მთავარი,სიახლეები

რა ოდენობის სახელფასო დანამატს მიიღებენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები

02.03.2019
რა ოდენობის სახელფასო დანამატს მიიღებენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები ზეგანაკვეთურად ნამუშევარი ყოველი საათისათვის, ანაზღაურებას, სახელფასო დანამატის სახით, მიიღებენ. ეს თანხა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 1% იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს ღამის საათებში, ასევე დასვენებისა და უქმე დღეებში მოუწევს მუშაობა, ის ყოველი ნამუშევარი საათისათვის თანამდებობრივი სარგოს 2%-ს მიიღებს.

სამინისტროში სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესის შესახებ ბრძანებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ხელი 2019 წლის 27 თებერვალს მოაწერა. ბრძანება გუშინ, პირველ მარტს ამოქმედდა.

სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესი ვრცელდება როგორც სამინისტროში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეზე, ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.

ამ წესის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაო, არის სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს; ღამის საათებში მუშაობა – სამუშაო, რომელსაც სამინისტროში დასაქმებული პირი ასრულებს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 7 საათს; ხოლო დასვენების და უქმე დღეები „საქართველოს შრომის კოდექსით“ არის განსაზღვრული.

„ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ საჯარო მოსამსახურე წერილობით დავალებას იღებს ხელმძღვანელი პირისგან [დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით]. დავალება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების აუცილებლობის შესახებ. ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალების დადასტურება/აღიარება ხდება „ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ტაბელის“ შევსებით და ხელმოწერით. შევსებული ფორმა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარედგინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, შესაბამისი დასაბუთებით“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ცხრილი დასაქმებულის ზემდგომმა ხელმძღვანელმა უნდა შეავსოს,  სადაც მიუთითებს თანამშრომლის სახელს, გვარს და თანამდებობას, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დროს და  საათების ჯამს.

სახელფასო დანამატის ანაზღაურების წესით, მოხელის სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

ამასთან „ზეგანაკვეთური სამუშაოს, მათ შორის ღამის საათებში და დასვენების/უქმე დღეს საქმიანობისთვის სახელფასო დანამატის ანაზღაურება ხდება მხოლოდ მინისტრის თანხმობით, შესაბამისი აქტის საფუძველზე; ხოლო დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის [თანამშრომლის მიერ დროებით არმყოფი პირის ფუნქციების შესრულება თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე] სახელფასო დანამატი გაიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების გათვალისწინებით“.

სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა კი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც „სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს“.

საჯარო მოხელეები მიმდინარე წელს ჯილდოებსაც მიიღებენ. 2018 წელს გაცემული ჯილდოების შესახებ იხილეთ ბმულზე:

2018 წლის ბოლოს აჭარის მთავრობაში 400 ათასამდე ლარი ჯილდოს სახით მიიღეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: