მთავარი,სიახლეები

პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შეძენა ბიუჯეტს 5,5 მილიონით ძვირი დაუჯდება

02.06.2019 • 1732
პირველკლასელებისთვის კომპიუტერების შეძენა ბიუჯეტს 5,5 მილიონით ძვირი დაუჯდება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო პროგრამა – „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში 42 500 ლეპტოპს 5,5 მილიონი ლარით ძვირად შეისყიდის, ვიდრე თავიდანვე ჰქონდა გათვლილი. ამ რაოდენობის ლეპტოპების შესაძენად კი სააგენტო 23 162 500 ლარს [545 ლარი ერთი ლეპტოპი] ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამ თანხაში შედის როგორც ლეპტოპების შესყიდვა, ასევე, მათი ტრანსპორტირება საგანმანათლებლო რესურსცენტრებამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ხელშეკრულება ლეპტოპების შესყიდვაზე ამ შემთხვევაში კომპანია „იუ ჯი თი“-სთან გაფორმდება. შესაბამისი თანხმობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან უკვე აქვს.

სააგენტომ 2019 წლის 2 აპრილს გამოაცხადა ელქტრონული ტენდერი 42 500 ცალი პორტაბელური კომპიუტერის (ლეპტოპების) შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 17 637 500 ლარს, ხოლო მიწოდების ადგილად განსაზღვრული იყო ქ. თბილისი.

„გამოცხადებულ ტენდერში მიმწოდებლებმა მონაწილეობა არ მიიღეს. მიზეზების გასარკვევად, თუ რატომ არ შედგა ტენდერი, სააგენტო დაუკავშირდა ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებს [„ალტა“, „ჯი-თი ჯგუფი“, „იუ ჯი თი“]. შედეგად გაირკვა, რომ „იუ ჯი თი“-მ და „ჯი-თი ჯგუფი“-მ ტენდერში არმონაწილეობის მიზეზად ერთეულის ფასი დაასახელეს, ხოლო „ალტა“-ს განმარტებით ტენდერით მოთხოვნილ ერთ-ერთ მაკომპლექტებელზე, კერძოდ, პროცესორის ხელმისაწვდომობაზე მათ პარტნიორ ბრენდებს შეექმნათ პრობლემა, რადგან არის გლობალური დეფიციტი Intel-ის პროცესორზე“, – აღნიშნულია სააგენტოს განაცხადში.

სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნულის შემდეგ სავარაუდო ღირებულების დასადგენად განახორციელეს განმეორებითი ბაზრის კვლევა. ამ კვლევით ფასები წარმოადგინეს:

  • „იუ ჯი თი“ – ერთი ლეპტოპის ფასი 589 ლარი [ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 25 032 500 ლარი], მიწოდების ვადა 100 დღე და 565 ლარი [ჯამური 24 012 500 ლარი], თუ მიწოდების ვადა იქნება 135 დღე.
  • „ჯი თი ჯგუფი“ – 636 ლარი [ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 27 030 000 ლარი], მიწოდების ვადა 70 დღე.
  • „ჯი-თი-ეს ჯგუფი“ – 430 ლარი [ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 18 275 000 ლარი].

„2019 წლის 20 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გვეცნობა, რომ ადმინისტრაციის შესყიდვების სამსახურის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლილი იქნა ინფორმაცია დღგ-ს ჩათვლით 18 275 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით. წერილში ასევე მითითებულია, რომ შესყიდვის ღირებულებისა და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელმეორედ ტენდერის გამოცხადებისას პრეტენდენტის საკვალიფიკაციო და ტექნიკური მონაცემების მიმართ არსებული მოთხოვნების გადახედვა არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ვინაიდან, 30 აპრილიდან საკმაოდ დიდი დროის გასვლის მიუხედავად არ იყო მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებაზე, სააგენტომ კვლავ ჩაატარა ბაზრის კვლევა და კომპანიებს განუსაზღვრა მოთხოვნები, მათ შორის დისტრიბუციის თაობაზეც“.

ბაზრის კვლევაში ამჯერად მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ:

  • „იუ ჯი თი“ – ერთეულის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 550 ლარს, ხოლო ჯამური ღირებულება 23 375 000 ლარს.
  • „ჯი თი ჯგუფი“ – ერთეულის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 636 ლარს, ხოლო ჯამური ღირებულება 27 030 000 ლარს;

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ, 2019 წლის 27 მაისს „იუ ჯი თი“-დან მათთან შევიდა შემდეგი შინაარსის შეტყობინება – „თქვენს მიერ მოთხოვნილ 42 500 ცალ პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების შესყიდვასთან დაკავშირებით ვახდენთ ინფორმაციის განახლებას დღეის მდგომარეობით, მოგახსენებთ რომ შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია მარაგი ნაწილების, კერძოდ პროცესორების ხელწვდომაზე, მწარმოებლისგან მივიღეთ გამაფრთხილებელი ინფორმაცია შინაარსით, რომ მოთხოვნილი რაოდენობის შემოთავაზებული მოწოდების ვადით წარმოებას და ჩამოტანას შეძლებენ იმ შემთხვევაში თუ შეკვეთა განთავსდება მიმდინარე წლის 7 ივნისამდე, ამავე დროს მითითებულ ვადამდე შეკვეთის განთავსების შემთხვევაში შემოთავაზებულ ტექნიკაზე მოხდება ფასდაკლება და ერთეული პორტაბელური კომპიუტერის ფასი იქნება 545 ლარი“.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ირწმუნება, რომ „მთავრობის ადმინისტრაციიდან და შპს „იუ ჯი თი“-დან მიღებული შეტყობინების ანალიზით დგინდება, რომ იმ შემთხვევაში თუ შესყიდვა არ მოხდება კანონით გათვალისწინებულ შეზღუდულ ვადებში, ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტის, როგორიცაა პირველკლასელ მოსწავლეთა და მათი დამრიგებლების კომპიუტერებით უზრუნველყოფა, განხორციელებას რეალური საფრთხე შეექმნება, რაც დიდი ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს“.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ „მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელი [„იუ ჯი თი“] თავად უზრუნველყოფს კომპიუტერების მიტანას საგანმანათლებლო რესურცენტრებამდე მთელი საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, მიწოდების ვადა გაიზარდა იმ [დაახლოებით 43 კალენდარული დღე] პერიოდით, რაც სააგენტოს ესაჭიროებოდა კომპიუტერების მთელი საქართველოს მასშტაბით დასარიგებლად. მიწოდების ვადა [2019 წლის 13 სექტემბერი] განსაზღვრულია იმგვარად, რომ სწავლის დაწყების დღეს უზრუნველყოფილი იქნას პირველკლასელებისათვის და მათი დამრიგებლებისათვის პორტაბელური კომპიუტერის გადაცემა“.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის – „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში 2019 წელს სულ  55 000 ცალი ლეპტოპია საჭირო.

„პროგრამის მიზნებისათვის შესყიდული ლეპტოპებით უკვე რამდენიმე წელია ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. შესაბამისად, გამოცდების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის განკარგულების საფუძველზე სააგენტომ 2019 წლის 1 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება და შპს „იუ ჯი თი“-სგან შეისყიდა 12 500 ცალი ლეპტოპი. აღნიშნული კომპიუტერები სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს გადაეცემა დროებით სარგებლობაში და გამოცდების დასრულების შემდეგ უბრუნდება სააგენტოს, რათა მოხდეს ბენეფიციარებისთვის მათი მიწოდება“.

სააგენტომ „იუ ჯი თი“-სგან 12 500 ცალი კომპიუტერი 6 373 750 ლარად [ერთი კომპიუტერის ფასი 509 ლარი და 90 თეთრი] შეისყიდა. თუ შეძენილი და შესაძენი კომპიუტერების ფასებს დავაჯამებთ, სააგენტო 2019 წელს ლეპტოპების შესაძენად ამ კომპანიას ჯამში 29 536 250 ლარს გადაუხდის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: