იაკუტიელი შამანი მოსკოვში მიდის, რომ კრემლიდან პუტინი განდევნოს

იაკუტიელი შამანი, ალექსანდრე გაბიჩევი, რომელიც უკვე ოთხი თვეა ფეხით მიდის მოსკოვში, რომ კრემლიდან „პუტინის ბოროტი სული“ განდევნოს, რუსეთის პროვინციებში სულ უფრო პოპულარული ხდება. 13 ივლისს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ჩიტაში ჩასულ შამანს აქცია დახვდა. რუსული მედიის ცნობით, ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ კომუნისტები და სამოქალაქო სოლიდარობის მოძრაობა.

აქციის მთავარი სლოგანი იყო რუსეთი პუტინის გარეშე.

ალექსანდრე გაბიჩევი პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. იგი 51 წლისაა, ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ამ გზისთვის ემზადებოდა და პუტინის განდევნა კრემლიდან მას ღმერთმა დაავალა, რადგან პუტინი დემონია.

შამანი მოსკოვისკენ ფეხით მიდის, მან 80 ათას კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროს. გაბიჩევს თან აქვს მხოლოდ პატარა ურიკა. იგი ამბობს, რომ მოსკოვში 2021 წლის აგვისტოში ჩავა.

_______________

ფოტო: politinformator.ru

სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობით ერთი კომპანია დაინტერესდა

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობით მხოლოდ ის კომპანია დაინტერესდა, რომელიც პირველი ეტაპის სამუშაოებს ზედამხედველობს. კომპანია „სიემსი“ მომსახურებას შპს „სტადიონს“ ზუსტად იმ ფასად სთავაზობს, რაც სატენდერო თანხა იყო – 576 670 ლარად.

ვინაიდან „სიემსი“ ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენდენტია, შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ განიხილა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და კომპანიას გარკვეული დაზუსტებები მოსთხოვა. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია „სიემსმა“ 2019 წლის 18 ივლისამდე უნდა წარადგინოს.

სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე „სიემსთან“ ხელშეკრულება 2 388 580 ლარზეა გაფორმებული. ამ შემთხვევაში ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, სატენდერო თანხა კი 2 437 431 ლარი იყო.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულებები დღგ-ს ჩათვლით, 117 349 122 და 24 520 400 ლარზეა გაფორმებული.

მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

ნახევარი მილიონი ლარი სტადიონის დასრულების სამუშაოების ზედამხედველობისთვის

საკრებულოს დოკუმენტი: ქობულეთში ძირითადად ცხოვრობს ეთნოგრაფიული ჯგუფი – აჭარლები

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – მერაბ ცინცაბაძე საკრებულოს რუსული პროპაგანდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. დავის საგანი მიწათსარგებლობის დოკუმენტია, რომელიც საკრებულომ 2016 წელს მიიღო და წერია, რომ:

„რაც შეეხება ქ. ქობულეთის მოსახლეობის ეროვნულ შემადგელობას, ის ძირითადად დასახლებულია ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ჯგუფით – აჭარლებით“. ამ კონკრეტული ჩანაწერის შეცვლას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიცია და ეჭვი აქვს, რომ საკრებულო შეგნებულად არ ცვლის მას.

„არავითარი ეთნოგრაფიული ჯგუფი აჭარლები არ არიან, ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომ თითქოს აჭარა ცალკე ჯგუფია… ამავე დოკუმენტში ასევე წერია, რომ ჩურუკსუ ყოფილი ქალაქი ქობულეთია, ეს „ყოფილი“ რატომ უნდა ეწეროს?“ – კითხულობს საკრებულოს წევრი მერაბ ცინცაბაძე. მისივე თქმით, მან ეს ხარვეზი რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა და საკრებულოს თავმჯდომარისგან ჩანაწერის შეცვლაზე თანხმობაც მიიღო, თუმცა უშედეგოდ.

მიწათსარგებლობის დოკუმენტს, რომელიც 2016 წელს მიიღეს, მაშინდელი თავმჯდომარე – სულხან ოქროპირიძე აწერს ხელს. ის საკითხის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა გვითხრა, რომ ჩანაწერი ეთნოგრაფიულ ჯგუფზე შეცდომაა. „როგორც ჩანს, ეს ტექნიკური შეცდომა იყო და შესაძლებელია მისი გამოსწორება,“ – დასძინა სულხან ოქროპირიძემ, რომელიც ახლა აჭარის მუზეუმის დირექტორია.

საკრებულოს მიერ მიღებულ დოკუმენტში ხარვეზების არსებობას ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნათია თხილაიშვილიც. ის 2016 წელსაც იყო ქობულეთის საკრებულოს წევრი.

„დოკუმენტის მიღების დროსაც დაფიქსირდა ეს და კიდევ რამდენიმე ხარვეზი. ჩვენ მივეცით მაშინ დავალება მერიას, რომ იგი გამოსწორებულიყო, მერია მუშაობს ამ დოკუმენტზე ჩემი ინფორმაციით“, – ამბობს ნათია თხილაიშვილი. ის არ უარყოფს იმას, რომ საკრებულომ თავის დროზე მიიღო მიწათსარგებლობის გეგმა ხარვეზებით, რადგან ეს არ იყო არსებითი ხასიათის.

ნათია თხილაიშვილმა ასევე განმარტა, რომ დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც საუბარია „ჩურუქსუზე“, შეცდომა არ არის. დეპუტატის თქმით, კონკრეტული ისტორიული წყაროა გამოყენებული, სადაც ეწერა, რომ იმ დროისთვის „ჩურუქსუ“ იგივე „ყოფილი ქობულეთია“.

რატომ ვერ გამოსწორდა ხარვეზი სამი წლის განმავლობაში? – კითხვის პასუხად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მერიაში გადაგვამისამართა. „ეს მერიას ჰკითხეთ“, – დასძინა მან.

 

 

 

დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონი, მუზეუმი – უფასო ექსკურსია ყოფილი პატიმრებისთვის 

ყოფილმა პატიმრებმა, პატიმრების ოჯახის წევრებმა და პრობაციონერებმა სამეგრელოს ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.

დადიანების სასახლეში ბენეფიციარებმა სამეგრელოს უკანასკნელი მთავრისა და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები, ეზოს გარშემო გაშენებული ტყე-პარკი დაათვალიერეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში. სხვა მიმართულებებთან ერთად კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვა პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რაც მნიშვნელოვანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის.

ბენეფიციარების ყურადღება მიიპყრო დადიანების რეზიდენციაში დიდ ტერიტორიაზე გაშენებულმა ოჯალეშმა, რომელსაც, ადგილობრივების ცნობით, შედარებით გვიან კრეფენ, დადიანების მარანშივე აყენებენ გემრიელ ღვინოს და აძველებენ.

შთაბეჭდილებებით იყო დატვირთული მარტვილის კანიონზე ნავებით გასეირნებაც.

ექსკურსიის მონაწილეებმა მოინახულეს ასევე  მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი: ძვირფასი ქვები, მონეტები, თიხის უძველესი ნამუშევრები, ფრესკები და სხვა ანტიკური ექსპონატები.

ექსკურსიაზე აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და იმერეთის რეგიონებიდან კანონთან კონფლიქტში მყოფი 45 ბენეფიციარი იყო.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალშიც გეგმავს გასვლით ექსკურსიებსა და სხვა ტიპის ღონისძიებებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში.


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მიიღებს თუ არა აჭარა სპორტის რეგიონის სტატუსს

აჭარის მთავრობის ცნობით, აჭარას შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომელსაც
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივანი ჰუგო ალონსო ესწრებოდნენ.

ჰუგო ალონსო. ფოტო: აჭარის მთავრობა

ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და ბათუმის შემდეგ სპორტის რეგიონის სტატუსი აჭარას მიანიჭოს.

„ბათუმი არის ქალაქი, სადაც ძალიან დინამიურად ვითარდება სპორტი და საერთაშორისო ღონისძიებები მაღალ დონეზე ხორციელდება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ეს პოტენციალი მთელ აჭარაზე გავრცელდება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.  იმედი მაქვს, რომ აჭარა მალე გახდება ევროპის სპორტის რეგიონი,“ – განაცხადა ჰუგო ალონსომ, ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა.

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება 2018 წლის 12 აპრილს მიენიჭა.

ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს „ევროპის სპორტის დედაქალაქის“, „ევროპის სპორტის ქალაქის“, „ევროპის სპორტის თემისა“ და „ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.

___________

მთავარ ფოტოზე: შეხვედრა აჭარის მთავრობაში. ფოტო: აჭარის მთავრობა

 

„რივიერაზე“ მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ გასცემს – მერიის განმარტება

ბათუმის საკრებულო 16 ივლისის სხდომაზე, სავარაუდოდ, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე იმსჯელებს. შესაბამისი პროექტები ბათუმის მერიამ საკრებულოში უკვე გადააგზავნა. მერიამ „რივიერას“ [იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის] გრგ-ზე მუშაობა შპს „ბათუმი რივიერას“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. კომპანია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილია, ამ ტერიტორიაზე 42-სართულიანი „სილქ თაუერისა“ და კიდევ რამდენიმე შენობის აშენებას გეგმავს.

გრგ საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, თუმცა მანამდე მერიამ შესაბამისი დადგენილების პროექტი უნდა მოამზადოს და შემდეგ საჯაროდ განიხილოს.

საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 16 ივლისს, გაიმართება. „თუ საკრებულო ხვალ იმსჯელებს ამ საკითხზე [თუმცა ის დღის წესრიგში ამ დროისთვის არ არის შეტანილი] და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება გრგ-ს დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მომზადებაზე და საჯარო განხილვა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიგზავნება პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულოს 16 ივლისის სხდომის დღის წერიგში [სამუშაო ვარიანტში, რომელიც საკრებულოს წევრებს დაურიგდათ] გრგ-ს დამტკიცებაზე შესაბამისი დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შეტანილი იყო დამატებით საკითხებში, თუმცა საკრებულოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ეს საკითხი არ არის.

„დღეს იმსჯელებს ბიურო და თუ გადაწყვეტს, შესაძლოა ეს საკითხი შევიდეს ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში“, – გვითხრეს საკრებულოს პრესსამსახურში.

გრგ-ს დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ბათუმი რივიერას“ წინადადება მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, იახტკლუბი, ხელოვნური ლაგუნა, რესტორნები, კაზინო, საზოგადოებრივი სივრცეები; მერიაში წარდგენილი გრგ-ს თანახმად ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის.

„განმცხადებელს [კომპანიას – ავტ.] განემარტა, რომ საჭირო იყო წარმოედგინა კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, საჭიროებდა თუ არა დაგეგმილი მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ], ამ მიზნით მან უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომელსაც ხელს აწერს მირიან მეტრეველი, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი.

ამავე ბარათში აღნიშნულია, რომ „მერიის მიერ დადგინდა, რომ საპროექტო კომპლექსი, რომლის მშენებლობასაც აპირებს „ბათუმი რივიერა“, თავისი მახასიათებლებით, ფუნქციური დატვირთვიდან და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, წარმოადგენს მე-5 კლასის ობიექტს, რაზეც ქ. ბათუმის მერიის მიერ ნებართვა არ გაიცემა, ასეთი სახის ობიექტზე მშენებლობის ნებართვას გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.“

საქართველოს კანონმდებლობით, V კლასის [განსაკუთრებული მნიშვნელობის] ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ამ თემაზე:

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთმა თანამშრომელმა მეორეს სცემა – დაწყებულია გამოძიება

ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ორმა თანამშრომელმა სამსახურში იჩხუბა. ინფორმაციას ამის შესახებ tv 25 ავრცელებს.

ფაქტს „ბათუმელებთან“ ადასტურებს როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ნანი კახაძე, ასევე შს სამინისტრო, რომელმაც გვითხრა, რომ გამოძიება სსკ-ის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას გულისხმობს.

სააგენტოსა და შს სამინისტროში სქესს არ გვიკონკრეტებენ, თუმცა ინფორმირებული პირის თქმით, კოლეგა ქალს კაცმა დაარტყა.

აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილე, რუსუდან სალუქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ჩხუბი თანამშრომლებს შორის პირად საკითხზე დაიწყო.

„როგორც ვიცი, უკმაყოფილება მოუვიდათ, დეტალები არ ვიცი. ჩვენი უფროსი სამსახურში არ არის და როცა გამოვა, დავიწყებთ მოკვლევას.

თუკი გადაწყდება ადმინისტრაციული სასჯელი, ეს ხელვაჩაურის განყოფილების გამგესაც შეუძლია შიდა ბრძანებით, იქნება ეს საყვედური, შენიშვნა თუ გაფრთხილება. მას ასევე შეუძლია მომართოს აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს წერილობით. თუ ძალიან სერიოზული დარღვევაა და თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი დადგა, ჩვენ უნდა მივმართოთ სათავო ოფისს,“ – ამბობს რუსუდან სალუქვაძე.

ინციდენტი ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების სააგენტოში დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.

___________________

ფოტოზე: ხელვაჩაურის პოლიცია

 

რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი

ფაუსტისა და მეფისტოფელის სკულპტურები გერმანიის ქალაქ ზემპერიში, დრეზნდენში გვერდიგვერდ დგას. ეს სკულპტურები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც საქართველოსა და მისი ჩრდილოელი მეზობლის ისტორიები ბოლო ორი ასეული წლის მანძილზე.

გოეთეს ფაუსტის ერთ-ერთი მთავარი გააზრება ისტორიის შეჯამებაა. ადამიანის განვლილი და გასავლელი ცხოვრების ერთმანეთთან დაჯახებაა. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის იმპერიალიზმთან ურთიერთობაში მაგონებს გოეთეს ფაუსტის ფილოსოფიურ ანარეკლებს. ფაუსტი, რომელიც ეძებს თავის ადგილს ცხოვრებაში, იძიებს საკუთარ არსს, მეფისტოფელის ყურადღებას იპყრობს, რომელიც მას წარსულის ინდულგენციებით და ნათელი მომავლის პერსპექტივით აღავსებს. ფაუსტს ადვილად შეაცდენს მეფისტოფელი, აკრძალულ ბედნიერებას და  ამორალურ ცხოვრებას დააწაფებს, თუმცა მის სულს ვერ მიითვისებს ბოლომდე, რადგან ფაუსტი ანგელოზების რჩეულია და მეფისტოფელს საბოლოოდ დაამარცხებს ღვთისმშობელი.

მსოფლიოში ნებისმიერი იმპერიისა და იმპერიალიზმის სამარკო ნიშა მეფისტოფელის როლია. ასე დაემართა ერეკლე მეორეს, როდესაც  სუვერენულ საწყისებზე ხელმოწერილი გეორგიევსკის შეთანხმების მუხლები ისე „შეუსრულა“ რუსეთმა საქართველოს, რომ ბაგრატიონების სამეფო დინასტია უბრალო თავადურ გვარად აქცია იმპერიაში.

დღევანდელი რუსეთის იმპერიალიზმი მეფისტოფელის სინდრომითაა შეპყრობილი, ოღონდ ამჟამად ბევრი ფაუსტია მსხვერპლის მანტიით და მშველელი არსაიდან ჩანს. ჰიბრიდული ომის ფარგლებში იმპერიალიზმი სამხედრო ჩარევების გარეშე სასურველ ნიადაგს ქმნის რიგი ქვეყნების პოლიტიკურ მარწუხებში მოსაქცევად.

უდავოა, რომ პუტინის ბოლოდროინდელი რეაქციები ჰიბრიდული ომის წარმატებული სახეა. ერთი უბედურება არის ის, რომ ქვეყნები ჰიბრიდულ ომში მარცხდებიან რუსეთთან და მეორე ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ქვეყნების შესახებ საკუთარ ისტორიას წერს, რაც ასევე ჰიბრიდული ომის ნაწილია და ამ ქვეყნების წარსულსა და მომავალს ეჯახება.

„პუტინის მიერ შეფასებულ საბჭოთა კავშირის დაშლას, როგორც „გეოპოლიტიკურ კატასტროფას“ რომ თავი დავანებოთ, რუსეთის პრეზიდენტი ემხრობა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს. მას მხარს უჭერს და იწონებს იმის გამო, რომ ამ პაქტმა საფუძველი დაუდო აღმოსავლეთ ევროპის  ორად გახლეჩას. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე საუბრისას პუტინმა შეცვალა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნიუანსი, დაადანაშაულა დასავლეთ ევროპა და ყველა აქტორი ბრიტანეთის პრემიერ ჩემბერლენის ჩათვლით, თქვა არაერთი ტყუილი პაქტის საიდუმლო ოქმებისა, დახურული მუხლებისა  და სხვა დოკუმენტების შესახებ.

მრჩება შთაბეჭდილება – ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ამ თემით სპეკულირებს იმიტომ, რომ თუ, მაგალითად, 2009 წელს პოლონეთში ვიზიტისას, მან ამ პაქტს მორალური უწოდა, 2015 წელს გერმანიაში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს მიწასთან გაასწორა ეს შეთანხმება.

ზუსტად იმავეს აკეთებს რუსეთის პოლიტიკური ელიტა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს შეჭრასთან დაკავშირებით. პუტინის აზრით, ხავერდოვანი რევოლუცია და საბჭოთა ჯარების ყოფნა 1989 წლამდე ჩეხოსლოვაკიაში ხალხის სურვილი იყო.

ახლა რაც შეეხება პუტინის განცხადებას საქართველოს შესახებ:

ისტორია მოითხოვს აღინიშნოს, რომ რუსეთს მეოცე საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ საქართველოსთან მოუხდა დაპყრობითი ომი სამხრეთ კავკასიაში.1920 წელს მან უბრძოლველად დაიმორჩილა აზერბაიჯანი და სწორედ საინგილოს მხრიდან აპირებდა საქართველოში შემოსვლას, რომელიც გენერალმა კვინიტაძემ შეაჩერა. კვინიტაძის დამსახურება იყო ის, რომ ამ წარუმატებელი შემოჭრის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან გააფორმა შეთანხმება და საქართველო აღიარა სუვერენულ სახელმწიფოდ. შეთანხმება  ისტორიაში შესულია როგორც 1920 წლის 7 მაისის საქართველო–რუსეთის ხელშეკრულება, სადაც ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ არც ერთი მათგანი არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე მეორეს საწინააღმდეგო რაიმე სამხედრო დაჯგუფების საქმიანობას. ასევე ორივე მხარე ერთმანეთს აღიარებს სუვერენულ საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად და პირობას დებს, რომ არ ჩაერევა ერთმანეთის შიდა საქმეებში. ეს ხელშეკრულება ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რადგან, ფაქტობრივად, იმპერიამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, გაწერილი იქნა ერთა ლიგის სადამფუძნებლო და შემდგომში გაერთიანებული ერების წესდებაში გადატანილი რამდენი საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპი (ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპი, დავების მშვიდობიანი მოგვარებისა და სახელმწიფოებს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი), რასაც წესით ხელი უნდა შეეწყო მაშინდელი ქართული სახელმწიფოს  საერთაშორისო აღიარებისთვის.

საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველივე სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც ვერსალში შედგა, საქართველომ გააგზავნა თავისი დელეგაცია ზურაბ ავალიშვილისა და მიხაკო წერეთლის ხელმძღვანელობით. დაინტერესებული მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიხაკო წერეთელი იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო სამართლის (თვითნასწავლი) სპეციალისტი საქართველოდან, რომელიც თეორიულ ასპექტში ძალიან წარმატებულად ასაბუთებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის ჭრილში. მიხაკო წერეთლის ლონდონის უნივერსიტეტში შემონახული საერთაშორისო სამართლებრივი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დამფუძნებელ კრებას ძალზედ უნდოდა ერთა ლიგაში გაწევრიანება და ევროპასთან დაახლოება. ამ მიზნით 1919-1920 წლებში საქართველოს ერთა ლიგის არც ერთი სესია არ გამოუტოვებია გაწევრიანების თხოვნის გარეშე. თუმცა 1920 წლის 16 დეკემბერს, როდესაც კენჭი უყარეს საქართველოს გაწევრიანებას ერთა ლიგაში, საქართველომ საჭირო ხმები ვერ მოაგროვა.

თუმცა ერთა ლიგაში საქართველოს დამფუძნებელი კრების მეცადინეობა არ დარჩენილა უშედეგოდ, ერთა ლიგის ორმა უძლიერესმა სახელმწიფომ – საფრანგეთმა და ინგლისმა საქართველო აღიარა იმ რუკით, რომელიც წარდგენილი იქნა ერთა ლიგაზე და რომელშიც შედიოდა დღევანდელი აფხაზეთი, სოჭი, სამხრეთ ოსეთი და დღევანდელი საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენილი ტაო-კლარჯეთი, ლორე და საინგილო.

გოეთეს ფაუსტს აქვს ჯადოსნური სიტყვები, რომელიც ფაუსტს აღმოხდება აკრძალული ბედნიერების განცხრომისას – „შეჩერდი წამო“, თუმცა ეს წამი არ ჩერდება არც ერთი წამითაც კი, რადგან ის მოჩვენებითია და მზაკვრული.

საქართველო რუსეთის ურთიერთობაშიც ყოფილა ალბათ „შეჩერდი წამოს“ შეგრძნება, როდესაც 37 მანეთად ჩვენი მამების თაობა ჩადიოდა მოსკოვში, თვით პოლიტიკურ ელიტასაც ჰქონია ამის შეგრძნება ალბათ, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ ელიტას მოჩვენებითი „ჯენტლმენობით“ ქართული პოლიტიკური ელიტის გული მოუგია, მაგრამ ეს მარადიული და ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო არასდროს ყოფილა, პირიქით ქვეყანა დაზიანებულა და ზიანდება. შედეგებს დღემდე ვიმკით.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო რუსეთთან საგარეო პოლიტიკას რა შინაარსით გაატარებს, რადგან იმპერიალიზმით შემოსილი მეფისტოფელი მეფისტოფელად რჩება. ბოლო ორი საუკუნის  მანძილზე საქართველო დაემგვანა ფაუსტს, არადა, დროა გამოვიდეს ფაუსტის როლიდან, ირწმუნოს საკუთარი ძალებისა და გადადგმული ნაბიჯებით ღირსეული სახელმწიფოს იმიჯი შეიქმნას რუსეთთან მიმართებაში.

 

 

17 118 ლარი – თეა წულუკიანის ნიუ იორკში ჩაფრენის და უკან დაბრუნების ხარჯი

17 118 ლარი და 90 თეთრი – ეს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ნიუ იორკში ჩაფრენის და უკან დაბრუნების ხარჯია. მგზავრობის ეს საფასური მინისტრ წულუკიანის გასული წლის ყველაზე ძვირადღირებული მივლინების ნაწილია: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, იუსტიციის მინისტრის ხუთდღიანი მივლინებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 24 517 ლარი და 40 თეთრი დაიხარჯა. საჯარო ინფორმაცია მინისტრის ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯების შესახებ იუსტიციის სამინისტრომ მოგვაწოდა.

მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი 2018 წლის 24-დან 28 სექტემბრამდე საქართველოს დელეგაციის წევრი იყო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.

„გაეროს რიგით 73-ე გენერალურ ასამბლეასა და ასამბლეის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება; შეხვედრა ICC პროკურორ ქ-ნ ფ. ბენსუდასთან“ – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში ნიუ იორკში ვიზიტის მიზნობრიობის შესახებ. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მინისტრ წულუკიანს ბიუჯეტიდან გამოუყვეს სადღეღამისო ნორმა – 628 ლარი და 60 თეთრი, ასევე, დანამატი – 502.9 ლარი. სასტუმროს ხარჯმა ნიუ იორკში 5923 ლარი შეადგინა. მინისტრმა ისარგებლა „სხვა ხარჯითაც“ – 343 ლარით, რაც სამინისტროს განმარტებით, გულისხმობს „ვიზის, კონფერენციაში მონაწილეობის, მინისტრის შემთხვევაში [მხოლოდ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ მივლინებაზე] წარმომადგენლობით და ა.შ. ხარჯებს“.

რატომ დაჯდა მინისტრის ფრენა ნიუ იორკში გასული წლის სექტემბერში 17 118 ლარი? – კითხვაზე პასუხის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ. მათ განმარტებას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ. თბილისიდან ნიუ იორკში ფრენა ერთი მიმართულებით ყველაზე ძვირი 4 ათასი ლარი ღირს.

მინისტრი თეა წულუკიანი 2018 წლის იანვარშიც ყოფილა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმის მიუხედავად, რომ მინისტრი ამჯერად ანტიგუა და ბარბუდასაც ესტუმრა, ჯამში ამ ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან – 21 644 ლარი და 40 თეთრი დაიხარჯა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი OGP-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარის რანგში საჯარო მომსახურების საკითხებზე დაგეგმილ მაღალი დონის რეგიონულ სამიტში მონაწილეობდა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2018 წელს სულ 14-ჯერ იმყოფებოდა მივლინებით. მინისტრი ორ-ორჯერ იმყოფებოდა შეერთებულ შტატებსა და დანიაში, სამჯერ – საფრანგეთში. თეა წულუკიანი ესტუმრა ასევე იტალიას, ერაყს, სომხეთს, ხორვატიას, ბელგიას, თურქეთს.

ჯამში იუსტიციის მინისტრის ქვეყნის გარეთ მივლინებებზე 2018 წელს ბიუჯეტიდან 93 215 ლარი და 60 თეთრი დაიხარჯა.

 

ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება

16 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – „იაპონია-ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მე-11 საერთაშორისო ვორქშოფი“ გაიხსნება.

ბსუ-ს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი  მაგნიტურ, ოპტიკურ, ზეგამტარ, მრავალფუნქციურ  და ნანომასალებში ახალი კვლევების, მიღწევებისა და შედეგების გაცნობაა.

კონფერენციაში მონაწილეობენ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის, გერმანიის, იაპონიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-თანამშრომლები.

„კონფერენციის ამოცანაა შექმნას და განამტკიცოს მეცნიერული კავშირები, საფუძველი ჩაუყაროს ახალ კვლევებს, რაც სამომავლოდ განაპირობებს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას“.

„ორბი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს

„ორბი ჯგუფი ბათუმი“ სასპორტო სკოლის მიმდებარედ მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ეს არის ერთიანი პროექტი, რომელიც თავის დროზე შეთანხმდა ქალაქის მერიასთან. „ორბი“ მესამე მაღალსართულიან ნაგებობას იმ ტერიტორიაზე ააშენებს [ჟიული შარტავას ქუჩის მიმდებარედ], რომელიც მის საკუთრებაშია. მიწა [ასევე სასპორტო სკოლის ორი ფლიგელი] კომპანიას აჭარის მთავრობამ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიჰყიდა. სასპორტო სკოლასთან კომპანიის საკუთრებაში დღეს 28 945 კვ/მ მიწის ნაკვეთია.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე „ორბი ჯგუფი ბათუმი“ ოთხი ბლოკისგან შემდგარ კომპლექსს ააშენებს. აქედან სამი ბლოკი 50-სართულიანი უნდა იყოს, ხოლო ერთი [რომელიც ამ სამ ცათამბჯენს ერთმანეთთან დააკავშირებს] – სამსართულიანი. მშენებარე ნაგებობების საერთო ფართობი ჯამში 389 255 კვ/მ იქნება. მესამე მაღალი შენობა, რომელიც უნდა აშენდეს, სიმაღლეში იმ ორი შენობის ტოლი იქნება, რომლებიც უკვე აშენებულია, თუმცა მოცულობით – მათზე მცირე. „ორბის“ ინფორმაციით, აქ განსახორციელებელი ინვესტიცია 350 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

სასპორტო სკოლის მიმდებარედ [ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ] „ორბს“ იჯარით აქვს აღებული ტერიტორია, რომელიც აჭარის საკუთრებაშია. „ორბი“ ამ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ნიადაგის კვლევას ატარებდა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, ეს სამუშაოები არ იყო შეთანხმებული სამინისტროსთან, ამიტომ „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას [„ორბი ჯგუფი ბათუმი“] ეცნობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“.

ასევე „ორბს“ აღებული აქვს ვალდებულება, რომ ააშენოს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [„მშენებარე კომპლექსსა და არდაგანის ტბას შორის]. ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ კი, კომპანია ვერაფერს ააშენებს და არც რაიმე შეთანხმება არსებობს ამ კუთხით“, – გვითხრეს სამინისტროში.

პროექტი ORBI CITY /რენდერი / სამი ცათამბჯენი [მარცხნივ] ბათუმის სასპორტო სკოლასთან, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე] / ფოტო: „ორბი ჯგუფი“
„ორბის“ მშენებარე კომპლექსი – ORBI CITY, ბათუმის სასპორტო სკოლასთან, სადაც ერთი ცათამბჯენი კიდევ აშენდება [ამ ორი შენობის მარჯვნივ] / ხედი ფიროსმანის ქუჩიდან / ფოტო: „ბათუმელები“ / 25.06.2019

საფრანგეთში ელისეს მინდვრებს მფრინავმა კაცმა გადაუფრინა

ფრანგმა ფრენკი ზაპატამ იარაღით ხელში ელისეს მინდვრებს გადაუფრინა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე – 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს. მფრინავი დაფა რთული კონსტრუქცია სულაც არ არის და ხუთი პატარა ძრავით ახერხებს ჰაერში აფრენას. აპარატით საათში 190 კმ – ის გადაფრენაა შესაძლებელი და მისი მართვისას მთავარი წონასწორობის შენარჩუნებაა.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მფრინავ დაფას ეტაპობრივად სხვადასხვა საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ, მათ შორის არმიის ჯარისკაცები.

გამოგონების ავტორი, ფრენკი ზაპატა, 40 წლისაა და ის  წყალზე მოთხილამურე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. პირველად მან წყლის ზედაპირზე მფრინავი დაფა გამოიგონა 2012 წელს. მოწყობილობა 10 000 – იანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოში.

სპორტსმენის მფრინავი დაფის გამოგონებით საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა და 2018 წელს 1,3 მილიონი ევროს სუბსიდია გამოყო გამოგონების ტექნიკური სრულყოფისთვის. მფრინავი დაფა ბუშ-დიუ-რონში მდებარე კომპანია როუვი აწარმოებს და 100%-ით ფრანგული გამოგონებაა.

„კასკადიორი, პილოტი, კომპანიის შეფი, გამომგონებელი და სპორტსმენი, არ ვიცი ამათგან უფრო რომელი ვარ, ალბათ ცოტ-ცოტა ყველა და ამავე დროს არავინ“, – ამბობს გამომგონებელი ფრენკი ზაპატა მარსელის ყოველდღიურ გამოცემა Var-Matin-თან.

2020 წლისთვის ზაპატას მფრინავი დაფის გაუმჯობესებული მოდელიც გამოვა, რომლითაც ერთდროულად 2 ადამიანი შეძლებს გადაფრენას.

ფრენკი ზაპატა ამჯერად  გეგმავს გაიმეოროს ავიაციის პიონერის, ლუი ბლერიოს 110 წლის წინანდელი მარშრუტი და 25 ივლისს ის მფრინავი დაფით ლა მანშის სრუტეს გადაუფრენს.

წყარო: Libération

 

13 ივლისს ავარიაში დაღუპული ოჯახის მეორე შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

13 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული უცხოელი ტურისტების მეორე შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავარიის დროს მშობლები და მათი 6 წლის შვილი დაიღუპნენ. მეორე ბავშვი კი ამ დრომდე ქუთაისში ინტერვენციულ საავადმყოფოში რჩება.

ევექსის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება“. ბავშვი კლინიკაში სხეულის სხვადასხვა მოტეხილობით მოათავსეს.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიის დროს სამი მინივენი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც სამი უცხოელი ტურისტი დაიღუპა ერთი ოჯახიდან, ცხრა ადამიანი კი დაშავდა.

სამინისტროს სკოლებში ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვს

სექტემბრიდან საჯარო სკოლებში გოგებაშვილის ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვთ. ამის შესახებ განათლების სამინისტრომ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. სფეროთი დაინტერესებული ზოგიერთი პირი გოგებაშვილის „დედაენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ზოგიერთი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრე იყო.

დღეს, 15 ივლისს, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებიან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში „დედაენის“ დაბრუნების შესახებ სწორედ აქ ისაუბრებენ.

მამუკა ბახტაძემ გოგებაშვილის სახლმუზეუმში ყოფნისას განაცხადა, რომ „დედაენა სასწავლო პროგრამიდან უპასუხისმგებლო ადამიანებმა“ ამოიღეს. „მაშინდელი ეპოქისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა და ამაში ხედავდნენ ქართველი ერის გადარჩენას, დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს, რაც არის გარანტია იმისა, რომ საქართველო შედგება, როგორც წარმატებული ქვეყანა“.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადაპტირებული „დედაენა“ არჩევითი იქნება და სკოლებს სხვა გრიფირებული ავტორების მსგავსად შეუძლიათ მასზე გააკეთონ არჩევანი. თუმცა სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, რა ტირაჟით აპირებენ „დედაენის“ დაბეჭდვას და რა დაუჯდება ბიუჯეტს ახალი სახელმძღვანელო.

სამინისტროში ჯერ კიდევ არკვევენ დეტალებს სახელმძღვანელოს გრიფირების ვადებთან დაკავშირებით.

სკოლებში „დედაენის“ დაბრუნებაზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებმა – მარიამ ჯაშმა და ზაზა გაბუნიამ  წარუდგინეს პარლამენტს,  რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით „დედაენის“ საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს.

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში, გოგებაშვილის სახლმუზეუმში ყოფნისას განაცხადა, რომ სკოლებში გოგებაშვილის „დედაენა“ დაბრუნდება.

 

ბათუმში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს

14 ივლისს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდა.

ბათუმში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული პირველად აღინიშნა
ბათუმში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული პირველად აღინიშნეს

საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საფრანგეთის საელჩოები, საგანმანათლებლო და ფრანკოფონიური ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ.

ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება თბილისის შემდეგ, ბათუმში წელს პირველად გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ბულვარმაც. ღონისძიებაზე პარიზის ხედებთან ერთად წარმოდგენილი იყო ძველი ბულვარის ამსახველი ფოტო-გამოფენა, მათ შორის ბულვარის ფრანგი მებაღის მიშელ დალფონსისა და იასონ გორდეზიანის ფოტოები, რომლებმაც განათლება საფრანგეთში მიიღეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ბულვარმა
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბათუმის ბულვარმა

ფოტო-გამოფენასთან ერთად უნივერსიტეტის ფოიეში შესრულდა ფრანგული კლასიკური მუსიკის, კერძოდ ბიზეს „კარმენის“ ვარიაციები, ასევე დალილას არია სენ-სანსის ოპერიდან „სამსონი და დალილა“.

საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ღონისძიება ბათუმში
საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ღონისძიება ბათუმში

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ასევე ბსუ-ს ბენდი, სხვადასხვა აქტივობით მონაწილეობდნენ ფრანგული დროშის ფერებში მოხატული მიმები, სკოლა „ევრო 2000“-ისა და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები.

რა ეტაპზეა ბათუმის რესპუბლიკურის აღჭურვის პროცესი – ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკების ერთიანი მართვის, ანუ ე.წ. „ეტალონური“ კლინიკების [მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს] შესახებ ხედვა, ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია“, – მოგვწერეს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან.

„ეტალონური“ კლინიკების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა დავით სერგეენკომ „ბათუმელებთან“ 2018 წლის ნოემბერში განაცხადა. ყოფილი მინისტრის თქმით, 2019 წლის დასაწყისიდან ამუშავდებოდა პროექტი, რომლის მიხედვითაც „საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს კლინიკები იქნება: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი; ზუგდიდის რუხის კლინიკა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო…“

ამ თემაზე: დავით სერგეენკოს კომენტარი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

„ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ინფორმაცია ბათუმის ახალი კლინიკის [რესპუბლიკური საავადმყოფოს] მართვისა და აღჭურვის შესახებ, წერილობით, 2019 წლის 26 ივნისს გამოითხოვა.

„დამტკიცებულია თუ არა აღნიშნული პროექტი/პროგრამა? თუ კი, გთხოვთ მოგვაწოდოთ პროექტის ელექტრონული ვერსია. თუ არ არის დამტკიცებული, მაშინ მოგვაწოდეთ ინფორმაცია რა ეტაპზეა ამ პროექტზე მუშაობა [სამინისტროს ან მთავრობის შესაბამისი დადგენილება, ბრძანება ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომ ამ პროექტზე მიდის/ან უნდა დაიწყოს მუშაობა, თუნდაც სამუშაო ჯგუფის ან კომისიის შექმნის შესახებ].

არის თუ არა ოფიციალურად გადაწყვეტილი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმის რესპუბლიკური [ახალი, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური] საავადმყოფო იქნება სახელმწიფოს მართვაში [გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტის ასლი]; ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის ასლი, რომელიც სამომავლოდ ბათუმის ახალი საავადმყოფოს მართვას შეეხება“.

„ბათუმელების“ ამ კითხვების პასუხად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ „ე.წ. „ეტალონური“ კლინიკების [მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს] შესახებ ხედვა, ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია“.

დავით სერგეენკომ 2018 წელს ისიც განაცხადა, რომ ბათუმის ახალი საავადმყოფოს აღჭურვა, ეს იქნებოდა ერთიანი პროექტი [ზემოაღნიშნული ოთხი კლინიკის], რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელდებოდაა. ამ პროექტზე მუშაობა კი, მაქსიმუმ 2019 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. თუმცა, ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვისთვის 8 448 300 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვთხოვეთ, თუმცა პასუხად მხოლოდ ეს მოგვწერეს: „რაც შეეხება, რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკას, მისი მშენებლობა დაიწყო 2014 წელს, გათვლილია 220 საწოლზე. იგი იქნება გამყოფ ხაზთან მდებარე საავადმყოფო, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მულტიპროფილური სერვისებით დაკმაყოფილებას“.

ამ თემაზე: რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები

ახალი კლინიკის აღსაჭურვად თანხა არც აჭარის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად ახალ კლინიკაში გაზიფიცირების შიდა ქსელის მოწყობა დაფინანსდება, რისთვისაც 5630 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება, რომელიც შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა.

ამ თემაზე: „რესპუბლიკურის“ ახალ შენობაში გაზმომარაგების შიდა ქსელის მოსაწყობად 5630 ლარია გამოყოფილი

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა, რომლის მშენებლობაც 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობას დღემდე არ ჩაუბარებია.

ამ თემაზე:  „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ პოლიცია დაიცავს – როდის ჩაიბარებს ახალ შენობას მთავრობა

 

რატომ არღვევს იუსტიციის სამინისტრო კანონს დემონსტრაციულად

პარასკევს, 12 ივლისს, „ბათუმელებმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უწყება გვპასუხობს 2018 წლის 17 დეკემბერს გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე.

სამინისტრომ 6 თვის დაგვიანებით გვაცნობა იმის შესახებ, თუ რა თანხა დახარჯა გასულ წელს უწყებამ იუსტიციის მინისტრის მივლინებებზე ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. წერილი დათარიღებულია 2019 წლის 10 ივლისით.

წერილს ხელს აწერს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ნათია ჩირიკაშვილი.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო უწყება ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს საჯარო ინფორმაცია.

იუსტიციის სამინისტროსგან დაგვიანებით მიღებული ინფორმაციის პირველი გვერდი

გარდაიცვალა 6 წლის ბიჭი, რომლის მშობლებიც გუშინ ავარიაში დაიღუპნენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ბათუმში გარდაიცვალა 6 წლის ბიჭი, რომლის მშობლებიც გუშინ ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ბავშვი იმავე ავტომანქანაში იმყოფებოდა, რომელშიც მისი მშობლები. ავარიის შემდეგ ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი.

დაღუპული ცოლ-ქმრის კიდევ ერთი შვილი – 5 წლის ბავშვი, რომელიც ასევე ავარიაში მოყვა, თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

ავარია ქობულეთში, რა დროსაც ორი ტურისტი, ცოლ-ქმარი დაიღუპა, გუშინ, 13 ივლისს მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. შსს-ს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ჯამში 13 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი – უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები.

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე

ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 13 ივლისს, მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კი კრიტიკულია. 

გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ-ია, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გზის სიგრძე 31,7 კილომეტრია და ის სრულად 2018 წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამ გზის ქობულეთიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი კი, დღემდე გაუნათებელია.

გარეგანათება აქ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სინოჰიდრომ“ უნდა დაამონტაჟოს, რომელმაც ეს გზა ააშენა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „სინოჰიდროს“, სადაც გვითხრეს, რომ მათ ჰყავთ ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელსაც დაწყებული აქვს გარეგანათების მონტაჟი აღნიშნულ გზაზე. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, „გარეგანათების სამონტაჟო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და სამ თვეში დასრულდება.“

ქობულეთის შემოვლითი გზის შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარას მიმდებარე ტერიტორიამდე მონაკვეთის განათებისთვის კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 373 235 ლარი იყო გამოყოფილი და ამ მონაკვეთზე გარგანათების მონტაჟი 2019 წლის აპრილში დასრულდა.

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ახალი გზა სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა. ექსპერტები კი კონკრეტულ ტექნიკურ მოთხოვნებზე საუბრობდნენ, რომლის შესრულებაც გზაზე მოძრაობას შედარებით უსაფრთხოს ხდის. ეს მოთხოვნები [განათება, გამყოფი ზოლი და სხვა] ამ ეტაპზე ქობულეთის შემოვლით გზაზე შესრულებული არ არის.

გელა კვაშილავა, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი, „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ: „რადგან გზა ორზოლიანია, ხოლო მოძრაობის დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ, არსებობს სერიოზული რისკები. პირველ რიგში, ზოლებს შორის უნდა არსებობდეს გამყოფი ბარიერი.“

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ქობულეთის შემოვლით გზაზე გამყოფი ზოლი იმ შემთხვევაში მოეწყობა, თუ მოძრაობის ზოლების დამატების საჭიროება იქნება.

[red_box]ამ თემაზე: ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება[/red_box]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხშირი ავარიების გამო ქუთაისის შემოვლითი გზა, რომელიც ორზოლიანი იყო, მალევე გახადა ცალმხრივი [ეს გზა 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა]. მოგვიანებით კი გადაწყდა, რომ ეს გზა ოთხზოლიან ავტომაგისტრალად გადაკეთებულიყო, რისთვისაც არსებული ორზოლიანი გზის პარალელურად დამატებით ახალი ორზოლიანი გზა აშენდება.

რაც შეეხება კამერებს ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები 2018 წლის 23 აგვისტოდან ამოქმედდა: „აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული“.

მძღოლებისთვის, რომლებიც ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობენ, პოტენციურ საფრთხეს პირუტყვიც წარმოადგენს.

[red_box]ამ თემაზე: პირუტყვი ახალ შემოვლით გზაზე – არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო[/red_box]

განახლებული ინფორმაცია: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 14 ივლისს, ბათუმში გარდაიცვალა 6 წლის ბიჭი, რომლის მშობლებიც გუშინ ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. დაღუპული ცოლ-ქმრის კიდევ ერთი შვილი – 5 წლის ბავშვი, რომელიც ასევე ავარიაში მოჰყვა, თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში – ზღვის წყალი 25.5 გრადუსამდე გათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია:

ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • ღამით – 15-20 გრადუსი სითბო,
  • დღისით – 23-28 გრადუსი სითბო;

მთიან რაიონებში:

  • ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ. (2-3ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა: +25.5 გრადუსი.

16 და 17 ივლისს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ავარიის შედეგად დაშავებული 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

13 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 13 დაშავებულთაგან ერთი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს, მეორე კი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში რჩება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კლინიკაში მყოფი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი ტრანსპორტირება თბილისში ვერ მოხდა [თავდაპირველი ინფორმაციით, ბავშვის ასაკად 3 წელი დასახელდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტეს, რომ ბავშვი 6 წლისაა].

ბავშვების მშობლები გუშინ, 13 ივლისს, ავარიის შედეგად დაიღუპნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, კლინიკაში, ამ დროისათვის რჩება 9 პაციენტი, ქართველი მძღოლები და პოლონელი ტურისტები. ორ მათგანს უტარდება ოპერაცია.

13 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი კი  – უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები.

შსს-ს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს მინივენები შეეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

_________________

ფოტოზე: ქობულეთის რეგიონალური საავადმყოფო. ფოტო: fb 

დაშავებულია 13 ადამიანი, ორი მძღოლი და ტურისტები – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივლისს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ჯამში 13 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები.

ყველაზე მძიმეა 6 და 5 წლის ბავშვების მდგომარეობა, რომელთა მშობლები ავარიის შედეგად დაიღუპნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებს ჩაუტარდათ ოპერაცია მუცლის ღრუში და სავარაუდოდ ორივე მათგანს თბილისში გაიყვანენ რეანომობილით, რადგან ბავშვებს მიღებული აქვთ თავის ტრავმაც.

დაშავებული ტურისტებიდან ერთ-ერთს ამჟამად ოპერაციას უკეთებენ.

დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და ქობულეთის რეგიონულ ცენტრში, „ევექსის“ კლინიკაში იმყოფებიან.

ქობულეთში, დაშავებულებთან იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

ავარია ქობულეთში, რომელსაც ორი ტურისტის, ცოლ-ქმარის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 ივლისს მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე. შსს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

_____________________

ფოტო: pexels.com

 

ავარიაში დაიღუპა ცოლ-ქმარი, ბავშვები კლინიკაშია – აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი, არაბი ტურისტები დაიღუპნენ, მათი შვილები, 3 და 5 წლის ბავშვები კი მძიმე მდგომარეობაში არიან კლინიკაში გადაყვანილი.

ავარია ქობულეთში დღეს, 13 ივლისს, საღამოს მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

1 გარდაცვლილი და 10-მდე დაშავებული – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი მძიმედ დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა

როგორც ქობულეთის სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დასადგენია, „რადგან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ჯერ არ დაბრუნებულან, დაახლოებით ათამდე ადამიანი გადმოჰყავთ კლინიკაში“.

შსს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

განახლებული ინფორმაცია: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი, არაბი ტურისტები დაიღუპნენ, მათი შვილები, 3 და 5 წლის ბავშვები კი მძიმე მდგომარეობაში არიან კლინიკაში გადაყვანილი.

_________________________

მთავარი ფოტო: TV-25

ეპისკოპოსი სპირიდონი: პუტინის განცხადება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე შედეგია ჩვენი ცოდვების

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა გუშინ თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. „თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია… ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა, იქით მიუშვებს“, – განაცხადა ეპისკოპოსმა, რომლის მთელი ქადაგება სიძულვილის ენის შემცველი იყო.

მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა რუსეთის ლიდერის პოლიტიკა დაახასიათა, როგორც ევროკავშირის „ცოდვილი“ პოლიტიკის მთავარი მოწინააღმდეგე:

„ამასწინათ იყო ტელევიზორში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში და საერთოდ ქართველებს ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობა ესეც… რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი. ღმერთმა აპატიოს მას, მაგრამ მე გეტყვით თქვენ – ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების. თქვენ უნდა იცოდეთ ბიბლია, რომ ყოველგვარი მეფის და სახელმწიფოს მეთაურის გული არის ღვთის ხელში, როგორც წყაროსთვალი, საითაც უნდა იქით მიუშვებს. რატომ ათქმევინა, რატომ დაუშვა, რომ იმ ადამიანს ეს ეთქვა, იმიტომ, რომ შენ გარბიხარ, გინდა თუ არა პიდარასტების მხარეს უნდა ვიყოო, გინდა თუ არა ეროვნული ბოზები უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და გინდა თუ არა ეროვნული პიდარასტები უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაშიო და იმას, ვისთანაც შენ შეკრული ხარ იძახიან, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ეს ჰომოსექსუალიზმი, რომ ეს თითქოს არის მათი ფუნდამენტალური მოთხოვნა და საქართველო უნდა გახდეს გარყვნილების და ჰომოსექსუალიზმის… რაც ხდება ახლა ბათუმში [იგულისმხება კონფერენცია – საქართველოს ევროპული გზა, რომელიც გუშინ დასრულდა – ავტორი], პირდაპირ არის ამის დემონსტრირება.

ეპისკოპოსმა სპირიდონმა ასევე არაერთხელ ახსენა მათრახი და მათრახით დასჯა:

„უფალი ამას არ დაუშვებს და უფალი გამოგაფხიზლებს. მათრახს დაგარტყამს. შენი შვილი კლდეზე გადასავარდნად რომ გარბოდეს, ერთხელ უთხრა, ორჯერ და მაინც თავისას აკეთებს, დაიჭერ იმას და ურტყამ ხომ, მათრახს დაარტყამ, რომ არ გადავარდეს კლდეზე. ასე არ არის? ამიტომ ჩვენი ხალხი და ხელისუფლება გინდა თუ არა პიდარასტების ბანაკში უნდა შევიდესო, არ გაუშვებს დედა ღვთისმშობელი, მათრახს დაგარტყამს და ისეთ ძალას მოიყვანს, რომელიც აღგიკვეთავს იგივე გზას, რომ გადაგარჩინოს“.

ეპისკოპოსმა თავის ქადაგებაში დასავლეთისა და რუსეთის განსხვავებულობაზე საუბრისას თქვა პირდაპირი ტყუილიც, თითქოს დასავლეთის ქვეყანაში ინცესტი [სისხლით ნათესავებს შორის სექსუალური ურთიერთობა] დაკანონებულია. თავისი გამოსვლის დასასრულს კი ღმერთს პუტინის შენდობა კიდევ ერთხელ სთხოვა:

„ღმერთმა აპატიოს მის განმცხადებელს [იგულისხმება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე პუტინის ბოლო განცხადება – ავტორი], მაგრამ რატომ ამბობს ამას, იმიტომ ამბობს, რომ ჩვენი ცოდვების გამო. რა ხდება – ორი სისტემა ებრძვის ერთმანეთს. ერთია დასავლური სისტემა, მეორე  – აღმოსავლური, რუსული სისტემა. ერთი სისტემა აკანონებს გათახსირებას, უბედურებას, ერთსქესიანთა ქორწინებას… მეორე სისტემა ამას ეწინააღმდეგება. ერთი სისტემა ზნეობას ეწინააღმდეგება, მეორე შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ ის კანონმდებლობის დონეზე დაიცვას…

დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს – ნატოში და ევროპაში. უფალი ნახე რას ამბობს, იმის ნუკი გეშინია, ვინც შენს ხორცს კლავსო, იმის გეშინოდეს, ვინც შენ სულს კლავსო, ცოდვის გეშინოდესო. ანუ ტანკების, ოკუპაციის და ჯარის ნუ კი გეშინია, გეშინოდეს იმის, ვინც შენ სულიერად გკლავს – გაგრყვნის, გაგათახსირებს…

უფალი ასე ამბობს, შენ თუ ნებით აირჩევ გათახსირებას და ცოდვას, მაშინ მე მათრახს გადაგიჭერო და ეს მათრახი იქნება ჩრდილოეთის მათრახი.

ოკუპანტი… ოკუპანტი… ესეთი ამოკვიატება ქვეყნის, ისტერიული და ვაკხანალიური გინება რუსეთისკენ, ეს მიმართულია პირდაპირ მართლმადიდებლობის დანგრევისკენ და მის წინააღმდეგ…

ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ, რუსეთს ჰქვია ღვთისმშობლის სახლი და არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთთან ცუდად ვიყოთ, ჩვენ ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ“.

ადამიანები, ვისაც 200 მილიონზე მეტი შეაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში – ფოტორეპორტაჟი

დღეს, 13 ივლისს, ბათუმში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს. მეზღვაურებმა საზეიმო მსვლელობა 13:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყეს.

მეზღვაურთა დღე ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მეზღვაურთა დღე ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მემედ აბაშიძის ქუჩის გავლით მეზღვაურები სანაოსნოსკენ გაემართნენ
მსვლელობის დროს საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი
მეზღვაურთა დღეს ბათუმში 24-ზე მეტი შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მეზღვაურები და მექანიკოსები დააჯილდოვეს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საზეიმო ცერემონია ბათუმის ნავსადგურში
მეზღვაურთა დღე
საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 24-ზე მეტი ადამიანი დააჯილდოვეს
დააჯილდოვეს წარმატებული სტუდენტები
მეზღვაურთა დღე ბათუმში. 2019
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
დაღუპული მეზღვაურების პატივსაცემად ზღვაში ყვავილების გვირგვინი ჩაუშვეს
ბათუმი. მეზღვაურთა დღე
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ნატა იმედაიშვილი: აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა ჰონორარების განაწილებას მე მხარი არ დავუჭირე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება გაიზარდა. ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ფეისბუქზე გამოეხმაურა. 

ნატა იმედაიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე:

„მსურს გამოვეხმაურო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურების გაზრდის საკითხს და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მეტი სიცხადე შევიტანო.

აღნიშნული საკითხი საბჭოს წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა დააყენა, რომელსაც მხარი დაუჭირა ირაკლი დარცმელიძემ და ბეჟან გობაძემ.

ორშაბათს მე და საბჭოს ერთ-ერთი წევრი, გიორგი ირემაძე, ვგეგმავთ ხელფასების გაზრდის საკითხის გადახედვას და საბჭოს დანარჩენ წევრებს მოვუწოდებთ მათ მიერ მხარდაჭერილი გადაწყვეტილება შეცვალონ.

მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველთა ჰონორარების განაწილების საკითხის დაყენება და გადაწყვეტილება სრულიად კანონიერია, ამ საკითხს მე მხარი არ დავუჭირე, რაც დაფიქსირებულია სხდომის ოქმში.

მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის განვლილი თვეების განმავლობაში უარი თქვა კანონით განსაზღვრული ჰონორარების ზრდაზე. რადგანაც მაუწყებლში მწვავედ იდგა თანამშრომელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ანაზღაურების პრობლემა და ამ ფონზე, საბჭოს წევრების ჰონორარის თუნდაც კანონიერ ზრდაზე მსჯელობა, უადგილოდ მივიჩნიეთ.

ბოლო დროს ნაწილობრივ მოგვარებული პრობლემების შემდეგ, საბჭომ შესაძლებლად მიიჩნია განეხილა ჰონორარების განაწილების ის ფორმები, რომლის შესაძლებლობლობებსაც აწესებს კანონი. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მრჩეველთა საბჭომ ამ ეტაპზეც ვერ შეძლო მაუწყებლის დირექტორის არჩევა, მე კვლავ უდროოდ მივიჩნიე ამ საკითხისათვის დამეჭირა მხარი. ჩემთვის ცნობილი იყო ასევე, საბჭოს კიდევ ერთი წევრის, გიორგი ირემაძის პოზიცია, რომელიც სრულიად იზიარებდა ამ მიდგომას. და რადგანაც ის არ ესწრებოდა ბოლო სხდომას, შესაბამისად არც მას დაუჭერია მხარი ამ გადაწყვეტილებისათვის.

თუმცა კოლეგიალური ორგანო გადაწყვეტილებებს ღებულობს უმრავლესობით. შესაბამისად საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია დაემორჩილოს და ხელი მოაწეროს მიღებულ აქტს.“

_______________________

წყარო: facebook

დაჯილდოებული მეზღვაურები და კაპიტნები ბათუმში

დღეს, 13 ივლისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა ბათუმში. საზღვაო აკადემიის სტუდენტების მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან მემედ აბაშიძის ქუჩის მიმართულებით 13:00 საათზე დაიწყო. ქუჩის დასაწყისში მეზღვაურებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი, შემდეგ კი გადაინაცვლეს ნავსადგურის ტერიტორიაზე.

ნავსადგურის ტერიტორიაზე ცერემონია საქართველოს ჰიმნით დაიწყო, შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული  წვლილისთვის კაპიტნები და მექანიკოსები დააჯილდოვა.

ჯილდო გადასცეს შორეულ ნაოსნობაში მყოფ ქალ მეზღვაურს, კაპიტნის თანაშემწეს ნათია ლაბაძეს. „დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ქალ მეზღვაურს, რომელმაც სტერეოტიპების მიუხედავად აირჩია ეს პროფესია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია ლაბაძე

საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ კაპიტნებს: იური ქადარიას და თამაზ იმერლიშვილს, ასევე, უფროს მექანიკოსს იური ქორიძეს.

გარდაცვალების შემდეგ საზღვაო სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის ჯილდო გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს ომარ ფირცხალავას,  ასევე, საზღვაო აკადემიის თანამშრომელს პოლკოვნიკ კანდიდ მიქატაძეს.

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცა კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც 200 მილიონზე მეტი შემოგაქვთ ეკონომიკის გასამყარებლად. ჩვენ ვართ თქვენი მადლიერები და ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იქეთკენ, რომ ეს ციფრი სულ ცოტა, გასამმაგდეს,“-განაცხადა ნათია თურნავამ ცერემონიალზე.

ნათია თურნავა და იური ქადარია

„2017 წლის 26 ივლისს არაბეთის ზღვაში ტანკერ „რამაორზე“ უბედური შემთხვევა მოხდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად გადარჩა 13 მეზღვაურის სიცოცხლე. ქართველი გმირი მეზღვაურები არიან: დავით ბარამიძე, ამირან ჩოგაძე, თენგიზ ქარჩავა, ომარ ნასარიძე, ირაკლი კალანდაძე, რაულ დავლაძე, თორნიკე ზოიძე, ლევან ფუტკარაძე, ალექსანდრე ჩაჩუა, რამაზ ბეჟანიძე, ნოდარ სუკონიკოვი, მიხეილ მეფარიშვილი, ბიძინა ღოღობერიძე, იგორ ეგიზაროვი, გოგი ბაგრატიონი.

ნათია თურნავა და თამაზ იმერლიშვილი

ამ ადამიანებს გადაეცა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯილდო ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, რომელიც საქართველომ მეორემ მიიღო,“- განაცხადეს დაჯილდოვების ცერემონიალზე.

ნათია თურნავა და იური ქორიძე

წარმატებული სამაშველო ოპერაციისთვის ჯილდო გადაეცა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საპატრულო კატარღა „გენერალ მაზნიაშვილის“ მცირე საპატრულო კატარღა „სიარკისა“ და საპატრულო კატარღა „ივერიას“ ეკიპაჟის წევრებს და პირად შემადგენლობას. „მათ ცეცხლმოკიდებულ კატარღა „კარბედიემზე“ მყოფი ადამიანები გადაარჩინეს“.

თორნიკე რიჟვაძე და კანდიდ მიქატაძე

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს ელჩის წოდება გადაეცა უფროს მექანიკოსს ლაშა თავაძეს.

მეზღვაურთა დღეს დააჯილდოვეს წარჩინებული სტუდენტები, აქედან ორ სტუდენტს სასწავლო სტიპენდია გადაეცა. სანაოსნოს მიმდებარედ, დაარსდა მეზღვაურთა სკვერი.

მეზღვაურთა დღე ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ცერემონიის შემდეგ, ზღვაში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შემდეგ კი ზღვაში ყვავილების გვირგვინი ჩაუშვეს.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ფრანების შოუ, მუსიკა და ფოიერვერკი – დღეს ქობულეთში ფესტივალი გაიმართება

დღეს, 13 ივლისს, ქობულეთში ფესტივალი – Kobuleti Fest 2019 გაიხსნება. 

ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

Kobuleti Fest 2019 14:00 საათზე ფრანების შოუთი გაიხსნება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალზე შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და მოწვეული დიჯეების –  Beka,  Chiki,  Toke,  ასევე მუსიკალური ბენდების: Melomaniak და Goofy Land-ის  მოსმენა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, გაიმართება ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმების  ჩვენება პარკის ამფითეატრში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

ფესტივალის აფიშა ასე გამოიყურება:

  • 14:00 – 17:30 – Beka
  • 17:30 – 21:00 – Chiki
  • 21:00 – 22:00 – Melomaniakk
  • 22:00 – 23:00 – Goofy Land
  • 23:00 – 03:00 – Toke
  • 14:00 – 18:00 ფრანების შოუ
  • 14:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი ღონისძიებები
  • 20:00 – მულტფილმების ჩვენება ამფითეატრში
  • 21:00 – ცეცხლოვანი შოუ
  • 21:30 – კოცონი
  • 23:00 – ფოიერვერკი

ქობულეთის ფესივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. ფესტივალს ქობულეთის მერიის ორგანიზებით, უცხოელი ჟურნალისტები, ტუროპერატორები, ბლოგერები, ასევე ქობულეთს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები ესტუმრებიან.

ქობულეთის ფესტივალთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახური ბათუმის ქობულეთის მიმართულებით ორ დამატებით ხაზს ნიშნავს.  მუნიციპალური ტრანსპორტი 19:00 საათსა და 20:00 საათზე ბათუმიდან, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიიდან გამოვა.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით ტრანსპორტის ქობულეთის ცენტრალური პარკიდან ღონისძიების დასრულების შემდეგ დაბრუნდება.

_______________

ფოტოზე: ქობულეთის სანაპირო, 2018 წელი.

სარფის სასაზღვრო პუნქტზე გადაადგილება შეზღუდულია

დღეს, 13 ივლისს, დილას, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია კვარიათის გზაზე, სარფის სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით. თვითმხილველების თქმით, კვარიათში გზა გადაკეტილია და საპატრულო პოლიცია მსუბუქ ავტომაქანებს უკან აბრუნებს.

შსს სამინისტროს ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვა თურქეთის მხრიდან, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტექნიკურმა შეფერხებამ გამოიწვია.

აჭარის განათლების სამინისტროს განმარტება აჭარის მოდის კვირეულის მხარდაჭერაზე

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე მოწვეული 5 სტუმრისათვის თვითმფრინავის ბილეთებს შეიძენს და ასევე, ხუთი სტუმრის VIP კლასის სასტუმროში განთავსებისთვის გადაიხდის ფულს. ამისათვის  სამინისტრო ჯამში 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს. ტენდერები ამ მომსახურების შესაძენად უკვე გამოცხადებულია.

„ბათუმელებმა“ ჰკითხა სამინისტროს სტუმრების ვინაობისა და აჭარის მოდის კვირეულის ბიუჯეტიდან მხარდაჭერის მიზანშეწონილობის შესახებ.

აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ აჭარის მოდის კვირეული ხელს უწყობს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ახალგაზრდა დიზაინერებს, წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, რაც მათთვის მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ უჭერს სამინისტრო მხარს მოდის კვირეულს.

რაც შეეხება სტუმრების ვინაობას, სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შემდეგ დაზუსტდება, კონკრეტულად ვინ დაესწრება Adjara Fashion Week-ს, ტენდერები ბილეთისა და სასტუმროს ნომრების შესაძენად კი წინმსწრებად გამოაცხადეს, დროში ცდომილების თავიდან ასაცილებლად.

________

ფოტო Adjara Fashion Week-ის ფეისბუქგვერდიდან.

ამავე თემაზე: 

აჭარის მოდის კვირეულზე 5 სტუმრის მგზავრობას და სასტუმროს განათლების სამინისტრო აფინანსებს

„გახარია წადი“ – ბანერი ჩაქვში მაგისტრალზე

აქტივისტებმა დღეს, 12 ივლისს, ჩაქვში შს მინისტრის გამოსახულებიანი ფოტო წარწერით – „გახარია წადი“ კიდევ ერთხელ გამოფინეს.

აქტივისტები, რომლებმაც ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე გამოფინეს ეს საპროტესტო ბანერი, აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი იყო ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ სტუმრებს, რომლებიც საერთაშორისო კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას, კიდევ ერთხელ ენახათ, როგორ არ ეგუება საზოგადოება მინისტრს, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“ ბათუმში გუშინ, 11 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.

საპროტესტო აქციები შს მინისტრის – გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით კი 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

გიორგი გახარიამ გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

 

ბათუმში შაბათ-კვირას იწვიმებს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ივლისის  21 საათიდან 13 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ღამით და დილით – ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის   მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით და დილით ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი 
  • ღამით: 3– 8 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია. ტალღის სიმაღლე:  15-20 დმ – 4-5 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 14 ივლისს, ღამით და დილით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ორშაბათს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

___________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ხელფასები გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება გაიზარდა.

მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების – თვეში 3 025 ლარით. ჯამში მრჩეველთა საბჭოს წევრების საქმიანობის ანაზღაურებისთვის თვეში 15 475 ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილება ძალაში გუშინ, 11 ივლისიდან შევიდა.

მრჩეველთა საბჭოს წევრების ანაზღაურება ერთი წლის წინაც გაიზარდა. აქამდე მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე 2 900 ლარს იღებდა ჰონორარის სახით, მოადგილე – 2 700 ლარს, ხოლო წევრი – 2 625 ლარს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. ვებგვერდზე მითითებული არ არის მოადგილის ვინაობა.

ანაზღაურება გაეზარდათ მრჩეველთა საბჭოს აპარატის წევრებსაც. კერძოდ, მრჩეველთა საბჭოს აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფის მენეჯერის ჰონორარის ოდენობა 2 450 ლარით განისაზღვრა, აპარატის საქმისწარმოების მენეჯერის კი – 1900 ლარით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტი 267 915 ლარია.

_________

ფოტოზე: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/331552/

 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი: ჩვენ შევქმენით პრეცედენტი

მარკეტინგის სპეციალისტი ზუკა ბერძენიშვილი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც 20 ივნისიდან დღემდე მინისტრი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტებმა ბათუმშიც გამართეს აქცია საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად და დელეგატების თვალწინ. ზუკა ამბობს, რომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად 20 ივნისამდე იქცა – მაშინაც, ანუ 12 მაისს, პროტესტის მთავარი სამიზნე – მინისტრი გიორგი გახარია იყო, რომელსაც „ბასიანის “სპეცოპერაციის წლისთავის აღსანიშნავად თბილისში ბიუსტი დაუდგეს.

„საპროტესტო აქციებში ბევრჯერ ვყოფილვარ წინა წლებში, როგორც მონაწილე, თუმცა ამჯერად პასუხისმგებლობის აღება გადავწყვიტე. ძალიან ბუნებრივად მოხდა ეს, იმ წუთებში არ ვფიქრობდი ამაზე… იქ აღმოვაჩინე ბევრი თანამოაზრე, საერთო იდეებისთვის მებრძოლი ადამიანები. მოკლედ, ერთმანეთი ვიპოვეთ. ახლა მიხარია, რომ ეს მოძრაობა არის მართლა სახალხო და დემოკრატიული,“ – ამბობს ზუკა ბერძენიშვილი. ზუკა გვიყვება, რომ პოლიტიკური გემოვნება ბევრჯერ შეეცვალა, თუმცა პოლიტიკური პარტიის წევრობას და დიდ პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავს.

„მე უფრო მომწონს, როცა სამოქალაქო მოძრაობას აქვს გავლენა პოლიტიკურ პროცესზე,“ – დასძენს იგი.

„მე მაინც მგონია, რომ გახარია აუცილებლად წავა. რომც არ წავიდეს, ეს არის უკვე პრეცედენტი ყველა მომდევნო შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, რომელიც ვიდრე მსგავს საშინელ გადაწყვეტილებას მოაწერს ხელს, რაც 20 ივნისის ღამეს იყო, მაგრად აუკანკალდეს ხელი. ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო სენსიტიური მსგავსი უსამართლობის მიმართ, მაგრამ ამჯერად ძალიან დიდი პროტესტია დაფიქსირებული. ასე რომ, გახარია თუ არ გადადგება, ამაზე დიდად აღარ ვდარდობ,“ – გვითხრა ზუკა ბერძენიშვილმა.

ახალგაზრდული მოძრაობის წევრი ფიქრობს, რომ საკომუნიკაციო სისტემების მიუხედავად, ხელისუფლება მაინც საინფორმაციო ვაკუუმშია და სჯერა, რომ პროპაგანდის მანქანები შეძლებენ საზოგადოების დარწმუნებას და ოპონენტების „გაშავებას“.

აქტივისტები დღეს, 12 ივლისს, ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ისევ აპირებენ გახარიას ბანერების გადმოფენას იმისთვის, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალმა საერთაშორისო კონფერენციის სტუმრებმა კიდევ ერთხელ ნახონ, როგორ არ ეგუება საზოგადოება მინისტრს, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია.

„გუშინდელ ეთერში არაერთი ტყუილი თქვა გახარიამ… ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ტყუილი იყო ის, რომ სანამ არ ჩამოვიდა გავრილოვი, ოპოზიცია ხმას არ იღებდაო, როცა ორი ბრიფინგი გვახსოვს, სადაც ოპოზიცია მოითხოვდა არ შემოეშვათ გავრილოვი. მეორე – დიპლომატები იქ იყვნენო. მესამე: არავის მოხვედრია ტყვიები და მარტო ორი კაცი წევს დაშავებული კლინიკაშიო. გუშინვე გამოეხმაურა მინისტრს ერთ-ერთი დაშავებული კლინიკიდან, სადაც ისევ რჩება ოთხი დაშავებული. ეს მარტო ერთ კლინიკაში. ჩვენ ახლა საინფორმაციო ბუკლეტებს ვამზადებთ, რომელსაც ბათუმში დავარიგებთ. ბუკლეტში ჩამოწერილი იქნება „გახარიას 9 ტყუილი“ გამყარებული ფაქტებით“, – ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

„ჩვენ აპარტიულები ვართ“ – აცხადებენ ხშირად საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ახალგაზრდა აქტივისტები. ზუკა განმარტავს, რომ ახალგაზრდებმა უფრო შეძლეს საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანება და უკან გადადეს ერთმანეთის პოლიტიკური გემოვნება. იგი თვლის, რომ ამ სამოქალაქო მოძრაობამ არც პოლიტიკოსებს უნდა ჩაუკეტოს კარი, თუკი ისინი პირადი მიზნებისთვის არ დააზიანებენ საერთოს. ზუკა იხსენებს აქციებს, როცა პრობლემა, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ერთმანეთის ლანძღვით დაკავებულ პოლიტიკოსებს თითქმის დაავიწყდათ.

ზუკა ბერძენიშვილი ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიაში აგრძელებს მუშაობას და ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩენას ვეღარ შეძლებს.

______________

ფოტოზე: ზუკა ბერძენიშვილი [შუაში]

რა ღირს დასვენება ბეშუმსა და გოდერძიზე

ბეშუმში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და საზაფხულო კურორტი დამსვენებლებს ელის. უნიკალური ჰავითა და ადგილმდებარეობით გამორჩეულ ბეშუმში დასვენება მცირე ბიუჯეტითაცაა შესაძლებელი. მაგრამ თუ მთასთან ერთად კომფორტიც გჭირდებათ, მაშინ საკმაო თანხის დახარჯვაც მოგიწევთ. მაგალითად, ერთი ღამის გათევა 20 -50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. თუ ოჯახით გსურთ გარკვეული პერიოდით დასვენება, კოტეჯის დაქირავება დღეში, საშუალოდ, 90-100 ლარია.

ბეშუმში შეგიძლიათ დაიქირაოთ კოტეჯი, ოთახი სასტუმროში ან კერძო სახლი. ფასები ყველა შემთხვევაში განსხვავებულია.

თემურ ქედელიძე ბეშუმში 33 კოტეჯს განკარგავს. კოტეჯი გათვლილია 3-5 ადამიანზე. 1 ადამინის ღამისთევის ფასი სამჯერადი კვებით 30 ლარია. თუმცა იმისათვის, რომ კოტეჯი დაიქირაოთ, მინიმუმ სამი ადამიანი მაინც უნდა იყოთ.

თემურ ქედელიძის თქმით, კოტეჯები კეთილმოწყობილია და იქ ყველანაირი პირობაა კომფორტული დასვენებისთვის. თითოეულ კოტეჯში არის ცხელი-ცივი წყალი, ინდივიდუალური აბაზანა და ტელევიზორი.

50 ლარი დაგიჯდებათ ერთი ღამით ერთი ოთახის დაქირავება  თამაზ შანთაძის სასტუმროში. თამაზ შანთაძის თქმით, ოჯახებისათვის გასაქირავებლად აქვს ასევე კეთილმოწყობილი სახლი სამი საძინებლით, რომელიც ერთი ღამით 100 ლარი ღირს.

სახლში სამი საძინებელია და 6-8 ადამიანი შეიძლება მოთავსდეს.

40-50 ლარის დაქირავება ღირს კოტეჯში ერთი ადამიანისთვის ღამის გათევა კურორტ გოდერძიზე. ამ თანხაში არ შედის კვება. კურორტზე რამდენიმე კოტეჯია. თითოეულში არის 4 სრულყოფილი სასტუმრო ოთახი და ერთდროულად მოთავსდება 12 ადამიანი. თითოეულ კოტეჯში არის დიდი ჰოლი, სამზარეულო და ბუხარი. მთლიანი კოტეჯის დაქირავება ერთი დღით 440 ლარი ღირს.

ბეშუმთან ახლოს, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე სასტუმროში ღამისთევა ერთადგილიან ნომერში 60 ლარი ღირს, ხოლო ორ ადგილიანში – 80 ლარი.

კოტეჯებთან არის რამდენიმე კაფე-ბარი, სადაც კვება 15-25 ლარის ფარგლებშია.

კურორტ გოდერძიზე სარემონტო სამუშაოების გამო არ მუშაობს საბაგირო. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საბაგირო პირველი აგვისტოდან ამუშავდება და ერთი გზა 5 ლარი ეღირება.

ამავე თემაზე:

ზაფხულის ზღაპარი ბეშუმში

Exit mobile version