მთავარი,სიახლეები

მგზავრებით გადაჭედილი ტრანსპორტი – რა აწუხებთ ქობულეთელებს და ტურისტებს

16.08.2019 • 2650
მგზავრებით გადაჭედილი ტრანსპორტი – რა აწუხებთ ქობულეთელებს და ტურისტებს

ქობულეთის მცხოვრებთ და ჩასულ ტურისტებს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უჭირთ. ქალაქის მცხოვრებლები, რომლებმაც „ბათუმელებს“ საკითხით დაინტერესება სთხოვეს, ამბობენ, რომ ტრანსპორტი ხშირად აგვიანებს. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, ისეა მგზავრებით გადაჭედილი, რომ ასვლა შეუძლებელია.

მოქალაქე სოციალურ ქსელში მგზავრებით სავსე „მარშრუტკის“ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ გადაჭედილი ტრანსპორტი ქობულეთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე პრობლემის არსებობას ნაწილობრივ ადასტურებს. მერი ამბობს, რომ „ტრანსპორტში ხშირად მგზავრთა რაოდენობა მეტია“, მაგრამ არ იზიარებს მოქალაქეთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოძრავ სამარშრუტო ტაქსებს შორის დროის ინტერვალი დიდია.

ქობულეთის მუნიციპალურ ტრანსპორტს ათი ერთეული ავტობუსი აქვს და შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ ბალანსზეა. მერის ინფორმაციით, ამ ათი ავტობუსიდან ორი რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობს, ერთი  – აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთს მგზავრები გადაჰყავს ჩოლოქიდან ბათუმში, ხოლო დანარჩენ ექვსს – სოფლების მიმართულებით.

მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, ქობულეთში მუშაობს მიკროავტობუსებიც. მერის თქმით, ქალაქს „კერძო, ფიზიკური და იურიდიული პირები ემსახურებიან“.

„21 მიკროავტობუსიდან 6 მიკროავტობუსი 10-10-წუთიანი ინტერვალით მოძრაობს რუსთაველის ხაზზე და მონიტორინგის ჯგუფი ყოველდღიურად ამოწმებს ამ ინტერვალებს. 15 მიკროავტობუსი მუშაობს აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოველდღიურად გადაადგილდება 4-8 წუთიანი ინტერვალით“, – ამბობს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.

მისივე ინფორმაციით, ტურისტულ სეზონზე, საღამოს 6 საათის შემდეგ ქობულეთში ოთხი ღია ტიპის სასეირნო ავტობუსი მოძრაობს ტურისტებისთვის.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე გამოხმაურება შარშან სეზონზე და წელს მოქალაქემ მოგვმართა, რომელიც გამოთქვამდა უკმაყოფილებას ინტერვალის დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი გადამოწმებით ეს ინტერვალი ყოველდღიურად ზედმიწევნით არის დაცული,“ – ამტკიცებს მირიან ქათამაძე.

კითხვაზე, რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ გაჩერებაზე ლოდინი 15 და ზოგჯერ 20 წუთიც უწევს, მერი პასუხობს:

„0426 26 72 36 – ეს არის ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვირეკონ და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას“.

რა იგეგმება ქობულეთში სატრანსპორტო სფეროში

ქობულეთის მერი ამბობს, რომ მუშაობს ტრანსპორტის  განვითარების გეგმაზე.

„გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს  საპარკინგე ადგილების მოწყობას ქალაქში. ქობულეთს რთული გეოგრაფიული მოცემულობა აქვს. 14 კილომეტრზეა გადაჭიმული ზღვის პირას, საპარკინგე ადგილები, განსაკუთრებით ზაფხულში პრობლემაა. ამიტომ ტრანსპორტის განვითარების გეგმა ჩვენ მოგვცემს ძალიან ეფექტურ გადაწყვეტილებას, საპარკინგე სისტემის შესახებ. ასევე [იგეგმება] ველობილიკების მოწყობა და, რაც მთავარია, მუნიციპალური ავტოპარკი განახლდება,“ – ამბობს მირიან ქათამაძე.

მთავარი ფოტო: ერეკლე ნოღაიდელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: