აჭარაში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთათვის მედიკამენტების დაფინანსება იზრდება

2019 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაში ცვლილებები შედის. მართალია, ჯერჯერობით პროგრამის ბიუჯეტი არ იცვლება და კვლავ 2 მილიონი ლარია, მაგრამ იზრდება მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი. პროგრამაში ცვლილებების შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს, მანანა ფაღავას ესაუბრა.

  • ქალბატონო მანანა, კონკრეტულად რა შეიცვლება 2019 წლიდან ამ პროგრამაში?  

ჩვენ ვაფინანსებთ იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს ტარგენტულ მკურნალობას, ბისფოსფონატების ჯგუფის და იმუნოთერაპიულ მკურნალობას. ჩვენ ამ მედიკამენტებით მკურნალობაზე წლიურად, ერთ პაციენტზე, გამოყოფილი გვქონდა 10 ათასი ლარი. 2019 წელს თითო პაციენტზე წლიური დაფინანსება 5 ათასი ლარით გაიზრდება და გახდება 15 ათასი ლარი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომელთაც სჭირდებათ ძალიან ძვირადღირებული ტარგენტული მედიკამენტებით მკურნალობა. არის ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც ღირს 7 000 ლარი და პაციენტს სჭირდება, 5-6 მედიკამენტი, განსაკუთრებით ეს ეხება ონკოჰემატოლოგიას. წინა წელს გვქონდა ისეთი შემთხვევები, როცა პაციენტს ვერ დავუფინანსეთ ერთჯერ მეტად, რადგან არ იყო პაციენტზე 10 ათას ლარზე მეტი განკუთვნილი. გავითვალისწინეთ ასეთი პაციენტების მოთხოვნა და ჩავსვით 15 ათასი ლარი თითოეულ პაციენტზე, ასე ცოტათი მეტად უფრო დავეხმარებით.

ასევე, ჩვენი პრიორიტეტი არის ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში, საქართველოში და აჭარაშიც ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს ძუძუს კიბოს. ჩვენ ვაფინანსებთ ძუძუს თითქმის ყველა ფორმის კიბოთი დაავადებული პაციენტების მედიკამენტოზურ მკურნალობას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს. აქვე უნდა ავღნიშნო, საყოველთაო აფინანსებს ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ჰორმონოთერაპიას, მაგრამ არ აფინანსებს ტარგენტულ და მედიკამენტოზურ მკურნალობას. წელს ვაფინანსებდით ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას, მომავალი წლიდან კი კიდევ ერთი სახეობის ძუძუს კიბოს მკურნალობას დავაფინანსებთ – ეს არის აგრესიული ძუძუს კიბო, ოღონდ ჰორმონდამოკიდებული. ამ პაციენტების მკურნალობას ჩვენ ახლა ვაფინანსებთ თანადაფინანსებით, აფინიტური მედიკამენტებით, 2019 წლიდან კი პირველად, სრულად დაფინანსდება აფინიტური მედიკამენტები, თანადაფინანსების გარეშე.

  •  თქვენ აღნიშნეთ, რომ პროგრამის ბიუჯეტი არ იზრდება. როგორ ჩაეტევით ბიუჯეტში? 

პროგრამის მიმდინარეობის დროს ვნახავთ, გავაანალიზებთ მომართვიანობას და თუ თანხა არ იქნება საკმარისი, ასეთ დროს ჩვენ ვითხოვთ თანხას და პროგრამის ბიუჯეტი იზრდება, ამის ნება მთავრობიდან არსებობს. არასოდეს არ გვეუბნებიან უარს ბიუჯეტის დამატებაზე, პაციენტებს დაფინანსებაზე უარს არ ვეუბნებით. ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

  • წელს რამდენი ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროგრამას?

რომ არ ველოდით, ისეთი მაღალია მომართვიანობა, განსაკუთრებით წლის ბოლოს. ონკოლოგიურ პაციენტებზე სულ გაცემულია 4 000-მდე ვაუჩერი. ამ ვაუჩერით პაციენტს შეუძლია თავად შეიძინოს მედიკამენტები ან სამედიცინო დაწესებულებამ შეიძინოს მისთვის წამალი და მოითხოვოს ანგარიშფაქტურა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ნებისმიერი სააფთიაქო ქსელიდან და სამედიცინო დაწესებულებიდან მოტანილ ანგარიშფაქტურას ვაფინანსებთ.

  • რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობის პირობებს…

პროგრამით მოსარგებლე პირი უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარაში. ეს არის ადგილობრივი პროგრამა, რომელიც მხოლოდ აჭარის მცხოვრებლებისთვისაა გათვლილი. წელს ტარგენტული მედიკამენტების დაფინანსებას იწყებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისთვის. ასევე, იმავე პროგრამას აფინანსებს თბილისის მერია თბილისის მოსახლეობისთვის და ჩვენ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

  • თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ბენეფიციარი გამხდარიყო?

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანს შევუზღუდოთ დარეგისტრირდეს აჭარაში, ოღონდ, მაგალითად, წელს რომ ისარგებლოს პროგრამით, რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარაში 2018 წლის პირველ იანვრამდე, ანუ წინა წლის ბოლოს უნდა იყოს დარეგისტრირებული ადამიანი აჭარაში, რომ მოხვდეს შემდეგი წლის პროგრამაში. არის შემთხვევები, როცა ეწერებიან აჭარაში. კახეთიდან გვყავს, გურიიდან, სამეგრელოდან… ჩვენ ამას ვერ შევზღუდავთ, ადამიანმა გადაწყვიტა, რომ დარეგისტრირდეს აჭარაში, ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება გახდეს პროგრამით მოსარგებლე.

  • რა ასაკის არიან ამ პროგრამით მოსარგებლე პირები ძირითადად?

ძირითადად არიან შუა ხნის ასაკის ბენეფიციარები, მაგრამ ძალიან გაიზარდა ახალგაზრდების მომართვიანობა.

  • აქვს თუ არა მნიშვნელობა აჭარაში მკურნალობს პროგრამით მოსარგებლე, თუ საქართველოს სხვა ქალაქში/რეგიონში?

არ აქვს მნიშვნელობა. ბენეფიციარს საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტებულ ნებისმიერ სამკურნალო დაწესებულებაში შეუძლია მკურნალობა, ეს პაციენტის ნებაა. ძირითადად მაინც ირჩევენ ბათუმს.

  • ბოლო წლებში პაციენტები თურქეთში არჩევს მკურნალობას. ასეთ შემთხვევაში პაციენტი შეძლებს გახდეს პროგრამით მოსარგებლე?

ამ პროგრამით ვერ ისარგებლებს. არის სხვა, პაციენტთა საზღვარგარეთ  მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა და იმ პროგრამაში თუ მოხვდება, მაშინ შესაძლებელია. იმ პროგრამას თავისი პირობები აქვს. საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამას ჰყავს ექსპერტები, რომლებიც შეისწავლიან შემთხვევას და თუ კი ის სამედიცინო მომსახურება, რაც ესაჭიროება პაციენტს, საქართველოს ტერიტორიაზე არ ტარდება, მაშინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მას უფინანსებს ნაწილს, დარჩენილს ვაფინანსებთ ჩვენ, აქამდე იყო ეს თანხა 15 ათასი ლარის ფარგლებში, მომავალ წელს კი იქნება 25 ათასი ლარის ფარგლებში.

ბათუმში გაჩერებული ავტომანქანა დაიწვა

დღეს, 5 დეკემბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გზატკეცილზე გაჩერებულ მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, რომ ავტომანქანაში არავინ იჯდა, შესაბამისად, არც არავინ დაშავებულა.

ხანძრის შედეგად ავტომანქანა სრულად დაიწვა.

სახანძროში გვითხრეს, რომ ჯერ არ არის ცნობილი ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

საბერძნეთის ორი მოქალაქე საქართველოში მიწას ვერ ირეგისტრირებს – დავა საკონსტიტუციოში

საბერძნეთის ორი მოქალაქე პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს – მათ საქართველოში მიწის დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს. პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოში გაიზარდნენ, თუმცა საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მათ საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს. ორივე მათგანი მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებად აღიარებას ითხოვს.

დავის საგანი პარლამენტის მიერ მიღებული კანონის – „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ 22-ე მუხლი გახდა, რომლის მიხედვითაც, ვიდრე საქართველოს ახალი პრეზიდენტი ფიცს არ დადებს და კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში არ შევა, უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება შეჩერებული აქვთ.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან ჩამონათვალში, ვინც შეიძლება საქართველოში მიწის მესაკუთრე გახდეს. კონსტიტუციით გათვალისწინებულია გამონაკლისი, რაც ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ ორგანული კანონით უნდა მოწესრიგდეს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა, რომელიც პარლამენტმა 2017 წელს მიიღო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საკუთრების უფლება დაცულია.
საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებიც ახლა პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში დავობენ, საუბრობენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2012 და 2014 წლებში ანალოგიურ საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
„მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ შეზღუდვები ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას, ეს უფლება პირს ენიჭება ადამიანობიდან გამომდინარე და არა მოქალაქეობიდან გამომდინარე,“ – განმარტავს სალომე ჯოხაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მრჩეველი. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრების უფლება ადამიანობას მიემართება. ამჯერად კი, კონსტიტუციის ახალი რედაქცია საკუთრების უფლებას მოქალაქეობას უკავშირებს. ახალი რედაქციის მიხედვით, მიწის მესაკუთრე „საქართველოს მოქალაქე“ შეიძლება გახდეს.
„ხომ არ შექმნის ეს სამართლებრივ უხერხულობას?“ – იკითხა სასამართლო პროცესზე მოსამართლე ევა გოცირიძემ. მოსამართლე მანანა კობახიძე კი მოსარჩელეთა პოზიციით დაინტერესდა: „გვაქვს ჩვენ ახლა იგივე სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც 2012 წელს იყო?“
მოსამართლეებს მოსარჩელეების ინტერესების დამცველმა, მარი კაპანაძემ, ამ სიტყვებით უპასუხა:
„საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გაითავისოს თავისი როლი… ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავინახეთ ძალიან ცუდი პრაქტიკა. დავინახეთ ის, რომ საერთოდ არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პარლამენტმა და მიიღო ისეთივე ნორმა, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ამ პირობებში იმის თქმა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს… ეს მდგომარეობა, პირველ რიგში, შექმნა პარლამენტმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აჩვენოს მანდატის სწორად გააზრება, უნდა აჩვენოს პარლამენტს, რომ რეალურად იგი დგას კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე და პარლამენტი მის გადაწყვეტილებას არ ასრულებს და შესაბამისი პასუხი გასცეს მას. რას ეუბნებით დღეს მოსარჩელეებს, რომ პარლამენტმა შექმნა უხერხულობა და მათ სარჩელს ამიტომ ვერ დააკმაყოფლებთ?
„ასეთი რამ არც ერთ მოსამართლეს არ უთქვამს,“ – შეაწყვეტინა სიტყვა მარი კაპანაძეს მოსამართლე მანანა კობახიძემ. კამათში მოსამართლე მერაბ ტურავა ჩაერთო.
„ახალი კონსტიტუციური რეალობა არის ის, რომ საკუთრება ადამიანად ყოფნას უკავშირდება და მომავალში უკვე მოქალაქეობაზე აკეთებს აქცენტსო… “ – თქვა მან.
მერაბ ტურავამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია არ გამორიცხავს უცხოელებისთვის მიწის საკუთრების უფლებას, თუკი პარლამენტში ორი მესამედი შეიკრიბება და უმრავლესობით მიიღებს ორგანულ კანონს, რაც გამონაკლის წესს დაარეგულირებს.
„განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, უცხოელი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას (მათ შორის მემკვიდრეობით) ვერ მოიპოვებს. პარლამენტისა და მთავრობის წევრების ღიად დაფიქსირებული პოზიციით, კონსტიტუციის პროექტის მიხედვით კი ძალიან ცალსახაა, რომ ამ უფლებას მოსარჩელე მხარე ვერც შემდგომ განახორციელებს,“ – მიიჩნევენ მოსარჩელეები.
სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

 

 

 

 

ყოფილი პატიმრები ინგლისური ენის კურსს გადიან

დასაქმება ყოფილი პატიმრებისთვის დიდი პრობლემაა, რასაც ბევრი რამ განაპირობებს: ბევრგან ინგლისური ენის ცოდნაა საჭირო, ელემენტარულ დონეზე მაინც და ხშირად ეს ამ ჯგუფისთვის დაბრკოლებას ქმნის.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს საშუალება მისცა, ინგლისური ენის შესწავლა დაეწყოთ და მათ ენის საბაზისო კურსები შესთავაზა.

პროგრამის ბენეფიციარები ახლა ენის სამთვიან კურსს გადიან. კურსი მოიცავს ენის, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სწავლებას.

გ. თ. ერთ-ერთი ყოფილი პატიმარია, რომელიც ამ კურსს გადის. ის სხვადასხვა დიზაინის ვებგვერდს ამზადებს და ინგლისური ენის შესწავლას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. გ.თ. ინტერნეტტექნოლოგიებითაა გატაცებული და უკვე რამდენიმე კომპანიას დაუმზადა ვებგვერდი.

როგორც გ.თ. ამბობს, ვებგვერდების დამზადება საქართველოში მაღალანაზღაურებადი საქმე არ არის, ამიტომ  გეგმავს სერვისი უცხოურ კომპანიებს შესთავაზოს, რომლებიც უკეთ გადაუხდიან. ამისთვის კი მას ინგლისური ენის კარგი ცოდნა სჭირდება.

ინგლისურ ენას ბენეფიციარებს დალილა მხატვარი ასწავლის, პროცესში აქტიურადაა ჩართული მშვიდობის კორპუსის მოხალისე ლეიშა სომერსი, ასე ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, ინგლისურენოვან მოხალისესთან ერთად გაიარონ ენის პრაქტიკული კურსი.

კლუბში სხვადასხვა ასაკის მსმენელი სწავლობს ინგლისურს.

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ხორციელდება. რესოციალიზაციის პროექტს ახორციელებენ: „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.


„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად ისახავს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

 

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

 

ბრძოლა თბილისიდან – რეგიონები ქალთა უფლებების დამცველების გარეშე

საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები არ არიან ისე მრავალფეროვნად წარმოდგენილი, როგორც დედაქალაქში. აჭარაში ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვაზე  იქნებოდა ორიენტირებული, ფაქტობრივად არ არსებობს, თუ არ გავითვალისწინებთ ცალკეულ პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ხორციელდება. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დედაქალაქში აცხადებენ, რომ არსებობისთვის ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა.

ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“ წარმომადგენელი იდა ბახტურიძე, რეგიონებში ქალთა ორგანიზაციების ნაკლებობის მიზეზს სწორედ ფინანსურ არასტაბილურობაში ხედავს. მისი თქმით, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მწირი დაფინანსება არა მარტო ქართული პრობლემაა:

„ზოგადად, ტენდენციაა მსოფლიოში ასეთი და კვლევებიც აჩვენებს, რომ ყველაზე მწირი რესურსები სწორედ ქალთა და ფემინისტურ ორგანიზაციებზეა გამოყოფილი. კიდევ უფრო მწირია ეს რესურსები რეგიონების დონეზე, სწორედ ამიტომ აქვთ სტაბილურობის პრობლემა“.

იდა ბახტურიძე

იდა ბახტურიძის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ტექნიკურ ნაწილზე უფრო მეტი რესურსი იხარჯება, ვიდრე იმ სამუშაოზე, რაც ველზე უნდა შესრულდეს.

„გადარჩენის, ფინანსური სტაბილურობის პრობლემა უდგას ცენტრში მყოფ ორგანიზაციებსაც კი. ეს არის ძალიან რთული – როცა ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობ, ამ დროს კი არ იცი, ხვალ გეყოლება თუ არა იურისტი, რომელიც დაიცავს ამ ადამიანების უფლებებს, ან ფსიქოლოგი, რომელიც მათთან იმუშავებს, უკვე პრობლემაა,“ – ამბობს იდა.

იდას აზრით, დღესაც კი, მთელ მსოფლიოში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები არიან ნაკლებად პრიორიტეტულ მდგომარეობაში: „მათ შორის დიდ სახელმწიფოებშიც, დონორებშიც არის ეს დამოკიდებულება, რომ ქალთა ეკონომიკური თუ პოლიტიკური გაძლიერება ან სექსუალური შევიწროების საკითხი ვერ იქნება იმაზე პრიორიტეტული, ვიდრე ვთქვათ, არჩევნები, თავდაცვის თუ სხვა პოლიტიკური საკითხები. შესაბამისად, ფინანსური რესურსებიც ამ პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება“.

ქალთა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ქალების უფლებები ადგილზე რეგიონის, სოფლის დონეზე, უკეთ იყოს გააზრებული და დაცული.

„ოზურგეთელ ან დვაბზუელ ქალს თბილისიდან ვერავინ ვერ გაუკეთებს იმდენს, რამდენსაც ადგილობრივი ქალები გააკეთებენ ერთმანეთისთვის. პირისპირ კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ნდობა ქალების მხრიდან. უცნობებთან ერთად მძიმე ბრძოლაში ვერ შევლენ ქალები,“ – გვეუბნება იდა.

ის საუბრობს, ასევე, სამოქალაქო აქტივიზმზე, რაზეც ხშირად ამბობენ, რომ ფინანსური რესურსები არ სჭირდება. ამ მოსაზრებას ბახტურიძე ნაწილობრივ ეთანხმება. მისი აზრით, სამოქალაქო აქტივიზმი ღირებულებებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს ძლიერი, თუმცა იმისთვის, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა იყოს უფრო სტაბილური, გაიზარდოს ცნობიერება და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა გახდეს პრიორიტეტული, აუცილებელია სტაბილური მუშაობა, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია ფინანსებთან. „ვფიქრობ, რომ იურისტს უნდა გადაუხადო ფული, მით უმეტეს ქალებს, რადგან ადამიანებს მუდმივად ვერ მოვთხოვთ უხელფასოდ შრომას. მათ ისედაც მწირი ანაზღაურების პირობებში უწევთ შრომა. დიდი ემოცია იხარჯება ამ სამუშაოზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება“.

იდას აზრით, ძლიერმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაფინანსების დროს უნდა გადახედონ პრიორიტეტებს.

ნანა ფანცულაია

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციის – „ქალთა ფონდის“ ხელმძღვანელი ნანა ფანცულაია კი მიიჩნევს, რომ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები საკმაოდ აქტიურობენ რეგიონებშიც. „რასაც ვერ ვიტყვით აჭარის შემთხვევაში. ამ მხრივ ყოველთვის პასიური იყო და ნაკლებად მოდიოდა ინიციატივები ჩვენამდე, რომ, ვთქვათ, დაგვეფინანსებინა ცალკეული პროექტი,“- გვეუბნება ის.

ნანა ფანცულაიას აზრით, ამას აჭარის, როგორც ტურიზმზე ორიენტირებული რეგიონის პოლიტიკა განაპირობებს. „თუმცა წელს გამოჩნდა ქობულეთში ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ქალთა საკითხებზე და ჩვენ დავაფინანსეთ. უფრო ადრე, მაღალმთიან აჭარაზეც გვქონდა დაფინანსება გამოყოფილი, ადრეული ქორწინების პრობლემებზე სამუშაოდ. ზოგადად, აჭარის რეგიონი ამ მხრივ პასიურია“.

მისი თქმით, შედარებით აქტიური რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო და კახეთი. „ამ რეგიონების მიმართ დონორების ყურადღება განაპირობა იმან, რომ უფრო მეტი დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს აქ.“

ნანა ფანცულაიას აზრით, რეგიონებში ოფისების ფუნქციონირების საჭიროება არ არსებობს, რადგან საგრანტო ბიუჯეტი განსაზღვრულია კონკრეტულ აქტივობაზე. „მთავარია, იყოს ამ სამუშაოს შესასრულებლად თანხა“.

როგორც ნანა ფანცულაია ამბობს, „ქალთა ფონდმა“ დონორის დახმარებით კახეთში შეიძინა მიწის ნაკვეთი, სადაც ქალებისთვის გაკეთდება ეკოსახლი. ეს ქალთა ორგანიზაციებს ერთმანეთთან თანამშრომლობის, ახლოს გაცნობისა და ერთად მუშაობის შესაძლებლობებს მისცემს:

„ეს იქნება მწვანე,  პერმაკულტურული შენობა, სადაც შეხვდებიან ადამიანები ერთმანეთს, გავმართავთ კონფერენციებსაც. როცა ვამბობთ, რომ დღეს ნაკლებია სოლიდარობის განცდა, სწორედ ასეთი შეხვედრები დაეხმარება ქალებს, რომ იცნობდნენ ერთმანეთს უფრო ახლოს. მხოლოდ ფეისბუკი არ არის ცხოვრება, საჭიროა უფრო მეტი სივრცე რეალური აქტივიზმისთვის“.

ანა აბაშიძე

ქალთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული კიდევ ერთი აქტიური ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი რეგიონებშიც. მისი თქმით, დედაქალაქში მუშაობას თავისი დანიშნულება აქვს, რადგან „ცვლილებების იმპულსს დიდი ქალაქები ქმნიან და ეს კარგ მაგალითს აძლევს რეგიონებს, სოფლებს და ა.შ. მაგრამ ეს პროცესი არ უნდა წარმოვიდგინოთ რეგიონების გარეშე“.

ანას აზრით, რეგიონებში ქალებს უფრო მეტი გამოწვევები აქვთ, ამიტომ უფლებადამცველი ორგანიზაციების არსებობა მნიშვნელოვანია.

ანა, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხაზს უსვამს იმას, რომ ფინანსური სტაბილურობა არ აქვთ არც ცენტრში მომუშავე ორგანიზაციებს: „გადარჩენისთვის ბრძოლის წინაშე არიან ორგანიზაციები მუდმივად და ზოგიერთი მათგანი გაქრება კიდეც, რაღაც კონკრეტული პროექტის შემდგომ“.

ანას აზრით, რეგიონებში ქალებისთვის ორმაგად რთულია მუშაობა, რადგან უფრო ძლიერია გენდერული სტერეოტიპები და ქალები უფრო მეტ ბარიერს აწყდებიან .

„ჩვენს ორგანიზაციასაც აქვს ფინანსური მდგრადობის პრობლემა, შედარებით მყარად არიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც საერთაშორისო სტატუსი აქვთ. სოციალური ცვლილებები მუდმივად ვერ განხორციელდება დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. დონორები იმედოვნებდნენ,  რომ სახელმწიფო აიღებდა გარკვეულ ვალდებულებას და შეწყვიტეს დახმარება. თუმცა, ეს ასე არ მოხდა, რის გამოც მიღწეული ცვლილებებიც კი წყალში ჩაიყარა“.

ანა აბაშიძის აზრით, თვითმმართველობებში არსებული გენდერული საბჭოებიც კი, სწორედ სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერით შეიქმნა, თუმცა მას ფორმალური დატვირთვა  აქვს. მისი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო კეთილსინდისიერი, გულწრფელი მუშაობის დაწყება, „თუმცა სახელმწიფო არ არის მოტივირებული იმისთვის, რომ საკუთარ თავზე აიღოს სოციალური ცვლილებები“ – ამბობს ის.

ანას აზრით, სახელმწიფო შესაძლებელია იყოს სოციალური აქტივობების მხარდამჭერი და ამის მაგალითია განვითარებული ქვეყნები, თუმცა ამ ქვეყნებში ხელისუფლება არ ერევა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში და მათი თავისუფლების ხარისხი მაღალია – „საქართველოში კი, ხელისუფლებისგან დაფინანსების შემთხვევაში, დაზღვეული არ ხარ, რომ ხელისუფლება შენს საქმიანობაში არ ჩაერევა“.

ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები უნდა გაძლიერდნენ კერძო ბიზნესის მხარდაჭერით, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში.

„ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული ორგანიზაცია, თუნდაც ისეთი, როგორიც არის „ამნესტი ინტერნეშენელი“, დგას სწორედ კერძო შემოწირულობებზე. ჩვენ ვხედავთ, როგორია მისი დამოუკიდებლობისა და მუშაობის ხარისხი. სწორედ ასეთ მხარდაჭერაში ვხედავ სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას და მდგრადობის საფუძველს“.

ანნა მდინარაძე

აჭარაში  ერთ-ერთი ყველაზე ფინანსურად მდგრადი ორგანიზაცია, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა. აჭარის ოფისის ხელმძღვანელის, ანნა მდინარაძის თქმით,  ორგანიზაცია მუშაობს როგორც მსხვერპლი ქალების სამართლებრივ დაცვაზე, ასევე ცნობიერების ამაღლებაზე – კონკრეტული დაფინანსების ფარგლებში.

ანნა მდინარაძის თქმით, კარგი იქნება, თუ ე.წ. გენდერული საბჭოების კომპეტენციები და ნდობა გაიზრდება ქალთა უფლებების დაცვის მხრივაც: „დღეს მნიშვნელოვანია, არა მარტო ქალების სამართლებრივი დაცვა, არამედ მათი ეკონომიკური გაძლიერება, რომ ისინი კვლავ არ მოხვდნენ იმ გარემოში, სადაც მათზე ძალადობდნენ“.

_________________________

მთავარი ფოტო:  აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

ნურის ტბის გადარჩენის კიდევ ერთი მცდელობა

ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბის დაჭაობების რისკების შესამცირებლად წყლის სპეციალური ტუმბო დაამონტაჟეს. შპს “ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ ამ მოწყობილობით ტბიდან წყლის ამოტუმბვა და მისი სანიაღვრე არხში უსაფრთხოდ ჩაშვება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციაა. წყლის ამოტუმბვის მიზანი ტბისთვის სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნებაა.

„შესაძლოა ტბიდან წყლის ამოტუმბვის შედეგად მოხდეს წყალგანახლების პროცესის ფორსირება, რომ მიწისქვეშა წყლების ხარჯზე მოხდეს წყალგანახლება და ამ ტბაში სიცოცხლისუნარიანობა განახლდეს,” – გვითხრეს “ბათუმის წყალში”.

სპეციალური სატუმბი საშუალება ტბაზე დაახლოებით სამი კვირაა მუშაობს. დაკვირვების პროცესი შესაძლოა კიდევ ორ თვეს გაგრძელდეს. „პროცესზე დაკვირვების შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ ეს არის ის საშუალება, რომელიც ტბაში არსებულ  პროცესს გააჯანსაღებს, აშენდება მინიტუმბო ტბასთან, რომელიც რეგულარულად გადატუმბავს წყალს სანიაღვრე არხში,” – ამბობს “ბათუმის წყლის” პრესსამსახურის უფროსი ელენე ნოღადელი.

ნურის ტბაში უჟანგბადობის პრობლემა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა ტბაში ციანობაქტერია მომრავლდა და შემდეგ ლპობა დაიწყო. ამის გამო ტბაში პერიოდულად იხოცებოდნენ თევზები და პარკის ტერიტორიაზე მძაფრი უსიამოვნო სუნიც იგრძნობოდა.

ტბაში ციანობაქტერიების მატების მთავარ მიზეზად სპეციალისტებმა ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის მიმოქცევა დაასახელეს. ორი წლის წინ წყალში ჟანგბადის შემცველობის დასარეგულირებლად ტბაში ერაციის სისტემა დამონტაჟდა, რის შედეგადაც ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა.

სატუმბი აპარატი “ბათუმის წყლის” საკუთრებაა, მის შესაძენად ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა.

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიები კვლავ მომრავლდა [ფოტო/ვიდეო]

 

ბათუმი Airbnb-ის 19 ტრენდული ქალაქის ჩამონათვალში მოხვდა

Airbnb-ი თავის მომხმარებლებს 2019 წელს მოგზაურობის დასაგეგმად 19 ტრენდულ ტურისტულ ადგილს სთავაზობს, რომელთა შორის ბათუმიც მოხვდა.

“საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ეს განპირობებულია ქალაქის ზღვისპირა მდებარეობით და მთელი წლის განმავლობაში საშუალო კლიმატით.

შავი ზღვის საპორტო  ქალაქი 160 000-იანი მცხოვრებით, აერთიანებს გასართობ დაწესებულებებსა და ძველ დასახლებას, რომელიც დროში გამოგზაურებთ. რეგიონი პლაჟებსა და სათხილამურო კურორტს აერთიანებს,” – წერს Airbnb-ი ბათუმზე.

ბათუმის გარდა ჩამონათვალში მოხვდა ანდალუსია – ესპანეთი, სანტა კატარინა – ბრაზილია, ბუენოს აირესი – არგენტინა, ნორმანდია – საფრანგეთი და სხვა.

__________________

მთავარ ფოტოზე: ძველი ბათუმი, ბათუმობა 2018. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ვინ არიან ადამიანები სოციალური კამპანიიდან ბათუმში – „გააზიარე სითბო”

#სიკეთეგადამდებია#გააზიარესითბო  – ეს ჰეშთეგი ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კარადებს დგამენ ქუჩებში, სადაც ყველას შეუძლია დატოვოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ასეთი კარადები ბათუმში უკვე ორ ადგილას დგას: ჭავჭავაძის №113-ში და გამოჩნდა მეორე კარადაც – ტბელ აბუსერიძის №9 – ში.

სოციალური კამპანია „გააზიარე სითბო“ თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გავრცელდა. ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე, კარადა მეგობრების ჯგუფმა დადგა, რომლებიც ერთმანეთს დაუკავშირდნენ ვიდეოს ნახვის შემდეგ და გადაწყვიტეს იგივე ბათუმშიც გაეკეთებინათ.

გიორგი, ირაკლი, ქრისტინე, სოფო და ნათია – ერთმანეთს დაუკავშირდნენ, გიორგის შინ ძველი კარადა აღმოაჩნდა და გარეთ გამოიტანა, ეს კარადა ტბელ აბუსერიძის №9 – ში დადგეს, სადაც მათ ახლობელს მაღაზია აქვს და შეეძლება დააკვირდეს, ვინმემ ბინძური ტანსაცმელი არ დატოვოს ან არ გადაყაროს რაიმე ტანსაცმლით სავსე კარადიდან, რომელიც ყველასია.

ღიად საუბარზე მხოლოდ ქრისტინე ფედანიანი და გიორგი ბერიძე დაგვთანხმდნენ. ქრისტინე ოზურგეთის ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, მას ყველაზე კარგად ესმის, რას ცვლის შეჭირვებულთათვის  მსგავსი ინიციატივები:

ქრისტინე

ქრისტინე ფედანიანი: 

გიორგი ბერიძე დამიკავშირდა ერთ საღამოს და მითხრა, შევიკრიბოთ, რაღაც გვაქვს ერთად გასაკეთებელიო. მე რომ მივედი, ეს კარადა უკვე იდგა ბათუმში, „კარფურის“ პირდაპირ, ტანსაცმლით სავსე. ძალიან გამიხარდა, ეს ყველაზე კარგი რამაა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, დავიწყეთ ყველა საშუალებით ადამიანებამდე ამბის მიტანა, რომ ვისაც სურდა შეეძლო მიეტანა სამოსი, ნივთები და დაეწყო კარადაში. მათ კი, ვისაც სამოსი და ნივთები სჭირდება, ვატყობინებთ, რომ შეუძლიათ აიღონ, რაც სურთ.

ხალხს ძალიან მოეწონა იდეა ბათუმშიც და სლოგანი „გააზიარე სითბო“ მალე გავრცელდა.

ერთი წელია, რაც საცხოვრებლად ოზურგეთიდან ბათუმში ჩამოვედი. ვხედავ, ქალაქშიც როგორ უჭირთ ადამიანებს. ძალიან ბევრია ასეთი.

ადამიანთა ნაწილი გათიშულია მოქალაქეობრივ ცხოვრებას, არ იციან არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო რესურსებისა და პროგრამების შესახებ. არ აქვთ ინფორმაცია და ვერც ვერაფერს მოიძიებენ, ქუჩაში მცხოვრები ადამიანები, მოწყალების მთხოვნელები… მგონია, რომ ბათუმში თბილად ექცევიან ასეთ ადამიანებს, უნივერსიტეტში პერიოდულად აქციებიც იგეგმება ხოლმე მათ დასახმარებლად, ვყოფილვართ ჩართული ასეთ ინიციატივებში.

ამ ადამიანებამდე ხანდახან არაფერი აღწევს. საზოგადოების, თითოეული ადამიანის ძალისხმევა ამ დროს უმნიშვნელოვანესია.

სიკეთე ნამდვილად არის გადამდები. როცა სხვას გულს უხარებ, თავადაც გიხარია, თუნდაც უბრალო რამეებით, რითაც შეგიძლია. არავინ იცის, ხვალ ვინ რა სიტუაციაში ვიქნებით, ვის რა დაგვჭირდება.

4 წელი ვცხოვრობდი ოზურგეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში, ძალიან კარგ გარემოში, სადაც ბევრი ვისწავლე, მასწავლეს ისეთი რამეები, რასაც მარტო ვერ ვისწავლიდი. მათი წყალობით ვარ სტუდენტი. გვქონდა თეატრალური სტუდია, ლიდერთა სკოლა, იქ მცხოვრები რვავე ბავშვი ვიღებდით სრულფასოვან სასკოლო განათლებას. 18 წლის ასაკში გამაშვილეს, სოციალური პროგრამით სწავლაც დამიფინანსეს და ასე აღმოვჩნდი ბათუმში.

საოჯახო სახლში სულ რვანი ვცხოვრობდით, მას შემდეგ რაც სრულწლოვანები გავხდით, სახლი დავტოვეთ: ზოგმა ჩააბარა, ზოგი გათხოვდა ან დასაქმდა, ზოგიც ჯარში წავიდა.

იურიდიული ფაკულტეტი უნივერსიტეტში შემთხვევით არ ამირჩევია, მომწონს, რომ მომავალში ჩემი საქმე სამართლის დაცვა იქნება.

გიორგი

გიორგი ბერიძე: 

მეგობრებმა ერთად ვნახე ვიდეო თბილისიდან – „გააზიარე სითბო“. მოგვეწონა იდეა და მოგვინდა იგივე ბათუმშიც გაგვეკეთებინა. დავუკავშირდით გიორგის, ირაკლის, ქრისტინეს, სოფოს, ნათიას. გიორგიმ კარადა გამოიტანა სახლიდან, სხვებმა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი – ვისაც რა ჰქონდა.

ტბელ აბუსერიძის 9 ნომერში დავდგით კარადა, ბევრმა რომ შენიშნოს, ისეთ ადგილზე და თან იქვე ჩვენს ახლობელსაც აქვს მაღაზია, აკვირდება, რომ ვინმემ რაიმე არ გადაყაროს.

ეს სიმბოლური კარადა სხვადასხვა ფენის ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება და სიმბოლოა, ერთმანეთს ასე ის ადამიანები დაუკავშირდებიან, ვისაც საერთო ერთმანეთთან ცხოვრებაში არ აქვთ.

29 წლის ვარ, ტელეფონების მაღაზიაში ვმუშაობ, სულ ეს არის, რაც ჩემ შესახებ შემიძლია გითხრათ.

სიამოვნებაა ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდო, უბრალოდ იმის შეგრძნება, რომ ვიღაცისთვის რაღაცის გაკეთება შენც შეგიძლია. ზუსტად ვიცი, რომ ბათუმში ბევრი ადამიანი აგვყვება.

პოლიციის სახელით ბათუმში ჰოსტელს ძარცვავდნენ – ერთ-ერთი მძარცველი სტუმრებმა დააკავეს

პოლიციის სახელით ორი პირი ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში შეიჭრა. ეს ჰოსტელი იმავე შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული.

გამოძიების ვერსიით, ორი პირი პოლიციელის სახელით შეიჭრა ჰოსტელში და სტუმრებისთვის ნივთების წართმევა სცადა. ჰოსტელში შესულმა პირებმა ტურისტებს თავდაპირველად უთხრეს, რომ ისინი პოლიციიდან იყვნენ და ნარკოტიკს ეძებდნენ.

ჰოსტელის სტუმრებმა ერთ-ერთი პირი მას შემდეგ დააკავეს, როცა ის ტურისტისთვის მობილურის წართმევას შეეცადა. მეორე პირი კი, პოლიციელებმა დააკავეს.

ჰოსტელი ამ დროისთვის ცარიელია. ადგილზე არც ჰოსტელის მენეჯერი დაგვხვდა.

ფაქტი გუშინ, 4 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

ინფორმაცია პოლიციის შენობაში მდებარე ჰოსტელის ძარცვის შესახებ პირველად „იმედმა“ გაავრცელა.

ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის ქუჩა

 

 

3 კგ-ზე მეტი “კოკაინის” და ნახევარ კილოგრამამდე “ჰეროინის” უკანონო შემოტანის მცდელობა

შს სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 კილოგრამი და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა, მისი ბარგის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3 კილოგრამი და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ს.გ. და 1989 წელს დაბადებული პ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკი ირანიდან უკანონოდ შემოიტანეს.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე და 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

საპენსიო სააგენტოს დირექტორი დაგროვილი პენსიის დაკარგვის რისკზე: ბანკების მიმართ არსებობს ნდობა

„რა გარანტია გვაქვს მოქალაქეებს, რომ ეს დაგროვებული ფული არ დაიკარგება?“ – იკითხა საპენსიო სააგენტოს მიერ გამართულ შეხვედრაზე ნანა კალანდაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელმა. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მესამე სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდნენ.

„ეს სისტემა ისეთი სტანდარტით არის შექმნილი, რომ ვერავინ ხელს ვერ მოკიდებს ამ ფულს. ფული იქნება პირდაპირ საბანკო ანგარიშზე. ბანკს აქვს ნდობა და ყველაზე მოწესრიგებულია საბანკო სისტემა. ახლო მომავალში ეს სისტემა 1 მილიონ ადამიანს მოემსახურება და ვინ შეიძლება ამხელა რისკზე წავიდეს?“ – კითხვა დაუბრუნა აუდიტორიას ლევან სურგულაძემ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა. ნანა კალანდაძემ მას ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითიც მოუყვანა, სადაც დაგროვებითი პენსიის სისტემამ ვერ იმუშავა.

„იქ ცოტა სხვანაირად იყო საქმე… ჩვენს შემთხვევაში თქვენ ყოველდღე შეგეძლებათ ნახოთ თქვენი ანგარიში. ის არც ყადაღას, არც დაქვითვას ან ინკასოს არ ექვემდებარება და მემკვიდრეობით გადაეცემა. არა მგონია, ვინმემ გარისკოს ეს,“ – დასძინა ლევან სურგულაძემ.

კითხვები საბანკო სისტემის სანდოობის კუთხითაც დაისვა. ერთ-ერთმა მოქალაქემ შეხვედრაზე ბანკის იმ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, ბანკს ერთპიროვნულად შეუძლია შეცვალოს სასესხო ხელშეკრულების პირობები.

„ბანკებთან ჩვენ გვექნება ნომინალური ანგარიში, ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. ბანკი უხეშად დაარღვევს ყველა კანონს, თუ ის ამ ფულს შეეხება რამენაირად. ჩვენ ელექტრონული წვდომა გვექნება ბანკებთან, ვერ იქნება ასე, რომ ბანკმა რაღაც ფული წაიღოს. ბანკები არაფერს მართავენ, ჩვენ ვიყენებთ მათ მომსახურებას, აბა, სახლში ხომ არ წავიღებთ ამ ფულს,“ – უპასუხა შეკითხვა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.

რა იქნება ბანკის სარგებელი? – სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, ამ ეტაპზე ეს დაზუსტებული არ არის. „თუმცა ჩვენ ბანკებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ამ ფულს რაღაც გარკვეული პროცენტი დაერიცხოს სარგებლის სახით,“ – დასძინა ლევან სურგულაძემ.

საქართველოს პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი 2018 წლის 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო. 

“დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს. 2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო.

ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

რა უთხრეს ბიზნესმენებს თორნიკე რიჟვაძემ და ბიზნესომბუდსმენმა

მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენი დღეს, 5 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურში შეხვდა. ბიზნესომბუდსმენის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, ყველაზე ხშირად მშენებელ კომპანიებს ექმნებათ ბიუროკრატიული პრობლემები.

„ბიზნესისთვის დამაზიანებელია გაჭიანურებული სასამართლო პროცესი, ასევე, მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესი,“ – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში სტრუქტურული ერთეული უნდა შეიქმნას, სადაც ბიზნესკომპანიას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება. ბიზნესომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ამ გზით მეწარმეები სასამართლო დავებისთვის დამატებით დროს და ენერგიას აღარ დახარჯავენ.

წლის განმავლობაში ბიზნესომბუდსმენისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 250 მეწარმეს მიუმართავს, აჭარაში – ოცდაათს. აჭარის რეგიონში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელობა მიმდინარე წლის სექტემბერში გაიხსნა.

„თავდაპირველად მხოლოდ უცხოური კომპანიები მოგვმართავდნენ. როგორც ჩანს, უცხოელებმა უფრო იციან ბიზნესომბუდსმენის გემო,“ – თქვა შეხვედრაზე ტარიელ გიორგაძემ, ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში.

ტარიელ გიორგაძემ ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, რომელმა კომპანიებმა მიმართეს ბიზნესომბუდსმენს. ტარიელ გიორგაძემ გვითხრა, რომ აჭარაში ბიზნესმენებს ყველაზე მეტად საგადასახადო დავალიანების კუთხით არსებული პრობლემა აწუხებთ, მეორე ადგილზე კი, ბიუროკრატია და სამშენებლო ნებართვების გაცემაა.

„ხუთ შემთხვევაში პრობლემა დადებითად გადაწყდა… ჩვენ როცა ვერთვებით პროცესში, უფრო მობილიზებულად ხდება გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ვაძლევთ ბიზნესმენს მხოლოდ რეკომენდაციას და ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმ ორგანოსთან, სადაც პრობლემა ექმნება ბიზნესმენს. ხშირ შემთხვევაში, პრობლემა არის დაკავშირებული, მაგალითად, ზონალურობასთან…“, – ამბობს ტარიელ გიორგაძე.

რა ბერკეტი აქვს ბიზნესომბუდსმენს, როცა ქალაქის ზონებად დაყოფის გამო მშენებელი სამშენებლო ნებართვას ვერ იღებს?

„უარყოფითი პასუხიც პასუხია… ხშირად მეწარმეებს პასუხის მიღება უჭირთ,“ – გვიპასუხა ტარიელ გიორგაძემ, ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა აჭარაში.

ბიზნესმენებს დღეს თორნიკე რიჟვაძეც შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბიზნესმენებს მოკლედ უთხრა, რომ ის მორატორიუმის წინააღმდეგია და მშენებლებს ხელი არ უნდა შეეშალოთ.

მორატორიუმს ძველ ბათუმში საზოგადოება „ბათომი“ და საზოგადოების ნაწილი ითხოვს მანამ, ვიდრე ქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმა არ ექნება. ეს ორგანიზაცია ქალაქში უსისტემო და ქაოტური მშენებლობების შეჩერებას, ასევე, ისტორიული ქალაქის გადარჩებას ცდილობს.

ბიზნესმენებმა შეხვედრაზე კითხვებიც დასვეს, თუმცა ეს ნაწილი მედიისთვის დაიხურა. „ბათუმელებმა“ მხოლოდ ერთ-ერთი ბიზნესმენის მოსმენა მოასწრო. სამკერვალო კომპანია „ტექსტილის“ წარმომადგენელმა იკითხა, რატომ არ განიხილავენ ამ კომპანიის საკითხს ეკონომიკის სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, ერთი წლის გასვლის მიუხედავად.

„ჩვენ მივუბრუნდებით ამ საკითხს, რომ ეს პირველი პირის დონეზე იყოს,“ – უთხრა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესმენს.

 

 

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 5-6 დეკემბერს, სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს,  6-7 დეკემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა.

______________

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „დინამო ბათუმის“ გეგმები 2019 წლის ჩემპიონატისთვის

7 დეკემბერს საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ მარტვილის „მერანთან“ სეზონის ბოლო თამაშს გამართავს. ეს, ასევე, იქნება ბოლო მატჩი, რომელსაც „დინამო ბათუმი“ ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე საფეხბურთო კლუბმა ეროვნულ ლიგაში დაბრუნება შეძლო.

„7 დეკემბრის მატჩი პრინციპული თამაში არ არის, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშს ვთამაშობთ ბოლომდე. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ბოლო თამაშიც გამარჯვებით დავამთავროთ. მინდა, რომ კარგ ნოტაზე დამთავრდეს ეს ჩემპიონატი,“ – ამბობს ასლან ბალაძე „დინამო ბათუმის“ სპორტული დირექტორი.

მიმდინარე ჩემპიონატში ბათუმის „დინამომ“ 35 თამაშიდან 22 მატჩი მოიგო, 7 – ფრედ დაამთავრა, 6 თამაში კი – წააგო. გუნდს ჯამში 73 ქულა აქვს და აქტიურ მომზადებას აპირებს 2019 წლის ჩემპიონატისთვის.

„დინამო ბათუმი“ ფიქრობს უმაღლეს ლიგაში სერიოზული მიზნების მიღწევას და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის,“ – ამბობს ასლან ბალაძე.

„დინამო ბათუმის“ სპორტული დირექტორის თქმით, მომავალ წელს გუნდის შემადგენლობას მინიმუმ ოთხი ახალი ფეხბურთელი შეემატება, რაც გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ვმუშაობთ. უკვე დავიწყეთ გუნდის დაკომპლექტება. შეკრება 2019 წლის 10 იანვარს გვექნება. იანვრის ბოლომდე ბათუმში ვიქნებით, 7 თებერვალს კი,  სრულფასოვანი მომზადებისთვის გავემგზავრებით თურქეთში, ანტალიაში. სწორედ ანტალიაში ჩამოყალიბდება გუნდის ის შემადგენლობა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩემპიონატში,“ – ამბობს ასლან ბალაძე.

„დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგიდან მეორე ლიგაში 2017 წელს გადავიდა. შარშან საფეხბურთო კლუბმა 36 თამაშიდან მხოლოდ 10 თამაშის მოგება შეძლო, 3 ფრედ დაამთავრა, 23 მატჩი კი – წააგო.

15 ათასი ლარი რატომ უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი – დირექტორის განმარტება

„რატომ უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 15 ათასი ლარი, როცა პენსია საქართველოში ჯერ კიდევ 180 ლარია?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ დღეს ლევან სურგულაძეს დაუსვა. ის ახლად შექმნილი უწყების – საპენსიო სააგენტოს პირველი დირექტორია. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა დღეს, 5 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართეს და საპენსიო რეფორმის შესახებ ისაუბრეს.

„არსებული პენსია, თქვენ გულისხმობთ სოციალურ დახმარებას, რომელსაც პენსიას ვეძახით, ასეთი დახმარებები არის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქაც არის, დახმარება ჰქვია ამას და 300 დოლარია, ამერიკაში ეს ისეთივე დაბალია და კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან 180 ლარი. ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ამერიკაში ვიღაცას ჰქონდეს გაცილებით მაღალი შემოსავალი და ხელფასი. ეს შედარება არ მიმაჩნია სწორად. სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია,“ – გვითხრა ლევან სურგულაძემ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3.8 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 2 მილიონი ლარი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება. უწყებაში სულ 50 ადამიანი დასაქმდება.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/297666/

სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტის განხილვა ბათუმში

7 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი. დისკუსიის ორგანიზატორი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია“, მომხსენებელი კი -ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროება ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. დაზარალებულებს შორის 70 პროცენტი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა საჯარო სივრცეში, ხოლო 10 პროცენტი – სამუშაო ადგილზე. მიუხედავად ამისა, ქართული კანონმდებლობა ტერმინს -„სექსუალური შევიწროება“ დღემდე არ ცნობს.

სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის მიზნით საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს.

თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სექსუალური შევიწროებისთვის დისკრიმინაციის სტატუსის მინიჭების პირველი მცდელობა არ არის.

1 კილოგრამზე 10 თეთრი – სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირება წელსაც მიმდინარეობს – სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება, აქედან სახელმწიფოს თანადაფინანსება 10 თეთრი იქნება, 10 თეთრს კი – საწარმო გადაიხდის.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს TCF GEORGIA მიმდინარე წლის სეზონზე 3000 ტონა არასტანდარტული მანდარინის მიღებას გეგმავს. რაც შეეხება არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა შპს Georgian industrial Asset Management Group-ს, სამინისტროს ცნობით, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს და წარმოებული იქნება ციტრუსის კონცენტრატი, საიდანაც დამზადდება წვენი.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ქარხნებს მიღებული და გადამუშავებული აქვთ 700-მდე ტონა არასტანდარტული მანდარინი.

ქართული ციტრუსის რეალიზაციის ძირითად ბაზრებად კვლავ რჩება რუსეთი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი.

აჭარის მთავრობის ცნობით, მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას შეადგენს.

აჭარაში მოქმედებს ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ცხელ ხაზზე: 1501

ამავე თემაზე: 

რომელ ქვეყნებში გადის ექსპორტზე ციტრუსი აჭარიდან

 

 

უხარისხო საწვავის მიმწოდებელ კომპანიებს 8 ათასი ლარით დააჯარიმებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯი უნდა აიღონ.

ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, „ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს“.
კვლევის შედეგად დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

უხარისხო საწვავის მიწოდებისთვის კომპანიებს 8 ათასი ლარით დააჯარიმებენ

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ერთ-ერთი ავტომობილი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდა.

გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

დღეს, ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ACES Europe-მა, ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ეს სტატუსი მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს დროით 22:00 საათზე დაიწყო. ბრუსელში ბათუმიდან დელეგაციას ქალაქის მერი, ლაშა კომახიძე ხელმძღვანელობს.

ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები ესწრებოდნენ.

ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით. სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება.

ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს “ევროპის სპორტის დედაქალაქის“, “ევროპის სპორტის ქალაქის”, “ევროპის სპორტის თემისა“ და “ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე თევზს უცხოური სამეცნიერო გემი დაითვლის

საქართველოს წყლებში თევზის ზუსტი მარაგის დასადგენად მალე თურქული სამეცნიერო გემი შემოვა. ამის შესახებ “ბათუმელებს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ გუჩმანიძე ესაუბრა,  “პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების ექოსაუნდინგს ანუ დასხივებას ჩაატარებს  ასეთი მასშტაბის სამეცნიერო გემი”, ამბობს ის.

აკუსტიკური კვლევის შედეგად მინიმალური ცდომილებით განსაზღვრავენ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ თევზის რაოდენობას: ექოსაუნდერი ანუ სპეციალიზებული, ძვირადღირებული სამეცნიერო გემისა და ტექნიკის საშუალებით მოხდება მთელი სანაპიროს დასხივება“.

არჩილ გუჩმანიძის განმარტებით, აქამდე საქართველოს სანაპიროზე თევზის მარაგებს მატემატიკურ მოდელირებაზე დაყრდნობით ითვლიდნენ. „მარაგების შეფასება ხდებოდა მატემატიკური მოდელირებით და ეს  უკვე არის  მარაგების შეფასება პირდაპირი მეთოდით. მოდელირებას კი არ ვაკეთებთ, პირდაპირ ვითვლით  რამდენი ცალია, ვაანალიზებთ უკვე პოპულაციურ სტატუსს და  შეგვიძლია  მაღალი სიზუსტით,  ყოველგვარი ცდომილებების გამორიცხვით,  პირდაპირ ვთქვათ, რა მდგომარეობაშია ჩვენთან სარეწაო  რესურსები, რისი პოტენციალი გვაქვს,” – განმარტავს არჩილ გუჩმანიძე.

1995 წლიდან 2001 წლამდე საქართველოში აკუსტიკურ კვლევას უკრაინული სამეცნიერო გემი “პოისკოვიკი” ატარებდა, თუმცა როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ამ გემზე გამოყენებულ დაკვირვებას ბევრად უფრო დაბალი ხარისხის სიზუსტე ჰქონდა.

გემი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 17 დეკემბერს შემოვა. მასზე უცხოელ მეცნიერებთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სამი მეცნიერი, მათ შორის, არჩილ გუჩმანიძეც იმუშავებს.

კვლევა საქართველოში ხმელთაშუაზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM)  პროექტის Black Sea For Fish-ის ფარგლებში უფასოდ ხორციელდება.

თევზის მარაგის სწორი განსაზღვრა  ხელს შეუწყობს კვოტირებას, სწორ სარეწაო პროგნოზირებას და ზოგადად, მეთევზეობის გეგმარებასა და მენეჯმენტს.

მთავარი ფოტოს: ecomagazine.com

 

დღეს ბრიუსელში ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს მიანიჭებენ

ACES Europe – ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი დღეს, საქართველოს დროით 22:00 საათზე, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება. ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციებიც დაესწრებიან, რომლებიც თავიანთი სპორტული პროექტების შესახებ ისაუბრებენ 2020–2022 წლებისთვის.

სპეციალური კომისია ინსპექტირების მიზნით საქართველოს ივლისში ეწვია. ACES Europe-ის კომისიის წევრებმა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელძღვანელობდა, ბათუმში ვიზიტის დროს სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და ადგილზე შეაფასეს არსებული მდგომარეობა.

ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით. სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება.

ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.

წელს ბათუმში გაიმართა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 189 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი და დელეგატი მონაწილეობდა. 2019 წლიდან, სტატუსის ფარგლებში, ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

მსხვერპლი ქალებისთვის შესაძლოა კრიზისული მართვის ცენტრი მოეწყოს

„აუცილებელია მოეწყოს კრიზისული მართვის ცენტრი,“ – აღნიშნა ბექა მაჭუტაძემ, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. შეხვედრა დღეს, 4 დეკემბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ამ  დროისთვის ბათუმის თავშესაფარში, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლიც შესაძლოა მოათავსონ, ძალადობის მსხვერპლი 4 ქალი და 7 ბავშვია. თავშესაფარში მოსახვედრად რამდენიმე გზა არსებობს: შემაკავებელი ორდერი, რომელსაც პოლიციელი გამოსცემს; დაზარალებულის სტატუსი, რომელსაც პროკურატურა ანიჭებს მსხვერპლს გამოძიების დაწყების შემთხვევაში. ასევე, შესაძლებელია, ქალმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლია, სტატუსის მიმნიჭებელ კომისიას მიმართოს და თავშესაფარში მოთავსება ითხოვოს იმის მიუხედავად, გამოძიება დაწყებულია თუ არა.

„კრიზისული მართვის ცენტრი დაეხმარება ქალს ამ პროცედურების სწრაფად გავლაში. ხშირად ადამიანებმა არ იციან, როგორ იმოქმედონ, ვის მიმართონ… რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება ამ კუთხით მსხვერპლებს, მაგრამ აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო სერვისიც,“ – მიიჩნევს ბექა მაჭუტაძე. მისი თქმით, ფონდის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ შეხვედრა აჭარის მთავრობაში და მათ კრიზისული მართვის ცენტრისთვის შენობის გამოყოფის დაპირება მიიღეს.

რა უპირატესობა ექნება კრიზისული მართვის ცენტრს? – ბექა მაჭუტაძემ განმარტა, რომ ცენტრში სოციალურ, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას ხანგრძლივი პერიოდით მიიღებენ ადამიანები იმის მიუხედავად, მათ ოფიციალურად მსხვერპლის სტატუსი აქვთ თუ არა.

„მთავარი პრობლემა არის ფსიქოლოგიური. მსხვერპლ ქალებს მუდმივად სჭირდებათ ფსიქოლოგებთან კომუნიკაცია. ჩვენთან მხოლოდ ის ქალები იღებენ სერვისს, ვისაც თავშესაფრით სარგებლობის სტატუსი აქვთ. არიან მსხვერპლი ქალები, რომლებსაც თავშესაფრის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ სჭირდებათ სამსახურის მოძიებაში დახმარება, სამართლებრივი კონსულტაცია, ან ფსიქოლოგის დახმარება,“ – გვითხრა ბექა მაჭუტაძემ.

შეხვედრას პოლიციელი ნანა ხალითბაც ესწრებოდა. მისი თქმით, პოლიციისადმი მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის კუთხით მკვეთრად გაზრდილია.

„ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკვე ჩვენ, პოლიციელებს შეგვიძლია… ადრე იყო შემთხვევები, როცა დაზარალებული ქალი არ მოგვყვებოდა სასამართლოში, არ მინდა დამინახონ და სხვებმა გაიგონო. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, ჩვენ მონიტორინგსაც ვახორციელებთ, როგორ იქცევა მოძალადე ორდერის გამოცემის შემდეგ…“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნანა ხალითბამ.

პოლიციელმა გაიხსენა შემთხვევები, როცა ძალადობის ფაქტს თავად დაზარალებული ქალი მალავდა და ამის მიუხედავად, გამოძიება მაინც დაიწყო.

„ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ქალმა ჩაშავებული თვალის და გატეხილი ცხვირის ფოტო მეგობარს გადაუგზავნა „ფეისბუქით“. ეს ფოტო გავრცელდა პირად მიმოწერებში და საბოლოოდ ერთ-ერთმა პოლიციელმაც ნახა… ჩვენ ამ ქალთან მივედით და მან უარყო ძალადობა. თქვა, რომ შემთხვევით დაეჯახა ქმარი. ჩვენ მაინც დავიწყეთ გამოძიება. შემდეგ ფსიქოლოგებმა იმუშავეს და იმ ქალმა თქვა, რომ ძალადობის მსხვერპლია,“ – დასძინა ნანა ხალითბამ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზეც. თავშესაფარში მყოფ ქალებს სხვადასხვა კუთხით გადამზადების პროგრამის გავლა შეუძლიათ.

„ბათუმელები“ 2018 წლის ივნისში საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წერდა, რომ ბათუმში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თავშესაფარში მყოფი არც ერთი ქალი არ ჩართულა პროფესიული გადამზადების რომელიმე პროგრამაში. მსხვერპლთა დაცვის ფონდში მაშინ გვითხრეს, რომ თავად ქალებს არ სურთ პროფესიული გადამზადება. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სხვა თავშესაფარშიც პროფესიული გადამზადების მაჩვენებელი დაბალია.

დღევანდელ შეხვედრაზე ბათუმის თავშესაფრის ხელმძღვანელს, ბექა მაჭუტაძეს ვკითხეთ, რა შეიცვალა ამ კუთხით და როგორ ცდილობს მსხვერპლთა დაცვის ფონდი მსხვერპლ ქალებში პროფესიული გადამზადების ინტერესის გაჩენას.

„ჩვენთან მცირე დროა რეაბილიტაციისთვის, ვერ ხერხდება მათი მყარად ფეხზე დაყენება. მოძალადეები ცდილობენ, რომ ყველა სფეროში ქალი მათზე იყო დამოკიდებული…. სახალხო დამცველიც გვეუბნება, რომ ბიბლიოთეკის პრობლემა გვაქვს, მაგრამ არ უნდათ კითხვა. ხანგრძლივი უნდა იყოს ეს მუშაობა ფსიქოლოგთან,“ – გვიპასუხა ბექა მაჭუტაძემ.

ძალადობის მსხვერპლი ქალები თავშესაფარში 3-დან 9 თვემდე რჩებიან.

 

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14  კმ-იან მონაკვეთს ერთობლივი საწარმო „პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს. აშენდება 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები

დეპარტამენტის ცნობით, პროექტი გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და 2020 წლისთვის, სამტრედიიდან-ჭოროხამდე, ჯამში 110 კმ-დე ახალი გზა, საშუალებას მისცემს მგზავრებს საკურორტო ზონების გვერდის ავლით, ჩქაროსნული გზით გადაადგილდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ვადად სამუშაოების დაწყებიდან 24 თვეა განსაზღვრული.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება 228 მილიონი ლარია.

ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორი – ყველაფერი Youtube-ით ვისწავლე [ვიდეო]

27 წლის თორნიკე აბესაძე ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორია. ოთხი წლის წინ, მეგობრის სახლში ძველი კარადა ნახა, იყიდა, სახლში მიიტანა და საბჭოთა კარადა ახალ ნივთად აქცია. მერე ფოტო ფეისბუქზე დადო. სწორედ ასე მიიღო პირველი შეკვეთა. რესტავრაციას უტარებს ყველაფერს, რაზეც ფიქრობს, რომ რესტავრაცია სჭირდება. ყველაფერი, რაც ამ სფეროში იცის, იუთუბის და სხვადასხვა სპეციალური ვებგვერდის დახმარებით ისწავლა.

სანამ ავეჯის რესტავრაცია გაიტაცებდა, ორი წელი ლონდონში ბიზნესის ადმინისტრირებას და მენეჯმენტს სწავლობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სურდა სწავლა სამხატვროზე გაეგრძელებინა, თუმცა ვერ შეძლო. ახლა ინტერიერის დიზაინსა და მენეჯმენტს ონლაინ სწავლობს.

„არასოდეს არ ვიცოდი რა მინდოდა გამოვსულიყავი. ყოველ ორ-სამ თვეში ვიცვლიდი აზრს – რომ გავიზრდები გავხდები იურისტი, გავხდები მასწავლებელი და ა.შ. რაც არ შეცვლილა ჩემს ცხოვრებაში, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, მიყვარდა ჩხირკედელაობა და აქედან გამომდინარე ჩემთან უფრო ახლოს არის ეს საქმიანობა. ალბათ ინტერიერის დიზაინი იქნება ჩემი ბოლო გაჩერება. მომწონს, როდესაც ადამიანს ვუქმნი სივრცეს, სადაც ის ბედნიერად გრძნობს თავს,“ – ამბობს თორნიკე.

დროებით შეკვეთებს აღარ იღებს – ორი მიზეზია, სწავლა, რომელსაც დიდი დრო მიაქვს და მეორე მიზეზი ბოლო შვიდი თვე პიცის ღუმელს აშენებდა.

ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ღუმელის შენებაც იუთუბზე ისწავლა.

„მამაჩემს უნდოდა პიცის ღუმელის გაკეთება. ერთი წლის წინ გარდაიცვალა. მაგის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე თვითონ ამეშენებინა. ჯერ ჩემით დავიწყე. მეზობლად ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ბუხრებს აშენებს, მასთან კონსულტაციას გავდიოდი. შენებამ დიდი დრო წაიღო, რადგან ყველაფერის კეთება მე მიწევდა, რაღაცების სწავლა მჭირდებოდა. თან არ ვიცოდი, გამომივიდოდა თუ არა – არ ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული. საბოლოოდ კარგი გამოვიდა,“ – ამბობს თორნიკე.

მისი თქმით, დღეს, როცა ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა შეუზღუდავია, მისი თაობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

„მილენიალებისთვის ეს საუკუნე არის საკუთარი თავის ძიების ეპოქა. უზარმაზარი ინფორმაციაა. ყველაფრის სწავლა შეგიძლია, რასაც მოინდომებ,“ – ამბობს თორნიკე.

ავეჯის  თვითნასწავლი რესტავრატორი

5 დეკემბერს რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა ხუთი საათით აიკრძალება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2018 წლის 5 დეკემბერს 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

„დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

 

„ბოსების ბოსი“ დაკავებულია – იტალიის პოლიცია იუწყება, რომ „კოზა ნოსტრას“ შეფი დააკავა

სეტიმო მინეო ოფიციალურად იუველირების მაღაზიის მენეჯერია კუნძულ სიცილიაზე მდებარე ქალაქ პალერმოში. სინამდვილეში, 80 წლის მინეო, შესაძლოა, იტალიური მაფიის, „კოზა ნოსტრას“ შეფი იყოს. მრავალთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იტალიის პოლიცია აცხადებს, რომ „ბოსების ბოსი“ დაკავებულია.

პოლიციამ სიცილიაში 40 პირი დააკავა მაფიის წევრობის ბრალდებით – მათ შორის არის „კოზა ნოსტრას“ ახალი შეფი. დაკავებულებს არაერთი ისეთი მძიმე დანაშაული ედებათ ბრალად, როგორიცაა იარაღის უკანონო შენახვა, გამოძალვა, ხანძრების გაჩენა თუ ძალადობრივი თავდასხმები.

პოლიციის ვერსიით, მინეო მაფიის აქტიური წევრია მინიმუმ გასული საუკუნის 80-იან წლებიდან. იტალიური მედია წერს, რომ მინეო არ იყენებდა ტელეფონს და ფეხით ბევრს მოძრაობდა.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი თავის ტვიტერზე წერს, რომ ეს არის გრანდიოზული ოპერაცია მაფიის წინააღმდეგ.

იტალიურ მაფიას დიდი შემოსავლები აქვს ნარკოტიკის გაყიდვიდან, ონლაინ კაზინოებიდან და სამშენებლო ბიზნესიდან.

_____________________________

მთავარი ფოტო: palermo.gds.it

იანვრიდან მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენება იკრძალება

ქართული თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში გასაყიდად გატანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ქართველი მეფუტკრეები ფუტკრის სამკურნალოდ ანტიბიოტიკებს აღარ გამოიყენებენ.  ამ დროისთვის როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე კერძო კომპანიების მიერ გაკეთებულ თაფლის ლაბორატორიულ სინჯების დიდ ნაწილში ევროკავშირში აკრძალული ანტიბიოტიკების მაღალი შემცველობა ფიქსირდება.

მეფუტკრე ასლან შაქარაძე ქედიდან ამბობს, რომ საქართველოში ანტიბიოტიკების შემცველ პრეპარატებს მეფუტკრეობაში მასიურად იყენებენ, ქართულ თაფლში ანტიბიოტიკები უმეტესად შესაწამლი საშუალებებიდან ხვდება: „არის პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ანტიბიოტიკებს, მათ ფუტკრის სამკურნალოდ იყენებენ. ამავდროულად არის ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატებიც, რომლებიც ცოტათი ძვირია და სწორედ ამის გამო ერიდებიან მათ შეძენას მეფუტკრეები,“ – ამბობს ის.

მეფუტკრე ამბობს, რომ ოთხ ლარად ანტიბიოტიკების შემცველი პრეპარატით ფუტკრის 50 ოჯახის დამუშავებაა შესაძლებელი. იმავე ფასად შეძენილი ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატი კი, ფუტკრის მხოლოდ ერთ ოჯახს ეყოფა. შესაბამისად საწყის ეტაპზე მეფუტკრეებისთვის ახალი დადგენილება ხარჯებს გაზრდის, თუმცა ასლან შაქარაძე ამბობს, რომ საბოლოოდ ეს რეგულაცია ყველასთვის სასარგებლო შედეგს მოიტანს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს არ გამოიწვევს ფუტკრების მკურნალობის შეფერხებას, რადგან ბოლო პერიოდში საქართველოში უკვე დარეგისტრირდა სამკურნალო ვეტერინარული პრეპარატები, რომლებიც ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავენ.

იმის გამო, რომ თაფლში არსებული ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენების არსებობა ერთ-ერთი ხელშემშლელი პირობაა ევროკავშირში თაფლის ექსპორტის შეზღუდვის მხრივ, 2018 წლის 6 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #526, რომლითაც იკრძალება სურსათში, მათ შორის თაფლში, კონკრეტული ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა, როგორიცაა: მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი, ნიტროფურანი და ა.შ. რომელიც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. გარდა ამისა, მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი დადგენილება (#525), რომლითაც იკრძალება ისეთი ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია, რომლებიც შეიცავენ აკრძალულ ფარმაკოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს („ნოზემატი“ და „ნოზემაციდი“, რომლებიც განკუთვნილია ფუტკრის ნოზემატოზის სამკურნალოდ). შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს ამ ნივთიერებების შემცველი რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების შემოტანა და ბაზარზე განთავსება ეკრძალებათ.

აკრძალვა ძალაში ერთ თვეში შედის. გარდა ამისა, უკვე შემოტანილი და ქსელში გაშვებული პრეპარატების გაყიდვა ვეტაფთიაქებს შეეძლებათ მათი ამოყიდვამდე ან ვადის გასვლამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მეფუტკრეების ნებაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, გამოიყენებენ თუ არა ისინი აკრძალულ ანტიბიოტიკებს და იქნება თუ არა მათი თაფლი ანტიბიოტიკებით დაბინძურებული.

ასევე, არსებობს რისკები, რომ აკრძალული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები მოხვდეს ბაზარზე გარკვეული არაოფიციალური გზებით, ან მეფუტკრემ შეიძლება მიმართოს აფთიაქს და შეიძინოს ადამიანისთვის განკუთვნილი ანტიბიოტიკი ფუტკრის სამკურნალოდ, რაც დაუშვებელია და დიდ ზიანს მიაყენებს როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობას, ასევე, ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალსა და იმიჯს.

 

 სულ ახლახან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ [WHO] განაცხადა, რომ ანტიბიოტიკებისადმი  მდგრადობა სახიფათოდ მაღალ დონეს აღწევს მთელს მსოფლიოში. 

ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობის დასაცავად ანტიბიოტიკების სისტემატური ირაციონალური და არასწორი გამოყენება გახდა მიზეზი ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის განვითარებისა. ეს ხდება მაშინ, როცა მიკროორგანიზმები, მაგალითად, ბაქტერიები ხდებიან გამძლე იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედების მიმართ, რომლებსაც მკურნალობისთვის გამოიყენებენ.

ყოველ წელს ანტიბიოტიკური მედიკამენტების მიმართ გამძლე ბაქტერიებით დაავადების გამო, მსოფლიოში დაახლოებით 700 000 ადამიანი კვდება. WHO

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/slideshow/262630/?fbclid=IwAR1A03tQlFw06JmqcEJll3NtGunlxZQBhO8yJbyBzNTMxygvMmfH35Z1OoA

როგორ დავგეგმოთ ბათუმის მერთან შეხვედრა ინტერნეტით

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებს, რომ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მიზნით შეიქმნა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეები მერთან შეხვედრას თვითონვე დაგეგმავენ. პროგრამის სახელწოდებაც სწორედ ასე ჟღერს – „დაგეგმე მერთან ვიზიტი ონლაინ“. თუმცა, ეს ვებგვერდი, ჯერჯერობით, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

როგორც ბათუმის მერი განმარტავს, ახალი ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს ნებისმიერ მოქალაქეს, ინტერნეტის მეშვეობით დაგეგმოს შეხვედრა მერთან.

„მერთან შეხვედრის თარიღის შესახებ მოქალაქე ინფორმაციას საკუთარ მობილურ ტელეფონზე სმს-ს შეტყობინების სახით მიიღებს. არა მერიის რომელიმე სამსახურისაგან, არა თანაშემწისგან, არა სხვა ვინმე ადამიანისგან, არამედ უშუალოდ ჩემგან“, – ამბობს ლაშა კომახიძე.

მისი თქმით, იმისათვის, რომ მერთან შეხვედრა დაგეგმოთ, საჭიროა შეხვიდეთ ვებგვერდზე, შეავსოთ თქვენი მონაცემები და დაწეროთ, თუ რა საკითხზე გსურთ მერთან შეხვედრა.

„ამ პროექტის შექმნა განაპირობა იმან, რომ ყველა ადამიანს აქვს სურვილი თავისი პრობლემა უშუალოდ გაუზიაროს ქალაქის მერს. მიუხედავად ყოველდღიური შეხვედრებისა, მიუხედავად ადმინისტრაციულ ერთეულში ყოველ ორშაბათს მოსახლეობასთან შეხვედრისა, მე ვგრძნობ, რომ არის საჭიროება და ამისთვის შეიქმნა ეს ინსტრუმენტი“, – ამბობს ბათუმის არჩეული მერი, ლაშა კომახიძე.

მერიის წლის ანგარიშის პრეზენტაციის დროს, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ახალი პროექტის – ვებგვერდის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართებოდა.

თუმცა, დღეს „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, რომ პრეზენტაციის კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. „ამჟამად მერი ბრიუსელში იმყოფება და იქედან ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი“, – გვითხრეს მერიაში.

მერმა 26 ნოემბერს, პრეზენტაციაზე კიდევ ერთი ონლაინპორტალის idea.batumi.ge შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ვებგვერდზე მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი იდეების, მოსაზრებების წარდგენა, რომელსაც მოწონების შემთხვევაში მერია აუცილებლად გაითვალისწინებს.

ახალი პორტალის ამოქმედების შესახებ ლაშა კომახიძემ მერიის წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

 

ქალი თურქეთიდან, რომელიც ბათუმში ინგლისურს ასწავლის

გურბეთ ქართალმიზი მეორე წელია ბათუმში ცხოვრობს. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის მაგისტრატურას ასრულებს. სწავლის პარალელურად კი, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. გურბეთი თურქეთიდანაა. მას ბათუმის ბულვარში შევხვდით და შთაბეჭდილებებზე ვესაუბრეთ:

„აქ ჩამოსვლამდე არასდროს მენახა საქართველო. გულწრფელი რომ ვიყო, სხვა ქვეყნების ნახვაზე უფრო ვოცნებობდი, სწავლის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება… როცა ჩამოვედი, ოქტომბერი იყო და წვიმიანი ბათუმი დამხვდა. მეორე დღესაც წვიმდა, მესამესაც, ზუსტად 20 დღე იწვიმა. აღარ ვიცოდი, რა მექნა, სახლში დაბრუნება მომინდა ძალიან. მაშინ არც ადამიანები ჩანდნენ მეგობრულები, ქართული ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი. მაგალითად, ცნობილი პრინციპია, რომ მაღაზიაში ან კაფეში კლიენტი ყოველთვის მართალია. ეს წესი, როგორც ჩანს, საქართველოში არ მუშაობს. ადამიანები უხეშად მპასუხობდნენ, მაგრამ ვხდებოდი, რომ ისინი რეალურად კეთილები იყვნენ… მერე გამოვიდა მზე, ბევრი საინტერესო ადგილი ვნახე, ადამიანებიც გავიცანი და მივხვდი, რომ ქართული და თურქული კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

მანამდე ექვსი თვე ლონდონში ვცხოვრობდი და ეს ძალიან რთული იყო. იქ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ბუნება, მაგრამ ადამიანები არ არიან გახსნილები, განსაკუთრებით უცხოელების მიმართ. ქართველები კი მეგობრული ხართ, სტუმრები განსაკუთრებით გიყვართ. მე გავიჩინე აქ მეგობრები, ვის ოჯახებშიც ხშირად დავდივარ, მათ ბებიებსა და ბაბუებსაც ვიცნობ. ისინი ამბობენ, ჩვენი გოგოა გურბეთიო. ლონდონში რთულია ვინმეს ისე დაუახლოვდე, რომ მერე მისი ოჯახის წევრად იგრძნო თავი. ახლა უკვე, წვიმის შემდეგ, ბათუმში თავს ისე აღარ ვგრძნობ, რომ უცხოელი ვარ.

სიურპრიზი იყო ჩემთვის თურქების მიმართ დამოკიდებულებაც. მანამდე ვიცოდი, რომ ქართველებს თურქები არ უყვართ. როცა მიმეგობრდებოდნენ ადამიანები, მერე ვეუბნებოდი, რომ თურქი ვარ. არ მახსოვს, ვინმეს დამოკიდებულება შეეცვალა იმის გამო, რომ თურქეთიდან ვარ. არსად დამინახავს თურქების მიმართ აგრესია – არც ბათუმში, არც ქუთაისში, სიღნაღში, ყაზბეგში, მესტიაში… მნიშვნელოვანია, შენ როგორი ხარ, თუ სჯერათ ადამიანებს შენი. ვფიქრობ, ადამიანები რთულად ივიწყებენ ისტორიას და ყველაფერს დრო სჭირდება. სულ ესაა. ჩვენ, ქართველებს და თურქებს, დღესაც ბევრი გამოწვევა გვაქვს.

მაგალითად, განათლების სისტემა – საქართველოში და თურქეთშიც მიიჩნევენ, რომ ინგლისური ენის სწავლა არის პრიორიტეტი, მაგრამ ორივე ქვეყანაში, ძირითადად, თეორიას ასწავლიან, პრაქტიკულ დონეზე ენის სწავლება პრობლემაა. მე ვემხრობი ფინური სწავლების მოდელს, სადაც პრაქტიკაა მნიშვნელოვანი… აქაც როცა მოვდიოდი, ვიცოდი, რომ ყველა ლექცია ინგლისურ ენაზე იქნებოდა. ჩამოვედი და ერთმა ლექტორმა ქართულად დაიწყო საუბარი. აღმოჩნდა, რომ ამ ლექტორმა თურქული იცოდა და მე ცალკე თურქულად მესაუბრებოდა. ლექტორებიც და სტუდენტებიც ძალიან მეგობრულები არიან, ყველაფერში მეხმარებიან.

ჩემს კურსზე ყველაზე უფროსი მე ვარ, დანარჩენი ყველა ჩემზე უმცროსია და ყველა დაოჯახებული. ერთი მეგობარი მყავს – 40 წლისაა და უკვე ბებია გახდა. საქართველოში ისევ ადრეულ ასაკში ოჯახდებიან გოგოები. თურქეთმა ეს დამოკიდებულება უკვე შეცვალა. ჩვენთან ქალები ადრე არაფერში ჩანდნენ, არც მათი განათლებისთვის იწუხებდა თავს ვინმე… ახლა უკვე ყველა ოჯახი ცდილობს, გოგომ განათლება მიიღოს და დასაქმდეს, კარიერა მოიწყოს. ქალი როცა დასაქმებულია, ის უკვე ადრეულ ასაკში აღარ ქორწინდება. არ ვიცი, კარგია თუ არა ადრე ქორწინება, მე ვფიქრობ ქალებზე, რომლებიც მინდა უფრო ძლიერები იყვნენ, საქართველოსა და თურქეთშიც.

რატომ ვფიქრობ, რომ ქართული და თურქული კულტურა ერთმანეთს ჰგავს? – ახალსოფელში ვიყავი ამას წინათ ბაირამზე. სულეიმან საფარიძის ოჯახმა მიმიპატიჟა. ის და მისი მეუღლე მუსლიმანები არიან, შვილები – ქრისტიანები. ამის მიუხედავად ყველა რიტუალი ისეთივე იყო, როგორც თურქეთში: დილით სასაფლაოზე გავედით, მერე სუფრა გაიშალა, ტკბილეულიც მომზადდა და ყავაც. ყავის შემდეგ მიმკითხავეს კიდეც, რაც ძალიან მახალისებს. ასეა თურქეთშიც.

კულტურული შოკი ქართულ ცეკვებზე მქონდა, მანამდე არ მენახა და აქაურ ქორწილში ვუყურე პირველად. ეს ულამაზესი სანახაობაა. კიდევ უფრო გამიკვირდა ის, რომ ამ ურთულეს ილეთებს სწავლობენ არა მხოლოდ მოცეკვავეები, არამედ რიგითი ადამიანები. ქორწილში როცა ვიყავი, რამადანის მარხვა იყო. მე ძალიან მიყვარს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით ხაჭაპური, ოღონდ ოჯახში დამზადებული უფრო მომწონს. ქორწილში დაღამებამდე მაგიდასთან ვიჯექი და ამ გემრიელ საჭმელებს ვუყურებდი შორიდან… ისე, ძალიან ბევრ ფულს ხარჯავთ ქართველები ქორწილში. ჩვენთან მხოლოდ ტკბილეული და სასმელია. აქ კიდევ სავსე იყო სუფრა.

ბათუმში დარჩენას მაგისტრატურის დასრულების შემდეგაც ვაპირებ ცოტა ხნით, მინდა ქართული ენა ვისწავლო. ეს გამოწვევაა. ჩემთვის ახლაც ძალიან რთულია ქართული ბგერების წარმოთქმა. უნივერსიტეტში სტუდენტები რაღაც სიტყვებს მეუბნებიან და გაიმეორეო, მერე იცინიან. ამას წინათ მათქმევინეს – „მე მინდა კაცი“. არ ვიცოდი, რას ნიშნავდა. მერე მითხრეს, ახალსოფელში მეგობრის ოჯახში, აღარ თქვა მეტჯერო.

ბევრი ფრაზა უკვე ვიცი, რაც ქუჩაში ან მარშრუტკაში მჭირდება: გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, თქვენ? მადლობა. რატომ? როგორ? აქ გამიჩერეთ!

„პეპი მაღალიწინდა” – ანშლაგი ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა შობა-ახალი წლის წინ მაყურებელს ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდას“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სთავაზობს.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი მანანა კვირკველიაა, პეპის როლს კი  24 წლის მსახიობი, ხატია ფოფხაძე ასრულებს. ხატიასთვის პეპი პირველი როლია ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე.

სპექტაკლის პრემიერა ბათუმში 23 ნოემბერს შედგა. მსახიობებმა ბავშვების საყვარელი მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე უკვე რამდენჯერმე ითამაშეს.

ძლიერი, დამოუკიდებელი და მხიარული პეპი ამსხვრევს დიდების სამყაროს მიერ დაწესებულ კანონებს, ებრძვის გაბატონებულ სტერეოტიპებს და მისი სრული თავისუფლების წყალობით დიდებიც ბევრს სწავლობენ გმირისგან, ან უბრალოდ, საკუთარ ბავშვობას უბრუნდებიან.

„პეპი მაღალიწინდას“ ყველა სპექტაკლზე ანშლაგია, სპექტაკლის მსვლელობისას ბავშვებიც ერთვებიან გმირების ირგვლივ დატრიალებულ ამბებში და პატარებს ეს განსაკუთრებით მოსწონთ. თითქმის საათნახევრიანი სპექტაკლი ისე გადის, რომ არავინაა მოწყენილი და როცა ყველაფერი მთავრდება ბავშვები მაინც არ ტოვებენ დარბაზს.

„პეპი მაღალიწინდა“ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე 4, 15 და 25 დეკემბერს, 7 საათზე იქნება ნაჩვენები.

„ამ გენიალური ტექსტის დიდად შეცვლა ინსცენირებისას არ დაგვჭირვებია, უბრალოდ აქცენტები გადავაადგილეთ. პეპი ძლიერი და კეთილი გოგოა, რომელსაც საკუთარი, დიდი ტკივილი და განსაცდელი აქვს: დედა არ ჰყავს და მარტოა. ამაზე არავის უამბობს და მხოლოდ მაშინ ესაუბრება დედას, როცა მარტო რჩება. ყოველთვის მზადაა დაჩაგრულებს დაეხმაროს.

ბავშვებს ძალიან სწორი რეაქცია ჰქონდათ სპექტაკლზე, რაც ძალიან გასახარია“-ამბობს რეჟისორი, მანანა კვირკველია.

მისი თქმით რეპეტიციები ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. როგორც რეჟისორი ამბობს, მშობლებს სპექტაკლებზე მოჰყავთ ბავშვები, დარბაზში ტოვებენ და მიდიან, რაც ალბათ დროის სიმცირის ბრალია.

„ერთ რამეს ვთხოვდი მშობლებს კარგი იქნებოდა მათაც ნახონ რა აღელვებთ შვილებს, როცა ყველაფერი მთავრდება, ბავშვებს შთაბეჭდილებების, ემოციების გაზიარება სჭირდებათ და მშობელს ამ სპექტაკლით საშუალება ეძლევათ კიდევ უფრო დაუახლოვდნენ შვილებს, გაიხსნენ ერთმანეთთან და მეტი კომუნიკაცია შედგეს, რაც დღეს ასეთი დეფიციტია“.

„ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“ – ლაშა ბაქრაძის ლექცია ბათუმში

7 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფოს ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „ტოტალიტარიზმი და ხელოვნება“.

ლექცია გაიმართება უნივერსიტეტის 32-ე აუდიტორიაში და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

ლექცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში იმართება.

აჭარაში გრიპის უფასო ვაქცინაცია 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით აჭარაში გრიპის ვაქცინაცია უფასო იქნება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ უკვე გადასცეს გრიპის ვაქცინა იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ამაზე იყო მოთხოვნა.

გრიპის უფასო ვაქცინის გაკეთება აჭარაში შესაძლებელია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

  • N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N 7
  • N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  • საზღვაო ჰოსპიტალი, მის: მელიქიშვილის ქ.N102
  • საოჯახო მედიცინის ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30
  • ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7
  • შპს „ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“, მის: ქათამაძის ქ. N11
  • ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, ქ. ქობულეთი, თბილისის ქ. N31
  • ქედის, ხულოს, შუახევის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები

„ჩვენ ჩამოვიტანეთ 1000 დოზა და გადავეცით პოლიკლინიკებს. მოსახლეობას კვირის ბოლომდე [7 დეკემბრის ჩათვლით] შეუძლია მივიდეს ამ პოლიკლინიკებში და გაიკეთოს ვაქცინა უფასოდ,“ – ამბობენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ბათუმში გრიპის უფასო ვაქცინაციის ერთდღიანი აქცია 22 ნოემბერსაც გაიმართა. მაშინ აქციისთვის გათვალისწინებული 1200 ვაქცინა აჭარაში სრულად იქნა გამოყენებული. 

გრიპის ვაქცინის გაკეთება ბავშვებისათვის 6 თვის ასაკიდან შეიძლება. ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია, ასევე, ხანდაზმულებისთვის.

ამავე თემაზე: 

5 მითი გრიპის ვაქცინის შესახებ

 

 

რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ – „მუსლიმთა პანსიონზე ღორის თავის მიჭედების საქმე“

„ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე“ უზენაესმა სასამართლომაც განიხილა. პანსიონზე ღორის თავის მიჭედება და მუსლიმებისთვის შენობაში შესვლაზე ხელშეშლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის სექტემბერში შეაფასა დისკრიმინაციად. თუმცა მუსლიმი თემი იმ პოლიციელთა ქმედებების დისკრიმინაციად შეფასებასაც ითხოვდა, რომლებიც ამ პროცესს თვალს ადევნებდნენ და არაფერი გააკეთეს მის შესაჩერებლად. პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებმა შსს-ს წინააღმდეგ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვეს.

უზენაესმა სასამართლომ პოლიციელთა უმოქმედობის პრობლემა დაადასტურა, თუმცა ის დისკრიმინაციულად არ შეაფასა.

უზენაეს სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ იცავდა. საკასაციო საჩივარს ორი მოთხოვნა ჰქონდა: პოლიციისთვის ეფექტური პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დავალება და პოლიციის უმოქმედობის დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტად შეფასება.

უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა: შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში სარჩელის მოთხოვნა გაიზიარა და სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა.

„დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორებმა ვერ დაადასტურეს, რომ პოლიციის უმოქმედობა რელიგიური სიძულვილით იყო განპირობებული. უზენაესი სასამართლოს შეფასებით, ის გარემოებები, რომ ქობულეთში სხვა მუსლიმური პანსიონატი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, ასევე, აჭარაში მუსლიმი თემი ახერხებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას, დისკრიმინაციულ მოპყრობას გამორიცხავს და არსებითად პოლიციის არაეფექტიანი მუშაობის პრობლემაა,“ – აღნიშნავენ „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“.

უზენაეს სასამართლომდე ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა, რაც ქობულეთის პანსიონს უკავშირდება. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ 2018 წლის 12 ოქტომბერს ქობულეთის მერიას პანსიონის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა დაავალდებულა. ამ შემთხვევაში ქობულეთის მერიას სახალხო დამცველი უჩიოდა. სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილების მიუხედავად, ვითარება პანსიონში მაინც არ შეცვლილა.

ქობულეთში მუსლიმურ პანსიონს ღორის თავი 2014 წელს მიაჭედეს.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ გავრცელებულ განცხადებაში სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია მუსლიმი თემის უფლებების აღდგენის ნაწილში. თუმცა არსებითია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს რეალური შედეგი მოჰყვეს და მუსლიმმა თემმა მოახერხოს პანსიონატის გახსნა და ამუშავება. სხვა შემთხვევაში, პროცესის გაჭიანურებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების იგნორირების პირობებში, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა არსებითად სუსტდება და არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მარგინალიზაცია და გარიყულობა ღრმავდება.“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბრენდირებულ საწვიმარ ლაბადებს და ფეხსაცმლის დამცავს შეიძენს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ბრენდირებული საწვიმარი ლაბადებისა და  ფეხსაცმლის დამცავის შესაძენად ტენდერს აცხადებს. 

დეპარტამენტი 1500 ცალ ლაბადას და 1200  დამცავ, საწვიმარ ფეხსაცმელს შეიძენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარია. საწვიმარ ლაბადაზე, ზურგზე დატანილი უნდა იყოს დეპარტამენტის ვებგვერდის მისამართი, მკერდზე კი -დეპარტამენტის ლოგო.

ლაბადები უნდა იყოს ინდივიდუალური შეფუთვით, ესკიზის შესაბამისად.

ტენდერში წინადადებების მიღება 10 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება.

__________

მთავარ ფოტოზე: საწვიმარი ლაბადისა და ფეხსაცმლის ესკიზი

როგორ მუშაობს ბათუმში სოციალური კარადა: „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ – აიღეთ“

ბათუმში, ჭავჭავაძის #111-ში, ქუჩაში კარადა დგას, რომელშიც ტანსაცმელი ალაგია. კარადაზე წარწერაა: „ვისაც გაქვთ გაიღეთ, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“. ეს ე.წ. სოციალური კარადაა, რომელიც კამპანიის ფარგლებში – „გააზიარე სითბო“ საქართველოს ქალაქებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა.

კამპანია საქველმოქმედოა და მისი მიზანია იმ ადამიანებს მიაწოდოს თბილი ტანსაცმელი და აუცილებელი ნივთები, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ.

ბათუმში სოციალური კარადა გუშინ, 2 დეკემბერს, დადგეს და გუშინვე ფეისბუქზე გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ კარადასთან მოქალაქეებს ტანსაცმელი მიაქვთ და ტოვებენ.

დღეს, 3 დეკემბერს, კარადაში ისევ ალაგია თბილი ტანსაცმელი.

სოციალური კარადა ბათუმში

გულნაზ თებიძე ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზუსტად კარადის მოპირდაპირე მხარეს ვაჭრობს სოფლის პროდუქტებით და ორი დღეა აკვირდება, ვინ სარგებლობს სოციალური კარადით. იგი ამბობს, რომ აქ ტანსაცმელი ბევრ ადამიანს მოაქვს:

„გუშინ დაიდგა ეს ყუთი. ვიფიქრე, ვინ აიღებს აქედან რამეს-მეთქი, მაგრამ ისეთი ხალხი მოვიდა…. ჯერ მოვიდნენ და მოიტანეს ბევრი ტანსაცმელი, აწყვეს და აწყვეს, არც ეტეოდა კარადაში, ქუჩაში ელაგა. სამეზობლოც მოდის და ალაგებენ ტანსაცმელს. ფეხსაცმელებიც იყო, ჩექმები, ვალინკები, შარვლები, კოფთები… ძალიან უხარია ხალხს, რომ ეს მოიფიქრეს. ყველანაირი ხალხი მოდის წასაღებად, ახალგაზრდებიც მოდიან და ასაკოვნებიც და იღებენ ტანსაცმელს. არჩევენ, თუ არის მათი ზომა, მიაქვთ, თუ არა – ტოვებენ. გუშინ ბევრი ტანსაცმელი დაგროვდა და ქედაში წაიღეს, ვინც დადგა, იმ ბიჭმა თქვა, რომ ოცნების ქალაქშიც უნდა გავგზავნოთო.

რომ ამბობენ, მეორადების გამყიდველებს მიაქვთო, არ არის მასე. აქ გარემოვაჭრეებმა აიღეს რამდენიმე და ჩაიცვეს“, – გვითხრა გულნაზ თებიძემ.

კამპანია – „გააზიარე სითბო“ საქართველოს სულ უფრო მეტ ქალაქში ხდება პოპულარული. შეიქმნა ფეისბუქგვერდიც, რომელზეც მოქალაქეთა აქტივობები იყრის თავს. ამ დროისათვის, საქველმოქმედო კარადები შემდეგ წერტილებშია განთავსებული:

  • თბილისი – ბერი გაბრიელ სალოსის 52
  • თბილისი – ბერი გაბრიელ სალოსის 145
  • თბილისი – ბერი გაბრიელ სალოსის 155
  • თბილისი – აფრიკის დასახლება – ენგურჰესის 4
  • თბილისი – გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორია
  • თბილისი – კოსტავას 75გ
  • თბილისი – პეტრიწის 5 
  • თბილისი – დადიანის 152
  • რუსთავი – მეგობრობის ქუჩა
  • ფოთი – რუსთაველის რკალი, “ელიტ ელექტრონიქსის” გვერდით.
  • ბათუმი – ჭავჭავაძის ქუჩა
  • კასპი – ავტოვაგზლის ტერიტორია
  • ქუთაისი – წერეთლის 81

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/325659/

 

 

Exit mobile version