მთავარი,სიახლეები

ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

28.12.2018 •
ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ტენდერი შეაჩერა. სასამართლოს ამ მოთხოვნით კომპანიამ „ზიმო 7“ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებულად სხვა კომპანია უსამართლოდ გამოაცხადეს.

8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ივლისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ამ ტენდერზეა დამოკიდებულია შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, ჩოლოყაშვილის II შესახვევი.

ელექტრონულ ტენდერში ორი კომპანია – „დაგი“ და „ზიმო 7“ მონაწილეობდა. ქუჩების კეთილმოწყობას „დაგი“ 6 294 702 ლარად სთავაზობს მერიას, ხოლო „ზიმო 7“ – 6 521 175 ლარად. დაბალი ფასის მიუხედავად, კომპანია „დაგი“ თავდაპირველად გამარჯვებულად არ გამოაცხადეს – მას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან მას საბიუჯეტო დავალიანება ჰქონდა. „დაგმა“ მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა. აქ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

დავების საბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და „დაგი“, რომელსაც ადრე დისკვალიფიკაცია მისცა, გამარჯვებულად გამოაცხადა და ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია.

„ჩვენ ვითხოვთ სასამართლოში იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლითაც „დაგი“ გამოცხადდა გამარჯვებულად,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, კომპანია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი. ის სასამართლოში „ზიმო 7“-ის ინტერესებს იცავს.

სასამართლოში „ზიმო 7“-მა დავის დასრულებამდე სატენდერო პროცედურების შეჩერება მოითხოვა, რადგან თუკი კომპანია „დაგი“ ხელშეკრულების პირობებს შეასრულებდა, სასამართლოს გადაწყვეტილება აზრს დაკარგავდა. მოსამართლე ირაკლი შავაძემ „ზიმო 7“-ის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლო დავის დასრულებამდე ხელშეკრულებას ბათუმის მერია კომპანია „დაგთან“ ვეღარ გააფორმებს.

„ზიმო 7“ სასამართლოში საქმის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ეს, სავარაუდოდ, საქმის ერთ თვეში განხილვას გულისხმობს.

„ჩვენი მიმართვის შემდეგ ამ პროცესში ჩაერთო ბიზნესომბუდსმენი, რომელმაც გამოსცა რეკომენდაცია და დადასტურებულად ჩათვალა ის სადავო საკითხი, რომ კომპანიას ერიცხებოდა დავალიანება. ამ საკითხის მოკვლევა ასევე დაიწყო სახალხო დამცველმა. ამის მიუხედავად, დავების საბჭომ მაინც ჩათვალა, რომ ჩვენი მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„ზიმო 7“-ის მოპასუხე სასამართლოში შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოა, ასევე ბათუმის მერია. გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, მერიის სამმართველოს დავების საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეეძლო განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რადგან დავების საბჭო მერიის ზემდგომი ორგანო არ არის.

სასამართლო პროცესში ჩართული იქნება კომპანია „დაგიც“, როგორც დაინტერესებული პირი. ამ კომპანიაში გვითხრეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაჰბარებიათ. სატელეფონო გასაუბრების დროს კომპანიის იურისტმა თქვა ისიც, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან აქამდე არ შეჩერებულა ის ტენდერი, სადაც გამარჯვებული უკვე გამოცხადებულია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: