჩევნების მეორე ტურამდე პოლიტოლოგები ამბობდნენ, რომ არჩევნებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონებდნენ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, რომლებიც არც „ოცნებას“ უჭერდნენ მხარს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ მაინც გააკეთებდნენ არჩევანს.

Exit mobile version