კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

6 მაღლივი კორპუსის პრეზენტაცია – „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები პროტესტის მიუხედავად არ იცვლება

17.12.2018 • 5404
6 მაღლივი კორპუსის პრეზენტაცია – „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები პროტესტის მიუხედავად არ იცვლება
კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ჭაჭის თაუერის გვერდით, ექვს შენობის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი  130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ. გარდა ამისა კომპანია გეგმავს სასტუმროს, ბინებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას. ამის შესახებ დღეს, 17 დეკემბერს, პროექტის პრეზენტაციაზე ბათუმში, კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი მარიმ ისაუბრა. პრეზენტაციას „რედისონში“ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმღვანელი გიორგი რამიშვილიც ესწრება. მშენებლობას ბათუმში არც თუ ისე ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ მასშტაბის მშენებლობა ქალაქს ბევრი თვალსაზრისით დააზარალებს.

პროექტის პრეზენტაცია – სილქ თაუერი ბათუმის პორტის მიმდებარედ

დღეს კომპანია „სილქ როუდ ჯგუფმა“ ოფიციალურად წარმოადგინა თავისი გეგმები, რომ – ბათუმში, ზღვის პირას, ჭაჭის კოშკის მიმდებარედ შპს „რივიერა ბათუმის“ [„სილქ როუდ ჯგუფის პარტნიორი კომპანია] საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე „სილქ თაუერის“ გარდა კიდევ ხუთი მაღალსართულიანი შენობის აშენებას განიხილავს. პროექტის ავტორი კომპანია „ჩეპმენ ტეილორია“, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი – „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

პროექტი ასევე მოიცავს იახტკლუბს და მის მიმდებარედ არსებულ  პარკის ტერიტორიასაც, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. წინასწარი ინფორმაციით, ამ პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ იგეგმება, ის ერთიანი ლანდშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება და მის გეგმარებაზე ასევე საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს. საბოლოო ვარიანტი კი, კომპანიის ინფორმაციით, შეთანხმდება აჭარის მთავრობასთან. მის სამომავლო მოვლა-განვითარებაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ იზრუნებს.

ტერიტორიაზე იგეგმება, ასევე ხელოვნური ყურეს მოეწყობა.

პროექტის ავტორების თქმით, ამ პროექტის პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 65 მილიონი აშშ დოლარია. საერთო ჯამში კი, პროექტის ფარგლებში 100 მილიონი აშშ დოლარის [შეიძლება ეს თანხა 300 მილიონამდეც გაიზარდოს] ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია „ბათუმის იახტკლუბია“, რომელიც “სილქ როუდ ჯგუფთან” ერთად ახორციელებს ინვესტიციას და მისი მართვის ვალდებულებას, მინიმუმ, 20 წლის ვადით აიღებს. „სილქ როუდ ჯგუფის“ ინფორმაციით, საწყის ეტაპზე იახტკლუბში სამი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც „ბათუმის იახტკლუბი“ და სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

მარცხნიდან: ინაკი ლეზაუნი „ჩეპმენ ტეილორის“ არქიტექტორი, გიორგი მარი, გიორგი რამიშვილი   – სილქ როუდ ჯგუფი და შიო ხეცურიანი –  UGT ჯგუფი“

ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკმა“ ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში შეიტანა. თუმცა, სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევა, რომლითაც ბათუმში დამცავი ისტორიული ზონის საზღვრები დაადგინეს, ბათუმის მერიამ თავისი შეხედულებისამებრ შეასწორა და ისე წარუდგინა საკრებულოს. სწორედ ამ ცვლილების საფუძველზე მიეცემა კომპანიას ახალი გრანდიოზული მშენებლობის წამოწყების უფლება.

მერიის მიერ დოკუმენტის შეცვლის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი დაინტერესებული პირებისთვის, როცა ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მერიაში სამშენებლო პროექტის განხილვა დაიწყეს. პროექტი ბათუმში აქციით გააპროტესტეს.

მერიის მიერ ისტორიული ზონის საზღვრების ცვლილებას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომი“ სასამართლოში გაასაჩივრებს. მის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

მთავარი ფოტო: პროექტის რენდერი, რომლის მიხედვითაც ჭაჭის თაუერის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება იგეგმება

https://batumelebi.netgazeti.ge/news/162684/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: