მოგზაურობა საუკეთესო რამაა, მაგრამ თუ ამ დროს მუსიკალურ ფესტივალებზეც აღმოჩნდებით, დაუვიწყარ ისტორიებსა და შთაბეჭდილებებს დააგროვებთ. ევროპაში წელს არაერთი საუკეთესო მუსიკალური ფესტივალია დაგეგმილი, ზოგი შედარებით ახალი, ზოგიც პრესტიჟული და მრავალწლიანი ისტორიის მქონე, მაგრამ არსებობს, ფესტივალები, სადაც ერთხელ მაინც უნდა მოუსმინოთ როკის, ექსპერიმენტული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებს და საუკეთესო დიჯეების სეტებზეც იცეკვოთ დილამდე. რით დავიწყოთ? რა თქმა უნდა, ყველაზე ძველი და საყვარელი ფესტივალით, რომელსაც როკისა და ბლუზის თითქმის ყველა მსოფლიო ვარსკვლავი ახსოვს:
Glastonbury Festival 2019 – დიდი ბრიტანეთი 26 – 30 ივნისი
გლასტონბერი მუსიკისა და წარმოდგენების ღია ცის ქვეშ გამართული უდიდესი ფესტივალია. 1970 წელს ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების შემდეგ დაარსდა და როგორც პირველი ფესტივალის აფიშა ამბობს, დასწრება მაშინ 1 ფუნტი ღირდა, რაშიც ფერმის რძე შედიოდა უფასოდ.
წელს ისტორიულ ფესტივალზე 26-30 ივნისს ლიამ გალაჰერი, ჯენეტ ჯექსონი, Cure, The Chemical Brothers-ი და სხვები დაუკრავენ. ხუთდღიანი ფესტივალის განმავლობაში მელომანები კარვებში დაბინავდებიან, რაც ბილეთის საფასურშივე შედის. Rolling Stones-ი, Pink Floyd-ი, Beatles-ი, Simon and Garfunkel-ი, Gorrilaz-ი, Radiohead-ი, Red Hot Chili Peppers-ი, ჯო კოკერი, პიტერ გაბრიელი, ერიკ კლეპტონი და ტომ უეიტსი – არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი დიდი ბენდი და შემსრულებელი, ვისაც Glastonbury-ზე არ დაუკრავს. ნახეთ, როგორი იყო ფესტივალი 2017 წელს.
CTM FESTIVAL 2019 – ბერლინი, 25 იანვარი – 3 თებერვალი
CTM-ი ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ფესტივალია გერმანიაში, რომელიც 1999 წელს დაარსდა და თანამედროვე ელექტრონული და ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენლებს უთმობს სცენას.
10-დღიანი საფესტივალო პროგრამა მელომანებს მრავალმხრივი შთაბეჭდილებების დაგროვების საშუალებას აძლევს. წარმოდგენილი ჟანრების მრავალფეროვნებით ფესტივალი მსოფლიოს თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობებს აცნობს მსმენელს. ფესტივალი არაერთ ხმას აძლევს სამომავლო პერსპექტივის შანსს და ორიენტირებულია ჟღერადობის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
წელს ბერლინის CTM FESTIVAL-ზე 25 იანვარი „ბასიანის” ღამესაც დაეთმობა და ქართველი დიჯეები: გიორგი უჯმაჯურიძე, გიორგი ყანჩელი, DJ. HVL, Ndrx და Zitto დაუკრავენ.
CTM FESTIVAl-ი ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო დიჯეებს კრებს სხვადასხვა ქვეყნიდან ბერლინში ათი დღით. ერთი წლით ადრე ოფიციალურ გვერდზე უკვე ფესტივალის ტრეილერიც ვრცელდება.
ROCK IN ROMA 2019 – რომი, 23 ივნისი – 27 ივლისი
როკისა და ალტერნატიული მუსიკის მასშტაბური ფესტივალი წელს მეთერთმეტედ გაიმართება. 2019 წელს მელომანები განსაკუთრებით ელოდებიან რომის ფესტივალზე ჯგუფებს: Anathema-ს, Kraftwerk-ს, Skunk Anansie-სა და Neurosis-ს.
ROCK IN ROMA კარგი მუსიკის მოყვარულებისთვის სავალდებულო ფესტივალადაც კი იქცა. არსებობის მანძილზე ფესტივალს ჯამში მილიონ-ნახევარზე მეტი მელომანი ესტუმრა. რომის ერთთვიან ფესტივალზე დამსწრეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 200 000 ადამიანი დაესწრო 2018 წელს ფესტივალზე მხოლოდ Rolling stones – ის, დევიდ გილმორისა და როჯერ უოტერსის კონცერტებს.
SZIGET FESTIVAL 2019 – ბუდაპეშტი, 7-13 აგვისტო
ბუდაპეშტის მუსიკალური ფესტივალის მთავარი მოვლენა წელს ედ შირანის სცენაზე გამოჩენა იქნება, მომღერლის, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს. ედ შირანის გარდა ბუდაპეშტის ფესტივალზე ფრანც ფერდინანდი, ჯეიმს ბლეიკი და სხვები იმღერებენ.
პლაჟი, საუკეთესო მუსიკა, აისებისა და დაისების ულამაზესი ხედები დუნაის სანაპიროზე – ეს არის ის, რაც პატარა კუნძულზე მოწყობილ ერთკვირიან ფესტივალზე დახვდება მსმენელს. შესაბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ SZIGET FESTIVAL-ის ბილეთებზე მოთხოვნა ყოველ წელს დიდია. თუ ბილეთებს რამდენიმე თვით ადრე არ შეიძენთ, ზაფხულში ეს შეუძლებელი იქნება. ნახეთ, როგორი იყო შარშანდელი ფესტივალი.
ელექტრონული მუსიკის ყოველწლიურ ფესტივალზე ბარსელონაში მელომანები ერთი წლით ადრე ყიდულობენ ბილეთებს. ფესტივალის მიზანია უკვე კარგად ცნობილი, ელექტრონული, როკ და ალტერნატიული მუსიკის ვარსკვლავები წარუდგინოს მსმენელს, დანარჩენ მსოფლიოს გააცნოს, ასევე, ესპანური მუსიკის თანამედროვე ტენდენციები.
ფესტივალის მთავარი ხაზი თავიდან ელექტრონული მუსიკა იყო, თუმცა შემსრულებლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, CRUILLA BARCELONA – ჟანრობრივად მრავალმხრივ ფესტივალად იქცა, წელს მის სცენაზე Black Eyed Peas-ი, Zaz, Garbage, კაილი მინოუგი და სხვები გამოჩნდებიან.