მარკეტინგის სპეციალისტი ზუკა ბერძენიშვილი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვინც 20 ივნისიდან დღემდე მინისტრი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტებმა ბათუმშიც გამართეს აქცია საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად და დელეგატების თვალწინ. ზუკა ამბობს, რომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად 20 ივნისამდე იქცა – მაშინაც, ანუ 12 მაისს, პროტესტის მთავარი სამიზნე – მინისტრი გიორგი გახარია იყო, რომელსაც „ბასიანის “სპეცოპერაციის წლისთავის აღსანიშნავად თბილისში ბიუსტი დაუდგეს.
„საპროტესტო აქციებში ბევრჯერ ვყოფილვარ წინა წლებში, როგორც მონაწილე, თუმცა ამჯერად პასუხისმგებლობის აღება გადავწყვიტე. ძალიან ბუნებრივად მოხდა ეს, იმ წუთებში არ ვფიქრობდი ამაზე… იქ აღმოვაჩინე ბევრი თანამოაზრე, საერთო იდეებისთვის მებრძოლი ადამიანები. მოკლედ, ერთმანეთი ვიპოვეთ. ახლა მიხარია, რომ ეს მოძრაობა არის მართლა სახალხო და დემოკრატიული,“ – ამბობს ზუკა ბერძენიშვილი. ზუკა გვიყვება, რომ პოლიტიკური გემოვნება ბევრჯერ შეეცვალა, თუმცა პოლიტიკური პარტიის წევრობას და დიდ პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავს.
„მე უფრო მომწონს, როცა სამოქალაქო მოძრაობას აქვს გავლენა პოლიტიკურ პროცესზე,“ – დასძენს იგი.
„მე მაინც მგონია, რომ გახარია აუცილებლად წავა. რომც არ წავიდეს, ეს არის უკვე პრეცედენტი ყველა მომდევნო შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, რომელიც ვიდრე მსგავს საშინელ გადაწყვეტილებას მოაწერს ხელს, რაც 20 ივნისის ღამეს იყო, მაგრად აუკანკალდეს ხელი. ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო სენსიტიური მსგავსი უსამართლობის მიმართ, მაგრამ ამჯერად ძალიან დიდი პროტესტია დაფიქსირებული. ასე რომ, გახარია თუ არ გადადგება, ამაზე დიდად აღარ ვდარდობ,“ – გვითხრა ზუკა ბერძენიშვილმა.
ახალგაზრდული მოძრაობის წევრი ფიქრობს, რომ საკომუნიკაციო სისტემების მიუხედავად, ხელისუფლება მაინც საინფორმაციო ვაკუუმშია და სჯერა, რომ პროპაგანდის მანქანები შეძლებენ საზოგადოების დარწმუნებას და ოპონენტების „გაშავებას“.
აქტივისტები დღეს, 12 ივლისს, ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ისევ აპირებენ გახარიას ბანერების გადმოფენას იმისთვის, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალმა საერთაშორისო კონფერენციის სტუმრებმა კიდევ ერთხელ ნახონ, როგორ არ ეგუება საზოგადოება მინისტრს, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია.
„გუშინდელ ეთერში არაერთი ტყუილი თქვა გახარიამ… ერთ-ერთი ყველაზე ცხადი ტყუილი იყო ის, რომ სანამ არ ჩამოვიდა გავრილოვი, ოპოზიცია ხმას არ იღებდაო, როცა ორი ბრიფინგი გვახსოვს, სადაც ოპოზიცია მოითხოვდა არ შემოეშვათ გავრილოვი. მეორე – დიპლომატები იქ იყვნენო. მესამე: არავის მოხვედრია ტყვიები და მარტო ორი კაცი წევს დაშავებული კლინიკაშიო. გუშინვე გამოეხმაურა მინისტრს ერთ-ერთი დაშავებული კლინიკიდან, სადაც ისევ რჩება ოთხი დაშავებული. ეს მარტო ერთ კლინიკაში. ჩვენ ახლა საინფორმაციო ბუკლეტებს ვამზადებთ, რომელსაც ბათუმში დავარიგებთ. ბუკლეტში ჩამოწერილი იქნება „გახარიას 9 ტყუილი“ გამყარებული ფაქტებით“, – ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.
„ჩვენ აპარტიულები ვართ“ – აცხადებენ ხშირად საპროტესტო მოძრაობაში ჩართული ახალგაზრდა აქტივისტები. ზუკა განმარტავს, რომ ახალგაზრდებმა უფრო შეძლეს საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანება და უკან გადადეს ერთმანეთის პოლიტიკური გემოვნება. იგი თვლის, რომ ამ სამოქალაქო მოძრაობამ არც პოლიტიკოსებს უნდა ჩაუკეტოს კარი, თუკი ისინი პირადი მიზნებისთვის არ დააზიანებენ საერთოს. ზუკა იხსენებს აქციებს, როცა პრობლემა, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ერთმანეთის ლანძღვით დაკავებულ პოლიტიკოსებს თითქმის დაავიწყდათ.
ზუკა ბერძენიშვილი ერთ-ერთ მარკეტინგულ კომპანიაში აგრძელებს მუშაობას და ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩენას ვეღარ შეძლებს.
______________
ფოტოზე: ზუკა ბერძენიშვილი [შუაში]