მთავარი,სიახლეები

“ჩვენ ვყოფილვართ თურმე დამნაშავეები” – გია ერმაკოვი მოსამართლეს

01.06.2019 • 3571
“ჩვენ ვყოფილვართ თურმე დამნაშავეები” – გია ერმაკოვი მოსამართლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დილით დაიწყო და ამ დრომდე [19:45] გრძელდება “შვიდი მაღალჩინოსნის საქმის” განხილვა. მოსამართლე ლევან გელოვანმა უნდა გადაწყვიტოს, დაკავებულებს პატიმრობაში დატოვებს, თუ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს.

პროკურორ რამაზ შავაძის თქმით, გამოძიებამ ამ საქმეში აუდიტის ანგარიშის გარდა, მოიპოვა ელექტრონული ფოსტის მიმოწერებიც. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებაა მერიის სხვა თანამშრომლების ჩვენებები.

ადვოკატმა რამინ პაპიძემ თავის გამოსვლაში სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემას გაუსვა ხაზი. თქვა, რომ პოზიტიური მოლოდინი არ აქვს დაკავებულების გირაოთი გაშვებაზე და გამოძიების გაჭიანურებაზე გააკეთა აქცენტი.

“2017 წელს არის დაწყებული ამ საქმეზე გამოძიება, ყველა მტკიცებულება 2018 წლის ბოლომდეა მოპოვებული… ეს უნდა გახდეს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველი… სასამართლო გამოძიების გაჭიანურებით არ დაინტერესებულა, როცა განჩინება გამოსცა დაკავების შესახებ,” – მიმართა ადვოკატმა რამინ პაპიძემ მოსამართლეს.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუკი მერიას სურდა ტენდერის შედეგად კონკრეტულ აზერბაიჯანულ კომპანიას მიეღო უკანონო სარგებელი, მაშინ მერია სატენდერო პირობებში გამოსაცდელ ვადად არ მიუთითებდა სამ წელს.

“არ მიუთითებდა, რადგან ამის ვალდებულება არ ჰქონდა,” – დასძინა ადვოკატმა.

პროკურორმა რამაზ შავაძემ ბათუმის ყოფილ მერზე, გია ერმაკოვზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არსებობს, რადგან მას კავშირი აქვს “კონვენტ ჯორჯიას” აზერბაიჯანულ თანამშრომელთან, ვისთანაც ასევე აქვს კითხვები გამოძიებას.

ადვოკატებმა აბსურდულად მიიჩნიეს პროკურორების ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრალდებულები შესაძლოა მიიმალონ, რადგან ბიუჯეტში დაახლოებით მილიონ 300 ათასი ლარი არ დაბრუნებულა.

დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე

“ჩვენ მზად ვართ, ჯამურად შვიდივე ბრალდებულმა ჩავდოთ გირაოს სახით ამ ღირებულების უძრავი ქონება…” – დასძინა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. იგი ეგარსლან ლომაძის, ბექა ხალვაშის და არჩილ ვანაძის ინტერესებს იცავს.

ბაგრატ მანველიძის ინტერესების დამცველმა, ედიშერ მახარაძემ, ყურადღება გაამახვილა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უკვე დაკისრებული აქვს ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მისი მტკიცებით, სატენდერო კომისიას, როგორც კოლექტიური ორგანოსთვის, ამ პასუხისმგებლობის დაკისრება უკანონოა.

“ბრალი აბსურდულია… როგორ შეიძლება აქ მერი და სატენდერო კომისიის სრული შემადგენლობა ერთად ისხდნენ? თუკი მერი იყო პასუხისმგებელი პირი, მაშინ კომისია რა შუაშია?… კომისიის ასე ერთბაშად პასუხისგებაში მიცემა გამორიცხულია. როგორ შეიძლება ერთი და იმავე საფუძვლით მიედავო შვიდივეს? შეუძლებელია ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს,” – თქვა ედიშერ მახარაძემ.

“ვის სასარგებლოდ გაიფლანგა ეს თანხა?” – იკითხა ამ საქმის კიდევ ერთმა ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა.

“გამოძიებას ეს დადგენილი არ აქვს. თუ ეს აწი უნდა დადგინდეს, ბრალი რანაირად არის მითვისება და გაფლანგვა? კონკრეტული პირი დადგენილი არ არის… ნახევარი ამბავია მოტანილი სასამართლოში. მხოლოდ ის, რომ თანხა გადაურიცხეს კონკრეტულ კომპანიას, ეს არ ადასტურებს იმას, რომ მერიის თანამდებობის პირმა მიითვისა ეს თანხა,” – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა.

ამავე ადვოკატმა ისაუბრა ბათუმის მერიის სასამართლო დავის შესახებ “ბაზის ბანკთან”. ამ ბანკმა გარანტია წარმოადგინა “იაფი სახლის” ტენდერში. ამ მიმართულებით სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო თბილისის საქალაქო სასამართლოში.

“რატომ არის აქცენტი გადატანილი მერიის მუშაკებზე და არ არის “ბაზის ბანკის” მიმართ არავითარი ზომები გატარებული?” – იკითხა ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ. ის ბათუმის ყოფილი მერის, გია ერმაკოვის ინტერესებს იცავს. მან მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ გია ერმაკოვს გირაოს სახით 30 ათასი ლარის გადახდა შეუძლია.

სასამართლოს მიმართ სანდოობაზე აქცენტი ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემაც გააკეთა, თან კონკრეტული ფაქტი მოიყვანა.

“საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურის შუამდგომლობა  სასამართლოში შემოსულია 29 მაისს. ეს საქმე არის 23 ტომი. იმავე დღეს, 29 მაისს, სასამართლომ გამოსცა განჩინება ამ პირების დაკავების შესახებ…” – აღნიშნა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. იგი ბაგრატ მანველიძის ინტერესებს იცავს.

დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე

ერთ დღეში მოსამართლის მიერ გამოტანილ განჩინებაზე ისაუბრა ადვოკატმა ედიშერ მახარაძემაც.

“თუკი ამ საკითხში არ არსებობს პოლიტიკა, მაშინ რა გამოვიდა, რომ ორ საათზე მიიღო მოსამართლემ ტომები და 6 საათზე განჩინება გამოსცა,” – იკითხა მან.

რამინ პაპიძემ მოსამართლეს წაუკითხა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ხელმოწერილი წერილიც, რომლის მიხედვითაც მერიის მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც ახლა უკვე ბრალდებულები არიან, გამოირჩევიან პროფესიონალიზმით და მათ წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოება არ ყოფილა.

მოსამართლეს მიმართეს ბრალდებულებმაც, მათ შორის, ბათუმის ყოფილმა მერმა გია ერმაკოვმა.

“ჩვენ ვყოფილვართ თურმე ერთად შეკრებილი დამნაშავეები… პირველად მიწევს ამ ამპლუაში გამოსვლა. ჩვენთვის, ვინც აქ ვართ, უპირველესია პატივი და ღირსება… როდის იყო, რომ სადმე დამიბარა გამოძიებამ და არ გამოვცხადდი? გამოვცხადდები ნებისმიერ დროს, სადაც დამიბარებთ,” – აღნიშნა გია ერმაკოვმა.

დარბაზმა ტაში მერიის სხვა მაღალჩინოსნებს დაუკრა.

“ჩემთვის უკვე ცხოვრების რაღაც ნაწილი ახლა დამთავრდა… წარმოიდგინეთ, ქუჩაში რომ გავივლი, რას იფიქრებენ ჩემზე,” – თქვა თენგიზ პეტრიძემ, რომელიც ბათუმის ვიცე-მერი იყო.

“თუ რაიმე გაიფლანგა, გაიფლანგა ჩვენი სახელი და ღირსება,” – მიმართა მოსამართლეს ეგარსლან ლომაძემ.

______

მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 30 მაისს დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე [ის სადავო ტენდერის ჩატარების დროს ბათუმის ვიცე-მერი იყო და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე]; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე [ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა], ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონებისა მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში.  

პროკურატურის ინფორმაციით, იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. ბრალდებულებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას გულისხმობს. 182-ე მუხლი მითვისებას, ან გაფლანგვას გულისხმობს. პროკურატურა მაღალჩინოსნებს „მძიმე შედეგის“ დადგომას ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 332-ე მუხლი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: