მთავარი,სიახლეები

დაჯილდოებული მეზღვაურები და კაპიტნები ბათუმში

13.07.2019 • 3877
დაჯილდოებული მეზღვაურები და კაპიტნები ბათუმში

დღეს, 13 ივლისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნა ბათუმში. საზღვაო აკადემიის სტუდენტების მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან მემედ აბაშიძის ქუჩის მიმართულებით 13:00 საათზე დაიწყო. ქუჩის დასაწყისში მეზღვაურებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი, შემდეგ კი გადაინაცვლეს ნავსადგურის ტერიტორიაზე.

ნავსადგურის ტერიტორიაზე ცერემონია საქართველოს ჰიმნით დაიწყო, შემდეგ კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული  წვლილისთვის კაპიტნები და მექანიკოსები დააჯილდოვა.

ჯილდო გადასცეს შორეულ ნაოსნობაში მყოფ ქალ მეზღვაურს, კაპიტნის თანაშემწეს ნათია ლაბაძეს. „დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ქალ მეზღვაურს, რომელმაც სტერეოტიპების მიუხედავად აირჩია ეს პროფესია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია ლაბაძე

საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ კაპიტნებს: იური ქადარიას და თამაზ იმერლიშვილს, ასევე, უფროს მექანიკოსს იური ქორიძეს.

გარდაცვალების შემდეგ საზღვაო სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის ჯილდო გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს ომარ ფირცხალავას,  ასევე, საზღვაო აკადემიის თანამშრომელს პოლკოვნიკ კანდიდ მიქატაძეს.

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცა კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც 200 მილიონზე მეტი შემოგაქვთ ეკონომიკის გასამყარებლად. ჩვენ ვართ თქვენი მადლიერები და ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იქეთკენ, რომ ეს ციფრი სულ ცოტა, გასამმაგდეს,“-განაცხადა ნათია თურნავამ ცერემონიალზე.

ნათია თურნავა და იური ქადარია

„2017 წლის 26 ივლისს არაბეთის ზღვაში ტანკერ „რამაორზე“ უბედური შემთხვევა მოხდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად გადარჩა 13 მეზღვაურის სიცოცხლე. ქართველი გმირი მეზღვაურები არიან: დავით ბარამიძე, ამირან ჩოგაძე, თენგიზ ქარჩავა, ომარ ნასარიძე, ირაკლი კალანდაძე, რაულ დავლაძე, თორნიკე ზოიძე, ლევან ფუტკარაძე, ალექსანდრე ჩაჩუა, რამაზ ბეჟანიძე, ნოდარ სუკონიკოვი, მიხეილ მეფარიშვილი, ბიძინა ღოღობერიძე, იგორ ეგიზაროვი, გოგი ბაგრატიონი.

ნათია თურნავა და თამაზ იმერლიშვილი

ამ ადამიანებს გადაეცა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯილდო ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის, რომელიც საქართველომ მეორემ მიიღო,“- განაცხადეს დაჯილდოვების ცერემონიალზე.

ნათია თურნავა და იური ქორიძე

წარმატებული სამაშველო ოპერაციისთვის ჯილდო გადაეცა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საპატრულო კატარღა „გენერალ მაზნიაშვილის“ მცირე საპატრულო კატარღა „სიარკისა“ და საპატრულო კატარღა „ივერიას“ ეკიპაჟის წევრებს და პირად შემადგენლობას. „მათ ცეცხლმოკიდებულ კატარღა „კარბედიემზე“ მყოფი ადამიანები გადაარჩინეს“.

თორნიკე რიჟვაძე და კანდიდ მიქატაძე

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს ელჩის წოდება გადაეცა უფროს მექანიკოსს ლაშა თავაძეს.

მეზღვაურთა დღეს დააჯილდოვეს წარჩინებული სტუდენტები, აქედან ორ სტუდენტს სასწავლო სტიპენდია გადაეცა. სანაოსნოს მიმდებარედ, დაარსდა მეზღვაურთა სკვერი.

მეზღვაურთა დღე ბათუმში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ცერემონიის შემდეგ, ზღვაში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შემდეგ კი ზღვაში ყვავილების გვირგვინი ჩაუშვეს.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2259634290794013/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: