მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები

15.07.2019 • 3064
რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი

ფაუსტისა და მეფისტოფელის სკულპტურები გერმანიის ქალაქ ზემპერიში, დრეზნდენში გვერდიგვერდ დგას. ეს სკულპტურები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც საქართველოსა და მისი ჩრდილოელი მეზობლის ისტორიები ბოლო ორი ასეული წლის მანძილზე.

გოეთეს ფაუსტის ერთ-ერთი მთავარი გააზრება ისტორიის შეჯამებაა. ადამიანის განვლილი და გასავლელი ცხოვრების ერთმანეთთან დაჯახებაა. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთის იმპერიალიზმთან ურთიერთობაში მაგონებს გოეთეს ფაუსტის ფილოსოფიურ ანარეკლებს. ფაუსტი, რომელიც ეძებს თავის ადგილს ცხოვრებაში, იძიებს საკუთარ არსს, მეფისტოფელის ყურადღებას იპყრობს, რომელიც მას წარსულის ინდულგენციებით და ნათელი მომავლის პერსპექტივით აღავსებს. ფაუსტს ადვილად შეაცდენს მეფისტოფელი, აკრძალულ ბედნიერებას და  ამორალურ ცხოვრებას დააწაფებს, თუმცა მის სულს ვერ მიითვისებს ბოლომდე, რადგან ფაუსტი ანგელოზების რჩეულია და მეფისტოფელს საბოლოოდ დაამარცხებს ღვთისმშობელი.

მსოფლიოში ნებისმიერი იმპერიისა და იმპერიალიზმის სამარკო ნიშა მეფისტოფელის როლია. ასე დაემართა ერეკლე მეორეს, როდესაც  სუვერენულ საწყისებზე ხელმოწერილი გეორგიევსკის შეთანხმების მუხლები ისე „შეუსრულა“ რუსეთმა საქართველოს, რომ ბაგრატიონების სამეფო დინასტია უბრალო თავადურ გვარად აქცია იმპერიაში.

დღევანდელი რუსეთის იმპერიალიზმი მეფისტოფელის სინდრომითაა შეპყრობილი, ოღონდ ამჟამად ბევრი ფაუსტია მსხვერპლის მანტიით და მშველელი არსაიდან ჩანს. ჰიბრიდული ომის ფარგლებში იმპერიალიზმი სამხედრო ჩარევების გარეშე სასურველ ნიადაგს ქმნის რიგი ქვეყნების პოლიტიკურ მარწუხებში მოსაქცევად.

უდავოა, რომ პუტინის ბოლოდროინდელი რეაქციები ჰიბრიდული ომის წარმატებული სახეა. ერთი უბედურება არის ის, რომ ქვეყნები ჰიბრიდულ ომში მარცხდებიან რუსეთთან და მეორე ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ქვეყნების შესახებ საკუთარ ისტორიას წერს, რაც ასევე ჰიბრიდული ომის ნაწილია და ამ ქვეყნების წარსულსა და მომავალს ეჯახება.

„პუტინის მიერ შეფასებულ საბჭოთა კავშირის დაშლას, როგორც „გეოპოლიტიკურ კატასტროფას“ რომ თავი დავანებოთ, რუსეთის პრეზიდენტი ემხრობა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს. მას მხარს უჭერს და იწონებს იმის გამო, რომ ამ პაქტმა საფუძველი დაუდო აღმოსავლეთ ევროპის  ორად გახლეჩას. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე საუბრისას პუტინმა შეცვალა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნიუანსი, დაადანაშაულა დასავლეთ ევროპა და ყველა აქტორი ბრიტანეთის პრემიერ ჩემბერლენის ჩათვლით, თქვა არაერთი ტყუილი პაქტის საიდუმლო ოქმებისა, დახურული მუხლებისა  და სხვა დოკუმენტების შესახებ.

მრჩება შთაბეჭდილება – ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ამ თემით სპეკულირებს იმიტომ, რომ თუ, მაგალითად, 2009 წელს პოლონეთში ვიზიტისას, მან ამ პაქტს მორალური უწოდა, 2015 წელს გერმანიაში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს მიწასთან გაასწორა ეს შეთანხმება.

ზუსტად იმავეს აკეთებს რუსეთის პოლიტიკური ელიტა ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს შეჭრასთან დაკავშირებით. პუტინის აზრით, ხავერდოვანი რევოლუცია და საბჭოთა ჯარების ყოფნა 1989 წლამდე ჩეხოსლოვაკიაში ხალხის სურვილი იყო.

ახლა რაც შეეხება პუტინის განცხადებას საქართველოს შესახებ:

ისტორია მოითხოვს აღინიშნოს, რომ რუსეთს მეოცე საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ საქართველოსთან მოუხდა დაპყრობითი ომი სამხრეთ კავკასიაში.1920 წელს მან უბრძოლველად დაიმორჩილა აზერბაიჯანი და სწორედ საინგილოს მხრიდან აპირებდა საქართველოში შემოსვლას, რომელიც გენერალმა კვინიტაძემ შეაჩერა. კვინიტაძის დამსახურება იყო ის, რომ ამ წარუმატებელი შემოჭრის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან გააფორმა შეთანხმება და საქართველო აღიარა სუვერენულ სახელმწიფოდ. შეთანხმება  ისტორიაში შესულია როგორც 1920 წლის 7 მაისის საქართველო–რუსეთის ხელშეკრულება, სადაც ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ არც ერთი მათგანი არ დაუშვებს თავის ტერიტორიაზე მეორეს საწინააღმდეგო რაიმე სამხედრო დაჯგუფების საქმიანობას. ასევე ორივე მხარე ერთმანეთს აღიარებს სუვერენულ საერთაშორისო სამართლებრივ სუბიექტად და პირობას დებს, რომ არ ჩაერევა ერთმანეთის შიდა საქმეებში. ეს ხელშეკრულება ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რადგან, ფაქტობრივად, იმპერიამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, გაწერილი იქნა ერთა ლიგის სადამფუძნებლო და შემდგომში გაერთიანებული ერების წესდებაში გადატანილი რამდენი საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპი (ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის პრინციპი, დავების მშვიდობიანი მოგვარებისა და სახელმწიფოებს შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი), რასაც წესით ხელი უნდა შეეწყო მაშინდელი ქართული სახელმწიფოს  საერთაშორისო აღიარებისთვის.

საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველივე სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც ვერსალში შედგა, საქართველომ გააგზავნა თავისი დელეგაცია ზურაბ ავალიშვილისა და მიხაკო წერეთლის ხელმძღვანელობით. დაინტერესებული მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიხაკო წერეთელი იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო სამართლის (თვითნასწავლი) სპეციალისტი საქართველოდან, რომელიც თეორიულ ასპექტში ძალიან წარმატებულად ასაბუთებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის ჭრილში. მიხაკო წერეთლის ლონდონის უნივერსიტეტში შემონახული საერთაშორისო სამართლებრივი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დამფუძნებელ კრებას ძალზედ უნდოდა ერთა ლიგაში გაწევრიანება და ევროპასთან დაახლოება. ამ მიზნით 1919-1920 წლებში საქართველოს ერთა ლიგის არც ერთი სესია არ გამოუტოვებია გაწევრიანების თხოვნის გარეშე. თუმცა 1920 წლის 16 დეკემბერს, როდესაც კენჭი უყარეს საქართველოს გაწევრიანებას ერთა ლიგაში, საქართველომ საჭირო ხმები ვერ მოაგროვა.

თუმცა ერთა ლიგაში საქართველოს დამფუძნებელი კრების მეცადინეობა არ დარჩენილა უშედეგოდ, ერთა ლიგის ორმა უძლიერესმა სახელმწიფომ – საფრანგეთმა და ინგლისმა საქართველო აღიარა იმ რუკით, რომელიც წარდგენილი იქნა ერთა ლიგაზე და რომელშიც შედიოდა დღევანდელი აფხაზეთი, სოჭი, სამხრეთ ოსეთი და დღევანდელი საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენილი ტაო-კლარჯეთი, ლორე და საინგილო.

გოეთეს ფაუსტს აქვს ჯადოსნური სიტყვები, რომელიც ფაუსტს აღმოხდება აკრძალული ბედნიერების განცხრომისას – „შეჩერდი წამო“, თუმცა ეს წამი არ ჩერდება არც ერთი წამითაც კი, რადგან ის მოჩვენებითია და მზაკვრული.

საქართველო რუსეთის ურთიერთობაშიც ყოფილა ალბათ „შეჩერდი წამოს“ შეგრძნება, როდესაც 37 მანეთად ჩვენი მამების თაობა ჩადიოდა მოსკოვში, თვით პოლიტიკურ ელიტასაც ჰქონია ამის შეგრძნება ალბათ, როდესაც რუსეთის პოლიტიკურ ელიტას მოჩვენებითი „ჯენტლმენობით“ ქართული პოლიტიკური ელიტის გული მოუგია, მაგრამ ეს მარადიული და ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო არასდროს ყოფილა, პირიქით ქვეყანა დაზიანებულა და ზიანდება. შედეგებს დღემდე ვიმკით.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო რუსეთთან საგარეო პოლიტიკას რა შინაარსით გაატარებს, რადგან იმპერიალიზმით შემოსილი მეფისტოფელი მეფისტოფელად რჩება. ბოლო ორი საუკუნის  მანძილზე საქართველო დაემგვანა ფაუსტს, არადა, დროა გამოვიდეს ფაუსტის როლიდან, ირწმუნოს საკუთარი ძალებისა და გადადგმული ნაბიჯებით ღირსეული სახელმწიფოს იმიჯი შეიქმნას რუსეთთან მიმართებაში.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: