მთავარი,სიახლეები

“ეს წიგნი იმ ამბებზეა, რომელიც რაღაცას განსაზღვრავს შენს ცხოვრებაში” – მაია ცირამუა

14.08.2019
“ეს წიგნი იმ ამბებზეა, რომელიც რაღაცას განსაზღვრავს შენს ცხოვრებაში” – მაია ცირამუა

“ჩემთვის ეს წიგნი არის ამბებზე და ეს ამბები ორი ტიპის – ცუდი და კარგი ამბები. ამბები, რომელიც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს შენს ცხოვრებაში და შეიძლება პანდორას ყუთის სინდრომიც კი ჰქონდეს, რომელმაც გახსნით შეიძლება წაგლეკოს. და ასევე ისეთ ამბებზე, რომელიც მთელი ცხოვრება ძალას გაძლევს.

ზოგადად, ჩვენ ქალებს ორ რამეს გვახვევენ ხოლმე თავს: ერთი – სულ ცდილობენ რაღაც ჩარჩოებში ჩაგვსვან და მეორეა, როდესაც გვეუბნებიან –  “შენ არ შეგიძლია, შენ არ გამოგივა”. თუ ბიჭებს ეუბნებიან “შენ უნდა შეძლო”, გოგოებს გვეუბნებიან – “შენ არ გამოგივა”.

მე მაქვს ერთი პატარა ეპიზოდი: ბავშვობაში, სამეგრელოში მდინარეზე წავედით ბავშვები. წინა დღეს მოსული დიდი წვიმის გამო, მდინარე ადიდებული და ტალახიანი იყო, ისეთი, რომ ვერ იბანავებდი. ბიჭებმა გამოიგონეს ასეთი თამაში – უნდა შესულიყავი მდინარის ყველაზე ღრმა, ხმაურიან ადგილას და უნდა გაგეძლო. თან უნდა გეყურებინა მდინარე როგორ მოდის შენსკენ და თავი უნდა შეგემაგრებინა. გოგოები გაგვაფრთხილეს, რომ თქვენ ეს არ გააკეთოთ.

მაშინ ვიყავი ათი წლის. არ ვიცი რა მოხდა ჩემში, საშინელი ბრაზი ვიგრძენი. არ ვიცოდი ცურვა და დღემდე არ ვიცი, მაგრამ მახსოვს, როგორ ჩავყავი ფეხი. თავიდან ფეხზე ვიგრძენი სიცივე და წყლის სიჩქარე, მერე ნაბიჯი გადავდგი და ვიგრძენი, როგორ ცურავს ჩემი ფეხი ამ ქვებზე და ნელ-ნელა მივედი იმ ადგილამდე, სადაც ეს საშინელება ხდებოდა. შევძელი იქ დავმდგარიყავი.

ახლაც, როდესაც რთული მომენტებია ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ვგრძნობ ფეხებში ამ ძალას, რომელიც მაშინ მქონდა ამ დიდი ბარიერის გადალახვის დროს.

ვფიქრობ, ფემინისტი ქალი ჩემში სწორედ მაშინ დაიბადა.

ეს წიგნი ზუსტად ასეთ ამბებზეა, რომელიც რაღაცას განსაზღვრავს შენს ცხოვრებაში და სულ ფეხებში გებლანდება ან კარგად ან ცუდად. ან ძალას გაძლევს ან გართმევს. ეს წიგნი ამ ამბების მონაცვლეობაა, ” –  ასე წარადგინა მაღაზია “წიგნები ბათუმში” გამართულ პრეზენტაციაზე მაია ცირამუამ საკუთარი წიგნი – “მშვიდობით, ძია  გერშვინ!”.

წიგნის – “მშვიდობით, ძია გერშვინ!” – პრეზენტაცია ბათუმში

ავტორმა წიგნი ოცი წლის წინ დაწერა, თუმცა აქამდე არ გამოუქვეყნებია. წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რომანში აღწერილი, თითქოს დიდი ხნის წინანდელი ამბები ახლაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია. როგორც მაია ცირამუა ამბობს, წიგნში ერთ კაცთან დაკავშირებულ რამდენიმე ქალის ისტორიას აღწერს და ტექსტში ყველანაირი ქალის თავგადასავალს შეხვდებით: ძალადობის მსხვერპლს, მიტოვებულს და ა.შ.

ავტორის თქმით, ტექსტით მას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ქალს შეუძლია იყოს ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ დედა, ცოლი და მეოჯახე.

წიგნი გამოსცა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში”. “მშვიდობით, ძია გერშვინ!” სერია “საკუთარი ოთახის” ნაწილია. სერია აერთიანებს იმ ქალ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელთა წიგნებმა, ღირებულებებმა და ცხოვრების წესმა თავისი როლი ითამაშა ადამიანის უფლებების დაცვაში, ქალთა გაძლიერებასა და თანასწორობისთვის ბრძოლაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: