მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

როგორ გადავურჩეთ სტუდენტურ ცხოვრებას “ჩამოსულები”

03.03.2019 • 2936
როგორ გადავურჩეთ სტუდენტურ ცხოვრებას “ჩამოსულები”

ავტორი: ანა მსხალაძე

ოთხი წლის წინ, როცა გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი, სრულიად ახალ გარემოში დამეწყო, რთულად თუ წარმოვიდგენდი, რომ ოთხი წლის შემდეგ, ღამის ორ საათზე დავბრუნდებოდი სახლში და დაველოდებოდი თანხის ჩარიცხვას, რომ მეჭამა.

არა მოიცა, ასე ცოტა გაუგებარია, ამიტომ დავიწყოთ თავიდან.

ბევრი რატომღაც არ მიფიქრია. ვიცოდი, რომ თუ ჩემი ცხოვრების შეცვლა მინდოდა ჩემი ქალაქი უნდა დამეტოვებინა და იმ ეტაპზე ყველაზე კარგი ალტერნატივა – დედაქალაქი ამერჩია. როცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვაფასებ სიტუაციას, საკუთარ თავს მადლობას ვუხდი, რომ არც ისე ბევრი ვიფიქრე შედეგებზე, თორემ ალბათ ჩემს ქალაქს არც არასოდეს დავტოვებდი, რადგან შემეშინდებოდა. თქვენც შეგეშინდებათ და ბევრ წინააღმდეგობას შეხვდებით, მაგრამ ეს უკან დახევის წინაპირობა არ უნდა იყოს. პირიქით, მზად იყავით, რომ ცხოვრება ისეთი იხილოთ, როგორიც სინამდვილეშია. ვფიქრობ, რომ ეს არც ისე ცუდია. რთულია, მაგრამ გაძლებადი.

თქვენ, თუ ახლა ჩემს ბლოგს კითხულობთ და გადაწყვეტილი გაქვთ, რომ აქ გააგრძელოთ სწავლა just go for it. მაგრამ მანამდე, ჩემს რამდენიმე რჩევას გადახედეთ.

1. პირველ რიგში, ნუ ელოდებით, რომ ვინმე გაგიგებთ. როცა სხვებს თქვენი სირთულეების შესახებ უყვებით, ხშირად მიიღებთ პასუხად “აბა, წარმოიდგინე უცხოეთში ვინც მიდის, მისთვის რა რთულია.” დიახ, წარმომიდგენია. მაგრამ, ეს ჩემს მდგომარეობას სულაც არ ამსუბუქებს. თბილისში, რომ ჩამოვედი, ერთადერთი, რაც საზღვარგარეთ წასული სტუდენტებისგან განმასხვავებდა, იყო ის ფაქტი, რომ აქ სხვებიც ჩემს ენაზე საუბრობდნენ. და მერწმუნეთ, ეს სრულიად არ ამარტივებს სხვა დანარჩენს.

არ ვიცნობდი არავის, არ ვიცოდი გზები, ფაქტობრივად არ ვიცოდი არაფერი, რაც გამიადვილებდა აქ ცხოვრებას. ერთადერთი, რაც გამაჩნდა, იყო რწმენა, რომ ყველაფერი დროსთან ერთად კალაპოტში ჩადგებოდა. და მეწრმუნეთ ასეც ხდება, მაგრამ მანამდე საკუთარი თავი უნდ აქციოთ ყველაზე ახლო მეგობრად და გულიც ძალიან ნუ დაგწყდებათ თუ სხვები ისე ვერ გაგიგებენ, როგორც ამას თქვენ ისურვებდით.

2. მზად იყავით ხშირად დაკარგვისთვის. ერთხელ უნივერსიტეტიდან, რომ ვბრუნდებოდი, სხვა ავტობუსს დავემგზავრე და სადღაც სრულიად სხვა ტერიტორიაზე აღმოვჩნდი. შეშინებულმა დავურეკე ჩემს დას, ავუხსენი სად ვიყავი. მადლობა ღმერთს, რომ სახლისკენ მიმავალი გზა ვიპოვე. თუმცა, ამ ყველაფერს არც ისე მშვიდად ვაკეთებდი, როგორც ახლა გიყვებით და როგორც, ალბათ, ახლა თქვენ კითხულობთ. აღელვებული და აფორიაქებული, ცრემლებს ვაფრქვევდი და სლუკუნით ვთხოვდი ჩემს დას, რომ დამხმარებოდა. თუ თქვენ არ გყავთ და, ძმა ან სხვა ნაცნობი, რომელიც თქვენზე ადრე ჩამოვიდა თბილისში სასწავლებლად და დაგეხმარებათ, რომ გზა გაიკვალოთ, გააკეთეთ ეს თქვენით. ვიცი რთულია და მუდამ იმაზე იფიქრებთ, რომ “ვაი, ახლა ვინმეს, რომ დახმარება ვთხოვო, მიხვდება, რომ აქაური არვარ” და კიდევ ათასი უაზრო ფიქრი, მაგრამ დაიკიდეთ და პრობლემებთან გამკლავება ისწავლეთ.

3. ნუ გაგიტყდებათ. აქ ისწავლით, რომ არაფერი არ უნდა “გაგიტყდეთ.” ნუ გიტყდებათ, რომ დახმარება სთხოვოთ სხვას. ნუ გიტყდებათ, რომ შეცდომები დაუშვათ. ნუ გიტყდებათ, რომ საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად უკეთესი ქალაქი აირჩიეთ. მაშინაც ნუ გაგიტყდებათ, როცა არასასიამოვნო მზერებს გსტყორცნიან ყველა მხრიდან. დიდად არც მაშინ იდარდოთ, როცა ლექტორი საკუთარი ქალაქის დახასიათებას გთხოვთ და თქვენი კურსელი ჩაიბურტყუნებს “ღმერთო თბილისელი არის აქ ვინმე?” და ა. შ. მოდით თქვენ ნუ გაგიტყდებათ, მათ გაუტყდეთ, რომ ამ აზროვნებაზე გაიყვანეს მათი ადამიანობა. თქვენ კი ისწავლეთ, როგორ არ უნდა გაინტერესებდეთ სხვისი აზრები.

4. მუშაობა. მერწმუნეთ, ეს ერთი სიტყვა მთელს ჩემს სათქმელს იტევს და სწორედ აქ იწყება ის ისტორია, რაც ბლოგის დასაწყისში ვახსენე. დაიმახსოვრეთ, რომ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრ ადგილას მოგიწევთ იმუშავოთ. მიმტანობა, კონსულტანტობა, თუნდაც უფასო სტაჟირებები და არც ფლაერების დარიგებას გამოვრიცხავ თებერვლის მოყინულ ღამეს.

დიახ, მეც ძალიან მინდა, რომ ჩემი პროფესიით ვმუშაობდე უკვე, სტუდენტობის დროს და ვაგროვებდე იმ 30 წლიან გამოცდილებას, რასაც 22 წლის ასაკში მთხოვენ, მაგრამ ამის ფუფუნება ყველას არა აქვს. ამიტომ, ჯდომას და მოთქმა-გოდებას, ჯობია ადგეთ და სხვა ისეთი გამოცდილება შეიძინოთ, რაც, როგორც მინუმუმ, ადამიანობას გასწავლით.

გასაუბრებებზე, როცა მეკითხებიან მაქვს თუ არა სტრესულ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება და როგორ ვუმკლავდები მათ, მინდა დავცინო და ვუთხრა, რომ, როცა ცხოვრება არსებობს და ყველაზე უკეთ გვასწავლის გადარჩენისთის აუცილებელ ხრიკებს, ასეთ სულელურ კითხვას უბრალოდ არ უნდა გისვამდნენ.

ხშირად მოხვდებით ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როცა ფული უბრალოდ აღარ გაქვთ და მთელი დღის განმავლობაში არც დრო, რომ ჭამოთ. ამიტომ საღამოს სამსახურიდან თუ უნივერსიტეტიდან მოსულებს, კიდევ მოგიწევთ ფორსმაჟორულ რეჟიმში რაღაც იპოვოთ, რომ ის ღამე გაიტანოთ.
თებერვლის შუა რიცხვები იყო, როცა მე და ჩემს ორ მეგობარს, აუცილებლად დაგვჭირდა იმ ყინვაში, საღამოს 9 საათიდან ღამის 2 საათამდე ფლაერები დაგვერიგებინა სხვადასხვა ტერიტორიაზე. ვერა, ვაკე, საბურთალო.. მოკლედ, დავდიოდით ფეხით, მშივრები და საშინლად გაყინულები, რომ 2-ზე სახლში მისულებს იმ ღამის და მეორე დღის ფული გვქონოდა. მერწმუნეთ, არის რაღაც სასიამოვნოც ამ სიტუაციაში. დადიხარ მოყინულ თბილისში (თან შენდა ბედად თხელი კეტები გაცვია) და ზუსტად იცი, ყველაფერს გააკეთებ, ასეთ ცხოვრებას რომ თავი დააღწიო.

ავტორის შესახებ: ანა მსხალაძე ბათუმელია. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტზე.

თავდაპირველად პოსტი გამოქვეყნდა ავტორის პირად ბლოგზე

მთავარი ფოტო: წყარო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: