მთავარი,სიახლეები

17 118 ლარი – თეა წულუკიანის ნიუ იორკში ჩაფრენის და უკან დაბრუნების ხარჯი

15.07.2019 • 2206
17 118 ლარი – თეა წულუკიანის ნიუ იორკში ჩაფრენის და უკან დაბრუნების ხარჯი

17 118 ლარი და 90 თეთრი – ეს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ნიუ იორკში ჩაფრენის და უკან დაბრუნების ხარჯია. მგზავრობის ეს საფასური მინისტრ წულუკიანის გასული წლის ყველაზე ძვირადღირებული მივლინების ნაწილია: ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, იუსტიციის მინისტრის ხუთდღიანი მივლინებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 24 517 ლარი და 40 თეთრი დაიხარჯა. საჯარო ინფორმაცია მინისტრის ქვეყნის გარეთ სამივლინებო ხარჯების შესახებ იუსტიციის სამინისტრომ მოგვაწოდა.

მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, იუსტიციის მინისტრი 2018 წლის 24-დან 28 სექტემბრამდე საქართველოს დელეგაციის წევრი იყო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.

„გაეროს რიგით 73-ე გენერალურ ასამბლეასა და ასამბლეის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება; შეხვედრა ICC პროკურორ ქ-ნ ფ. ბენსუდასთან“ – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში ნიუ იორკში ვიზიტის მიზნობრიობის შესახებ. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მინისტრ წულუკიანს ბიუჯეტიდან გამოუყვეს სადღეღამისო ნორმა – 628 ლარი და 60 თეთრი, ასევე, დანამატი – 502.9 ლარი. სასტუმროს ხარჯმა ნიუ იორკში 5923 ლარი შეადგინა. მინისტრმა ისარგებლა „სხვა ხარჯითაც“ – 343 ლარით, რაც სამინისტროს განმარტებით, გულისხმობს „ვიზის, კონფერენციაში მონაწილეობის, მინისტრის შემთხვევაში [მხოლოდ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ მივლინებაზე] წარმომადგენლობით და ა.შ. ხარჯებს“.

რატომ დაჯდა მინისტრის ფრენა ნიუ იორკში გასული წლის სექტემბერში 17 118 ლარი? – კითხვაზე პასუხის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ. მათ განმარტებას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ. თბილისიდან ნიუ იორკში ფრენა ერთი მიმართულებით ყველაზე ძვირი 4 ათასი ლარი ღირს.

მინისტრი თეა წულუკიანი 2018 წლის იანვარშიც ყოფილა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმის მიუხედავად, რომ მინისტრი ამჯერად ანტიგუა და ბარბუდასაც ესტუმრა, ჯამში ამ ვიზიტისთვის ბიუჯეტიდან – 21 644 ლარი და 40 თეთრი დაიხარჯა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი OGP-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარის რანგში საჯარო მომსახურების საკითხებზე დაგეგმილ მაღალი დონის რეგიონულ სამიტში მონაწილეობდა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2018 წელს სულ 14-ჯერ იმყოფებოდა მივლინებით. მინისტრი ორ-ორჯერ იმყოფებოდა შეერთებულ შტატებსა და დანიაში, სამჯერ – საფრანგეთში. თეა წულუკიანი ესტუმრა ასევე იტალიას, ერაყს, სომხეთს, ხორვატიას, ბელგიას, თურქეთს.

ჯამში იუსტიციის მინისტრის ქვეყნის გარეთ მივლინებებზე 2018 წელს ბიუჯეტიდან 93 215 ლარი და 60 თეთრი დაიხარჯა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: