დღეს, 3 ნოემბერს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალზე “ბათუმელებთან” კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს გაყიდვა არ იგეგმება და არსებობს კონკრეტული გეგმა ამ საავადმყოფოსთან დაკავშირებით.
- ბატონო დავით, დღეს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მესამე აქცია იმართება. ექიმები ითხოვენ, რომ საავადმყოფოს ახალი შენობა დასრულდეს, საავადმყოფო ამოქმედდეს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ თანხა ამისათვის აჭარის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. ასევე, არის ეჭვი იმაზეც, რომ მთავრობას სურს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაყიდოს. არსებობს რაიმე გადაწყვეტილება ამ თემაზე?
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც მიღებული და მოწონებულია. ეს გეგმა გაჟღერებული მაქვს ბათუმში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისება არ მოიაზრება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არის ჯანდაცვის ობიექტი, რომელიც გარკვეულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.
ეს პროექტი ამუშავდება უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან და ამ პროექტის მიხედვით, საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს კლინიკები იქნება: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი; ზუგდიდის რუხის კლინიკა, რომლის მშენებლობა ასევე სრულდება და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. მინიმუმ ეს ოთხი კლინიკა იქნება მოქცეული ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფო საკუთრებაში. ეს პროექტი ცალსახად ამას მოიაზრებს.
შინაარსობრივად ეს ეტალონურობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო აკეთებს ინვესტიციას, იმისათვის, რომ თვისობრივი ეტალონები შექმნას ფასი-ხარისხის შეფარდების, საუნივერსიტეტო განათლების შესაძლებლობით და მაღალი ხარისხის სერვისების. ბათუმის რესპუბლიკური მოიაზრება ამ დიდ და ძალიან კარგ პროექტში, ასე რომ შიში ან მოლოდინი იმაზე, რომ საავადმყოფო გასხვისდება, ცალსახად არ უნდა იყოს. ბათუმის რესპუბლიკურის შესანიშნავი კოლექტივი მუშაობდა და დღემდე მუშაობს ძველ შენობაში, მათ ჩვენ ვუშენებთ ახალ შენობას.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩვენ კონსულტანტებთან ერთად უკვე ვასრულებთ ამ სამუშაოს.
- თუმცა თანხა გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო აჭარის ბიუჯეტში. ექიმები ამბობენ, რომ ეს ასე არ არის და აქედან მოდის ეჭვიც.
არ არის ეჭვის საფუძველი. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება არის აჭარის ბიუჯეტის საკითხი. რაც შეეხება მის აღჭურვას, ეს იქნება ერთიანი პროექტი, მინიმუმ იმ ოთხი კლინიკის, რომელზეც მოგახსენეთ, ეს უკვე ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელდება. ცენტრალური ბიუჯეტში მოაზრებულია რამდენიმე პროგრამა ინფრასტრუქტურის და აღჭურვის. თუმცა, როგორც კი ჩვენ ამ პროექტს დავასრულებთ (როგორც გითხარით ეს იქნება წლის დასასრულს, თუმცა შეიძლება იანვარში გადავიდეს), გვეცოდინება ზუსტი ბიუჯეტი, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის. ეს არის ცენტრალური ბიუჯეტი, პლუს დონორების დაფინანსება, არა კერძო მესაკუთრეების, არა მეწილეების, არამედ გარკვეული დონორული დაფინანსება.
- რომელ დონორებზეა საუბარი?
ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე სამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც გვეხმარებიან გარკვეული გრანტებით და მათი დახმარებით უამრავი პროექტი გავაკეთეთ. მე არ მინდა ვიჩქარო და ნედლი ვერსია გამოვიტანო. ჩვენ რომ გვეჩქარა, ვერც საყოველთაო დაზღვევას გავაკეთებდით და ვერც ვერაფერს, ამიტომ უნდა გვქონდეს საშუალება, რომ აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით მივიყვანოთ, გავწეროთ ეს ყველაფერი. კონცეფციის და გეგმის დონეზე გიდასტურებთ ცალსახად, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მოიაზრება აი, ამ სანიმუშო კლინიკების ქსელში, რომელიც იქნება სახელმწიფო საკუთრებაში. მისი განკერძოება არ განიხილება.
- აჭარის მთავრობასთან გქონდათ საუბარი, რატომ ვერ მოხვდა ბიუჯეტში ამ საავადმყოფოს მშენებლობის თანხის გათვალისწინება?
აჭარის მთავრობასთან სულ მაქვს კომუნიკაცია ამ დიდი კონცეფციის თემაზე და, რა თქმა უნდა, ისინი საქმის კურსში არიან. ასეც იყო მოაზრებული, რომ მშენებლობის დასრულების ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო მათთან, რაც შეეხება აღჭურვას, ეს მოხდება ქვეყნის ბიუჯეტიდან.
______
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, შემდგომ ახალ ვადად 31 აგვისტო იქნა დასახელებული, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა.
ამავე თემაზე: