კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

12.03.2018 •
„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, ელექტრონულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა, რუსლან კაკაბაძემ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა, შესაბამისად, მყიდველმა ქონება ერთი ბიჯით – 35 ათასი ლარით მეტად, ანუ 1 მილიონ 755 ათას ლარად იყიდა.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა მისთვის მყიდველის მიერ პირვანდელი სახით აღდგენის ვალდებულება სამინისტროს აუქციონის პირობაში არ ჩაუდვია. რას აპირებს თავად ქონების მომავალი მესაკუთრე? – „ბათუმელები“ რუსლან კაკაბაძეს დაუკავშირდა.

„ჯერ უნდა მოხდეს ქონების გადმოცემა და შემდეგ ყველანაირი შეთანხმება. კვების ობიექტი უნდა იყოს, მაგრამ ამ და ასევე შენობასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს როცა გავივლი კულტურაში [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – ავტ.], შემდეგ მეცოდინება რა და როგორ გაკეთდება“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში რუსლან კაკაბაძემ.

აუქციონის პირობების მიხედვით მყიდველს ევალება:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლის] მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა სამინისტროში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების დაწყება, 24 თვის ვადაში დასრულება, ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ საქართველოს 25 მოქალაქის დასაქმება [პროფილის ვადით];
  • აღნიშნულ პროექტში 24 თვის ვადაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის ვადით პროფილის შენარჩუნება;
  • აკრძალულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლზე] რაიმე სამუშაოების ჩატარება [შენობის ფართობის, მოცულობის და სიმაღლის გაზრდა] „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე.

რუსლან კაკაბაძე, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით,  შპს „ბათუმის კარიბჭის“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია. ის ასევე წილებს ფლობდა კომპანიებში: „ნიუ აჭარა“ და „New Adjara Group“, თუმცა ეს წილები გაასხვისა.

რუსლან კაკაბაძე და „ნიუ აჭარა“ დაკავშირებულნი არიან იმ მიწის ნაკვეთთან ბათუმში, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, 1 ლარად, პირდაპირი მიყიდვით საკუთრებაში გადასცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ამ ადგილზე პატრიარქის რეზიდენციის ასაშენებლად.

1 ლარად მიღებული ქონება [ბათუმში, რუსთაველის ქუჩა N24-ში მდებარე მიწის ნაკვეთი [703 კვ.მ], მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით [საერთო ფართობი: 168,8 კვ.მ], საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 32 დღეში ეკლესიამ, გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, ქონება ანგისაში მცხოვრებ რუსლან კაკაბაძეს გადასცა. სანაცვლოდ კი რუსლან კაკაბაძემ მართლმადიდებელ ეკლესიას ბათუმში, ანგისის დასახლებაში არსებული საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთი (1853 კვ/მ) და სახლი (645,9 კვ/მ) გადასცა – აქ პატრიარქის რეზიდენციის მოწყობის პირობით [ეს ქონება ეკლესიაზეა დარეგისტრირებული და დღეს იქ პატრიარქის რეზიდენციაა].

აღნიშნული ქონების გაცვლიდან 12 დღეში დაფუძნდა შპს „ნიუ აჭარა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსლან კაკაბაძეა. მან ეკლესიისგან მიღებული ქონება ამ კომპანიის საწესდებო კაპიტალში ჩადო.

2011 წლის ნოემბერში „ნიუ აჭარა“ რეესტრში საკუთრებაში იფორმებს რუსთაველის 24-ში მდებარე 5008,06 კვ/მ შენობა-ნაგებობას (მათ შორის მშენებარეს).

2013 წლის 29 აპრილს კი, რუსლან კაკაბაძეს „ნიუ აჭარას“ 25%-იანი წილის სანაცვლოდ გადაეცა რუსთაველის 24-ში [რუსთაველისა და თავდადებულის ქუჩების კვეთა] აშენებული მრავალსართულიან სახლში გარკვეული ქონება.

რუსლან კაკაბაძემ შპს „ბულვარის კარიბჭე“ 2012 წლის მარტში დაარეგისტრირა. რუსთაველის 24-ში აშენებულ სახლსაც „ბულვარის კარიბჭე“ ჰქვია. „ნიუ აჭარას“ პარტნიორებმა დაახლოებით ოთხი წლის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შენობას ეს სახელი „უბრალოდ შემორჩა“.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/30592/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: