მთავარი,სიახლეები

ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის შემდეგ საოკუპაციო მავთულხლართებზე კომენტარი გააკეთა

16.08.2019 • 1367
ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის შემდეგ საოკუპაციო მავთულხლართებზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების გადმოწევის პროცესი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ შეაფასა, რაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბორდერიზაციის შესახებ. საოკუპაციო მავთულხლართების გადმოწევაზე რუსული მხარე რამდენიმე დღეა მუშაობს, თუმცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს – პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ დრომდე [15:30] არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.

მამუკა ბახტაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თხოვნით დღეს საოკუპაციო ზონაში იმყოფებოდნენ მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო უწყების წარმომადგენლები:

„დღეს ადგილზე იყო ჩასული დიპლომატიური კორპუსი. ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სამწუხაროდ, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, სამწუხაროდ, გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. დღეს მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, იმისთვის, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რომ შევაჩეროთ ეს  მტკივნეული პროცესი“.

დღეს გუგუტიანთკარში შეხვედრის დროს მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს  მოქალაქეებმა უთხრეს, რომ მათ სოციალური შემწეობა მოუხსნეს. უთხრეს ისიც, რომ 12 პირს დევნილის სტატუსი არ აქვს და არათუ დახმარებას, არამედ არჩევნებშიც ვერ იღებენ მონაწილეობას.

დღეს საოკუპაციო ზონაში 11 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე:

პრემიერისა და პრეზიდენტის დუმილი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: