მთავარი,სიახლეები

ბაღდათი, ქუთაისი და სხვა ქალაქები – სად არ ითხოვენ არაფერს მოქალაქეები ბოლო 2 წელია პეტიციით

16.08.2019 • 2404
ბაღდათი, ქუთაისი და სხვა ქალაქები – სად არ ითხოვენ არაფერს მოქალაქეები ბოლო 2 წელია პეტიციით

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები არასაკმარისადაა გამოყენებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები ანგარიშს მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი.

ვანის, თერჯოლისა და ბაღდათის საკრებულოების სხდომებს  მოქალაქეები, მაგალითად, 2017 -2019 წლებში საერთოდ არ დასწრებიან.

2017-2019 წლებში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან  8-ში: ქუთაისში, ბაღდათში, თერჯოლაში, საჩხერეში, წყალტუბოში, ტყიბულში, ზესტაფონსა და ხონში მოქალაქეებს საკრებულოსთვის პეტიციით არცერთხელ არ მიუმართავთ.

როგორც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა ამბობს, ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

,,პეტიციას დასახლებული პუნქტის მცხოვრებთა მინიმუმ 1 % მაინც უნდა აწერდეს ხელს. გეოგრაფიული თუ სხვა სირთულეების გამო, შეიძლება ეს რთულად მისაღწევი იყოს, საჭიროა მოსახლეობის თვითმობილიზება ან სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი, რომელიც მოივლის სოფელს, კარდაკარ ყველა ოჯახს, შეკრებს ადამიანებს, ხელმოწერებს შეაგროვებს და ა.შ. ჩემთვის ეს სიახლე არაა, რადგან გვაქვს რეგიონები, სადაც პეტიცია არასდროს არ დარეგისტრირებულა, არც აჭარაშია უკეთესი მდგომარეობა და შემოდგომაზე ვაპირებთ კვლევის განახლებას.

მოქალაქეებსაც მოვუწოდებდით, რომ განცხადების, პეტიციის სახით, საკრებულოს სხდომაზე დასწრების სახით, ნებისმიერი ფორმით ჩაერთონ თვითმმართველობის მუშაობაში, ხშირად გადაწყვეტილებების მიღმა რჩებიან მოქალაქეები და თვითმმართველობები წყვეტენ საკითხს, რასაც მოქალაქეები გვიან იგებენ და ეს იწვევს უკმაყოფილებას. ყველას ინტერესი უნდა იყოს, რომ ჯერ მოქალაქეების აზრი იყოს მოსმენილი, გაანალიზებული და  შემდეგ ამას უნდა მოერგოს გადაწყვეტილებები”, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

2017-2019 წლებში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით იმერეთის მუნიციპალიტეტებში საერთო სურათი ასეთია:

  • დასახლების საერთო კრებები ჩატარდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქუთაისის, ჭიათურის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისა.
  • იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში არის შექმნილი მერის სათათბირო ორგანო – მრჩეველთა საბჭო, თუმცა ქუთაისის გარდა, არც ერთ მოქმედ საბჭოში არ არის დაცული კანონის მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ.
  • საკვლევ პერიოდში სულ 4 პეტიცია დარეგისტრირდა ჭიათურის, სამტრედიის, ვანისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
  • ვანის, თერჯოლის, ბაღდათის საკრებულოების სხდომებს მოქალაქეები 2017 -2019 წლებში არ დასწრებიან, სხვა მუნიციპალიტეტებში დასწრება ფიქსირდება, თუმცა იშვიათად.
  • 2017-2019 წლებში საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრები თერჯოლის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართებოდა.
  • ჭიათურისა და სამტრედიის გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის მერს ჩაბარებული აქვს ანგარიში მოსახლეობის წინაშე.

_______________

ფოტოზე: ქალაქი ბაღდათი. ფოტო: ვიკიპედია 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: