მთავარი,სიახლეები

ბულვარი ველობილიკზე ამორტიზებულ ფილებს აღარ შეცვლის, მაგრამ გადაღებავს

03.03.2019 • 1152
ბულვარი ველობილიკზე ამორტიზებულ ფილებს აღარ შეცვლის, მაგრამ გადაღებავს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში 2018 წელს აცხადებდნენ, რომ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ველობილიკი ამორტიზებული იყო და ის ბეტონის საფარით უნდა შეეცვალათ. ეს პროექტი ვერ განხორციელდა, დღეს კი, არსებული ველობილიკის მხოლოდ  გადაღებვა იგეგმება. ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ  ველობილიკზე არსებული ფილები არც წელს შეიცვლება.

ველობილიკის მიმდინარე სარემონტო-სამღებრო სამუშაოებს ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 246 171 ლარია და წინადადებების მიღება 2019 წლის 16 მარტს დაიწყება.

2018 წელს ველობილიკის სარეაბილიტაციოდ ბულვარს 1 მილიონ 763 ათას 113 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, რამდენჯერმე ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა არ შედგა [ერთ ტენდერში პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი მონაწილეობა არავინ მიიღო].

მაშინდელი ტენდერის პირობის მიხედვით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის რეაბილიტაცია [პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე მონაკვეთში] უნდა განხორციელებულიყო 2018 წლის 15 ოქტომბრიდან, 2019 წლის 15 იანვრამდე პერიოდში.

ეს ტენდერი არშემდგარად 2018 წლის ივნისში გამოცხადდა, თუმცა ხელახალი ტენდერი ველობილიკის სარეაბილიტაციოდ ბულვარს აღარ გამოუცხადებია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: