დარღვევები ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურმა დააფიქსირა. დირექტორის, მედეა გვენეტაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი კი, სკოლის სამეურვეო საბჭომ 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს. მედეა გვენეტაძე არჩეული დირექტორია და მისი გათავისუფლების უფლება განათლების სამინისტროს არ აქვს.
შეიცავს თუ არა სკოლაში აღმოჩენილი დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ დასკვნა პროკურატურასაც გადაუგზავნეს.
ბათუმის პირველ და მე-11 საჯარო სკოლებში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის და ინსპექტირების დეპარტამენტმა მონაცემები მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე შეისწავლა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალეკო მჟავანაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პირველ საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ფინანსური ხასიათის.
„დასკვნა საკმაოდ ვრცელია. დაფიქსირდა დარღვევები, რაც უკავშირდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას, ხელფასების დაანგარიშების წესს, ბუღალტრულ ანგარიშსწორებას, იჯარის ხელშეკრულებებს. გამოვლინდა ასევე ის, რომ რამდენიმე პირი ისე იყო გაფორმებული სკოლაში და ერიცხებოდა ხელფასი, რომ სამსახურში საერთოდ არ დადიოდა. ასევე დაფიქსირდა სკოლის შენობაში ფულის მიღების სანაცვლოდ მოსწავლეების მომზადების ფაქტი…“ – აცხადებს ალეკო მჟავანაძე, აჭარის განათლების სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი.
„ვფიქრობ, აუდიტი რიგ შემთხვევებში მიკერძოებულია და მიზანმიმართული, – ამბობს მედეა გვენეტაძე, ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, – აუდიტის დასკვნას ბოლომდე არ გვაცნობივარ. რაც წავიკითხე, გარკვეულ ნაწილს ვეთანხმები, არის დარღვევები, მაგრამ ასეთი რამ ყველგან არის. რაც მთავარია, თანხა არ არის გაფლანგული…“
მედეა გვენეტაძე კატეგორიულად გამორიცხავს სკოლაში ისეთი პირების არსებობას, რომლებიც ხელფასს იღებენ, მაგრამ სამსახურში არ დადიან. სკოლის დირექტორი კომენტარს აკეთებს ბავშვების მომზადებაზეც.
„ამის მცდელობები იყო კონკრეტული პედაგოგების მხრიდან, მაგრამ არასდროს დამიშვია სკოლის შენობაში მოემზადებია მასწავლებელს მოსწავლე,“ – გვითხრა მედეა გვენეტაძემ.
რის გამო შეიძლება ყოფილიყო აუდიტი მიკერძოებული და მიზანმიმართული? – სკოლის დირექტორმა ამ კითხვაზე პასუხი ვერ დაგვიკონკრეტა. მას სკოლის სამეურვეო საბჭოს იმედი აქვს, რომელმაც გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს. „ამ საბჭოს თვალწინ ვაკეთებდი მე ყველაფერს, არაფერი დამიმალავს. იმედი მაქვს, რომ ისინი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად მივმართავ სასამართლოს“, – ამბობს მედეა გვენეტაძე.
მედეა გვენეტაძე 2020 წლამდე პირველი საჯარო სკოლის არჩეული დირექტორია. სამეურვეო საბჭომ ის უნდა გაათავისუფლოს აუდიტის დასკვნის საფუძველზე, ან შეუძლია თანამდებობაზე დატოვოს.
„თანამდებობაზე დატოვოს და არ გაითვალისწინოს, ასე არაა, – განმარტავს ალეკო მჟავანაძე, – თუკი სკოლის დირექტორის გათავისუფლებაზე სამეურვეო საბჭო უარს განაცხადებს, მან დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი უნდა მისწეროს საქართველოს განათლების სამინისტროს, რის გამო არ გაითვალისწინეს აუდიტის დასკვნა.“
სამეურვეო საბჭოს გარდა, აუდიტის დასკვნა ჩაბარდა უშუალოდ პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციასაც. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში მიაწოდოს ინფორმაცია განათლების სამინისტროს იმ დარღვევებზე და მათი აღმოფხვრის შესახებ, რაც აუდიტმა დააფიქსირა.
რაც შეეხება მე-11 საჯარო სკოლას, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტრო მხოლოდ სკოლის დირექტორის გაფრთხილებით შემოიფარგლა. დარღვევები აქ ძირითადად სკოლასთან ახლოს გამართული გარევაჭრობისგან შექმნილ ანტისანიტარიას, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულებას უკავშირდება.