განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს

03.03.2019
ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს

ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს. “მრავალფეროვნების სახეები” –  ასე ერქვა კონკურსს, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა ტოლერანტობის თემაზე სხვადასხვა სახის ნამუშევრები მოამზადეს.

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მილენა თურმანიძემ და ლაშა შარაშიძემ, ფოტოპროექტი იმ იეზიდ და ბოშა ბავშვებზე მოამზადეს, რომლებიც ასევე მეთექვსმეტე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მოსწავლეების ნამუშევარმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და კონკურსის გამარჯვებული გახდა.

„მზე ყველას თანაბრად ათბობს“ – ამ სახელწოდების ვიდეო მოამზადეს ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ჯგუფურ პროექტში მონაწილეობა 14-მა სხვადასხვა ეროვნების მოსწავლემ მიიღო. ყველა მათგანი მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

„მე თვითონ სამოქალაქო განათლებას ვასწავლი სკოლაში. როცა კონკურსის შესახებ შევიტყვე, გადავწყვიტე ჩემს ქართულის მასწავლებელთან ერთად მოგვემზადებინა რამე პროექტი.  ჩვენი სკოლა ყველაზე ტოლერანტული სკოლაა ალბათ ქალაქში. დავთვალეთ და თოთხმეტი ეროვნების ბავშვი სწავლობს ჩვენთან. ქართულის მასწავლებელს გაუჩნდა იდეა, რომ სწორედ ამ მოსწავლეებს გადაეღოთ პატარა ვიდეოკლიპი ჩვენი სკოლის  ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე,“ – იხსენებს მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე.

გარდა ბათუმელი მოსწავლეებისა, კონკურსს სხვა გამარჯვებულებიც ჰყავს.  ანდრო პირველი, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიიდან, მარიამ მახვილაძე, გორის მე-12 საჯარო სკოლიდან,  ქიანა შეიჯუნი, ამერიკული უმაღლესი სკოლა-კოლეჯი პროგრესიდან, ლია დეკანაძე და გიორგი რიჟვაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: