განათლება,მთავარი,სიახლეები

სამინისტროს სკოლებში ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვს

15.07.2019
სამინისტროს სკოლებში ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვს

სექტემბრიდან საჯარო სკოლებში გოგებაშვილის ადაპტირებული „დედაენა“ შეაქვთ. ამის შესახებ განათლების სამინისტრომ საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. სფეროთი დაინტერესებული ზოგიერთი პირი გოგებაშვილის „დედაენას“ თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ზოგიერთი კი მისი სკოლებში დაბრუნების მომხრე იყო.

დღეს, 15 ივლისს, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებიან. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში „დედაენის“ დაბრუნების შესახებ სწორედ აქ ისაუბრებენ.

მამუკა ბახტაძემ გოგებაშვილის სახლმუზეუმში ყოფნისას განაცხადა, რომ „დედაენა სასწავლო პროგრამიდან უპასუხისმგებლო ადამიანებმა“ ამოიღეს. „მაშინდელი ეპოქისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა და ამაში ხედავდნენ ქართველი ერის გადარჩენას, დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს, რაც არის გარანტია იმისა, რომ საქართველო შედგება, როგორც წარმატებული ქვეყანა“.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადაპტირებული „დედაენა“ არჩევითი იქნება და სკოლებს სხვა გრიფირებული ავტორების მსგავსად შეუძლიათ მასზე გააკეთონ არჩევანი. თუმცა სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, რა ტირაჟით აპირებენ „დედაენის“ დაბეჭდვას და რა დაუჯდება ბიუჯეტს ახალი სახელმძღვანელო.

სამინისტროში ჯერ კიდევ არკვევენ დეტალებს სახელმძღვანელოს გრიფირების ვადებთან დაკავშირებით.

სკოლებში „დედაენის“ დაბრუნებაზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებმა – მარიამ ჯაშმა და ზაზა გაბუნიამ  წარუდგინეს პარლამენტს,  რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით „დედაენის“ საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს.

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში, გოგებაშვილის სახლმუზეუმში ყოფნისას განაცხადა, რომ სკოლებში გოგებაშვილის „დედაენა“ დაბრუნდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: