მთავარი,სიახლეები

რამდენი აშშ დოლარი იყიდა და გაყიდა ეროვნულმა ბანკმა ბოლო 10 წელში

16.08.2019 • 2323
რამდენი აშშ დოლარი იყიდა და გაყიდა ეროვნულმა ბანკმა ბოლო 10 წელში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2009 წლის მარტიდან 2019 წლის პირველი აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სავალუტო აუქციონზე ჯამში იყიდა 2 276 600 000 აშშ დოლარი, ხოლო გაყიდა – 1 732 660 000 აშშ დოლარი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლოს ბანკმა 2019 წლის 7 ივნისს შეიძინა 20 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის პირველ აგვისტოს 32,8 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა [აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი იყო გატანილი]. გაყიდვამდე ერთი დღით ადრე ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას ქვეყანაში.

„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, პირველ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას,“ – წერია სებ-ის განცხადებაში.

აქამდე ეროვნულმა ბანკმა ბოლოს 40 მილიონი აშშ დოლარი 2016 წლის 20 დეკემბერს გაყიდა.

2017 წლის იანვრიდან 2019 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში ეროვნულ ბანკს დოლარი საერთოდ არ გაუყიდია, თუმცა ამ პერიოდში იყიდა 492 მილიონ 250 ათასი აშშ დოლარი [აქედან, მარტო 2019 წლის შვიდ თვეში 11-ჯერ იყიდა ჯამში 165 მილიონი აშშ დოლარი].

2009 წლიდან დღემდე, 2015 წელი იყო ისეთი წელი, როცა ეროვნულ ბანკს საერთოდ არ უყიდია დოლარი და მხოლოდ ყიდდა. ამ წელს ეროვნულმა ბანკმა 286 მილიონ 960 ათასი დოლარი გაყიდა.

მაქსიმალური რაოდენობა, რაც ერთ აუქციონზე გაყიდა ან იყიდა ეროვნულმა ბანკმა – 40 მილიონი აშშ დოლარია. ამ ოდენობის დოლარი ბანკმა ბოლო ათ წელში რამდენჯერმე გაყიდა და იყიდა.

„სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. სავალუტო აუქციონის მიზანია, საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება. მაგალითად, იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეინარჩუნოს ადეკვატურ დონეზე, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას და ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები ავტომატურად სტერილიზდება ღია ბაზრის ოპერაციებით,“ – განმარტავს ეროვნული ბანკი [სები].

„გარდა ზემოთ განხილული შემთხვევებისა, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციის საჭიროება წარმოიშობა მთავრობის უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციების შედეგად. სებ-ი წარმოადგენს მთავრობის ბანკირს, შესაბამისად, მთავრობის ანგარიშები გახსნილია ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, მთავრობის უცხოური შემოდინებები და გადინებები პირდაპირ ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშიდან ხორციელდება და არ ხვდება სავალუტო ბაზარზე. ამის გამო, ქვეყნის დაბალანსებული საგადამხდელო ბალანსის მიუხედავად, შესაძლებელია არსებობდეს საგარეო უარყოფითი სალდო კერძო სექტორში და ამავდროულად სახელმწიფო დადებითი სალდო. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ამ განსხვავებების დასაბალანსებლად მოახდენს სავალუტო ინტერვენციას გაყიდვის მიმართულებით და პირიქით. მაგალითად, კრიზისის დროს 2008-2009 წლებში კერძო სექტორს ჰქონდა უარყოფითი საგარეო პოზიცია. ამავდროულად, უცხოური სამთავრობო დახმარებების ხარჯზე მთავრობას ჰქონდა დადებითი საგარეო პოზიცია. ქვეყნის მთლიანი საგარეო პოზიცია დაბალანსებული იყო. აქედან გამომდინარე, სებ-მა ამ პერიოდში სავალუტო აუქციონებით კერძო სექტორს მიაწოდა ამ დისბალანსით გამოწვეული უცხოური ვალუტა,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

2019 წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარის ყიდვა-გაყიდვა და ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში [აუქციონის ჩატარებისა და მომდევნო დღეს] /წყარო: ეროვნული ბანკი

[checklist]

  • 2019 წლის 4 იანვარს [კურსი 2,6772] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 5 იანვარს – 2,6744]
  • 2019 წლის 9 იანვარს [კურსი 2,6702] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 10 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 10 იანვარს – 2,6675]
  • 2019 წლის 16 იანვარს [კურსი 2,6644] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 17 იანვარს – 2,6634]
  • 2019 წლის 18 იანვარს [კურსი 2,6633] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 19 იანვარს – 2,6629]
  • 2019 წლის 21 იანვარს [კურსი 2,6629] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 22 იანვარს – 2,6613]
  • 2019 წლის 23 იანვარს [კურსი 2,6611] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 22 იანვარს – 2,6599]
  • 2019 წლის 6 თებერვალს [კურსი 2,6506] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 7 თებერვალს – 2,6487]
  • 2019 წლის 11 თებერვალს [კურსი 2,6461] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 20 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 12 თებერვალს – 2,6460]
  • 2019 წლის 15 თებერვალს [კურსი 2,6420] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 16 თებერვალს – 2,6413]
  • 2019 წლის 6 ივნისს [კურსი 2,7500] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 10 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 7 ივნისს – 2,7411]
  • 2019 წლის 7 ივნისს [კურსი 2,7411] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 20 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 8 ივნისს – 2,7344]
  • 2019 წლის 1-ელ აგვისტოს [კურსი 2,9718] ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 32,8 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 2 აგვისტოს – 2,9296]

[/checklist]

16 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ:

  • 1 აშშ დოლარი = 2,9182 ლარი
  • 1 ევრო = 3,2555 ლარი.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 17 აგვისტოს:

  • 1 აშშ დოლარი = 2,9232 ლარი
  • 1 ევრო = 3,2395 ლარი.

17 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსის მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება 18 და 19 აგვისტოსაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: