ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ტრეფიკინგში მსჯავრდებულ ქალს ნ.რ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 15 მარტს, გამოაცხადა.
საუბარია აჭარაში, ბეშუმის ტყეში, 2013 წელს მოკლული უზბეკი გოგოს საქმეზე, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულ ქალს, ასევე, უზბეკეთის მოქალაქეს, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განსასჯელს „ინტერპოლის“ წითელი ცირკულარით ეძებდნენ. რამდენიმე თვის წინ მსჯავრდებული რუსეთში დააკავეს. ის ახლა უკვე საქართველოში, საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჰქონდა გამოტანილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კი განსასჯელის დაკითხვის შესაძლებლობა მიეცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებები ხელახლა გამოიკვლია. სწორედ ამის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა უვადო თავისუფლების აღკვეთა შეცვალა ვადიანით.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურდა, რომ 2012 წლის 24 ივნისიდან,2013 წლის 31 მაისამდე უზბეკეთის მოქალაქე ნ.რ.-მ ბათუმში უზბეკეთის 5 მოქალაქის მიმართ ახორციელებდა ტრეფიკინგს.
გამოძიების მტკიცებით, ტრეფიკინგის ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი ნ.რ.-ს ემუქრებოდა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდგომ უკანონო საქმიანობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში დაასმენდა. ნ.რ.-მ ამ ქალის მკვლელობა უზბეკეთის მოქალაქეს ხ.რ.-ს და საქართველოს მოქალაქე კ.დ.-ს 2 ათასი დოლარის სანაცვლოდ სთხოვა.
2013 წლის 23 მაისს, ღამის ორ საათზე, ხ.რ.-მ და კ.დ.-მ ხულოში, კურორტ ბეშუმში, ,,შქერნალის“ ტყეში, ფიზიკური ძალადობითა და ქვის თავში ჩარტყმით განზრახ მოკლეს რ.ხ., ხოლო გვამი იქვე გადამალეს.
მსჯავრდებულმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. ჯერჯერობით უცნობია, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება სასჯელის ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლომ ზედმეტად მკაცრად მიიჩნია უვადო თავისუფლების აღკვეთა ტრეფიკინგში მსჯავრდებულისთვის.
12-13 მარტს თბილისში, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“ -ში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წევრი პორტებისა და სამუშაო ჯგუფში შემავალი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის სხდომა
სამუშაო ჯგუფმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების გზები, 2019 წლისათვის სატრანსპორტო დერეფნის სატარიფო განაკვეთები, აქტაუსა და ბაქოს პორტებს შორის სარკინიგზო-საფიდერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებსა და კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისას მხარეთა ურთიერთქმედების რეგლამენტის შეთანხმების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ტვირთნაკადის კონტროლის მიზნით შეთანხმება იქნა მიღწეული ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის სქემაზე.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.
ვინ წყვეტს და რის მიხედვით, რომელი მცენარე უხდება ქალაქს ან კონკრეტულ ქუჩას? – ამ კითხვებმა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსი, დავით დიასამიძე გააღიზიანა. თავდაპირველად მან გვითხრა, რომ დოკუმენტი არსებობს, რაც ბათუმში გამწვანების პოლიტიკას განსაზღვრავს. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე მხოლოდ აგრონომების და სპეციალისტების ხედვა არსებობს.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ ამას. ახლა, მაგალითად, ძველ ბათუმზე ვაკეთებთ. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომელი ხე მოუხდება ზვიად გამსახურდიას ქუჩას – კამელია, თუ ირმის რქა, აგრონომები და სპეციალისტები იტყვიან,“ – გვითხრა დავით დიასამიძემ. მას ვკითხეთ, მხოლოდ სამსახურის აგრონომები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, სადაც გაწერილია გამწვანების კონცეფცია და რეგულაციები.
„სენსაციას თუ ელოდები, მიიღე უკვე ჩემგან, მეგობარო. მეტი როგორ აგიხსნა? 15 ხე გადავაადგილე და მაინცა და მანაც აქ მომადექით?… ნაწყენი ვარ, უსაფუძვლო იყო. კამათში არ შემოვდივარ, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, რა იყო უსაფუძვლო,“ – აღნიშნა დავით დიასამიძემ.
მისი განმარტებით, ის „ბათუმელების“ მიერ გუშინ, 14 მარტს, გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე „განაწყენებულია“, სადაც აღწერილია, როგორ თხრიან ნაძვის ხეებს „აჭარის ტელევიზიის“ შენობასთან. ამ ინფორმაციაში დავით დიასამიძემ თქვა, რომ ხეები ტელევიზიის ხელმძღვანელობის მოთხოვნით გადააქვს სხვა მისამართზე. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ხეების ამოთხრაზე კომენტარი არ გააკეთა. დავით დიასამიძე ამჯერად ამბობს, რომ ნაძვის ორი ხის გადატანის შესახებ თავად გამწვანების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება.
„ჩვენ ვიმსჯელეთ და შემდეგ ვუთხარით ჟურნალისტებს, თუ გესიამოვნებათ ეგეთი რაღაც და კიო, ეთიკაა ხო? და თქვენ ეგ ააგორეთ რაღაც საზიზღრობაში… ჩასაფრებული ხართ, რომ ვინმემ რამე ცუდი გააკეთოს, ეგ არის თქვენი ბათუმელობა? “- დასძინა დავით დიასამიძემ.
გამწვანების სამსახურის უფროსს ვკითხეთ, როგორ იმოქმედებს იგივე სამსახური, თუკი, მაგალითად, იგივე ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობა საკურას ნაცვლად ისევ ნაძვის ხეს მიანიჭებს უპირატესობას.
დავით დიასამიძე: „რა შუაშია ვის რა მოსწონს… ჩვენ ვეყრდნობით ტექნიკურ მონაცემებს, როგორ გამოიყურება დასრულებულ ვარიანტში კონკრეტული ადგილი, მაგალითად, ერთი გამზირი არის ფოთლოვანი, ერთი – წიწვოვანი. ზოგადად, წიწვოვანებს უჭირთ ნესტიან ნიადაგში გახარება. მოვლა-პატრონობაც ჭირს წიწვოვანი ხეების… ტელევიზიასთან ერთ-ერთ ხეს, მარჯვენა მხარეს რომელიც იყო, ოდნავ დაავადებული იყო, 80 პროცენტი შესაძლებელი იყო მაგის გადარჩენა, მაგრამ იქვე ნეკერჩხალია, ფოთლოვანი სხვა ხეები, ეს არ ჯდებოდა ესთეტიკაში…“
ხედავს თუ არა ბათუმის მერია და კონკრეტულად ქალაქის გამწვანების სამსახური გამწვანების კუთხით კონცეფციის საჭიროებას, რომელიც დოკუმენტის სახით იარსებებს და აღარ იქნება პიროვნებებზე დამოკიდებული, სად რომელი ხე დაირგვება ან გადაირგვება? – „ბათუმელების“ მორიგ კითხვაზე გამწვანების სამსახურის უფროსმა, დავით დიასამიძემ მხოლოდ ეს გვიპასუხა:
„კონკრეტულ ლოკაციებზე მიმდინარეობს განხილვა. საერთო დოკუმენტაცია იკვრება საერთო ჯამში, შეაფასეთ ჩვენი გაკეთებული. ინტერვიუ დასრულებულია.“
ხომ არ გახმა რომელიმე ხე, რომელიც გადარგეს? – გამწვანების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ხეების გახარების მაჩვენებელი დადებითია და არცერთი ხე გამხმარა.
ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი. ტერიტორიის კეთილმოწყობა 2019 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
ტენდერის მიხედვით, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, მწვანე ტბაზე ნავმისადგომები, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში უნდა დასრულდეს, თუმცა მიმწოდებელმა ნავმისადგომებისა და ფანჩატურების მშენებლობა უნდა დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს პირველ აგვისტომდე.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 31 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება. სატენდერო თანხა 1 მილიონ 80 ათასი ლარია.
პრეტენდენტს, სხვა მოთხოვნებთან ერთად, 2016 წლის პირველი იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს დასრულებული არანაკლებ 3 240 000 ლარის ღირებულების ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორია უნდა მოეწყოს, თან ახლავს სატენდერო დოკუმენტებს.
აჭარის მთავრობაში ჯერ კიდევ 2017 წელს აცხადებდნენ, რომ მწვანე ტბასთან დაგეგმილი სამუშაოები ეკოსისტემაში მკვეთრ ჩარევას არ ითვალისწინებს და მცირე მასშტაბის შენობას, ასევე პარკინგის ადგილს, ტბის მიმდებარედ, ბუფერულ ზონაში მოაწყობენ.
ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის „გოდერძის უღელტეხილი-მწვანე ტბა-დიდაჭარის იაილა“ დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2019 წლის 20 მაისამდე უნდა დასრულდეს.
ფოტო/რენდერი საპროექტო დოკუმენტებიდან:
ღამის გასათევი მწვანე ტბასთან / რენდერიფანჩატურები მწვანე ტბასთან / რენდერიპარკირების გეგმა მწვანე ტბასთანადმინისტრაციული შენობა მწვანე ტბასთან / რენდერიმწვანე ტბა, ნავმისადგომი / რენდერი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ამსახველი ყალბი მონაცემების შემცველი ანგარიშები, რომელშიც ხელოვნურად გაზარდა ბენეფიციართა და ჩატარებული სარეაბილიტაციო კურსების რაოდენობა.
დანაშაულში მხილებულმა პირმა, ასევე, გააყალბა ბენეფიციართა მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების ხელმოწერები, თითქოსდა მათ მიღებული ჰქონდათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
ბრალდებულმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარადგინა და მოტყუებით მოითხოვა და მიიღო დიდი ოდენობით თანხა – 40 656 ლარი“.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
„რკინის ჟალუზები უნდა დავაყენო ალბათ, სხვა საშველი არაა,“ – ეს გამოსავალი იპოვა მზია რეხვიაშვილმა, რომელსაც ბათუმში, წერეთლის 44-ში ნამცხვრის მაღაზია უკვე 10 წელია აქვს გახსნილი. გასული წლის ნოემბრიდან დღემდე მაღაზია სამჯერ გაქურდეს. სამივეჯერ გაქურდვა ერთნაირად მოხდა – მინის კარი ქვით ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში არასრულწლოვნები შევიდნენ. ბოლოს ნამცხვრის მაღაზია 13 მარტის ღამეს გაქურდეს.
„ნამცხვრებისთვის არც ერთ შემთხვევაში არ უხლიათ ხელი,“ – გვიყვება მზია რეხვიაშვილი. -„პირველ შემოსვლაზე სალაროში დატოვებული დაახლოებით 500 ლარი წაიღეს. შემდეგ თებერვალში გაგვქურდეს და 100 ლარი წაიღეს. ახლა სალაროში აღარ ვტოვებ ფულს და რაც იყო დარჩენილი ხურდები – სადღაც 30 ლარი წაიღეს… კარის აღდგენა ჯდება ძვირი, სადღაც 350 ლარი“, – გვითხრა მან.
ნამცხვრის მაღაზიას ვიდეოსათვალთვალო კამერა არ აქვს. მზია რეხვიაშვილის თქმით, შუშის კარის ჩამსხვრევის დროს სიგნალიზაცია ირთვება, თუმცა ვიდრე დაცვის სამსახური ადგილზე მიდის, სალარო აპარატიდან ფული მიაქვთ.
„კამერას აზრი არ აქვს, რადგან ამჯერად როცა გაგვქურდეს, პოლიციის განყოფილებაში გვითხრეს, რომ თებერვლის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილეს, ვერ დავაკავეთ, არასრულწლოვნები იყვნენო… გამოდის, ვიდეოკამერა რომც დავაყენო, ეს არაფერს შეცვლის, რკინის ჟალუზებით უნდა დავიცვა თავი,“ – აღნიშნავს მზია რეხვიაშვილი.
პოლიციელების დამოკიდებულება და, მათ შორის, სექსისტური გამონათქვამი მზია რეხვიაშვილის დამ – ჟურნალისტმა ნაზი რეხვიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გაასაჩივრა. გენინსპექციამ ამ შემთხვევაზე მოკვლევა უკვე დაიწყო.
„იმ ღამით როცა მივედი, პოლიციელებს დავუსვი კითხვა, რატომ ვერ გამოიძიეს ქურდობის წინა შემთხვევები. მითხრეს, რომ წინა შემთხვევა გამოძიებულია და სასამართლოს გადავეცით საქმეო. ვიკითხე, თუ გადაეცით საქმე, ეს დაზარალებულმა რატომ არ იცის-მეთქი და ამაზე გაღიზიანდნენ, თქვენ უნდა მოგეკითხათო. ვთხოვე პოლიციელებს, მათი სახელ-გვარები ეთქვათ, რადგან გენინსპექციაში უნდა დამერეკა. ერთმა მითხრა, რა იყო, ჩვენს დაშინებას აპირებო? მეორემ კი მიპასუხა, ქალი რომ არ იყო, ვიცოდი რასაც ვიზამდიო… გამირჩევდა საქმეს, თუ რას იზამდა, არ ვიცი…. რეალურად პოლიციელები მუშაობენ ისე, რომ აღარ მოგინდება რამე გამოიძიონ, შენი საქმე თავად უნდა მოიკითხო,“ – ამბობს ნაზი რეხვიაშვილი.
დღეს, 15 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამცხვრების, ასევე, სურსათის მაღაზიების ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ამ საქმეზე დააკავეს და ამ დროისთვის 15 წლისაა, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ნამცხვრების მაღაზია თებერვალშიც გაქურდა.
რა მოხდა თებერვალში არასრულწლოვნის მხრიდან ნამცხვრის მაღაზიის გაქურდვის ფაქტის დადგენის შემდეგ? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ მოზარდები ამხილეს, ხოლო რეაგირება პროკურატურის საქმეა. პროკურატურაში ამ თემაზე განმარტებას მოგვიანებით დაგვპირდნენ.
წერეთლის ქუჩაზე, ნამცხვრის მაღაზიის გვერდით, ტანსაცმელიც იყიდება. ეს მაღაზიაც გაუქურდავთ.
„ჩემი მაღაზიაც გაქურდეს ახალ წლამდე, რამდენიმე ქურთუკი წაიღეს… პოლიცია იყო მოსული, მერე არ ვიცი. მითხრეს, არასრულწლოვანი ბიჭები იყვნენო და აღარ მომიკითხავს“, – გვითხრა მაღაზიის მესაკუთრემ, იოსებ ბოლქვაძემ.
ამ დროისთვის რკინის ჟალუზებს სავაჭრო ობიექტებზე ბათუმში თითქმის ვერ შეხვდებით.
ბათუმის მერია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 999 987 ლარია.
ტერიტორიის რეაბილიტაცია ქვაფენილზე ქართული ანბანის ასოების განთავსებასაც გულისხმობს. პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება სამუშაოები, მერიის დაკვეთით, კერძო კომპანიის მიერაა მომზადებული.
ანბანის კოშკის მიმდებარედ ერთ ადგილზე ბეჭდური ფილებით განთავსდება წარწერები „ანბანი“ [ესკიზი, ტიპი I ], ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილზე – ქართული ანბანის ცალკეული ასოები [ესკიზი, ტიპი II ].
კომპანია „ხობი 2005“-ში, რომელმაც პროექტი მოამზადა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იმ ადგილზე, სადაც პროექტში ასოების განლაგებაა მითითებული „შესაძლოა როგორც კონკრეტული ასოები, ასევე მთლიანად სიტყვები ან აფორიზმებიც განთავსდეს. ეს გაკეთდება ბეჭდური ბეტონით და შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფერიც, რაზეც მერია შეთანხმდება“.
მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განაცხადეს, რომ ფერი [ფერები] ტენდერში გამარჯვებულთან შეთანხმდება. რაც შეეხება იმას, ანბანის ასოები განთავსდება თუ სიტყვები ან აფორიზმები, სამმართველოში გვითხრეს, რომ განთავსდება მხოლოდ ანბანის ცალკეული ასოები.
ესკიზის ტიპები და მათი განთავსების ადგილები საპროექტო დოკუმენტიდან:
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 120 კვ/მ ფართობს მოიცავს. სამუშაოები გულისხმობს არსებული გრანიტის ფილების, ბეჭდური ბეტონის, ველობილიკის, განათების ბოძებისა და დეკორატიული სკამების დემონტაჟს, მათი შემდგომში მონტაჟით; მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, არსებული გრანიტის ფილები გაიწმინდება და დაიგება; აღდგება ველობილიკი.
ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად. პირველი ეტაპის დაწყება სავალდებულოა ხელშეკრულების დადებისთანავე. მეორე ეტაპის დაწყების თარიღს განსაზღვრავს კეთილმოწყობის სამმართველო, რომელიც მიმწოდებელს აღნიშნულის თაობაზე აცნობებს წერილობით. ყოველ ეტაპზე მითითებული იქნება შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და შესრულების ვადა.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [ბეჭდური ბეტონის საფარის მოწყობა] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონი ლარის ოდენობით.
შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს – ბათუმის მუნიციპალიტეტი [საკუთრების ნაწილი გადაცემულია „ბათუმის ბულვარზე“ მართვის უფლებით], აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ხოლო დიდი ნაწილი ქვაფენილით დაფარული ტერიტორიისა, რეესტრში ჯერ არავის საკუთრებაში არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული.
ამ ტერიტორიაზე ფილები განსაკუთრებით 2016 წელს, Maroon 5-ის კონცერტის დროს დაზიანდა – ფილები დატყდა, ალაგ-ალაგ კი მთლიანად ამოიყარა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის [ენმ] აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, შპს „ვი აი პი“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დროულად არ დაასრულა. ხოლო ის სამუშაოები, რაც მერიამ ჩაიბარა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებს.
მიშა ბოლქვაძის თქმით, მერიამ კომპანიას ოთხი ქუჩის კეთილმოწყობისთვის 474 221 ლარი გადაურიცხა, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის ნოემბერში, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.
„ტაოს, ხიხანისა და ახალგაზრდობის ქუჩები დღემდე მოუწესრიგებელია. ტაოს ქუჩაზე, სადაც არხი უნდა გაეკეთებინა, მხოლოდ ნაწილობრივ არის გაკეთებული და ამის მიუხედავად, მერიამ სამუშაოები მაინც ჩაიბარა. სადაც გააკეთეს, არც იქ გადის წყალი და ქუჩა მაინც იტბორება.
მერიამ ხუთჯერ შეუცვალა ვადები და მოარგო პირობები, მარტის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო ყველა სამუშაო, თუმცა კომპანია პირობებს არ ასრულებს,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
მისი თქმით, ამ ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, რადგან სანიაღვრე არხების გაკეთების შემდეგ მაინც იმაზე მეტი წყალი დგება, ვიდრე მანამდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა.
„ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა 18 ოქტომბერს და სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 25 დეკემბერს, მაგრამ კომპანიამ ვერ შეძლო აღნიშნულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც ის 5 310 ლარით დაჯარიმდა. თუმცა კომპანიამ სამუშაოები უკვე დაასრულა,“- გვითხრა კეთილმოწყობის სამმართველოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ კორძაძემ.
მისივე განმარტებით, კომპანიას ქუჩების კეთილმოწყობა არ ევალებოდა, მას მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოები უნდა შეესრულებინა.
„ხიხანის ქუჩაზე მოეწყო 180 მეტრი გრძივი სანიაღვრე სისტემა, ტაოს ქუჩაზე მოეწყო 451 მეტრი გრძივი სისტემა და დამონტაჟდა 19 მიმღები ჭა. პროექტში რაც იყო გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული აქვს,“ – ამბობს კორძაძე.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩების მოასფალტებისთვის ტენდერი ცალკე გამოცხადდება.
ენმ-ს წარმომადგენლის თქმით, ტაოსა და ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს იწუნებს.ტაოსა და ხიხანის ქუჩის მცხოვრებლები.ხიხანის ქუჩა ამ დროისთვის.
ნამცხვრისა და სურსათის მაღაზიების გაქურდვისთვის პოლიციელებმა ორი არასრულწლოვანი დღეს, 15 მარტს, ამხილეს. საუბარია წერეთლის ქუჩაზე მდებარე ნამცხვრის მაღაზიაზე, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან დღემდე უკვე მესამედ გაქურდეს. ბოლო შემთხვევა 13 მარტს ღამით მოხდა. სურსათის მაღაზია კი ასევე 13 მარტს აეროპორტის გზატკეცილზე გაქურდეს.
შსს-ს ცნობით, დღეს მხილებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, რომელიც ახლა 15 წლისაა, თებერვალშიც გაქურდა ნამცხვრის მაღაზია. ამავე საქმეზე მხილებული მეორე ბიჭი კი, 17 წლისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 13 მარტს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილსა და წერეთლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო და საკონდიტრო მაღაზიებში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი მოიპარეს.
„ორივე არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში, შვეიცარიის ორი მოქალაქე დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაკარგული ტურისტები მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ამავე წყაროს ცნობით, ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.
„სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“-ნათქვამია სამაშველო სამსახურის განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.
„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელი“ (NCCE), „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან“ (NDI) ერთად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს რეგიონული სკოლების უფროსკლასელებისთვის სახელწოდებით „შენიხმათანასწორობისთვის“.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს ან მის რომელიმე წევრს უნდა გაუგზავნონ წერილი, რომლითაც საბჭოს კონკრეტულ წევრს გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საბჭომ ან ზოგადად, საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის გასამტკიცებლად.
წერილში შეიძლება განხილული იყოს:
გენდერული საბჭოს პრიორიტეტებთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად, რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს გენდერულმა საბჭომ ყურადღება პირველ რიგში და რატომ.
გენდერული საბჭოს საქმიანობის ფორმებთან დაკავშირებული საკითხები – მაგალითად, რა მიდგომები უნდა გამოიყენოს გენდერულმა საბჭომ მოქალაქეებთან უკეთესად კომუნიკაციისთვის, დასახული მიზნების უკეთესად მიღწევისთვის და ა.შ.
გენდერული საბჭოს ცალკეულ პრიორიტეტულ სფეროებთან დაკავშირებული საკითხები. მაგალითად, რისი გაკეთება შეუძლია საბჭოს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისთვის, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისთვის და ა.შ.
საკონკურსო მოთხოვნების მიხედვით, წერილი ასევე შეიძლება შეიცავდეს მოსაზრებებსა და წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდიდა საბჭოს საქმიანობას უფრო საინტერესოს წერილის ავტორი უფროსკლასელისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ რეგიონებში.
წერილისშეფასებისძირითადიკრიტერიუმები:
კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა
საინტერესო იდეა/მოსაზრება
კრეატიულობა და ინოვაციურობა
წერილისტექნიკურიმოთხოვნები:
სამუშაო ენა, ქართული; დოკუმენტის ტიპი: MS Word; ფონტი: Sylfaen; შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1.15; მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა.
წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სკოლის დასახელება/ნომერი.
მნიშვნელოვანიპირობები:
პირობების მიხედვით, ერთ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ერთი წერილი.
დაგვიანებით მიღებული წერილები არ განიხილება, წერილის ადრესატი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ან მისი რომელიმე წევრი პერსონალურად, წერილი უნდა გამოიგზავნოს ელ. მისამართზე: info@ncce.ge
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ათი საუკეთესო წერილის ავტორი. გამარჯვებულებისთვის მოეწყობა სპეციალური სასწავლო ტური თბილისში, სადაც საქართველოს პარლამენტის და კონკრეტულად, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის გაცნობის პარალელურად, გამარჯვებულებისთვის დაიგეგმება სპეციალური შემეცნებითი ღონისძიებები.
ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, არ შეარჩიოს გამარჯვებულები, თუ მიღებული წერილები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს.
საბჭო მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და სხვ.
„ამ სქემის გაკეთება საკმაოდ მარტივია, რადგან ამ დროს გგონია, რომ თითქოს შენი ახლობელი ადამიანი გწერს და დახმარებას გთხოვს…“ – ამას ის ადამიანები ყვებიან, რომლებიც ინტერნეტში კონკრეტული თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ. მათი სახელებით ყალბი ფეისბუქანგარიშები შექმნეს და მათ ფეისბუქმეგობრებს ფული მოსთხოვეს. ზოგიერთმა, ვისაც ყალბი ანგარიშიდან დახმარების შესახებ შეტყობინება მიუვიდა, ფული მითითებულ ანგარიშზე უკვე ჩარიცხა.
„ესაა თაღლითური სქემა, რომელიც დიდი ხანია მუშაობს და ამ სქემის წარმატებას შსს-ს უყურადღებობა განაპირობებს“, – წერს „ფეისბუქში“ ედო მჟავანაძე. ამ შემთხვევაში ყალბი ანგარიში მისი ძმის – დავით მჟავანაძის სახელით შექმნეს, რომელიც მეზღვაურია და ამ ამბის შესახებ მას შემდეგ გაიგო, როცა ერთ-ერთ პორტში შევიდა, ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა და მის მეგობარს ფული თითქოს დავითის თხოვნით სხვისთვის უკვე ჩარიცხული ჰქონდა.
„რამდენიმე დღის წინ დამირეკეს, ხომ გაქვთ მშვიდობაო, – გვიყვება ედო მჟავანაძე. – „ტელეფონში ახლობელმა მითხრა, რომ ჩემს ძმას პრობლემა ჰქონდა და მისთვის თანხა უნდა ჩაერიცხა. მომწერა შენმა ძმამ, გემზეა და სასწრაფოდ ფული მჭირდებაო… მალევე გაირკვა, რომ ვიღაცას ჩემი ძმის ყალბი ანგარიში შეუქმნია. მერე ფეისბუქში დავწერე ამ თაღლითური სქემის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ერთ ჩემს ახლობელს უკვე ჩაურიცხავს ვითომ ჩემი ძმისთვის 100 ლარი“, – გვითხრა ედო მჟავანაძემ.
თანხა კრისტალბეთის ანგარიშზე ჩაირიცხა. ამ კომპანიაში ედო მჟავანაძემ გაარკვია, რომ ანგარიში მისი ძმის – დავითის პირადი ნომრითაა გახსნილა. „არ ვიცი, საიდან გაიგო ჩემი ძმის პირადი ნომერი“, – დასძენს ედო მჟავანაძე. მისივე თქმით, კრისტალბეთში მითითებული იყო იმ პირის მობილური ტელეფონის ნომერი, ვინც დავით მჟავანაძის სახელით ეს ანგარიში გახსნა, თუმცა ის გამორთული აღმოჩნდა.
ედო მჟავანაძეს პოლიციისთვის არ მიუმართავს. „არ ვიცი, შესაძლოა, მივმართო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ჩართული ტელეფონი დავკარგე და ის ვერ ვიპოვე პოლიციის დახმარებით“, – გვითხრა მან.
მსგავსი პრობლემა 2018 წლის ოქტომბერში ბათუმში მცხოვრებ ნათია სირაბიძესაც ჰქონდა. მან პოლიციასაც მიმართა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე კონკრეტულ შედეგზე არ გასულა. შსს-ს ცნობით, გამოძიება თაღლითობის მუხლით გრძელდება.
ნათია სირაბიძე: „დამირეკა ახლობელმა, სად მოვიდე, მითხარი, თანხა უნდა მოგცეო. გამიკვირდა, რა ფულს მაძლევს-მეთქი. თურმე, ვიღაცას ჩემი ფოტოები აუღია, ყალბი გვერდი შეუქმნია ჩემი სახელით და ადამიანებს ფულის ჩარიცხვას სთხოვდა: ზოგს 1500 ლარს, ზოგს – 1000 ლარს, 150 ლარს და ასე შემდეგ… ფეისბუქის ადმინისტრაციას მივწერე, რომ ეს პრობლემა მქონდა და 15 წუთში ყალბი ანგარიში დაბლოკეს. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ყალბი გვერდის ფეისბუქანგარიში დაბლოკილია და თან ფული უკვე რომ ჩაერიცხა ვინმეს, იოლად ვიპოვიდითო…“
ნათია სირაბიძემ მისი ყალბი ანგარიშიდან სხვებისთვის გაგზავნილი ტექსტიც გვაჩვენა: „საიდუმლო მინდა გაგანდო… ჩემს ახლობელს გაუტანია სათამაშო პორტალიდან სხვისი თანხა და დასდევენ. დასდევენ ბავშვს. ფული მაქვს, მაგრამ ვერ ვასწრებ ვერაფრით…“ – წერია შეტყობინებაში. ამ შემთხვევაში ნათია სირაბიძის ყალბი გვერდის ავტორი ადრესატებს ფულის ჩარიცხვას „ევროპაბეთზე“ სთხოვდა.
ნათია სირაბიძეც და ედო მჟავანაძეც ამბობენ, რომ კონკრეტული მექანიზმი ვერ იარსებებს, როგორ შეიძლება დავიცვათ თავი მსგავსი თაღლითური სქემიდან. ორივე ამბობს, რომ ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა მათ ახლობელი ფულის ჩარიცხვას სთხოვს.
„უმჯობესია, თუკი მანამდე ტელეფონზეც დაურეკავენ და გადაამოწმებენ, ნამდვილია თუ არა ის პირი, ვინც ფინანსურ დახმარებას ითხოვს,“ – აღნიშნავს ნათია სირაბიძე.
მსგავს შემთხვევებზე დაწყებული გამოძიებიდან რომელიმე შემთხვევაში დაიწყო თუ არა შსს-მ ვინმეს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა? – შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამის გასაგებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
1986 წლის ერთ საღამოს შოთა ზოიძე კომისარიატში დაიბარეს და უთხრეს, რომ მესამე მსოფლიო ომში უწევდა წასვლა სამშობლოს დასაცავად. 35 წლის იყო. ჩასვეს სამხედრო მანქანაში და მოსკოვიდან კიევში, კიევიდან ტეტეროვში, ტეტეროვიდან ჩერნობილში წაიყვანეს. სამხედრო ვალდებულებაზე უარს ვერ იტყოდა – დეზერტირად გამოაცხადებდნენ. ჩერნობილის აფეთქების შესახებ გაგონილი ჰქონდა, თუმცა ვერასდროს იფიქრებდა, რომ აფეთქებიდან ორი თვის შემდეგ პარალიზებულ მეოთხე რეაქტორში ელექტროშემდუღებლად მოუწევდა მუშაობა.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ სსრკ-მ საბჭოთა ქვეყნებიდან სამხედრო ვალდებული რეზერვისტებისა და სპეციალისტების გაწვევა დაიწყო, რეაქტორზე სალიკვიდაციო სამუშაოების შესასრულებლად. ათასობით ლიკვიდატორს საბჭოთა ქვეყნებიდან მეოთხე რეაქტორის დაკონსერვება, გაუვნებელყოფა და სარკოფაგში მოქცევა ევალებოდა. 1986-88 წლებში აჭარიდან სხვადასხვა სპეციალობის 200-მდე ლიკვიდატორი წაიყვანეს. ბათუმში მცხოვრები 68 წლის ელექტროშემდუღებელი, შოთა ზოიძეც ერთ-ერთი მათგანია.
ჩერნობილის რეაქტორზე ყოველდღე მუშაობდა, მანამ, სანამ რადიაციული დასხივების დასაშვები დოზა ზღვარს არ გადასცდებოდა. „გვამოწმებდნენ: თუ დასხივების დასაშვებზე დიდ დოზას მივიღებდით, ტერიტორიას გვატოვებინებდნენ. რა დოზით ვსხივდებოდით არ გვეუბნებოდნენ, მაგას ჩვენ ვინ გვეტყოდა“, – იხსენებს შოთა ზოიძე. ის ახლა 68 წლისაა.
„100 ლარით მეხმარებოდა სახელმწიფო, როგორც ლიკვიდატორს. ეგეც მოგვიხსნეს, ჩვენ არ გაგვიშვიხართო“
ჩერნობილში ჩასულ ლიკვიდატორებს ადგილზე უხვი მოსავალი დახვდათ, მათ მკაცრად აფრთხილებდნენ, ხილი არ დაეკრიფათ და არაფერი ეჭამათ.
„ფერმებიც ბევრი იყო ჩერნობილში, აფეთქების შემდეგ უამრავი საქონელი დაკლეს. ამბობენ, რომ რადიაციული ხორცის დიდი ნაწილი საქართველოშიც გამოგზავნეს, მაგრამ თითქოს საქართველომ მიღებაზე უარი თქვა და უკან დააბრუნა“, – ამბობს შოთა ზოიძე.
საბჭოთა ხელისუფლება აფეთქებული რეაქტორის ლიკვიდატორებს ჰპირდებოდა, რომ რეაბილიტაციის მიზნით წელიწადში ოთხჯერ დაისვენებდნენ, მათ ოჯახებს კი ყოველთვიურად უზრუნველყოფდნენ საკვები პროდუქტებით.
ჩერნობილის 30-კილომეტრიან ზონაში შოთა ზოიძემ 1986 წელს 2 თვე დაჰყო. ამბობს, რომ როგორც ჩერნობილის ლიკვიდატორი, დახმარებას 100 ლარს იღებდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ესეც მოუხსნეს და პენსიის ამარა დარჩა.
„ჩვენ არ გაგვიშვიხართ, მაშინ საბჭოთა კავშირი და სხვა წყობა იყოო – გვითხრეს და დახმარება მოგვიხსნეს“, – ამბობს შოთა ზოიძე.
ჩერნობილელები
ჩერნობილიდან დაბრუნებულმა ლიკვიდატორებმა საქართველოდან, ,,ჩერნობილელთა“ კავშირი შექმნეს. „აჭარის ჩერნობილელთა კავშირში“, როგორც ამ კავშირის წევრი, ჯუმბერ ქადაგიძე ამბობს, თავიდან 120 ადამიანი იყო. მათგან ნახევარზე მეტი უკვე გარდაცვლილია.
„ყოველ 26 აპრილს თბილისში ვიკრიბებით ჩერნობილელები, ვინც ცოცხალია მოდის და ასე ვიგებთ რამდენი დავრჩით”, – ამბობს ჯუმბერ ქადაგიძე. ჩერნობილში ლიკვიდატორად ის აფეთქებიდან ერთი წლის შემდეგ წაიყვანეს, ატომური ელექტროსადგურიდან 12 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა თვენახევრის განმავლობაში.
„26 წლის ვიყავი, რომ გამიწვიეს, მძღოლად ვმუშაობდი სატვირთოზე. რეაქტორზე მომუშავეებისთვის წყალი მიგვქონდა, დღეში სამჯერ ვიცვლიდით სპეცტანსაცმელს და ვწვავდით. დღეში სამჯერ ირეცხებოდა მანქანაც. ტელევიზორში მქონდა ნანახი, რაც ჩერნობილში ხდებოდა, მაგრამ იქ თუ აღმოვჩნდებოდი, ვერ წარმოვიდგენდი“, – ამბობს ჯუმბერ ქადაგიძე.
ჯუმბერ ქადაგიძე. ჩერნობილელთა კავშირის წევრი
ყოველთვიურად გაზის ბალონის ერთი ტალონი, ხუთი კილოგრამი შაქარი, ზეთი და ხორცი – ჯუმბერ ქადაგიძე იხსენებს, რომ ამ დახმარებას საბჭოთა კავშირის დაშლამდე იღებდნენ, შემდეგ 100-ლარიანი დახმარება დაენიშნათ. ბოლოს ესეც მოუხსნეს.
ჩუმი სიკვდილის ადგილი
„ოცდაათკილომეტრიან ზონაში რომ შევედით, ტყე ყველგან ყვითელი იყო, ცოცხლად გამხმარი. არავითარი ჩიტი, მწერი, ჭიაყელა, ჭიანჭველაც კი არ დადიოდა. ჩერნობილში მოხვედრილებს გათვითცნობიერებული გვქონდა, რომ ეს იყო ჩუმი სიკვდილის ადგილი. რადიაციის საზომი აპარატები დაგვირიგეს, სულ თან ვატარებდით, დასაშვებ დოზას რომ არ ასცდენოდა. იყო შემთხვევები, როცა ცუდად ხდებოდნენ ადამიანები და შინ მაინც არ უშვებდნენ. ყველა ხვდებოდა, რომ ეს რადიაციისგან იყო“.
როგორც ჯუმბერ ქადაგიძე ყვება, ყველას აფრთხილებდნენ, რომ არაფერი წაეღოთ შინ დაბრუნებისას ,,მკვდარი ზონიდან“. იკრძალებოდა ფოტოების გადაღებაც, მაგრამ მან ფარულად წამოიღო ფოტოები ჩერნობილიდან, სადაც ის სხვა ლიკვიდატორებთან ერთადაა გადაღებული აფეთქებული მეოთხე რეაქტორის ფონზე და სატვირთო მანქანასთან.
ჩერნობილში 33 წლის შემდეგ
ზუსტი მონაცემები, რამდენი ადამიანი დაიღუპა ჩერნობილის ატომური სადგურის რეაქტორის აფეთქების შედეგად, დღემდე არ არის ცნობილი. უკრაინის ქალაქ ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის მეოთხე რეაქტორის აფეთქების ფაქტს სსრკ-ის ხელისუფლება თავიდან მალავდა, საბჭოთა პრესა დუმდა. მაგრამ ბირთვული კატასროფის მასშტაბმა მათ ამის საშუალება არ მისცა: ევროპულმა და ამერიკულმა მედიასაშუალებებმა თემის ინტენსიურად გაშუქება დაიწყეს. ჩერნობილის აფეთქება ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთ შემთხვევად შეფასდა ისტორიაში. ჩერნობილის მკვდარი ზონა 200 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რადიოაქტიურმა ღრუბლებმა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, აშშ-ს აღმოსავლეთ ნაწილს გადაუარა. აფეთქების შედეგად დაახლოებით 200 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია რადიოაქტიურად დაბინძურდა.
მიუხედავად აკრძალვისა, 2018 წლის მონაცემებით, ჩერნობილში, 30-კილომეტრიან ზონასთან ახლოს, 130-დან 150 კაცამდე ცხოვრობს.
მარინა კოვალენკო შვილებთან, ირინასა და ალენასთან ერთად დონბასიდან ჩერნობილში 2014 წელს გადასახლდა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. როგორც BBC-სთან ამბობს, მას ომში ცხოვრებას, რადიაციულ ზონაში ცხოვრება ურჩევნია. ოჯახს თხები და კურდღლები ჰყავს. მათ გვერდით ასევე ცხოვრობს რამდენიმე მოხუცი მეზობელიც.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიული ნარჩენების მართვის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ნაბახტიანი ორჯერაა ნამყოფი ჩერნობილის ,,მკვდარ ზონაში“. როგორც ის ამბობს, ამ ადგილას აღარასდროს იქნება იდეალურად სუფთა გარემო და ყოველთვის იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხუთივე რეაქტორი სრულადაა დახურული ბეტონისა და მეტალის რთული კონსტრუქციით. სარკოფაგი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითაა ჩამოსხმული და ბოლოს 2017 წელს განაახლეს. მისი დანიშნულება გამოსხივების შემცირება და ყველა იმ რადიოაქტიური ნივთიერების მუდმივი კონტროლია, რაც სარკოფაგის ქვეშ მოექცა.
დახურულ ზონაში რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება, დამარხვა – დაკონსერვება დღემდე გრძელდება.
„ახალგაზრდობა ცვლილებისათვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ევროკავშირი 1 500 000 ევროთი დააფინანსებს. პროექტს ახალგაზრდობის განვითარების ფონდი Save the Children International-თან ერთად განახორციელებს.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც პირველი კონფერენცია – „ახალგაზრდობის დასაქმება გამოწვევები და მიდგომები“ უკვე ჩატარდა.
„კონფერენციის მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სოციალურ უნარებში არაფორმალური განათლების მომწოდებლებისა და დასაქმების სერვისების კოორდინაცია, ამ უნარებში არაფორმალური განათლების ინსტიტუციონალიზაციის გზების გამონახვა და ინტერნეტული პლატფორმის გამოყენებით ქსელური მუშაობის ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეებს შორის“, – აცხადებენ სამინისტროში.
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა, სოციალური მეწარმეობის პროექტების განსახორციელებლად, გრანტების სახით, ოთხი არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის 329 545 ლარი უკვე გასცა.
ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის მიზანი არაფორმალური განათლებისა და სოციალურ მეწარმეობაში ჩართვის გზით, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების უნარიანობის ზრდის ხელშეწყობაა.
ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ პროექტში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებზეა გათვლილი, რადგან კვლევამ ამის საჭიროება აჩვენა.
„კვლევა განხორციელდა გასულ წელს და სამიზნე ჯგუფს კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა მთიანეთის რეგიონების ახალგაზრდები შეადგენენ. გვინდოდა პროექტი სხვა რეგოინებზე გავრცელებულიყო, მაგრამ ამ ეტაპზე სრულად არ არის დაფარვა,“- გვითხრა მან.
ორგანიზაციების ჩამოთვალი, რომლებმაც პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს:
ორგანიზაცია – უკეთესი მომავლისთვის
პროექტის სახელწოდება : სამუშაოს მოძიების უნარების განვითარება და დასაქმების შესაძლებლობები იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებისათვის
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, ორი ახალგაზრდა ნაძვი მოთხარეს. როგორც ბათუმის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი, დავით დიასამიძე ამბობს, ნაძვების მოთხრის გადაწყვეტილება ტელევიზიის ხელმძღვანელებთან ერთად მიიღეს.
“ეს ხეები იმიტომ მოითხარა, რომ უკეთეს ადგილას გადავიტანოთ. ხვალ დილით აქ უკეთესი ხეები დაირგვება. საერთო ჯამში ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, ტელევიზიამ და ჩვენ, რომ გადაირგოს. იმიტომ, რომ ნაძვი ნაკლებად სახიანი ხეა. ახლა სანერგეში მიგვაქვს, მერე უკვე ადგილს გამოვუძებნით შესაბამისს, სადაც მოუხდება კონკრეტული წიწვოვანი. ნახეთ, არ უხდება ამ ტერიტორიას. პროპორციულად არ ჯდება არანაირ ჩარჩოში,” – უთხრა “ბათუმელებს” დავით დიასამიძემ.
დავით დიასამიძის თქმით, ნაძვების ადგილას ტელევიზიის წინ საკურა დაირგვება. ჯერჯერობით არ არის შერჩეული ადგილი, თუ სად გადარგავენ ნაძვებს. გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯერ ხეებმა სანერგეში სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა გაიარონ, ფესვები მოძლიერდეს, შემდეგ კი ადგილს შეარჩევენ და გადარგავენ.
კითხვაზე, რამდენად მართებული იყო ნაძვების გადარგვა, დიასამიძე პასუხობს:
“ნებისმიერი ხის გადარგვა მართებულია, თუ რაღაც შედეგი მოაქვს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ფოთლოვანი რომ იყოს, გაცილებით უკეთესია. ჟურნალისტები სამსახურში რომ შევლენ, კარგ გარემოში, უფრო კარგად იმუშავებენ”.
დავით დიასამიძის ინფორმაციით, ნაძვები ტელევიზიის წინ 2006 წელს დარგეს.
ჯონი მწერალი და მხატვარია. ბათუმში, ბარათაშვილზე, პატარა, ძველ სახლში მარტო ცხოვრობს. ის საკუთარ ბიოგრაფიას რამდენიმე წინადადებაში ატევს.
„დავიბადე გურიაში, ლანჩხუთში, ჯუმათში. ფეხბურთი შემიყვარდა და თბილისში გადავედი საფეხბურთო სკოლაში. შემდგომ ფიზკულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი. მერე გადავედი უნივერსიტეტში, ფილოლოგიური დავამთავრე. წერა დავიწყე. უფრო სწორად, მეგონა, რომ ვწერდი. დიდი დრო დამჭირდა, რომ წერა მესწავლა, თითქმის ათი წელი. ძიების გზები იყო რა. წერამ დამანახა ადამიანის შესაძლებლობა და ხატვასთან მიმიყვანა. გვიან დავიწყე ხატვა. 39 წლის ან 40-ის ვიქნებოდი. ასე ვიტყვი – თვითნასწავლი მხატვარი ვარ“.
საკუთარ ნახატებს არ ყიდის. ამბობს, ანდერძს დავწერ და ყველაფერი ბათუმს დარჩებაო.
„ასაკში ვარ. ახლა მჭირდება სტიმულის შენარჩუნება, რომ ვიმუშაო და ვწერო. ნახატების გარდა ბევრი სცენარი მაქვს, თეატრის, კინოს. როგორ ვთქვა, ეს საქმე კოლექტიურია და მე ვერ ვახერხებ კოლექტივში მუშაობას. მცდელობები მქონდა, რაღაც-რაღაც იყო და მერე მერთმეოდა საშუალება ის ჩემეული გამეკეთებინა. ისე გამეკეთებინა, როგორც მე ვხედავდი. ალბათ ერთ დღეს გავაკეთებ. ჯერჯერობით მოთმინება მაქვს. 80 წლის რომ გავხდები, მერე შეიძლება ვეღარ მოვითმინო,“ – ამბობს ჯონი ჯიჯიეშვილი.
ჯონის ახლა სოციალური პრობლემები აქვს. სახლში, სადაც ცხოვრობს, არ აქვს გათბობა და ცხელი წყალი. არც აბაზანა. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. სოციალური დახმარება ჰქონდა, მაგრამ ჯერ გაუნახევრეს, შემდეგ საერთოდ მოუხსნეს.
„სოციალური სამსახურიდან აგენტი მოვიდა. შეხედა ჩემს სახლს. ხის იატაკი გქონიაო. წავიდა. 60 ლარი მქონდა დახმარება. 30 დამრჩა. ოქტომბერში, არჩევნების შემდეგ, საერთოდ მომიხსნეს. ახლა ვმუშაობ აღდგენაზე. მეგობრები მეხმარებიან აღდგენაში. არანაირი სხვა შემოსავალი არ მაქვს. კი ვწერ, ვხატავ, მაგრამ ფოკუსნიკი არ ვარ“.
ჯონის პატარა ოთახის კედლები მისი ნამუშევრებითაა დაფარული. ძირითადად წითელი და ყვითელი ფერები სჭარბობს, პორტრეტებიცაა და სიუჟეტური ნამუშევრებიც, თუმცა მთლად ზუსტად არც ერთი და არც მეორე. ერთ-ერთ ნახატზე ჯონი ხუმრობს – „ისაა ის, თეთრი გოგო“.
ჯონი ერთი რომანის ავტორიცაა, რომელსაც შვიდი წლის მანძილზე წერდა.
ჯონი პერიოდულად სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, მათ შორის სტამბაში -„ათას სისულელეს ვასწორებდიო“ – თქვა ერთხელ. ჯონი ახლა 76 წლისაა და არსად აღარ მუშაობს.
“მოლაპარაკების ვადა გახანგრძლივდა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით. გახანგრძლივება აწყობდათ სოციალურ მუშაკებს და ჩვენც გვაწყობდა,” – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის აპარატის უფროსმა, ნიკა ჩანადირმა. ის “ბათუმელებში” 12 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც სოცმუშაკები აღნიშნავენ, რომ გაფიცვის ვადა 12 მარტიდან, სავარაუდოდ, 25 მარტამდე გადაიწია.
ნიკა ჩანადირის თქმით, მედიაცია და მოლაპარაკება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზეც უცნობია, სოცმუშაკების მოთხოვნებიდან რომელი შესრულდა.
“ნაწილი მოთხოვნების შესრულდება… ახლა ვერ გეტყვით, ზუსტად რა და როგორ, რადგან მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს,” – გვითხრა ნიკა ჩანადირმა.
სოცსააგენტოს დირექტორის აპარატის უფროსის თქმით, მათ გაფიცვის ახალი თარიღის შესახებ “ბათუმელებიდან” გაიგეს.
12 მარტს “ბათუმელები” გაფიცვის ახალი თარიღის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესცენტრშიც გვითხრეს, რომ სოცმუშაკების გაფიცვას აღარ ელოდნენ.
“ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდება. გაფიცვის თარიღზე საუბარი არ ყოფილა,” – გვითხრა ამჯერად ნიკა ჩანადირმა.
ფოტო: სოციალური მუშაკების სამუშაო ოთახი ბათუმში, 2018 წლის ფოტო “ბათუმელების” არქივიდან
ამ წუთებში [14:00] აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხვდება საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ძველი ბათუმი“, რომელმაც თორნიკე რიჟვაძისგან უნდა მოისმინოს, როგორ ხედავს ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს გაუქმების საკითხს.
ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ნათია ზოიძე ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფი თორნიკე რიჟვაძეს სრული შემადგენლობით პროტესტის ნიშნად არ ხვდება [შეხვედრას არ ესწრებიან ნათია აფხაზავა და ნათია ზოიძე].
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდა შეხვედროდა 8-კაციანი ჯგუფი. მან უარი თქვა ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან შეხვედრაზე. ანუ თვითონ აირჩია, სამუშაო ჯგუფიდან ვის შეხვდეს და ვის – არა. ვისთანაც არ არის მისთვის კომფორტული შეხვედრა, იმასთან შეხვედრაზე უარს აცხადებს. ჩვენ ეს მიგვაჩნია არასწორად. ეს არის უპატივცემულობა და ამას ჩვენ არ მივიღებთ. ამიტომაც პროტესტის ნიშნად არ შევედით შეხვედრაზე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნათია ზოიძემ.
აქტივისტის თქმით, მთავრობის თავმჯდომარეს სამუშაო ჯგუფი ამ ფორმატში მხოლოდ ერთი მიზეზით ხვდება: „ჩვენ ვეუბნებით მთავრობას, რომ არ ვართ დესტრუქციულები. არ გვინდა ჩათვალონ, რომ ჩვენ მოლაპარაკებას გვირჩევნია ქუჩის აქციები. ეს რომ არ დაგვაბრალონ, ამიტომ ჯგუფის ნაწილი შეხვდება მთავრობის თავმჯდომარეს და მოუსმენს, როგორ ხედავს ის ზონალური საბჭოს გაუქმების საკითხს“.
საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ძველი ბათუმი“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს გაუქმებას და ახალი სტრუქტურის პროფესიონალებით დაკომპლექტებას ითხოვს. მოქმედი ზონალური საბჭო, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აკომპლექტებს, ძირითადად საჯარო მოხელეებისგან შედგება. ზონალური საბჭო კულტურული მემკვიდრეობის ზონაში გასცემს სამშენებლო ნებართვებზე რეკომენდაციებს.
ზონალურმა საბჭომ ბოლო პერიოდში ძეგლის დაცვის ზონაში რამდენიმე მშენებლობაზე გასცა თანხმობა.
მთავარი ფოტო: „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები აჭარის მთავრობის თვამჯდომარესთან შესახვედრად მივიდნენ
15 წლის ანასტასია ქაჯაია მეზღვაურობაზე ოცნებობს. იგი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში ირიცხება. ახალგაზრდა მატროსის პროფესიას ეუფლება და თვლის, რომ ქალური და კაცური პროფესიები არ არსებობს. არჩევანი ზღვის სიყვარულმა გააკეთებინა.
„დღე ზღვის გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი ყოველი დილა ზღვით იწყება. ლიცეუმში მოსვლამდე სანაპიროზე გავდივარ. ალიონის დაკვირვება, ჰორიზონტის ცქერა – ეს ჩემთვის დღის საუკეთესო დასაწყისია“.
იცის, რომ რთული არჩევანი გააკეთა, მაგრამ დაბრკოლებებს არ უფრთხის. სამეგობრო წრეც, ძირითადად, მეზღვაურების ირგვლივ ტრიალებს. 15 წლის გოგოსთვის მიმართულება იმდენად მიმზიდველია, რომ ტალღებიც არ აშინებს. ზღვა ბავშვობიდან უყვარს:
„მახსოვს, პატარა ვიყავი, ბებია ზღვაში შესვლას მიკრძალავდა, თუმცა, არასდროს ვითვალისწინებდი. ალბათ, ამ აკრძალვამ ინტერესი უფრო გამიღვივა. ჩემი მეგობრებიც ძირითადად მეზღვაურები არიან. ერთ-ერთ მათგანს ნავი ჰყავს.ზაფხულობით ყველა საღამოს ვსეირნობთ, ამის გარეშე დღე წარმოუდგენელია“.
ლიცეუმში ახლა თეორიულ ცოდნას ეუფლება. სწავლის ხარისხით კმაყოფილია. მომავალ მეზღვაურებსაც განათლების მისაღებად ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას ურჩევს. სამომავლოდ, სწავლის გაგრძელებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში აპირებს. პრაქტიკა ჯერ არ გაუვლია, თუმცა ფიზიკური სირთულეებისთვის ფსიქოლოგიურადაც მზადაა. გოგო, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს, ყვება, რომ პროფესიის არჩევისას ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა.
„ოჯახში ერთი შვილი ვარ. ამის მიუხედავად, არასდროს ყოფილა წინააღმდეგობები ჩემი არჩევანის მიმართ. პირიქით, მშობლები ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს აზრს და დღესაც ასეა, ხელს მიწყობენ“.
იმ შემთხვევაში, თუ დილემის წინაშე აღმოჩნდება და პროფესიასა და საყვარელ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს – პრიორიტეტი საქმიანობა იქნება.
„საყვარელმა ადამიანმა უნდა მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ. პროფესიით, მისწრაფებებით, ხასიათით. ზღვასთნ ურთიერთობას ვერავინ ვერასდროს დამიშლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება ქალის საქმიანობად არ არის მიჩნეული, მე სტერეოტიპები არ მაშინებს. გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, რატომ უნდა დავიჩაგრო, როგორც ქალი?!“
სწავლის პარალელურად მომავალ მეზღვაურს რამდენიმე ჰობი აქვს. ყველაზე ახალი – ფოტოების გადაღებაა. მღერის ბავშვობიდან, იყო რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდში, ახლა ბნსუ-ს ბენდის წევრია. მოსწონს ქართული სიმღერა.
15 წლის ანასტასია ქაჯაიას ხიბლავს ექსპერიმენტები, თავგადასავლები. უყვარს ხატვა. ქმნის პორტრეტებს. გატაცებულია ტანსაცმლის დიზაინით, უკვე შექმნა რამდენიმე კაბა.
ახლა მომავალი მეზღვაურის მთავარი ინტერესი სასწავლო სტიპენდიის მოპოვება და სასწავლო პრაქტიკის დაწყებაა.
აჭარის მთავრობამ რამდენიმე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.
ვაკანტურია მთავრობის თავმჯდომარის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის [პირველი რანგის საჯარო მოხელის] თანამდებობა. ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს დეპარტამენტის საქმიანობის მართვა და უფლებამოვალეობათა იერარქიული გადანაწილება დაევალება. მისი მოვალეობა იქნება ასევე მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის წევრების საზღვარგარეთ ოფიციალური, სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, დელეგაციათა დახვედრა-გაცილების ცერემონიის უზრუნველყოფა და ასე შემდეგ… დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი სარგო 3 200 ლარია. ამ პოზიციაზე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება და ფლობდეს ინგლისურ ენას ბ2 დონეზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა აპლიკაციის შევსების პარალელურად კომისიას უნდა წარუდგინოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შრომის წიგნაკის ასლი [ასეთის არსებობის შემთხვევაში] ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი [უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა.
ვაკანტურია ასევე იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსის [ მეორე რანგის საჯარო მოხელის] თანამდებობა. ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 2800 ლარია. გამარჯვებულს, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა, მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა დაევალება…
პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება [მაგისტრის ხარისხი] და საჯარო სამსახურში იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.
მთავრობა კონკურსის წესით შეარჩევს ასევე საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსს [მეორე რანგის საჯარო მოხელეს]. ხელფასი ამ შემთხვევაშიც 2800 ლარია. ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური გეგმის პროექტის შემუშავება, გეგმის შედგენა, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ცვლილებების განხორციელება და წლიური საბიუჯეტო სახსრების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება დაევალება.
კონკურსი გამოცხადებულია მონიტორინგის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზეც [მესამე რანგის საჯარო მოხელის თანამდებობაზე. ანაზღაურება 1800 ლარია].
საქართველოს განათლების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სამინისტროს ცნობით, პროგრამა ორიენტირებულია შემდეგი მიზნების მიღწევაზე:
მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა
პროფესიაში საკუთარი ძალების მოსინჯვა
გაანალიზება და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღება
შემდგომი განათლების მიღების სტიმულირება
პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობა
საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერება
საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს.
დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა პარტნიორ საჯარო სკოლასთან ერთად უნდა შეიმუშავონ და სამინისტროში წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიულად დაზიანებულ მილზე ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით, დღეს, 14 მარტს, 12-დან 21 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება:
„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მილზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გამო, შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი.
„გთხოვთ, ამღვრევის შემთხვევაში, ონკანი გააღეთ წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-სთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 33 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.
ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება მაისამდე. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 1-ელ მაისს გაიმართება. ამ სხდომაზე გადაწყდება შენარჩუნდება თუ შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთი.
რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ კავშირშია კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთთან. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ან შემცირება ავტომატურად იწვევს იმ სესხების საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას, რომლებიც ლარშია გაცემული და მიბმულია რეფინანსირებაზე.
ზოგადად, კომერციული ბანკები სების მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს ამატებენ მინიმუმ 2%-ს და ისე გასცემენ სესხებს ლარში.
„თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს… საგარეო რისკების შენელებასთან ერთად, იანვარში ეროვნულმა ბანკმა განაგრძო ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება და საგარეო სექტორიდან მომდინარე მაკროეკონომიკური რისკებიც დაბალია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესის შემდგომი გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება მოთხოვნის პოტენციური დონიდან ჩამორჩენა“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.
რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სდომაზეც შეამცირა. მაშინ, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 72 745 მომხმარებელს შეუმცირდა.
ბათუმში, ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 2 159 100 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.
ბაღის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 510 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 31 მარტს დაიწყება და 5 აპრილს შეწყდება.
ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება და ის 150 ბავშვზეა გათვლილი.
საბავშვო ბაღი, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის 96-ის მიმდებარედ უნდა აშენდეს / რენდერი
ინფორმაციას, რომლის მოძიებაში ბათუმის მერიამ 100 000 ლარი გადაიხადა, ოთხი წელია ორი სამთავრობო უწყება აზუსტებს. ამ ორიდან ერთის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მეორე – კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო საქმის გაჭიანურებაში [ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონების დამტკიცების საკითხი] 13 მარტს, ერთხელ უკვე დაადანაშაულა.
მეორე შემთხვევაში საკითხი ეხება ბათუმის მერიის მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ 24 ობიექტს – მერიის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებულ დოკუმენტებს თან სააღრიცხვო ბარათები და რეესტრიდან ამონაწერები ახლავს. კონკრეტული საკითხის – ვინ აჭიანურებს პროცესს, სააგენტო თუ ბათუმის მერია – გარკვევას „ბათუმელები“ კვლევის დასრულებიდან [2015 წლიდან] დღემდე ცდილობს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ დღეს, 13 მარტს, სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ბათუმის მერის შენიშვნას არ იღებს. სხვა დეტალების დასადგენად, რაც ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად სააგენტოში 2017 წელს წარდგენილი შენობების ნუსხასა და შესაბამისი დოკუმენტების განხილვა-დამტკიცებას ეხება, მან მოადგილესთან გადაგვამისამართა. მოადგილემ თავის მხრივ გვირჩია სააგენტოს კვლევის სამსახურის ხელმძღვანელს დავკავშირებოდით.
სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი გაგოშიძის ინფორმაციით კი, სააგენტოს ჯერ კიდევ არ მიუღია 2018 წელის აგვისტოში, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით ბათუმის მერიისთვის გაგზავნილ წერილზე პასუხი. შესაბამისად, არც პროცესი წაწეულა წინ. მისივე თქმით, სააგენტო მერიისგან ძეგლის ნიშნის მატარებელი ობიექტების მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაციას ითხოვდა, მათი პროცესში ჩართვის მიზნით, როგორც ადმინისტრაციული კოდექსი ითხოვს.
რატომ მოანდომა მერიამ 24 ობიექტის მეპატრონეზე ინფორმაციის მოძიებას რვა თვე და კიდევ რამდენი დრო დასჭირდება ამას? – ვიკითხეთ მერიაში, რაზეც უწყებაში გვითხრეს: „ინფორმაციას გადავამოწმებთ და მოგვიანებით დაგიკავშირდებით“.
მოგვიანებით მერიიდან არა, მაგრამ სააგენტოდან ისევ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ იპოვეს ბათუმის მერიის შეტყობინება, რომელიც მერიას გასული წლის აგვისტოშივე დაუბრუნებია უკან.
„2017 წელის 13 აგვისტოს გავაგზავნეთ წერილი მერიაში და ვითხოვდით ამხანაგობების თავმჯდომარეების მონაწილეობას ამ პროცესში… მერიამ გამოგზავნა წერილი, რომელიც სისტემაში შემოვიდა, კანცელარიაში როგორ დატრიალდა ამას მე ვერ ავხსნი – შეიძლება აიტი სამსახურის ჩართვა იყო საჭირო. მაგრამ დღეს, რადგან ასე აქტუალური გახდა ეს საკითხი, გადავამოწმებინეთ და ვიპოვე ეს წერილი“, – გვითხრა სააგენტოს იურიდილი სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ჩიხრაძემ.
წერილით, რომელიც მერიას აგვისტოში გაუგზავნია და სააგენტოში დღეს, 13 მარტს იპოვეს, მერიას მიუწოდებია მოთხოვნილი ინფორმაცია. სააგენტოში ამბობენ, რომ ესიც არასრულია, მაგრამ საქმის მსვლელობის დასაწყებად საკმარისი იქნება.
„რაც გამოგზავნილია, ამას მიეცემა მსვლელობა, განვიხილავთ საკითხებს, ვიმსჯელებთ და შემდეგ მესაკუთრეებსაც დავუკავშირდებით. თუ კი აღარ დაგვრჩა ბერკეტი მათი მოწვევის, მივიღებთ გადაწყვეტილებას მათგან დამოუკიდებლად. სხვა გზა არ გვექნება“, – დააზუსტა ალექსანდრე ჩიხრაძემ.
ბათუმში ძველი შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ისტორია 2015 წელს დაიწყო: „გეოგრაფიკმა“ აღწერა/შეისწავლა 24 სახლი ბათუმში და რეკომენდაცია გასცა, რომ ისინი ძეგლის ნიშნებს შეიცავენ/ძეგლის სტატუსს იმსახურებენ. შემდეგ კი ბათუმის მერიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად კიდევ დააზუსტა მონაცემები და 2017 იანვარში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა განსახილველად. ამის შემდეგ შენობებისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურა უნდა დაწყებულიყო.
2018 წლის იანვარში ეროვნულ სააგენტოში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ მერიიდან სააგენტოში გაგზავნილი ინფორმაცია ისევ არასრული და დასაზუსტებელია.
„წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათები ვერ პასუხობდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მოთხოვნებს, არ იყო მოწოდებული სრულყოფილი ფოტომასალა, რაოდენობა არ იყო რეალურ სურათთან თავსებადი, როგორც სტატუსის მისანიჭებელ, ასევე სტატუსის მოსახსნელ ობიექტებთან მიმართებაში. ამავდროულად, წარმოდგენილ სააღრიცხვო ბარათებში იყო მთელი რიგი უზუსტობები. ამიტომაც, საბჭოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ მოთხოვნებს ვერ დავეყრდნობოდით,“ – გვითხრეს მაშინ სააგენტოს პრესსამსახურში.
სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, ეროვნულმა სააგენტომ “ბათუმელებს” დაუდასტურა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაზუსტებული ინფორმაცია ეროვნულ სააგენტოს უკვე გადაუგზავნა.
2018 წლის დეკემბერში ამ თემაზე კიდევ ერთი სტატია მოვამზადეთ – იმ დროისთვის სააგენტო ისევ ამტკიცებდა, რომ პროცედურის დასაწყებად სრული ინფორმაცია არ ჰქონდა.
მაჭახლის ხეობაში გეოლოგები აღარ მუშაობენ. ისინი ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ამზადებენ სხვადასხვა კვლევას. საპროტესტო აქციების შემდეგ გეოლოგები ხეობაში აღარ გამოჩენილან.
„ჩვენ გავესაუბრეთ გეოლოგებს. გვითხრეს, რომ შვიდკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის ამზადებდნენ კვლევას. მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ გეოლოგებმა ხეობა დატოვეს,“ – ამბობს როინ მალაყმაძე, მოძრაობა „სიტყვის კაცების“ დამფუძნებელი და მაჭახლის ხეობის მკვიდრი. მისივე თქმით, ამ მოძრაობის წევრებს ხეობაში მისული „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელი არ შეხვდა და მან ოჯახებთან ცალ-ცალკე არჩია გასაუბრება. საბოლოოდ, კომპანია ვერც ერთ ოჯახს ვერ შეუთანხმდა.
„ვახტანგ ღონღაძე ხვდებოდა მოსახლეობას. ის გარკვეულ სოციალურ პროექტებზე საუბრობს და იმაზე, რომ ეს იქნება ეკომეგობრული ჰესი, ევროსტანდარტების შესაბამისი, მაგრამ ხალხი წინააღმდეგია, რადგან სადაც აშენდა ჰესი კირნათში, მარადიდში თუ სვანეთში, ყველგან მოატყუეს ხალხი… ჩვენი მოთხოვნაა, რომ მაჭახლის ხეობა სხვა მიმართულებით განვითარდეს და ესაა ეკომიმართულება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ როინ მალაყმაძე.
მოძრაობა „სიტყვის კაცები“ პრემიერ-მინისტრისთვის წერილის გაგზავნასაც აპირებს.
რატომ დატოვეს გეოლოგებმა მაჭახლის ხეობა და აპირებს თუ არა ისევ კომპანია ჰესის მშენებლობას მაჭახლის ხეობაში? – ამ კითხვებით „სილქ როუდ ჯგუფს“ მივმართეთ. ამ კომპანიის მიერ დაფუძნებული – „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს ჰესის მშენებლობას ხეობაში, მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. „ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებთ“, – მოგვწერეს კომპანიის პრესცენტრიდან.
24 თებერვალს „სილქ როუდ ჯგუფისგან“ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში ეწერა: „ახალი კანონმდებლობის თანახმად, მზადდება გარემოსდაცვითი სკოუპინგის ანგარიში, რომელიც დასრულების შემდეგ გაეგზავნება გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხეობაში საჯარო განხილვების ორგანიზებისთვის. ამის შემდეგ მომზადდება გარემოსდაცვითი დოკუმენტი სრულყოფილად…“
მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია ჰესის წინააღმდეგ მაჭახლის ხეობაში, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება-განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული. აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.
ტრადიციული ფორმით, ბორანო – ესაა იაღში ჩალბობილი ყველი.
„ბორანო მაღალი კალორიულობით ხასიათდება და ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისეთი შრომა-საქმიანობის დროს, როგორიცაა: ჭალობა (ჭალის ცელვა), ყანობა (ყანის აღება), თივისა და შეშის მომარაგება, ნადირობა და ა.შ.
ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები. სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს, სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს.
თანამედროვეობაში ბორანო, ძირითადად, აჭარის მოსახლეობისათვის, აჭარული სამზარეულოსათვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, აჭარელი კაცი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, ინარჩუნებს და ინახავს ბორანოს, როგორც ტრადიციულ და სტუმრისათვის საპატივცემულო კერძს.
ბორანო აჭარაში სხვადასხვა სახელწოდებით დასტურდება. ცნობილია შემდეგი სახელწოდებები: ბორა, ბორაჲ, ბორაო, ბორანი, ბორანო, მოხრაკული. მათგან ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბორანი//ბორანო. თედო სახოკიასთან მას ბორა ეწოდება. ეს ტერმინი ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დღესაც შემონახულია.
ბორანო, როგორც ტრადიციული აჭარული კერძი, ქართული სამზარეულოს მუდმივი თანამდევი იქნება. იგი, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით მკვიდრ ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაში, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში. ბორანო საქართველოს სხვა ქალაქების, მაგალითად, თბილისის, ტრადიციული კერძების მენიუშიც იმკვიდრებს თავს. ამ კუთხით მისი განვრცობა უფროა მოსალოდნელი და საფრთხის კონტექსტში არ უნდა იყოს აღქმული,“ – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის განცხადებით, დაბა ჩაქვში ძალოსანთა კლუბის ასაშენებლად პროექტი მზადდება. დაბა ჩაქვში 17 წლამდე ასაკის ძალოსნები უკვე წლებია ვარჯიშობენ ნახევრად დანგრეულ დარბაზში, რთულ პირობებში.
„პროექტი მზადდება, ჩასმულია ბიუჯეტში, მიმდინარეობს პროექტირების პროცესი და დავიწყებთ მშენებლობას“ – განაცხადა დღეს ინგა შამილიშვილმა „ბათუმელებთან“.
კითხვაზე, რა თანხაა ჩაქვის ძალოსანთა კლუბისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტში, ინგა შამილიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ საუბარია პროექტირებისთვის განკუთვნილ თანხაზე, მშენებლობა კი შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს.
„ბათუმელებმა“ პირველი სტატია ჩაქვის ძალოსანთა კლუბზე – „ივარჯიშე სანამ დაღამდება“ – 2015 წელს მოამზადა. დღემდეჩაქველი ძალოსნებისთვის პირობები არ გაუმჯობესებულა.
დღეს, 13 მარტს, ბათუმში აფხაზური დედაენის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით გამოსცა.
წიგნი ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, ვინც აფხაზური ენის შესწავლითაა დაინტერესებული. აფხაზური ენა ბათუმში ორი წელია ორ – სოფელ ფერიისა და ბათუმის მეთოთხმეტე საჯარო სკოლაში ისწავლება.
ქვეყანაში, მათ შორის აჭარის რეგიონში, უცხოური ინვესტიციების კლებაზე კომენტარი თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვეთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს.
„გასული კვარტალი იყო კლება, მაგრამ, ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ თვითონ ინვესტიციებს ახასიათებს ციკლურობა. თქვენ ნახავთ, 2019 წლის პირველი და მეორე კვარტალი, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რა ნიშნულზე აიყვანს ჩვენს რეგიონს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჰიდროელექტროსადგურები იყო ყველაზე მსხვილი ინვესტიცია საქართველოში და, ბუნებრივია, როცა ერთი პროექტი სრულდება, შემდეგ შეინიშნება გარკვეული კლება ინვესტიციების შემოდინებაში. მაგრამ აუცილებლად მზარდი ტენდენცია იქნება შენარჩუნებული,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34.9%-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობა, დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
ასევე საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 5,5-ჯერ, ანუ 158 მილიონ 723 ათას 600 აშშ დოლარითაა შემცირებული.
ბათუმის კულტურის ცენტრმა „ბათუმობა 2019“-ის ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. წელს „ბათუმობა“ 28 აპრილს გაიმართება ზღვისპირა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 219 300 ლარია.
ტექნიკური დავალების თანახმად, „ბათუმობის“ მთავარი სცენა ბულვარის კოლონადასთან იქნება, თეთრი და ცისფერი აფრებით მოირთვება და გამჭვირვალე პოლიკარბონატით გადაიხურება.
რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ბათუმის კულტურის ცენტრში გვითხრეს, რომ ამ დროისათვის მუსიკოსებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება სიმღერები ბათუმზე, ცოცხალი შესრულებით, ნიკა მემანიშვილის ორკესტრთან ერთად.
საზაფხულო თეატრის შესასვლელში მოეწყობა სცენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მუსკომედიის სპექტაკლი Welcome To Georgia, რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართება ბათუმელი ბენდების კონცერტი.
როგორც კულტურის ცენტრში გვითხრეს, წელს „ბათუმობის“ თემატიკაა ბათუმს დამეგობრებული ქალაქები. „ბათუმობაზე“ წარმოდგენილი იქნება ბათუმს დამეგობრებული 28 ქალაქის მთავარი შენობის მაკეტი, ასევე, დამეგობრებული ქალაქების ნაციონალური ტანსაცმლის ფოტოსტენდი, ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე კი გავა ამ ქალაქების შესახებ დამზადებული ვიდეო მასალა.
„ბათუმობაზე“ გაიმართება ბაზრობა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებსა და კაფე-ბარებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ და გაყიდონ სუვენირები და საკუთარი ნაწარმი.
ტექნიკურ დავალებაში წარმოდგენილი დანართი
„ბათუმობაზე“ გაიმართება ფრანების შოუ, 14-მდე სპორტული ღონისძიება, საკუთარ თავს წარადგენენ მუზეუმები, ასევე, შედგება ფოტოგამოფენა – „კინო ბათუმში“.
„ბათუმობის“ ფარგლებში ლედ ეკრანზე აჩვენებენ ვიდეოკოლაჟებს ან ფილმს. აქვე იქნება პუფებიც – სულ 50 ცალი.
წელს ბათუმობა აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა. ტექნიკურ დავალებაში მითითებულია, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც „ბათუმობა“ გაიმართება, უნდა იყოს რვა ცალი, პასტელის ფერებში შეღებილი დეკორატიული კვერცხი, ყვავილებითა და სააღდგომო კვერცხებით მორთული 12 დეკორატიული ფეხსაცმელი, ფერადი ლენტებითა და დეკორატიული კვერცხებით მოირთვება ხეები, იქნება ცალკე კუთხე, სადაც შესაძლებელი იქნება სახისა და სააღდგომო კვერცხების მოხატვა. როგორც ბათუმის კულტურის ცენტრში ამბობენ, ეს კუთხე, ძირითადად, ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.
ტექნიკურ დავალებაში წარმოდგენილი დანართი
საღამოს, ღონისძიების მიწურულს, გაიმართება ფოიერვერკი, „ბათუმობას“ კი დიჯეის მიერ წარმოდგენილი მუსიკალური პროგრამა დაასრულებს.
ტენდერში წინადადებების მიღება 22 მარტს დაიწყება და 25 მარტს დაიწყება. ტენდერში მონაწილეს უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური კულტურული ღონისძიების ორგანიზების შესრულების გამოცდილება.
______________
მთავარ ფოტოზე: „ბათუმობა 2018“. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ხუთ დღეში გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე ბუნგალოები აღარ უნდა იყოს. ვიდრე ბათუმის მერია ახალი ბუნგალოების და კაფე-ბარების მოსაწყობად აუქციონს გამოაცხადებს, ძველმა მესაკუთრეებმა ბუნგალოები უნდა დაშალონ. დღეს, 13 მარტს, ბათუმის მერიის თანამშრომლებმა გონიოსა და კვარიათში ბუნგალოების მესაკუთრეების გაფრთხილება დაიწყეს.
მერიის გაფრთხილების წერილში აღნიშნულია ისიც, რომ თუკი ხუთ დღეში მესაკუთრე ბუნგალოს არ დაშლის, მერია პასუხისმგებლობას იხსნის სადემონტაჟო ობიექტში არსებული ქონების დაზიანებაზე. „ამასთანავე, თქვენ მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები,“ – წერია გაფრთხილებაში.
ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, მესაკუთრე 1000-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება, თუკი ის თავისი ნებით ბუნგალოს არ დაშლის. ამ ეტაპზე გაფრთხილება გონიოსა და კვარიათის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა ობიექტს ეხება, რადგან სანებართვო ვადა უკვე ამოიწურა.
ქობულეთში ურანის გასხვისების ბრალდებით ორი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუსი] 11 მარტს დააკავა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ბიზნესმენი გოჩა გოგიტიძეა.
ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სუს-მა დღეს, 13 მარტს, შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს “ურან-238”-ს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის“.
ბირთვული მასალების გაყიდვის მცდელობაში ბრალდებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით. მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.
ამ წუთებში ქობულეთში, სოფელ ლეღვასა და წყავროკის მოსაზღვრე ტერიტორიაზე წიწვოვან ხეებს ცეცხლი უკიდია. როგორც ქობულეთის სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით სამი ათას კვადრატულ მეტრზეა მოდებული.
მაშველის თქმით, ცეცხლი თავიდან ეკალ-ბარდებს მოედო და აქედან გადავიდა წიწვოვან ხეებზე. ნუგზარ ჯინჭარაძის თქმით, ადგილზე რამდენიმე სამაშველო და სახანძრო ჯგუფი მუშაობს.
„ლოკალიზებისკენ მიდის სიტუაცია. ვფიქრობ, დამატებითი ჯგუფები აღარ დაგვჭირდება“, – გვითხრა მან.
ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
სამაშველოს ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებიდან ხეებზე გადავიდა. ბონდო თედორაძის ფოტო