დღეს, 2 ივნისს, ბათუმში ანგისის საწვრთნელ ბაზაზე ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა. „დინამო ბათუმი“ საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
„დინამო“ ბათუმის ფეხბურთელებს თამაშის დასაწყისში ორჯერ ჰქონდათ შანსი გოლი გაეტანათ სტუმართა კარში, თუმცა უშედეგოდ. „რუსთავის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ორივეჯერ შეძლო ბურთის აღება და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.
პირველი გოლი „რუსთავის“ კარში 25-ე წუთზე გავიდა. „დინამო“ ბათუმის ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.
მალევე მამუჩაშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა “რუსთავის” კარი ამჯერად გადარჩა.
პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, “რუსთავმა” ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ზაზა ციცქიშვილის ზუსტი პასით ნიკოლაი ყიფიანმა შეძლო და „დინამო“ ბათუმის კარში პირველი გოლი გავიდა.
62-ე წუთზე „დინამოს“ ნახევარმცველმა გაბრიელ რამოსმა მეკარეს ბურთი დაუბრუნა, მიხეილ ალავიძე ამ დროს კარიდან მოშორებით იდგა. ალავიძე ბურთს დაეწია და რამდენიმე წამით ადრე იხსნა საკუთარი კარი და რამოსი ავტოგოლისაგან.
69-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძის გოლით ბათუმის „დინამო“ დაწინაურდა და ანგარიში 2:1 გახდა.
75-ე წუთზე „რუსთავის“ ნახევარმცველმა ფარხად გისტაროვმა ყვითელი ბარათი მიიღო. მან ვაკო თევდორაძესთან მიმართებაში უხეშად ითამაშა.
81-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი აშკარა გოლს.
დამატებით დროში, 92-ე წუთზე, დინამოს ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამის მიუხედავად, „რუსთავის“ კარის მიმართულებით მაინც დაარტყა. შედეგად ყვითელი ბარათი მიიღო.
მე-17 ტურში გამართული მატჩის შედეგებით ბათუმის „დინამოს“ ზედიზედ ხუთი მოგება აქვს და ეროვნული ლიგის რეიტინგში პირველია 37 ქულით.