მთავარი,სიახლეები

საკრებულოს დოკუმენტი: ქობულეთში ძირითადად ცხოვრობს ეთნოგრაფიული ჯგუფი – აჭარლები

15.07.2019
საკრებულოს დოკუმენტი: ქობულეთში ძირითადად ცხოვრობს ეთნოგრაფიული ჯგუფი – აჭარლები

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – მერაბ ცინცაბაძე საკრებულოს რუსული პროპაგანდის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. დავის საგანი მიწათსარგებლობის დოკუმენტია, რომელიც საკრებულომ 2016 წელს მიიღო და წერია, რომ:

„რაც შეეხება ქ. ქობულეთის მოსახლეობის ეროვნულ შემადგელობას, ის ძირითადად დასახლებულია ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ჯგუფით – აჭარლებით“. ამ კონკრეტული ჩანაწერის შეცვლას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიცია და ეჭვი აქვს, რომ საკრებულო შეგნებულად არ ცვლის მას.

„არავითარი ეთნოგრაფიული ჯგუფი აჭარლები არ არიან, ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომ თითქოს აჭარა ცალკე ჯგუფია… ამავე დოკუმენტში ასევე წერია, რომ ჩურუკსუ ყოფილი ქალაქი ქობულეთია, ეს „ყოფილი“ რატომ უნდა ეწეროს?“ – კითხულობს საკრებულოს წევრი მერაბ ცინცაბაძე. მისივე თქმით, მან ეს ხარვეზი რამდენიმე თვის წინ დააფიქსირა და საკრებულოს თავმჯდომარისგან ჩანაწერის შეცვლაზე თანხმობაც მიიღო, თუმცა უშედეგოდ.

მიწათსარგებლობის დოკუმენტს, რომელიც 2016 წელს მიიღეს, მაშინდელი თავმჯდომარე – სულხან ოქროპირიძე აწერს ხელს. ის საკითხის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა გვითხრა, რომ ჩანაწერი ეთნოგრაფიულ ჯგუფზე შეცდომაა. „როგორც ჩანს, ეს ტექნიკური შეცდომა იყო და შესაძლებელია მისი გამოსწორება,“ – დასძინა სულხან ოქროპირიძემ, რომელიც ახლა აჭარის მუზეუმის დირექტორია.

საკრებულოს მიერ მიღებულ დოკუმენტში ხარვეზების არსებობას ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნათია თხილაიშვილიც. ის 2016 წელსაც იყო ქობულეთის საკრებულოს წევრი.

„დოკუმენტის მიღების დროსაც დაფიქსირდა ეს და კიდევ რამდენიმე ხარვეზი. ჩვენ მივეცით მაშინ დავალება მერიას, რომ იგი გამოსწორებულიყო, მერია მუშაობს ამ დოკუმენტზე ჩემი ინფორმაციით“, – ამბობს ნათია თხილაიშვილი. ის არ უარყოფს იმას, რომ საკრებულომ თავის დროზე მიიღო მიწათსარგებლობის გეგმა ხარვეზებით, რადგან ეს არ იყო არსებითი ხასიათის.

ნათია თხილაიშვილმა ასევე განმარტა, რომ დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც საუბარია „ჩურუქსუზე“, შეცდომა არ არის. დეპუტატის თქმით, კონკრეტული ისტორიული წყაროა გამოყენებული, სადაც ეწერა, რომ იმ დროისთვის „ჩურუქსუ“ იგივე „ყოფილი ქობულეთია“.

რატომ ვერ გამოსწორდა ხარვეზი სამი წლის განმავლობაში? – კითხვის პასუხად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მერიაში გადაგვამისამართა. „ეს მერიას ჰკითხეთ“, – დასძინა მან.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: