მთავარი,სიახლეები

ეროვნული ბანკი 50 მილიონ ლარად ახალ სათავო ოფისს ააშენებს

15.08.2019
ეროვნული ბანკი 50 მილიონ ლარად ახალ სათავო ოფისს ააშენებს

საქართველოს ეროვნული ბანკი [სებ] თბილისში ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ახალი ოფისი ცირკსა და მდინარე მტკვარს შორის [ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ] არსებულ 8 779 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. ეს ნაკვეთი ეროვნული ბანკის საკუთრებაშია 2019 წლის 26 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე [ტერიტორია აქამდე შპს „სითი ცენტრის“ საკუთრებაში იყო]. ეროვნული ბანკის A კლასის ახალი სათაო ოფისის შენობის ფართობი კი, ჯამში, 17 000 კვ/მ იქნება. მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 50 მილიონი ლარია.

ახალი სათავო ოფისის შენობა 38-44 თვეში უნდა აშენდეს. აქედან პროექტირებისთვის 6 თვეა განსაზღვრული, 2 თვე ტენდერისთვის – მშენებელი კომპანიის შესარჩევად, 30-36 თვე კი, სავარაუდოდ,  –  უშუალოდ მშენებლობისთვის. შესაბამისი პროექტისა და დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე [მშენებლის შესარჩევად] ბანკი ტენდერს გამოაცხადებს.

რაც შეეხება ახალი ოფისის შენობის დაპროექტებას და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას, ეროვნულ ბანკში გვითხრეს, რომ ჯერ კონკურსი არ გამოუცხადებიათ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი თანხა დასჭირდება ახალი შენობის დაპროექტებას.

ეროვნულმა ბანკმა ახალი სათავო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ბაზრის კვლევაც გამოაცხადა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების პროცესის ზედამხედველობისთვის 6 თვეა გათვალისწინებული. ერთი თვის მომსახურება კი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ლარს. ანუ, მარტო პროექტირების ზედამხედველობისთვის [საკონსულტაციო მომსახურებისთვის] სები მაქსიმუმ 180 ათას ლარს გადაიხდის. მაქსიმუმ 60 ათას ლარს გადაიხდის სები სატენდერო დოკუმენტაციის შედგენასა და წინადადებების შეფასებაში, ხოლო მშენებლობის ეტაპების ზედამხედველობის თანხის ოდენობა, დაინტერესებულმა პირმა ბანკს 2019 წლის 16 აგვისტომდე უნდა შესთავაზოს.

ფასების დადგენის შემდეგ ეროვნული ბანკი ზედამხედველის შესარჩევად ტენდერს გამოაცხადებს.

ტერიტორია ცირკსა და მტკვარს შორის [ყვითლად], სადაც ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისი უნდა აშენდეს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: