“სამ-სამ კვადროციკლს დავიტოვებთ, მეტს არა” – საპროტესტო აქცია ბულვარში

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან კვადროციკლების და ელექტრომობილების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილები ბულვარის ტერიტორიაზე პირველი მაისიდან ვეღარ იმოძრავებენ. ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო.

“რომ გვიშვებენ, სად გვიშვებენ, სამსახური არის სადმე?” – იკითხეს დღეს ბულვარის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ადამიანებმა.

“ჩვენ თანახმა ვართ, მხოლოდ 3-3 ცალი კვადროციკლი დავიტოვოთ. აქამდე 1500 კვადროციკლი იყო ბულვარში, ასე 300-მდე შემცირდება,” – ამბობს ბადრი კაკალაძე.

“ყველას ბანკის ვალი გვაქვს. მე, პირადად, 5 ათასი მაქვს გადასახდელი, რა უნდა ვქნათ, ვინმემ იფიქრა ამაზე?” – აღნიშნა “ბათუმელებთან” მალხაზ დუმბაძემ.

კვადროციკლის მფლობელების თქმით, ისინი გუშინ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ, რომელმაც უთხრა, რომ გადაწყვეტილება საკრებულომ ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად მიიღო.

“რეკრეაციულ ზონაში არცერთ ქვეყანაში არ მოძრაობს ელექტრომობილი. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტულ კვლევებზე დაყრდნობით… ბულვარში არ არის არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა მსგავსი ტრანსპორტისთვის,” – ამბობს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსი, ირაკლი ჯინჭარაძე.

უფროსის კაბინეტში კვადროციკლის გამქირავებლებიც შევიდნენ.

“ერთი წლით მაინც გვამუშავეთ, სეზონის ბოლომდე,” – ითხოვეს კვადროციკლის გამქირავებლებმა.

“რთულია, როცა ვიღაცას ლუკმა-პურს ართმევ, მაგრამ ბულვარი უნდა იყოს ბულვარი… მეც მაქვს ბანკის სესხი,” – უთხრა ბანკის მოქალაქეებს ირაკლი ჯინჭარაძემ.

შეხვედრა ბულვარის ადმინისტრაციაში

ბულვარის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს კონკრეტული სტატისტიკა აჩვენეს – ბოლო ორი წლის განმავლობაში 61 სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულა გამოძიება კვადროციკლის სარგებლობის დროს სხეულის სხვადასხვა ფორმით დაზიანებაზე,

შეხვედრა ბულვარის ადმინისტრაციაში კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. კვადროციკლის მფლობელებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა ფორმით განაგრძობენ საპროტესტო აქციებს და სად.

 

უნდა სჭირდებოდეს თუ არა პარტიის შექმნას 1000 ადამიანის ხელმოწერა

პოლიტიკური პარტიის შექმნას შესაძლოა 1000 ადამიანის ხელმოწერა აღარ დასჭირდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე გიორგი ლაბაძის სარჩელს დააკმაყოფილებს. სარჩელს სასამართლოს პლენუმი დღეს, 19 მარტს არსებითად განიხილავს.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციური უფლება. „პარტიის წევრთა სავალდებულო რაოდენობად არანაკლებ 1000 წევრის განსაზღვრა არათანაზომიერია, რადგან პოლიტიკურმა პარტიამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, შესაძლებელია, განახორციელოს წევრთა გაცილებით მცირე რაოდენობითაც,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში.

დავის საგანია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუკი პარტიის დაფუძნებას 1000 პირის თანხმობა აღარ დასჭირდება, ეს მრავალპარტიულობას შეუწყობს ხელს.

„ეს მიდგომა იქნება მრავალპარტიულობისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოში დემოკრატიის ჯეროვნად განვითარებისათვის. თუკი პოლიტიკური პარტიის დაარსება გარკვეული ფუფუნების საგანი აღარ იქნება და მოქალაქეებს გაცილებით მარტივად, ნაკლები რესურსებით მიეცემათ სახელმწიფო პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა, ეს სწორედაც რომ იქნება მნიშვნელოვანი სვლა გამჭვირვალე, ღია და პლურალისტური მმართველობისკენ, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი თავისთავად და აუცილებლად უნდა შეუწყოს სასამართლომ,“ – აღნიშნავს მოსარჩელე.

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

31 მარტს ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ გაიხსნება.

„ტურისტერის“ მიზანია ბიზნესპრაქტიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, გარემოს დაცვის, მარკეტინგისა და კულინარიის შესწავლისა და ანალიზის საშუალებით ისაუბროს ტურიზმის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

ფესტივალი „ტურისტერი“ კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე გაიმართება და შედგება შემდეგი ღონისძიებებისაგან:

[checklist]

  • ტურიზმის ფორუმი
  • საუბრები ტურიზმზე
  • რეგიონალური კულინარია
  • სტარტაპების გამოფენა

[/checklist]

ფორუმი პანელურ დისკუსიებს მოიცავს და თითოეულ მათგანზე ექსპერტები ისაუბრებენ დარგში არსებულ კონკრეტულ გამოწვევებზე. ფორუმზე იმსჯელებენ სამ ძირითად მიმართულებაზე: 1. საკანონმდებლო რეგულაციებზე; 2. ტურიზმის პოლიტიკაზე; 3. კლიმატურ ცვლილებებსა და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედებაზე.

„საქართველოში ბევრი უნდა ვისაუბრობთ ტურიზმში არსებულ გამოწვევებზე. თუ დარგში არსებული პრობლემები და გამოწვევები არ გავითავისეთ, გაგვიჭირდება მდგრად განვითარებაზე საუბარი. „ტურიზმის ინსტიტუტი“ კარგად გრძნობს ამ ვაკუუმს და მის შევსებას „ტურისტერის“ მსგავსი ღონისძიებებით ცდილობს.

ფორუმი გაგრძელდება საუბრებით ტურიზმზე, სადაც დარგის სპეციალისტები სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებენ, როგორიცაა – მარკეტინგი, კულტურა, მეწარმეობა, რაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ტურიზმს“, – ამბობს „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი მამუკა ბერძენიშვილი.

ფორუმის პარალელურად კლუბ „ბოტანიკოში“ ტურიზმის სფეროს სტარტაპების გამოფენა გაიმართება, სადაც გამოფენის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოიძიონ პარტნიორები და კავშირი დაამყარონ ახალ ბიზნესწამოწყებებთან. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სხვადასხვა პროფილის კომპანიის, მათ შორის, მაღალ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს.

„ტურიზმის ინსტიტუტის“ ინიციატივითა და ფესტივალ „ტურისტერის“ სპონსორობით, სამომავლოდ, საუკეთესო იდეების დაფინანსებაც იგეგმება.

„სპონსორებთან უკვე შეთანხმებულნი ვართ საუკეთესო იდეების დაფინანსებაზე. ჩვენი ვებგვერდის საშუალებით უკვე გამოცხადდა იდეების შეგროვების კონკურსი. შეიქმნება ერთგვარი იდეების ბანკი, რომელსაც ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცნობთ და, დაინტერესების შემთხვევაში, მათი კავშირი შედგება“, – განმარტავს მამუკა ბერძენიშვილი.

ფესტივალ “ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება იქნება ასევე, აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ნაკლებად ცნობილი ლაზური და აჭარის მთის კულინარიული პროდუქტები.

სპიკერების, პანელისტების, ბილეთების და დამატებითი დეტალების გასაგებად, ესტუმრეთ ფესტივალის ვებგვერდს.

რა სთავაზობენ პატიმარს დანიის ციხეში

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას დემოკრატიის ინსტიტუტი საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორია ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის საერთაშორისო პრაქტიკა? ამ კითხვაზე პასუხს ASB-ის 2017 წლის კვლევა სცემს, სადაც ევროპის ხუთი ქვეყნის მაგალითია მოყვანილი. ამჯერად დანიის პენიტენციური სისტემის თავისებურებებს შევეხებით.

დანიაში თავისუფლებააღკვეთილი პირი ინარჩუნებს სამოქალაქო უფლებებს, შეუძლია არჩევნებში ხმის მიცემა და აქვს გამოხატვის თავისუფლება.

დანიის პენიტენციური სისტემა მთლიანადაა აგებული იმაზე, რომ პატიმრებმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს კონტაქტი საზოგადოებასა და ოჯახთან. ის ვალდებულია, თავისუფლების აღკვეთის პერიოდშიც მუშაობდეს, სწავლობდეს ან ჩართული იყოს მკურნალობის რომელიმე პროგრამაში, კვირაში 37 საათის განმავლობაში.

ამ რეგულაციის მიზანი ნორმალური ყოველდღიური ცხოვრების უზრუნველყოფა და პერსონალური და სოციალური უნარების განვითარებაა, რამაც უნდა მოამზადოს პატიმარი გათავისუფლების მომენტისთვის.

განათლება ციხეშიც პრიორიტეტულია. პატიმრებს აქვთ საშუალება ისწავლონ, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ისე მის გარეთ. ციხეში არის სასწავლო კურსების მრავალფეროვნება, მაგრამ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მის გარეთ არსებობს.

როგორც წესი, აქვთ საკუთარი საკანი, ან იყოფენ მას ერთ სხვა პატიმართან. პატიმრებმა თავად უნდა შეიძინონ საკვები დაწესებულებაში არსებულ მაღაზიებში და მოიმზადონ კერძები.

დახურულ ციხეში პატიმრებს უფლება აქვთ, კვირის განმავლობაში მიიღონ ერთი სტუმარი 1-2 საათით, ან მეტი დროით. ამგვარ ვიზიტებს ციხის პერსონალი, ჩვეულებრივ, არ ესწრება. პატიმრობის გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ სამართალდამრღვევებს ნება ეძლევათ, თავად ესტუმრონ საკუთარ ოჯახს დაწესებულების გარეთ.

15-20 წლის ასაკის პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ ხშირად ენიშნებათ მენტორი, რომელიც ეხმარება მათ ადრინდელი დანაშაულებრივი ცხოვრებისგან დისტანცირებაში. დახმარება შეიძლება გამოიხატებოდეს სასწავლებლის, სამსახურის თუ საცხოვრისის მოძიებაში; სახელმწიფო უწყებებთან, ბანკთან თუ კრედიტორებთან კომუნიკაციაში ან ფსიქოლოგიურ კონსულტაციაში თვითრწმენის ამაღლების, დამოკიდებულების პრობლემის დაძლევის, თუ ოჯახური ურთიერთობების მოგვარების მიზნით.

2006 წელს, ორგანიზაციამ – „ბიზნეს ფორუმი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ (Virksomhedsforum for Socialt Ansvar) – შექმნა პროექტი High:Five. პროექტის მიზანია დანიის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მობილიზება, რათა სოციალური მარგინალიზაციის რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს შესთავაზონ მუშაობისა და განათლების მიღების შესაძლებლობები.

ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია ბიზნესსაც. McDonald’s -ი, Grundfos-ი, Christiansen & Essenbæk-ი და სხვები სთავაზობენ სამუშაო ადგილებს ახალგაზრდებს, რომლებიც კრიმინალური წარსულის გამო დისკრიმინაციის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები სამართალდამრღვევებს სთავაზობს ნარკო და ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობას. წინასწარი დაკავების ცენტრებში ასევე არის მკურნალობის ჩატარების საშუალება. მკურნალობის ჩატარებისათვის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ თავად სამართალდამრღვევს ჰქონდეს მკურნალობის სურვილი და მიიღოს მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ნებართვა ციხის შესაბამისი პერსონალისაგან.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

რა მოსდის ბავშვს კალციუმის ნაკლებობის შემთხვევაში და როგორ შევავსოთ დეფიციტი

კალციუმი ჩვენს ორგანიზმში რიგით მეხუთე მინერალია, რომლის ბიოლოგიური როლი ძალიან დიდია. ის სხეულის საშენი მასალაა. კალციუმი ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს მართავს. სისხლში მისი კონცენტრაცია მუდმივად უცვლელი უნდა იყოს, მისი შემცველობა სისხლში 1%-ს შეადგენს, დანარჩენი 99% თავმოყრილია ძვლებში, საიდანაც ხდება მისი ტრანსპორტირება სისხლში, მუდმივი დონის შესანარჩუნებლად.

[checklist]

  • კალციუმი არის ნერვული იმპულსების გადაცემის სტიმულატორი, რომლებიც სისხლის შედედებაზე მოქმედებენ.
  • კალციუმს გააჩნია ანტიალერგიული და ანტისტრესული მოქმედება.
  • კალციუმი ხელს  უწყობს ორგანიზმიდან მარილების და მძიმე მეტალების გამოდევნას.
  • კალციუმი შედის ჩონჩხის, კბილების, ფრჩხილების, თმების შემადგენლობაში.
  • კალციუმი არის მინერალი, რომელიც ძალიან რთულად შეთვისებადია. საკვებთან ერთად ჩვენ ვიღებთ კალციუმის მხოლოდ 20-30 %-ს.
  • დიდი რაოდენობით ყავის, შაქრის, შოკოლადის, ცხიმის მიღებისას კალციუმის შეთვისება კიდევ უფრო მცირდება.

[/checklist]

კალციუმით მდიდარი პროდუქტები
კალციუმით მდიდარი პროდუქტები

[highlight color=”red”]კალციუმის ნაკლებობის სიმპტომებია:[/highlight]

[checklist]

  • ტკივილი კუნთებში და კრუნჩხვა
  • სუსტი ძვლები (ხშირი მოტეხილობა)
  • კბილების დაშლა (კარიესი)
  • თმის ცვენა
  • ფრჩხილების მტვრევა
  • რაქიტი, ზრდის პრობლემები (ბავშვებში)
  • გონების დაქვეითება
  • სუსტი იმუნიტეტი, დაღლილობა
  • უძილობა
  • განსაკუთრებით ბავშვებში გამოხატულია ოფლიანობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა, ცუდი ძილი.

[/checklist]

დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან. ძალიან მნიშვნელოვანია შევუქმნათ ბავშვებს ჯანსაღი გარემო, უზრუნველვყოთ კალცით და ვიტამინებით მდიდარი საკვებით.

კალციუმით მდიდარი პროდუქტები
კალციუმით მდიდარი პროდუქტები

[highlight color=”red”]კალციუმით მდიდარი პროდუქტებია:[/highlight]

[checklist]

  • რძის პროდუქტები (მაწონი, კეფირი, ხაჭო, ნადუღი)
  • თევზი
  • მწვანილი და სალათის ყველა სახეობა
  • ბოსტნეული (ლობიო, ოსპი, ბარდა)
  • კვერცხი
  • თხილი
  • ჩირი
  • მარცვლეული

[/checklist]

დედის რძე-კალციუმის საუკეთესო წყაროა ბავშვისთვის. ეცადეთ, მინიმუმ 6 თვემდე ამყოფოთ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე. 6 თვიდან დედის რძესთან ერთად აუცილებელია ჩვილმა თანმიმდევრულად მიიღოს ბოსტნეულის პიურე, რძიანი ფაფები, ხილი, ხაჭო, მაწონი, მოხარშული ხორცი, მოხარშული კვერცის გული, თევზი.

ხშირად ასეირნეთ ბავშვი სუფთა ჰაერზე, რათა კალციუმთან ერთად D ვიტამინის მარაგიც მიიღოს. კალციუმი D და C ვიტამინების დახმარებით შეიწოვება.

სამწუხაროდ, დაბალანსებული კვებაც სრულად ვერ აკმაყოფილებს ორგანიზმში კალციუმის საჭიროებას. ამიტომ პერიოდულად ბავშვს ესაჭიროება კალციუმის პრეპარატების მიღება. მაგრამ გვახსოვდეს-ორგანიზმისთვის არასაჭირო, აუთვისებელი კალციუმი, შესაძლებელია გამოილექოს თირკმლებში და შარდკენჭოვანი დაავადებების განვითარების რისკი შექმნას. შესაძლებელია დაიწყოს ნაადრევი გაძვალების პროცესი და ზრდის ტემპის შენელება. ამიტომ მხოლოდ ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ, კალცის რომელი პრეპარატი როდის და რა დოზით უნდა მიიღოთ.

მთავარ ფოტოზე: ნარგიზ სურმანიძე, პედიატრი


ექიმთან ვიზიტის დაგეგმვის ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71 
ან დაჯავშნეთ ვიზიტი ვებგვერდის საშუალებით www.khozrevanidze.ge.

სიახლეების მისაღებად მოგვყევით ფეისბუქგვერდზე:ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze’s Clinic

მისამართი: ბათუმი, გ.ბრწყინვალეს 81

 

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 25 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში, დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის მიყვანა სურთ, სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მომართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციის და შეთანხმების საფუძველზე, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება“.

8-დან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ბრძანებით მოახდენს. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია, მათთვის ცნობილი 25-დან 30 აპრილის ჩათვლით იქნება.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ჩაითვლება ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2-დან 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები:

რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

მესამე ეტაპი ანუ საყოველთაო რეგისტრაცია – 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დოკუმენტაციის წარდგენა  13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მეოთხე ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით  სკოლაში განხორციელდება.

სამინისტროს განმარტებით, ამ  ეტაპზე განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე  იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.

განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

 

 

ბათუმში 17 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 19-20 მარტს, 19 მარტის  21 საათიდან 20 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა,  უნალექოდ.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3-8 გრადუსი 
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 21-22  მარტს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

_____________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, მარიამ ქველიაშვილი

სარფის საბაჟოზე ავტომობილის გაზის ავზში დამალული 1139 მაჯის საათი აღმოაჩინეს

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ა-ს, კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, გაზის ავზში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, 1139 ცალი მაჯის საათი აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 17 199 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მოგზაურობა და ცხოვრება წიგნებთან ერთად – ორი ბუკინისტის ამბავი

ბათუმში სულ რამდენიმე ბუკინისტური მაღაზიაა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი – ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. 80 წლის ნელი ცინცაძე, რომელმაც წიგნების მაღაზია დაახლოებით 30 წლის წინ გახსნა, ამბობს, რომ ახლა მის ბუკინისტურ მაღაზიას იშვიათად სტუმრობენ, 39 წლის მიხეილ მამულაშვილი კი, რომელიც წიგნებს ბათუმის იახტკლუბთან, უკვე მეოთხე წელია საკუთარ მანქანებში ყიდის მყიდველის ნაკლებობას არ უჩივის.

ნელი ცინცაძე ბათუმში მაშინ ჩამოვიდა, როცა 18 წლის იყო. იგი უკვე 30 წელია ქუთაისის ქუჩაზე მდებარე წიგნების პატარა მაღაზიაში მუშაობს. “წიგნებზე ცოტათი შეშლილი ვიყავი… წიგნების მაღაზიის გახსნა ჩემი ოცნება იყო, ვგიჟდებოდი ისე მინდოდა… ადგილს ვეძებდი და ბოლოს ეს ადგილი ვიპოვე. თავიდან ვიქირავე, შემდეგ, როცა პრივატიზაციის პროცესი დაიწყო, ესეც მოვახერხე. აქ ადრე მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომელიც გარდაიცვალა, ადგილი კი დარჩა”, – ყვება ის.

ნელი ცინცაძე - ბუკინისტი ბათუმიდან

ნელის ძალიან ბევრი მოსაყოლი ამბავი დაუგროვდა. ამბობს, რომ იყო დრო, როცა წიგნებს ქალაქიდან ქალაქში დაჰყვებოდა – თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ საინტერესო წიგნებისთვის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობას დაუთმო. ნელის უცნაური გამოცდილებაც აქვს – პროდუქტებშიც კი გაუცვლია წიგნები.

„თავიდან ჩემი წიგნები მქონდა, საჭელს არ ვჭამდი და წიგნებს ვყიდულობდი. მაგრამ მაშინ ცოტა წიგნი იყო, ძნელად იშოვნებოდა… თავიდან მხოლოდ წიგნის გაცვლის სერვისი მქონდა. იცით რამდენი ადამიანი მოდიოდა? ვაჭრობა არ შეიძლებოდა, წიგნები არ იშოვებოდა, მე კი როგორი წიგნები მქონდა…”

შემდეგ, მაღაზიას წიგნის თხოვების სერვისიც დაემატა – მუშაობდა როგორც პატარა ბიბლიოთეკა.

როგორც ნელი ამბობს, წიგნების მოვლა ნესტიან ბათუმში ცოტათი რთულია, მით უმეტეს, როცა წყალიც ჩამოდის მაღაზიაში – „მზეზე გამომაქვს ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრი წიგნი გამიფუჭდა”.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, მაინც პოულობს ისეთ წიგნებს, რომელთა კითხვაც დიდი სიამოვნებას ანიჭებს ნელის. “კითხვა ჩემთვის ყოველდღიურობისგან, რეალობისგან წასვლის საშუალებაა, ყოველთვის მინდა რაღაც ახალი გავიგო, წიგნები ყოველთვის თან მდევს…” – ამბობს ის.

ნელი წუხს, რომ დღეს მის მაღაზიას ცოტა სტუმარი ჰყავს და ძალიან ენანება წიგნები, რომლებიც მკითხველს დიდ ხანს ელოდებიან. “ადრე მოთხოვნა მეტი იყო, ახლა მხოლოდ კატასთან ვზივარ. იშვიათად, რომ ვინმე შემოვიდეს, დაათვალიეროს. რაში სჭირდებათ, როცა მოწყობილობები აქვთ, ჩახედავენ, წაიკითხავენ და ესაა”, – გვიზიარებს თავის გულისტკივილს.

ნელის მსგავსად წიგნები მთავარ საქმედ ექცა მიხეილ მამულაშვილისაც. უკვე მეოთხე წელია, მზიან ამინდში, ბათუმის იახტკლუბთან, რამდენიმე მანქანაზე გადანაწილებული წიგნები გამოაქვს. იგი თბილისიდანაა, ამბობს, რომ ბათუმში – ქალაქის ენერგეტიკამ, აურამ მიიზიდა:

„თავიდან ჩამოვედი 2 -3 თვით, ლიტერატურა მქონდა ჩამოტანილი. როცა მეკითხებიან, რატომ დავრჩი აქ, ყველაზე გონივრული პასუხი, რაც შეიძლება გაიცეს – გარემოს, აურის, ენერგეტიკის გამო, რაც ამ ქალაქს აქვს”.

წიგნებს დაახლოებით 25 წელია აგროვებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს, უბრალოდ, შემგროვებლობა არ არის: “რად მინდა ნივთი, რომელსაც ვერ გამოვიყენებ. აქ ძალიან ბევრ საინტერესო წიგნს ვყიდი და მიზეზი, რატომაც შეიძლება ესა თუ ის წიგნი გავყიდო, ის არის, რომ მაქვს მეორეც, ისე ვერ შეველეოდი”.

მიხეილი 39 წლისაა. ამბობს, რომ წიგნებით 15 წლის ასაკში დაინტერესდა:

„სწორედ მაშინ დავინტერესდი საკუთარი თავის შეცნობით, ამიტომაც ლიტერატურაც ასეთი შევარჩიე. წიგნის დანიშნულება ის არის, რომ ადამიანი შინაგან სამყაროში ჩაახედოს, საკუთარი თავი შეაცნობინოს… რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ, ძირითადად, მაქვს შემეცნებითი ლიტერატურა, რომელიც ადამიანებს საკუთარი არსის შეცნობაში დაეხმარება”, – გვიყვება მიხეილი თავისი წიგნებზე.

სანაპიროზე გამოფენილ წიგნებში ერთი დახლი მთლიანად „ვეფხისტყაოსანს“ ეთმობა. ქართული გამოცემების გარდა, აქ იპოვით „ვეფხისტყაოსანს“ რუსულ, სომხურ, ინგლისურ, გერმანულ, სპარსულ, არაბულ, ქურთულ, ფრანგულ,  ებრაულ, სლოვაკურ ენებსა და ესპერანტოზეც კი. ეს მამუკას საყვარელი წიგნია:

“წლების განმავლობაში ყველა ეს წიგნი წავიკითხე, ვიცი, რაც წერია და რას ვყიდი, იმიტომ, რომ ჩემი ბიბლიოთეკაა. აქ ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს. აქ არის წიგნები, რომლებსაც წლობით ვეძებდი და ღამეები არ მეძინა. დაახლოებით 8000-მდე წიგნი მაქვს წაკითხული და იმ 8000-ვე წიგნში, რაც წერია, ყველაფერი არის ვეფხისტყაოსანში”.

ნელისგან განსხვავებით მამუკა ამბობს, რომ მისი წიგნებს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. „მანქანა-ბიბლიოთეკასთან“, განსაკუთრებით მზიან ამინდში, სული ირევიან წიგნის მოყვარულები თუ ცნობისმოყავრეები – ზოგი უბრალოდ, წიგნებს ათვალიერებს, ზოგიც ყიდულობს და ისე მიდის. ყველაზე ძველი გამოცემა, რასაც მიხეილ მამულაშვილის „ბორბლებზე შემდგარ ბიბლიოთეკაში“ იპოვით 1867-70-წლების „ვეფხისტყაოსნია“ ქართულ ენაზე და 1740-იანი წლების სამეცნიერო წიგნი გერმანულ ენაზე.

ჩვენ არ მივცემთ სხვა მოიჯარეებს მუშაობის საშუალებას – გონიო-კვარიათის მცხოვრებლები მთავრობას

გონიო-კვარიათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც პლაჟზე კაფე-ბარები და სხვადასხვა ობიექტი აქვთ განთავსებული, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებენ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ძველმა მოიჯარეებმა ობიექტები უნდა მოშალონ.

მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მერიასთან ყოველწლიურად ანახლებდნენ საიჯარო ხელშეკრულებებს, თუმცა გასულ წელს მერიამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე თითქმის ყველა მოიჯარეს უარი უთხრა.

კვარიათის მცხოვრები კობა მანველიძე ამბობს, რომ პლაჟზე 10-15 წელია კაფე-ბარი აქვს განთავსებული და ბიუჯეტშიც 4-5 ათას ლარს იხდიდა. მისი თქმით, მერიამ ადგილობრივი ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და მათ მუშაობის საშუალება მისცეს.

„თვითმმართველობის კანონის მიხედვით, მერს უფლება აქვს პირდაპირი განკარგვის წესით, პირობებით ან უპირობოდ მისცეს სარგებლობაში მოქალაქეს ტერიტორია. ადგილობრივ მცხოვრებლებს ხელი ხომ უნდა შეგვიწყოს მერიამ. ჩვენი შემოსავალი ეს არის, ბანკის ვალები გვაქვს, ახლა სეზონისთვის ვაპირებდით სამუშაოების დაწყებას, მერია კი ობიექტების დაშლას გვთხოვს,“-გვეუბნება ის.

გონიო-კვარიათის მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ყოფილი მოიჯარეები პლაჟზე საკუთარი ობიექტების დემონტაჟზე ბრძანების გაცემას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მერია კატეგორიულ უარზეა და ყოფილ მოიჯარეებს ობიექტების დაშლისთვის გარკვეულ ვადას აძლევს.

„მიიღეთ აუქციონში მონაწილეობაო გვეუბნებიან, მივიღებთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ ამ აუქციონებში ჩვენზე ფულიანი და გავლენიანი პირები მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენ შემოსავლის გარეშე დავრჩებით. ადგილობრივები არ დავუშვებთ, რომ ჩვენი უფლებები დაარღვიონ და შემოსავლის წყარო წაგვართვან,“- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„25 წელზე მეტია, რაც ჩემი სასტუმროს წინ კაფეს ვამუშავებ. სასტუმროს სტუმრებს იქ ვასადილებ, მოწესრიგებული მაქვს ობიექტი. ზაფხულში სპორტული ჩემპიონატი იმართება და 450 ბავშვი უნდა მივიღო სასტუმროში. სად ვასადილო? ხელშეკრულებები გაფორმებული მაქვს უკვე, სად წავიყვანო ეს ხალხი? სხვა უნდა მოვიდეს, იმუშაოს და მე რა ვქნა, სახლიდან მაგდებენ?“ – ამბობს კვარიათის კიდევ ერთი მცხოვრები, გოჩა კაკაბაძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეები.

„ვისაც მეტი ფული აქვს, ის გაიმარჯვებს აუქციონში და რატომ უნდა ვიჩაგრებოდეთ ჩვენ?“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. ისინი ორი საათის განმავლობაში იდგნენ მთავრობის თავმჯდომარის მოლოდინში. მათ აჭარის მთავრობის აპარატის იურისტები შეხვდნენ. როგორც უწყების პრესსამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, აღნიშნული საკითხი მერიის კომპეტენციაში შედის, „თუმცა აჭარის მთავრობა ამ საკითხზე მერიასთან ითანამშრომლებს“.

მერიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სერგო ვანილიშიც. პლაჟზე მასაც კვების ობიექტი აქვს მოწყობილი. მისი თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები მერიამ სამუშაოს გარეშე არ უნდა დატოვოს.

ნუგზარ დავითაძე ამბობს, რომ რკინის კონსტრუქციის აგებაში 30 ათასი ლარი გადაიხადა, მისი დაშლისთვის დამატებითი თანხებია საჭირო. „ჩვენ გვინდა გრძელვადიანი იჯარა, მაგრამ მერია არ გვთანხმდება ამაზე. ჩვენ არ მივცემთ სხვა მოიჯარეებს მუშაობის საშუალებას,“ – ამბობს ის.

ყოფილი მოიჯარეები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან მერიის პირობები მიიღონ, მთავარია, მათ მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე ბათუმის მერიასაც ვესაუბრეთ. როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, უწყება წარმოადგენს თავის კონცეფციას გონიო-კვარიათის პლაჟთან დაკავშირებით და შემდეგ გამოაცხადებს აუქციონს. „აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

ამავე საკითხზე:

სად იქნება შესაძლებელი ბუნგალოს მოწყობა კვარიათისა და გონიოს პლაჟებზე

 

ჩხრეკა ქუჩაში ნარკოტიკის ამოსაღებად – ევროსასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

„ჩხრეკის ბრძანებაში არ იყო ახსნილი, რამ განაპირობა გადაუდებელი აუცილებლობა,“ – ეს ერთ-ერთი არგუმენტია, რის გამოც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ არჩილ კობიაშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა. არჩილ კობიაშვილი საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის 2005 წელს გაასამართლეს. ის ქუჩაში გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გაჩხრიკეს. არჩილ კობიაშვილი მიიჩნევდა, რომ მას არ მიეცა პირადი ჩხრეკის გასაჩივრების „ადეკვატური შესაძლებლობა“, ხოლო სასამართლოებმა „უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები გამოიყენეს“, როცა მის წინააღმდეგ გამამატყუნებელი განაჩენი გამოიტანეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მოსარჩელის აზრით, დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას გულისხმობს.

ევროსასამართლოს დასკვნით, ჩხრეკის კანონიერება შიდა სასამართლოებმა არასათანადოდ განიხილეს, რადგან პირადი ჩხრეკა იყო საკვანძო მომენტი, რომელმაც მოსარჩელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება განაპირობა.

„ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც გადაუდებელი ჩხრეკა ჩატარდა, არ განხილულა სასამართლოების მიერ… ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებები იყო საეჭვო და ასევე დარჩა მთელი პროცესის განმავლობაში… დამსწრეების ჩვენებები იყო არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი. ორი დამსწრეთაგან ერთმა ჩვენება შეცვალა, ხოლო მეორე ყოფილი პოლიციელი იყო… ამდენად, მოსარჩელეს არ მიეცა სათანადო შესაძლებლობა, რომ ედავა ჩხრეკის კანონიერებასა და მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენებაზე. პირადი ჩხრეკის ოქმი იყო მთავარი მტკიცებულება და არც ერთი სხვა მტკიცებულება არ იყო საკმარისი განაჩენის დასაყენებლად,“ – აღნიშნავს ევროსასამართლო.

„ვისურვებდი, რომ  მეტი დაცულობისთვის ჩხრეკისას აუდიო-ვიდეო გადაღებაც აუცილებლად  ხორციელდებოდეს. კობიაშვილის საქმეზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმედია მალე ითარგმნება და ქართველი მოსამართლეები მას პრაქტიკაში გაითვალისწინებენ,“ – მიიჩნევს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, დამოუკიდებელი ექსპერტი ნონა წოწორია. მისივე თქმით, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებით სავალდებულოდ არ მიუჩნევია ჩხრეკის დროს აუდიო, ან ვიდეო გადაღების სავალდებულობა, რადგან ეს ევროსაბჭოს თითოეული წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

„საკითხი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის, ანუ სასამართლოს ბრძანების გარეშე ჩატარებულ პირად ჩხრეკას ეხება, რომლის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულება გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და მოგვიანებით განაჩენის საფუძველი ხდება. ამ შემთხვევებში, როგორც წესი, ჩხრეკის დროს აღმოჩენილი საგანი [ნარკოტიკი, იარაღი და ა.შ] საქმის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს და მის გარეშე სისხლის სამართლის საქმე ვერ წარიმართება. შესაბამისად, ჩხრეკისას აუცილებელია სათანადო საპროცესო გარანტიები არსებობა, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გადაამეტონ უფლებამოსილებას და უდანაშაულო ადამიანი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არ მისცენ. სამწუხაროდ, საზოგადოებას ხშირად სმენია ამგვარი  საჩივრების შესახებ,“ – აღნიშნავს დამოუკიდებელი ექსპერტი ნონა წოწორია.

საქართველოს მთავრობამ მოსარჩელე არჩილ კობიაშვილს, არამატერიალური ზიანის კომპენსაციის მიზნით, 3500 ევრო უნდა გადაუხადოს.

 

 

 

 

3 ცათამბჯენი „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად – მერია „ალიანს სიტის“ პროექტს საჯაროდ განიხილავს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 მარტს, 15:00 საათზე, მერიის ადმინისტრაციულ შენობაში [მისამართი: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #25] გაიმართება კომპანია „ალიანს სიტის“ სამშენებლო პროექტის საჯარო განხილვა.

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე, ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად, კომპანია „ალიანს სიტი“ სამი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მირიან მეტრეველმა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, კომპანია ერთ 50-სართულიან და ორ 40-45-სართულამდე სიმაღლის შენობების აშენებას გეგმავს.

კომპანია ითხოვს, ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს მერიამ ზონის სტატუსი შეუცვალოს და კ2 კოეფიციენტი 15,0-მდე გაზარდოს. მიწის ნაკვეთის მთლიანი ფართობი 18 000 კვადრატული მეტრია. პროექტის ფუნქციური დატვირთვა საცხოვრებელი ზონის სტატუსის შეცვლას და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მიზნით დაწყებულია საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს განაშენიანების რეგულირების გეგმას და წარმოადგინოს მოსაზრებები. მერიის განმარტებით, საჯარო განხილვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში.

კომპანია „ალიანს სიტი“ 2019 წლის 14 იანვარს დააფუძნეს, კომპანიის ასივე პროცენტის მფლობელი „ალიანსის“ დამფუძნებლის გია ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილია, კომპანიის დირექტორი კი – „ალიანსის“ დირექტორი აკაკი სონგულია.

პროექტის რენდერი

 

ამავე თემაზე:

კომპანია ალიანს სიტი „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას და ახალი მშენებლობის წამოწყებას გეგმავს

ბათუმის მერიამ სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტზე კონკურსი გამოაცხადა

ბათუმის მერიამ სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებაზე  კონკურსი გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულება  მილიონ 101 694 ლარია. ტექნიკური დავალების მიხედვით, რომელიც მერიამ ასევე სპეციალისტების ჩართულობით მოამზადა, კონკურსში მონაწილე კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამწლიანი დოკუმენტურად დასაბუთებული საერთაშორისო ან ადგილობრივი გამოცდილება პოლიტიკის, განვითარების, დარგობრივი სტრატეგიებისა და კვლევების მომზადების სფეროში.

საკონკურსო დოკუმენტაციით იგივე მოთხოვნებია ქვეკონტრაქტორის მიმართაც, ასეთის არსებობის  შემთხვევაში.

ეს დოკუმენტი ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის [გრგ] ნაწილი გახდება. გრგ ბათუმს ჯერ კიდევ არ აქვს.

სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის მომზადებაზე მერიამ კონკურსი დღეს, 18 მარტს, გამოაცხადა და წინადადებების წარდგენია 26 მარტს უნდა დასრულდეს.

ხულოში საგამოცდო ცენტრი ისევ გაიხსნება

დღეს, 18 მარტს, აბიტურიენტები ხულოს რესურსცენტრთან საპროტესტო აქციას გეგმავდნენ. ისინი ხულოში საგამოცდო ცენტრის გახსნას მოითხოვდნენ. საგამოცდო ცენტრი ხულოში გასულ წელს გაუქმდა. რესურსცენრტთან დაახლოებით 200-მდე აბიტურიენტი შეიკრიბა. მათ განუცხადეს, რომ ხულოში საგამოცდო ცენტრის კვლავ გახსნასთან დაკავშირებით პასუხს განათლების სამინისტროსგან ელოდნენ.

აბიტურიენტების განცხადებით, ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებში ხულოდან 400-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს და უმრავლესობა დაბა ხულოს შემოგარენში ცხოვრობს, რაც ბათუმის უახლოესი საგამოცდო ცენტრიდან 90 კილომეტრითაა დაშორებული.

აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდების ჩასაბარებლად ბათუმში ჩამოსვლა გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება. „ხანდახან ხდება ისეც, რომ საცხოვრებლის არქონის გამო ამხელა მანძილზე მგზავრობით გადაღლილი აბიტურიენტი ვეღარ ახერხებს თავი გაართვას დავალებას“.

„ბათუმელები“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ხულოში გამოცდების ცენტრი წელს ნამდვილად გაიხსნება. ცენტრის განცხადებით, გასულ წელს გამოცდების ცენტრის გაუქმება სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდა. „წელს შეძლებენ აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ხულოს საგამოცდო ცენტრში,“- განაცხადეს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში.

გასულ წელს ცენტრის ხელმძღვანელობამ საგამოცდო ცენტრის გაუქმების სხვა მიზეზი დაასახელა.

„გამოცდებს აბარებენ იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ოთხი წელი უნდა გაატარონ იმ ქალაქში. ამიტომ ლოგიკურია, რომ  მისაღები გამოცდები ჩატარდეს იქ, სადაც არის უმაღლესი სასწავლებლები,“- ამბობდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაშინდელი მოადგილე, ივა მინდაძე.

„რადგან საგამოცდო ცენტრის გახსნას შეგვპირდნენ, აღარ ვაპირებთ აქციის გამართვას“- უთხრეს „ბათუმელებს“  რესურსცენრთან შეკრებილმა აბიტურიენტებმა.

დელფინის მოკვლის გამო უცხოური დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი 40 900 ლარით დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 10 მარტს ბათუმის სანაპიროსთან მოკლული დელფინი იპოვეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი – თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს.

ენმ: ქობულეთის საკრებულოს წევრის ძმისშვილი მილიონიან ტენდერში ქვეკონტრაქტორია

დღეს, 18 მარტს, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, რეზო ხარაზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქობულეთის მერიის მიერ გამოცხადებული მილიონიანი ტენდერის სამუშაოებს ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“  ვაჟა შავიშვილის ძმისშვილის კომპანია ასრულებს. 

2018 წელს ქობულეთის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 1 მილიონ 077 995 ლარზე, სადაც გაიმარჯვა შპს „შარაგზამშენი პირველმა“. მან, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია შპს „ჯორჯტრანსი“, რომელიც ხარაზის თქმით, საკრებულოს წევრის, ვაჟა შავიშვილის ძმისშვილის, დავით შავიშვილის კომპანიაა. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიას ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობა ევალება ქობულეთის სანაპიროზე.

„გვინდა, ვკითხოთ აჭარის მთავრობას, არის თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი, კორუფცია და მაღალჩინოსნებზე გადაცემული ტენდერი?“ – აცხადებს რეზო ხარაზი.

ძმები შავიშვილები და ქობულეთის მერი სანაპიროზე სამუშაოებს ათვალიერებენ.
ფოტო: ენმ

მან ბრიფინგზე წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ძმები შავიშვილები, ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან ერთად, ნაპირსამაგრ სამუშაოებს ათვალიერებენ.

რეზო ხარაზი იმასაც დასძენს, რომ სამუშაოები სანაპიროზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ქვეკონტრაქტორის აყვანა, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა ეს ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი“, – ამბობს რეზო ხარაზი.

„ბათუმელები“ შპს „შარაგზამშენი პირველს“ დაუკავშირდა. კომპანიის დირექტორის, გულადი ბერაიას თქმით, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე აღნიშნული კომპანია მუშაობს, შპს „ჯორჯტრანსისგან“ კი კომპანიას მხოლოდ ტექნიკა აქვს დაქირავებული.

„ტექნიკა გვაქვს ნაქირავები „ჯორჯტრანსისგან“. ორივე ვმუშაობთ ფაქტიურად შერეულად, სპეციალისტები იმასაც ჰყავს და ჩვენც. მაგრამ, ძირითადად მაინც ტექნიკა გვაქვს მათგან ნაქირავები“, – გვეუბნება ის.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ნაპირსამაგრი სამუშაოები დაახლოებით 4 მაისს უნდა დასრულდეს.

რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს „ჯორჯტრანსის“ 100%-ს დავით შავიშვილი ფლობს, კომპანიის დირექტორი კი  – თენგიზ შავიშვილია.

 

რატომ სთხოვენ ქობულეთში მესიმინდეებს საყანეების დათმობას – მინისტრის განმარტება

ქობულეთში, ოჩხამურსა და ცეცხლაურში მესიმინდეებს საყანეების დათმობას სთხოვენ. საყანე ფართობებს აქ ქობულეთის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ოჯახები იყენებენ. ინვესტორი ამ ტერიტორიაზე მესაქონლეობის მასობრივი ფერმის გაშენებას გეგმავს, თუმცა მესიმინდე ფერმერების უმრავლესობა საყანე ადგილების დათმობას არ აპირებს.

„აქ თუ არ შედგა შეთანხმება, ინვესტორი სავარაუდოდ გურიაში წავა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე. ის ინვესტორთან ერთად მოლაპარაკების პროცესშია ჩართული და რამდენჯერმე შეხვდა მოსახლეობას. მინისტრის თქმით, ინვესტორი ძმები ასკანელების მიერ დაფუძნებული ახალი კომპანიაა. ინვესტორს დაახლოებით 10 წლის ვადით მიწის იჯარით აღება სურს და ავსტრიიდან საუკეთესო ჯიშის საქონლის შემოყვანა ქობულეთში. „ეს არ იქნება უბრალოდ ფერმა, ეს იქნება ერთგვარი ჰაბი,“ – დასძენს ტიტე აროშიძე.

რას სთავაზობენ მიწის დათმობის სანაცვლოდ 40 მესიმინდე ფერმერს ქობულეთში? – აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ტიტე აროშიძის თქმით, ყველა ფერმერს ხელისუფლება ალტერნატიულ სასიმინდე ფართობს სთავაზობს და დასაქმებას ფერმერულ მეურნეობაში, ასევე, საკუთარი მეურნეობის განვითარებას. მინისტრის თქმით, ახალი ფერმა დაახლოებით 60 ჰექტარზე უნდა გაშენდეს.

„გარდა ამისა, თითოეული მათგანი მიიღებს ორი წლის მოსავლის კომპენსაციას. დაანგარიშდება, რა მოსავალს იღებენ წლის განმავლობაში და საშუალო საბაზრო ფასი… ამ ფულს ფერმერებს ინვესტორი გადაუხდის. უშუალოდ ჩვენ, სამინისტრო ვთავაზობთ ფერმერებს სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება თანამონაწილეობის პრინციპით ჯიშთგანახლება – ახალი ჯიშის საქონლის შეძენა და მეურნეობის გაძლიერება….

ისინი [ფერმერები] დაახლოებით ითხოვენ 8 ლარს კვადრატულ მეტრში, რაც არარეალურია. ინვესტორი ვერ გადაიხდის მილიონს იმ ფართობში, რომელიც აჭარის საკუთრებაა და თანაც, მას მიწის შეძენა არ სურს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდით მოსახლეობასთან დალაპარაკებას და იმედია, შედეგით დასრულდება ეს პროცესი,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, 40 ოჯახიდან დაახლოებით 30 პროცენტია თანახმა სარგებლობაში არსებული საყანე ფართობი ინვესტორს დაუთმოს.

ტერიტორია, სადაც ინვესტორი აპირებს ფერმის მოწყობას, ოფიციალურად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, მესიმინდეები ამ მიწის მხოლოდ მოსარგებლეები არიან.

მთავარი ფოტო: ერთ-ერთი საყანე ფართობი, სადაც, სავარაუდოდ, ფერმის მოწყობა იგეგმება.

გურამ მურვანიძის ფოტო

კონკურსში გამარჯვებული ცხრა პედაგოგი სტაჟირებაზე პოლონეთში გაემგზავრება

აჭარის განათლების ფონდმა კონკურსის წესით შეარჩია სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის ცხრა მასწავლებელი, რომლებიც პოლონეთში საგნობრივ ტრენინგებზე გაემგზავრებიან.  კონკურსში 41 მასწავლებელი მონაწილეობდა, მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე კი – 33 მასწავლებელი.

გასაუბრების შედეგად შეირჩნენ შემდეგი მასწავლებლები:

სამოქალაქო განათლება:

  • ინგა მოსიძე (ხელვაჩაურის სალიბაურის №1 საჯარო სკოლა)
  • ნაზი კოჩალიძე (ქობულეთის ციხისძირის საჯარო სკოლა)
  • გიორგი უღრელიძე (ქობულეთის N5 საჯარო სკოლა)

გეოგრაფია:

  • ლუიზა რევიშვილი (ბათუმის N5 საჯარო სკოლა)
  • მზია მხატვარი (ბათუმის N7 საჯარო სკოლა)
  • გულნარა გუნდაძე (ბათუმის N9 საჯარო სკოლა)

ისტორია:

  • ნინო ბეჟანიძე (ქობულეთის N1 საჯარო სკოლა)
  • ნიკოლოზ იმედაიშვილი (ბათუმის №9 საჯარო სკოლა)
  • მადონა გოგიტიძე (ქობულეთის N2 საჯარო სკოლა)

გამარჯვებული პედაგოგები პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქ. ვროცლავი) აპრილში გაემგზავრებიან.

სტაჟირებას სრულად აფინანსებს აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) და მიმღები მხარე – პოლონეთი.

მთავარი ფოტო: კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პედაგოგებთან გასაუბრება.
ფოტო: აჭარის განათლების ფონდი.

სარფში 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობანი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობანი, რომელთა საერთო  საბაჟო ღირებულება  240 000 ლარს აღემატება“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება აბიტურიენტთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია რამდენიმეეტაპიანია.

აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე 3 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;

7 მაისის 18:00 საათამდე კი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა იქნება შესაძლებელი;

პროგრამების შეცვლისა და დამატების საშუალება კი აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

„ეკონომია“ ბათუმის გარეგანათებაში და მერიის შეუსრულებელი გეგმა – აუდიტის ანგარიში

ბათუმის მერიის გარეგანათების ქსელის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის 2017 წლის პროგრამით დაგეგმილი 5 384 300 ლარის ნაცვლად 4 938 081 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო გეგმის 446 219 ლარით შეუსრულებლობა მერიის მიერ „შესყიდვების განხორციელების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ, გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების არასრულად შესრულებამ და გარეგანათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით გამოყოფილი სახსრების არასრულად ათვისებამ განაპირობა“.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „შპს „აჭარგანათებასთან“, გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 1 068 225 ლარს შეადგენდა [2017 წელში], ითვალისწინებდა 17 619 განათების წერტის მომსახურებას. წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად კი ირკვევა, რომ ყოველთვიურად, საშუალოდ, 1 863 წერტი გაუნათებელია, რამაც გაწეული მომსახურების მოცულობა შეამცირა. შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში აუთვისებელი დარჩა 81 ათასი ლარი“.

ბათუმის ბიუჯეტიდან გარე განათების სისტემის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით 2017 წელს გადახდილია 2 349 158 ლარი [გეგმა 2 534 400 ლარი], ანუ მიღებულია 185 242 ლარის ეკონომია.

„მიღებული ეკონომია ზემოთ აღნიშნული გარეგანათების გაუნათებელი წერტების არსებობამ და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის არასწორმა აღრიცხვამ განაპირობა. კერძოდ, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული და მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის მიერ დამოწმებული ელექტრომრიცხველების ჩვენებების შესაბამისად შედგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე ხდებოდა. აღნიშნული ანგარიშფაქტურების მონაცემების ანალიზით დადგენილია, რომ რიგ შემთხვევებში, ელექტრომრიცხველების მონაცემების დაფიქსირება არა ყოველთვიურად, არამედ რამდენიმეთვიანი ინტერვალებით ხორციელდებოდა, რაც მოხმარებული ელექტროენერგიის არასწორ აღრიცხვას იწვევდა,“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი.

შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, მრიცხველების მონაცემების გადამოწმება არსებული რესურსის შესაბამისად, შერჩევითი წესით ხორციელდებოდა, თუმცა, აგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის პერიოდში ასეთი შეუსაბამობები მათ მიერ არ არის გამოვლენილი.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გარეგანათების მოწყობისა და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულია ისეთი პირობები, რომლებიც გარკვეულ ბარიერს ქმნის შესაბამის მიწოდების ბაზარზე ოპერირებადი სხვა მიმწოდებლებისათვის,  რაც შესაძლოა კონკრეტულ პრეტენდენტებზე იყოს მორგებული.

აუდიტის ანგარიშში განხილულია ხუთი ტენდერი, რომლებიც გარეგანათებას [მათ შორის ქალაქის საახალწლო დღეებში გაფორმებას] უკავშირდება: „ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოთა შესრულების მოთხოვნილი გამოცდილებისა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების თანაფარდობა ხუთიდან სამ შემთხვევაში 3,9-დან 12,8-მდე მერყეობს, რაც მუნიციპალიტეტში დამკვიდრებულ პრაქტიკას საშუალოდ, 3,6-ჯერ აღემატება [ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს განხორციელებული ტენდერების უმრავლესობაში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და მოთხოვნილი გამოცდილების თანაფარდობა 1,9-ს არ აღემატება]“.

ამასთან, შობა-ახალი წლის დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოების შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციით დამატებით მოთხოვნილია აღნიშნულ დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოების ჩატარების არანაკლებ, 700 ათასი ლარის გამოცდილება, „რომლის განსაზღვრის შესახებ სათანადო არგუმენტები აუდიტის პერიოდში ვერ იქნა წარმოდგენილი. აღსანიშნვია, რომ გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის სახელმწიფო შესყიდვის ტექნიკური პირობით განსაზღვრულია გარეგანათების წერტების განათების საათობრივი გრაფიკი, რომელიც აუდიტის პერიოდში მოპოვებული მტკიცებულების შესაბამისად, უმეტესწილად ავტომატურ რეჟიმში „ფოტორელეთი“ [ჩართა-გამორთვის ავტომატური სისტემა შებინდების სენსორის საშუალებით] რეგულირდება. აღნიშნულის შესახებ კი არავითარი მინიშნება სატენდერო დოკუმენტაციაში არ არის გაკეთებული.

ასევე, ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის დადგენილია შეუსაბამოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლო: გარეგანათების გრაფიკის დარღვევის თითოეულ ფაქტზე − 100 ლარი, ხოლო გარეგანათების წერტის ორ დღეზე მეტი ვადით გაუნათებლობის შემთხვევაში − თითოეულ დღეზე − 20 ლარი.

მოპოვებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მუნიციპალიტეტის გარეგანათების მართვის სისტემა განთავსებულია შპს „აჭარგანათების“ კუთვნილ ფართში. ზემოთ აღნიშნული შესაძლოა ასევე იყოს დამაბრკოლებელი გარემოება სხვა შესაძლო პრეტენდენტებისთვის. აღნიშნულ პირობებში, მითითებულ ხუთივე შემთხვევებში შესყიდვები უკონკურენტო გარემოში, მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ჩატარდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვებულად „აჭარგანათება“ დასახელდა“.

ანგარიშის მიხედვით:

„აჭარგანათებასთან“ გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 1 068 225 ლარს შეადგენდა, ითვალისწინებდა 17 619 განათების წერტის მომსახურებას, აუდიტისთვის წარდგენილი ანგარიშების შესაბამისად კი ირკვევა, რომ ყოველთვიურად, საშუალოდ, 1 863 წერტი გაუნათებელი იყო;

მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული გაუნათებელი წერტებიდან 644 წერტის გაუნათებლობა, ქალაქის შესაბამის უბნებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას უკავშირდება, ხოლო 1 219 განათების წერტი სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა და მათი აღდგენა, მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, „აჭარგანათების“ ვალდებულებას არ წარმოადგენდა.

თუმცა, აუდიტის შეფასებით, ბათუმის მერიის „აღნიშნული არგუმენტი ვერ ჩაითვლება მისაღებად, რადგან დაზიანებული სანათების აღდგენა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, მომსახურების ჩამონათვალში არ უნდა ყოფილიყო შეტანილი“.

„ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ 2017 წელს არაობიექტური მიზეზებით, ყოველთვიურად გაუნათებელი იყო 1 219 წერტი, რაც გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ყოველთვიურად კონტრაქტორი კომპანიის [„აჭარგანეთების“] 731 400 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, რაც არ განხორციელებულა“ აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

„აჭარგანათება“, რომელიც მერიის ტენდერებს ხშირად იგებს, ბათუმის საკრებულოს წევრის, ბათუმში რუსთაველის დასახლებაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარის, ირაკლი თოფურიძის ოჯახს ეკუთვნის.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ ანალოგიური „დარღვევა-ნაკლოვანებები ასახულია აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წინა პერიოდის აუდიტის ანგარიშებში და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა და საკითხი კვლავ აქტუალურია“.

აუდიტის ბოლო ანგარიში 2017 წელს ეხება. „აჭარგანათებას“ კი მას შემდეგ, ანუ 2018 და 2019 წლებშიც ბათუმის მერიის არაერთი ტენდერი აქვს მოგებული, რაც ქალაქის გარეგანათებას უკავშირდება:

[checklist]

  •  ბათუმში, კახაბრის ქუჩის გარე განათების, მარკოზ აჭარელის მე-4 შესახვევის გარე განათების, და მარკოზ აჭარელის მე-3 შესახვევის მონაკვეთის განათების მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულება 2018 წელს „აჭარგანათებასთან“ გაფორმდა 164 819 ლარზე;
  •  ბათუმში, 39 მისამართზე, მრავალსართულიანი სახლების ეზოებში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულება 2018 წელს – 93 972.46 ლარზე;
  • საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოები – 2018 წელს, ხელშეკრულება 428 422.60 ლარზე;
  • გარეგანათების წერტების მოვლა-ექსპლუატაცია – 2019 წელს, ხელშეკრულება 1 214 168 ლარზე;
  • ბათუმში, ქუჩების გარეგანათების სამუშაოები – 2019 წელს, ხელშეკრულება 317 651.83 ლარზე;
  • ბათუმში, 23 მისამართზე, მრავალსართულიანი სახლების ეზოებში გარეგანათების მოწყობის სამუშაოები – 2019 წელს ხელშეკრულება „აჭარგანათებასთან“ – 61 086.57 ლარზე.

[/checklist]

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის – „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის 14 მარტს გამოაქვეყნა.

ამ ანგარიშში გარეგანათებასთან ერთად არაერთ სხვა დარღვევა-ნაკლოვანებებზეა საუბარი ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. ანგარიშის მიხედვით, მერიის 2017 წლის პროგრამის საბიუჯეტო გეგმის შესრულებას მთლიანობაში 4 039 610 ლარი დააკლდა.

 

მთავარი ფოტო  – „ბათუმელების“ არქივიდან

9,7 მილიონი ანაკლიის გზის პროექტირებისთვის და 4 კომპანია – წინა სამი ტენდერი ჩაიშალა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად წინადადებების მიღება დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარია.

„ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა.

კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტის განცხადებით, 2018 წელს, ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად სამი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით უშედეგოდ დასრულდა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

„ტენდერების ჩაშლის მიზეზების ანალიზის შედეგად და კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საპროექტო მომსახურების მიმწოდებელს, ამჯერად, განსხვავებული წესით შეარჩევს. გამოცხადებული პროცედურის ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროცედურის პირველ ეტაპზე, შეფასდება ტექნიკური წინადადებები რომლის წონა განისაზღვრება – 80%-ით, ხოლო მეორე ეტაპზე, შეფასდება ფინანსური წინადადებები, რომლის წონა – 20%-ია“ – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზები აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ მომზადებული პროექტით უნდა აშენდეს. სწორედ ამ გზებზეა დამოკიდებული, სამომავლოდ, ანაკლიის მშენებარე პორტის ფუნქციონირება.

უცხოეთიდან საქართველოში თებერვალში 125.5 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა 

2019 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მლნ აშშ დოლარი [332.9 მლნ ლარი] შეადგინა, რაც 10.2 პროცენტით [11.6 მლნ აშშ დოლარით] მეტია 2018 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წყარო: ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი თანხა საქართველოში რუსეთიდან გადმოირიცხა – 31.62 მლნ აშშ დოლარი [მთლიანი გზავნილების 25.2%, რაც 4.05%-ით ნაკლებია 2018 წლის თებერვლის თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით].

ფულადი გზავნილების მიხედვით თებერვალში, რუსეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა იტალია [17.44 მლნ აშშ დოლარი], ხოლო მესამეზე – საბერძნეთი [14.16 მლნ აშშ დოლარი].

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების  92.2 პროცენტი მოდიოდა.

2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მლნ აშშ დოლარი [47.1 მლნ ლარი] გადაიგზავნა, 2018 წლის თებერვალში კი – 18 მლნ აშშ დოლარი [44.3 მლნ ლარი].

 

უახლოეს დღეებში ბათუმში იწვიმებს, მთაში კი შესაძლოა ისევ ითოვოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 17-18 მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ღამით იწვიმებს და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, 18 მარტს. მთაში მოსალოდნელია თოვა, ღამით – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი 
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს,19-20  მარტს, მოსალოდნელია  ძირითადად უნალექო ამინდი.

_____________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, თამარ ნერგაძე

ბათუმში დააკავეს ექვსი პირი, რომლებიც უცხოელებს რესტორანში შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძალვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 6 პირი: 1994 წელს დაბადებული რ.ბ., 1979 წელს დაბადებული ნ.ო., 1983 წელს დაბადებული რ.ბ., 1985 წელს დაბადებული მ.ი., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული მ.კ. და 1989 წელს დაბადებული მ.ი.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულთაგან ზოგი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბოკვერსა“ და აეროპორტის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ფაშაში“ მუშაობდა. ისინი, თანამზრახველებთან ერთად, აღნიშნულ დაწესებულებებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს და რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარ ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან 

ამავე თემაზე: 

ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს

 

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – ახალი პროექტი

როგორ უნდა მიაწოდო ბათუმის მერიას საკუთარი იდეა ან პროექტი ისე, რომ ის აუცილებლად განიხილონ? როგორ უნდა გაუწიო ლობირება საკუთარ პროექტს მერიაში მისი წარდგენის შემდეგ, რას გულისხმობს ღია მმართველობა და მონაწილეობითი ბიუჯეტი? – ამ თემაზე ბათუმის მერიაში ახალი პროგრამებისა და მათში ჩართულობის მისაღწევად სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმის –  idea.batumi.ge პრეზენტაცია გამართეს. ვებგვერდების შექმნაში მერიას USAID-ი დაეხმარა.

შეხვედრას მერიაში საუბნო კავშირების წევრები, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ბათუმის მერი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ – დარბაზი სავსე იყო.

შეხვედრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საქართველოს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. როგორც მერიის წარმომადგენლებმა განმარტეს, პროექტის მიზანია, მოქალაქეთა ჩართულობით მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება.

პროექტის წარდგენის შესაძლებლობა ექნება ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებსაც მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის დარეგისტრირება შეეძლებათ. პროექტების განხორციელების არეალი ასევე უნდა ექცეოდეს ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.  

ყოველი წლის 31 მარტამდე ბათუმის მერია განსაზღვრავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტსა და დასაფინანსებელი პროექტის მაქსიმალურ ოდენობას.

ყოველი წლის 1-ლი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ბათუმის მერია, საუბნო კავშირების მეშვეობით, გამართავს საჯარო შეხვედრებს მოქალაქეებთან და მიაწვდის ინფორმაციას მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში წარსადგენი პროექტების პროცედურებისა და ვადების შესახებ. 

საპროექტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელი იქნება ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში და შესაბამისი ფორმატით.

მოქალაქეს ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია ელექტრონულად დაარეგისტრიროს საკუთარი საპროექტო განაცხადი ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონულ პლატფორმაზე. მოქალაქეს ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს ასევე შეეძლება საკუთარი საპროექტო განაცხადი დაარეგისტრიროს ბათუმის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში.

საპროექტო განაცხადის მაქსიმალური ბიუჯეტი, რაც შეუძლია მოქალაქეს მოითხოვს, იქნება 120 000 ლარი. 

მერია მოქალაქეების მიერ შეტანილი პროექტებიდან შეარჩევს 10 საუკეთესოს. ამის შემდეგ, საჯარო ხმის მიცემის გზით, ანუ ბათუმში მცხოვრები მოქალაქეების ჩართულობით, სამ საუკეთესო პროექტს გამოავლენენ. მერიისგან დაფინანსებას სწორედ ეს სამ პროექტი მიიღებს.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული პლატფორმა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება – ინფორმაცია მერიის ოფიციალურ და ფეისბუქის გვერდებზე განთავსდება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების მეთოდოლოგია შემუშავებულია დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI Georgia – USAID) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით.

მოქალაქეებს საკუთარი პროექტების/იდეების წარდგენა შეეძლებათ ვებგვერდზე – idea.batumi.ge  

განახლებული ინფორმაცია: ბათუმის მერიის ცნობით, იდეის რეგისტრაცია შესაძლებელია 15 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით. საბჭოს მიერ იდეები შეირჩევა 10-დან 15 ივნისის ჩათვლით. შერჩეული პროექტებისთვის ხმის მიცემა განხორციელდება 15-დან 30 ივნისის ჩათვლით, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული. 

საქართველოს რკინიგზა: მატარებელი ლიანდაგს ასცდა, დაშავებულები არ არიან

დღეს, საღამოს, 17:50 საათზე, ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგს ასცდა.  საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან და თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის გამო სამინისტროში შეტყობინება არ შესულა.

 

გააუქმებს თუ არა ბათუმის მერია k2-ის გაზრდის შესაძლებლობას – ლაშა კომახიძის განმარტება

თბილისის საკრებულომ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მშენებლებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მოსამატებლად. ცვლილების მიხედვით, k2 კოეფიციენტებს ადგენს გენგეგმის უფლებრივი ზონირების რუკა, რომელიც განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების მაქსიმალურ ინტენსივობას [შენობა-ნაგებობების სართულების ჯამურ ფართობს]. ამ აკრძალვით მესაკუთრეებს აღარ შეეძლებათ მიმართონ მუნიციპალიტეტს გენგეგმით დადგენილი მაქსიმალური კოეფიციენტის მომატების თაობაზე.

k2 კოეფიციენტის ინტენსიურად ზრდის შემდეგ ქალაქის იერსახის დამახინჯებას ბათუმშიც ხშირად აპროტესტებენ. კოეფიციენტების მაქსიმალურად ათვისების გამო აშენდა მაღალსართულიანი სახლები ეზოსა და პარკინგის გარეშე, რამაც ქალაქში უსაფრთხოების პრობლემებიც შექმნა. გარდა ამისა, დღის წესრიგში დადგა მზის სხივის გადანაწილების პრობლემაც.

                          ამავე თემაზე:    ქალაქი შენი ფანჯრიდან

ცაგო კახაბერიძის ფოტო.

2017 წელს ბათუმის დღეს მოქმედი მერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაჰპირდა მოსახლეობას, რომ ამ პრაქტიკას არ გაიზიარებდა.

გაიზიარებს თუ არა თბილისის მერიის ახალ გამოცდილებას ბათუმის მერია და შევა თუ არა იდენტური ინიციატივით საკრებულოში? – კითხვაზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე განმარტავს, რომ გაცილებით ადვილი იყო გადაწყვეტილების მიღება თბილისის შემთხვევაში, რადგან დედაქალაქს აქვს ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ].

ლაშა კომახიძის თქმით, ამ საკითხს ივნისის თვიდან ისედაც დაარეგულირებს უკვე ამოქმედებული სამშენებლო კოდექსი, რომელიც, ფაქტობრივად, k2 კოეფიციენტის გაუქმებას გულისხმობს:

„როგორც ცნება, ამ კოდექსში საერთოდ არ არსებობს. რაც შეეხება იმას, ხომ არ არის მცდელობა, ივლისის თვემდე რაიმე მოესწროს ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არა, რადგან პირველი აპრილიდან ამოქმედდება შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ მიმართულებით“.

მერი გულისხმობს ცვლილებას ბათუმის საკრებულოს 50-ე დადგენილებაში, რომლის  მიხედვითაც:

  • იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელთა საერთო ფართობი 600-1200 კვ.მ.-ია, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის k2 კოეფიციენტი შესაძლებელია გაიზარდოს კონკრეტული ზონისათვის დადგენილი ოდენობის 50 %-ით.
  • მიწის ნაკვეთებისათვის, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 1200-1800 კვ.მ-ს – შესაძლებელია გაიზარდოს იმ ზონისათვის დადგენილი ოდენობის 75 %-ით.
  • 1800-2500 კვ.მ. – ზონისთვის დადგენილი 100%-ით კანონმდებლობით განსაზ­ღვრული შესაბამისი პირო­ბების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

გარდა ამისა, ცვლილების მიხედვით, მერია ერთსა და იმავე ნაკვეთზე k2 კოეფიციენტის გაზრდის საკითხს ხელმეორედ აღარ განიხილავს.

რაც შეეხება ამ ცვლილების შემდეგ 1800-დან 20 500 კვადრატულ მეტრზე მშენებლობის შემთხვევაში k2 კოეფიციენტის ასი პროცენტით და მეტით გაზრდის შესაძლებლობას, მერი განმარტავს, რომ აქ დამატებითი დაცვის მექანიზმი ერთვება, რადგან კანონი 2500 კვადრატულ მეტრს ზემოთ, კონკრეტულ სამშენებლო ნაკვეთზე გრგ-ს მომზადებას გულისხმობს.
„რეალურად ჩვენ ამ ცვლილებით მთლიანად ვუბიძგეთ სამშენებლო სექტორს გრგ-თი განხილვაზე, კ2, როგორც ასეთი, არსებობს, მაგრამ მისი ცნება როგორიც იყო ადრე, ისე ვეღარ ფუნქციონირებს და ჩვენ უკვე განვიხილავთ გრგ-ებს და არა კ2-ს“.
მთავარი ფოტო: ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქუჩა

შსს: აჭარაში დიდი ოდეობით „ექსტაზი“ ამოვიღეთ, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

სამართალდამცავებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 921 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფელ კვირიკეში ლოდებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში, ძველ მეჩეთთან/ჯამესთან ახლოს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა. ენმ-ის წევრის, რეზო ხარაზის თქმით,  სოფელში არსებული კარიერიდან ლოდებს ეზიდებიან, როგორც ლიცენზიანტი, ისე არალიცენზიანტი [ვადა გაუვიდათ] კომპანიები. სატვირთო, რომელიც დღეს გადაბრუნდა, სწორედ ერთ-ერთი კომპანიის დაკვეთას ასრულებდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა.

რეზო ხარაზის თქმით, სოფლის მოსახლეობა დღეს ამ მანქანის ამოტანის შესაძლებლობას არ აძლევდა კომპანიას – სოფელში კლდის დაშლის შეწყვეტას ითხოვენ. აქ მიაჩნიათ, რომ არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვის გამო ზიანდება როგორც სახლები, ისე სოფლის ახალმოასფალტებული გზა.

კვირიკეს მოსახლეობას დღეს სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ხვდებიან საქართველოს პარლამენტის წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. ენმ-ის წევრის, რეზო ხარაზის თქმით, მოსახლეობამ სწორედ მათ სთხოვა დღეს, რომ შეწყდეს სოფელში კლდის დაშლის პროცესი და მათგან მიიღეს კიდეც ამის დაპირება.

დაჰპირდა თუ არა კობა ნაკაიძე მოსახლეობას კარიერზე სამუშაოების შეწყვეტას? – „ბათუმელები“ მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებას მის მოპოვებისთანავე, აქვე შემოგთავაზებთ.

პარლამენტარი კობა ნაკაიძე სტატიის გამოქვეყნებიდან ერთ საათში დაგვიკავშირდა და შემდეგი განაცხადა:

სოფლის პროგრამის ფარგლებში ვხვდებით დღეს კვირიკეში მოსახლეობას. გზაზე დაგვხვდა ეს ლოდებით დატვირთული მანქანა, რომელიც გადავარდა. იქ იყო ხალხი შეკრებილი და შემდეგ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ კარიერის შესახებ. მართალი გითხრათ, სოფელში აზრი არის ორად გაყოფილი – ერთი ნაწილი ითხოვს კარიერის სრულად გაუქმებას, მეორე ნაწილი – ვინც დასაქმებულია, ისინი ამბობენ, რომ სამუშაოები გაგრძელდეს, ოღონდ უნდა გაკონტროლდეს ტექნიკური სტანდარტები.

ამბობენ, რომ აქ მანქანებს 20-25 ტონის ნაცვლად 45 ტონა და მეტი ტვირთი გააქვს, რაც აზიანებს გზებს და სახიფათოა, ანუ ტექნიკური სტანდარტები არის დარღვეული.

გამგებლის მოადგილემ მოსახლეობას უთხრა, რომ ეს საკითხი გადაეცა აჭარის მთავრობას. შესაბამისი კომისია შეისწავლის საკითხს, რომლის დასკვნის საფუძველზეც მიიღებენ გადაწვეტილებას. მე ჩემი მხრივ დავპირდი მოსახლეობას, რომ ჩავერევი, რათა დროულად მომზადდეს დასკვნა და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ.

კვირიკეში, კარიერზე მოპოვებული ლოდები ბათუმსა და ფოთში უკვე რამდენიმე წელია გააქვთ, სანაპიროს გამაგრების მიზნით.

ამავე თემაზე:

აფეთქებული კლდე ზღვაში მიმდინარე მშენებლობისთვის

ზენითი-აჭყვისთავის გზა გაიხსნა – ივანიშვილის პარკისთვის გამზადებული ხე სოფლიდან გააქვთ

დაახლოებით 11 საათი იყო ჩაკეტილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზა. მოძრაობის პარალიზება ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებული ხის გადაადგილების შეფერხებამ გამოიწვია. ხე გზის ვიწრო მონაკვეთში არ გაეტია, რის შემდეგაც ადგილზე  გზის გაფართოების სამუშაოები დაიწყეს.

11 საათის განმავლობაში ავტომობილები ამ სოფლების მიმართულებით შემოვლითი გზით გადაადგლდებოდნენ.

ფოტო: გურამ მურვანიძე

ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის პროცესი ღამის პირველი საათიდან დაიწყო და დილის 12 საათამდე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა, რაც, სავარაუდოდ, ხის გადატანის გამო ელექტროსადენების მოხსნა/დაზიანებამ გამოიწვია. სოფელში მცხოვრებთა თქმით, „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ გუშინ, 15 მარტს, წინასწარ [შუქის გამორთვამდე] მიიღეს შეტყობინება, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ქსელში ავარიული დაზიანების გამო შეწყდებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოსახლეობა ხის გადატანის პროცესს აკვირდებოდა.

ამ დროისთვის ხე სოფელ ალამბრის ცენტრშია გაჩერებული.

ფოტო: გურამ მურვანიძე

გონიოში აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 16 მარტს 13:00 საათიდან წყლის მიწოდება შეუწყდებათ მატათა მოციქულის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანია შეფერხების მიზეზად დაზიანებულ მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს, ამ ქუჩაზე წყლის მიწოდება აბონენტებს 20:00 საათიდან აღუდგებათ.

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე კაცს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ოთხმოც წლამდე კაცს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მედცენტრში გადაიყვანა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით დაზარალებულს აღენიშნებოდა ქალა ტვინის ტრავმა, თუმცა ის გადაყვანისას გონზე მოვიდა და კონტაქტური იყო.

მელიქიშვილის ქუჩაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

 

ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა

ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ერთ-ერთი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა. ამ დროისთვის გადაკეტილია ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა. მორიგი ხე პარკისთვის სოფელ ზენითიდან მიაქვთ.

ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა. ამ დრომდე ხის გადაადგილება ვერ ხერხდება.

სოფელ ზენითიდან დენდროლოგიური პარკისთვის სულ სამი ხის გადატანაა დაგეგმილი.

მთავარი ფოტო: გიგანტური ხე სოფელ ზენითის სავტომობილო გზაზე, გურამ მურვანიძის ფოტო

გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო

 

შეგიძლია გამოიცნო სიტყვები სულხან-საბას ლექსიკონიდან? [ტესტი]

შეამოწმე, ინტუიციის დახმარებით და ჟღერადობით გამოიცნობ თუ არა ძველ ქართულ სიტყვებს სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონიდან”. ლექსიკონი ავტორმა 1685 – 1716 წლებში შეადგინა იმ დროისთვის უახლესი მეთოდით. „სიტყვის კონაში” მან იმდროინდელ ცოცხალ, სასაუბრო მეტყველებაში გავრცელებული სიტყვები ასახა. გააცოცხლე ძველი ქართული და გაიგე, რას რა ერქვა მეჩვიდმეტე საუკუნეში.

ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები: მახინჯაურში საცხოვრებლის დათმობას გვთხოვენ

მახინჯაურში, ზღვასთან ახლოს, ყოფილ და მოქმედ სამხედრო პირებს საცხოვრებლის დათმობას სთხოვენ. ოთხსართულიანი ძველი კორპუსი მახინჯაურში, რომელშიც სამხედროები ათ წელზე მეტია ცხოვრობენ, სარეკრეაციო ზოლში, 1 979 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. შენობა ყოფილ 50-ე ბატალიონს ეკუთვნოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის მიტოვებული და მოუვლელი იყო.

ამ შენობის გვერდით, ყოფილი საბჭოთა შენობები მიმდებარე ტერიტორიებით, სახელმწიფომ ინვესტიციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის პირობით აქამდეც რამდენჯერმე გაასხვისა. მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთები ძველი შენობებით მართველი პარტიის ლიდერ, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც შეისყიდეს.

დაინტერესებულია თუ არა რომელიმე კონკრეტული ინვესტორი სამხედრო პირების საცხოვრებელი ადგილით და გეგმავს თუ არა სახელმწიფო მის გასხვისებას ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ვერ მიიღეს.

ტერიტორია, სადაც ყოფილი და მოქმედი სამხედროების ოჯახები ცხოვრობენ

„შენობა თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაშია, ამიტომ ჩვენ ამ ქონებასთან მიმართებაში საინვესტიციო წინადადებას არ განვიხილავთ. თუ სამინისტრო მას უკან დააბრუნებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება მისი გასხვისება განვიხილოთ. სხვა რაიმე სახის განმარტებას ამ საკითხზე ვერ გავაკეთებთ“, – გვითხრეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში.

მახინჯაურში, თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ შენობაში მცხოვრებ ყოფილი და მოქმედი სამხედროების ინფორმაციით, შენობაში შესახლების უფლება მათ, წლების წინ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მისცა, იმ პირობით, რომ ძველ შენობას ისინი თავად მოაწესრიგებდნენ.

„ოფიციალური ბრძანება ამასთან დაკავშირებით წერილობით არ გვაქვს და არც შეგვეძლო ეს მოგვეთხოვა. გვაქვს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შენობაში ელექტროენერგიის შეყვანასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გვიშუამდგომლა. შენობა მოვაწესრიგეთ, ფაქტობრივად მხოლოდ კარკასი იყო. წლების შემდეგ კი, ჩვენი ადგილზე არყოფნის დროს, მოვიდნენ სამხედრო პოლიციიდან და ჩვენს მეუღლეებს მოაწერინეს ხელი პირობაზე, რომ ნებისმიერ დროს, მითითებისთანავე დავტოვებდით ტერიტორიას“, – გვიყვება ყოფილი სამხედრო პირი, ფრიდონ ბერიძე.

ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირები ოჯახებით ამ შენობაში 2009 წლიდან ცხოვრობენ. „სამომავლოდ ამ შენობის დარეგისტრირებასაც გვპირდებოდნენ“, – ამბობს ყოფილი ოფიცერი როინ ბერიძე.

აქ მცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ მზად არიან დატოვონ ტერიტორია იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ ალტერნატიულ საცხოვრებელს შესთავაზებს, ოღონდ შეთავაზება ადეკვატური უნდა იყოს.

„მარნეულში ან ქედაში ვერ წავალთ. თუ ნორმალურ ფართობს და ადგილს შემოგვთავაზებენ, უარს არ ვიტყვით. პირიქით გაგვიხარდება თუ აქ სახელმწიფო სასტუმროს ააშენებს“, – აცხადებენ ისინი.

ამ დროისთვის შენობაში 40-მდე სამხედრო პირის ოჯახი ცხოვრობს, მათგან ზოგი პენსიაშია გასული, ზოგიც მოქმედი სამხედროა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტერიტორია, სადაც მოქმედი და ყოფილი სამხედრო პირების ოჯახები ცხოვრობენ, თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაშია. ქონების მფლობელი კი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მახინჯაურის ყოფილი სამხედრო ბატალიონის შენობიდან ყოფილ სამხედრო პირებს საცხოვრებლის დატოვებას აიძულებენ; მცდარია ასევე ისიც, რომ მათ ამ ბინების საკუთრებაში დარეგისტრირებას დაჰპირდნენ:

„არ გეგმავს არავინ მათ გამოსახლებას. ეს სახლი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაა. ჩვენ არ ვთხოვთ მათ ბინების დატოვებას, არ ვასახლებთ არავის. თუმცა, ვინც უკვე გადასულია სხვა საცხოვრებელ სახლში და უბინაოდ არ არის, ბინა კი თავისუფალია, მათ, რა თქმა უნდა, ვთხოვთ, რომ ჩააბაროს ბინა, რომელიც თავდაცვის სამინიტროს კუთვნილებაა.

ეს არის სამხედროების დროებითი საცხოვრებელი. სამხედრო, როდესაც სამსახურშია, მას აძლევენ უფლებას, გამოიყენოს ეს საცხოვრებელი. როდესაც მიდის თავდაცვის ძალებიდან, მან უნდა დაცალოს ბინა. თუმცა, ვისაც სხვა საცხოვრისი არა აქვს, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას იცხოვროს. თუკი ის გადის ამ ბინიდან სხვაგან საცხოვრებლად, ვთხოვთ, რომ ჩააბაროს ეს ბინა თავდაცვის სამინისტროს. ახლა იქ არიან მოქმედი სამხედროებიც, მაგრამ ძალიან ბევრია ყოფილი სამხედრო“, – განმარტა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო თოლორდავამ.

მთავარი ფოტო: სახლი, რომელშიც ყოფილი და მოქმედი სამხედროები ცხოვრობენ

Exit mobile version