Batumelebi | სამინისტროს განმარტება – რატომ გადასცეს გივი სიხარულიძეს “ხელოვნების ქურუმის” ჯილდო სამინისტროს განმარტება – რატომ გადასცეს გივი სიხარულიძეს “ხელოვნების ქურუმის” ჯილდო – Batumelebi
RU | GE  

სამინისტროს განმარტება – რატომ გადასცეს გივი სიხარულიძეს “ხელოვნების ქურუმის” ჯილდო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განმარტავს, რატომ გადაეცა  მსახიობ გივი სიხარულიძეს „ხელოვნების ქურუმის“  ჯილდო.

“ხელოვნების ქურუმი” გაიცემა ყოველთვის ამა თუ იმ ორგანიზაციის წარდგინების/ ოფიციალური მომართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, წერილი შემოვიდა სამინისტროში ქორეოგრაფთა კავშირისგან, სადაც აღნიშნული იყო, რომ გივი სიხარულიძე წლების მანძილზე იყო სუხიშვილების ანსამბლის სოლისტი, ჩამოაყალიბა ანსამბლი “თბილისი”. 18 წელი იყო მისი ხელმძღვანელი და არაერთი ნიჭიერი თაობის აღმზრდელი. სწორედ ამ წარდგინების საფუძველზე მიენიჭა მას წოდება. ეს არის სიმბოლური ჯილდო და არ მოიცავს მატერიალურ, ფულად ჯილდოს,” – ნათქვამია სამინისტროდან “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ განმარტებაში.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გივი სიხარულიძის საიუბილეო საღამო პირველ მარტს გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო მსახიობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა გადასცა.

მსახიობმა გივი სიხარულიძემ გასული წლის ნოემბერში, ტელეკომპანია “იმედის” ერთ-ერთ შოუში საჯაროდ აღიარა, რომ ქალზე იძალადა. თუმცა ამის გამო სინანული არ გამოუთქვამს, პირიქით, „ქალს რომ არ სდომებოდა, ეს არ მოხდებოდაო”, თქვა მან.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში ძალადობაში, განსაკუთრებით კი სექსუალურ ძალადობაში, დადანაშაულება ცნობილ ადამიანებს კარიერის, ოჯახისა და  არაერთი პრივილეგიის დაკარგვად უჯდებათ. სულ მცირე ორი ადამიანის გახსენებაც საკმარისია: გავლენიანმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტაინმა და ასევე ცნობილმა მსახიობმა კევინ სპეისმა დაკარგეს ყველაფერი, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა – კარიერა, ოჯახი, საზოგადოების პატივისცემა. მიზეზი კი გახდა მათი მხრიდან კოლეგების სექსუალური შევიწროება.

ამავე თემაზე ნახეთ ნეტგაზეთის მომზადებული სტატია:

რას ნიშნავს, როცა კაცები ტელეეთერში იუმორით იხსენებენ, თუ როგორ იძალადეს ქალებზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი