განათლება,მთავარი,სიახლეები

დაბრუნდება თუ არა გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლაში – სამინისტროს განმარტება

21.11.2018 • 2630
დაბრუნდება თუ არა გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლაში – სამინისტროს განმარტება

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ სამინისტრო აპირებს, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დააბრუნოს. სფეროთი დაინტერესებული პირების ერთი ნაწილი გოგებაშვილის „დედა ენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ნაწილი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრეა. რას გულისხმობს მინისტრი „დედა ენის“ დაბრუნებაში მაშინ, როცა სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები უკვე შესულია? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ჯაყელი საუბრობს.

ქალბატონო თამარ, განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებაზე იმეჯელებს. თქვენ, როგორც განათლების სპეციალისტს, მიგაჩნიათ, რომ „დედა ენის“ დაბრუნება სკოლაში აუცილებელია? ამის საჭიროებას ხედავთ თუ ვერა?

მინდა დავაზუსტო, რომ როცა ვსაუბრობთ გოგებაშვილისეულ „დედა ენაზე“, აქ გოგებაშვილისეული მეთოდი იგულისხმება და არა 1912 წელს გამოცემული წიგნი, რომლის ახლა დაბეჭდვა ნამდვილად ბევრ უხერხულობას შექმნის. საერთოდ, „დედა ენის“ დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი ძალიან კომპლექსური და რთული თემაა.

სოციალურ ქსელებში კომენტარებს როცა გადავხედე, იქმნებოდა  შთაბეჭდილება, რომ სწორედ გოგებაშვილის „დედა ენის“ ძველი გამოცემის დაბრუნებაზეა საუბარი. ეს ასე არ არის?

პირდაპირ კოპირებაზე არავინ საუბრობს. ეს გაუგებრობაა ნამდვილად. უბრალოდ, როცა ვლაპარაკობთ გოგებაშვილისეულ მეთოდზე, აქ უფრო გოგებაშვილისეულ ანალიზურ-სინთეზური მეთოდის კონკრეტულ ხორცშესხმაზეა საუბარი. გოგებაშვილი უამრავ დეტალს აქცევდა ყურადღებას, მაგალითად, ასოების რიგის დადგენის, საანალიზო სიტყვათა შერჩევის პრინციპს და ა.შ. რეალურად, ამ მეთოდმა მიაღწია იმას, რომ ხელს უწყობს ბავშვის კითხვის უნარების განვითარებას, დეკოდირების პროცესის ავტომატიზებას. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია გააზრებული კითხვის დაუფლების გზაზე.

რაც უფრო სწრაფად აღწევს ბავშვი მოქნილ კითხვას, მით უფრო მალე შეგვიძლია კითხვის, როგორც გაგება-გააზრების უნარებზე ვიმუშაოთ მასთან. ამ მხრივ საოცარი სამუშაოა ჩატარებული გოგებაშვილის მიერ თავის დროზე, მაგრამ დღევანდელ კონტექსტში სხვა პრობლემა იჩენს თავს. გოგებაშვილს რამდენიმე ძირეული პრინციპი ჰქონდა, რომელიც აქტუალობას არც დღეს კარგავს. მეორე პრინციპი იყო სასწავლო საქმიანობის ცხოვრებასთან დაკავშირება.

რა იგულისხმება ცხოვრებასთან დაკავშირებაში?

ადრე წერა-კითხვის სასწავლებლად ბავშვებს სთავაზობდნენ უფრო საეკლესიო ხასიათის ტექსტებს. გოგებაშვილმა ამის წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ ბავშვს უნდა შევთავაზოთ ის სიტყვები, რომლებიც მის ყოველდღიურ გარემოს უკავშირდება. მაშინ იყო აგრარული ყოფა, ამიტომ ეს ტექსტები გაჯერებულია სასოფლო-სამეურნეო ყოფაცხოვრების ამსახველი სიტყვებით. დღეს კი პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ვცხოვრობთ, იმდროინდელი სასოფლო-სამეურნეო რეალიები უცნობია ჩვენი ბავშვებისთვის. ამიტომ აქ უკვე გვერღვევა პრინციპი, თუკი ჩვენ უცვლელი სახით დავტოვებთ ამ სახელმძღვანელოს.

მაგალითად, გუთანს, სახნისს ან სხვა რომელიმე სასოფლო-სამეურნეო სიტყვას ბავშვი ვერ გაიგებს?

დიახ, არის კიდევ სხვა უამრავი სიტყვა, რომელიც თანამედროვე ბავშვებისთვის უცნობ სამყაროს განეკუთვნება. მსგავსი სიტყვები უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, მაგრამ არა საანბანო პერიოდში, კითხვის დაუფლების პროცესში.

გამოდის, ახალი სახელმძღვანელო უნდა შეიქმნას გოგებაშვილის მეთოდზე და არა პირდაპირ გადმოიწეროს „დედა ენა“?

სწორედ აქ იჩენს პრობლემა თავს. შინაარსის თანამედროვე კონტექსტთან ადაპტირების პროცესში შეიძლება დავკარგოთ საანბანო ნაწილის მძივივით აწყობილი თანმიმდევრობა. ახალი წიგნები, რომლებიც შეიქმნა, უწყობს თუ არა ხელს საანბანო პერიოდის უნარების განვითარებას, ეს ყველაფერი სანახავია. მე არ ვიცი.

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების გრიფირება და ბეჭდვა დასრულდა. სკოლებში შესულია ახალი სახელმძღვანელოები. თუკი გოგებაშვილისეული „დედა ენა“ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, აქამდე რატომ არ იმსჯელა სამინისტრომ ამ საკითხზე, ახლა რას შეცვლის ეს?

2013 წელს გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურის სამინისტროში 2014 თუ 2015 წელს შექმნილი იყო კომისია და კონკურსი გაიარა გოგებაშვილის მეთოდის ადაპტირებულმა ვერსიებმა. გამოვლინდა ორი სახელმძღვანელო, რომლებიც საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილისეულ მეთოდს შეესაბამება. მაგრამ ამ სახელმძღვანელოების გავრცელებას გარკვეული დაბრკოლებები შეექმნა.

რატომ?

როგორც ვიცი, ერთ-ერთმა გრიფი ვერ მიიღო. უფრო სწორად,  გრიფი ენიჭებოდა არა ცალკეული კლასის სახელმძღვანელოს, არამედ სახელმძღვანელოების სერიას, შესაბამისად, ეს სახელმძღვანელო გრიფის გარეშე დარჩა. მეორე სახელმძღვანელო კი ვერ მოხვდა ე.წ. სახელმწიფო შესყიდვებში. ანუ ფინანსურმა კომპონენტმა ითამაშა როლი.

როგორც ვიცი, სამინისტრო იმ სახელმძღვანელოებს ბეჭდავდა, რომლებიც სკოლების უმრავლესობამ აირჩია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადაპტირებული „დედა ენა“ სკოლებმა არ აირჩიეს?

ეს საკითხები არ ვიცი, თუმცა სამინისტროს შეუძლია სახელმძღვანელოს მნიშვნელობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე იმსჯელოს მის დაბეჭდვაზე.

თქვენ როგორ ფიქრობთ, გოგებაშვილისეული მეთოდი უფრო ამართლებს თუ ის, რაც უკვე შევიდა 2018 წელს სკოლებში?

ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, უხერხული იქნება, თუ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებ. თუმცა ერთი სახელმძღვანელო ვიცი, რომელიც არ არის გოგებაშვილისეული მეთოდით გაკეთებული, მაგრამ კარგია, გამართულია კითხვის სწავლების მეთოდიკა. სხვა სახელმძღვანელოც ვიცი, რომელიც თითქოს გოგებაშვილის ადაპტირებულ ვარიანტს წარმოადგენს (ოღონდ, მას არ აქვს კულტურის სამინისტროს კომისიის დასტური), მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან პრობლემატურია და ბევრი გაუგებრობაა შიგნით. მე გოგებაშვილის დედა ენის ადაპტირებული მეთოდის, გათანამედროვებული შინაარსის მომხრე ვარ, თუკი ადაპტირება ხარისხიანად გაკეთდება.

განათლების მინისტრი საუბრობდა, რომ „დედა ენის“ შემოტანის საკითხზე „მხარეებთან შევთანხმდებითო“. ვინ არიან მხარეები, ანუ ვისთან მიდის ამ საკითხზე შეთანხმება, ვის ინტერესებში შედის ეს საკითხი?

მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მხოლოდ შინაარსობრივ საკითხებში ვარ ჩართული.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: