მთავარი,სიახლეები

გურიის გუბერნატორი: ბახმაროში სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება

18.02.2019
გურიის გუბერნატორი: ბახმაროში სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება

კურორტ „ბახმაროზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. თუმცა საჯაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია „ორბი“ დასახელდა. გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომპანია „ორბს“ აქვს გამოხატული ინტერესი, ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. მისივე თქმით, ბახმაროში სამუშაოები თოვლის საფარის გადნობისთანავე დაიწყება. კურორტზე სპეციალისტები ავლენ და ადგილზე აზომვითი ნახაზებს მოამზადებენ.

„არის რამდენიმე ბრენდული კომპანია, რომელიც დაინტერესებულია ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და პირობების წარდგენა. ჩვენი მოთხოვნაა დაცული იქნეს სივრცითი მოწყობის პარამეტრები და არ მოხდეს ქაოტური მშენებლობა. გამომდინარე აქედან, ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე, რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა. სხვადასხვა მოთხოვნებია. არამარტო ჩვენგან, არამედ თვითონ ინვესტორებსაც აქვთ თავიანთი მოთხოვნები. ჩვენ გვინდა ისე გავაკეთოთ, რომ ავაშენოთ არა სახლები, არამედ სასტუმრო კომპლექსები,“ – ამბობს ზურაბ ნასარაია.

კითხვაზე, „ორბის“ გარდა, კიდევ რომელი კომპანიები არიან დაინტერესებული ბახმაროში პროექტების განხორციელებით, ნასარაია პასუხობს:

„სხვა კომპანიებს ჯერ არ წარმოუდგენიათ დეტალური შეთავაზება და ასეთი გამოხატული ინტერესი არ აქვთ, როგორც „ორბს“. ამიტომ ვერ დავასახელებ. „ორბმა“ თავისი სურვილები ქონების მართვაში წარადგინა და მიდის განხილვა მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებების. დაახლოებით 50 მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი“.

როგორ შეიძლება გადაურჩეს ბახმარო ქაოსურ განაშენიანებას – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ კურორტზე ინვესტორები უნდა შევიდნენ.

ზურაბ ნასარაია ამბობს, რომ ეს „გამორიცხულია“. კითხვაზე, რა დამცავი ბერკეტი აქვს მუნიციპალიტეტს ბახმაროს ქაოსური მშენებლობებისგან დასაცავად, ნასარაია პასუხობს:

„არ მოხდება [ქაოსური განაშენიანება] იმიტომ, რომ მშენებლობის პროცესში ჩართული იქნება შესაბამისი კომისია. ზედამხედველობის სამსახური და სანამ დაიწყება საინვესტიციო პროექტის განხორციელება, თავიდანვე ჩაიდება პირობები“.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა კომპანია „ორბს“. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ბახმაროში ინვესტიციის ჩადება „ჯერ არ არის გადაწყვეტილი და, შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებენ“.

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2014 წელს მიიღო.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რა სიმაღლის სასტუმროების მშენებლობა იგეგმება ბახმაროში. ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა კონკრეტულ პროექტებს დაამტკიცებენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: