13 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 13 დაშავებულთაგან ერთი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს, მეორე კი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში რჩება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კლინიკაში მყოფი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი ტრანსპორტირება თბილისში ვერ მოხდა [თავდაპირველი ინფორმაციით, ბავშვის ასაკად 3 წელი დასახელდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში დააზუსტეს, რომ ბავშვი 6 წლისაა].
ბავშვების მშობლები გუშინ, 13 ივლისს, ავარიის შედეგად დაიღუპნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, კლინიკაში, ამ დროისათვის რჩება 9 პაციენტი, ქართველი მძღოლები და პოლონელი ტურისტები. ორ მათგანს უტარდება ოპერაცია.
13 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი, მძღოლები, საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენი კი – უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები.
შსს-ს ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს მინივენები შეეჯახა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
_________________
ფოტოზე: ქობულეთის რეგიონალური საავადმყოფო. ფოტო: fb