გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: + 25, +30 გრადუსი
ღამით: +16, +21 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: + 20, + 25 გრადუსი
ღამით: + 10, + 15 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 9-10 ივნისს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ იუსტიციის სახლთან მდებარე „ყინულის შადრევნის“ ნაწილობრივი დემონტაჟი დაიწყო. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მონუმენტს მოშლილ დეტალებს მოხსნიან, რათა მიმდინარე სეზონზე ეს ადგილი უსაფრთხო იყოს. მონუმენტს მთლიანად შემოდგომაზე დაშლიან.
ყინულის შადრევანი ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძედანაგვიანებული შადრევანი. ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე
სამმართველოს ხელმძღვანელის, სულხან ევგენიძის თქმით, შეიძენენ ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც ამ ადგილზე ისევ მონუმენტი გაკეთდება: „იქნება ისევ გამჭვირვალე, თუმცა გაცილებით ხარისხიანი მასალით. ორი ესკიზი გვაქვს, მაგრამ დეტალებზე შევჯერდებით. მიმდინარე წლის ბოლომდე, ალბათ, გვექნება პროექტი და ხარჯთაღრიცხვა“.
ამ მონუმენტის ადგილზე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმაც განიხილებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ საკითხზე მსჯელობდნენ ქალაქის მერიაშიც და აჭარის მთავრობაშიც, თუმცა სულხან ევგენიძე აქ ძეგლის დადგმას უარყოფს.
„ყინულის შადრევანი“ ბათუმში / 7.06.2019 / გურამ მურვანიძის ფოტო
მონუმენტი რომ იშლებოდა, ამის შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ოქტომბერშიც წერდა. მაშინ სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მხოლოდ მასალისთვის, რითაც მონუმენტია აშენებული, 300 000 ლარი იყო საჭირო.
დღეს, 7 მაისს, ბათუმში, საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებს, ცოლ-ქმარს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ერთ მათგანს ხელ-ფეხი აქვს დაზიანებული, მეორეს – ხელი. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
წელს ბათუმში ჩამოსულ ტურისტს ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე ისევ სამშენებლო სამუშაოები დახვდება. კომპანია „ამბასადორ ბათუმს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმებით, მშენებლობა 2018 წლის მარტში უნდა დაესრულებინა, თუმცა ჯერ არც კი დაუწყია.
სამშენებლო მოედანი მაღალი ღობითაა შემოსაზღვრული და ობიექტის დაცვა მასთან მიახლოებაზეც კი რეაგირებს, თუმცა მაინცაა შესაძლებელი იმის ნახვა, რომ ჯერ აქ ერთი სართულიც კი არ აუშენებიათ და ისევ საძირკველს თხრიან.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა ოთხი სართულის მშენებლობაზეა გაცემული და შენობას მომავალში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონდეს.
საძირკვლის მოწყობის სამუშაოების გაჭიანურება ბათუმში კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ კომპანიას აქ უფრო მაღალი შენობის აგება აქვს განზრახული და საძირკვლის მომზადების შემდეგ პროექტის ცვლილებისთვის მიმართავს სააგენტოს. კომპანიაში ამ თემასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. მათთან დაკავშირება ვერ შევძელით, რადგან სამშენებლო მოედანთან ახლოს მდებარე ოფისი დაკეტილი დაგვხვდა, საინფორმაციო დაფაზე მითითებულ ნომერზე კი გვპასუხობს პირი, რომელიც ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენელი არ არის და პროექტზე ვერაფერს გვეტყვის.
კომპანიას სამშენებლო მოედანზე სრულყოფილი საინფორმაციო დაფა არც 2016 წელს განუთავსებია და არც ვადების შეცვლის შემდეგ უზრუნია მის განახლებაზე. კითხვით – რატომ არ განათავსა კომპანიამ სრულყოფილი საინფორმაციო დაფა სამშენებლო მოედანზე? – „ბათუმელებმა“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2018 წელსაც მიმართა, მაშინ გვიპასუხეს, რომ კომპანია გააფრთხილეს, თუმცა როგორც ჩანს გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყვა, რადგან მშენებლობაზე საინფორმაციო დაფა არ შეუცვლიათ და ადგილზე არც პროექტის რენდერია გამოკრული.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გვითხრეს, რომ კომპანიამ მშენებლობის ვადის გადაწევა ითხოვა და თანხმობაც მიიღო. ახალი შეთანხმებით მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს. სააგენტოს ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, ვიქტორია ბერიძის ინფორმაციით უკვე შეამოწმეს და პროექტთან შესაბამისია საძირკვლის მოწყობის სამუშაოებიც. მისი თქმით, „არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“.
კითხვაზე, თუ რატომ გაჭიანურდა მშენებლობის დაწყების პროცესი, ვიქტორია ბერიძემ გვიპასუხა, რომ რომ პროექტი მიწისზედა ოთხი სართულის გარდა ითვალისწინებს სამი სართულის მშენებლობას მიწის ქვემოთ, რაც სირთულეებს უკავშირდება.
მშენებლობის დაწყებიდან მცირე დროში „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში კიდევ ორი ქონების მოსარგებლე გახდა. საერთო ჯამში შპს „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ფლობს 1203 კვმ მიწის ფართობს, ასევე, ამ ქონების მიმდებარედ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან გაფორმებული საიჯარო შეთანხმებით – 224 კვმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და გარდა ამისა, კომპანიას სარგებლობაში გადასცეს კიდევ ერთი, 117 კვმ მიწის ნაკვეთი ბულვარში და მასზე დამაგრებული შენობა – 199 კვმ.
კომპანია ბულვარში ასევე აშენებს კაფეს, რომელიც მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობა იქნება და გამჭვირვალე შუშით იქნება შეფუთული.
„ამბასადორ ბათუმი“ 2017 წლის სექტემბერში რუსეთის მოქალაქემ, ალექსანდრე ფრიდმა დააფუძნა, ის იყო კომპანიიის ასივე პროცენტის მფლობელი და დირექტორი. უფრო ადრე, 2015 წელს მას საქართველოში კომპანია „ბბუ ჯორჯია“, 2016 წელს კი შპს „ჩემი დრონები“ დაუფუძნებია. ასევე, ის არის კომპანია „ჯორჯიან ვეის“ დამფუძნებელი და ორმოცდაათი პროცენტის მფლობელი. ალექსანდრე ფრიდი ფლობს ასევე შპს „სიგმა ქეპიტალ პარტნერს“.
2017 წლის სექტემბერშივე კომპანიის წილებში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა. ამ დროისთვის კომპანიის დამფუძნებელი წილებში საერთოდ აღარ ფიქსირდება და კომპანიას რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია და ვართან ვართანოვი იყოფენ, კომპანიის დირექტორად კი ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული.
ხვალ, 8 ივნისს, ბათუმის ბულვარში მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავენ. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძველ ბულვარში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში სკოლის მოსწავლეებს დარგის სპეციალისტები მიაწოდებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას წყალქვეშა ეკოსისტემის დაცვისა და ზიანის შემცირების საკითხებზე.
„დაგეგმილია საზღვაო თემატიკის ამსახველი შემეცნებითი ვიდეო-პრეზენტაციებიც. ლიტერატურული კლუბი „ლიტერპოლლო“ წარადგენს ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვას“ განსხვავებული ფორმატით.
პრეზენტაცია აქცენტირებული იქნება ოკეანის, როგორც ბუნების მნიშვნელოვან ფენომენზე და ამ მნიშვნელობის ასახვაზე ლიტერატურასა და რეალობაში“.
ამავე დღეს, მონადირეთა ასოციაციის თავმჯდომარე მოსწავლეებს ბუნების დაცვის კუთხით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
ბათუმის დელფინარიუმის წარმომადგენლები კი დელფინების თავისებურებების და მათი როლის შესახებ.
„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მოსწავლეებთან საუბარი იქნება არსებულ კვლევებზე და ამ სფეროში საფრთხეების გააზრებაზე. „საგანმანათლებლო შეხვედრა ინტერაქციის რეჟიმში წარიმართება“. ოკეანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვიქტორინით დასრულდება.
მსოფლიო ოკეანის დღის კონცეფცია პირველად 1992 წელს კანადის მთავრობამ წარადგინა რიო დე ჟანეიროს „დედამიწის ყოველწლიურ სამიტზე“. 2008 წლიდან კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ოკეანის დღე ყოველ 8 ივნისს აღინიშნება.
მსოფლიო ოკეანის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას წყალქვეშა ეკოსისტემის შენარჩუნების მიმართულებით და საზოგადოების აქტიურ ჩართვას აღნიშნული პრობლემების მოგვარების საკითხებში.
აჭარის განათლების სამინისტროში ახალი საბიუჯეტო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ შეიქმნა, სადაც 25 პირი უნდა დასაქმდეს. ცენტრის ფუნქციონირებისთვის 1 მილიონ 700 ათასი ლარია გათვალისწინებული. როგორ და რაში აპირებს ცენტრი ბიუჯეტის დახარჯვას და რა გახდა ორგანიზაციის შექმნის მიზეზი. „ბათუმელები“ ამ თემაზე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დავითაძეს ესაუბრა.
ბატონო ალექსანდრე, ცენტრის ხელმძღვანელის ადგილზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი, როდის იქნება შედეგები ცნობილი?
საბუთების მიღების ვადები ამოიწურა და მიმდინარეობს კონსულტაციები – შერჩევის პროცესში ვართ. 50-ზე მეტი განაცხადია შემოსული, თუმცა კონკურსანტების ძალიან დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. კვალიფიკაციის, გამოცდილების ჭრილში. ვფიქრობთ, რომ თამასა კიდევ უფრო წამოსაწევია.
შესაძლებელია კონკურსი თავიდან გამოცხადდეს?
არ გამოვრიცხავთ მაგ ნაწილსაც, ესეც შესაძლებელია.
რამდენი ადამიანი იმუშავებს ამ ორგანიზაციაში და ისინიც კონკურსის წესით დასაქმდებიან?
ჯამში იქნება 25 შტატი და კონკურსის წესით დასაქმდებიან. რიგი თანამშრომლები, ვინც ახალგაზრდობის განყოფილებაში მუშაობდა, ისინიც მიიღებენ კონკურსებში მონაწილეობას. კრიტერიუმები გამოქვეყნდება მაშინ, როცა ბიუჯეტი ოფიციალურად დამტკიცდება. შემდეგ უკვე ხელმძღვანელი შეადგენს სხვადასხვა პოზიციაზე კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.
ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება აღარ იარსებებს?
სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება აღარ არსებობს. იქ დარჩა მხოლოდ სპორტის განყოფილება. ის განყოფილება ასრულებდა რიგ პროექტებს, მაგრამ დღევანდელი გამოწვევები განსხვავდება, რადგან განათლება ხელისუფლებამ გამოაცხადა „ეროვნულ იდეად“ და ახალგაზრდობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. არსებულიდანაც შევინარჩუნეთ პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და დავამატეთ ბევრი ახალი, ინოვაციური პროექტი.
შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიმე პროექტს მიიჩნევთ ინოვაციურად?
წელს გვექნება უფრო მეტი ბანაკები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, უფრო მეტი ფორუმი გვექნება, უფრო მეტი საერთაშორისო პროექტი, გაცვლითი პროგრამები. ხელოვნებისა და კულტურის ნაწილში იქნება მხარდაჭერის პროექტი, გართობა-შემეცნება-შემოქმედება – ამ ნაწილში იქნება არაერთი ახალი პროექტი. სტუდენტური ფესტივალი, ახალგაზრდობის საერთაშირისო დღეს აღვნიშნავთ 12 აგვისტოს, არაფორმალური განათლების მიმართულებით იქნება სიახლეები და ახალგაზრდების კარიერული განვითარების მხარდაჭერა.
რა იგულისხმება ამაში, რა ფორმით იქნება მხარდაჭერა?
პროგრამულ ნაწილს ძალიან მალე გაგაცნობთ, პრეზენტაციაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს სტაჟირებისა და სხვადასხვა კარიერული მხარდაჭერის პროგრამას. 14-იდან 29 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერას ითვალისწინებს ეს ორგანიზაცია. იქნება ტრენინგები, სტაჟირება, ვორკშოპები და სხვა.
შრომითი საქმიანობის ხელშეწყობაც დევს ორგანიზაციის დებულებაში. აქ რას გულისხმობთ?
იგულისხმება კვალიფიკაციის ამაღლება, სტაჟირება და კარიერული განვითარება.
დებულებაში ასევე წერია, რომ ორგანიზაციას შეუძლია საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება. ინვესტიციაში რა იგულისხმება, დონორების მოძიება შეეძლება?
საქველმოქმედო საქმიანობაში იგულისხმება მოხალისეობის მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ გულისხმობს ახალგაზრდების საქველმოქმედო პროექტებში ჩართვას. ინვესტიციებში კი იგულისხმება ის, რომ ორგანიზაციას უფლება აქვს მიიღოს შემოსავლები. რიგი კომპანიები და ორგანიზაციები შეიძლება დაინტერესდნენ ახალგაზრდული თემებით, იქნება შემოწირულობა, საერთო პროექტების განხორციელება და ამის უფლება სსიპს ექნება.
დებულებაში წერია, რომ ორგანიზაცია იმუშავებს პატრიოტული ღირებულებების გაღრმავებაზე. რა იგულისხმება ამაში?
ჩავთვალეთ, რომ საჭიროა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება. კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ვგეგმავთ ლაშქრობას და თემატურ ბანაკებს. დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოვუწყობთ ბანაკებს პოლიციის აკადემიაში ან თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, სადაც ჯარისკაცების და სხვა სამხედრო პირების ცხოვრების რეჟიმს გაეცნობიან. სსიპის საქმიანობა ასევე მოიცავს აჭარის მთელ რეგიონს, სადაც გაატარებს ახალგაზრდულ პოლიტიკას.
ორგანიზაციის საქმიანობაში არის სპორტული მიმართულებაც და სპორტული განყოფილება რატომ დატოვეთ ცალკე?
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა არის ამ ორგანიზაციის ფუნქციებში, თუმცა სპორტის განყოფილება მხოლოდ სპორტის მიმართულებით იმუშავებს.
თქვენ ერთი თვის წინ განაცხადეთ, რომ პროექტის დეტალურ პრეზენტაციას მაისის ბოლოს წარმოადგენდით. რატომ არ გააკეთეთ?
ბიუჯეტი როგორც კი გამოქვეყნდება, იმ დღიდან დაიწყება შესაბამისი მოქმედებები, რომ პროექტები შევიდეს ძალაში. როდესაც გუნდი შეიკრიბება, პროგრამების დეტალური პრეზენტაციაც იქნება.
ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობა წყალს ითხოვს.
„დღეს საბავშვო ბაღიდან წამოვიყვანე შვილიშვილი მეც და და სხვებმაც, წყალი საერთოდ არ იქნებაო. უწყლოდ რა უნდა ქნა ბავშვებთან?… აქამდე ბაღში მაინც იყო გრაფიკით წყალი, ახლა ისიც აღარ არის… აქციაზე გამოვედით დღეს და ჩართეს ახლა უცებ მარტო ბაღში. თუ არ არის წყალი, ახლა საიდან მოვიდა? გამოვალთ აქციაზე, მოვიყვანთ ჟურნალისტებს, ჩართავენ ერთი-ორი საათით, მერე წავა ისევ,“ – გვიყვება აქციაზე გამოსული ნანული ჯაბნიძე.
აქციაზე შეკრებილების თქმით, ახალშენს წყლის პრობლემა წლებია აწუხებს და ისინი წყალს სხვადასხვა სოფლიდან ეზიდებიან.
წყლის პრობლემას ადასტურებს სოფლის რწმუნებულიც. ანზორ კახიძე ამ ეტაპზე მოსახლეობას გამოსავალს ვერ სთავაზობს.
„წყლის პრობლემა გამოწვეულია ზამთრიდან გამომდინარე – ზამთარმა ვერ იზამთრა. თოვლი თუ არ ჩაწვა მთაში, არ იზამს, ზაფხულივით ზამთარი იყო… მოსახლეობა უყურადღებოდ იქცევა: ზოგან ონკანი არ მუშაობს და იქცევა წყალი, ზოგი იმას არ ფიქრობს, რომ ტანი მაქვს დასაბანი და მეზობელს დასალევი წყალი აღარ დარჩებაო. დებეტი არის წყლისა ძალიან ცოტა. ეს მარტო წლევანდელი პრობლემა არ არის. მომავალში უფრო მეტი პრობლემა იქნება, თუ ზამთარმა არ იზამთრა… წლების წინ კარიერზე იყო აფეთქებები. შესაძლებელია, ამიტომაც დაიკარგა წყალი. ერთი თუ დაიკარგა წყალი, მერე არ მობრუნდება,“ – გვითხრა ანზორ კახიძემ.
იგეგმება თუ არა ახალი ჭაბურღილების მოწყობა ახალშენში?
„გაკეთდა რამდენიმე ჭაბურღილი. 10 და 20 ჭაბურღილი ვერ გაკეთდება ერთად, ჩვენ პენტაგონის ბიუჯეტი ხომ არ გვაქვს?“ – კითხულობს ახალშენის რწმუნებული.
აქციაზე იმყოფება ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძეც. მისი თქმით, ახალშენში წყლის სისტემის მოსაწყობად ბოლო წლებში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
„თორნიკე რიჟვაძეს მოვუწოდებ, მიხედოს ხელვაჩაურს, სანამ მთელი სოფლები დაირაზმება და მიადგება კაბინეტთან, კორუმპირებულ მერს მიაქციოს ყურადღება,“ – აცხადებს მიხეილ ბოლქვაძე.
კაცი, რომელსაც დღეს, 7 ივნისს, ჩაქვი-ციხისძირის მონაკვეთზე ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, კლინიკიდან უკვე გაწერეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, იგი შეჯახების შედეგად მსუბუქად დაშავდა და ქობულეთის საავადმყოფოში მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სამსონ თამარიანთან და მერაბ მიქელაძესთან ერთად პარლამენტის წინააღმდეგ დავობს. დავის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 7 ივნისს დაიწყო.
მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც თუკი პროკურორი ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულზე გამოძიებას, ან სისხლისსამართლებრივი დევნას შეწყვეტს, ამას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებ. პროკურორს ასევე ვერ უჩივლებთ, თუკი ის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს იტყვის. არსებული სამართლებრივი რეგულაციის მიხედვით, პროკურორის ეს გადაწყვეტილებები მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან შეიძლება გასაჩივრდეს და არა სასამართლოში.
„ზემდგომ პროკურორთან ვასაჩივრებთ ხშირად, მაგრამ მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ზემდგომმა პროკურორმა პროკურორის გადაწყვეტილება შეცვალა,“ – ამბობს მოსარჩელეების ინტერესების დამცველი, იურისტი ნინო თედეიშვილი.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი, თამარ სამხარაძე კი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მაჩალიკაშვილს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.
„ამ ფორმით იზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება… არსებული ფორმა, ანუ ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრება ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ მართლმსაჯულებას,“ – გვითხრა თამარ სამხარაძემ. მისივე თქმით, ამ დრომდე მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ აქვს.
ადვოკატების მოსაზრებებს არ იზიარებს პარლამენტის ინტერესების დამცველი იურისტი, ქრისტინე კუპრავა. იგი აქცენტს სასამართლოს გადატვირთულობაზე აკეთებს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემული რეგულაცია არ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამ ყოველივეს განაპირობებს ის სტატისტიკური მონაცემები და ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც არსებობს და რომლითაც დასტურდება, რომ არსებობს ნამდვილად საჯარო, ლეგიტიმური მიზანი, რომ არ გადაიტვირთოს სასამართლო… ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა გონივრული ბალანსი შეარჩია და ჩამოაყალიბა ეს ნორმები, როგორც არის ეს მოცემული,“ – აცხადებს ქრისტინე კუპრავა.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოს თავის მოსაზრებას პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი გააცნობს. მან უარი თქვა პროცესის დაწყებამდე მოსაზრების დაფიქსირებაზე.
მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი – თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში შუბლის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავს აქციებს და დამნაშავის დასჯას ითხოვს.
ხვალ, 8 ივნისს, მადეირაზე გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს.
მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებია სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარ (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია).
დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი მთავრობის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრებიან.
,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.
ჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მეთვალყურის გარეშე მყოფ მსხვილფეხა პირუტყვს ხშირად ნახავთ, რაც საგზაო მოძრაობას უქმნის საფრთხეს.
საქონელი გზაზე. ფოტო: როინ გუნდაძესაქონელი გზაზე. ფოტო: როინ გუნდაძესაქონელი გზაზე. ფოტო: როინ გუნდაძე
ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა საქონლის გადაადგილება მეთვალყურეობის გარეშე აკრძალულია. ასეთ შემთხვევაში პირუტყვს შპს „სანდასუფთავება“ აკავებს და მეპატრონეს მის გამოსახსნელად ჯარიმის გადახდა უწევს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და „ქოლუმბია შიპმენეჯმენტის“ შეთანხმების თანახმად კომპანია საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და „ჰაუს-ქიპერი“-ს პოზიციებზე. მინიმალური ანაზღაურება შეადგენს 800 ევროს. ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო UN Women-ისა და Wista Georgia-ს მხარდაჭერით უზრუველყოფს შერჩეული 20 გოგონასთვის გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საბაზისო წვრთნისა და პერსონალის მომზადების უფასო კურსებს.
დასაქმებისათვის ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე პირებს.
მსურველებმა უნდა მიმართონ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 10 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით, 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, მის.: ბაქოს ქ. N50.
შერჩეულ კანდიდატებს მეორე ეტაპზე „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“-ს წარმომადგენლები გესაუბრებიან.
„ქოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანულ კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით გააჩნია 14 საკრუინგო კომპანია, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ყავს 15000 ადამიანი.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი მანქანა ქუჩის გამყოფი ზოლის ჯებირს დაეხაჯა და საპირისპირო მხარეს გადავიდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველის თქმით, მსუბუქმა ავტომანქანამ გზა ქვეითს დაუთმო, რა დროსაც მას უკან მომავალი მანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება არ დაწყებულა. ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად სამართალდამრღვევი მძღოლი დაჯარიმდება.
სისხლის უანგარო დონორობის პრაქტიკის კულტურის დანერგვის მიზნით, დღეს ბათუმში კომპანია „ჯეოფიბრეს“ თანამშრომლებმა, ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა აქცია მოაწყეს და სისხლი უანგაროდ გაიღეს.
კომპანია „ჯეოფიბრეს“ თანამშრომლებმა შარშანაც გაიღეს სისხლი. მაშინ აქციაში 30-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, წელს კი, სისხლის გაღების აქციაში კომპანიის 50 თანამშრომელი ჩაერთო.
geofibre -ის აქციაში ბიზანესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩაერთნენ
კომპანია „ჯეო ფიბრეში“ თანამშრომლები გეგმავენ, სისხლი უანგაროდ ყოველწლიურად გაიღონ.
„ჩვენ მიერ გაღებული სისხლით ერთი ადამიანი თუ გადარჩება, უკვე კარგი საქმეა. გვსურდა, დავხმარებოდით მათ, ვისაც ახლა ყველაზე ძალიან უჭირს, ეს ევროპაში და უკვე თურქეთშიც ურთიერთდახმარების მიღებული, გავრცელებული ფორმაა,“ – ამბობს „ჯეოფიბრეს“ მენეჯერი იასინ ზერენი, – დღეს მან თავადაც გაიღო სისხლი.
Geofibre -ის მენეჯერი იასინ ზერენი შეურთდა აქციას
ნაირა ვარშანიძეს უკვე უთხრეს, რომ სისხლს, რომელიც დღეს მან გაიღო, მომავალ კვირას ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაზე გადაუსხამენ პაციენტს – ნაირა ,,ჯეოფიბრეს“ თანამშრომელი და სისხლის დონორია.
„პირველად გავიღე სისხლი. ასეთ დახმარებას ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საჭიროა ხშირად დავეხმაროთ ასე ერთმანეთს. ავარიებისა და უბედური შემთხვევების დროს სისხლი დეფიციტია. ყველა შეიძლება მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს,“ – ამბობს დონორი.
ნაირა ვარშანიძე
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, შალვა ბათაძე ამბობს, რომ სისხლს უანგაროდ საქართველოში იშვიათად იღებენ და საჭიროების შემთხვევაში პაციენტები ნათესავების იმედად არიან, რადგან ბანკს ხშირად საჭირო ჯგუფის სისხლი არ აქვს.
„ჰოლანდიაში, მაგალითად, სირცხვილადაც კი მიიჩნევა, თუ ჯანმრთელი ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც არ არის დონორი. ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანები საკუთარი სურვილით, უსასყიდლოდ აბარებდნენ სისხლს საქართველოში, იყო 2008 წელს – ომის დროს: სხვა არაფერი შეგვიძლია და ამით დავეხმარებით დაჭრილებსო – ამბობდნენ. საავადმყოფოებში ტევა აღარ იყო დონორების, არავითარი მოწოდება მაშინ არ ყოფილა, თავად მოდიოდნენ,“ – იხსენებს სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, შალვა ბათაძე.
მისივე თქმით, უანგარო დონორობა რომ აქტუალური იყოს საქართველოში, სისხლის ბანკში დეფიციტი არ იქნებოდა. კომპანიები, დაწესებულებები რომ „ჯეოფიბრეს“ მსგავსად აწყობდნენ სისხლის გაღების აქციებს, დიდი პრობლემა გადაიჭრებოდა, რადგან დონორობა ნიშნავს უამრავი ადამიანის გადარჩენას.
შალვა ბათაძე დონორთან ერთად
კომპანია „ჯეოფიბრე“ 30 წლის წინ დაარსდა თურქეთში და დასაქმებული ჰყავს 1000-ზე მეტი ადამიანი. მისი ძირითადი პროდუქტი მეტალიზებული ძაფია, რომლის წარმოებითაც ,,ჯეო ფიბრე“ მსოფლიოს პირველ ოთხეულშია. კომპანიას მეტალიზებული ძაფი ძირითადად ევროპაში გააქვს. უახლოეს მომავალში იგეგმება თურქეთის დიდი საწარმოს 80-90 % – ის საქართველოში გადმოტანა.
დღესვე „ჯეოფიბრესა“ და ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინისა და ამბულატორიული განყოფილებები კომპანიის თანამშრომლებს 15 %-იანი ფასდაკლებით მოემსახურებიან.
მემორანდუმს ხელი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის და Geofibre-ს მენეჯერებმა -ჯან დუჯმეზიმ და იასენ ზერენმა მოაწერეს.სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეოფიბრეში”სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეოფიბრეში”ბაშაკ იემენიჯი სისხლის უანგაროდ გაცემის აქციაზე „ჯეოფიბრეში”სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეოფიბრეში”სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია „ჯეოფიბრეში”
მკვლელობაში ბრალდებულ ლევენთ ულუთურქს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.
საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. პროკურატურის მტკიცებით, ლევენთმა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ბათუმში უზბეკი ქალი გასული წლის დეკემბერში გაიცნო. ლევენთი თამბაქოს ბიზნესში ყოფილა ჩართული, უზბეკი ქალი – სექსინდუსტრიაში. მათ ბინა იქირავეს და რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ ლევენთს ქალთან კონფლიქტი მოუხდა. უზბეკი ქალი საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა, რომელიც ასევე უზბეკეთიდანაა. ქალები სამორინე “პრინცესას” ხშირი სტუმრები იყვნენ, სადაც მკვლელობა მოხდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის შუალედში ბათუმში ორი არასრულწლოვანი გოგო დაქორწინდა. ერთი არასრულწლოვანი 17 წლისაა, მეორე კი, როგორც სკოლაში გვითხრეს, 16 წლის. ორივე გოგონა, საჯარო სკოლის მოსწავლეა.
იმ სკოლის დირექტორი, სადაც 17 წლის გოგო სწავლობდა, ამბობს, რომ არასრულწლოვნის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ მიიღო. „მაშინვე შევატყობინე სოციალური მომსახურების სააგენტოს, წერილობით მივმართეთ, ჯერ არ ვიცით, მშობლებთან შეთანხმებით მოხდა თუ არა ეს. ვიცით, რომ გათხოვდა და არ არიან საქართველოში. როგორც ვიცი, ქმარი არის სრულწლოვანი“, – გვეუბნება დირექტორი.
სოციალური მომსახურების სააგენტომ ამ კვირაში მეორე არასრულწლოვნის ქორწინების შესახებაც მიიღო შეტყობინება. მათი თქმით, ჯერ სოცმუშაკი არასრულწლოვან გოგოს არ შეხვედრია, რადგან შეტყობინება ახლახან მიიღეს.
„რადგან გოგონა 16 წლისაა, ქმრის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას კანონი არ ითვალისწინებს. თუმცა, ჩვენ მაინც შევატყობინეთ პოლიციას. მშობლებს არ შევხვედრივართ ჯერ, არც გოგონას, მაგრამ ვნახავთ, რომ გავარკვიოთ, ხომ არ იკვეთება ძალადობრივი ქმედება, ან იძულება“, – გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ამ გოგონას სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დაქორწინების მიუხედავად, გოგონას სკოლა არ მიუტოვებია და გაკვეთილებზე დადის. ის სკოლაში დედამთილთან ერთადაც გამოჩნდა.
ბათუმში, სოციალური მომსახურების სააგენტოში, არასრულწლოვანი გოგონების ქორწინების შესახებ შეტყობინება ორ-ორი კვირის შუალედში შევიდა.
სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა, „რაც პრობლემის გენდერულ განზომილებას უსვამს ხაზს“.
ამავე ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.
„კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის 150 პრიმა მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება მოჰყვა 16 შემთხვევას, ხოლო 5 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, “- ნათქვამია ანგარიშში.
22 ლარი სუბსიდია მთავრობამ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს“ 2019 წლის 14 მაისს დაუნიშნა. ამ ფულს ვერ მიიღებენ ომის ის ვეტერანები, რომლებიც საჯარო სექტორში არიან დასაქმებულები, მათ შორის, დაცვის სამსახურში.
„აღარ მინდა ამაზე საუბარი… არ მაქვს პრეტენზია არაფერზე. ან რა აზრი აქვს, რომ ვისაუბრო?“ – გვითხრა 2008 წლის 8 აგვისტოს ომის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. ის დაცვის სამსახურში მუშაობს.
„ამას კრძალავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, პენსიას ამიტომ ვერ იღებენ ეს ადამიანები,“ – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იგი განმარტავს, რომ პენსია – 22 ლარი დაენიშნათ იმ ვეტერანებს, ვისაც ომში ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება არ მიუღიათ და, შესაბამისად, სხვადასხვა კატეგორიის სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობდნენ.
რამდენად სამართლიანია, როცა 22-ლარიან პენსიას ვერ იღებ საჯარო სამსახურში მუშაობის გამო? – ნოდარ ფუტკარაძემ გვითხრა, რომ ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს, რადგან ის „კანონს კი არ აფასებს, არამედ ასრულებს.“
„…ცვლილების მიზანი იყო სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს ხელახლა შესძლებოდათ 22-ლარიანი დახმარების მიღება სოციალური პაკეტის სახით,“ – მოგვწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრიდან. აქვე მოგვაწოდეს საკანონმდებლო ჩანაწერები იმის დასასაბუთებლად, რომ საჯარო სექტორში მომუშავე ომის ვეტერანი სუბსიდიას – 22 ლარს ვერ მიიღებს.
არის თუ არა პრობლემა, როცა ომის ვეტერანს სახელმწიფო ჯერ ერთი 22 ლარის სუფსიდიას უნიშნავს და მეორეც – ის ამ 22 ლარს ვერ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, დაცვის პოლიციაში მუშაობს? – სოციალურ სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ კითხვას ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა უპასუხოს. იმავე კითხვით ჩვენ სერგეენკოს უწყებასაც მივმართეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
მთავარი ფოტო: აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ბათუმში, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
გობრონეთი პატარა სოფელია ქედაში, მთის ფერდობზეა გაშენებული და ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფლის ცენტრამდე მისასვლელად ხუთი კილომეტრი აღმართი უნდა აიარო. სოფელში მუდმივად 15 ოჯახი ცხოვრობს. აქ ზაფხულობით, ძირითადად, ქალები რჩებიან, კაცები თურქეთში ჩაის საკრეფად ან მშენებლობაზე სამუშაოდ მიდიან. ამის გამო სოფლის სამუშაოების მთელი სიმძიმე ქალებზე გადადის. ნანული, შუშანა, მაია და ნანი გობრონეთში ცხოვრობენ. წლებია მარწყვის ბაღებს უვლიან და მოწეულ მოსავალს ქალაქში ყიდიან.
მათი დღე მზის ამოსვლისთანავე, დილის ექვს საათზე იწყება. ჯერ ბაღში ჩადიან, მარწყვს და სხვა ნარგავებს დახედავენ, შემდეგ საქონლის სადგომს მიაშურებენ, უცებ ჩამოწველიან ძროხებს, გარეთ გაუშვებენ და მერე, სანამ ბაღში მუშაობას დაიწყებენ, სულ მცირე დრო აქვთ ყავის დასალევად.
„ყავა ერთად უნდა დავლიოთ,“ – მეუბნება ნანული და თან მეზობელს გასძახის – „შუშანაა, ყავა გადუღდა გოგოო, ჩქარა“, „ნანიი… ჩამოდი და, გაცივდა ყავა“. მისი ხმა სოფლის შუკებში ექოსავით ისმის.
ქალები ყავას სვამენ და მერე ბაღისკენ მიდიან.
მარწყვის ბაღები გობრონეთში დაახლოებით ოცი წლის წინ გაჩნდა. ჯერ ერთმა მოაშენა, კარგი მოსავალი რომ მიიღო, მერე მეზობლებმაც გადაიღეს და ახლა უმრავლესობას მოჰყავს.
შუშანა ამაღლობელს უზარმაზარი მარწყვის ბაღი აქვს. ბაღში მარწყვის დასაკრეფად მეზობლის ქალები ეხმარებიან. მარტო მოკრეფა ძნელია. კითხვაზე, თუ რა ერთულებათ ყველაზე მეტად, „კრეფა“ – სინქრონულად მპასუხობენ ქალები.
მარწყვი ყოველ მეორე დღეს იკრიფება. ეს „პირველი საბაზრო პროდუქტია“, რომელიც გრძელი ზამთრის შემდეგ სოფელში ჩნდება და რომლიდანაც შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
„ფრჩხილით თუ არ მოწყვიტე, ისე ვერ იზამ. ხელებს აშავებს ძალიან,“ – ამბობს შუშანა და კრეფას იწყებს.
შუშანა ამაღლობელი
ქალებს ვკითხე, ეხმარებიან თუ არა კაცები მუშაობისას.
„ქალების შრომაა ეს. ადრე უფრო დიდ ადგილებზე ვრგავდით, ახლა ვეღარ ვკრეფთ და ამიტომ დიდ ფართობზე აღარ ვრგავთ,“ – ამბობს ნანი. მასაც მარწყვის ბაღი აქვს. მისი მარწყვიც დასაკრეფია, მაგრამ ჯერ შუშანას ეხმარება.
„კაცებისთვის ძნელია. ამას უნდა ნერვები. მთლიანად ნაყოფს ექაჩებიან, ფუჭდება, იჟეჟება, მერე წყლად იქცევა. ჩაყრი, ჩეიჟეჟება. ჯობია ისევ ჩვენ მოვკრიფოთ,“ – ამბობს ნანული.
„მამაკაცები რომ ბაღში ჩამოიყვანო, გააფუჭებენ… ესაა სათუთი მოსაკრეფი,“ – აგრძელებს ნანი.
„კი მოკრეფენ, მაგრამ არ კრეფენ,“ – ნანის სიტყვას აწყვეტინებს მაია. „ადრე გვეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა აღარ გვეხმარებიან. რატომ და წელი ეტკინათ,“ – ამბობს ის და იცინის.
ქალები ამბობენ, რომ მათი შრომა დაუფასებელია. მხოლოდ მარწყვის ერთი ბაღიდან სეზონზე 1000-1500 ლარის შემოსავლის მიღება შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ბაღის მოვლა-პატრონობა მთლიანად ქალების კისერზეა, შემოსავალს მხოლოდ თავიანთი საჭიროებებისთვის ვერ ხარჯავენ.
„ოჯახში ნაწილდება,“ – ამბობენ ისინი და არ აკონკრეტებენ უშუალოდ მათთვის თუ ახერხებენ რაიმე თანხის დახარჯვას.
„შვილები ქალაქში ცხოვრობენ. ჩემი მეუღლე და მე სოფელში ვართ. მოგვყავს ნატურალური პროდუქტი და ვუგზავნით შვილებს, შვილიშვილებს. არავინ არ მავალებს, რომ ასე დატვირთულად ვიმუშაო, მაგრამ მე თვითონ მინდა. ვხალისობ ასე.
მთელი ცხოვრება ვშრომობდი და მინდა სანამ შემეძლება, კიდევ ვიშრომო. სოფელში როცა ხარ, სოფლისა ყველაფერი უნდა გქონდეს. მაგალითად, სოფელში ხარ და ქათამი და ძროხა არ გყავდეს, არ შეიძლება. სხვაზე არ უნდა იყო დამოკიდებული. შენით გააკეთებ და შენი გექნება,“ – ამბობს შუშანა ამაღლობელი.
„იმისთვის ვშრომობ, რომ შვილებს კარგი მომავალი შევუქმნა. სამი შვილი მყავს. გოგო მესამე კურსის სტუდენტია, ბიჭი – პირველი კურსის. მესამემ წელს უნდა ჩააბაროს. ყველაფერს მათთვის ვაკეთებ,“ – ამბობს მაია ბერიძე.
მაიას გობრონეთში თამბაქოს პლანტაცია აქვს. ამას გარდა, კიტრი, პომიდორი, ლობიო, ბულგარული და კარტოფილი მოჰყავს.
„მარწყვი რომ დამთავრდება, მერე კიტრი შემოვა, მერე პომიდორი, მერე კარტოფილი, დაზამთრებამდე საქმე არ მელევა,“ – ამბობს მაია.
ნანული ბოლქვაძემ წელს იმდენი მარწყვი დარგო, რამდენიც მას და მის ოჯახს სჭირდებოდა. წელს პირველად თქვა უარი დიდ ბაღზე – ამბობს აღარ შემიძლიაო.
სამაგიეროდ კიტრის ბაღი აქვს. ქედის კიტრი ცნობილია, ამბობენ, რომ უფრო გემრიელია და ეკოლოგიურად სუფთა.
„წელს 300 ძირი კიტრი მაქვს დარგული. თითოეულ ძირს სჭირდება მოვლა. ჯერ ნერგი უნდა გამოიყვანო, მერე მიწაში გადარგო. ცოტა რომ წამოიზრდება, ძაფზე უნდა აიყვანო. მუდმივად უნდა თოხნა და მოვლა. ამინდზე ხარ დამოკიდებული – თუ კარგი ამინდი იქნება, მოსავალიც გვექნება. თუ არადა, ვიქნებით ისე. მძიმე სამუშაოა, რა თქმა უნდა, მაგრამ შრომა ყველა მოსავალს სჭირდება. თუ არ იშრომებ, საიდან იქნება რამე. კიტრი რომ წავა მოლევისკენ, ლობიოს დავურგავ და მერე საშემოდგომოდ ლობიო მექნება. შემოდგომაზე ლობიოს წავიღებ ბაზარში და ასე. სულ უნდა იშრომო, რამე რომ გქონდეს,“ – ამბობს ნანული.
ინტერვიუს მიმდინარეობისას ქალებს არც ერთი წუთით არ შეუსვენიათ. შუშანას ბაღში მარწყვს კრეფდნენ და ფრთხილად ყრიდნენ ვედროებში, მეორე დღეს შუშანას ბათუმის ბაზარში რომ წაეღო.
როცა კრეფას მორჩნენ, ვედროები აიკიდეს და შუშანას სახლისკენ გაუდგნენ გზას. „დაისვენეთ ცოტა და მერე ჩემთან გადმოდით,“ – უთხრა ნანულიმ ქალებს და სახლისკენ წავიდა ყავის მოსამზადებლად.
ყავა ქალებისთვის უბრალოდ ყავა არაა. ის 15 და ზოგჯერ 20 წუთი, რომელიც ყავის დალევას სჭირდებათ, ქალებისთვის შვებაა. ამბობენ, რომ უზარმაზარ ბაღში მარწყვის კრეფის მოტივი ზოგჯერ შეიძლება მარტო ის იყოს, რომ იციან, როცა დაამთავრებენ, შეეძლებათ ერთად ჩამოსხდნენ, ყავა დალიონ და დაისვენონ.
ცოტა ხანში ნანულის ეზოში, პატარა მაგიდაზე, ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება კომპოტი, ნაყინი, შოკოლადი, ვაფლი და ყავა. მალე ქალებიც მოვიდნენ.
„საშინელი სამუშაოა, მაგრამ კოფესთვის და ლაპარაკისთვის მაინც ვიცლით. ვინმე დამძახებელი არაა, ვინმე მომკითხველი არაა,“ – ამბობს ნანი და ყავის ფინჯანს იღებს.
„კაცები სახლში არ გვყავს, ბაღნები სახლში არ გვყავს, მარტო ძროხები და წიწილები, ისინი კიდევ რამეს არ მეტყვიან,“ – იცინის მაია და ისიც ყავას სვამს.
„სამი თვე ვიყავი ქალაქში შვილებთან წასული. კინაღამ გავგიჟდი, ისე გამიჭირდა სოფელთან განშორება. სულ ვტიროდი. ჰოდა, მერე ისევ წამოვედი უკან, ამათ გარეშე არ შემიძლია“, – მეუბნება შუშანა და ქალებს უყურებს.
მძიმე შრომა გიწევთ ხომ? – მაინც ვუსვამ იმ კითხვას ქალებს, რომელზე პასუხი ისედაც ვიცი.
„მძიმეა კი, ნახე როგორ აფუჭებს ხელებს მარწყვი,“- ამბობს მაია და ხელებს მაჩვენებს.
„ჩვენი ხელები სადმე გამოიჩინება გო,“ – ამბობს ნანი და მარწყვის კრეფისგან დახეთქილ თითებს უყურებს.
„მე რომ მითხრა ხომ იცი რუსიკო ექიმმა, ქალბატონო ხელები დაიბანე და ისე გაუკეთე ბაღანას შეხვევაო. მაშინ ბევრს ვკრეფდი და მართლა ხელები რას მიგავდა,“ – ამბობს ნანული და ისიც ხელებს უყურებს.
„როცა სახლში არიან, კაცებიც მუშაობენ. მაგრამ როცა წასულები არიან, ყველაფრის გაკეთება ჩვენ გვიწევს. უფრო მძიმე შრომა რაცაა – დახვნა, დათესვა, იმას კაცები აკეთებენ. დახნავენ და მერე მიდიან. დანარჩენს ჩვენ ვუვლით,“ – ამბობს შუშანა.
ქალები მალე დაიშალნენ. ზოგს ძროხა ჰყავდა მოსაწველი, ზოგს სახლის საქმეები ჰქონდა გასაკეთებელი. მეორე დღეს შუშანას სახლში სინათლე დილის ხუთ საათზე აინთო. ბათუმისკენ სამარშრუტო ტაქსი ექვს საათზე მიდიოდა. სამზადისში ერთი საათი უცებ გავიდა. 15 წუთი აკლდა ექვსს, როცა სოფლის გზაზე ქალები გამოეფინენ.
შუშანა ძროხები მოწველე? – ეკითხება ნანული და თან მისი ეზოდან მარწყვს ეზიდება „მარშუტკაში“ ჩასადებად. ათ წუთში ქალებმა მარწყვი ჩატვირთეს, შუშანაც გამოვიდა, სახლი ნანულის ჩააბარა და ბათუმისკენ მიმავალ ტრანსპორტში ჩაჯდა.
ცოტა გვიან, ასე ათი საათისკენ, ნანულის გულმა არ მოუთმინა და შუშანას დაურეკა. ცოტა ხანს ილაპარაკეს. მერე მითხრა – სამ ლარად გაუყიდია შუშანას მარწყვიო.
დღეს, 6 ივნისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს ადგილმონაცვლეობასთან დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ სხვა შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს დაახლოებით დარჩა წელიწად-ნახევარი… თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება შეიძლება კიდევ გაგრძელდეს რაღაც პერიოდი, ეს წაიღებს თავისთავად დროს. შემდგომ, მექანიკურად თუ მივალთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებამდე, ვერ გადავალთ ბუნებრივია – გადალაგების პროცესი მოითხოვს რაღაც დროს.
დღესაც რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება [ახალ შენობაში გადასვლის], ჩვენ ყველაზე ადრე საშემოდგომო სესიაზე განვთავსდეთ იქ. მე ვიხუმრე ამას წინათ და კიდევ გავიმეორე ამ ხუმრობას, ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს იქ გადაბარგებიდან ამ შენობაში გადასვლიდან დაგვრჩება ორი პარასკევი-მეთქი. დამიჯერეთ გაბაიძე ნამდვილად არ ფიქრობს საკუთარ კომფორტზე. არ იქნება გაბაიძე ალბათ იმ მოწვევაში იმიტომ, რომ ამის ინდულგენცია არც ერთ ჩვენგანისთვის არ მიუციათ… უმაღლესი საბჭოსთვის ვაკეთებ ამას…“ – განაცხადა დავით გაბაიძემ.
მისი აზრით, უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში გადასვლა არა უმაღლესი საბჭოს წევრების კომფორტის, არამედ ინსტიტუციონალური საკითხია. „ჩვენ ძალიან ბევრ რეგიონულ პარლამენტთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა და გვინახავს, როგორ ღირსეულ ადგილებში არიან ისინი განთავსებული“, – განაცხადა მან სხდომაზე, რაზეც ოპოზიციამ რეპლიკით უპასუხა: „მაგ ქვეყნებში მოქალაქეების ღირსეული მდგომარეობაც ნახეთ ჯერ“.
რამდენიმე წელია საუბრობენ იმაზე, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო უნდა განთავსდეს იმ შენობაში, სადაც ამჟამად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტია. ყოფილი ხელისუფლების დროს, ამ შენობის რეაბილიტაციაზე დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯა და მაშინ ითქვა, რომ შენობაში აჭარის მთავრობა უნდა განთავსებულიყო. თუმცა, ხელისუფლების ცვლილებამდე ცოტა ხნით ადრე, შენობა ხელოვნების უნივერსიტეტს დაუთმეს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე დაისვა საკითხი ხელოვნების უნივერსიტეტისთვის სხვა ფართობის გამოყოფაზე და გამოთავისუფლებულ შენობაში უმაღლესი საბჭოს გადასვლაზე, რომელიც ამჟამად დაბა ჩაქვშია.
ხელოვნების უნივერსიტეტისთვის ახალი შენობა უკვე რეაბილიტირებულია.
შენიშვნა: სტატიის თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნად სათაურით, „ორი პარასკევი დაგვრჩენია… სხვა შენობაში არ გადავდივართ“. სტატიაში ეწერა, რომ თითქოსდა დავით გაბაიძე უმაღლესი საბჭოს შენობის ადგილმონაცვლეობის წინააღმდეგია და დავით გაბაიძის აზრით, ორი პარასკევი აქვთ დარჩენილი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. დავით გაბაიძის კომენტარის ზუსტი ვერსია წაიკითხეთ სტატიის განახლებულ ვერსიაში.
იმ კომპანიებიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული, ყველაზე მეტი შემოსავალი 2017 წელს „მეტრომ“ მიიღო, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი. შემდეგ მოდის კომპანია „ანაგი“ – 208 მილიონი ლარის შემოსავლით, მესამე ადგილზე კი „ელიტ ელექტრონიქსია“ – 184 მილიონი ლარით.
გთავაზობთ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების [საფინანსო ორგანიზაციების გარდა] პირველ ათეულს, რომელთა შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვებულია. ამ ათი კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა, 2017 წელს, ჯამში, 1 მილიარდ 395 მილიონი ლარი შეადგინა.
[highlight color=”red”]ჰოლდინგი მეტრო[/highlight] – „მეტრო“ საქართველოში არაერთ სფეროში საქმიანობს, მათ შორის: სატრანსპორტო გადაზიდვები, სასტუმროები, საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში. „მეტროს“ შემოსავლები აღებულია სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ კონსოლიდირებული და სს „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ ინდივიდუალური ანგარიშგებების მიხედვით.
„მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“, რომლის მშობელი საწარმო არის თურქეთის რესპუბლიკაში, რეგისტრირებული AVRASYA TERMINAL ISLETMELERI JSC თავის ჯგუფში აერთიანებს 14 შვილობილ კომპანიას, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ [მათ შორის „მეტრო ატლას ჯორჯია“, „მეტრო ინტურისტ ბათუმი“, „მეტრო ჯორჯია“, „თბილისი ინვესთ“ და სხვ. საერთო შემოსავლები ჯამში 475 656 000 ლარი]. „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ [შემოსავლები – 12 935 473 ლარი] მესაკუთრე კი „მეტრო თიჯარი ვე მალი იათირიმლარ ჰოლდინგია“.
„მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქია.
[highlight color=”red”]ანაგი[/highlight] – კომპანიის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა [„ანაგის“ შვილობილი კომპანიები არიან: „ანაგი ბათუმი“, „ანაგი-მექანიზაცია“, „ლუგო“, „ანაგი თიზ“]. „ანაგი“ აშენებს, მაგალითად, ბათუმში საფეხბურთო სტადიონს და ახალ ყინულის არენას.
[highlight color=”red”]ელიტ ელექტრონიქსი[/highlight] – სააქციო საზოგადოების ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში. მმართველობის ორგანო:საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო. საზოგადოების მესაკუთრეა Brimag Digital Age LTD-ი [ისრაელი], შვილობილი საწარმო კი – შპს „ელიტელი“.
[highlight color=”red”]გუდვილი[/highlight] – ამ სააქციო საზოგადოების ძირითად საქმიანობად განსაზღვრულია რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები, საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. სამეთვალყურეო საბჭო: არმაზ თავაძე, გიორგი შევარდნაძე, გიორგი მახათაძე.
[highlight color=”red”]ბათუმის ნავთობტერმინალი[/highlight] – ამ შპს-ს ძირითადი საქმიანობაა ტრანსპორტირება მილსადენებით. კომპანიის მესაკუთრეა KazTransOil [ყაზახეთი], შვილობილი საწარმო კი – შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“.
„ბათუმის ნავთობტერმინალი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანგარიშგება აშშ დოლარებში გაასაჯაროვა [შემოსავალი მოიცავს ჯამში ტერმინალისა და ნავსადგურის შემოსავლებს]. კომპანიის მონაცემებით, 2017 წელს საერთო შემოსავალი 38 224 082 აშშ დოლარი იყო, რაც ამ წლის საშუალო კურსის მიხედვით, დაახლოებით 98 235 890 ლარია.
[highlight color=”red”]AGE BATUM[/highlight] – „აგე ბათუმის“ მესაკუთრეა თურქული კომპანია AGE İNŞAAT VE TİCARET A.Ş. „აგე ბათუმის“ ოფისი ბათუმში მდებარეობს. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაა.
[highlight color=”red”]ნოვა[/highlight] – შპს „ნოვა“ თბილისში, 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც ხუთი მესაკუთრე ჰყავს, რომლებიც ასევე არიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც [ზვიად აბულაძე, ჯემალ ბოლქვაძე, ემზარ ირემაძე, ჯემალ ანთაძე, რამაზ ირემაძე]. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სასახურავე მასალების წარმოება, იმპორტი, რეალიზაცია და ექსპორტი.
[highlight color=”red”]სისთემ ინშაათ[/highlight] – კომპანიის მესაკუთრეები თურქეთის მოქალაქეები [ერქან ოზმენ, ბურაქ ბაშლილარ] არიან. ოფისი მდებარეობს ბათუმში, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობაა.
[highlight color=”red”]აჭარა ტექსტილე[/highlight] – ამ კომპანიის იურიდიული მისამართია ქობულეთი, სოფელი ბობოყვათი, სადაც ფაბრიკას ამუშავებს. „აჭარა ტექსტილე“-ს მშობელი საწარმოა სს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ“ [თურქეთი]. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა საცალო ვაჭრობა ტექსტილით სპეციალიზებულ მაღაზიებში, ასევე ტექსტილის სხვა ნაწარმის წარმოება.
[highlight color=”red”]გზა[/highlight] – შპს „გზა“ ბათუმშია რეგისტრირებული. კომპანიის ძირითად საქმიანობას საგზაო, სამოქალაქო და სხვა სახის მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, ხოლო დირექტორი – მალხაზ დუმბაძე.
ფინანსური ანგარიშგება
ფინანსური ანგარიშგება გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაციაა, რომელშიც სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები.
2017 წლის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს.
2018 წლის ანგარიშგებები კი, ამ და ასევე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე.
სუბიექტი [გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა] ვალდებულია მისთვის კანონით დადგენილი ფინანსური და მმართველობის [მათ შორის, კონსოლიდირებული] ანგარიშგება დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის პირველი ოქტომბრისა, წარუდგინოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს. სამსახური ვალდებულია სუბიექტების [გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოს] მიერ წარდგენილი ანგარიშგებები გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი [გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა], რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება; ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.
მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.
საზოგადოებრივი დაინტერესების პირი – იურიდიული პირი, რომელიც არის: ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მზღვეველი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საინვესტიციო ფონდი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება-საკრედიტო კავშირი, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ საზოგადოებრივი დაინტერესების პირად განსაზღვრული პირი [გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა].
მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც სამიდან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც სამიდან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.
6 ივნისს, თიბისი ჯგუფი ლონდონში ინვესტორების დღეს გამართვს. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.
ღონისძიებაზე თიბისი ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები თიბისი ჯგუფის ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. საუბარი შეეხება უზბეკეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც, სადაც განვითარება და ზრდა თიბისი ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია.
ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. თიბისის მენეჯმენტის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიისთვის პრეზენტაციებს შემდეგ თემებზე გამართავენ: ბიზნესსტრატეგია, ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორატიული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება, მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, თიბისი დაზღვევა, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა და სხვა.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.
„ინვესტორების დღე უნიკალური შესაძლებლობაა ერთი მხრივ თიბისი ბანკისთვის, ინვესტორებს და საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს მიმდინარე შედეგები, ბანკის განახლებული სტრატეგია და ხედვა, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის, მიიღონ განახლებული ინფორმაცია და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. დამსწრე აუდიტორიას წელს ძალიან ბევრ სიახლეს გავუზიარებთ, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. წელიწადში ერთხელ ინვესტორებთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, – გიორგი შაგიძე, თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი.
წელს თიბისი ჯგუფი ინვესტორების დღეს ლონდონში უკვე მეხუთედ მასპინძლობს.
ერთ თვეში, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 131 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 23 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზეა გამოვლენილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე 19 ფაქტი, იმერეთში – 16, გურიაში – 2, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 8, აჭარაში – 15, მცხეთა-მთიანეთში – 11, შიდა ქართლში – 6, ქვემო ქართლის მასშტაბით – 13, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი, 18 ფაქტი დაფიქსირდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 9 746.21 მ3 ხე-ტყე.
ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოვლინდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი და „ამოღებულია 12 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა – 56). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“.
„ვეღარ წავალთ აქედან, თუ პასუხი არ მივიღეთ,“ – აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიის შენობის წინ იპოთეკით დაზარალებულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების მოთხოვნაა, მათთვის ჯიხურები ავტოსადგურის ეზოში მოეწყოს მაიაკოვსკის ქუჩის მხრიდან, ან 23-ე სკოლის შენობის გამოუყენებელი ნაწილი დაუთმონ. იპოთეკით დაზარალებულები კი ისევ შეღავათიანი სესხის აღებას ცდილობენ.
„ეს მოთხოვნა ჩვენ ერთი კვირის წინ დავაყენეთ. მაშინ ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე შეგვხვდა. პარასკევს უნდა ეთქვა პასუხი და ხუთშაბათს დაიჭირეს,“ – გვიყვება ერთ-ერთი გარემოვაჭრე მზია შავაძე. მისი თქმით, 23-ე სკოლის შენობის ცალკე მდებარე და გამოუყენებელი ფართობის გარევაჭრობისთვის გამოყენება შეიძლება.
„ამ ადგილს უკვე შეჩვეულია ხალხი… იმ მოჭედილ ადგილზე ავტოსადგურში, სადაც ახლა ვართ, არავინ მოდის. ერთი მხრიდან სამშენებლო მასალების საწყობი გვაზის, მეორე მხრიდან „მარშუტკები“ ჩერდება. ავტოსადგურის წინა ხედზე კიდევ უფრო მოძრაობს ხალხი… 104 გარემოვაჭრეა რეგისტრირებული სულ, მაგრამ მგონი 30 დავრჩით. სხვები წავიდნენ, აღარ ღირს მუშაობა,“ – ამბობს ლია შაინიძე.
„კვირა ისე გადის, „სიფთას“ ვერ გახსნი… დღეში ხუთი კაცი არ შემოდის ჯამში. ველოდეთ ამდენი ხანი, რომ მოვიდოდა ვინმე, მაგრამ არ არის მუშაობა,“ – აღნიშნავს მზია შავაძე.
აქციაზე მყოფი იპოთეკით დაზარალებულები ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ. აქვე არიან ისინიც, ვისაც მთავრობა ძველი სესხის დაფარვასა და ახალი სესხის აღებაში დაეხმარა.
„მე, პირადად, ზურაბ პატარაძის დროს მომცეს ახალი სესხი, შეთანხმება შედგა და კიდევ 15 ოჯახს დაეხმარნენ. ჩვენ აღარ ვართ მევახშეების ხელში, მაგრამ სხვებმა რა ქნან? მოვედი აქციაზე, რადგან თავის დროზე სწორედ ამ ადამიანებს წარმოვადგენდი, მათმა მხარდაჭერამ გადაარჩინა ჩემი ოჯახი გამოსახლებას. ახლა ასეთი კიდევ დაახლოებით 100 ოჯახია,“ – ამბობს მაია მელიქიძე.
ბათუმის მერია საპროტესტო აქციას ჯერ არ გამოხმაურებია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 6 ივნისის 21 საათიდან 7 ივნისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: + 25 – 30 გრადუსი
ღამით: +16 – 21 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: + 20 – 25 გრადუსი
ღამით: + 10 – 15 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 8-9 ივნისს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე, ძლიერი წვიმა.
პროკურატურამ ქობულეთის მერიაში არსებულ სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.
საუბარია ქობულეთის მერიის შპს „ქობულეთის სანდასუფთავებაზე“, რომლის ხელმძღვანელმა, სულიკო ბლადაძემ, TV 25-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა ორგანიზაციაში არსებული ნეპოტიზმი. მან განაცხადა, რომ სამსახურში ძმა და ცოლისძმა ჰყავდა დასაქმებული. TV 25-ის სიუჟეტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად მუშაობს.
გუშინ, 5 ივნისს, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ სანდასუფთავების სამსახურის უფროსი სულიკო ბლადაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.მისი თქმით, ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მედიასთან არაკორექტული ურთიერთობა გახდა.მირიან ქათამაძემ ასევე განაცხადა, რომ შესწავლილი იქნება ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.
მითვისების ან გაფლანგვის მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის, ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, ან გაფლანგვას, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. ეს მუხლი სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
___________________
ფოტოზე: სულიკო ბლადაძე. კადრი TV 25-ის სიუჟეტიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული დ.ხ. და 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 190 აბი „სუბოქსინი“, ბუპრენორფინის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები და 10 გრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თურქეთში ექსკურსიაზე წასული დამამთავრებელი კლასის ორი ბათუმელი მოსწავლე ანტალიის აეროპორტში დარჩა. მათ წინასწარ, ინტერნეტით დაჯავშნილი ბილეთებით სარგებლობა ვერ შეძლეს. შემთხვევა 30 მაისს მოხდა – კლასის დამრიგებელი, ორი მშობელი და სხვა კურსდამთავრებულები იმ ღამით ტრაბზონისკენ გამოფრინდნენ, აეროპორტში კი დიანა კობალაძე და გუგა ხიმშიაშვილი დარჩნენ.
„წელს დავამთავრეთ მე-2 საჯარო სკოლა და გადავწყვიტეთ ექსკურსიაზე ანტალიაში წასვლა კლასის დამრიგებელთან ერთად,“ – გვიყვება დიანა კობალაძე, მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. – „პრობლემა შეიქმნა გამოფრენის დროს, როცა რეგისტრაცია უნდა გაგვევლო. „პეგასუსის“ ოპერატორმა თქვა, რომ კომპიუტერმა გაჭედა და სხვა სექციაში უნდა გადავსულიყავით. მერე ისევ უკან გამოვბრუნდით… ყველა ავიდა თვითმფრინავში, მე და ჩემი მეგობარი დავრჩით. გვითხრეს, რომ ჩვენ ვერ აგვიშვებდნენ.
მასწავლებელიც ასული იყო უკვე თვითმფრინავში. ბათუმში რომ დავბრუნდით, დაგვირეკა და გვითხრა, დაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ არ გამომიშვესო. მერე ჩემი მეგობარი კომპანიის წარმომადგენლებს ინგლისურად ესაუბრა. გვითხრეს, რომ სასტუმროში წაგვიყვანდნენ… დაახლოებით სამი საათი ვიყავით მარტო აეროპორტში. როცა სასტუმროში მივედით, ისინი უკვე ტრაბზონში იყვნენ. იქ გვქონდა ინტერნეტთან წვდომა და ვნახეთ მონაწერები,“ – იხსენებს დიანა კობალაძე.
დიანა და გუგა ბათუმში 30 მაისის ნაცვლად, 31-ში დაბრუნდნენ. დიანას თქმით, სირთულე ტრაბზონშიც ჰქონდათ, რადგან ბათუმისკენ მომავალი ავტობუსი ვერ იპოვეს.
„დიდხანს ვიდექით გზაზე, მერე ისევ აეროპორტში დავბრუნდით… მერე ვნახეთ, რომ ხოფისკენ მოდიოდა ავტობუსი და იმას გამოვყევით. ხოფიდან მერე „მარშრუტკას“ ჩამოვყევით სარფში, კიდევ კარგი, მგზავრობის ფული გვქონდა,“ – გვითხრა დიანა კობალაძემ.
ამ შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე. ის მიიჩნევს, რომ პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დაისვას, რადგან ის ექსკურსიაზე იმყოფებოდა არა როგორც ორგანიზატორი, არამედ მიწვეული სტუმარი.
„ამ მოსწავლეებს აღებული აქვთ უკვე ატესტატი და მათი უმრავლესობა არის 18 წლის… პედაგოგი დაპატიჟეს და ის იყო მიწვეული სტუმარი. მას სურდა ჩამოსულიყო ბორტიდან, მაგრამ არ გამოუშვეს უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე… კარგია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა,“ – გვითხრა მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ.
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი სურთ, იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულად მოქნილ პირობებს სთავაზობს. ახალი პირობების მიხედვით, იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში, ისინი 6-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ და მის დაფარვას 6 თვის შემდეგ დაიწყებენ.
ახალი პირობებით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც იპოთეკურ სესხს პირდაპირ ტერაბანკში აიღებენ და ასევე მათ, ვინც ამ პროდუქტით სხვა ბანკიდან დაპორტირდება. განსაკუთრებული პირობები ლარში გაცემულ სესხებზე ვრცელდება.
იპოთეკური სესხი ტერაბანკის ერთ-ერთი წარმატებული და მრავალფეროვანი პროდუქტია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტერაბანკმა იპოთეკური სესხი სპეციალურად ემიგრანტებისთვისაც შექმნა. იგი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც ემიგრანტებს უძრავი ქონების შეძენის ბარიერს სრულიად უხსნის.
ტერაბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. იგი დინამიკურად განვითარებადი, პასუხისმგებლიანი ბანკია, წარმატებული ფინანსური მაჩვენებლებითა და მზარდი შედეგებით, რომელიც მომხმარებლებს მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებულ, ინოვაციურ მომსახურებებსა და პროდუქტებს სთავაზობს.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 55 0
სან დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტს საქართველოში წელს პირველი ბაკალავრები ჰყავს. დაახლოებით 500 სტუდენტი მიიღებს ამერიკულ დიპლომს ქართულთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით. ამერიკული უნივერსიტეტი წელს ექვსმა ბათუმელმა სტუდენტმაც დაასრულა. აქედან ორმა უკვე მიიღო დაფინანსება მაგისტრატურის პროგრამაზე და სწავლას აშშ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტში გააგრძელებენ. როგორია კურსდამთავრებულთა გეგმები და ხედავენ თუ არა ისინი თავიანთ მომავალს საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ?
მარიამ ბასილაია სან დიეგოს უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის ბაკალავრია და უკვე მოიპოვა მაგისტრატურის დაფინანსებაც აშშ-ში. როგორც მარიამი გვეუბნება, ამ ფაკულტეტიდან დაფინანსება სან დიეგოს უნივერსიტეტში 15-დან მხოლოდ ხუთმა ბაკალავრმა მიიღო.
„ეს არის ჩვენი ქიმიის დეპარტამენტის უფროსის დამსახურება, სწორედ ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე ამერიკულ მხარესთან,“ – გვეუბნება მარიამი.
სან დიეგოს უნივერსიტეტში საქართველოში ბაკალავრიატის საფეხური თითქმის ყველა სტუდენტს დაუფინანსეს, თუმცა მაგისტრატურის დაფინანსება კონკურსის წესით ხდება.
მარიამ ბასილაია სან დიეგოს საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული
„10 750 დოლარი ღირს სწავლა, პირველი წელი მაქვს დაფინანსებული, შემდეგი წლების დაფინანსება კი დამოკიდებულია აკადემიურ მოსწრებაზე. კონტრაქტის მიხედვით, ვალდებულება გვაქვს მაგისტრატურის და დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, სამი წელი საქართველოში ვიმუშაოთ და ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ მიღებული ცოდნა,“ – ამბობს მარიამი.
მარიამ ბასილაია ორგანული ქიმიის მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ეს სპეციალობა გამოიყენება ფარმაციის ინდუსტრიაში, სადაც მუშაობა მიდის როგორც ახალი მედიკამენტების შექმნაზე, ასევე, დამზადებაზე. თუმცა როგორც მარიამი ამბობს, საქართველოში ეს სფერო არ არის კარგად განვითარებული და მედიკამენტები ძირითადად დაფასოებული შემოდის.
„მინდა, რომ რაღაც ცვლილება შევიტანოთ ამ სფეროში სამომავლოდ,“ – გვეუბნება მარიამი. მისი თქმით, ყველა დარგი, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტს აქვს, საქართველოში განსავითარებელია და უნივერსიტეტის გახსნის მიზანიც საქართველოში ეს იყო.
მარიამი ამბობს, რომ უნივერსიტეტი სწავლის პერიოდში შესაძლებლობას აძლევდა ანაზღაურებად სტაჟირებაზე ემუშავა უნივერსიტეტში, ზაფხულში კი აშშ-ში ჰქონდა შესაძლებლობა ემუშავა როგორც ბაკალავრის მკვლევარს იქაურ ლაბორატორიებში.
გივი კალანდია, ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული
მეორე ბათუმელი სტუდენტი, ვისაც აშშ-ში მაგისტრატურა დაუფინანსეს, გივი კალანდიაა, ისიც ბიოქიმიას სწავლობს.
„თვითონ ქიმიის დარგი იმდენად ვრცელია, რომ გამორიცხულია მხოლოდ ბაკალავრის დიპლომით რაიმე სერიოზულ სამსახურში ან თუნდაც რაიმე კვლევაში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ აუცილებელია მაგისტრატურის და დოქტორანტურის გავლაც.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია ისევ უნივერსიტეტებში დასაქმება, თუნდაც იმავე უნივერსიტეტებში, სადაც დანერგილია ეს პროგრამები. ასევე, გვინდა, რომ ჩვენ, ვინც ამ მიმართულებაზე ვსწავლობთ, თვითონ წამოვიწყოთ რაიმე სახის ინდუსტრია,“ – გვეუბნება გივი.
ქიმია/ბიოქიმიის მიმართულება წელს 15-მა ბაკალავრმა დაასრულა. გივი კალანდიას თქმით, აშშ-ში დაფინანსება მიიღო 5-მა, ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას.
ვახტანგ დონაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერულ ინჟინერიას სწავლობდა. ის ჯერჯერობით საქართველოში აპირებს დარჩენას, რადგან მუშაობს. „გადაწყვეტილი მაქვს ერთი წელი გავჩერდე საქართველოში და შემდეგ ვაპირებ ევროპაში გავაგრძელო სწავლა,“ – გვეუბნება ის.
ვახტანგ დონაძე, კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული
ვახტანგ დონაძე ერთ-ერთ კომპანიაში დეველოპერად მუშაობს პროგრამირების განხრით. მისი თქმით, უნივერსიტეტი ხშირად აწყობდა დასაქმების ფორუმს და ეხმარებოდა სტუდენტებს სამუშაოს მოძიებაში.
„ამ მომენტისთვის, უფრო ჩემს თავში გასარკვევად მინდოდა ეს ერთი წელი, მინდა გააზრებულად გადავწყვიტო, რა მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაში, შეიძლება კომპიუტერულ მეცნიერებაზე გადავერთო, ჯერ პრაქტიკულ სფეროში მუშაობა ვარჩიე,“ – გვეუბნება ის.
ამ ეტაპზე საქართველოში დარჩენას აპირებს დაჩი გოგიტიძეც, რომელიც ასევე სან დიეგოს კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრია. ის მაგისტრატურაზე სწავლას ჯავახიშვილის უნივერსიტეტში აპირებს გამოყენებითი მათემატიკის განხრით.
დაჩი გოგიტიძე, კომპიუტერული ინჟინერიის კურსდამთავრებული
„შემდეგ ეტაპზე მინდა გაცვლითი პროგრამებით ვისწავლო ევროპაში, მაგალითად, გერმანიაში მინდა წავიდე,“- გვეუბნება ის. ამჟამად დაჩი გოგიტიძე ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, რომელიც ონლაინკაზინოების სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.
სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი გამოშვებაა კიდევ ორი ბათუმელი ბაკალავრი ირაკლი ბაკურიძე და სანდრო ჯიჯავაძეა, თუმცა „ბათუმელებმა“ მხოლოდ რამდენიმე მათგანთან შეძლო დაკავშირება.
სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოდან შესაძლოა ხუთი წლის შემდეგ გავიდეს, თუმცა პარტნიორ უნივერსიტეტებში: თსუ-ში, ტექნიკურ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც სან დიეგოს ტექნიკური და სასწავლო ბაზებია განთავსებული, დარჩება სასწავლო პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესშია.
როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საქართველოს მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი გიორგი კოპალეიშვილი გვეუბნება, თუკი პარტნიორი უნივერსიტეტები მიიღებენ საერთაშორისო აკრედიტაციას, ისინი იმავე ხარისხის დიპლომებს გასცემენ საბუნებისმეტყველო და ინჟინერიის დარგებში, როგორც სან დიეგოს უნივერსიტეტი.
„პარტნიორ უნივერსიტეტებში მიმდინარეობს ABET-ის აკრედიტაცია, რაც გულისხმობს როგორც აკადემიური პერსონალის გადამზადებას, ასევე, ლაბორატორიებსა და სასწავლო პროგრამებს, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ამიტომ, რაც კეთდება, კეთდება ამ სტანდარტების გათვალისწინებით. როცა ეს პროცესი დასრულდება, შემდეგ გაიცემა დიპლომები ABET-ის აკრედიტაციით,“-გვითხრა გიორგი კოპალეიშვილმა.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში საინფორმაციო-შემეცნებითი პრეზენტაციები გაიმართა.
ბათუმის ბულვარის ინიციატივითა და ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური ბიომრავალფეროვნების შესახებ სკოლის 50-მდე მოსწავლეს მიეწოდა ინფორმაცია. სკოლის მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, დარგის სპეციალისტებმა საინტერესო და შემეცნებითი ვიდეო-პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.
საინფორმაციო შეხვედრამ მოიცვა ბულვართან და გარემოსთან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორებიცაა: ადამიანი და ბუნება, ეკოლოგიური პრობლემები, მყარი ნარჩენების მართვის საკითხები, ბულვარის ფლორა და მწვანე სივრცეები. შეხვედრა დასრულდა ბათუმის ბულვარის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლებით, რომლებიც ბულვარის ოთხი სეზონის საიმიჯო და რეკრეაციული ზონის დანაგვიანებასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავდა.
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.
შეხვედრის დასრულების შემდგომ სკოლის მოსწავლეებს ბულვარში არსებული მწვანე ნარგავების შესახებ საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.
„ბათუმის ბულვარისთვის გარემოს დაცვის საკითხები განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჩვენი ტერიტორია მოიცავს როგორც საზღვაო ზოლს, ისე მწვანე სივრცეებს, სადაც დაბინძურების რისკები ძალიან დიდია. შესაბამისად, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახალგზარდა თაობასთან მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები აუცილებელია“-განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
მსოფლიოში გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით და საზოგადოების აქტიურ ჩართვას გარემოს დაცვის საკითხებში.
ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, გარემოს დაცვისადმი მიძვნილი ღონისძიება მოსაწავლეებისთვის ჩატარდა.
ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ დღეს, 5 ივნისს, სამსახურიდან გაათავისუფლა ქობულეთის „სანდასუფთავების“ უფროსი სულიკო ბლადაძე. „სანდასუფთავებაში“ არსებული სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფიქტიურად დასაქმებული პირების შესახებ სიუჟეტი გუშინ, 4 ივნისს, TV 25-მა მოამზადა, თუმცა, ქობულეთის მერის თქმით, ბლადაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მედიასთან ურთიერთობა გახდა:
„ჩემთვის მიუღებელია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის უფროსის მხრიდან ასეთი ურთიერთობა, ასეთი დამოკიდებულება მგრძნობიარე საკითხების მიმართ… თქვენ ნახავთ ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ,“ – განაცხადა მირიან ქათამაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
TV 25-ის სიუჟეტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანდასუფთავების სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად მუშაობს. „სანდასუფთავების“ უკვე ყოფილი უფროსი ბლადაძე TV 25-თან ინტერვიუში ადასტურებდა ნეპოტიზმის ფაქტს და ამბობდა, რომ სამსახურში ძმა და ცოლისძმა ჰყავდა დასაქმებული.
მირიან ქათამაძემ ასევე განაცხადა, რომ შესწავლილი იქნება ყველა შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შპს „ქობულეთის სანდასუფთავებას“ თანამშრომლებთან აქვს გაფორმებული.
ქობულეთის მერის თქმით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად სულიკო ბლადაძემ მიიღო, რაც მერმა გაიზიარა. მისივე თქმით, „სანდასუფთავების“ სამსახურში უკვე მუშაობს შიდა აუდიტი და დასკვნა მალე მომზადდება.
მირიან ქათამაძე უარყოფს TV 25-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქობულეთის მერიას დაქვემდებარებულ სამსახურში 15 ადამიანი ფიქტიურად არის დასაქმებული.
„არასწორად იქნა ეს ციფრი დასახელებული… ამ გარემოებებს სჭირდება სრულფასოვანი გამოკვლევა, ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ… არც ერთ გამონაკლისს, არც ერთ თვალის დახუჭვას ჩვენ არავის არ ვაპატიებთ, აუცილებლად იქნება ყველა მტკიცებულება გასაჯაროებული,“ – განაცხადა ქობულეთის მერმა.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა.
ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში.
„ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. მომხმარებელს ვპირდებით, რომ მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს. – აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე. “
„ტურიზმი, უდაოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს მხოლოდ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეძლოს ამ რაოდენობის სტუმრების მიღება და უზრუნველყოს ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამასთან, იმისთვის რომ შევძლოთ კონკურენციის გაწევა სხვა ტურისტული ქალაქებისთვის, რეგიონი მზად უნდა იყოს ყველა სეგმენტის მომსახურებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა ტიპის პროექტებში, იქნება ეს მცირე ზომის სასტუმრო, თუ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდი.”-აცხადებს თიბისი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.
სასტუმროს დიზაინი, რომელიც თანამედროვე ურბანული ცხოვრების სწრაფ რიტმს განასახიერებს, უზრუნველყო ქართულმა კომპანიამ „დეფანი“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში განთავსებულია ქართველი, თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნემუშევრები რაც სასტუმროს განსაკუთრებულ იერს სძენს.
სასტუმრო „რადიუსს“ ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ოპერირებას უწევს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფს“. აღნიშნული კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელის: Marriott International – ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია.
„შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი“ – აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გასულ წელს 22 ასეთი შემთხვევის შესახებ შევიდა ინფორმაცია.
2018 წლის მონაცემებით, გველის კბენის ყველაზე მეტი, 9 შემთხვევა ქობულეთში დაფიქსირდა მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს: ხელვაჩაურში იყო სულ 7 შემთხვევა ივნისსა და აგვისტოში; ქედაში – 4 [თებერვალი-მარტი]; ბათუმში კი 2 შემთხვევა – ივნისსა და სექტემბერში.
რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, აჭარის საზოგადოებრივ ცენტრში გვითხრეს, რომ მაისის მონაცემები ამჟამად მუშავდება, 2019 წლის გასულ თვეებში კი გველის მიერ ადამიანის დაგესვლის შემთხვევა არ ყოფილა.
„ჩვენ გვაქვს გველის საწინააღმდეგო შრატი, რომელიც ყველა რაიონშია ხელმისაწვდომი. ეს არის პოლივალენტური, ანუ სხვადასხვა წარმომავლობის ქვეწარმავლის საწინააღმდეგო შრატი. მიუხედავად იმისა, რომ 22 შემთხვევა იყო შარშან, შრატი არ ყოფილა გამოყენებული. შრატი გაკეთდება თუ არა, ამას წყვეტს ექიმი, როგორც ჩანს, იყო მსუბუქი შემთხვევები და სხვაგვარად იქნა მართული,“ – გვითხრა ნონა ეფაძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ.
ექიმი-ტოქსიკოლოგი ეკა სანიკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტები ვერ აკონკრეტებენ, ქვეწარმავალმა უკბინა თუ არა და ძირითადად კეთდება ანტიტეტანური შრატი, რომელიც კეთდება ჭრილობის დროსაც, რომ კანის მთლიანობის დარღვევის დროს ტეტანუსი არ განვითარდეს.
„თუ დამტკიცდა ნაკბენის იდენტიფიკაციით, რომ ნამდვილად გველია და სიმპტომები გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ ეს იყო შხამიანი გველი, მაშინ კეთდება პოლივალენტური შრატი. რა თქმა უნდა, შრატი სჯობს გაკეთდეს რაც შეიძლება სწრაფად, კბენის პირველ საათებში, არაუგვიანეს 24 საათისა. რაც შეეხება მონოვალენტურ შრატს, ის იმდენად სერიოზულ ნივთიერებას შეიცავს, რომ აუცილებლად კეთდება, მაგალითად, გიურზას, კობრას ან ეფას დაკბენის დროს. თუმცა დასავლეთ საქართველოში ეს გველები პრაქტიკულად არ გვხვდება და ისედაც იშვიათია ჩვენთან შხამიანი გველები,“ – ამბობს ეკა სანიკიძე.
რა სიმპტომები მიუთითებს იმაზე, რომ გველი ხშამიანი იყო? ტოქსიკოლოგის განმარტებით, თუ მარტივი სიმპტომები კბენის დროს შემოიფარგლება მხოლოდ ნაკბენის შეწითლებით, შესიებით, ქავილითა და ტკივილით, შხამიანი გველის კბენის შემთხვევაში შეიძლება კიდური შეშუპდეს მთლიანად, გაჩნდეს სისხლჩაქცევები და ინტოქსიკაციური სიმპტომები: ძლიერი ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება, წნევის ვარდნა და იშვიათ შემთხვევაში, გონების დაკარგვაც კი.
„ყველას ვურჩევ, ნუ შეეშინდებათ. სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ კბენის შემთხვევაში ადამიანი არ უნდა აჰყვეს პანიკას და დროულად მიმართოს ექიმს, რომელიც გააკეთებს დასკვნას, რამდენად საშიშია ნაკბენი და როგორი მკურნალობა სჭირდება,“ – ამბობს ეკა სანიკიძე.
სპეციალისტების ინფორმაციით, აჭარაში ძირითადად გვხვდება მცურავი ანკარა და გველგესლა. მათგან შხამიანი მხოლოდ გველგესლაა, რომელიც უფრო მთიან რეგიონებშია გავრცელებული.
„გველების გამოჩენა დაკავშირებულია ტემპერატურის მატებასთან. გველები იზამთრებენ სარდაფებში, სხვენებში, გაუქმებულ ჭებში… ზოგადად, სადაც თაგვი მრავლდება, იქ გვხვდება გველიც, რადგან თაგვი გველისთვის საკვებია. სხვათა შორის, სოფლის მეურნეობაში გველი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ცხოველია, რადგან ყველაზე დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მღრღნელებს. თუ სისუფთავეს შევინარჩუნებთ და აქეთ-იქით დაყრილი არ იქნება სხვადასხვა საგანი, გველსაც ნაკლები თავშესაფარი ექნება,“ – ამბობს ჰერპეტოლოგი კონსტანტინე ფხაკაძე.
მედიის განვითარების ფონდი (MDF) აგრძელებს სემინარების სერიას “გაზომე სიმართლე”.
[checklist]
გაინტერესებს როგორ გაარჩიო ყალბი ინფორმაცია რეალურისგან?
გსურს ისწავლო, როგორ გადაამოწმო ყალბი ფოტო და ვიდეო?
იოლად შეძლო ინტერნეტტროლების ამოცნობა?
[/checklist]
მაშინ, დარეგისტრირდი და მიიღე მონაწილეობა ჩვენს სემინარებში შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2Z7bPaE
სემინარს მედიის განვითარების ფონდის ექსპერტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები გაუძღვებიან.
ღონისძიებები აჭარასა და გურიაში 14-16 ივნისს გაიმართება:
[checklist]
14 ივნისი – ბათუმი
[/checklist]
14:30 – 17:30
მისამართი: ამერიკული კუთხე ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ვაჟა-ფშაველას 21
[checklist]
15 ივნისი – ხულო
[/checklist]
14:30 – 17:30
მისამართი: ხულოს კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკა, ი.ჭავჭავაძის 1
[checklist]
6 ივნისი – ლანჩხუთი
[/checklist]
14:00 – 17:00
მისამართი: ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმი
ღონისძიება პროექტის – “ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედიამოხმარებისთვის” ფარგლებში ჩატარდება, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს.
„5 მილიონი დახარჯეს და წყალი არ გვაქვს,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში მცხოვრები ნანა კოჩალიძე. ამ სოფლის მოსახლეობამ დღეს, 5 ივნისს, საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან გამართა.
„დილით გამოუშვებენ მხოლოდ და იმდენად პატარაა, რომ იკარგება მილებში. სანამ ონკანამდე გადმოვა წყალი, წყვეტენ… ხელისუფლება ამბობს, წყალი გავაკეთეთო, მაგრამ არც წინა წლებში ყოფილა არასდროს და არც ახლა გვაქვს. 400 ოჯახია ამ დღეში. სოფელში არც წყაროს წყალია და არც ჭაბურღილი,“ – გვითხრა ნანა კოჩალიძემ.
„ამ ხნის ქალი ვარ, ამდენი წელია წყალს ვითხოვ და ვერ მივაღწიე სამართალს. ეს არის სირცხვილი,“ – ამბობს შუშანა ბერიძე.
აქციაზე იყო ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძეც. მისი ინფორმაციით, ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 2016 და 2017 წლებში 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა სალიბაურში წყლის სისტემის მოწყობისთვის.
„ამის გამო მჯდომარე აქციაც გავმართე მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში, მაგრამ მან დემაგოგიაში დამდო ბრალი, მოსახლეობას წყალი აქვსო. საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან და ეს უნდა გამოიძიოს საგამოძიებო ორგანოებმა… პასუხი არის ის, რომ წყლის დებეტი გვაქვსო, ანუ წყალი არ არის საკმარისიო. თუ წყალი არ იყო, მაშინ სისტემას რატომ აწყობდნენ?“ – კითხულობს მიხეილ ბოლქვაძე.
„წყლის რესურსის ნაკლებობაა, არის ხარვეზები, ფაქტია,“ – ამბობს ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე. მისი განმარტებით, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა ზოგიერთი წყალს ბოსტნის მოსარწყავადაც იყენებს.
„ნაციონალებმა ის თქვან ერთი, მილი და აუზიც რომ არ გააკეთეს საერთოდ… მე მოგიწოდებთ, ახვიდეთ მტირალას მთაზე და გააკეთოთ ჟურნალისტური მოკვლევა. იქ ნახავთ რამხელა რეზერვუარებია გაკეთებული… განიხილება ჭაბურღილების გაკეთებაც, რომ ეს პრობლემა მოსახლეობას აღარ ჰქონდეს,“- გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.
რატომ მოეწყო წყლის სისტემა მტირალას მთიდან, თუკი იქ წყლის რესურსი აღარ იყო და ადგილზე ჭაბურღილის მოწყობა იყო შესაძლებელი?
„რესურსი არ არის ახლა, ზაფხულში, თორემ მერე 10 თვე არის წყალი… ჭაბურღილს აქვს ის პრობლემა, რომ შესაძლოა იმ სოფელში არ იყოს მიწისქვეშა გრუნტის წყლები, ეს არ ვიცით ზუსტად, მეორე პრობლემა არის ჭაბურღილის ექსპლუატაცია, რაც დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული,“ – განმარტავს ჯუმბერ ვარდმანიძე.