მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ იყიდა აჭარის განათლების სამინისტრომ 5 სკოლისთვის ლაბორატორია

02.06.2019 • 1300
რატომ ვერ იყიდა აჭარის განათლების სამინისტრომ 5 სკოლისთვის ლაბორატორია

აჭარის განათლების სამინისტრომ ხუთი საჯარო სკოლისთვის ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კვლავ 100 ათასი ლარია.

ანალოგიურ შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი მიმდინარე წლის 7 მარტს გამოაცხადა. ამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შპს „ნიუ ლაბი“-მ დააფიქსირა – 64 800 ლარი. სამინისტროს სატენდერო კომისიამ ეს კომპანია გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა სხვა კომპანიამ [„ჯეო დეკორ“-მა], კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით სამინისტროს სატენდერო კომისიას დაევალა გადაესინჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ხელახლა განეხორციელებინა „ნიუ ლაბი“-ს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ საჩივრით „სადავოდ“ იყო გამხდარი შემდეგი საკითხი: „პრეტენდენტს (ქვეკონტრაქტორს) საქონლის ძირითად მახასიათებლებში არ აქვს მითითებული ფიქსირებული ზომები და შემოთავაზებული აქვს „არაუმეტეს“ „არანაკლებ“… რაც არ წარმოადგენს შემოთავაზებული საქონლის ზუსტ პარამეტრებს“.

ამასთან, „დავების საბჭომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ მსაზღვრელებს „არანაკლებ“, „არაუმეტეს“, ასევე პროდუქციის მოდელთან დაკავშირებულ მითითებას, შეიცავდა ასევე ფასების ცხრილი, რომელიც შეფასებული იქნა სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმით. თუმცა, ვინაიდან საჩივრის შემოტანის დროს გასული იყო გასაჩივრების 5-დღიანი ვადა. შესაბამისად, საბჭო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა და გაეუქმებინა აღნიშნული ოქმი“.

სამინისტროს სატენდერო კომისიის მომდევნო ოქმში აღნიშნულია, რომ „მას უფლება აქვს გააუქმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, თუმცა ამ შემთხვევაში ხელახლა უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის წინადადების ხელახალი განხილვა, რასაც მოყვება ხელახალი დაზუსტება, რაც არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც სატენდერო კომისიის ქმედების გამო ერთ პრეტენდენტს მიეცემა შესაძლებლობა ორჯერ გამოიყენოს დაზუსტების ეტაპი“.

„გამომდინარე იქედან, რომ საფრთხე არ შეექმნას საქონლის მოწოდებას და სკოლებმა მიიღონ სტანდარტით გათვალისწინებული მოწყობილობები/მასალები, რომლებიც კონკრეტულად იქნება განსაზღვრული ხელშეკრულებით, შესაბამისად, სატენდერო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს ელექტრონული ტენდერი და გამოცხადდეს ხელახლა, სადაც კონკრეტულად განისაზღვრება შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული მოთხოვნები“ – აღნიშნულია ოქმში.

სამინისტრომ ხელახალი ტენდერი 2019 წლის 27 მაისს გამოაცხადა.

ლაბორატორიის თითო ეგზემპლარი, რომელსაც სამინისტრო შეიძენს, გადაეცემა შემდეგ სკოლებს:

[checklist]

  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლა;
  • შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლა;
  • დაბა ხულოს საჯარო სკოლა;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა;
  • ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა.

[/checklist]

ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 9 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.

გამარჯვებულმა ლაბორატორიები შესაბამის რესურსცენტრებს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა მიაწოდოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: