მთავარი,სიახლეები

გზების დეპარტამენტი „facebook“-ში რეკლამისთვის 1 200 აშშ დოლარს დახარჯავს

14.08.2019 • 3097
გზების დეპარტამენტი „facebook“-ში რეკლამისთვის 1 200 აშშ დოლარს დახარჯავს

სოციალურ ქსელ „facebook“-ზე განთავსებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ოფიციალური გვერდის პოპულარიზაციის მიზნით, დეპარტამენტი სარეკლამო მომსახურების შესყიდვას გეგმავს, რისთვისაც, შესყიდვების პორტალის მიხედვით, 1 200 აშშ დოლარი აქვს გათვალისწინებული. სარეკლამო მომსახურება 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მიზანშეწონილია დეპარტამენტის საქმიანობის რეკლამირება სოციალურ ქსელ „facebook”-ის მეშვეობით, ვინაიდან საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა მნიშნელოვნად აღემატება სხვა სოციალური ქსელების მომხარებელთა რაოდენობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დეპარტამენტთან საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული პირებისთვის და სამიზნე ჯგუფებისათვის.
აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტი ამ დროისათვის იწყებს საქართველოს ისტორიაში ისეთი უდიდესი პროექტების განხორციელებას, როგორებიც არის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის [ქვეშეთი- კობის მონაკვეთის] მშენებლობა და მრავალი სხვა. ასევე, დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების და კამპანიის განხორციელება და გაშუქება სოციალური მედიის „facebook“-ის მეშვეობით,“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სოციალური ქსელის მეშვეობით სარეკლამო მომსახურების გაწევის ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონედ „facebook“-ს მიიჩნევს და ინტერნეტგამოწერის გზით გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს, თანხმობას კი, შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „ინტერნეტგამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვისას, ხელშეკრულების გაფორმება არ არის სავალდებულო“.

„არსებობს ალტერნატიული სოციალური ქსელები, თუმცა აღნიშნულ მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ „facebook“, საქართველოში მისი პოპულარობის და მომხმარებლების რაოდენობის გათვალისწინებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ „facebook“, განსხვავებით სხვა სოციალური ქსელებისაგან, იძლევა საჯაროდ და დახურული (პირადი) კომუნიკაციის საშუალებას, აქვს მომხმარებლების ადგილმდებარეობის, დემოგრაფიული მონაცემების, ინტერესების მიხედვით ფილტრაციის შესაძლებლობა და იძლევა ინფორმაციის/რეკლამის ყველანაირი (ტექსტურ, ვიზუალურ და ვიდეო და სხვა) ფორმით გავრცელების საშუალებას,“ – მიიჩნევენ დეპარტამენტში.

რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება [1200 აშშ დოლარი]? – დეპარტამენტის განაცხადში აღნიშნულია, რომ „ყოველთვიურად გადასახდელი თანხა განისაზღვრება სოციალურ ქსელში აქტივობების სხვადასხვა მოცულობის რეკლამის დადგენილი ღირებულებების გათვალისწინებით. აღნიშნულ მომსახურებას, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის აუდიტორიაზე ვგეგმავთ „facebook“-ზე განთავსებული აქტივობის წვდომის უზრუნველყოფას, გააჩნია კონკრეტული ღირებულება.“

———-

2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, თბილისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ამ ანგარიშის მიხედვით, რომელიც დეპარტამენტისგან გამოვითხოვეთ, მიმდინარეობს ბათუმი-სარფის გზის პროექტირება, ასევე, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ანგარიშში არის ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დასრულებული გზის, დაგეგმილი თუ მიმდინარე მშენებლობების შესახებ, თუმცა საერთოდ არ არის ნახსენები ხულო-ზარზმის გზა, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 110 მილიონი ლარი იხარჯება. ამ გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთზე ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, დეპარტამენტის ინფორმაციებზე დაყრდნობით, 2019 წლის მაისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამუშაოები ხულოს ტერიტორიაზე ამ დრომდე არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება სარფის გზას, ანგარიშის პრეზენტაციისას დეპარტამენტის თავმჯდომარისგან გაჟღერდა, რომ ბათუმი-სარფის გზაზე 8 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

„გვირაბის აშენება ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა დეტალური პროექტირების შემდეგ გვირაბი 8 კილომეტრი იქნება თუ 7,5 ამას დღეს დეპარტამენტში ვერავინ იტყვის. ყველა დეტალი პროექტირების დასრულების დროს დაზუსტდება“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიიდან გონიო-კვარიათის გავლით უნდა აშენდეს. თუ დავუშვებთ, რომ ამ მონაკვეთში 8 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება, ეს გვირაბი იქნება სარფიდან [გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან] სარფის, კვარიათისა და გონიოს გავლით, თითქმის სოფელ ახალსოფლამდე.

„ინტენსიური საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა ჩქაროსნული გზის სხვადასხვა მონაკვეთები ექსპლუატაციაში და 2021 წელს უკვე ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ბათუმი-სარფის მონაკვეთზე“, – ეს განცხადება, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 13 აგვისტოს, გააკეთა.

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზისა და ამ გზაზე ერთ-ერთი გვირაბის მშენებლობა სოფელ მახვილაურთან / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ამ თემაზე:

სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: