მთავარი,სიახლეები

იუნისეფი: დაინერგოს სერვისები ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად

01.06.2019
იუნისეფი: დაინერგოს სერვისები ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასახმარებლად

დღეს პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იუნისეფი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესახებ საუბრობს და სახელმწიფოს მოუწოდებს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური პროგრამები დაინერგოს.

იუნისეფის განცხადებით, პრობლემაა იმ სპეციალიზებულ პროფესიონალთა ნაკლებობაც, რომლებიც ძალადობაგადატანილ ბავშვებს რეაბილიტაციაში ეხმარებიან.  საჭიროა სოციალური მუშაკების გაძლიერება და ბავშვებთან მომუშავე სხვა პროფესიონალების  კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისი სერვისების და პროგრამების შექმნის პარალელურად, რომ ბავშვებმა შეძლონ ტრავმასთან გამკლავება და შემდგომი განვითარება.

„ამ დღეს ასევე გვსურს ვიფიქროთ იმ ბავშვებზე, ვინც ყურადღების მიღმაა დარჩენილი, ცხოვრობს სიღარიბეში, ძალადობის მსხვერპლია და არ არის დაცული. ქვეყანაში არ არსებობს   შესაბამისი მომსახურებები ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. ამიტომ მზადყოფნას გამოვთქვამთ, დავეხმაროთ მთავრობას ამგვარი მომსახურებების და პროგრამების შემუშავებაში“-ამბობს, ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

წელს ასევე აღინიშნება ყველაზე ფართოდ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულების –  ბავშვის უფლებათა კონვენციის – 30 წლისთავი.

„მიღებიდან 30 წლის მანძილზე ამ კონვენციამ ხელი შეუწყო ბავშვთა ცხოვრებების გარდაქმნას. მან სათავე დაუდო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ უკეთ იყოს დაცული ბავშვთა უფლებები და მათ მიეცეთ საზოგადოებაში მონაწილეობის საშუალება. თუმცა ბავშვის უფლებათა კონვენცია ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული და სათანადოდ გააზრებული. აუცილებელია 21-ე საუკუნეში კონვენციის  რელევანტურობის და საჭიროების ხაზგასმა. იუბილე განსაკუთრებული მომენტია იმისთვის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა კვლავაც აიღონ ვალდებულება, განახორციელონ კონვენცია და  მოსახლეობაში გააუმჯობესონ ცოდნა ბავშვის უფლებების შესახებ“-ნათქვამია, იუნისეფის განცხადებაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება, მნიშვნელოვანი კანონია, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძვლებს, დაცვის მექანიზმებს და გარანტიებს საქართველოში ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის.

„მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებას იზრდებოდეს ოჯახში, დაცული იყოს ძალადობის ყველა ფორმისგან, მიუწვდებოდეს ხელი ინკლუზიურ განათლებასა და ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და მართლმსაჯულებაზე.  მიღების შემდეგ, ეს კოდექსი წარმართავს სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლებების, სასამართლოების, საჯარო და კერძო ორგანიზაციების და პირების  ბავშვებთან მუშაობისა და მათ შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: