მთავარი,სიახლეები

„რივიერაზე“ მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ გასცემს – მერიის განმარტება

15.07.2019 • 2045
„რივიერაზე“ მშენებლობის ნებართვას ბათუმის მერია არ გასცემს – მერიის განმარტება

ბათუმის საკრებულო 16 ივლისის სხდომაზე, სავარაუდოდ, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე იმსჯელებს. შესაბამისი პროექტები ბათუმის მერიამ საკრებულოში უკვე გადააგზავნა. მერიამ „რივიერას“ [იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის] გრგ-ზე მუშაობა შპს „ბათუმი რივიერას“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. კომპანია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილია, ამ ტერიტორიაზე 42-სართულიანი „სილქ თაუერისა“ და კიდევ რამდენიმე შენობის აშენებას გეგმავს.

გრგ საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, თუმცა მანამდე მერიამ შესაბამისი დადგენილების პროექტი უნდა მოამზადოს და შემდეგ საჯაროდ განიხილოს.

საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 16 ივლისს, გაიმართება. „თუ საკრებულო ხვალ იმსჯელებს ამ საკითხზე [თუმცა ის დღის წესრიგში ამ დროისთვის არ არის შეტანილი] და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება გრგ-ს დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მომზადებაზე და საჯარო განხილვა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაიგზავნება პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად“, – გვითხრეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკრებულოს 16 ივლისის სხდომის დღის წერიგში [სამუშაო ვარიანტში, რომელიც საკრებულოს წევრებს დაურიგდათ] გრგ-ს დამტკიცებაზე შესაბამისი დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შეტანილი იყო დამატებით საკითხებში, თუმცა საკრებულოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ეს საკითხი არ არის.

„დღეს იმსჯელებს ბიურო და თუ გადაწყვეტს, შესაძლოა ეს საკითხი შევიდეს ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში“, – გვითხრეს საკრებულოს პრესსამსახურში.

გრგ-ს დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს „ბათუმი რივიერას“ წინადადება მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, იახტკლუბი, ხელოვნური ლაგუნა, რესტორნები, კაზინო, საზოგადოებრივი სივრცეები; მერიაში წარდგენილი გრგ-ს თანახმად ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის.

„განმცხადებელს [კომპანიას – ავტ.] განემარტა, რომ საჭირო იყო წარმოედგინა კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, საჭიროებდა თუ არა დაგეგმილი მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ], ამ მიზნით მან უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომელსაც ხელს აწერს მირიან მეტრეველი, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი.

ამავე ბარათში აღნიშნულია, რომ „მერიის მიერ დადგინდა, რომ საპროექტო კომპლექსი, რომლის მშენებლობასაც აპირებს „ბათუმი რივიერა“, თავისი მახასიათებლებით, ფუნქციური დატვირთვიდან და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, წარმოადგენს მე-5 კლასის ობიექტს, რაზეც ქ. ბათუმის მერიის მიერ ნებართვა არ გაიცემა, ასეთი სახის ობიექტზე მშენებლობის ნებართვას გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.“

საქართველოს კანონმდებლობით, V კლასის [განსაკუთრებული მნიშვნელობის] ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ამ თემაზე:

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: