მთავარი,სიახლეები

ბახმაროს ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება

02.06.2019 • 1576
ბახმაროს ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება

კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობისა და ინდივიდუალირი გამრიცხველიანებისთვის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტექნიკურ პირობაში აღნიშნულია, რომ სს „ენერგო პრო-ჯორჯია“ ტენდერში გამარჯვებულს სამშენებლო მოედანზე მიაწვდის აღრიცხვის კარადებს; მრიცხველებსა და მიწისქვეშა ელექტრო სადენებს, ასევე პროექტს, რომლის მიხედვითაც უნდა შესრულდეს სამუშაოები.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, კურორტ ბახმაროს ელექტრომომარაგება პირველი ეტპის პროექტის ფარგლებში განხორციელებულია ქვესადგურ „ნაბეღლავი“-დან გამომავალი, 35 კვ ძაბვის გაბარიტებში აშენებული, 10 კვ ძაბვაზე ჩართული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზით, სიგრძით 15 კმ. პროექტის მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ბახმაროს ტერიტორიაზე 0.4 კვ. მომხმარებლებისთვის მიწისქვეშა კაბელების და მრიცხველის კარადების [თითო კარადა გათვლილია 12 აბონენტზე] მოწყობას.

პროექტის მიხედვით ბახმაროში უნდა აშენდეს 9 სატრანსფორმატორო ქვესადგური; მომხმარებლების სიახლოვეს დამონტაჟდება 12-მრიცხველიანი ჯგუფური ძალოვანი კარადები [საერთო ჯამში 345 კარადა], საიდანაც სპილენძის მრავალძარღვა მიწისქვეშა კაბელით მოხდება აბონენტების ელექტრომომარაგება; თითოეულ აბონენტთან კი დამონტაჟდება ავტომატური ამომრთველი გარე დადგმულობის ინდივიდუალურ კოლოფში, რომელზეც მიერთდება აბონენტის შიდა ქსელი.

სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2019 წლის 15 ნოემბერს. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 4 ივნისს დასრულდება.

დაახლოებით ორი კვირის წინ, კურორტ ბახმაროში ცხრა მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამ სიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ[ებ]ი, კვების ობიექტ[ებ]ი, სპორტული მოედნები და სხვ.

ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 50 მილიონი ლარია, მაგრამ „ორბი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროექტში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაბანდებას გეგმავენ; სასტუმრო ნომრების ფონდი კი 120-დან 800 ნომრამდე გაიზრდება.

ამ თემაზე:

ბახმაროში „ორბს“ საქართველოს მთავრობამ 9 ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: