სკოლის მანდატურებს ხელფასი გაეზარდათ

სკოლის მანდატურები 2019 წლის იანვრიდან გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. როგორც მანდატურის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, დარიცხული 500 ლარის ნაცვლად, მანდატურის დარიცხული ხელფასი იანვრიდან 750 ლარია. ეს თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით და მანდატური ხელზე 600 ლარს მიიღებს. თუ მანდატურის დაგროვებით საპენსიო სქემაშია ჩართული, ამ შემთხვევაში ხელზე 588 ლარს მიიღებს.

დარიცხული ხელფასი 750 ლარი იქნება, როგორც საჯარო სკოლაში, ასევე, კერძო სკოლებსა თუ კოლეჯებში დასაქმებული მანდატურებისთვის.

კერძო დაწესებულებებთან, მათი სურვილის შემთხვევაში, მანდატურის სამსახური შესაბამის ხელშეკრულებას აფორმებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის 2019 წლის 29 იანვრის ბრძანებით, გაიზარდა კერძო დაწესებულებებისთვის მომსახურების საფასურიც.

ახალ ბრძანებაში აღნიშნულია: „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით;

კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო [არაკომერციული] იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე  ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით“.

მინისტრის ახალი ბრძანების ამოქმედებამდე ასეთი მომსახურების საფასური 650 ლარით იყო განსაზღვრული.

ამ თემაზე:

რას გულისხმობს მანდატურის „ახალი მიდგომები“ სკოლაში

 მთავარი ფოტო: მანდატურები / მანდატურის სამსახურის ფოტო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი იქნება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ახალი მოადგილე ეყოლება. ამ თანამდებობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სულხან მოწყობილს დანიშნავს.

სულხან მოწყობილი აქამდე ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის პირველი მოადგილე იყო.

სულხან მოწყობილი პროფესიით ეკონომისტია, 2012 წელს იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, შემდგომში – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან 2014 წლამდე – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე, 2016-2017 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი რომანაძის წარმომადგენელი.

 

ენმ: ჩვენი აქტივისტი ირმა ხოროიშვილი კადრების საქმეზე  დასთან ერთად დააკავეს

სავარაუდოდ ფარული კადრების გავრცელების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ბათუმში ირმა ხოროიშვილი დასთან, ინგა ხოროიშვილთან ერთად დააკავეს.

„ისინი დაახლოებით გათენებისას, 6 საათზე დააკავეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში და თბილისში გადაიყვანეს. ირმა ჩვენი აქტივისტია და ბათუმის ოფისში მუშაობს. მის დას კი არ ვიცნობ,“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელმა.

ირმა ხოროიშვილი ენმ-ის აქტიური წევრი იყო. ის, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ხშირად მართავდა ბრიფინგებს.

ინგა ხოროიშვილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტად მუშაობდა.

დაკავებულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გუშინ საღამოს პარტიის აქტივისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფაილები ფეისბუქში მიუვიდათ. შემდეგ კი, პარტიის ხუთი აქტივისტი პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, გამოკითხული პირებიდან ორი დააკავეს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/336539/

 

 

ალექსანდრე დავითაძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე დავითაძეს ნიშნავენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თავისი პროტოკოლის სამსახურის უფროსს – ალექსანდრე დავითაძეს მინისტრის მოადგილის რანგში განათლების სამინისტროში დღეს, 1 თებერვალს, 11 საათზე წარადგენს.

ალექსანდრე დავითაძე აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

აჭარის განათლების მინისტრს დღემდე სამი მოადგილე ჰყავდა. ალექსანდრე დავითაძე უწყებაში მეოთხე მოადგილე იქნება.

მთავარი ფოტო აჭარის მთავრობის ვებგვერდი.

პოლიტიკური ნიშნით გაუცემელი წლიური ჯილდო

ავტორი: ავთანდილ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

15 იანვრის „ბათუმელების“ ვებგვერდიდან გახდა ცნობილი, რომ აჭარის არ-ის მთავრობის აპარატში წლიური ფულადი ჯილდო მიიღო 98 თანამშრომელმა. ჯილდო არ გაცემულა მხოლოდ 4 ადამიანზე, რომელთა შორის, უშუალოდ აპარატის უფროსის დავალებით, წმინდა პოლიტიკური ნიშნით მოვხვდი მეც. კიდევ უფრო ამაზრზენია, თუ როგორ ცდილობენ ამ მზაკვრული გადაწყვეტილების „შეფუთვას“ წლიური შეფასების ქულებით „დაბალი ქულა – დაბალი დონე!“ ეს მიუღებელ ჯილდოზე კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია ჩემთვის.

როგორც შემდეგში გაირკვა, თავად ძლევამოსილი ჩიქოვანის დავალებითვე მოხდა ოქმების გადაკეთებ, სრულიად შეცვლა, პიროვნებებზე მორგება და თითქოსდა ზღვრული ბარიერის დადგენაც, ყოველგვარი კონსტიტუციური და ადამიანური უფლებების დარღვევით. როლანდ შარაშიძის თქმით, ვისთანაც ინახებოდა ყველა ოქმი/ჩემი იდენტური შეფასება, „კარგი“ ჰქონდათ აპარატში მომუშავე თანამშრომელთა უმეტესობას, ანუ 53 შეფასებულიდან 41-ს, სხვები ხელშეკრულებით არიან დასაქმებული. ამიტომაც შეცვალეს წლიური შეფასებების ყველა ის ოქმი, სადაც ჩემთან გათანაბრებული ან ჩემზე დაბალი შეფასებები იყო – ყველაფერი იკადრეს, ოღონდაც მე არ მიმეღო, მათთვის გადანაწილებულ 100-75-60-50-40%-იან ფულად ჯილდოებთან შედარებით, თუნდაც სიმბოლურად 20-30%-ით მაინც, მაგრამ აქაც ბოლომდე გამოავლინეს მათი „პატარა კაცობა!“

ამათთან ხომ ყველაფერი მოსულა!!!

სამართლებრივად თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად ჩემი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ მოქალაქეობრივი პოზიციისა და იმის გათვალისწინებითაც, რომ  მთელი წლის განმავლობაში არ მქონია არც ერთი სახის სამსახურებრივი შენიშვნა და საყვედური, დაკისრებულ მოვალეობებს ვასრულებდი დროულად და კეთილსინდისიერად – წლიური ფულადი ჯილდო ყველა სამართლებრივი განზომილებით უნდა მიმეღო, რამეთუ სახელმწიფო ბიუჯეტს სწორედ ჩემი კატეგორიის ადამიანებისგან გადახდილი ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადები ავსებს, რასაც ისინი ასე ურცხვად იღებენ. ალბათ… არ მეკუთვნოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი  ე.წ. „წითელი ინტელიგენციისა“ და პარტიებიდან-პარტიაში მცოცავთა მსგავსად, მისი დაფინანსება ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიდან“ მოხდებოდა. ცხადია, ასეთ შემთხვევაში თავადვე ვიტყოდი უარს მის მიღებაზე, რამეთუ არასდროს დავხარბებულვარ ჩემი ღირსებისა და თავმოყვარეობის ხარჯზე რაიმე ფორმით პრემიებისა თუ ჯილდოს მიღებას!!!  არავის და არაფრის ფასად მითქვამს უარი ეროვნულ ფასეულობებსა და ადამიანურ ღირებულებებზე და, ცხადია, ამას არც სამომავლოდ ვაპირებ!!!

საკითხის გასარკვევად მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს, ბატონ როლანდ შარაშიძეს, რომელმაც მითხრა:  „მე არ ვფიქრობ, რომ მთელ აპარატში ყველაზე დაბალი შეფასება თქვენ უნდა გქონოდათ. ხელმძღვანელობის  მითითებით [შეფასებები რომ გამკაცრებულიყო], მართალია, შუალედურთან შედარებით ერთი ქულით დავწიე თქვენი შეფასება, მაგრამ სხვა განყოფილებებში იყვნენ ადამიანები, ვისაც მხოლოდ დამაკმაყოფილებელი და გაცილებით დაბალი შეფასებები ჰქონდათ, იქ კი პირიქით „აწევა მოხდა“, რისი შესაძლებლობაც მერე მე აღარ მომეცა და რამაც პირადად თქვენთან ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩამაყენა. ამაზე მე საუბარი მქონდა დეპარტამენტის უფროსთან და ვუთხარი კიდეც, რომ ასე არ უნდა მომხდარიყო, იმ კაცთან ძალიან უხერხულ ვითარებაში აღმოვჩნდი, როგორც ყველაზე მკაცრი შემფასებელი-თქო. თქვენი წლიური – „კარგი შეფასება“ იძლეოდა ნებისმიერი ოდენობით ჯილდოს გაცემის  შესაძლებლობას. დეპარტამენტში განხილვისას მე ვთხოვე კიდეც, რომ ფულადი ჯილდო თქვენზეც მოეცათ, მაგრამ რატომ არ მოგცეს ეს მე აღარ ვიცი, ბოლოს თავმჯდომარესთან და აპარატის უფროსთან მოხდა მისი გაცემის ინდივიდუალური განხილვა და ხელმძღვანელობასთან გაარკვიეთო“.

ამის შემდეგ მივმართე იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროს, ბატონ ოთარ დიასამიძეს, რომელიც თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ისედაც აქტიურად იყო ჩართული [ჯილდოების საკითხში]. მან მიზეზად წლიური შეფასებების ქულების ზღვარი დამისახელა, რის საფუძველზეც გაიცა ფულადი ჯილდო.

დამისახელა ასევე ის ორი თანამშრომელი, ვისაც არ ჰქონდათ ჯილდო მიღებული, მათგან ერთ-ერთი იყო დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალბატონი, ხოლო მეორე კაცი, რომელიც, გარდა იმისა, რომ სამი თვის წინ განმეორებით დასაქმდა აპარატში ხელშეკრულებით, მუშაობს სხვაგან. მათ ვერ მიიღეს ჯილდო ხსენებული მიზეზების გამო, მაგრამ რატომღაც მაინც გააიგივეს ჩემი ჯილდოს მიუღებლობასთან, ასევე არ აუღია აპარატის უფროსსაცო [დაუზუსტებელი ინფორმაციით მიღებული აქვს, მიმღებთა სია კი მკაცრად გასაიდუმლოებულია].

დეპარტამენტის უფროსმა უფრო დეტალური გარკვევისთვის გადამამისამართა აპარატის უფროსთან ბატონ არჩილ ჩიქოვანთან. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც თავად ჩიქოვანის წინასწარი დავალებით იყო ნაკარნახევი, რომ როგორმე საკუთარ კაბინეტში მოვეხელთებინე. მიუხედავად ჩვენი დიდი ხნის ნაცნობობისა და მთელი მისი მუშაობის პერიოდში ჩემი პირველი შეხვედრისა, იმდენად აგრესიულად და უტაქტოდ მელაპარაკა, რომ ნამდვილად ვნანობ ფუჭად და შეურაცხყოფის ფასად დაკარგულ იმ მძიმე წუთებს. კაცი, რომელმაც მთელი თავისი კარიერა წინა ხელისუფლების პერიოდში მოიწყო, იმათ კადრად მთვლის და ამიტომაც მებრძვის ასე გულიანად და თავგამოდებით, ალბათ ჩემი დასჯის ხარჯზე მორიგი კარიერული „ტრამპლინის“ მოსაწყობად. მისი ამბიციურობიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მისთვის უკვე „პროვინციულ“ რეგიონში შესაძლებლობებს ამოწურულად თვლის და ახლა პრემიერის ადმინისტრაციაში მოხვედრის მაცდუნებელი ჭია შეუძვრა!!!

მასთან შეხვედრით კიდე ერთხელ დავრწმუნდი ჯან-ჟაკ რუსოს შეგონების ჭეშმარიტებაში „ძალაუფლება – ყველაზე ძლიერი აღმგზნები საშუალებაა“-ო. სწორედ ძალაუფლებისაგან მეტის-მეტად აღგზნებულ, რეგიონში ყველაზე დიდი გავლენების მაძიებელ თუ რეალურად ფლობის მქონე „რუხ კარდინალს“ არც იმის აღიარება გასჭირვებია, რომ დღეს „პირველიც თვითონაა და მეორეც“ და მის გარეშე არათუ აპარატში, რეგიონშიც კი თითქმის არაფერი წყდება და ჩემს კითხვაზეც, ეს ალბათ თავმჯდომარის და თქვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო მეთქი, სრულიად თავდაჯერებით მითხრა – თავმჯდომარე აქ არაფერ შუაშია, მე გადავწყვიტე ასე, არ გეკუთვნოდა და არ მოგეცი, წადი და სადაც გინდა იქ მიჩივლეო [ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანების ხელში რეალური თავმჯდომარის უფლებამოსილებაში მხოლოდ ნოტარიულად ხელმოწერების დამოწმებაღა რჩება]. ვიგრძენი, რომ თავიდანვე ხმამაღალი ტონით დაწყებული საუბარი და შიგადაშიგ მაგიდაზე ხელების ბრახუნი, არა ფულადი ჯილდოს თემის ადამიანურად გარკვევასა და ამოწურვაზე, არამედ ჩემს ნერვებსა და მოთმინებაზე უფრო იყო გათვლილი. ის ჩემგან მშვიდად დაწყებული საუბრის კონფლიქტში გადაყვანის პროვოცირებას ახდენდა და იძულებული გავხდი კაბინეტი დამეტოვებინა.

…პროკურატურის ყოფილმა კადრმა, თავისი „მძაფრსიუჟეტიანი“ დაკითხვით გული რომ ვერ იჯერა, უკვე გამოსასვლელად ფეხზე მდგარს, მეორე სერია ჩამირთო: ვისი ნებართვით დატოვე შენობა წაღან, გარეთ რომ გახვედიო. ვუპასუხე, რომ აქვე ვიყავი „ბაზის ბანკში“ [დავაზუსტებ სულ რაღაც 200 მეტრშია] 10 წუთით გადასული, რაც ჩემს უშუალო ხელმძღვანელთან შევათანხმე, „შეგიძლიათ დაურეკოთ და გადაამოწმოთ“-მეთქი. სხვა დროსაც ბევრჯერ გხედავ ქუჩაშიო… შესწორება ვცადე – ბატონო არჩილ, როგორც ჩანს, ცუდი ინფორმატორები გყავთ, თვეებია შესვენებაზეც არ გავდივარ, დიდი ხანია საერთოდ არ მინახიხართ და როგორ დამინახეთ, ან თქვენ თუ დამინახეთ, მეც ხომ უნდა დამენახეთ-მეთქი. კიდე უფრო მეტი კატეგორიულობითა და ხმის ტემბრის გაძლიერებით შემომიტია, მე შენ გეუბნები მაქვს ინფორმაცია, რომ ხშირ-ხშირად მოძრაობ გარეთ, შენი შესვენება არ მაინტერესებს, სამუშაო საათებში გარეთ გასული არ დაგინახოო!.. ასე ჩამირთო წამზომი კაცმა, რომელიც დილით ლამის „რძის აბაზანების“ მიღების გარეშე გარეთ არ გამოდის და რომელსაც აპარატში, დღის პირველ ნახევარში, ვინმე ძნელად თუ ნახავს!!!

…ჰოი, საცოდაობავ, მე კარებთან ატუზულს, „დასჯილ-გაწკეპლილს“ უნებლიეთ ბავშვობა გამახსენდა და მკაცრი დირექტორის სახე დამიდგა თვალწინ!.. რამდენიმე წამის მერე ირეალობიდან სასტიკ რეალობაში დაბრუნებულმა კი უცებ ვიგრძენი, რომ დაკარგულ ჯილდოზე მეტად ჩემი ღირსება და თავმოყვარეობა მადარდებდა, რომელზე გადავლაც ასე უზრდელურად და ამ დოზით დღემდე არავის უცდია!!!

ამ სერიის მერეც მაქსიმალურად ვეცადე თავის შეკავება, რასაც ყველა ვერ შეძლებდა. თავადაც მიკვირს – ეტყობა უფალმა შემაძლებინა. ალბათ, ჩემი ემოციური ხასიათიდან გამომდინარე, თვითონაც არ ელოდა, პირიქით კი მოხდა და თავისი გათვლები ჩაუვარდა!!!

გამოსვლისას მშვიდად ვუთხარი, არჩილ [მხოლოდ ამ ერთხელ მივმართე სახელით] დასჯილ მოსწავლესავით რომ ამატუზეთ კარებთან, თქვენი ტოლა შვილები მყავს და იქნებ ასაკს მაინც გაუწიოთ ანგარიში-მეთქი. მე შენი არჩილი არა ვარ, ბატონი არჩილი ბიჭოოო! ამ ქუჩური ლექსიკით თავის ყოვლისშემძლეობასთან ერთად ისიც მაგრძნობინა, ძველბიჭურშიც არ „მოვიკოჭლებ“ და არაფერი შეგეშალოს ბიჭოო!.. გადი ახლა და მეორედ ჩემს კაბინეტში შემოსული არ დაგინახოო.

…განუზომელი ძალაუფლებით ხიბლში ჩავარდნილ „ქოცსახელა-დოქსოპულოს“ ერთხელაც არ გახსენებია, მის სამოთახიან აპარტამენტს, 3 700-ლარიან ხელფასს და ყოვლისშემძლე სავარძელს, გარკვეული თმენის ვალდებულებებიც რომ ახლავს, მაგრამ ასეთი ენითა და ლექსიკით თავის გამოჩენა ხომ მთელი „ქურდული ოცნების“ საფირმო ნიშანია!!! ალბათ „მადლობასაც“ იმსახურებს, ნარმანიასავით ვირიშვილი, რომ არ მეძახა და კალაძესავით მესამე სართულიდან გამოსაქანებლად არ გამიმეტა!!!

…მიუხედავად ამ ყოვლად შეურაცხმყოფელი და ცინიკური შეხვედრისა, ადამიანურად გული მაინც დამეწვა, როცა კარის მიხურვისას, მაგიდასთან კაცის ნაცვლად, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკებოდი, „ოცნების კუბოზე“ დასადები შავი მიხაკი დავლანდე!!!

სოფელ ფერიაში ახალი ოთხსართულიანი სკოლა აშენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 794 100 ლარი დაიხარჯება. ახალი სკოლის შენობა ოთხსართულიანი იქნება და ის 430 მოსწავლეზეა გათვლილი.

აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 17 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება. სკოლის მშენებლობა ორ წელში უნდა დამთავრდეს.

ახალი სკოლის პროექტით, რომელიც 2017 წელშია მომზადებული, საპროექტო ტერიტორიაზე დღეს განთავსებულია სპორტული მოედანი, საქვაბე, არსებულ მთავარ შენობაზე მიშენებული ორსართულიანი შენობა. პროექტით გათვალისწინებულია არსებული მთავარი სკოლის შენობის დაშლა. მიშენებული შენობიდან ახალი შენობა განთავსებულია 5 მეტრის დაშორებით და ისინი ერთმანეთს დახურული ფართობით დაუკავშირდება.

ოთხსართულიანი სკოლის მოშენების ფართობია 1063,80 კვ/მ, ხოლო შენობის საერთო ფართობი შეადგენს 3910,22 კვ/მ-ს. საკლასო ოთახებისა და კაბინეტების გარდა სკოლის შენობაში გათვალისწინებულია სპორტდარბაზში, სააქტო დარბაზი, სასადილო ოთახი, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, საპირფარეშო, საშხაპეები [სხვა დამხმარე ნაგებობები] და ლიფტი.

გათვალისწინებული იქნება სახანძრო უსაფრთხოება, მოეწყობა ხელის ცეცხლმაქრები, ავტოსაშხეფი, სახანძრო განგაშისა და ცეცხლაღმომჩენი, ასევე საავარიო განგაშის სისტემები. ღიობები მოეწყობა მეტალოპლასტმასის კარფანჯრებით და მდფ. კარებით; იატაკები – გრანიტითა და ლამინირებული პარკეტით.

ახალი შენობა მთლიანად ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. მათი გადაადგილება შენობის სხვადასხვა დონეზე უზრუნველყოფილი იქნება ლიფტით, ხოლო შენობის გასასვლელებთან მოეწყობა პანდუსები.

 

მთავარი ფოტო: სოფელ ფერიის საჯარო სკოლა / პროექტი

როგორ განვავითაროთ მცირე ბიზნესი – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრებისთვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა, მათ შორის დასაქმების მაძიებელთათვის დოსიეს მომზადებისა და გასაუბრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსიც გაიარეს.

ამჯერად ყოფილმა პატიმრებმა მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ მოისმინეს სემინარი.

როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია სახელის სწორად შერჩევა და რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ბიზნესგეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება – ეს ის ძირითადი საკითხები იყო რის შესახებაც ყოფილმა პატიმრებმა, პრობაციონერებმა და პატიმართა ოჯახის წევრებმა მოისმინეს „დემოკრატიის ინსტიტუტში“.

„13 წელია სალონში თანამშრომლები უცვლელად მყავს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დაუღალავად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეული კლიენტი კმაყოფილი წავიდეს ჩვენგან. ამასთან, მე ჩემს თანამშრომლებს ვენდობი და ვაფასებ მათ შრომას. ჩვენმა ტრენერმაც სწორედ ეს აღნიშნა, რომ ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, ირგვლივ შრომისმოყვარე და სანდო ადამიანები შემოიკრიბო, შეუქმნა მათ კარგი სამუშაო გარემო და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ წლებია საკუთარი ბიზნესით ვარ დაკავებული და ძალიან კარგად ვიცი ჩემი საქმე, ტრენერისგან ბევრი სიახლე და საინტერესო ინფორმაცია მივიღე“, – ამბობს ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც საკუთარი სილამაზის სალონი აქვს და წარმატებით მართავს ბიზნესს, თუმცა მის მუდმივ განვითარებასა და დახვეწაზე ფიქრობს.

ტრენინგს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართული ის ბენეფიციარები ესწრებოდნენ, ვისაც უკვე წარმატებული ბიზნესი აქვს ან სამომავლოდ გეგმავს ბიზნესსაქმიანობაში ჩართვას და პრაქტიკულ საქმეზე გადასვლამდე თეორიული ცოდნა სჭირდება. მათ შორის იყო სტილისტი, მხატვარ-დიზაინერი, ავეჯის ხელოსანი, სანტექნიკოსი. ტრენინგ-სემინარებით სწავლება ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით.

“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” “დემოკრატიის ინსტიტუტი” ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს იმერეთში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და აჭარაში.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

„ფერმერებს უჭირთ პროდუქციის უწყვეტი მიწოდება“ – რატომ ვერ შევდივართ ევროპის ბაზარზე

„ოფიციალური მონაცემებით, გვაქვს 100-პროცენტიანი შესრულება ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი, სავაჭრო შეთანხმების სოფლის მეურნეობის ნაწილში, მაგრამ ეს ვერ აისახა ფერმერებზე…“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნათია დაღელიშვილმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ოფიცერმა და ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, ის ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესზე მუშაობს.

31 იანვარს, პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროინტეგრაციის გამოწვევებზე ჟურნალისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „ბათუმელებმა“ ნათია დაღელიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა იმაზე, თუ რატომ ვერ გადის აქტიურად ქართული პროდუქტები ევროპის ბაზარზე.

  • ქალბატონო ნათია, თქვენ აღნიშნეთ, რომ 2017 წლის მონაცემებით, საქართველო წარმატებით ასრულებს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების ვალდებულებებს, თუმცა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის კუთხით არ გვაქვს ასეთივე წარმატებული მონაცემები. რა ფაქტორები განაპირობებს ამას? 

ჰარმონიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულია ასოცირების შეთანხმების ეს ნაწილი, თუმცა რიგით ფერმერებს კომუნიკაციის კუთხით თუ შემდეგ, უკვე პროცედურებზე, არაერთი წინააღმდეგობა ექმნებათ. დავიწყოთ იქედან, რომ ფერმერებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმ სიკეთეებზე, რასაც ითვალისწინებს ეს შეთანხმება. მათ ასევე არ იციან, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირის საერთო ბაზარს აქვს ფერმერების და მწარმოებლების მიმართ. პრობლემაა ქართული მიწის რეფორმაც. ვგულისხმობ მიწების ფრაგმენტაციას. ჩვენ გვყავს მცირემიწიანი ფერმერები, რომლებსაც უჭირთ ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტის წარმოება. ისინი არიან თვითკმარნი და უჭირთ მასობრივი პროდუქტის წარმოება.

  • რატომ ვერ გაერთიანდნენ ფერმერები, მაგალითად, მეთაფლეები? რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერს იგებდა ორგანიზაცია, რომელსაც თაფლი რუსეთიდან უნდა შემოეტანა, რადგან მილიონ ლარზე მეტი ღირებულების თაფლის შესყიდვა იყო მოთხოვნა. 

ასეა. ამ ტენდერმა იმდენად დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, რომ იმ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს… სავარაუდოდ გაიმარჯვებს ქართული კომპანია, თუმცა რამდენად მოახერხებს ის ტენდერის პირობის შესრულებას, არ ვიცით. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რაც მხოლოდ თაფლის მწარმოებლებს არ უკავშირდება, არის ერთგვაროვანი პროდუქტის წარმოება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. ფერმერების გაერთიანებას მხარს უჭერს ევროკავშირი და სახელმწიფო, არის კოოპერატივის მხარდასაჭერი პროგრამებიც, თუმცა ზოგი მუშაობს, ნაწილი – ვერა. პრობლემა არის არა მხოლოდ კოოპერირებაში, არამედ მის მართვაშიც. ზოგადად გუნდური მუშაობის აზროვნებაში და მუშაობის იმგვარად გადანაწილებაში, რომ მოთხოვნადი პროდუქტი შექმნან. ჩემი დაკვირვებით, მათ არ აქვთ კოოპერირების კულტურა. ზოგადად ჩვენ არ გვქონია და ახლაც არ გვაქვს ამის კულტურა. კოოპერატივში უფრო მეტი რესურსია საჭირო, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური.

  • კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ფერმერები ასახელებენ, პარტნიორის პოვნაა ევროკავშირის ქვეყნებში. 

ასეა, თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემა მანამდე იქმნება, ვიდრე პროდუქტი საექსპორტოდ გამზადდება, მაგალითად, კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დანადგარები, მაგრამ არ აქვთ ტექნოლოგიური ცოდნა ეს ტექნიკა გამოიყენონ. არც ფასწარმოქმნის და ეტიკეტირების პროცესი იციან შესაბამისად. ამას ემატება დაურეგულირებელი ბაზარი თავად საქართველოში, სადაც მომხმარებელიც არაა დარწმუნებული, რომელია ხარისხიანი პროდუქტი. ქართველი მომხმარებელიც არაა მზად გადაიხადოს ძვირი იმ პროდუქტში, რომელიც ხარისხიანია. ამ პირობებში კოოპერატივებს უჭირთ მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე ფასი შეინარჩუნონ პროდუქტზე, რომელსაც აწარმოებენ. სახელმწიფომ მაქსიმალურად კარგად უნდა შეასრულოს მედიატორის როლი ამ პროცესში და მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს. სახელმწიფომ უნდა შექმნას პრაქტიკული მაგალითები წარმატებული ბიზნესის.

  • რას გულისხმობთ „პრაქტიკულ მაგალითში“, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? 

საჭიროა უფრო ქმედითი და მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. უნდა არსებობდეს მენტორის და ზედამხედველობის სისტემა კვალიფიციური ადამიანების ჩართულობით და აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული რეგიონების სპეციფიკა კოოპერატივების მხარდაჭერის პროცესში. სახელმწიფომ ასევე ზოგადად ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია უნდა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით.

ამ პროცესმა, რაც გამოვიარეთ, აჩვენა, რომ არ გაამართლა ყველასკენ მიმართულმა პროგრამებმა. სახელმწიფომ უნდა შეარჩიოს წინა ფლანგზე მყოფი რამდენიმე საწარმო, რომლებიც მეტნაკლებად მიახლოვებულნი არიან ევროსტანდარტებთან. ტრანზაქციული დანახარჯები კომპანიებს აქვთ ძალიან დიდი იმისთვის, რომ მათ, ასე ვთქვათ, საცდელი პარტია გაუშვან ევროპის ქვეყნებში. ეს არის იმდენად დიდი თანხა, რომ საკმაოდ დიდი ზეწოლაა მეწარმეებისთვის.

  • რატომ იქნება გამართლებული ცალკეული ბიზნესმენების მხარდაჭერა, თან ფინანსურად? 

ეს უნდა იყოს ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რა ტიპის მხარდაჭერასაც სახელმწიფო შეიმუშავებს. აუცილებლად გამჭვირვალე კრიტერიუმებით უნდა მოხდეს იმ კომპანიების შერჩევა, რომლებსაც სახელმწიფო შეარჩევს. შემდეგ უკვე მოხდება ამ წარმატებული მოდელის გაზიარება ქვეყნის რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ ეს ცხადად და ნათლად დაინახონ სხვა მეწარმეებმა.

  • რამდენად სურს თავად ბიზნესს ამ მიმართულებით წასვლა? 

გასაგებია, რომ ბიზნესს ამ ეტაპზე ურჩევნია მოკლევადიანი შედეგი, მაგალითად, სამშენებლო ბიზნესში ფულის ჩადება და არა სოფლის მეურნეობაში, რომელსაც უფრო დიდი რისკები ახლავს, მაგრამ ბიზნესმა ეს უნდა დაინახოს და ადრე თუ გვიან დადგება ბიზნესი ამ ფაქტის წინაშე. საუბარია იმ ხარისხის პროდუქტის წარმოებაზე, რაზეც არის მაღალი მოთხოვნა და ამაში გადაიხდიან მეტ თანხას. თანაც, ეს გამოიღებს შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში.

  • აჭარის მაგალითზე რომ ვთქვათ, ციტრუსი მხოლოდ მცირე ოდენობით გადის ევროპის ქვეყნებში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მოცემულობას უხარისხო მოსავალს უკავშირებს; მეწარმე ამბობს, მეციტრუსე წინასწარ ვერ დავითანხმე, რომ გარანტირებულად მანდარინს მე მომყიდდაო; ფერმერს კი აღარ სჯერა, რომ მის მოსავალს ევროპის ბაზარზე გაიტანენ. რა შეცვლის ამ მოცემულობას?

ისევ ვიტყოდი, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს მედიატორის როლი. ინფორმირებულობის პრობლემა ჩანს ბევრი მიმართულებით, ამიტომაც არის საჭირო წარმატებული მოდელების შექმნა და შემდეგ მისი ჩვენება, რომ ფერმერმა დაინახოს, რა გზით არის შესაძლებელი მეტი სარგებლის მიღება. უნდა შეიქმნას ერთგვარი სისტემა, რომელიც უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. ეს მოთხოვნაა ევროპის ბაზარზე. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ასეთია, მაგალითად, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები… ამ კომპანიებს თავიანთი პარტნიორები ჰყავთ ევროკავშირის ქვეყნებში და მიწოდებაც უკვე აღარ არის პრობლემა.

  • რა გადის ყველაზე კარგად ევროპის ბაზარზე დღევანდელი მონაცემებით? 

პირველ ადგილს ისევ ინარჩუნებს ღვინო. სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან ისევ ათეულშია თხილი. არის პოტენციალი ასევე კენკროვანი კულტურების, ხილ-ბოსტნეულის… ეს პროდუქტები უკვე წარმატებით გავიდა ევროპის ბაზარზე.

ბათუმში წელს ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა

შპს „სანდასუფთავების“ მონაცემებით, 2019 წელს, იანვრის თვეში, ქუჩების დანაგვიანებისთვის ხუთი ჯარიმა დაიწერა – გადაზიდვებისას ტერიტორიის დატალახიანების გამო 1500 ლარით დაჯარიმდა ერთი სამშენებლო კომპანიაა, დანარჩენი ოთხი ჯარიმა კი ფიზიკური პირებზე დაიწერა.

გასულ წელს, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით, სულ 75 საჯარიმო ოქმი დაიწერა, გაიცა 148 წერილობითი და 93 სიტყვიერი გაფრთხილება.

წელს „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამი გაფრთხილება გაიცა.

„ახალი წლის პერიოდი იყო, ამიტომ აქტიური მუშაობა შუა თვიდან დავიწყეთ. ეს პატარა ქალაქია, როცა ერთ ობიექტს აჯარიმებ, სხვაც ხედავენ და ირგვლივ სხვა მაღაზიებიც ცდილობენ, რომ არ დაჯარიმდნენ, არავის უნდა 200 და 500 ლარიანი ჯარიმა“ – ამბობს „სანდასუფთავების“ მონიტორინგის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შოთა თოდაძე.

ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის l-ნაწილით “სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო” ადმინისტრაციული ოქმით მოქალაქე – 200 ლარით, ინდმეწარმე კი – 500 ლარით ჯარიმდება.

________________

ფოტოზე: შპს სანდასუფთავების მიერ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ფოტომასალის კოლაჟი

სად შეგიძლიათ აიცრათ აჭარაში წითელაზე უფასოდ და აიღოთ ცნობა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას აქვეყნებს, სადაც აჭარაში წითელას არაგეგმიური ვაქცინაციის მიზნით ექიმთან ვიზიტი, წითელას საწინააღმდეგო აცრა და აცრის სტატუსის შესახებ ცნობის მიღებაა შესაძლებელი უფასოდ.

ბათუმი

  • შპს ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  • შპს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ. N30
  • სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი – ბათუმის პოლიკლინიკა, მის: ს. ხიმშიაშვილის ქ N20.
  • შპს ბათუმის N4 პოლიკლინიკა მის: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N7
  • შპს ენმედიცი, მის: ი. ჯავახიშვილის ქ.N3ა
  • სს. საზღვაო ჰოსპიტალი, მის: მელიქიშვილის ქ.N102

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

  • შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი, მის: ფრ. ხალვაშის გამზირი, მე–7 შესახვევი, N3

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

  • შპს კორპორაცია ევექსი-ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო, მის: ქ. ქობულეთი, მ.აბაშიძის ქ. N18

ქედის მუნიციპალიტეტი

  • შპს კორპორაცია ევექსი – ქედის სამედიცინო ცენტრი, მის: დაბა ქედა, რუსთაველის ქ. N14

შუახევის მუნიციპალიტეტი

  •  შპს კორპორაცია ევექსი – შუახევის სამედიცინო ცენტრი, მის: დაბა შუახევი, რუსთაველის ქ. N32

ხულოს მუნიციპალიტეტი

  • შპს კორპორაცია ევექსი – ხულოს სამედიცინო ცენტრი, მის: დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ. N3

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, უქმე დღეებში აცრის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ დაწესებულებებს ბათუმში:

  • ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ. N30
  • სამედიცინო კორპორაცია ევექსი – ბათუმის პოლიკლინიკა, მის: ს. ხიმშიაშვილის ქ N20.

წითელაზე ვაქცინაცია და ვაქცინის სტატუსის შესახებ ცნობის მიღება ნებისმიერი ასაკის პირისთვის უფასოა.

ამავე თემაზე: რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან 

_______________

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

164 დევნილი ოჯახი ბათუმში ბინას მიიღებს – სამინისტროში შესულია 468 განაცხადი

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ორ 16-სართულიან ახალაშენებულ კორპუსში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში საცხოვრებელი ფართობის მიღების მოთხოვნით განაცხადები მხოლოდ აჭარის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს.

„პირველ და მეორე ეტაპზე სულ შემოვიდა 468 აპლიკაცია, ამაში შედის ე.წ. 0-ქულიანებიც, რომლის შესახებაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ  ასეთი განაცხადების განხილვა არ მოხდებოდა. შემდგომ მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა ყველა ოჯახი,“ – გვითხრა ბადრი კობალაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა, რომელიც თბილისში კომისიის მუშაობაში მონაწილეობს.

სამინისტროს ცნობით, საცხოვრებელი ფართობების განაწილების პროცესში პრიორიტეტი აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ოჯახებს მიენიჭებათ.

კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შედიან.

სამინისტროს ცნობით, დევნილი ოჯახები ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

_____________

მთავარ ფოტოზე: ტაბიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსი. 2018 წელი.

ბაგრატიონის ქუჩაზე ერთი თვის წინ დაზიანებული შუქნიშანი ისევ არ მუშაობს

ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების გადაკვეთაში არსებული შუქნიშანი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა, მერიას არ აღუდგენია. ავარია, რის გამოც შუქნიშანი დაიმტვრა, 2 იანვარს მოხდა.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე თენგიზ თებიძე, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობის გამო, ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთა შუქნიშნის გარეშე სახიფათოა.

„ერთი შუქნიშანი ავარიის დროს მოიგლიჯა, დანარჩენი სამიც ჩაქრა. მუნიციპალური ავტობუსი, რომელიც მუდმივად გადატვირთულია მგზავრებით, ბავშვებით, უსაფრთხოდ ვერ კვეთს ქუჩას. რამდენიმე წუთი ელოდება, რომ იქნებ რომელიმე ავტომანქანამ დაუთმოს გზა. ასეთი მდგომარეობაა მთელი თვე. აქვეა სკოლა, საბავშვო ბაღი და ბავშვებს ამ „ბონდის ხიდზე“ უწევთ გადაადგილება“, – გვეუბნება თენგიზ თებიძე.

მოქალაქე ამბობს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად 112-ში დარეკა, საპატრულო პოლიციაში კი უთხრეს, რომ მოთხოვნა ბათუმის მერიას გადაუგზავნეს.

ბათუმში შუქნიშნებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ფუნქციებში შედის. როგორც ამ ორგანიზაციის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, უკვე დაწყებულია ამ საკითხზე მუშაობდა და „შუქნიშნის პრობლემა დაახლოებით ერთ კვირაში მოგვარდება“.

ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების გადაკვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი თვის წინ დაზიანებული შუქნიშანი, მერიას არ განუახლებია.

ბათუმის მერია 3 მუნიციპალურ ავტობუსს ოზურგეთს გადასცემს

ბათუმის მერია თავის ბალანსზე არსებულ  სამ მუნიციპალურ ავტობუსს სახელმწიფოს უსასყიდლოდ, სახელმწიფო კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცემს.

შესაბამისი თხოვნით ბათუმის მერიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 9 იანვარს მიმართა. დღეს, 31 იანვარს კი, ბათუმის მერიამ ავტობუსების გადაცემაზე თანხმობა ქალაქის საკრებულოსგან მიიღო.

ბათუმის მერია სახელმწიფოს, შემდგომში ოზურგეთისთვის გადასაცემად სამ „ზონდას“ მარკის ავტობუსს გადასცემს. ამ ავტობუსებს პერიოდული ტექნიკური დათვალიერება გავლილი არ აქვს.

 

ბათუმის მერიას ხუთი ავტობუსი 2018 წლის ნოემბერშიც მოსთხოვეს ქალაქ ფოთისთვის გადასაცემად. როგორც ფოთის, ასევე, ოზურგეთის მერი ქონების ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილ წერილში მიუთითებენ, რომ „ავტობუსების რაოდენობა არ არის საკმარისი მოსახლეობის მომსახურებისთვის, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მათ სამართლიან უკმაყოფილებას“. ორივე მერი მიუთითებს, ასევე, რომ მათ ახალი ავტობუსების შესაძენად არ აქვთ ფინანსური რესურსი.

ამ თემაზე:

მოძველებული საინფორმაციო დაფები და სხვა შენიშვნები ბათუმის ავტოტრანსპორტის მისამართით

მერია ბათუმის ისტორიულ ნაწილში გარევაჭრობის წესებს შეიმუშავებს

მერია ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში გარევაჭრობის წესებს შეიმუშავებს, დღეს საკრებულომ მერიისთვის შესაბამისი გეგმარებითი დავალების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია  ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში ორგანიზებული გარევაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ობიექტების არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესება.

გარე ვაჭრობის საკითხებს ბათუმში სპეციალური ნორმატიული აქტი  არეგულირებს, თუმცა მერიაში მიიჩნევენ, რომ ამ აქტში ხარვეზებია, რის გამოც სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. კონკრეტულად კი დაუზუსტებელია გარე ვაჭრობის ადგილები, სავაჭრო ინვენტარის სტანდარტი და საზოგადოებრივი სივრცეების პარამეტრები.

მერიის ინფორმაციით, გეგმის შემუშავებაში შესაბამის სამსახურებს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე დაეხმარება.

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა ორგანიზაციამ თანამშრომლის საპენსიო შენატანი

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ის 2%, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელით უნდა გადაირიცხოს დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე?

ამ კითხვაზე საპენსიო სააგენტოში ზუსტი პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ „ორგანიზაციამ ეს თანხა უნდა მოიძიოს“.

იურისტის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით მომგებიანი და არამომგებიანი ორგანიზაციების [დაბეგვრის კუთხით] თანაბარ პირობებში ჩაყენება არ არის შესაბამისობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპთან.

საუბარია არამომგებიან [არაკომერციულ] იურიდიულ პირზე, როცა მას არ აქვს თავისუფალი სახრები, აქვს მხოლოდ საგრანტო შემოსავლები [ამასთან, საგრანტო პროექტებში არ აქვს გათვლილი ადმინისტრაციული ხარჯები] და ამ გრანტისგან გასცემს ხელფასს.

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ რადგან დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი არსებობს, გრანტში უნდა იყოს გათვალისწინებული ის 2%-იც, რომელსაც ორგანიზაცია თავისი სახელით უხდის დამსაქმებელს:

„გრანტში უნდა იყოს თანხა გათვალისწინებული, რომ ამ 2%-ის გადახდა შეძლოს ორგანიზაციამ. ალბათ, დონორთან შეთანხმებით უნდა გამოიყოს ის თანხა გრანტიდან, რითაც 4-ვე პროცენტს გადაიხდის ორგანიზაცია – 2%-ს დამსაქმებლის ხელფასის ხარჯზე და 2%-ს ორგანიზაციის ხარჯზე“.

„არამომგებიანი ორგანიზაციები იმავე დაბეგვრის რეჟიმში არიან, როგორც მომგებიანი კომერციული ორგანიზაციები. კარგი იქნებოდა, კანონის შემუშავების პროცესში ეს კონკრეტული ვითარება საგამონაკლისო წესით ყოფილიყო გათვალისწინებული და ამ ტიპის ორგანიზაციებისთვის ყოფილიყო შეღავათები. მითუმეტეს, საგადასახადო მიმართულებით ასეთ შეღავათებს საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს. მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები, რომლებიც გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან და არ ხდება მისი დაბეგვრა,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, იურისტი. – „ასეთი შეღავათით კანონმდებლობა იმ ფინანსურ ტვირთს ააცილებდა არამომგებიან ორგანიზაციებს, რაც დღეს აქვთ. ვინაიდან ვთანხმდებით, რომ სამოქალაქო სექტორი არ არის მოგებაზე ორიენტირებული, აქედან გამომდინარე, ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული“.

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, საპენსიო შენატანი დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვა სამოქალაქო გაერთიანებებს, არამომგებიან ორგანიზაციებს, რომელთა თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს 30-50-100 ადამიანსაც. ამიტომ, მათთვის ლავირება უნდა იყოს იმ რესურსების გამოძებნა ისევ საერთო კონსენსუსით და შეთანხმებით მიღწეული. არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არიან გაერთიანებაზე დაფუძნებული, შესაბამისად, ამ ადამიანებმა ისევ საკუთარი რესურსებიდან უნდა გაიღონ ეს ხარჯები, რათა გარკვეულწილად მათ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

რამდენად სწორი იქნება, თუ ორგანიზაცია საპენსიო ფონდში ორგანიზაციის მიერ გადასახდელ 2%-ს გადაიხდის დასაქმებულის ანაზღაურებიდან, დასაქმებულის თანხმობით?

გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით, რაიმე ტიპის შეთანხმება, ანუ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის დარწმუნება, რომ მან გარკვეული პასუხისმგებლობა ან ტვირთი აიღოს ამ ტიპის საპენსიო შენატანებზე, არის აკრძალული. თუმცა, იურისტის თქმით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დიდი წილი დაფუძნებულია წევრობაზე:

„ასეთ ორგანიზაციებში გარკვეული ლავირება შესაძლებელია, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღება კონსესუსის ნიადაგზე ხდება და ტიპიური დამსაქმებელი და დასაქმებული ამ შემთხვევაში არ გვაქვს. ამიტომ, აქ არის შესაძლებლობა და რაღაც რესურსი. მეორე შემთხვევაში, ალბათ, მოხდება რაღაც ტიპის შეთანხმება გრანტის გამცემთან, რომ გარკვეულწილად ფინანსური რესურსით დახმარება გაუწიოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაგრამ, თუ არც ერთი შემთხვევა გვექნება და არც მეორე, მაშინ გამოდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაცა ტიპის რესურსების გადანაწილებაზე მოუწევთ ფიქრი, თუმცა ეს ფიქრი არ იქნება მარტივი“.

„მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი არ მიმაჩნია იმ ნორმად, რომელსაც საზოგადოება ეთანხმება, ამ კანონის ამოქმედების პროცესშში უნდა ყოფილიყო გარკვეული საშეღავათო პირობები ჩადებული, რათა არ მომხდარიყო არასამთავრობო ორგანიზაციების გათანაბრება მომგებიან სამეწარმეო, თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებთან. ამ შემთხვევაში კანონმა უნდა დაუშვას გამონაკლისები და ასეთებს იცნობს საერთაშორისო კანონმდებლობაც და საგადასახადო კანონმდებლობაც,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი.

„როცა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მომზადდება, შესაძლოა ესეც შევიდეს… არის პუნქტები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს და მიდის მუშაობა. საკითხები, რომლებიც ამ შემთხვევაში აწუხებს არამომგებიან ორგანიზაციებს, რაც, მათი აზრით, პრობლემურია, ამ საკითხების შესახებ წერილობით მოგვწერონ სააგენტოს დირექტორის სახელზე და კანონში ცვლილებების დროს შეიძლება ყველაფერი დავალაგოთ და გავითვალისწინოთ, რაც მისაღები იქნება“, – გვითხრეს საპენსიო სააგენტოში.

როგორ მოიძიონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამატებითი ფინანსები საპენსიო ანგარიშებზე გადასარიცხად? – ამ კითხვაზე პასუხი ვერც შემოსავლების სამსახურისგან მივიღეთ. ამ სამსახურმა პასუხის მისაღებად საპენსიო სააგენტოში გადაგვამისამართა.

არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით კანონში სახელმწიფომ საჯარო უწყებები გაითვალისწინა.

2019 წლის განმავლობაში, კერძო სექტორში დასაქმებულებისგან განსხვავებით, საჯარო უწყებაში დასაქმებულების [სამინისტრო, დეპარტამენტი, მერია, სახელმწიფო თუ მუნიციპალური ააიპ და აიპ-ები, სკოლები, ბაღები და სხვა უწყებები] საპენსიო თანხის 4%-ს, ყოველთვიურად, სახელმწიფო ხაზინა გადარიცხავს [დამსაქმებლის 2%-ს და სახელმწიფოს მხრიდან გადასარიცხ 2%-ს].

დაგროვებითი პენსიის სქემაში თანამონაწილეობისთვის, 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული [ამაში შედის სახელმწიფოს მიერ საჯარო მოხელისთვის გადასახდელი 4% და ასევე სხვა დასაქმებულების, თუ თვითდასაქმებულებისთვის გადასახდელი 2%].

ამ თემაზე:

როგორ გადაიხდით საპენსიო შენატანს და რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

https://netgazeti.ge/news/335452/

 

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

 

თქვენს 2019 წლის 23 იანვრის ელექტრონულ წერილთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსებას ახორციელებენ დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

 

მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:

 

– დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

 

– დამსაქმებელი მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

 

– სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს 2 პროცენტს.

 

დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელფასის ნაღდი ფორმით გადახდისას დამსაქმებელი როგორც დასაქმებულის სასარგებლოდ, ისე დასაქმებულის სახელით, ამ კანონის შესაბამისად გამოითვლის საპენსიო შენატანს და ხელფასის გაცემისას მას საპენსიო სააგენტოში მიმართავს.

ამასთან, დაგროვებითი პენსიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღბად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საპენსიო ფონდის ცხელ ხაზს: 2197676
გისურვებთ წარმატებებს 

შემოსავლების სამსახური

კომპანია ალიანს სიტი „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „ალიანს სიტიმ“ მიიღო ნებართვა „ბათუმი სიტისგან“ მერიაში დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ეგრეთ წოდებული ლუჟკოვის სახლის დანგრევასა და ახალი მშენებლობის წამოწყების ნებართვის მიღებაზე. „ბათუმი სიტი“ ამ შენობის მესაკუთრეა. კომპანიებს შორის მოლაპარაკების სხვა დეტალების შესახებ ბათუმის მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ. 

ბათუმის საკრებულოში დღეს შესაბამისი განაშენიანების რეგულირების მომზადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭირეს, წინააღმდეგი მხოლოდ ოპოზიცია იყო.   ეს სახლი მდებარეობს ზღვის სანაპიროზე და  მერიის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 18 ათასი კვადრატული მეტრია, ხოლო თავად შენობა – 36 000 კვადრატული მეტრი.

შენობა ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში აშენდა და ის მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლის კომპანიამ ააშენა. დღემდე ამ უზარმაზარ შენობას არც ერთი მობინადრე არ ჰყოლია.

ქონების მესაკუთრე დღეს „ბათუმი სიტია“, რომლის 100% წილს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია“ ფლობს, რომელიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაშია. ამ უკანასკნელის 100% წილს კი ფლობს „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედი“, რომელიც მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

2006 წელს ეს ქონება კომპანია „აჭარინვესტმა“ აუქციონზე შეისყიდა 52 ათას ლარად. „აჭარინვესტის“ დამფუძნებელი ჰოლდინგი იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“. ამავე წყაროს მიხედვით, ეს ინდუსტრიული ჯგუფიც 2006 წელსაა დაარსებული. მისი მფლობელი კი ოფშორულ ზონაში, კერძოდ მარშალის კუნძულებზე, 1994 წელს დაარსებული კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალ ლიმიტედია“. ამ კომპანიას ჰყავს ერთადერთი ქართველი პარტნიორი, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი.

მოცემული ტერიტორია განეკუთვნება საცხოვრებელ ზონას, სადაც დასაშვებია შესაბამისი შენობა-ნაგებობის განთავსება. ამჯერად კომპანია, რომელიც მესაკუთრესთან შეთანხმებით ახალი მშენებლობის განხორციელებას გეგმავს, მიწის ნაკვეთზე ზონის სტატუსის შეცვლას და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

მერიის ინფორმაციით, პროექტი უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეჩერებული მშენებლობის ახალი საპროექტო წინადადებით განვითარებას, არსებული შენობის შესაძლო დემონტაჟსა და მიწის ნაკვეთზე ახალი აპარტამენტების, საცურაო აუზების, ლაუნჯების, საოფისე ფართების, მაღაზიების, რესტორნების ტურისტული და სპორტული ობიექტების დაპროექტებას. მიწისქვეშა სივრცეში, ასევე, დაგეგმილია არანაკლებ 450 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ახალი პროექტი მაღლივი იქნება. მისივე განმარტებით, მერიისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ამ ნაწილში ზღვის ხედი არ ჩაიკეტოს.

კომპანია „სიტი ალიანსი“ 2019 წლის 14 იანვარს დააფუძნეს, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი „ალიანსის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილია, კომპანიის დირექტორი კი „ალიანსის“ დირექტორი აკაკი სონგულია.

 

„ბათუმის წყალი“: ინფორმაცია ბათუმში სასმელი წყლის დაბინძურებაზე არ არის სიმართლე

„ბათუმის წყალი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ბოლო დღეა ვრცელდება ფეისბუქზე.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბათუმში სასმელი წყლის ხარისხის დაბინძურებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არ შესააბამება სიმართლეს.

შპს „ბათუმის წყლის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მიერ, 24-საათიან რეჟიმში, ყოველდღიურად ხდება სასმელი წყლის ხარისხის გადამოწმება დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის თანახმად.  წყლის ხარისხი შეესაბამება ნორმატივებს და არ ფიქსირდება რაიმე სახის ცდომილება.

შპს „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ISO 17025-ის მფლობელია. ISO სტანდარტების და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მოთხოვნების შესაბამისად ყოველწლიურად მიმდინარეობს მონიტორინგი.

დამატებით, შპს „ბათუმის წყლის“ აბონენტებს ვაცნობებთ, რომ სახლში წყლის ხარისხი შემოწმების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქოლცენტრის ნომრებზე (0422) 24 22 22, ან 1152 ლაბორატორიის წარმომადგენლების მიერ მოხდება წყლის ხარისხის შემოწმება დადგენილი სტანდარტების მეშვეობით, რის შემდეგაც მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში – რამდენად მასშტაბურია პრობლემა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ღამის განათება არ მუშაობს. განათება გამორთულია, შესაბამისად, სიბნელეში უწევთ გადაადგილება მოქალაქეებს შემდეგ ქუჩებზე: ლადო ასათიანის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, რურუას, ჩოლოყაშვილის, ტბეთის, პარიზის კომუნას და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე. დაახლოებით ათი ჩაბნელებული ქუჩის შესახებ აცნობეს „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა.

მოქალაქე დავით ყულეჯიშვილი წერს, რომ თამარის დასახლებაში, ტბეთის ქუჩაზე, დიდი ხანია გამორთულია ღამის განათება.

კიდევ ერთი მოქალაქე, ია ბასილაძე წერს, რომ ღამის განათება დიდი ხანია არ მუშაობს სულაბერიძისა და ჩოლოყაშვილის ქუჩაზე.

„გაურკვევლობაში ვარ. ასეთივე მდგომარეობაა დიმიტრი თავდადებულისა და ბესიკის კვეთაშიც. როდემდე უნდა ვიყოთ სიბნელეში“, – წერს ის „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე.

მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ჩაბნელებულ ქუჩებზე საერთოდ გამორთულია შუქნიშანი, რაც განსაკუთრებით ფეხით მოსიარულეებისთვის ქმნის რისკებს.

ჩაბნელებული ქუჩები არის სახიფათო და შესაბამისად, „კარგი გარემო“ დამნაშავეებისთვის. კიდევ ერთი საკითხი, რაც მოქალაქეებს აწუხებთ, ეს არის კრიმინალის გაზრდის მაღალი რისკი.

მოქალაქეების თქმით, მათ მერიასაც მიმართეს ამ საკითხზე, მაგრამ ღამის განათებების გამორთვის მიზეზთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მიიღეს.

„ბათუმელები“  დაუკავშირდა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს. როგორც ამ სამსახურში განაცხადეს, აღნიშნულ ქუჩებზე ღამის განათებების გათიშვის მიზეზი „ტექნიკური ხარვეზია. მოკვლეულია ყველა პრობლემა და უახლოეს ერთ კვირაში განათება აღდგება“.

 

„ბათუმობა“ წელს 28 აპრილს გაიმართება

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა „ბათუმობის“ დღესასწაულის გამართვის თარიღი. ამიერიდან „ბათუმობა“ ნაცვლად სექტემბრის დასაწყისისა, 28 აპრილს გაიმართება.

28 აპრილს ბათუმობის აღნიშვნა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივაა. ამის შესახებ ქალაქის მერმა შარშან განაცხადა. თარიღი ქალაქის მერმა ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირა.

მაშინ მერმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოკითხვაც ჩაატარა და მოსახლეობას ჰკითხა, როდის უნდა აღინიშნოს ბათუმობის დღესასწაული, სექტემბრის დასაწყისში თუ 28 აპრილს. გამოკითხვაში 556 ადამიანიდან 72-მა პროცენტმა ხმა „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნას მისცა.

„1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

გვსურს გავიგოთ მოსახლეობის აზრი „ბათუმობის“ დღესასწაულის ქალაქის სტატუსის მინიჭების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. „ბათუმობის“ 28 აპრილს აღნიშვნა უფრო მეტ ხალისს შესძენს ამ დღესასწაულს, რადგან გაზაფხული სიცოცხლესთან, სიახლესთან და სინათლესთან ასოცირდება,“ – აღნიშნული იყო ბათუმის მერის ფეისბუქგვერდზე.

შესწორება: თავდაპირველად ითქვა, რომ რადგან მიმდინარე წლის 28 აპრილი ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს, წელს „ბათუმობა“ გაიმართებოდა მაისის დასაწყისში, თუმცა მალევე საკრებულოში გვითხრეს, რომ „ბათუმობა“ გაიმართება 28 აპრილს.

______

მთავარ ფოტოზე: „ბათუმობა“ 2018. ფოტო ბათუმელების არქივიდან.

ბათუმის ბიუჯეტი იზრდება – რაში დაიხარჯება ფული

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. პროექტის თანახმად , რომელსაც საკრებულო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს, ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტი 7 მილიონ 675 ათას 200 ლარით გაიზრდება. ძირითადი თანხა გადანაწილდა მრავალწლიანი გარდამავალი ღონისძიებების ზრდასა და ახალ მუნიციპალურ პროექტებზე, მათ შორის:

  • მრავალსართულიან/მრავალბინიან სახლებში არსებული ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟი და ახალი ლიფტების მონტაჟი
  • ახალი ლითონის ჭიშკრების შეძენა/მონტაჟი
  • მრავალსართულიანი/მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებში სადარბაზოს კარებისა და ელექტროსაკეტების მოწყობა
  • ბათუმის ტერიტორიაზე არსებული ავარიული სახლების ექსპერტიზა
  • პარკების, მოედნების, სკვერების, ეზოებისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა [იზრდება დაფინანსება]
  • სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა [იზრდება დაფინანსება]
  • ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებული სკვერის – ნეკერჩხლის პარტერის სარეაბილიტაციო სამუშაოები და გარე გამოყენების ქსელური კამერების შესყიდვა-მონტაჟი
  • ბათუმის ღია ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში-შავი ზღვის თასი [დაემატა ახალი ღონისძიება]
  • თავდადებულის ქ. #35-ში მდებარე შენობის [კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის] რეაბილიტაცია. პროექტი განხორციელდება 2019-2020 წწ-ში. ბიუჯეტი – 965,595 ლარი
  • ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარება [დაფინასება იზრდება]
  • 18 წლის ასაკის ჩათვლით შშმ მოვლის საჭიროების მქონე პირთა მატერიალური დახმარება – ითვალიწინებს 50 ბენეფიციარისთვის მატერიალური დახმარების გაწევას

გარდა ამისა, დღეს უნდა დაამტკიცონ „2019 წლისათვის ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხის გამოყოფას აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.

ამ ფონდიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება: ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია – ბიუჯეტი 1 მილიონ 999 ათას 987 ლარი და ლერმონტოვის ქუჩის #96-ის მიმდებარედ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

__________

მთავარ ფოტოზე: სხდომა ბათუმის საკრებულოში. ცაგო კახაბერიძის ფოტო

თებერვლის პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 31  იანვრის 21 საათიდან პირველი  თებერვლის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა, მაღალ მთაში კი – თოვლი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 2 თებერვალს ღამით და დილით  მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა. მომდევნო 2 დღეს კი, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_______________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო

„ჭორი მეგონა ჯერ, სახტად დავრჩი“, – რეპეტიტორები საატესტატო გამოცდების გაუქმებაზე

„გახარებული დამხვდნენ ბავშვები – რომ გვეუბნებოდით, ისწავლეთ, თორემ გამოცდაზე გაგიჭირდებათო, აღარ გვჭირდება, ბატონოო… დღესაც მქონდა გაკვეთილი მეთერთმეტეში და გამიკვირდა: მომზადებული დამხვდნენ. იცით, როგორ არის, მგონი, ინერციით მივდივართ. მეთერთმეტეში უხარიათ, რომ რაღაც შეძლეს და ისწავლეს. მეათე კლასში უფრო გახარებული არიან. მათ უკვე აღარ უნდოდათ წიგნის გადაშლა,“ – ამას ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ნუკრი კობახიძე გვიყვება. ის ერთ-ერთი პედაგოგია მათ შორის, რომელიც განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილების შემდეგ სკოლის მოსწავლეებს ვეღარ მოამზადებს – ქიმიაში გამოცდა აღარ იქნება.

ქიმიის გარდა მოსწავლეები გამოცდებს არც გეოგრაფიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში ჩააბარებენ. ამ საგნებში გამოცდა მეთერთმეტე კლასის დასრულების დროს ტარდებოდა. საატესტატო გამოცდის დანარჩენ ოთხ საგანს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, მათემატიკა და ისტორია – მოსწავლეები მეთორმეტე კლასში აბარებდნენ.  მოსწავლეებს მომავალი წლიდან არც ეს გამოცდები ექნებათ, თუმცა უმაღლესში მოსახვედრად მათ ამ საგნებში ცოდნას შეუმოწმებენ.

რას ფიქრობენ განათლების სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებაზე ის პედაგოგები, რომლებიც რეპეტიტორობდნენ და ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო? – „ბათუმელებმა“ ეს კითხვა იმ პედაგოგებს დაუსვა, რომელთა საგნების ჩაბარება მოსწავლეებს აღარ მოუწევთ. რეპეტიტორებიდან მხოლოდ ზოგიერთი ამბობს იმას, რომ დაზარალდა, როცა შუა სასწავლო წელში კერძო გაკვეთილების გარეშე დარჩა. პედაგოგებს აქვთ საერთო აზრი – „რეფორმა მოულოდნელი იყო, დაუგეგმავი, გაუგებარი…“

„გამოცდით მინიმალური კომპეტენცია მაინც დგინდებოდა და არ წარმოადგენდა ეს დიდ სირთულეს. ვფიქრობ, რაღაც ფორმით უნდა არსებობდეს გამოცდა. რაც შეეხება მოსწავლეებს, რომლებსაც ცალკე ვამზადებდი, ისინი მიდიან, თუმცა არიან გამონაკლისები: მაინც მინდა ვიმეცადინო, ვიცი, დამჭირდებაო. ახლაც წინ მიზის ერთი მოსწავლე, ცოტა ხნით მაინც ვივლი ისევო.

ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარება უნდა დაწყებულიყო მასწავლებელთა გადამზადებით და დატრენინგებით. მასწავლებელი თუ არ მომზადდა, მოსწავლე ყოველთვის ივლის რეპეტიტორთან,“ – მიიჩნევს ნუკრი კობახიძე, ქიმიის მასწავლებელი.

„ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ფეისბუქზე რომ დაიდო, ვიფიქრე, მორიგი ჭორია-მეთქი, მერე დადასტურდა და სახტად დავრჩი“, – გვიზიარებს თავის რეაქცია განათლების მინისტრის ახალ ბრძანებაზე მეხუთე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ქეთევან ბასილაძე. იგი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრი სხვა რეპეტიტორისთვისაც იქნება ფინანსური ზარალის მომტანი.

„მე უფრო ვმუშაობდი მათემატიკასა და ზოგად უნარებზეც. სამომავლოდ ჩემზეც აისახება. შუა წელში ამის გაკეთება ძალიან ნაჩქარევია,“ – მიიჩნევს ის. ქეთევან ბასილაძის აზრით, ამ გადაწყვეტილებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებები დაიჩაგრება და განათლების სამინისტროს პედაგოგთა გამოკითხვის და საკითხის გააზრების შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

კერძო მოსწავლეების წასვლას არ დარდობს ერგეს საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი, ნანა ვარდმანიძე. ის ელის, რომ ამ პროცესით სკოლის მიმართ ნდობა გაჩნდება და რეპეტიტორები აღარ იქნება საჭირო.

„საატესტატო გამოცდებს არ ვთვლიდი მე გამართლებულად. იყო მოსწავლე, რომლის ცოდნის დონეც იყო სუსტი, იქ არ ვიცი, როგორ რა და იგივე შედეგს იღებდა, როგორც ის მოსწავლე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში საგანს სწავლობდა. მე ვთვლი, რომ სკოლებმა უნდა აიღონ რაღაც პასუხისმგებლობა და გამოცდები ჩაატარონ მიზნობრივად, რაც შესაბამისობაში იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. თუ სკოლას უნდა, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, ის ჩაატარებს ობიექტურ გამოცდას. იყო დრო, საერთოდ არ იყო გამოცდები და მე ჩემს საგანში ვატარებდი გამოცდას.

შესაძლოა, დავზარალდი იმით, რომ რეპეტიტორი ვეღარ ვიქნები ისე აქტიურად, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. თუ საერთო საქმეს სჭირდება, არაა პრობლემა. მე მაღელვებს ის, რომ დაკნინება ხდება საბუნებისმეტყველო საგნების. მაგალითად, სამედიცინოზე ვინც აბარებს, მან ბიოლოგია და ქიმია უნდა ჩააბაროს, წესით,“ – გვითხრა ნანა ვარდმანიძემ.

„არაფრის მომცემი იყო ეს გამოცდა. საქართველოს და მსოფლიო რუკების ცოდნა სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოსწავლეს გამოცდა ჩაებარებინა. მოსწავლეს გარტყმის პრინციპითაც შეეძლო გადაელახა ბარიერი,“ – აღნიშნავს მეხუთე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, მერი ქათამაძე. ის აბიტურიენტებს ამზადებს გეოგრაფიაში და აქვს მოლოდინი, რომ კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლები, მაგალითად, საზღვაო აკადემია, ან უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი დამატებით საგნად მიუთითებენ გეოგრაფიას და რეპეტიტორობის გარეშე მაინც არ დარჩება.

„თუკი არ დარჩება, არც მაგაზე მოვიკლავ თავს. ეს იყო ჩემთვის დამატებითი შემოსავალი. არ მყოლია იმდენი მოსწავლე, რომ ვაიმე, დამექცა თავზე ზეცა-მეთქი, ასე არ არის,“ – დასძინა მან.

გეოგრაფიის კიდევ ერთი რეპეტიტორი და „მასტერ კლასის“ პედაგოგი მიშა ჟორჟოლიანი პირდაპირ ამბობს, რომ ფინანსურად დაზარალდა:

„ისეთი ცხოვრებაა, ყველას აქვს თავისი თითოეული თეთრი გათვლილი, მასწავლებელს მით უმეტეს. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ვალი ჰქონდა რეპეტიტორს – ბანკის თუ მეზობლის. შუა სასწავლო წელში ამის უცაბედად გაკეთება, კვანტის გამოკვრას ჰგავდა მასწავლებლისთვის. ხომ შეიძლებოდა წლის დასაწყისში ამის დაანონსება. მასწავლებლებს სექტემბრიდან დაწყებული გაანგარიშებული აქვთ თავიანთი სამომხმარებლო კალათა.

ჩემი აზრით, პირველ რიგში, ზარალდება ბავშვი, სახელმწიფო და შემდეგ მასწავლებელი. კარგი იქნებოდა, თუკი გაირკვეოდა, საერთოდ რა კონცეფციასთან გვაქვს საქმე, გაშალაშინდებოდა იდეა და მერე მიეღოთ გადაწყვეტილება. ახლა ამის დრო არ იყო ნამდვილად,“ – მიიჩნევს მიშა ჟორჟოლიანი.

რადიკალური პოზიცია აქვს ფილოსოფოს ლალი ანთიძეს. იგი ბათუმში ზოგადი უნარების ერთ-ერთი ცნობილი მასწავლებელია. მან საუბრის დასაწყისშივე გვითხრა, რომ მისი პოზიცია შესაძლოა მიკერძოებულად აღიქვან, რადგან გამოცდა ზოგად უნარებშიც უქმდება. ლალი ანთიძეს რამდენიმე მიმართულებით აქვს კითხვა განათლების სამინისტროსთან:

„ახალი არაფერია ამაში, რასაც განათლების სამინისტრო გვთავაზობს, ეს არის გუშინდელი დღე… მე სისტემატურად ვეცნობი ყველა მასალას, რაც გამოცდების ბოლოდროინდელ პროცესს უკავშირდება. ვერ ვნახე ვერსად, რა კონცეფციას ეფუძნება ეს რეფორმა, რა კონკრეტული ღონისძიებებით ვაპირებთ ჩვენ, მაგალითად, სკოლის გაძლიერებას? ეს უპასუხო კითხვები ძალიან საეჭვოს ხდის რეფორმის იდეას…

მე მგონია, რომ ძლივს დავძლიეთ ის პერიოდი, როცა ცოდნის მიღება არავის აინტერესებდა სკოლაში. ახლა კი ისევ რუსულ მოდელზე ვბრუნდებით, სადაც ზოგად უნარებზეც უარი თქვეს. ჩვენ გვინახავს და ვიცით, რას აკეთებდა სკოლა, როცა არ იყო საატესტატო გამცოდები. პირდაპირ კორუფციის საფრთხე არსებობს, როცა მასწავლებლის ნიშანზეა დამოკიდებული ატესტატის აღება. მასწავლებლების დიდი უმრავლესობა საგნობრივ გამოცდას ვერ აბარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფული, რაც აქამდე იხარჯებოდა რეპეტიტორებთან ცოდნის მიღებაში, ახლა დაიხარჯება ნიშნის მისაღებად პედაგოგებისთვის საჩუქრებში, დამრიგებლისთვის ბრილიანტის ბეჭდის ჩუქებაში და ასე შემდეგ.

რაც შეეხება ზოგად უნარებს – ეს არის ყველა საგნის სწავლების შემდეგ ადამიანში განვითარებული რაციონალური უნარები, რომ მან აზრობრივი ოპერაციები წარმართოს სწორად. აქამდე უნარების შედეგზე იყო დამოკიდებული გრანტის მიღება. ახლა გრანტის მიღება ძირითად საგნებზე იქნება დამოკიდებული, ანუ ქართულსა და უცხო ენებზე. უცხო ენებში სოფლის სკოლების მოსწავლეები საშუალოდ 35 ქულას იღებდნენ, ქალაქის სკოლების მოსწავლეები – 60. გამოდის, რომ სახელმწიფო უთანასწორო პირობებში აყენებს ქალაქის და სოფლის სკოლის მოსწავლეებს – მასწავლებელთან მომზადების გარეშეც სოფლის სკოლის მოსწავლეს შეეძლო წარმატებით ჩაებარებინა ზოგადი უნარების გამოცდა, რადგან ეს არაა საგანი, ინგლისურისგან განსხვავებით.

ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა ბოლომდე მიეყვანათ “8+1“ რეფორმის პროცესი, საატესტატო გამოცდები დაეტოვებინათ და ეროვნულები მოეხსნათ.

სისტემა უნდა მუშაობდეს და იგი არ უნდა იყოს ბატიაშვილზე, ან პაპიაშვილზე დამოკიდებული, თორემ განათლების სისტემაში დაშვებული შეცდომა 12 წლის შემდეგ დაგვანახებს შედეგს“.

 

 

 

 

აჭარის ტელევიზიამ გათავისუფლებული მენეჯერი სამსახურში დააბრუნა

„აჭარის ტელევიზიამ“ სამსახურიდან გათავისუფლებული მენეჯერი – ირაკლი ბარამიძე ტელევიზიაში დააბრუნა. ბრძანებას ტელევიზიის დირექტორმა, ნათია კაპანაძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან განჩინების მიღების შემდეგ მოაწერა ხელი. პირველი თებერვლიდან ირაკლი ბარამიძე ისევ მიმდინარე მაუწყებლობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იმუშავებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს „ირაკლი ბარამიძის საქმე“ ჯერ არ განუხილავს, თუმცა სასამართლომ წინმსწრებად დააკმაყოფილა ტელევიზიიდან გათავისუფლებული მენეჯერის სამსახურში დაუყოვნებლივი აღდგენის მოთხოვნა.

„ეს ბრძანება იმოქმედებს საერთო სასამართლოებში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე,“ – განმარტავს გია ქარცივაძე, „აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. მისივე თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპენსაციის დაუყონებლივ მიღების მოთხოვნა.

ირაკლი ბარამიძეს აჭარის ტელევიზიამ მას შემდეგ შეუწყვიტა შრომითი კონტრაქტი, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოკამერა ქორწილში აღმოჩნდა. ეს შემთხვევა 2017 წლის 23 მარტს მოხდა. არასამუშაო დღეს ირაკლი ბარამიძემ საინფორმაციო სამსახურის ოპერატორს – მინდია მალაყმაძეს, რომელიც იმ დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ქორწილს იღებდა, ტელევიზიის ვიდეოკამერა გაატანა და ბოტანიკურ ბაღში ე.წ. სატელევიზიო არტის გადაღება დაავალა. „აჭარის ტელევიზია“ სასამართლოში აცხადებდა, რომ ირაკლი ბარამიძეს არ ჰქონდა უფლებამოსილება, რომელიმე თანამშრომლისთვის ვიდეოკამერა გაეტანებინა, ირაკლი ბარამიძე კი ამბობდა, რომ კამერა თანამშრომელს არტის გადასაღებად გაატანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო „ირაკლი ბარამიძის საქმის“ განხილვას 6 თებერვლიდან დაიწყებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი, „აჭარის ტელევიზიის“ წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის 19 სექტემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ტელევიზიის შინაგანაწესის დარღვევა დაინახა, მაგრამ დისციპლინირების ყველაზე მკაცრი ფორმა – სამსახურიდან გაშვება, შესაბამის ღონისძიებად არ მიიჩნია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ბარამიძის სარჩელი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ნაწილში. საუბარია ნათია კაპანაძის ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე ირაკლი ბარამიძის სამსახურიდან გაშვების შემდეგ.

ირაკლი ბარამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აპირებს ტელევიზიაში დაბრუნებას.

ბათუმში, 14 სახლში, ადამიანები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ბათუმში, 14 მრავალბინიან სახლში, ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია –  ინფორმაცია მერიაში დაგვიდასტურეს. თუმცა აქ ამბობენ, რომ ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ექსპერტიზის ბიურო მერიაში დასკვნების გაგზავნას ჯერ კიდევ აგრძელებს.

მდგრადობის თვალსაზრისით საეჭვო სახლები მერიის სერვისცენტრებმა აღწერეს. ვიზუალური მონაცემების მიხედვით, ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ უბანში 99 სახლი შეარჩიეს. გადამოწმების შემდეგ მერიაში ეს ციფრი ოცდაათამდე შეამცირეს, რომელთა მდგრადობის შემოწმება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთეს.

სამხარაულის ბიუროს დასკვნით, ამათგან 14 სახლში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინფორმაციით, იმ ავარიულ სახლებში მცხოვრებლებისთვის, რომელთა სახლებიც გამაგრება-გარემონტებას არ ექვემდებარება, მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს ახალი ბინების შეთავაზებას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდიდან. იმ შემთხვევაში, თუ ბინები იქნება გაურემონტებელი, მერია მათ დამატებით გადასცემს რემონტისთვის საჭირო თანხას – ერთ კვადრატულ მეტრზე 250 ლარს.

ამ ინიციატივით მერიამ ბათუმის საკრებულოს  უკვე მიმართა, თუმცა საკითხის განხილვა უმრავლესობის წევრების მოთხოვნით გადაიდო. მერს ვკითხეთ იმის შესახებაც, არიან თუ არა ავარიული სახლების ტერიტორიებით მშენებელი კომპანიები დაინტერესებულები. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მერია სიამოვნებით განიხილავს მათ წინადადებებს, თუ ისინი მოსახლეობის ინტერესებსაც დააკმაყოფილებენ.

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

 

 

 

ჩაბნელებული ქუჩები ბათუმში

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე აცხადებს, რომ თითქმის ერთი თვე მათ ქუჩაზე და ასევე, ლადო ასათიანის ჩიხში გარე განათება გამორთულია.

მოქალაქის თქმით, ქუჩის მცხოვრებლებმა რამდენჯერმე დარეკეს ბათუმის მერიაში, მაგრამ მდგომარეობა ამ დრომდე არ შეცვლილა – ქუჩები [ასათიანის ქუჩის ნაწილი, ლადო ასათიანის ჩიხი, მელიქიშვილის ქუჩის ნაწილი და ასევე ბაგრატიონის ქუჩის ნაწილი] დღემდე ჩაბნელებულია.

„ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ რიგია და როცა მოვა ჩვენი რიგი, აუცილებლად შეაკეთებენ გარე განათებას, მაგრამ უკვე ერთი თვეა ამ მდგომარეობაში ვართ და არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე“, – ამბობს მოქალაქე.

მთავარი ფოტო: ჩაბნელებული ლადო ასათიანის ქუჩა

განათლების მინისტრი: უცხოურ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა კერძო უნივერსიტეტებსაც ექნებათ

სამეცნიერო სფეროში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, რომლის პრეზენტაცია განათლების მინისტრმა დღეს, 30 იანვარს სამინისტროში წარადგინა, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია სახელობითი სტიპენდიების დაწესება და კვლევითი ვიზიტების დაფინანსების გაზრდა (ERC, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი).

გარდა ამისა, როგორც პრეზენტაციისას ითქვა, გაიზრდება კონკურსები მოზარდთა და მოსწავლეების მონაწილეობით, „მათი ბენეფიციარები სკოლის მოსწავლეებთან ერთად სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელებიც იქნებიან“.

ELSEVIER-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა კერძო უნივერსიტეტებსაც მიეცემათ. საუბარია ისეთ ბაზებზე, როგორიცაა: Science Direct, SciVal finder, Scopus, Mendeley data.

პრეზენტაციის მიხედვით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნება EURAXESS-Georgia პორტალი, რომელიც EURAXESS-ის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.

ამავე თემაზე:

ცვლილებები, რომელსაც სამინისტრო მეცნიერების სფეროში გეგმავს

სუს-ის თანამშრომლები სადავო სამშენებლო ბიზნესში

ოთხი წლის განმავლობაში 191 ბინის მესაკუთრემ მშენებარე კორპუსში საკუთარი დანაზოგი ჩადო. ხელშეკრულებით სამშენებლო კომპანია „შენ სახლს“ მათთვის ბინები 2017 წლის ბოლოს უნდა ჩაებარებინა. მშენებლობა მეორე წელია შეჩერებულია. ბინების მომავალმა მესაკუთრეებმა არ იციან, როდის დასრულდება ეს მშენებლობა. ამასობაში, თითქმის 18-მილიონიანი ქონების მფლობელი „შენი სახლი“ 200 ლარად გაიყიდა, ისე, რომ კომპანიის მესაკუთრეებმა არაფერი იცოდნენ.

გეგმის თანახმად, ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩის #8-ში სამშენებლო პროექტის დასრულების შემდეგ კომპანიას უნდა მიეღო $6 668 000 შემოსავალი. ბათუმის მერიის მიერ გაცემული ნებართვის თანახმად, უნდა აშენებულიყო 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელზეც 7 836 437 ლარი დაიხარჯებოდა [დღგ-ს გარეშე]. ამაში არ შედიოდა კომუნალური გაყვანილობებისა და სხვა მსგავსი ტიპის ხარჯები.

ამ ეტაპზე აშენებულია 17 სართული – კარკასი, რომელსაც გარე პერიმეტრის კედლებიც კი არ აქვს ამოყვანილი.

როდის დასრულდება მშენებლობა? – „შენი სახლის“ ყოფილი დირექტორი ზაურ გოგიტიძე ამბობს, რომ ეს პროცესი წლობით გაგრძელდება და „პრობლემა მოგვარდება მაშინ, როცა სასამართლო დავა დასრულდება ან წილები დაბრუნდება“.

  • ვინ დააფუძნა კომპანია და როგორ გაიყიდა ის 200 ლარად

2014 წელს დაფუძნებულ კომპანიას „შენი სახლი“ სამი მეწილე ჰყავდა:

  • მიხეილ მურვანიძე
  • გიორგი ბოლქვაძე
  • თენგიზ გოგოლაძე
  • ზაურ გოგიტიძე – დირექტორი [თენგიზ გოგოლაძის ცოლის ძმა].

2018 წლის 28 მაისს „შენი სახლის“ ორი მესაკუთრის – გიორგი ბოლქვაძისა და თენგიზ გოგოლაძის წილები [66.7%] კომპანიის იურისტმა მინდია ალელიშვილმა თავის კოლეგა გიორგი წაქაძეს 200 ლარად მიჰყიდა. შესაბამისად, ახლა კომპანიას ორი მესაკუთრე ჰყავს – გიორგი წაქაძე და მიხეილ მურვანიძე [33.3%].

როგორ მოახერხა  მინდია ალელიშვილმა წილების გაყიდვა? თავდაპირველად პროფესიით იურისტი მინდია ალელიშვილი „შენი სახლს“ სამართლებრივ საკითხებს უგვარებდა. მას შემდეგ, რაც კომპანიაში პრობლემები შეიქმნა, ის ორმა მფლობელმა სრული მინდობილობით აღჭურვა, მესამე მფლობელთან მოსალაპარაკებლად. მინდია ალელიშვილმა სწორედ ამ მინდობილობის საფუძველზე გაასხვისა კომპანიის წილები.

მინდია ალელიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიისა და მოქალაქეების გადასარჩენად მიიღო, რადგან მფლობელები – გიორგი ბოლქვაძე და თენგიზ გოგოლაძე მშენებლობის დასრულებაზე პასუხისმგებლობას არ იღებდნენ და არც სათანადო რესურსი გააჩნდათ.

ამ გარიგების გამო მინდია ალელიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო თაღლითობის მუხლით, მას ყოფილმა მფლობელებმა უჩივლეს.

კომპანიას ახლა უკვე სხვა დირექტორი ჰყავს – რუსლან ნაცარიშვილი. ყოფილი დირექტორი კი ამბობს, რომ მშენებლობა თავდაპირველად სწორედ თავისი შემცვლელის შეთავაზებით დაიწყო – „საქმიანად ვიცნობდი და მითხრა, მიწა მაქვს და ავაშენოთო. მე არ მინდა გამოჩენაო და მურვანიძე მოიყვანა. საქმის წამოწყების პროცესში გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი არც ერთის არ იყო და ის ენვერ ცეცხლაძეს ეკუთვნოდა“.

დირექტორის შეცვლის მიუხედავად, საქმის გაგრძელება სრულფასოვნად მაინც ვერ ხერხდება – კომპანიის ამჟამინდელ დირექტორს, რუსლან ნაცარიშვილს სასამართლომ შეუზღუდა კომპანიის სახელით საქმიანობის განხორციელების უფლება.

  • სუს-ის თანამშრომლების როლი სამშენებლო ბიზნესში

მინდია ალელიშვილის მტკიცებით, „შენ სახლში“ კრიზისი იმან გამოიწვია, რომ დირექტორმა ამ კომპანიის თანხით ორი ძვირადღირებული სახლი ააშენა – ერთი თავისთვის და ერთი ბუბა/ემზარ ბოლქვაძისთვის, რომელიც აჭარაში სუსის მაღალჩინოსანია. „ბუბა „კრიშავს“ ზაურ გოგიტიძეს. ბუბას სარგებელი ამ შემთხვევაში ის იყო, რომ ადლიაში ორი იდენტური სახლი ააშენეს, ერთი ბუბასია, მეორე – ზაურის“, – აცხადებს მინდია ალელიშვილი.

იურისტის თქმით, მას ბიზნესში სუსის მაღალჩინოსნის მონაწილეობაზე მტკიცებულებაც აქვს: „რა თქმა უნდა, მაქვს მტკიცებულებები ამ ბიზნესში ბუბას ჩართულობაზე. ასევე მაქვს სმს-ები ბუბასგან – მაგალითად, მუქარა, რომ „ციხით დავასრულებ“. ის შემაგონებდა წილის უკან დაბრუნებას – არ მოგცემ ზაურის დაჩაგვრის უფლებას და შენ რომ სხვა იყო „კუდიგორის გზას გაგაყოლებდიო“.

მინდია ალელიშვილი ამტკიცებს, რომ გიორგი ბოლქვაძეს მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივრის შეტანაც ბუბა ბოლქვაძემ აიძულა.

თავად გიორგი ბოლქვაძე კატეგორიულად გამორიცხავს ბუბა ბოლქვაძისგან რაიმე ზეწოლას: „ზეწოლას და მოსყიდვას ეგენი უფრო შეეცადნენ. მე როგორ მაიძულებდა ამის გაკეთებას ბუბა, როცა ეს მინდიამ გამაკეთებინა მისი ქცევით. ბუბას იმიტომ რევენ, რომ ის სახელმწიფო მოხელეა და მიატმასნეს ეს თემა. ბუბა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მაგრამ ის არ ჩარეულა, არც მე მიკითხია“.

ბუბა ბოლქვაძისთვის ადლიაში სამსართულიანი სახლის აშენების შესახებ  ვკითხეთ ზაურ გოგიტიძესაც: „მე ვცხოვრობდი განთიადში, სადაც ავტობანმა გაიარა. აღებაში მოვყევი – 400 ათასი ლარი ავიღე კომპენსაცია, კიდევ მქონდა რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რაც გავყიდე და ასე ავიშენე სახლი. ბუბასაც ჰქონდა გარკვეული ქონება, რომელიც გაყიდა და მე რადგან მშენებლობაში ვერკვეოდი, ორივე სახლის მშენებლობას მე ვაქცევდი ყურადღებას. ვთქვათ, 100  ლარი იყო საჭირო – 50 თვითონ იხდიდა, დანარჩენს მე. ბუბასთან ბავშვობიდან ვმეგობრობ“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბუბა ბოლქვაძის 13 წლის შვილმა მიწის ნაკვეთი ადლიაში 2017 წელს შეიძინა. ის „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ქონება მის შვილს ბაბუებმა აჩუქეს.

ემზარ/ბუბა ბოლქვაძის შვილის სახლი

რაც შეეხება მუქარის შემცველ სმს-ებს, ზაურ გოგიტიძე ამ საკითხზე არაფერს ამბობს, ბუბა ბოლქვაძის ბიზნესში ჩარევას კიდევ ერთხელ გამორიცხავს და ამ კონტექსტში ახსენებს აჭარაში სუსის სხვა მაღალჩინოსანს: „სიაში [გაყიდული ბინების] შემძენად დარეგისტრირებულია გულნარა ჯაფარიძე, ეს ახლანდელი დირექტორის რუსლან ნაცარიშვილის ბიძაშვილის, ლევან ნაცარიშვილის დედაა. რეესტრში არ არის ქონება ასახული, მაგრამ ხელშეკრულებით აქვს მიღებული. ეს ბინა აჩუქეს თუ რა ქნეს, ჩემთვის უცნობია“, – აცხადებს ის.

ბიზნესში ლევან ნაცარიშვილის მონაწილეობაზე სხვა კითხვებს ზაურ გოგიტიძე არ პასუხობს.

ლევან ნაცარიშვილი წილების გასხვისების ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებში მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო. „ბათუმელებმა“ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

„შენ სახლში“ 436 კვადრატი უსასყიდლოდ გადაეცა 10 დევნილ ოჯახს. მინდია ალელიშვილი ამბობს, რომ ეს ბინები კომპანიამ აჭარის მთავრობის მოთხოვნით მისცა დევნილებს. სანაცვლოდ კომპანიამ შენობის პროექტის შეცვლის უფლება მიიღო: K2-ის საფუძველზე ტერასული ტიპის ობიექტი გადაკეთდა კარკასულად. შესაბამისად, კომპანიას დაემატა ფართობი – 2000 კვადრატული მეტრი. კიდევ ერთი დეტალი – „შენი სახლს“ სიმაღლეში გაზრდის კოეფიციენტი – K2 ორჯერ მისცეს.

  • სად წავიდა მოქალაქეების ფული

როგორც „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტებით ირკვევა, „შენი სახლის“ ძირითადი შემოსავალი იყო გაყიდული ბინები – საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ბინებისა და მყიდველების მიერ გადახდილი თანხის მიხედვით, მთლიანობაში გასხვისებულია $3 114 959 დოლარის ღირებულების ფართობი, ფაქტობრივი შემოსავალი კი მხოლოდ $1 797 453-ია. სალაროში ასევე ფიქსირდება $387 368, ანუ თანხა, რაც ხელზე აიღეს, თუმცა „ბუღალტრული დოკუმენტაციით არ დგინდება“, რას მოხმარდა ან ვინ განკარგა. კომპანიას  გაყიდული ბინებიდან ასევე მისაღები დარჩა $930 138 – ეს იმ კლიენტებისგან ამოსაღები თანხაა, რომლებმაც მშენებლობის შეჩერების გამო ფულის გადახდა შეწყვიტეს.

აუდიტის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 2015-2018 წლის მაისის თვემდე, შპს „შენი სახლის“ თანხის ბრუნვა ლარებში ასე გამოიყურება: მოზიდული – 4 777 069 ლარი, შესრულებული სამუშაოს ხარჯები – 3 810 130 ლარი. შესაბამისად, ასევე გაუგებარია, სად წავიდა 961 607 ლარი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, „შენი სახლის“ ძირითადი პარტნიორი იყო კომპანია „მშენებელი +“, რომლისგანაც სამშენებლო მასალებს ყიდულობდნენ. იმავე წყაროს თანახმად, „მშენებელი+“-თან გადარიცხულია 2 623 955 ლარი – აქედან 500 246 ლარი ავანსის სახით, ანუ ამ თანხის მასალები „შენ სახლს“ არ მიუღია. „ჩვენ მიერ მოძიებული ვერ იქნა შპს „შენ სახლსა“ და შპს „მშენებელი+“-ს შორის ნარდობის ან სხვა ხელშეკრულება საქონლის მიწოდების შესახებ, რაც მხარეთა შორის გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

მინდია ალელიშვილის თქმით, „მშენებელი+“-ს ერთადერთი მფლობელი ჰყავს და ის „შენი სახლის“ ყოფილი დირექტორი ზაურ გოგიტიძეა, რაც ასევე დასტურდება საჯარო რეესტრის ჩანაწერით.

  • რას ამბობს ზაურ გოგიტიძე

„შენი სახლის“ ყოფილი დირექტორი ზაურ გოგიტიძე მიიჩნევს, რომ მთელს ამ ისტორიაში ყველაზე მეტად თავად დაზარალდა.

„გიორგი ბოლქვაძის წილები მე მქონდა შეძენილი – ერთი წელი ვთანხმდებოდით დეტალებზე, მაგრამ სანამ გადმოვიფორმებდი, გაიყიდა. მინდია ალელიშვილი დაუკავშირდა ჩემი ცოლის ძმას გემზე  [ის ახლაც არ არის საქართველოში] და უთხრა, რომ კრებისთვის სჭირდებოდა მინდობილობა. ასე მოიპოვა მინდობილობა გასხვისების უფლებით. იგივე გაუკეთა ბოლქვაძესაც – შედგენილ ტექსტზე მოაწერინა ხელი. მინდიას ყველა ენდობოდა, რადგან ის 10-12 წელი მუშაობდა ჩემთან“.

ზაურ გოგიტიძეს მიაჩნია, რომ მისი ყოფილი მეგობარი თაღლითია: „მინდიამ რამდენიმემილიონიანი ქონება გიორგი წაქაძეს 200 ლარად გადაუფორმა. წაქაძეს ეს ორასი ლარიც კი არ გადაუხდია“.

ზაურ გოგიტიძე მინდია ალელიშვილის ქცევას ასე ხსნის – მას წილები უნდოდა. „რატომ გააკეთეო რომ ვუთხარი, მეც მინდა საქმე მქონდესო. 10% მომეცით და დავაბრუნებ წილებსო“.

იღებს თუ არა ზაურ გოგიტიძე პასუხისმგებლობას, რომ მისი დირექტორობის პირობებში კომპანია „შენი სახლის“ კუთვნილი 961 ათასი ლარი და 387 ათასი დოლარი გაქრა? – ის ამბობს, რომ საქმე სხვაგვარადაა, რადგან „საბანკო ამონაწერით დადასტურებულია, რომ ზუსტად 236 600 დოლარის ღირებულების 704 კვადრატული მეტრი ბინა ახლანდელ დირექტორ რუსლან ნაცარიშვილს და მეწილეს – მიხეილ მურვანიძეს აქვთ გასხვისებული. ამ თანხებზე გამოწერილია ქვითრები, რომლებსაც დღეს ვერ გამოწერ, მაშინ არის დადეკლარირებული. 100 ათასამდე კი დივიდენდის სახით დაერიცხათ“.

ზაურ გოგიტიძის თქმით, მას, როგორც ყოფილ დირექტორს, დოკუმენტებზე აღარ აქვს წვდომა, მაგრამ ასახელებს კონკრეტული ადამიანების სახელებსა და გვარებს, ვინც „შენ სახლში“ ბინა იყიდა, თანხა კი ხელზე გადაუხადეს ზემოთ აღნიშნულ პირებს.

რაც შეეხება „მშენებელ+“-ს, ზაურ გოგიტიძის თქმით, ეს კომპანია 2017 წლის მაისის თვეში იყიდა. „კომპანია ჩვენს დავალიანებას ვერ იხდიდა, არადა, მას ჰქონდა ორი პირისგან 750 ათასი ლარი ამოსაღები. ყიდვის შემდეგ დავიწყე დავა სასამართლოში და ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ 320 ათასზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ. „შენი სახლის“ თანხა რომ არ დაკარგულიყო, ამიტომ ვიყიდე „მშენებელი+“.

ზაურ გოგიტიძის ინფორმაციით, „მშენებელ+“-ის დავალიანება  270 ათასი ლარი იყო და არა 500 ათასი: „მაისის თვეში 100 ათასი პირადად მე და 100 ათასიც ჩემმა მძღოლმა „შენი სახლის“ ანგარიშზე შევიტანეთ. ამონაწერი დევს ბუღალტერიაში“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მშენებელი+“ 2017 წლამდე ეკუთვნოდა დავით სამნიძეს, რომელიც დასაქმებული იყო „შენი სახლის“ პროექტში.

  • რას ამბობს მიხეილ მურვანიძე

მიხეილ მურვანიძე ერთადერთია, ვინც კომპანიაში წილების შენარჩუნება მოახერხა. ის ამბობს, რომ მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია „მობინადრეები არ დაზარალდნენ“ და საკითხის დეტალური განხილვისგან თავს იკავებს – „ძლივს დავლაგდით, მივედით იქამდე, რომ კედლები ამოგვყავს და კიდევ თავიდან ავტეხო ამბები, არ მინდაო“:

„ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს. ახლა იმ პროცესში ვართ, რომ ვაზუსტებთ რამდენი მობინადრეა, განვიხილავთ ხელშეკრულებებს, ბევრი ცდომილებაა. ჯერ უამრავი დეტალია დასაზუსტებელი. ხელშეკრულებების გადახედვა მიდის – ყველა მობინადრეს მოაქვს ხელშეკრულება, გადახდილი ქვითრები, თითქმის ყველას დარღვეული აქვს გადახდის გრაფიკები. ყველა მათგანთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, მათ შორის დასრულების ვადებზეც. მოსახლეობა ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში“.

რაც შეეხება ზაურ გოგიტიძის ბრალდებებს მის მიმართ კომპანიიდან თანხის მიღებაზე, მიხეილ მურვანიძე ამბობს, რომ კომპანიიდან მას არავითარი თანხა არ მიუღია: „თანხაზე არ ყოფილა მაქ ლაპარაკი, სულ სხვა რაღაც იყო თავიდანვე მოლაპარაკებაში – 2600 კვადრატიდან ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა 700 კვადრატამდე…

ზაურ გოგიტიძე თვითონ გასცემდა [გასაყიდ ფართობებს], ჩემი ხელწერა არ ყოფილა. თუ თვლიდა, რომ არ უნდა მიეცა, მაშინ ხელს რატომ აწერდა?“

  • რას ამბობს გიორგი ბოლქვაძე

გიორგი ბოლქვაძემ მინდია ალელიშვილს ჯერ მინდობილობა მისცა, შემდეგ კი პროკურატურაში უჩივლა. მისი ვერსია რამდენიმემილიონიანი პროექტის 200 ლარად გაყიდვაზე ასეთია: „მე ჯერ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს [წილების გაყიდვა] ჩამიტარა ზაურიმ, რა უნდა მეფიქრა – ზაურიმ არ იცოდა არაფერი? მქონდა ჩემი აღელვება, მაგრამ დაწყნარებულზე რომ ვნახე, რომ ზაურიც ჩემს დღეშია, მივედი ალელიშვილთან და ვკითხე, რატომ გამიკეთა. მითხრა, რომ ეს ჩემთვის არ გაუკეთებია და გაუკეთა ზაურის. ვუთხარი, დამიბრუნე ჩემი წილი, თორემ ყველას გიჩივლებთ-მეთქი… მაგრამ ხან რას მეუბნებოდა, ხან რას“.

გიორგი ბოლქვაძეც ამბობს, რომ თავისი წილები ზაურ ბოლქვაძისთვის ჰქონდა მიყიდული, მაგრამ ოფიციალურად გადაფორმება ვერ მოასწრო:

„იურიდიულად კი მაქვს 33 პროცენტი, მაგრამ გადაფორმება ვერ დავარეგისტრირე სხვადასხვა მიზეზის გამო – ხან პარტნიორი გემზე იყო, ხან სხვა მიზეზით. ამიტომ, პასუხისმგებლობა რომ მომხსნოდა, ზაურ გოგიტიძის ნდობით აღჭურვილ პირს მივეცი გენერალური მინდობილობა, მინდია ალელიშვილს“.

რა სარგებელი ნახა პროექტიდან გიორგი ბოლქვაძემ? – მიიჩნევს, რომ მინიმალური: „მიუხედავად იმისა, რომ 33%-ს ვფლობდი, მხოლოდ 700 კვადრატს ვითხოვდი, იმიტომ, რომ რეალურად წამოსული ვიყავი და სხვები მუშაობდნენ. სავარაუდოდ, 200 კვადრატი მაქვს მიღებული, ოღონდ არა „შენი სახლიდან“. დამრჩა 500 კვადრატი ასაღები, თუმცა ეს ბოლომდე დაზუსტებული არ არის“.

  • რას ამბობს მინდია ალელიშვილი

სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კომპანიის მთლიანი წილი შეფასებულია 1 900 000 ლარად. ორი კაცის წილი, რომელიც მე გავასხვისე, შეადგენდა 1 300 000 ლარს.

ვთქვათ, სავარაუდო მოგების მიღების საშუალება მოვუსპე მხარეს. ისიც ჩავთვალოთ, რომ „შენ სახლში“ ზაურ გოგიტიძის ინტერესი იკვეთება [ვიცით, რომ საქართველოში ბიზნესში მეწილედ ჰყავთ სხვა და ინტერესების გამტარებელი – სხვაა], ანუ ის არის გასხვისებული 67 %-ის რეალური მეწილე. მაგრამ აუდიტის დასკვნით, კომპანიაში 4.7 მილიონი ლარია შესული. მშენებლობას მოხმარდა 3.8 მილიონი ლარი, ანუ 961 ათასი ლარი არსად ჩანს. გარდა ამისა, 387 ათასი დოლარის ქონებაა გაყიდული და არ ვიცით, სადა წავიდა ეს თანხა. გამოდის, რომ ზაურ გოგიტიძეს ჯამში ორი მილიონი ლარი აქვს წაღებული. მე გამოძიებას ვეკითხები, როგორ მოვუსპე ზაურ გოგიტიძეს 1.3 მილიონი ლარის დივიდენდის მიღების საშუალება, როცა დოკუმენტურად დასტურდება, რომ მას ეს ფული უკვე წაღებული აქვს. და მეორეც, რანაირად უნდა მიეღო ამდენი დივიდენდი, როცა კომპანია კრიზისშია.

გამოძიება ასევე მედავება, რომ მე კომპანიის იურისტი ვიყავი და არა პარტნიორების წარმომადგენელი. მართალია, თავდაპირველად მე იურისტი ვიყავი და ფინანსურ დოკუმენტაციასთან შეხება არ მქონია, მაგრამ როდესაც მიხეილ მურვანიძესთან ურთიერთობა დაიძაბა და მან პარტნიორთა კრება მოიწვია, ორმა პარტნიორმა მომცა მინდობილობა წილის მართვასთან დაკავშირებით [18 თებერვალს]. შესაბამისად, კრებაზე მივედი, როგორც 67 %-ი პარტნიორის წარმომადგენელი… ამას თან ახლდა მყიდველების უკმაყოფილება – ზაურ გოგიტიძეს ლინჩის წესით გავასამართლებთო.

22 თებერვალს, მორიგ კრებაზე, პარტნიორს ვუთხარი, რომ მართალი იყო. დავაკმაყოფილე მისი რამდენიმე მოთხოვნა, მაგრამ ზაურ  გოგიტიძის გადაყენებას არ დავეთანხმე, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერ გამოსწორდებოდა ჩიხური მდგომარეობა… მაისის შუა რიცხვები მოვიდა და მაინც არაფერი ხდებოდა. მაშინ გიორგი ბოლქვაძემ მითხრა, რომ არ აინტერესებდა არც მოგება, არც წაგება – ხალხმა მე არ დამირეკოსო. იგივე მითხრა გემზე მყოფმა თენგიზ გოგოლაძემაც, რომელსაც სკაიპით ჩავერთე. პარტნიორი როცა ხარ და მე მანდობ სიტუაციის მართვას, მე ვალდებული ვარ ვიმოქმედო. შეიძლება ეს ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მაშინ გადავწყვიტე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და კომპანიის წილები გავასხვისე.

  • რას ამბობს გიორგი წაქაძე

შპს „შენ სახლის“ წილების 66.7%-ის ამჟამინდელმა მფლობელ გიორგი წაქაძეს ტელეფონზე დავუკავშირდით. მან თქვა, რომ არ სურს ინტერვიუს აუდიო ფორმატში ჩაწერა.

მთავარი ფოტო: „შენი სახლის“ მშენებარე კორპუსი ბათუმში, გუდიაშვილის #8-ში

როგორ ამოვიცნოთ პოდაგრა – კლინიკა საგიტარიუსის რეკომენდაცია 

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. ერთ-ერთი პოდაგრაა. ნივთიერებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს პურინები ასრულებს. პურინები ორგანიზმი საკვებთან ერთად ხვდება, მცირე რაოდენობა კი ორგანიზმში წარმოიქმნება. პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტი შარდმჟავაა, რომელიც ორგანიზმიდან თირკმლების გზით გამოიდევნება.

მჟავის დაგროვების ორი მექანიზმი არსებობს:

[checklist]

  • ჭარბი პროდუქცია
  • თირკმლების მიერ გამოყოფის დარღვევა

[/checklist]

შარდმჟავას მარილებისგან კრისტალები წარმოიქმნება, რომლებიც ილექება სახსარში, ხრტილებსა და მყესებში.

ექიმი-რევმატოლოგი ანა წივწივაძე
ექიმი-რევმატოლოგი ანა წეროძე

დალექილ უბანში კი ძლიერი ანთებითი პროცესი, ანუ პოდაგრის მწვავე შეტევა იწყება.

ძირითადი სიმპტომები:

სახსრის მწვავე ტკივილი და სიწითლე. მკურნალობის გარეშე შეტევა ხშირდება, მწვავდება და ხანგრძლივდება. პოდაგრის პირველადი ნიშანი შეიძლება იყოს თირკმელკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი).

მკურნალობის ორი მიზანი:

[checklist]

  • შეტევის მოხნა – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, კოლხიცინით, კორტიკოსტეროიდებით
  • პოდაგრის შემდგომი შეტევის პრევენცია

[/checklist]

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე დიეტა. აუცილებელია რაციონიდან შებოლილი, ცხარე პროდუქტების ამოღება. შემწვარი საკვების მოხარშულით ჩანაცვლება.

გართულებები:

[checklist]

  • ნეფროლითიაზი
  • კანქვეშა ტოფუსები (მრავლობითი კვანძები)

[/checklist]

გავრცელებული მითი: თუ ტერფის დიდი თითი დეფორმირებულია ე.ი. პოდაგრა გაქვთ.  სინამდვილეში: ხშირად ტერფის დიდი თითის დეფორმაციას იწვევს ტერფის არარაციონალური დატვირთვის შედეგად განვითარებული Hallux Valgus-ი (ბუნიონი).

ავტორი: კლინიკა „საგიტარიუსის“ ექიმი – რევმატოლოგი

ანა წეროძე 

„შემოვლითი გზის მშენებლობა საფრთხეს გვიქმნის“ – აქცია ოპიზრების ქუჩაზე

ბათუმში, ოპიზრების ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ. ამ ქუჩაზე თვითნებურად შესახლებული ოჯახები შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ, რაც ადგილზე ცხოვრებას გაუსაძლისს და დაუცველს ხდის.

„14 ოჯახი ვართ ამ ქუჩაზე და 20 ბავშვია ზუსტად. უსაფრთხოების ზომები არის სრულიად დაუცველი. ნებისმიერ დროს შეიძლება მძიმე ტექნიკამ ჩვენი პატარები დააზიანოს. ბავშვებს არც სხვა ადგილი აქვთ სათამაშოდ, ქუჩაც ატალახებულია. ტექნიკა მეათე დღეა აქტიურად მუშაობს და გაუსაძლისი მტვერი და ხმაურია. იქნებ გაგვაგებინოს ვინმემ, მაგისტრალის ზონაში ვართ თუ არა და რა გველის. ჩვენ უკვე მერვე წელია აქ ვცხოვრობთ,“ – გვითხრა დარეჯან მორთულაძემ.

აჭარის მთავრობაში წერილობით განცხადება მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა:

„ოპიზრების დასახლების მოსახლეობას დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას. მოხდება აღნიშნული საკითხის დეტალური შესწავლა და მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილება“, – განაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

 

კაზინო „ინტურისტის“ 180 თანამშრომელი კვლავ კუთვნილ ხელფასს ითხოვს

დღეს, 30 იანვარს, კაზინო „ინტურისტის“ ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს კუთვნილი ანაზღაურება. ისინი გამომუშავებული ხელფასის და სამსახურის გარეშე იანვრის დასაწყისში დარჩნენ, მას შემდეგ, რაც კაზინო დაიხურა.

აქციის მონაწილეები ახალ ბულვარში, „მეტრო სითის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, სადაც „მეტროს“ ოფისი მდებარეობს. მათი თქმით, ისინი პასუხს კითხვაზე – როდის მიიღებენ ხელფასს, „მეტროსგან“ ელიან, რომელიც კაზინოს მფლობელია.

„თვენახევრის ხელფასი გვაქვს ასაღები, არც არაფერს გვეუბნებიან რა იქნება. ოფიციალურად ვინმე გამოვიდეს და რამე გვითხრას. არ აგვიღია ნოემბრის თვის ხელფასის ნაწილი და დეკემბრის ხელფასი. 180 ადამიანი ვართ ასე,“ – გვითხრა აქციის მონაწილე ნანი ახალაძემ.

„ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ხელფასს. დაგვიქირავა პიროვნებამ, რომელმაც დატოვა საქართველო, თურქეთის მოქალაქეა. არც წინასწარ გავუფრთხილებივართ, რომ სამსახური უნდა დაგვეტოვებინა. გაქცეულიაო – ამბობენ. ერთი თვეა გვატყუებენ, ხან დარაჯი გველაპარაკება, ხან საწყობის – უფროსი, არაფერი არ ვიცით,“ – ამბობს ირაკლი ბერიძე, კაზინოს ყოფილი თანამშრომელი.

როგორც კომპანია „მეტროში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, „კაზინო ლიბერთი“, რომელსაც „მეტროსგან“ ორწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული შენობა, დაფარავს არსებულ სახელფასო დავალიანებას, მაგრამ ზუსტ თარიღს, თუ როდის მიიღებენ ხელფასს კაზინოს თანამშრომლები, ვერ ასახელებენ.

34 წლის ასაკში შეძენილი პირველი პროფესია

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ზაზა კვიკვინიას ორსართულიანი, კერძო სახლის პირველ სართულზე ავეჯის სახელოსნო აქვს მოწყობილი. ხობი პატარა მუნიციპალიტეტია და ზაზას ყველა იცნობს, ახალ ავეჯსაც ყველა მას უკვეთავს.

ხელობა ყოფილმა პატიმარმა წელიწად-ნახევრის წინ ისწავლა და უკვე ერთი წელია, რაც პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგა.

როგორც თავად ამბობს, იმდენი შეკვეთა აქვს, რომ ხშირად სხვა ვერაფრისთვის იცლის.

ზაზა გეგუთის ციხეში სასჯელს 2 წელი იხდიდა. გათავისუფლების შემდეგ ავეჯის ქარხანაში მომუშავე მეგობარმა სთხოვა საქმეში დახმარებოდა. თბილისში გადაბარგდა ახალი საქმის დაწყების იმედით. მერე პრობაციის სააგენტოდან დაუკავშირდნენ და ავეჯის ოსტატობის შემსწავლელ კურსზე სიარული შესთავაზეს. ზაზა დათანხმდა და ასე შეიძინა პირველი პროფესია 34 წლის ასაკში.

ხობში დაბრუნდა, ხელსაწყოების ნაწილი თავად შეიძინა, ნაწილი დემოკრატიის ინსტიტუტის ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში დაუფინანსეს, სახელოსნო მოაწყო და საქმეს შეუდგა.

ყველა ტიპის ავეჯს აწყობს საძინებლის, სამზარეულოსა თუ მისაღებისთვის.

ამბობს, რომ ახალშეძენილმა პროფესიამ მისი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. ცოლის ძმაც დაასაქმა საწარმოში. ოჯახს ახლა თავისუფლად არჩენს, ჰყავს მეუღლე, ორი წლის გოგონა და მშობლები.

„ბევრ ყოფილ პატიმარს ვიცნობ, ვისი ცხოვრებაც ამ პროექტმა შეცვალა, ვისაც ბევრი რამით დაეხმარნენ, ბევრიც შეაწავლეს, საქმე მისცეს. გათავისუფლების შემდეგ მეც არ ვიცოდი რა მეკეთებინა.

სულელური გზა რომ არ აირჩიონ ისევ ადამიანებმა და საპყრობილეში არ მოხვდნენ, ალბათ ამისთვის არსებობს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“, – ამბობს ზაზა კვიკვინია.


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2018 წლის სტატისტიკა

2018 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების 72,6 პროცენტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,3 პროცენტი – ქალაქ თბილისზე, 13,6 პროცენტი – აჭარაზე და 10,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.  გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს გაცემულია სულ 10204 ნებართვა [წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით ნაკლები] 6206 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე [წინა წელთან შედარებით 4,4 პროცენტით ნაკლები].

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

რაც შეეხება 2018 წელს დამთავრებულ მშენებლობებს, ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის შემდეგ სამ რეგიონზე ; 29,6 პროცენტი ქალაქ თბილისზე, 15,3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2018 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2091,9 ათასი კვ.მ ფართობის [წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით ნაკლები] 2518 ობიექტი [წინა წელთან შედარებით13,8 პროცენტით ნაკლები].

მშენებლობის ნებართვების სტატისტიკა 2018 წელს / წყარო: საქსტატი

 

რატომ სთხოვს გარანტიას ავტოსადგური გარემოვაჭრეებს

„ჩვენ ვითხოვთ გარანტიას, ე.წ. ბეს გადახდას, რომ შემდეგ ისევ არ მოხდეს პირობის შეცვლა,“ – ამბობს შპს „ბათუმის ავტოსადგურის“ დირექტორი, ზაურ სოლომონიძე. ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეების მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გარევაჭრობისთვის ადგილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს.

გარემოვაჭრეების შეხვედრა ავტოსადგურის ადმინისტრაციასთან ერთი გარემოვაჭრის ადმინისტრაციული წესით დაკავებით დასრულდა. მოვაჭრეები გარანტიის გადახდას აპროტესტებენ. ავტოსადგურის დირექტორი კი, შენობის მეორე სართულზე მიუთითებს, სადაც გარემოვაჭრეებისთვის ადგილი სპეციალურად მოაწყო, ვიდრე მერია მოვაჭრეებთან საბოლოოდ შეთანხმებოდა.

„ახლა ის დახლები ეზოსთვის არ გამოდგება, ახალი ჯიხურები უნდა მოეწყოს,“ – განმარტავს ზაურ სოლომონიძე.

რა თანხას ითხოვს ავტოსადგური გარემოვაჭრეებისგან გარანტიის სახით? – ავტოსადგურის დირექტორმა გვითხრა, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ჯამში რამდენი გარემოვაჭრე შევა ავტოსადგურის ტერიტორიაზე და რა ადგილი დასჭირდება თითოეულ მათგანს. გარემოვაჭრეების ჯიხურები მაიაკოვსკის ქუჩის მხარეს უნდა მოეწყოს, თუმცა მანამდე ავტოსადგურის ადმინისტრაციამ ჯიხურების დიზაინი და ფორმა მერიას უნდა შეუთანხმოს.

„აქ საუბარია თანხაზე, რომელიც მათ დაუბრუნდებათ… ორი თვის განმავლობაში მათ არაფერი ექნებათ გადასახდელი. ორი თვის შემდეგ კი, გადაიხდიან იმდენს, რამდენსაც დაახლოებით სხვა მოვაჭრეები იხდიან ამ ტერიტორიაზე. დაახლოებით 20 ლარი იქნება ერთი კვადრატული მეტრი. მე დღეს მათ ვთხოვე, წარმომიდგინონ სია, რამდენი მოვაჭრე იქნება და რა ადგილი დასჭირდებათ ზუსტად. ამ პირობით დავიშალეთ დღეს,“ – გვითხრა ზაურ სოლომონიძემ.

გარემოვაჭრეთა დახლები წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო  და ამ ტერიტორიის გამწვანება დაიწყო.

გარემოვაჭრეები ბათუმის ავტოსადგურში / 30.01.2019

პირველი თებერვლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდება 2019 წლის პირველი თებერვლიდან 2019 წლის 29 ივნისამდე.

მთავრობის დადგენილებით:

საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1700-ით;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1309-ით;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 920-ით;

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა  200-ით;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 341-ით.

გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების  მოთხოვნის უფლება. ისინი ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ჯანდაცვის სამინისტრომ 11 თებერვლამდე უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.

სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, შესაბამისი გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

შსს ვალდებულია ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო  სამსახურს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას გაუწევს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

ბათუმში მეთორმეტეკლასელებმა ისევ გამართეს საპროტესტო აქცია

ბათუმელი მეთორმეტეკლასელები ევროპის მოედანზე დღესაც შეიკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია – საატესტატო გამოცდების გაუქმება.

„ჩვენ აქ გამოვალთ, ვიდრე განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ჩვენ ვაპროტესტებთ არათანაბარ და უსამართლო გარემოს,“ – ამბობს ზუკა ნემსაძე, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე.

მეთორმეტეკლასელებმა შეძახილებით მემედ აბაშიძის გამზირი ჩაიარეს. მოსწავლეების თქმით, ისინი ამ დღეებში რეპეტიტორებთან აღარ დადიან.

მეთორმეტეკლასელებმა მასშტაბური აქცია შაბათს, 2 თებერვალს, დააანონსეს. ისინი ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.

 

ბაგა-ბაღი „აისი“ – უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემო

ბაგა-ბაღი „აისი“ აღსაზრდელთა მიღებას აცხადებას. თუ თქვენი ბავშვისთვის საბავშვო ბაღს ეძებთ – ბაგა-ბაღი „აისი“ საუკეთესო არჩევანია. ჩვენთან უსაფრთხო, ოჯახური და მეგობრული გარემოა.

ბაღში მცირე – 10-ბავშვიანი ჯგუფებია და თქვენს შვილს აქ ყოფნის პერიოდში ყურადღება არ მოაკლდება. აქვს ფართო სივრცე, მზიანი ოთახები, კლასებში ინვენტარი მორგებულია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.

დღის რეჟიმი
  • სამჯერადი კვება
  • შუადღის ძილი
  • ეზოში გასეირნება და თამაში
  • თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, თამაშით სწავლება

ბაგა-ბაღი მუშაობს სამუშაო დღეებში დილის 8:30-დან საღამოს 19:00 საათამდე. მიიღებიან  ბავშვები 1 წლისა და ორი თვის ასაკიდან 6-წლამდე.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 53 65 65 ან გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24
Exit mobile version