მთავარი,სიახლეები

რატომ გაათავისუფლეს პირველი სკოლის დირექტორი – სასამართლო განხილვა

21.01.2019 •
რატომ გაათავისუფლეს პირველი სკოლის დირექტორი – სასამართლო განხილვა

“ახლაც არიან პირველ სკოლასთან გარემოვაჭრეები… თქვენ არ შეგინიშნავთ?” – ჩაეძია განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, მადონა ტაბატაძეს იურისტი ანა ბერძენიშვილი.

“არ ვიცი. მე როგორც ვიცი, არ არის გარევაჭრობა,” – უპასუხა შეკითხვას სამინისტროს წარმომადგენელმა.

“მერე აღარ შესულხართ ინსპექტირებაზე ამ სკოლაში?” – დაინტერესდა მოსამართლე.

“არა. ჩვენ მხოლოდ საჩივრების შემთხვევაში შევდივართ,” – დასძინა მადონა ტაბატაძემ.

“ბათუმის პირველი სკოლის დირექტორის საქმეზე” დღეს, 21 იანვარს, მოწმეების ჩვენებები მოისმინა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. მოწმე მადონა ტაბატაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სამინისტრომ სასამართლოს წარმოუდგინა. მადონა ტაბატაძემ აუდიტისა და ინსპექტირების დასკვნა მოამზადა, რის საფუძველზეც პირველი სკოლის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას, აჭარის განათლების სამინისტრომ 2017 წლის ივნისში მიმართა. მიმართვის საფუძველი აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის დასკვნები იყო, რის მიხედვითაც პირველ საჯარო სკოლაში გარკვეული ადმინისტრაციული დარღვევები გამოიკვეთა. სკოლის სამეურვეო საბჭო არ დაეთანხმა აუდიტის დასკვნას, მედეა გვენეტაძეს კვლავ გამოუცხადა ნდობა და თანამდებობაზე დატოვა. ამის მიუხედავად, აჭარის განათლების სამინისტრომ მაინც მიმართა ალექსანდრე ჯეჯელავას დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. მედეა გვენეტაძე პირველი საჯარო სკოლის არჩეული დირექტორი იყო. მას ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2020 წელს ეწურებოდა.

გარევაჭრობასთან დაკავშირებით მადონა ტაბატაძემ ასევე განმარტა, რომ ინსპექტირების დროს სკოლის შესასვლელთან მოძრავი სავაჭრო დახლები შენიშნა, სადაც “საეჭვო პროდუქტი” იყიდებოდა და “არსებობდა მოწამვლის საფრთხე”.

“რა უნდა გაეკეთებინა სკოლის დირექტორს, გარევაჭრობა იქ რომ აღარ ყოფილიყო?”- იკითხა მედეა გვენეტაძის ინტერესების კიდევ ერთმა დამცველმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა, ნინო სიორიძემ. ეს ორგანიზაცია გათავისუფლებული სკოლის დირექტორის ინტერესებს იცავს სასამართლოში.

“არ იყო განხორციელებული ღონისძიებები მის ასალაგმად,” – თქვა მადონა ტაბატაძემ.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელი მოსამართლეს ასევე მოუყვა, როგორ აგვიანებდნენ სკოლაში მოსწავლეები და როგორ იპოვა სკოლის ერთ პატარა ოთახში რამდენიმე უფროსკლასელი მასწავლებელთან ერთად.

“თქვეს, რომ იქ იყო ლაბორატორია, მაგრამ იქ მხოლოდ მაგიდა და სკამები იყო… დირექტორმაც გვითხრა, ბევრჯერ ვუთხარი პედაგოგებს, ასე სკოლის პრესტიჟი დაეცემა, ნუ ამზადებთ მოსწავლეებს სკოლაში, მაგრამ მაინც ხდებაო… პედკოლექტივს შევხვდით და თქვეს პედაგოგებმა, არ ვიცოდით, თუ ეს არ შეიძლებოდა სკოლის შენობაშიო. განვუმარტეთ, რომ ამას შესაბამისი კანონიერი საფუძველი სჭირდება და შესაძლებელი იყო მომზადებულიყო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურების სერვისი,” – აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა, მადონა ტაბატაძემ.

“რატომ მიეცით რეკომენდაცია? თქვენ ხომ თქვით მოსწავლეების დაგვიანებასთან მიმართებით, რომ რეკომენდაციის უფლება არ გქონდათ? ვერ გვითხარით კონკრეტულად, რა უნდა ექნა დირექტორს. მან წარმოგიდგინათ საყვედურების ამსახველი დოკუმენტები, სხვა რა უნდა ექნა?” – ჰკითხა მოწმეს ანა ბერძენიშვილმა.

“თქვენ მოწმეს სუბიექტური მოსაზრების გაჟღერებას სთხოვთ. მოწმემ თქვა, რომ კანონი განუმარტა პედკოლექტივს და რეკომენდაცია არ მიუცია…” – ჩაერთო დიალოგში მოსამართლე.

“მოსამართლესთან პაექრობა თუ მომიწევდა, არ მეგონა,” – თქვა ანა ბერძენიშვილმა.

“ნუ შემოდიხართ მერე პაექრობაში,” – მოკლედ მიუგო იურისტის რეპლიკას მოსამართლემ.

მოწმე მადონა ტაბატაძემ ასევე ისაუბრა საბუღალტრო ხასიათის დარღვევებზე, მაგალითად, მედეა გვენეტაძის დირექტორობის დროს განათლების სამინისტროდან პირველკლასელებისთვის საჩუქრად გამოგზავნილი კომპიუტერები სკოლის ბალანსზე ფორმდებოდა.

“გასაგებია, რომ შესაძლოა ეს იყო ბუღალტრული საქმისწარმოების წესის დარღვევა, მაგრამ ამით ფინანსურად რა ზიანი მიადგა სკოლას?” – იკითხა მოსამართლემ.

“ეს კომპიუტერები შემდეგ აღმოჩნდა საინვენტარიზაციო მასალებში… ეს იყო საჩუქარი, საერთოდ არ უნდა გაფორმებულიყო ბალანსზე,” – განმარტა მადონა ტაბატაძემ.

აუდიტისა და ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, სკოლაში ასევე იყო გაფორმებული რამდენიმე პირი, როგორც დასაქმებული, თუმცა ისინი სკოლაში არ მუშაობდნენ. ამას სკოლის ყოფილი დირექტორი, მედეა გვენეტაძე კატეგორიულად უარყოფს.

“ეს ადამიანები – დამლაგებელი და დარაჯი მუშაობდნენ სკოლაში,” – ირწმუნება ის.

“ვიცით, რომ თქვენ დაგკითხეს პროკურატურაშიც… როგორ მიდის ეს პროცესი?” – ჰკითხა  ასევე მოწმის სახით დაბარებულ პირველი სკოლის ყოფილ ბუღალტერს, მაია ხელაძეს იურისტმა ნინო სიორიძემ.

“არა, დამკითხეს მხოლოდ,” – თქვა მოწმემ, რომელიც სკოლაში ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ეს არ გაუსაჩივრებია.

“ხელფასის გაცემის სამართლებრივი საფუძველი რა გქონდათ?” – ჰკითხა სკოლის ყოფილ ბუღალტერს სამინისტროს ინტერესების დამცველმა, მარეხი მაღრაძემ.

“ბრძანება არსებობდა ყველა შემთხვევაში” – თქვა მაია ხელაძემ.

“ახორციელებდით ბაზრის კვლევას შესყიდვების დროს?” – ისევ იკითხა სამინისტროს ინტერესების დამცველმა.

“თავიდან არა, მაგრამ შემდეგ, როცა მივიღეთ მითითება, ვახდენდით ბაზრის კვლევას…” – დასძინა მოწმემ.

მოწმეების დაკითხვა სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. შემდეგი ეტაპი მხარეთა პაექრობაა, რომლის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მედეა გვენეტაძე სამსახურში აღდგენას, ასევე, განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ახლა ნატო მგელაძეა. ის სასამართლო პროცესებს ესწრება, როგორც მესამე პირი. ნატო მგელაძეს მოწმეებისთვის კითხვები არ დაუსვამს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: