აბიტურიენტისგან ქრთამის აღების ბრალდებით სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელმა გია ო-მ, ლილი ჯ-ს დახმარებით, ამავე უნივერსიტეტში აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის საჭირო გასაუბრების წარმატებით გასავლელად, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 1000 აშშ დოლარი, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 100 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1121 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 93 – სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 447 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 88, იმერეთში – 119, გურიაში – 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 18, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 100, მცხეთა-მთიანეთში – 32, შიდა ქართლში – 57, ქვემო ქართლის მასშტაბით – 102, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 130, ხოლო თბილისში – 12 ფაქტი დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით,  ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 12429 მ3-მდე ხე-ტყე.

დეპარტამენტის ცნობით, 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაშ დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 278 ფაქტი და ამოღებულია 120 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

___________

ფოტო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

დააკავეს კომპანიის დირექტორი, რომლის მშენებლობაზეც 16 წლის ბიჭი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

16 წლის გიორგი ბეშკენაძე 16 ივლისს, თბილისში, მშენებლობაზე დაიღუპა. ის თბილისში სამუშაოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდან იყო ჩასული.

პაატა სალიას „რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში არხის სახეებისთვის ორწლიანი ხელშეკრულებები მოსთხოვეს

„რუსთავი 2“-ის ნიუსრუმში პაატა სალია ჟურნალისტებს ხვდება, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მას უთხრა, რომ ახლა მათთვის  მთავარი გარანტიებია.

„თქვენ თუ მოიტანთ ორწლიან კონტრაქტებს იმ ცნობილ სახეებზე, რომლებიც ქმნიან ივანიშვილისთვის არასასურველ კონტენტს, თუ მოიტანთ ასეთ 10 კონტრაქტს, მაშინ მე პირადად თანახმა ვარ,“ – მიმართა „რუსთავი 2“-ის ახალ დირექტორს ნანუკა ჟორჟოლიანმა.

პაატა სალიამ მას უთხრა, რომ კონტრაქტების მომზადებას დრო სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაშს მხოლოდ ნიკა გვარამიასთან ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა. „სხვა დანარჩენთან მას პრეტენზია არ გამოუთქვამს,“ – დასძინა პაატა სალიამ.

პაატა სალიას გადაცემა „აქცენტების“ წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ ჰკითხა, ახსოვს თუ არა სხვა შემთხვევა, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ დღეში აღსრულდა. პაატა სალიამ განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს ამ შემთხვევაში შეჩერების მექანიზმი ჰქონდა გამოყენებული.

„ეს კინო ქიბარ ხალვაშის შესრულებით ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს…“ – უთხრა „რუსთავი 2“-ის ახალ დირექტორს ნოდარ მელაძემ.

„ასე რომ, არა მგონია, აქ თქვენ ვინმე სიტყვაზე გენდოთ“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

———————————————–

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში შევიდა: არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს

„ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი… ვამბობ, რომ ჟურნალისტებს ექნებათ სრული დამოუკიდებლობა. ჩემი ვალდებულებაა, შევისწავლო სამართლებრივი, ფინანსური მდგომარეობა. ვეცდებით, რომ შეუფერხებელი განვითარების გეგმა შევიმუშაოთ, მე ვგეგმავ შეხვედრას მენეჯმენტთან,“ – განაცხახადა „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ვიდრე იგი ტელევიზიის შენობაში შევიდოდა. ტელევიზიაში პაატა სალიან ნიკა გვარამიას უკვე შეხვდა.

ნიკა გვარამიას პაატა სალიას უთხრა, რომ მას ვერ დაელაპარაკება, ხოლო თანამშრომლებს შეუძლია გაესაუბროს. გვარამიას თქმით, მას კაბინეტის დაცლისთვის დრო სჭირდება. ამჟამად პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ნიუსრუმშია.

ტელევიზიაში შესვლამდე ჟურნალისტებმა პაატა სალიას კითხვა დაუსვეს ნდობასთან დაკავშირებით, ასევე კონტრაქტზე, რომელზეც ნიკა გვარამია საუბარობს და კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

„ნდობის მოპოვება უცებ, ერთ წუთში ვერ მოხდება… მალე დარწმუნდებიან ჟურნალსიტები, რომ მათ არავინ არ ეხება… რაც შეეხება კონტრაქტს, მე აქ ყველა დოკუმენტს უნდა გავეცნო, ეს არის ჩემი აქ მოსვლის მიზან. ნიკა გვარამიას თუ რამე პრეტენზია აქვს, უნდა მოითხოვოს ეს კომპენსაცია. ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს,“ – აღნიშნა პაატა სალიამ.


18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

 

 

ბავშვს 1912 წლის ლექსიკით ვერ დავხვდებით – მასწავლებელი დედაენის სკოლაში დაბრუნებაზე 

პრემიერმა და განათლების მინისტრმა საზეიმოდ გამოაცხადეს, რომ სკოლებში გოგებაშვილის „დედაენას“ აბრუნებენ. პრემიერის აზრით, „დედაენის“ დაბრუნება ეროვნული იდეაა და ის სასწავლო პროგრამიდან „უპასუხისმგებლო ადამიანებმა ამოიღეს“. თუმცა განათლების სამინისტროში ისიც ითქვა, რომ  საუბარია არა უშუალოდ „დედაენის“ შემოტანაზე, არამედ გოგებაშვილის მეთოდზე. რატომ არ უნდა ვასწავლოთ 21-ე საუკუნის ბავშვებს 1912 წლის სახელმძღვანელოთი, – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს თათა ჭანტურიას ესაუბრა. თათა ამჟამად ერთ-ერთ კერძო სკოლაში დაწყებითი საფეხურის წიგნიერების მიმართულებას ხელმძღვანელობს.

  • ქალბატონო თათა, თქვენი აზრით, რატომ უნდა დაბრუნდეს ან არ დაბრუნდეს „დედაენა“ სკოლაში?

უპირველეს ყოვლისა, მინდა იმით დავიწყო, რომ საზოგადოების მხრიდან ხშირად არის ეს თემა ინტერპრეტირებული და თუკი განსხვავებულ აზრს ისმენენ, მაშინვე მოგვაგებებენ: „გოგებაშვილზე უკეთესი, ნეტავ, რა გაქვთ?!“, „გოგებაშვილის დამსახურებას პატივს არ სცემთ?!“ და ა.შ. რაც, რასაკვირველია, აბსოლუტურად არ არის ასე. პირიქით, მეც და, ალბათ, ყველა ჩემს კოლეგასა და თანამოაზრეს, მიგვაჩნია, რომ გოგებაშვილი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინოვატორი და უდიდესი მოღვაწე.

მეტიც, ვფიქრობ, ახლა ცოცხალი რომ იყოს, ყველაზე თანამედროვე და ადეკვატური იქნებოდა იმ მოვლენებისა, რაც ახლა ხდება და მჯერა, პირველი თავად შეიტანდა ცვლილებებს საკუთარ სახელმძღვანელოში.
ცხადია, მის დამსახურებას არავინ უგულებელყოფს. მადლიერნი ვართ მისი, როგორც საზოგადო მოღვაწისა, არამხოლოდ წერა-კითხვის სწავლების დარგში და არავინ აკნინებს მის ღვაწლს. პრობლემა ისაა, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ვსაუბრობთ იმაზე, რომ სკოლებში წერა-კითხვა ვასწავლოთ დედაენის 1912 წლის გამოცემასთან მიახლოებული სახელმძღვანელოთი.

მოდი, დავსვათ შეკითხვა, რატომ იყო იმდროინდელი დედაენა სწორედ ამგვარი ლექსიკით გაჯერებული? მის ტექსტებში ხშირად გვხვდება ლექსიკური ერთეულები: „სახნისი“, „გუთანი“, „ფუჩეჩი“, „ნამგალი“ და სხვ. რასაკვირველია, იმიტომ, რომ გოგებაშვილის მთავარი აქცენტი იყო იმაზე, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უმტკივნეულოდ ესწავლებინათ წერა-კითხვა და მარტივად მომხდარიყო წიგნიერების შესვლა გლეხების ოჯახებში, რომლებსაც ისედაც ბევრი ჰქონდათ თავიანთი საქმე.

ეს, სწორედაც რომ უზუსტესი მიგნება იყო გოგებაშვილისა (სხვა მრავალთან ერთად) – მან ზუსტად აუწყო ფეხი მოთხოვნებს და შექმნა წიგნი, რომელიც ახლოს იყო იმდროინდელი მოსწავლეების ავთენტურ გარემოსთან. ტექსტები, რომლებითაც ბავშვები კითხვასა და წერას სწავლობდნენ, იყო სრულიად ბუნებრივი, ნაცნობი, ხელშესახები, პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული. რასთანაც ყოველდღიურად ჰქონდათ შეხება, სწორედ ის დახვდათ წიგნშიც. სწორედ ეს არის გოგებაშვილის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომ ტექსტი, რომელმაც პატარა მკითხველი უნდა შეიყვანოს წიგნიერების სამყაროში, უნდა იყოს მისთვის ავთენტური.

21-ე საუკუნის ბავშვი სკოლაში როცა მოდის, აღჭურვილია მთელი რიგი უნარებით. მარტივად შეუძლია ნავიგაცია მობილურ მოწყობილობებში, საჭირო მასალის რამდენიმე წუთში მოძიება, აქვს უამრავი ინფორმაცია კოსმოსზე, გალაქტიკაზე, ტექნოლოგიებზე და ა.შ. ასეთი ცოდნის პაკეტით აღჭურვილ  ბავშვს სკოლა უნდა დახვდეს ღირსეულად. მასწავლებლისთვის და, ზოგადად, სკოლისთვის, ეს არის ერთგვარი გამოწვევა.

მასწავლებელი უნდა იყოს მრავალმხრივ განვითარებული, კარგად უნდა ერკვეოდეს იმ თემებში, რომლებიც ბავშვებისთვის არის საინტერესო და აქტუალური. რაც შეეხება სასწავლო მასალასა და რესურსს, ის უნდა იყოს ძალიან მრავალფეროვანი, სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის, კეთებაზე ორიენტირებული, მოსწავლეებისთვის ავთენტური. მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაში არ დაკარგავს პატარა მოსწავლე სწავლის მოტივაციას და მასწავლებელიც, თავის მხრივ, შეინარჩუნებს მის თვალში საინტერესო, კომპეტენტური თანამოაზრის ავტორიტეტს.

თუკი პირველკლასელ მოსწავლეს, მთელი რიგი ცოდნით, უნარებითა და დამოკიდებულებებით აღჭურვილს, რომელიც ენთუზიაზმითა და ცნობისმოყვარეობით ემზადება სკოლისთვის, ჩვენ კვლავ დაჟინებით წავაკითხებთ: „აი ათი თხა“, აი სესეს მესერი“, რასაკვირველია, ეს მისთვის არ იქნება საინტერესო. შესაბამისად, სკოლამ ეს გამოწვევა ღირსეულად უნდა მიიღოს და ყველანაირად ეცადოს, პატარა მკითხველს  მოტივაცია რომ არ ჩაუქროს მისთვის არაავთენტური ტექსტებითა და დავალებებით (სწავლის მოტივაციის გაქრობის შედეგებს კი, სამწუხაროდ, მწარედ ვიმკით ხოლმე მაღალ კლასებში).

მეთოდი, რომელსაც „გოგებაშვილისეულს“ უწოდებენ, თავის მხრივ, არის დაბალანსებული მიდგომის (მთელი-ნაწილი-მთელი ან სინთეზურ-ანალიზური) მხოლოდ ერთი ნაწილი. თავად გოგებაშვილი აღნიშნავს თავის წერილებში გულისტკივილით, ჩვენი პედაგოგები არ არიან მზად მის განსახორციელებლადო. ამიტომაც იგი უკიდურესად ამარტივებს მას და სახელმძღვანელოს აგებს დაღმავალ, ანალიზურ მეთოდზე (რომელსაც თავად ზოლოტოვისას უწოდებს).

მაშასადამე, თავად გოგებაშვილის წერილებიდანაც ჩანს, რომ პედაგოგების მზაობა რომ ყოფილიყო, იგი ეცდებოდა სრულად დაენერგა კითხვისა და წერის სწავლების ეს მეთოდიკა.

მე, პირადად, შეკითხვა მქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ გოგებაშვილის ამ პრინციპზე უკვე აგებულია არაერთი დედაენა, რომლებიც აქამდეც იყო სკოლებში. რითია ეს განსხვავებული? თუკი ეს ზუსტად გოგებაშვილია, მაშინ რა საჭირო იყო საავტორო ჯგუფის შექმნა და კონკრეტულად რა გააკეთა ამ ჯგუფმა? ვინაიდან წიგნი ჯერ არაა გასაჯაროებული და არ მინახავს, ბუნებრივია, მას ვერ შევაფასებ, უბრალოდ, თავად ფაქტთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა.

თუკი ჯგუფმა გოგებაშვილისეული დედაენის ერთ-ერთი (კერძოდ, 1912 წლის გამოცემის) ადაპტირებული ვერსია მოამზადა, ასეთ შემთხვევაში რატომ ვამბობთ, რომ ეს გოგებაშვილია? აქამდეც ხომ არაერთი სახელმძღვანელო გვქონდა გოგებაშვილის მიხედვით შედგენილი? ასეთია, მაგალითად, სულაკაურის გამომცემლობის დედაენა. ახლა, ამ კონკრეტული წიგნის შემოტანით რა იცვლება, ეს მაინტერესებს.

  • განათლების მინისტრმა თქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და ისინი უარს ვერ იტყოდნენ. მით უმეტეს, როცა კულტურულ მემკვიდრეობაზეა საუბარიო. რამდენად მყარი არგუმენტია ეს თქვენთვის?

თუკი აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვებს გავაცნოთ „დედაენა“, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რათა იცნობდნენ გოგებაშვილს, იცოდნენ დედაენის მნიშვნელობა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ 1912 წლის სახელმძღვანელოთი უნდა ვასწავლოთ წერა-კითხვა და, მით უმეტეს, თუ ეს იქნება თავსმოხვეული და სავალდებულო ყველა სკოლისთვის, ეს იქნება საგანგაშო.

აქვე კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თუკი მიზანი დედაენის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაცნობაა ბავშვებისთვის, რატომ არ ვბეჭდავთ და ვურიგებთ მათ საჩუქრად დედაენის ორიგინალს? კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ხომ გოგებაშვილის დედაენაა და არა მისი ადაპტირებული ვარიანტი?

  • სიძველეზე აქცენტირებისას მიხეილ ბატიაშვილს ჰქონდა ასეთი არგუმენტი, „ვეფხისტყაოსანიც“ წინა საუკუნეებისაა, მაგრამ ვასწავლითო.

 ვეფხისტყაოსანი“ და კითხვის სწავლება სხვადასხვა რამეა. როდესაც თანამედროვე 6 წლის ბავშვს წიგნიერების უნარები ჯერ ფაქტობრივად არ აქვს ჩამოყალიბებული, პირველ ნაბიჯებს დგამს ამ ძალიან რთულ გზაზე და ცდილობ „ჯარა“ და „ფუჩეჩი“ აქციო მისთვის პირველ სიტყვებად, ეს პრინციპულად არასწორია.  და ისიც შეცდომა მგონია, რომ თუ ეს სწორად არ მიგაჩნია, ამით  კულტურულ მემკვიდრეობას ბღალავ.

თანამედროვე პირველკლასელი ბავშვი სკოლისთვის – ეს არის გამოწვევა და ჩვენ ამ გამოწვევას ვერ დავხვდებით 1912 წლის ლექსიკითა და ტერმინებით. ეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არამც და არამც არ გულისხმობს გოგებაშვილის ღვაწლის, „დედაენის“, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, და, რაც მთავარია, გოგებაშვილისეული კითხვისა და წერის სწავლების მიდგომის, პრინციპის უგულებელყოფას ან დაკნინებას. კითხვის სწავლება და გოგებაშვილის ღვაწლის დაფასება ორი აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა.

  • თუ ეს იქნება არჩევითი საგანი და ჩვენ ვიცით, რომ სამინისტროს ასეთი სულ ცოტა 28 წიგნი აქვს დაბეჭდილი, რომელსაც სკოლების დიდი ნაწილი არ იყენებს, იგივე ბედი ხომ არ ეწევა ამ წიგნსაც?

ზოგადად, რაც უფრო მეტი თავისუფლება ექნება სკოლას, უკეთესია. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ სკოლისთვის ძალიან ღირებულია მასწავლებლის შემოქმედებითობა, რადგან შემდეგ გვინდა, მათ ასეთივე ბავშვები აღზარდონ. რაც უფრო მეტად მოვახდენთ ცენტრალიზებას და მასწავლებლებს, გნებავთ სამინისტრო, გნებავთ სკოლის ადმინისტრაცია, დაუკანონებს, რომ აუცილებლად რომელიმე წიგნით უნდა ასწავლოს, რასაკვირველია, ეს მოკლავს მასწავლებლის შემოქმედებითობასა და ინიციატივებს.

  • ხშირად მესმის წუხილი პედაგოგების, განათლების სპეციალისტების მხრიდან იმაზე, რომ სამინისტრომ გრიფირებით შეუზღუდა მათ არჩევანი და ვერ  შეაქვთ სასწავლო პროცესში ბევრი ისეთი წიგნი, რაც მათ მოსწონთ.

ზოგადად, წიგნების, რესურსის საკრალიზება, უალტერნატივობა (როგორი ღირებულიცა და მნიშვნელოვანიც უნდა იყოს ის), არ მგონია, კარგის მომტანი იყოს. რაც უფრო მოქნილი იქნება ეს პროცესი, რაც უფრო თავისუფალი იქნება პედაგოგი და წახალისებული იქნება მისი შემოქმედებითობა სასწავლო მასალისა თუ რესურსის შერჩევის თვალსაზრისით, ბევრად უფრო ნაყოფიერი და მოსწავლეზე ორიენტირებული გახდება სასწავლო პროცესი. თუკი მასწავლებელს ვენდობით, მას უნდა დავუტოვოთ არჩევანი, რომელი რესურსებით სურს ასწავლოს.

  • გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ „დედაენის“ სკოლებში შეტანა ეს არის პატრიოტიზმის,იყვარულის, ადამიანებს შორის ურთიერთობების სწავლება, არის ეს პოპულისტური განცხადება?

თუ ჩვენ 21-ე საუკუნეში ვერ ვახერხებთ შევქმნათ სასწავლო რესურსი, რომლის გამოყენებითაც პირველკლასელები ისწავლიან, შეიმეცნებენ სიყვარულს, თავისუფლებას, სხვა მარადიულ ღირებულებებს და ვამბობთ, რომ არ გვაქვს, ვერ ვქმნით 1912 წლის სახელმძღვანელოს ღირებულ ალტერნატივას; თუკი ვამბობთ, რომ არ გვყავს თანამედროვე ავტორები, რომლებმაც შექმნეს ან უნდა შექმნან ფასეული საბავშვო ტექსტები, მაშინ ჩვენი განათლების სისტემა, ლიტერატურა, პედაგოგიკა ძალიან ცუდ დღეში ყოფილა.

რასაკვირველია, ჩვენ პატივს ვცემთ მარადიულ ღირებულებებს და ძალზე ფასეულად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მათი დაცვა. უბრალოდ, როგორც მე მიხსნიდა ჩემი მასწავლებელი სამშობლოს სიყვარულსა თუ პიროვნების თავისუფლების პატივისცემას, ჩემს მოსწავლეებს მე იმ ენით ვეღარ ავუხსნი.

ღირებულებები კი არა, ამ ღირებულებების საზოგადოებამდე მიტანის ენა და ფორმა იცვლება. ყოველ ეპოქას თავისი ენა, კომუნიკაციის თავისი სტილი აქვს და ამას უნდა ავყვეთ, მისი უგულებელყოფა არ იქნება კარგის მომტანი. ეს გამოიწვევს იმას, რომ  მთელი ჩვენი მონდომება, წიგნიერება ვაქციოთ ბავშვების ფუნდამენტურ უნარად და კითხვის პროცესი ვუქციოთ სიამოვნებად, პირუკუ შემოგვიბრუნდება. შედეგად მივიღებთ მოტივაციადაკარგულ, ფრუსტრირებულ, კითხვის მხოლოდ რუტინად აღმქმელ მოსწავლეებს.

დღეს ბავშვების გარშემო სხვა სამყაროა, სხვაა გამოწვევები და ვინ, თუ არა სკოლა, უნდა დახვდეს ამ გამოწვევებს ღირსეულად და საინტერესოდ.

როგორ ეხმარება პატიმრების ოჯახებს დემოკრატიის ინსტიტუტი 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რაც დასაქმების ხელშეწყობას, სამედიცინო და იურიდიულ მხარდაჭერას, რესოციალიზაციას გულისხმობს, თუმცა არა მხოლოდ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ბავშვები, ხშირად მტკივნეულად განიცდიან მშობლების მდგომარეობას და განსაკუთრებულ, გულისხმიერ დამოკიდებულებას საჭიროებენ რთული პერიოდის გადასალახად. ბევრი ოჯახი, გარდა იმისა, რომ პატიმარი ჰყავთ, ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში.

35 წლის მარიამი (სახელი შეცვლილია) ორ შვილთან ერთად კერძო სახლის პირველ სართულზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შვილებს მარტო ზრდის, მეუღლე პატიმარია, თუმცა პატიმრობის ვადა მალე ეწურება.

მარიამის ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათი ძირითადი შემოსავალი სახელმწიფოს დახმარებაა. ბავშვები მცირეწლოვნები არიან, ამიტომ დედას სტაბილური სამსახური არ აქვს. პერიოდულად დამლაგებლად ან მრეცხავად მუშაობს და ამით გააქვთ თავი.

„ჩემთვის კომუნალურებში ოცი და ოცდაათი ლარის გადახდაც რთულია, ცალკე ბავშვების კვება, ჩაცმა, ათასი ხარჯია და მხოლოდ სოციალური დახმარებით ამდენ ხარჯებს მარტო ვერ ვწვდები. ყველანაირ სამუშაოს ვთანხმდები, ოღონდაც ბავშვები მშივრები არ მყავდეს. ბინებს ვალაგებ ან ორ დღეში ერთხელ სამრეცხაოში ვმუშაობ. სამუშაო დღეებში ბავშვებს ჩემს დას ვუტოვებ, თუ მასაც არ სცალია, მარტო ვტოვებ სახლში, ბავშვებიც მიეჩვიენ, რომ დედამ აუცილებლად უნდა იმუშაოს და კარგად იქცევიან.“

მარიამის ოჯახი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტშია ჩართული და სხვადასხვა სარეაბილიტაციო სერვისით სარგებლობს. ამავე პროექტის სპეციალურ პროგრამებში მარიამის შვილებიც ჩაერთნენ.

რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში ბავშვები პერიოდულადდადიან კინოსა და თეატრში, მაკდონალდში, იღებენ სიურპრიზებს სასწავლო წლის დასაწყისში, ბავშვთა დაცვის დღეს და სხვა მნიშვნელოვან დღესასწაულებზე. პატიმრის მეუღლე მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება და სიმბოლურ დღეებზე მოწყობილი თუნდაც პატარ-პატარა სიურპრიზები ბავშვებისთვის ბევრს ნიშნავს – ისინი გრძნობენ, რომ მარტო არ არიან.

„ისე, კი არავისგან მიგრძნია, რომ პატიმრობა სირცხვილია. ყველა მამხნევებს და მამშვიდებს. ბავშვებმაც იციან, რომ მამა დროებით ცხოვრობს სხვაგან და მალე ისევ მათთან დაბრუნდება“, – ამბობს პატიმრის მეუღლე.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში პატიმრის მეუღლეს უფასო სამედიცინო გამოკვლევებიც ჩაუტარდა. რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პატიმრების ოჯახებისთვის უფასო სამედიცინო აქციები და სხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები სამომავლოდაც იგეგმება.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან – ,,გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „თანაზიართან“ ერთად ახორციელებს.


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
     იურიდიულ დახმარებას
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში
  •  ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში– ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გვარამია: კონტრაქტის დარღვევის გამო ავიღებ 5 მილიონ დოლარს

„რუსთავი 2“-ის დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად უკვე დანიშნეს პაატა სალია, არხის ახალი დირექტორი დღეიდან, 18 ივლისიდან სწორედ ის იქნება. ახლახან [18:52] სალიამ განაცხადა, რომ დღესვე აპირებს არხზე მისვლას, მიუხედავად თანამშრომლების პროტესტისა. პაატა სალია ადვოკატია. ქიბარ ხალვაშს – არხის დღევანდელ მფლობელს, მიმდინარე დავის დროს სწორედ ის უწევდა სამართლებრივ მომსახურებას.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის აუცილებლად წამოიწყებს სამსახურიდან დათხოვნის გამო ახალ სასამართლო პროცესს და ამ დავის შედეგად მოიგებს 5 მილიონ დოლარს, რადგან მასთან გაფორმებულ კონტრაქტში სწორედ თანხის ეს ოდენობაა გაწერილი.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამ თანხით ახალ ტელევიზიას გააკეთებს, “მაგრამ ესეც იქნება რამდენიმე თვის თუ წელიწადის, ან წელიწად-ნახევრის შემდეგ… მოვიგებთ 5 მლნს ოდესღაც და ჩავდებ ახალ ტელევიზიაში, მაგრამ ჯერ ეს სიტუაციის შემცვლელი ვერ იქნება ჩვენთან“.

_____

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის გადაწყვეტილება. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არასწორად ინტერპრეტირებს თუ ამას მაინც გააკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღევად და თანამდებობრივ დანაშაულად ჩაითვლება.

 

ანაკლიიდან-ქობულეთამდე მდინარეებზე ნატანდამჭერების მოსაწყობად კვლევა ჩატარდება

შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე მონაკვეთში, ნატანდამჭერების მოსაწყობად ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 400 ლარია.

„შავ ზღვაში სანაპირო აკვატორიები ხშირ შემთხვევაში სავსეა მცურავი ნატანით [მათ შორის საყოფაცხოვრებო ნაგავით], რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ზღვის ეკოსისტემაზე. დანაგვიანების სხვა წყაროებთან ერთად, მნიშვნელოვანი წილი მოდის წყალდიდობების დროს მდინარეების მიერ ჩატანილ ტივტივა ნატანზე. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მნიშვნელოვნად ვითარდება ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა და ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ ზემოთ აღნიშნული პრობლემა მეტად აქტუალურია. ერთ-ერთ შემარბილებელ პრევენციულ ღონისძიებად განიხილება ტივტივა ნატანდამჭერების მოწყობა შავი ზღვის აუზის მდინარეებზე სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

აჭარის ზღვისპირა ზოლში კვლევა ჩატარდება მხოლოდ სამ მდინარეზე: ჩოლოქზე, კინტრიშსა და დეხვაზე. ანალოგიური კვლევა ამ ტენდერის ფარგლებში არ ტარდება სარფიდან ქობულეთამდე მონაკვეთში მდინარეებზე [მაგალითად: ჭოროხი, ბარცხანა, ყოროლისწყალი, ჩაქვისწყალი], რომლებითაც არანაკლებ ბინძურდება ზღვა მცურავი ნატანით.

განმარტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს დავუკავშირდით. ფონდში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ეს მონაკვეთი არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, აქაც ჩატარდება ცალკე წინასწარი კვლევები და გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა“.

ამ ეტაპზე კვლევა მოიცავს შემდეგ მდინარეებს: პატარა ენგური; ხობისწყალი; რიონის დელტა; რიონის არხი; კაპარჩხა; სუფსა; ურეკის არხი; სეფა; ნატანები; ჩოლოქი; კინტრიში და დეხვა.

ტექნიკური დავალება მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას ნატანდამჭერი ნაგებობების და საჭიროების შემთხვევაში, მცურავი გამწმენდი საშუალებების ტიპების შესარჩევად, ასევე, შემსყიდველის მოთხოვნების და სპეციფიკაციების მომზადებას ნატანდამჭერი ნაგებობების და მცურავი საშუალებების მოწოდება-ინსტალაციის შესყიდვის ტენდერისთვის. ჩატარდება ჰიდროლოგიური, ტოპო-გეოდეზიური, ბათიმეტრული, საინჟინრო-გეოლოგიური, იხტიოფაუნის კვლევები.

„ამ კვლევების შემდეგ გადაწყდება ნატანდამჭერების მოწყობა აღნიშნულ მდინარეებზე; სამუშაოები კი შემდგომში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით დაფინანსდება“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მდინარეების – კინტრიშისა და დეხვას ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის დასამონტაჟებლად, 2018 წლის მარტში, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება შპს „მარდისთან“ გააფორმა 27 499 ლარზე. „მდინარე კინტრიშზე სწრაფი დინება იყო და მოწყობილობა დააზიანა მდინარემ, დეხვაზე კი დღესაც მუშაობს“, – გვითხრეს კომპანიაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბადეები, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან საჩუქრად გადმოეცათ, წყალდიდობისას მდინარემ წაიღო,  სამაგრები კი, რომლებიც ტენდერით გაკეთდა, არ დაზიანებულა.

ადიდებული მდინარე კინტრიში / ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

2017 წელს კი, მდინარეების – მეჯინისწყლის, ბარცხანისწყლის, ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლის, დეხვას, აჭყვასა და კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უნდა დაემონტაჟებინა. დამჭერი მოწყობილობა უნდა განთავსებულიყო ასევე ახალ ბულვარში, ჟილინის არხის შესართავთან. დამჭერი მოწყობილობების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  მაშინ 180 ათას 776 ლარი გამოიყო.

„ჩვენ შევიძინეთ თავის დროზე მოწყობილობები და გადავეცით ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს“, – გვითხრეს სამმართველოში.

ამ თემაზე: 

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მთავარი ფოტო: მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობება მდინარე ნატანებზე / ფოტო არქივიდან /თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

ავანსად გადარიცხული 93 990 ლარი – გონიოში რომაული ბანაკი ვერ მოეწყო

გონიოს ციხეში რომაული ბანაკის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სახელშეკრულებო თანხა – 93 990 ლარი წინასწარ, ავანსად გადაურიცხა, თუმცა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. სააგენტომ „ჭედა 2012“-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა, 18 407 ლარით დააჯარიმა და დაწყებული სამუშაოების დასრულების მიზნით ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 31 ათასი ლარია.

შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ „ჭედა 2012“-მა 62 391 ლარის სამუშაო შეასრულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავანსად გადარიცხულ თანხას და შესრულებული სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა – 31 599 ლარი სააგენტომ საგარანტიოთი უკან დაიბრუნა. „ასე, რომ ეს თანხა ბიუჯეტს არ უზარალია. ამასთან კომპანია დავაჯარიმეთ და შევიყვანეთ შავ სიაში“, – გვითრა გოჩა კახიძემ, სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა.

რატომ გახდა აუცილებელი კომპანიისთვის სახელშეკრულებო თანხის სრულად გადახდა ავანსად? – გოჩა კახიძე ამბობს, რომ ეს იყო 2018 წლის დაფინანსება, თანხა გამოყოფილი იყო ამავე წლის ბიუჯეტიდან და 2019 წელში რომ გადმოსულიყო, გამოდიოდა მრავალწლიანი შესყიდვა: „ამიტომ, თანხა გადაერიცხა კომპანიას ავანსად და შემდგომში, შესრულებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით, გამოაკლდებოდა მიღება-ჩაბარების დროს“.

რაც შეეხება ჯარიმას. სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რათა დაავალდებულონ კომპანია, გადაიხადოს ჯარიმის თანხა. სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

რომაული ბანაკის მოწყობა გონიოს ციხეში, ხელშეკრულებით, 2019 წლის 15 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ცვლილება რამდენჯერმე შევიდა და საბოლოო თარიღად პირველი ივნისი განისაზღვრა, თუმცა ხელშეკრულება კომპანიას მაისში სააგენტომ ცალმხრივად შეუწყვიტა და დააჯარიმა.

კომპანია „ჭედა 2012“ გარდა ამ ტენდერის არაჯეროვანი შესრულებისა, კიდევ ორი [ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული] ტენდერის გამოა შეყვანილი შავ სიაში [2019 წლის 30 მაისს და 11 ივლისს] – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და  ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

„ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა კომპანია „ჭედა 2012“-ის დირექტორს, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

რომაული ბანაკის მოწყობა ამჯერად, სამუშაოების დასრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა დამთავრდეს. ამ ტენდერში წინადადებების მიღება კი 2019 წლის 31 ივლისს დასრულდება.

 

 

Euromoney-მა თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

თიბისი ბანკი ჟურნალმა „ევრომანი“ წარჩინების დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ეს ჯილდო თიბისი ბანკის უწყვეტი ძალისხმევის შედეგია საქართველოში კლიენტებისათვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურების გაწევის და რეგიონში საუკეთესო მრავალარხიანი შესაძლებლობების განვითარების და ამავე დროს, საუკეთესო თანმიმდევრული ფინანსური შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.

ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: „ვამაყობთ „ევრომანის“  ამ ჯილდოს მიღებით, რაც არის ბაზარზე ჩვენს მიერ დაკავებული წამყვანი პოზიციების და ძლიერი ფინანსური შედეგების აღიარება. ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის დაუღალავ მუშაობას გამორჩეულად კარგი შედეგების მისაღწევად და ჩვენს კლიენტებთან გრძლვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად მათთვის უმაღლესი კლასის ფინანსური მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზების გზით“.

2011 წლიდან მოყოლებული თიბისი ბანკი ევრომანის მიერ  რვაჯერ დასახელდა საუკეთესო ბანკად  საქართველოში.

„არაჩვეულებრივი შედეგების კიდევ ერთმა წელიწადმა თიბისი ბანკს კიდევ ერთხელ მოუტანა ეს ჯილდო საქართველოს მასშტაბით. შარშან, თიბისი ბანკმა შექმნა პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, Space-ი რომელიც ადგილობრივად, თიბისი ბანკის მიერ შეიქმნა სულ რაღაც 15 თვის განმავლობაში. ბანკმა ასევე დაიწყო კერძო ციფრული ეკოსისტემების შექმნა კლიენტებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამავე დროს, ბანკმა შეინარჩუნა ძლიერი პოზიციები შთამბეჭდავი მომგებიანობისა და დაკრედიტების ფონზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შესულმა კრედიტორმა კვლავ მოახერხა ბაზრის დომინანტის პოზიციისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამოყენება“, – ნათქვამია „ევრომანის“ ოფიციალურ განცხადებაში.

„ევრომანი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც უკვე 50 წელია, რაც  საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას გვთავაზობს.   ბოლო 12 თვის განმავლობაში ჟურნალმა სხვადასხვა ქვეყნის ბანკების გენერალური დირექტორების, ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების 100-მდე ინტერვიუ გამოაქვეყნა.

„ევრომანის“ მიერ დაწესებული „ჯილდო წარჩინებისთვის“ მეტად მნიშვნელოვანია წარმატებული ბანკებისა და ბანკირებისთვის. ჯილდო, რომელიც რამდენიმე ნომინაციას მოიცავს,  1992 წელს დაარსდა, რაც პირველი ამგვარი პრეცედენტი იყო გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს „ევრომანის“ დაჯილდოვების პროგრამაში სულ 1500-მდე აპლიკაცია შემოვიდა. ნომინაციები მოიცავს 20 გლობალურ, 50 რეგიონულ და 100-მდე ნაციონალურ ჯილდოს.

„აჭარაბეთის“ ამბასადორი რივალდო საქართველოში ჩამოდის

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა რივალდო „აჭარაბეთის“ სპორტის ამბასადორი გახდა და საქართველოში ჩამოდის. რივალდო ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „აჭარაბეთი“ გადაიღებს. ფილმის გადაღებებში რივალდოს გარდა სხვა ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვებიან. 

რივალდო საქართველოში 21 სექტემბერს ჩამოვა და რამდენიმე დღე დარჩება. 

ფილმის პრემიერა, რომელსაც „არენა“ დაერქმევა, შემოდგომაზე გაიმართება. მსგავსი მასშტაბის პროექტი სათამაშო ინდუსტრიის მხრიდან საქართველოში პირველად განხორციელდება.

რეესტრმა „რუსთავი 2“-ის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის, პაატა სალიას განცხადება რ2-ის მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით.

ამჟამად საჯარო რეესტრის მიხედვით, რ2-ის 100-პროცენტიან წილს ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია პანორამა ფლობენ.

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა დღეს, 18 ივლისს, რათა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები დაარეგისტრიროს.

განცხადების თანახმად შესაცვლელი რეკვიზიტებია:

  • პარტნიორის ცვლილება
  • წილის ცვლილება

განცხადება სალიამ რეესტრში დაახლოებით 14 საათზე დაარეგისტრირა. მის განცხადებას თან ერთვის მინდობილობა ქიბარ ხალვაშისგან და  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის გადაწყვეტილება. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს და თუ ამას მაინც გააკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღევად და თანამდებობრივ დანაშაულად ჩაითვლება.

თამთა მიქელაძე „რუსთავი 2“-ის შესახებ

რედაქცია: გამოქვეყნებული მასალა, რომელიც მომზადებული იყო თამთა მიქელაძის ფეისბუქპოსტზე დაყრდნობით, წაშლილია, რადგან, პოსტის ავტორის განმარტებით, საქმის გარემოებების დაზუსტების შემდეგ, ეს კომენტარი აღარ იყო რელევანტური.

 

“ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ” – ხიდაშელი რ2-ის შესახებ

თინათინ ხიდაშელი, პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი:

“ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს.
ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე. სამწუხაროდ, ყველამ ვერ იპოვა სამართალი ჯერ და მათ შორის რუსთავი 2-ის ნამდვილი მესაკუთრეებიც არიან.

David Dvali ურემი ნელა დადის, მაგრამ აუცილებლად მოვა შენამდე.

იმედია, ახლა ევროსასამართლოს გმობის, ბიძინამ იყიდა ყიჟინას სერიალს არ ვნახავათ.

ამ ისტორიაში ცუდი ის არის, რომ ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ, თორემ გადაწყვეტილება სრულიად გასაგები და ლოგიკურია.

ეს ქარიშხალი 20 ივნისის საქმეზე კი აუცილებლად იმათ წალეკავს დღეს, რომ ბედნიერების დროშები აღმართეს. მაინც გახსოვდეთ.

P.S. თავისუფალი ინტერპრეტაციის გურუებმა რამე რომ არ დამაბრალოთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ეჭვქვეშ ვაყენებ და არც რამე პრობლემას ვხედავ”.

___________________

წყარო: facebook 

ქიბარ ხალვაში: არ ვაპირებ შევეხო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ წამართვეს.

დღეს სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტით დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია.

აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არცერთი უფლება.

ბუნებრივია, ამ ეტაპზე მთავარი კითხვა, რაც ჩემს მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ის მომავალი.

ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს!

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზრუნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში.

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი.

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას – უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!

ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ”“.

ქიბარ ხალვაშმა ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

გოგო, რომელსაც ძმა და მშობლები დაეღუპა, მართვით სუნთქვაზეა – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე 13 ივლისს  მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლამდე გოგონა ამ დრომდე ქუთაისში მდებარე ინტერვენციულ კლინიკაში რჩება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. გოგონას თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება აღენიშნება და მისი მდგომარეობა მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნის შემდეგ დაზუსტდება.

ბავშვის დედ-მამა და 6 წლის ძმა რამდენიმე დღის წინ დაიღუპნენ ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოჯახი საუდის არაბეთიდან იყო ჩამოსული საქართველოში დასასვენებლად. ამჟამად ქუთაისის კლინიკაში იმყოფება ბავშვის ბიძა, რომელიც საუდის არაბეთიდან ჩამოვიდა.

ავარიის შედეგად სულ 12 ადამიანი დაშავდა, არაბი და პოლონელი ტურისტები და ორი ქართველი მძღოლი. ქობულეთის საავადმყოფოში ამ დროისათვის მხოლოდ ერთი დაშავებული რჩება – ქართველი მძღოლი, რომელსაც აღენიშნება ტერფის მოტეხილობა და ჰემოტორაქსი – გულმკერდში სისხლის ჩაგუბება.

შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე 13 ივლისს, ავარიის დროს, ერთმანეთს მინივენები შეეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და დროებითი ღონისძიება გააუქმა

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება.

რა გადაწყვიტა სასამართლომ?
  1. სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაეშვა აპლიკანტების საჩივარი „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ;
  2. ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება — აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი;
  3. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში;
  4. ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი თბილისის სააპელაციო სასამართლოში
  5. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ გადაწყვიტა
დავა სტრასბურგში

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარლოში ამ საქმეზე 4 მოსარჩელე იყო: თვითონ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები: შპს ტელეკომპანია საქართველო (51%-იანი წილი) და ბიზნესმენი ძმები — ლევან (22%) და გიორგი (18%) ყარამანიშვილები.

თავის მხრივ, „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების 25-25 პროცენტს ძმები ყარამანიშვილები ფლობენ, დარჩენილ 50%-ს კი — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ვაჟი, ნიკოლოზ ნაყოფია.

[ამას გარდა, რუსთავი2-ს ამჟამად კიდევ ერთი მფლობელი ჰყავს — 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, თუმცა ის მოსარჩელე არ არის].

დაარსების დღიდან 2011 წლამდე „რუსთავი 2“-ის წილების არაერთი ტრანსფერი განხორციელდა, რომელიც დღემდე დავის საგანია. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები „საქართველო“ და ყარამანიშვილები გახდნენ.

საქართველოს სასამართლო სისტემაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ წარმოებული დავა დასრულდა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

ოჯახები შიმშილისგან გამოსავალს ბავშვების შრომაში პოულობენ – მიმართვა ხელისუფლებას

„ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო არსებული გამოწვევის საპასუხოდ, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევა – არაადეკვატური“, – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR). ისინი 16 ივლისს თბილისში, 16 წლის გიორგი ბეშკენაძის მშენებლობაზე დაღუპვას ეხმაურებიან. გიორგი ბეშკენაძე დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით, ობიექტზე არ იყო დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმები.

„სამწუხაროა, რომ დასაქმების ადგილზე მუშების გარდაცვალებისა და დაშავების პრობლემა, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, გადაუჭრელ დაბრკოლებად იქცა. შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავების და კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, პრევენციისა და აღსრულების მექანიზმების არაეფექტიანობა, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ვადის მომავალში გადადება, დასაქმებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას  ყოველდღიურად უქმნის საფრთხეს. სახელმწიფოს ხელში არსებული მექანიზმების სისუსტესა და არაეფექტიანობაზე მიუთითებს სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა მუდმივად მზარდი სტატისტიკა,“ – წერია EMC-ს და PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციების შეფასებით, შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდულია,  ადგილობრივი თვითმმართველობები და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურები კი ეფექტიანად ვერ საქმიანობენ და ფაქტობრივად არ არსებობს მათ შორის კოორდინაცია.

„ასევე, პრობლემურია დასაქმების ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობაც.  ეს მოცემულობა სრულიად დაუცველს ხდის დასაქმებულებს დამსაქმებელთა მხრიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და მისგან მომდინარე სავალალო შედეგებისგან,“ – აღნიშნულია EMC-ს და PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ბავშვთა შრომის იძულებაზე.

„შიმშილის გამოწვევის წინაშე მდგარი ოჯახები გამოსავალს ბავშვების შრომის გამოყენებაში პოულობენ. სიღარიბის შემცირების პროგრამა არაეფექტიანია, ბავშვთა დაცვის სისტემა ვერ ფუნქციონირებს, განათლების სისტემა კი სკოლიდან მშენებლობაზე წასულ ბავშვებს ვერ ხედავს, ხოლო სახელმწიფო ამ ყველაფერში თავის პასუხისმგებლობას არ აღიარებს.

სახელმწიფო მოხელეების განცხადებით, ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციისგან დაცვის სისტემის განვითარებას მრავალი წელი სჭირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკაში ბავშვთა საკითხები ნაკლებ პრიორიტეტულია. ბავშვთა დასაცავად შექმნილი სოციალური სამსახური, განათლების სამინისტრო, შრომის ინსპექცია და სხვა უწყებები შეთანხმებულ მოქმედებას ვერ ახერხებენ ბავშვთა საშიშ პირობებში შრომის პრობლემის უსწრაფესი გადაჭრის მიზნით,“ – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

EMC-ს და PHR გავრცელებულ ინფორმაციაში კონკრეტულ უწყებებსაც მიმართავენ და მოუწოდებენ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს –  მშენებლობაზე დასაქმებული პირის გარდაცვალების შემთხვევაზე უზრუნველყოს დროული და ეფექტიანი გამოძიება;
  • შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს – დროულად შეისწავლოს დასაქმების ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, მოახდინოს დარღვევათა იდენტიფიცირება და მიიღოს შესაბამისი სანქციები მათ აღმოსაფხვრელად. ასევე, ჩაატაროს პროაქტიული ინსპექტირება დასაქმების ადგილების და განსაკუთრებით სამშენებლო ობიექტების.
  • საქართველოს პარლამენტს – შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების ეფექტური დაცვის მიზნით, შექმნას ადეკვატური კანონმდებლობა და საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც შეძლებს სამუშაო ადგილზე სრულყოფილი ზედამხედველობის პირობებში დარღვევათა იდენტიფიცირებას და ადეკვატურ რეაგირებას;
  • საქართველოს მთავრობას – უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი მხარდაჭერა;

ასევე, უწყებათაშორისი ჯგუფების ფარგლებში უნდა მოხერხდეს შრომის ინსპექციასა და ზედამხედველობის სხვა სამსახურებს შორის კოორდინირებული მუშაობა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მონიტორინგი. არსებული რეალობის და გამოწვევების ანალიზის საფუძველზე უნდა  შემუშავდეს შრომის ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზე და იქნება უსაფრთხო და ღირსეული შრომის გარანტი; უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და უნდა გატარდეს დაუყოვნებელი ღონისძიებები  ბავშვთა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი შრომის ეფექტიანი აღმოფხვრისთვის და იმ მიზეზების პრევენციისთვის, რომელიც ბავშვებს აიძულებს სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვონ საკუთარი თავის და ოჯახის რჩენისთვის საჭირო რესურსები.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/381239/

 

 

 

მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბულვარმა ორ თვეში 25 პირი დააჯარიმა

ბოლო ორ თვეში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების ცალკეულ სამართალდარღვევებზე 25 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ექვს პირზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

„ბათუმის ბულვარის“  ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურის მიერ ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობის წესების დარღვევისთვის 4 პირი დაჯარიმდა, ელექტრომობილების მართვის წესების დარღვევისთვის – 13, მათგან 12 პირი ელექტრომობილით მოძრაობდა ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ აკრძალულ ტერიტორიაზე.

„აგრეთვე, რიქშის ერთი და მოპედის დაჯარიმების შვიდი შემთხვევა არის დაფიქსირებული,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა იწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი – 50 ლარით.

ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ 06:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე. ველობილიკზე კი ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია.

ბულვარში ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.

„თუ არის ფაქტი, რომ გარე სივრციდან შემოვიდა ელექტრომობილი ან მოპედი [არის ხოლმე ასეთი შემთხვევებიც], ფაქტზე მყისიერად ხდება რეაგირება. მონიტორინგის ჯგუფი აჩერებს და აჯარიმებს,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივლისის 21 საათიდან 19 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი 
  • ღამით: 7– 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 20-21 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ცრუ განგაში ხანძარზე სასტუმრო „ადმირალში“- სტუმარმა ჩილიმი მოწია

დღეს, 18 ივლისს, დილით, ბათუმში, სასტუმრო „ადმირალში“ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს.

როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, განგაში ცრუ აღმოჩნდა, სასტუმროში ერთ-ერთმა სტუმარმა ჩილიმი მოწია, რის გამოც კვამლის დეტექტორი ჩაირთო. სასტუმროში მოწევა აკრძალულია.

ადგილზე სამი სახანძრო მანქანა იმყოფებოდა.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის პირველი დღე ბათუმში

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი დღეს, 18 ივლისს  Cory Henry & The Funk Apostles-მა გახსნა. ბლუზის, სოულის, გოსპელისა და ჯაზ ფანკის ნაზავ მუსიკას შვიდი მუსიკოსისგან შემდგარი ბენდი მსმენელის წინაშე 9 საათიდან  უკრავდა, მანამდე კი ჯაზის ახალგაზრდა ვარსკვლავთან შესახვედრად მსმენელი დიჯეი გიორგი მაჩაიძემ მოამზადა რამდენიმე ტრეკით.

კორი ჰენრიმ ჯგუფი Funk Apostles სხვადასხვა დროს გაცნობილი მუსიკოსებისგან შეკრიბა.

ნიუ იორკულ ბენდს ჟურნალი Rolling Stones-ი „პლანეტაზე ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურ ბენდად“ მოიხსენიებს.

ბენდის ლიდერი 32 წლის მუსიკოსი კორი ჰენრია, რომელიც 2 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე და 6 წლიდან დგას სცენაზე. კლავიშზე კორი ჰენრის დაკვრის მანერას ხშირად ადარებენ ჰერბი ჰენკოკისა და ოსკარ პიტერსონის სტილს.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში, 2019 წელი

ბრიტანელი ტურისტები, ჯეინ ფაიფერი და სტივ ქეარი საქართველოში წელს პირველად ჩამოვიდნენ სამოგზაუროდ ინგლისიდან, ჯაზფესტივალზე სპონტანურად აღმოჩნდნენ, ინტერნეტში ფესტივალის აფიშას წააწყდნენ და სასიამოვნო შესაძლებლობა მელომანებმა ხელიდან არ გაუშვეს.

„ეყოს მსოფლიოს რაც კომუნიზმი ჯაზს კრძალავდა, ახლა ჩვენ თავისუფალი ერები ვართ, ვუსმენთ რასაც გვინდა, ჯაზფესტივალზე ვართ ქვეყანაში, სადაც სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ჯაზი იკრძალებოდა სისტემისგან, ეს თავისუფლება მშვენიერია“ – ამბობს  სტივ ქეარი.

ბრიტანელი ტურისტები შავი ზღვის ჯაზფესტივალზე

ამ პულტიდან იმართება მთელი ჯაზფესტივალი და ძალიან სასიამოვნო სანახავია, როგორ აცეკვებს მთელ დარბაზს და აბალანსებს ხმებს საუნდჩექერი, რომელიც თავად ძალიან მშვიდად გამოიყურება, თუმცა აცეკვებული ხალხის რიტმი, მთლიანად მის მიერ დაბალანსებულ ხმაზეა დამოკიდებული.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში, 2019 წელი

კორი ჰენრიმ, რომელიც დღეს ბათუმის ჩოგბურთის კორტებიდან უმღეროდა მსმენელს, მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო და მისმა სამივე ალბომმა გამოსვლისთანავე დაიკავა მსოფლიო ჩარტებში მთავარი პოზიციები. ჰენრის სინგლები ჯაზისა და გოსპელის საუკეთესო მაგალითებადაა მიჩნეული.

ცოტა ,,ჟუჟუნა ღვინო“, ცოტა ჟუჟუნა წვიმაც და მსმენელი მზადაა ამერიკული ბენდის ჟღერადობაზე ასაცეკვებლად, ასე იქნება ხვალაც და ზეგაც, როცა ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე კორი ჰენრის Kraak & Smaak,  MokuMoku და Incognito შეცვლის. დაველოდოთ.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში, 2019 წელი
შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში, 2019 წელი
შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში, 2019 წელი
შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში, 2019 წელი
შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში, 2019 წელი

 

რამდენად გაიაფდა დასვენება ბათუმში

„ბათუმში ძვირია დასვენება“, – ეს მოსაზრება წელს ალბათ უკვე მცდარია, რადგან ის ადამიანები, ვინც წლებია ტურიზმის სფეროში მუშაობენ, აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით ფასები წელს 20-30%-ით დაბალია.

ელისოს საცხოვრებელი ბინა, აკვაპარკის წინ, ნინოშვილის ქუჩაზე, პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. ის 3-ოთახიან კომფორტულ ბინას უკვე წლებია აქირავებს დამსვენებლებზე. იქედან გამომდინარე, რომ ელისოს ბინა ზღვის პირასაა, ყოველთვის ბევრი სტუმარი ჰყავდა. ელისო ამბობს, რომ დამსვენებლები წელსაც ჰყავს, მაგრამ მას გაუმართლა – მისი ბინა წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი.

„მე პრობლემა არ მაქვს, რადგან წინასწარი ჯავშანი მქონდა და 90 ლარს მიხდიან დღეში. ახლა ყაზახეთიდან არიან, ოთხი ადამიანია. სხვებიც იყვნენ. ჩემი ბინა სამოთახიანია, ევრორემონტით… მეზობლები ამბობენ, რომ ძალიან იაფად აქირავებენ – 60-70 ლარად. მათი ფართობიც იგივეა. ამ დროს ყოველთვის 80-90 ლარად უპრობლემოდ ქირავდებოდა“.

ფასების შემცირებაზე გვითხრეს იმ კორპუსშიც, რომელიც პირდაპირ ძველი ბულვარის მთავარ შესასვლელთან დგას. აქ ბინის დაქირავება ყოველთვის უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე სხვა, ნებისმიერ უბანში.

ამ კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა აგვიხსნა, რომ წელს ბინების ფასმა მათთანაც საგრძნობლად იკლო. თუ მაგალითად, გასულ წელს ბინას ერთი ღამით აქ 30-35 ლარად აქირავებდნენ ერთ ადამიანზე, წელს 25 ლარად შეიძლება კომფორტულად მოწყობა და დასვენება. „სამოთახიანი ბინა მაქვს. ერთდროულად შემიძლია 6-7 ადამიანის მიღება. ფასიც შესაბამისად – 120-130 ლარია. გასულ წელს იმავე ბინას 180-200 ლარად ვაქირავებდი“, – გვითხრა ბინის მესაკუთრემ.

იგი ასევე ამბობს, რომ მათთან ტურისტების ნაკადის სიმცირე ნამდვილად არ იგრძნობა. „არ უშვებენ არაბებს და ირანელებს, მაგრამ მაინც არიან. ნაკადი წამოვიდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც. არიან ბელორუსები და უკრაინელები. თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ დიდი ნაკადია რუსების – მანქანებით ჩამოდიან“, – გვითხრა დიასახლისმა.

სასტუმროების, ჰოსტელებისა და ბინების გაქირავების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმას – booking.com-ს თუ დაათვალიერებთ, აღმოაჩენთ, რომ ბათუმში ღამის გათევა დღეს, ტურისტული სეზონის პიკზე, 10 ლარადაც კი შეიძლება ქალაქის მეორე-მესამე ზოლში მდებარე ჰოსტელებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ზღვასთან ახლოს მდებარე ჰოსტელებში კი –  20-22 ლარად.

თუ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული თქვენთვის პრობლემა არ არის და ზღვიდან რამდენიმე კვარტალში გადაწყვეტთ დასაქირავებელი სივრცის ძებნას, აუცილებლად იპოვით კომფორტულ ადგილს საოჯახო სასტუმროში. სოფო ერთ-ერთია, ვისაც საოჯახო სასტუმრო აქვს ლერმონტოვის ქუჩაზე და უკვე 10 წელია ამუშავებს. ის ამბობს, რომ მთელი სეზონი დაჯავშნილი ჰქონდა 20-30 ლარად. რუსეთთან „ისტერიის ატეხვის“ შემდეგ კი ყველა ჯავშანი გაგვიუქმდაო, გვითხრა სოფომ.

„მაშინ დავაკვირდი, რომ 80% რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ დაჯავშნილი. სხვათა შორის, 2-3 დღეა უკვე დაიწყეს  რუსებმა ისევ დაჯავშნა. რამდენჯერმე შემოვიდნენ ევროპელებიც. ახლა 15 ლარადაც ვუშვებთ ერთ ადამიანს, მაგრამ თითქმის არავინ გვყავს“, – გვითხრა სოფომ.

გასულ წლებთან შედარებით ღამის გათევა უფრო იაფია ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშიც. თუ გასულ წელს ამ სასტუმროებში ღამის გათევის ფასი 150 დოლარიდან იწყებოდა, წელს თანხა საგრძნობლად ნაკლებია.

საპირფარეშოს მილების კაუსტიკური სოდით გაწმენდისას ქალმა მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში რამდენიმე დღის წინ პაციენტი გადაიყვანეს, რომელმაც თავისივე სახლის აბაზანაში საკანალიზაციო მილების გაწმენდა სცადა კაუსტიკური სოდის გამოყენებით, შედეგად კი მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

„უნიტაზში ჩაყარა ეს კაუსტიკური სოდა, რომელიც რეაქციაში შევიდა წყალთან და ამოიფრქვა. დამწვრობა სწორედ ამ  ამოფრქვეული სითხისგან მიიღო“, – გვითხრა დაზარალებული ქალის ახლობელმა.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით პაციენტის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია. პაციენტს აღენიშნება სახის, გულმკერდის და ქვემო კიდურების ქიმიური დამწვრობა.

კაუსტიკური სოდა, იგივე სოდიუმის ჰიდროქსიდი არაორგანული ნაერთია და მისი საშუალებით მილების გაწმენდის ხერხს დიასახლისების ნაწილი მიზანშეწონილად მიიჩნევს სწორი დოზირების შემთხვევაში, თუმცა როგორც ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ქიმიკოსი ნინო კიკნაძე ამბობს, კაუსტიკური სოდა ტექნიკური და სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენება და მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენება სასტიკად დაუშვებელია.

„კაუსტიკური სოდა ქიმიურ რეაქციაში შედის წყალთან და ასეთი სოდის გამოყენება მილების გასაწმენდად დაუშვებელია, მითუფრო, როცა უამრავი გამწმენდი საშუალება არსებობს, რასაც ასევე სჭირდება ნიღბის, ხელთათმანების გამოყენება და დოზირება. კაუსტიკური სოდა შეიცავს ნატრიუმს, წყალთან რეაქციაში შესვლისას სწრაფად ქაფდება და ნატრიუმის ტუტე, იგივე მწვავე ტუტე წარმოიქმნება, რომელიც წვავს. ქიმიური ცდებისას მწვავე ტუტეებთან განსაკუთრებული სიფრთხილით ვიქცევით ქიმიურ ლაბორატორიებშიც კი“ – ამბობს ქიმიკოსი.

უნდა აშენდეს თუ არა ცათამბჯენები ბათუმის რივიერაზე? [გამოკითხვა]

როგორ ფიქრობთ, უნდა აშენდეს თუ არა ხუთი ცათამბჯენი ბათუმის კონცხზე, ე.წ. რივიერაზე?

„ბათუმელების“ გამოკითხვა 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა ანონიმურია. შეგახსენებთ, გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატიული.


უნდა აშენდეს თუ არა ცათამბჯენები ბათუმის რივიერაზე

სად გაითიშება შუქი ხვალ ბათუმში და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში

ხვალ, 18 ივლისს, დილის ექვსის ნახევრიდან დილის რვა საათამდე შუქი გაითიშება ბათუმში: ლერმონტოვის, ბაგრატიონის, შ. ხიმშიაშვილის, ოძელაშვილის, გრიბოედოვის, ტურგენევის  და მიმდებარე ქუჩებზე. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეიზღუდება აფსაროსის გზატკეცილზე, მირიან მეფის ქუჩასა და აეროპორტის დასახლებაში – დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე.

ელექტროენერგიის მიწოდება დღისით რამდენიმე საათით შეიზღუდება ასევე ქობულეთში: მ.აბაშიძის, ფიროსმანის, გაგარინის, ქიაჩელის, ხაბაზის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფლებში ქვედა და ზედა აჭყვაში, საჩინოში, კვირიკესა და ბობოყვათში.

დილის თერთმეტიდან საღამოს ექვს საათამდე შუქის გარეშე დარჩება ხელვაჩაურის სოფლები: ზედა და ქვედა ჯოჭო, ერგე, დაბა ხელვაჩაურის ნაწილი, ავგია, თხილნარი, ჭარნალი და მიმდებარე სოფლები, ასევე გონიოს და ახალსოფლის დასახლებები.

ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც დილის 11-დან საღამოს 6 სთ-მდე. შუქი გაითიშება შუახევის რამდენიმე სოფელში: ჯაბნიძეებში, წაბლანაში, ცინარეთში, სამოლეთში, უჩამბასა და მიმდებარე სოფლებში, დაბა შუახევის ნაწილში, ასევე, ხულოს სოფლებში: თაგოში, ჩაოში, ბეშუმში, მთა ვერხვნალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, აბონენტთა ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ჰონორარების საკითხს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ხელახლა განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს, რათა მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარის ოდენობის საკითხი განიხილოს.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ეს საკითხი რამდენიმე დღის წინ განიხილა და ხმათა უმრავლესობით საბჭოს წევრებისა და საბჭოს აპარატის წევრების ხელფასები გაიზარდა. კერძოდ, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების – თვეში 3 025 ლარით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. ნატა იმედაიშვილის განცხადებით, მას ხელფასების გაზრდისთვის მხარი არ დაუჭერია და  აღნიშნული საკითხი საბჭოს წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა დააყენა, რომელსაც მხარი დაუჭირეს ირაკლი დარცმელიძემ და ბეჟან გობაძემ.  მან ასევე განაცხადა, რომ  საბჭოს წევრები გეგმავენ ხელფასების გაზრდის საკითხის გადახედვას და საბჭოს დანარჩენ წევრებს მოუწოდეს, მათ მიერ მხარდაჭერილი გადაწყვეტილება შეცვალონ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტი 267 915 ლარია.

_________

ფოტოზე: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში ხვალ გაიხსნება

ხვალ, 18 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში  შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზფესტივალი გაიხსნება. პირველ დღეს ფესტივალი Cory Henry & The Funk Apostles-ს უმასპინძლებს, 19 და 20 ივლისს კი მათ სცენაზე  Kraak & Smaak, MokuMoku და Incognito შეცვლის.

ფესტივალის განრიგი წელს ასეთია:

  • 18 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი
    Cory Henry & The Funk Apostles
  • 19 ივლისი, 20:00 – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი
    Kraak & Smaak  MokuMoku
  • 20 ივლისი – ბათუმის ჩოგბურთის კლუბი
    Incognito

გრემის ჯილდოს მფლობელმა კორი ჰენრიმ (CORY HENRY) მუსიკალური კარიერა 2006 წელს დაიწყო და მისმა სამივე ალბომმა გამოსვლისთანავე დაიკავა მსოფლიო მუსიკალურ ჩარტებში მთავარი პოზიციები. მუსიკოსის სინგლები ჯაზისა და გოსპელის საუკეთესო ალბომების ნომინაციებში მოხვდა.

ჯგუფ Inkognito-ს კარიერა 1979 წლიდან იწყება. ამ ხნის განმავლობაში  40-წლიანი კარიერის განმავლობაში 15-ზე მეტი ალბომი გამოუშვა და ბენდმა არაერთი მუსიკოსი გამოიცვალა, თუმცა უცვლელია ჟან პოლ მონიკი – სასცენო სახელწოდებით ბლუი – Inkognito-ს ვოკალისტი, პროდიუსერი და გიტარისტი.

MOKUMOKU თბილისში დაარსებული ჯგუფია, დაუკრავთ ისეთ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორებიცაა: MadCool Festival (2018 წ.) და Bristol Upfest (2017 წ.) მალე გამოვა ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით „Feast”.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის რეზიდენტი დიჯეი წელს დავით მაჩაიძე იქნება.

ჯაზფესტივალის დღეებში ჰოსტელი Green Door-ი ფესტივალის სტუმრებს 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ჰოსტელი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მემედ აბაშიძის 48 ნომერში მდებარეობს და  ბულვარის, ევროპის მოედნისა და ზღვის სანაპიროდან ფეხით 5 წუთის სავალზეა. ჰოსტელი „გაზეთ ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ ეკუთვნის და ვიზიტორებს ფასდაკლებას ჯაზფესტივალის საინფორმაციო მხარდაჭერის ფარგლებში სთავაზობს.

 

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

კომპანია „ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის გზა უნდა ააშენოს [პროექტის ღირებულება 110 მილიონი], სხვა ტენდერში ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. კომპანია სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის [მესამე ლოტი] გამარჯვებული იყო, რომელთანაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტა. „ტოდინის“ წინააღმდეგ მთავრობა საარბიტრაჟო დავას იწყებს.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპანია Todini Costruzioni Generali S.p.A-ის წინააღმდეგ. საარბიტრაჟო პროცესში სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

„ტოდინი“, რომელიც სახელმწიფოსგან ადრე მიღებულ დაკვეთებს არაჯეროვნად ასრულებდა, 2018 წელს კიდევ ერთი – 110-მილიონიანი ტენდერის [ორივე ლოტი] გამარჯვებულად დაასახელა სახელმწიფო გზების დეპარტამენტმა, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის  მშენებლობაზე.

ხულო-გოდერძი-ზარზმის ახალ საავტომობილო მაგისტრალს, საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს“, თუმცა, „ბათუმელებმა“ დოკუმენტების შესწავლით დაადგინა, რომ იტალიაში დაფუძნებული კომპანია „ტოდინის“ წილების 100-ვე პროცენტს 2016 წლიდან ყაზახური კომპანია ფლობს.

2017 წლის 27 ივნისს სამტრედია-გრიგოლეთის გზის (ლოტი III) მონაკვეთის მშენებლობის მიზნით „ტოდინთან“ გაფორმებული ხელშეკრულება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019 წლის თებერვალში შეწყვიტა. „ბათუმელებმა“ გზების დეპარტამენტს ჰკითხა, თუ რა სანქცია გაატარა „ტოდინის“ მიმართ ამ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო.

„მხარეთა შორის წარმოშობილი დავა უნდა განიხილოს საერთაშორისო სავაჭრო პალატამ [ICC] პალატის საარბიტრაჟო წესების მიხედვით. ამ ეტაპზე ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით დეპარტამენტის მხრიდან მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება და ამდენად დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ რაიმე სახის დამატებითი ინფორმაცია“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან ორი თვის წინ.

დეპარტამენტს წერილობით მოვთხოვეთ ინფორმაცია ხელშეკრულების ფარგლებში რა ღირებულების სამუშაოების ჩატარება იყო გათვალისწინებული? აქედან რა ღირებულების სამუშაო შესრულდა? ამ პროექტის ფარგლებში ჯამში რა რაოდენობის თანხა იქნა კონტრაქტორ კომპანიაზე გადარიცხული, მათ შორის რამდენი ავანსად?

„დეპარტამენტსა და „ტოდინს“ შორის ხელშეკრულების ფარგლებში კონტრაქტორზე ანაზღაურებული თანხა შეადგენს 17 662 684 ლარს, 2 445 101 აშშ დოლარს და 2 238 701 ევროს. მათ შორის ავანსი: 16 565 089 ლარი, 2 293 158 აშშ დოლარი და 2 099 101 ევრო“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „ტოდინს“ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი ჰქონდა ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები „ასტანა ბანკისგან“. ამ გარანტიების ამოქმედება კი, უნდა განეხილა ყაზახეთის სალიკვიდაციო კომისიას, ვინაიდან „ასტანა ბანკი“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

ყაზახეთის სალიკვიდაციო კომისიამ დეპარტამენტისგან დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა, რომლის წარუდგენლობა გამოიწვევდა დეპარტამენტის მოთხოვნის [გარანტიის ამოქმედება] განუხილველობას.

„ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის გარანტიების საკითხს განიხილავს სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისია [The Liquidation Commission of the Bank of Astana] და მიმდინარეობს გარანტიებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიმდინარე წლის მაისში.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ასევე, წარმოადგინა თუ არა „ტოდინმა“ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები.

„ტოდინის მიერ წარმოდგენილია TENGRI BANK JSC ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე 4 026 450 ლარი“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 15 ივლისს, გავრცელებული ინფორმაციით, „ამ გზის მე-2 მონაკვეთზე [რომელიც გაივლის გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს] გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე, ხოლო მესამე მონაკვეთზე, სადაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტორს [„ტოდინს“ – ავტ.] ხელშეკრულება შეუწყდა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს ტენდერის ხელახლა გამოსაცხადებლად“.

 

 

ეკუთვნის თუ არა სტიპენდია მეოთხეკურსელს – სტუდენტმა ბსუ-ს სასამართლო დავა მოუგო

სტიპენდიის გამო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა სტუდენტმა მეგი ბაკურიძემ უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლა. მას მეოთხე კურსის მეორე სემესტრის სტიპენდია არ მისცეს, რაც თვეში 100 ლარია. მეგი ბაკურიძემ ასევე ვერ აიღო სტიპენდია ხელვაჩაურის მერიისგან – ჯამში 400 ლარი. ამ უწყებასაც უჩივლა უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებულმა სასამართლოში.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ფრიადოსან სტუდენტებს აძლევენ სტიპენდიას, რომლებიც სემესტრის ბოლოს პროგრამით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებში 91 და მეტ ქულას მიიღებენ. სტიპენდიას სტუდენტები შემდეგ სასწავლო სემესტრში იღებენ. ანუ თუკი სტუდენტმა წარმატებით დაასრულა სასწავლო სემესტრი ივნისში, ის ფრიადოსნის სტიპენდიას სექტემბრიდან მიიღებს.

„სექტემბერში უნივერსიტეტმა მითხრა, რომ ვერ მომცემდა სტიპენდიას, რადგან ბაკალავრიატი უკვე დავასრულე და აღარ მქონდა სტუდენტის სტატუსი. ეს არ იყო სამართლიანი დამოკიდებულება – მე სტიპენდიის აღების უფლება სტუდენტობის პერიოდში მივიღე. მეოთხე კურსის შემთხვევა გაწერილი არ არის, მაგრამ სამართლებრივად მეკუთვნის სტიპენდია და ეს დაადასტურა სააპელაციო სასამართლომ,“ – გვიყვება მეგი ბაკურიძე. მისივე თქმით, აქამდე არსებული პრაქტიკით, მეოთხეკურსელები ამ სტიპენდიას ვერ იღებდნენ და აქამდე ამას არავინ აპროტესტებდა.

„ჩემს კურსზეც სამი ფრიადოსანი იყო, მაგრამ გაცხადებითაც არ მიუმართავთ უნივერსიტეტისთვის“, – დასძენს მეგი ბაკურიძე. მან უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებაც გვაჩვენა, სადაც განსაზღვრულია სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი: ფინანსური დავალიანება და მეორე, როცა ათვისებული არ გაქვს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული კრედიტები.

სტიპენდია ფრიადოსან სტუდენტს არც ხელვაჩაურის მერიამ მისცა. ეს მუნიციპალიტეტიც სტიპენდიას გამოცდების ჩაბარების შემდეგ, შემდეგი სემესტრიდან გასცემს მათზე, ვინც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. მერიამ სტიპენდიის გაცემაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ერთ-ერთ არჩევით საგანში სტუდენტს 91 ქულა არ ჰქონდა.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი ხელვაჩაურთან მიმართებით, მაგრამ არ დააკმაყოფილა უნივერსიტეტის წინააღმდეგ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მე აღარ მქონდა სტუდენტის სტატუსი და უნივერსიტეტს ჰქონდა უფლებამოსილება, არ მოეცა ჩემთვის სტიპენდია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი ჩემი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა,“ – განმარტავს მეგი ბაკურიძე.

მეგი ბაკურიძემ გვითხრა ისიც, რომ სასამართლო დავის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტმა წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა და მეოთხე კურსის მეორე სემესტრიდან საერთოდ გააუქმა სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემა.

„სამწუხაროდ, უნივერსიტეტმა ეს გზა აირჩია და მარტივად მოაგვარა პრობლემა,“ – აღნიშნა მეგი ბაკურიძემ „ბათუმელებთან“.

თემაზე განმარტება „ბათუმელებმა“ იურისტ რამინ მაჭარაშვილს სთხოვა. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებს იცავს სასამართლოში. რამინ მაჭარაშვილმა გვითხრა, რომ იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმების შემდეგ გაგვაცნობს პოზიციას.

განახლება:

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტმა, რამინ მაჭარაშვილმა წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია. იურისტის თქმით, უნივერსიტეტი დიდი ალბათობით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„სტიპენდიის დანიშვნის წესის თანახმად,  სტიპენდიას ნიშნავს რექტორი წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ახალი სემესტრის დაწყებიდან 1 თვის ვადაში. მეგი ბაკურიძის შემთხვევაშიც, რომელმაც ივლისში უკვე დაასრულა სწავლა და მიენიჭა კვალიფიკაცია (ე.ი. შეუწყდა სტუდენტის სტატუსი ) ლოგიკურია, რომ  ვერ მიიღო რექტორის ბრძანებით იმ წელს 2 თვის შემდეგ დანიშნული სტიპენდია, რადგან რექტორის ბრძანების გამოცემის დროისთვის აღარ იყო ბსუ-ს სტუდენტი,“ – აღნიშნავს რამინ მაჭარაშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი.

 

აქტივისტი: დაასაფლავეთ ილუზია, რომ „რივიერასთან“ ივანიშვილი არაფერ შუაშია 

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, „ოცნების“ პარტიულ შეკრებაზე ჩამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში „რივიერაზე“ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას „ნაციონალებისგან“ მართული ადამიანები აპროტესტებენ.

„აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა. ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ ამას,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

ბათუმში რივიერაზე ცათამბჯენების აგებას საზოგადოება „ბათომი“ და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ ეწინააღმდეგება. სწორედ მათ ირგვლივ იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში ცათამბჯენების შენებას ეწინააღმდეგებიან.

ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის ივანიშვილის ამ განცხადებას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური ტრიუკია – უნდათ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, თავის მართლება დაიწყონ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ არ არიან მართულნი.

„არ მაინტერესებს ვისთან გამაიგივებენ, დაანებოს თავი პოლიტიკური იარლიყების მიწებებას, ჩვენ ამაზე არ წამოვეგებით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ორივე პროექტი – „პანორამა თბილისიც“ და „რივიერა ბათუმიც“ – არის ქალაქებისთვის დამღუპველი, ეს არის არქიტექტურა, რომელიც ძალადობს ქალაქზე და ამას ყოველთვის აპროტესტებდნენ ძეგლისდამცველები, მოქალაქეები და პროფესიონალები, მათ შორის უცხოელი ექსპერტებიც, რომელთა ხმაც არ ესმის ხელისუფლებას. როცა მმართველი ძალა არ სცემს პატივს საზოგადოების ღირებულებებს, მისთვის აღარ უნდა იყოს მოულოდნელი საზოგადოების საპასუხო განწყობები,“ – აღნიშნა ნინო ინაიშვილმა „ბათუმელებთან“.

თამარ მამეიშვილი, EECMD ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ბათუმში, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანებას ეწინააღმდეგება.

„ვუსმინე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და მართლა ღიმილის მომგვრელია, ტრაგიკულიც რომ არ იყოს. სამწუხაროა, როცა ნებისმიერი კრიტიკული აზრი ავტომატურად ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერად აღიქმება, სხვაგვარად ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, ან კიდევ არ აქვთ საპირისპირო ღირებული არგუმენტები. ჩვენს შორის არიან ექიმებიც, მასწავლებლებიც, მუსიკოსებიც, ჟურნალისტებიც, უმუშევრებიც, ენჯეოში დასაქმებულებიც, ბათუმელები, რომლებსაც ამ ქალაქზე გული შეგვტკივა და რომლებსაც გვინდა ჩვენი ქალაქი შევინარჩუნოთ, გადავარჩინოთ და მართლა განვავითაროთ.

ძალიან მენიშნა პარალელი პანორამა თბილისთან, როდესაც ივანიშვილმა პანორამა თბილისი და ბათუმი რივიერა ერთ კონტექსტში ახსენა. ნამდვილად არ გვინდა იგივე შედეგი დადგეს ბათუმში, რაც თბილისში მოყვა ამ მშენებლობას. ეს განცხადებაც ხაზს უსვამს მის პირად ინტერესს, რაც კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი ბრძოლის სისწორეში“, – ამბობს თამარი.

ბათუმელი ექიმი ზეინაბ დიასამიძე უკვე რამდენიმე წელია ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის იბრძვის: არის აქციების ორგანიზატორი, ესწრება საკრებულოს სხდომებს, სადაც ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. იგი ფეისბუქზე გამოეხმაურა ივანიშვილის განცხადებას:

„თუკი აქამდე ვინმეს ჰქონდა შერჩენილი სულ მცირედი ილუზიაც კი, რომ ივანიშვილი არაფერ შუაშია, ან სწორ ინფორმაციას არის მოკლებული და „რივიერასთან“ არაფერ შუაშიაო, დღეს ეს ილუზიები ღრმად ჩავმარხე. თქვენაც დაასაფლავეთ!“ – წერს ზეინაბ დიასამიძე.

____________

ფოტოზე: „არა ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

აჭარის ტელევიზია ივანიშვილის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო განცხადებას ავრცელებს მმართველი პარტიის -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის შეურაცხყოფაზე.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “ჰილტონში” გამართულ ბრიფინგზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის პროფესიულ აქტიურობას “უზრდელობა” უწოდა, ხოლო აჭარის ტელევიზია და რადიო “რუსთავი-2-სა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფილიალად მოიხსენია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მუშაობს მაღალპროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით. ამას ჩვენი აუდიტორიაც დადებითად აფასებს და სხვადასხვა შემფასებელი ორგანიზაციაც. ეს ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, რაც კარგად აქვს გააზრებული ჩვენი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში“.

„სად გაიზარდე შვილო, ეცით პატივი კოლეგას მაინც, კითხვაზე მაპასუხებინეთ … ”დაწყნარდით ცოტა”, ”ნუ უზრდელობ” – ასეთი რეპლიკებით მიმართა დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მას სიტყვა შეაწყვეტინა და შეუსწორა, რომ ანტისაოკუპაციო აქციაზე არა 200 [ეს ციფრი ივანიშვილმა დაასახელა], არამედ ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

 

ამავე თემაზე:

ივანიშვილი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს: რუსთავი 2-ის ფილიალი ხართ

ფიჭვნარში მიწის ნაკვეთს სამინისტრო ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით ყიდის

ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთს, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ამჯერად 1 146 250 ლარად ყიდის. ფიჭვნარში მდებარე ეს ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეხუთედ გამოიტანა, ამჯერად 75%-იანი ფასდაკლებით.

აუქციონის მთავარი პირობაა ამ ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის აშენება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს. მიწის ნაკვეთის მყიდველმა აქ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ორი [მაღალი და დაბალი] საბაზრო შეფასება გვაქვს… იმ მეორე, დაბალ საბაზრო შეფასებამდე შეგვიძლია ჩამოვიდეთ, მაგრამ იმის ქვევით არა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ დაახლოებით თვენახევრის წინ.

„ბათუმელები“ მაშინ დაინტერესდა, თუ რამდენი იყო ეს დაბალი ფასი. მინისტრის მოადგილემ გვითხრა, რომ „მაღალი ფასი დაბალზე დაახლოებით ოთხჯერ მეტი იყო“. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით მაშინ გამოვთვალეთ, რომ ეს დაბალი ფასი 1 146 250 ლარი იყო. ანუ, ზუსტად ის თანხა, რა თანხითაც გამოცხადდა აუქციონი, ამჯერად მეხუთედ.

თორნიკე კუჭავამ „ბათუმელებთან“ მაშინ ასევე განაცხადა, რომ პირდაპირი მიყიდვა ან 1 ლარად ამ ნაკვეთის გასხვისების საკითხი სამინისტროში არ განიხილება: „ქონება გასხვისდება მხოლოდ აუქციონით, რომელმაც უნდა გამოაჩინოს, არის თუ არა დაინტერესებული პირი, ანუ უღირს თუ არა პირს, ბიზნესს, გადაიხადოს მოცემული პირობებით, მოცემული ფასი“.

ამ თემაზე:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

კომახიძე გაეროს კვლევაზე, რომელიც ბათუმის კონცხზე მშენებლობას სახიფათოდ მიიჩნევს – ეს თეორიული ნაშრომია“

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კვლევაში ნაკლებად ეყრდნობოდა პრაქტიკულ გეოლოგიურ და გეოდეზიურ კვლევებს, რისი გაკეთებაც ახლა არის კომპანიისთვის დავალებული. ასე რომ, გვაქვს 2013 წლის თეორიული ნაშრომი და, მეორე მხრივ, ჩვენ გვექნება პრაქტიკული კვლევები. ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად სანდო იქნება,“ – გვიპასუხა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მომზადებულ კვლევაზე, სადაც წერია, რომ ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი შენობები არ უნდა აშენდეს. ბათუმის კონცხი ის ადგილია, სადაც ხუთი ცათამბჯენის აშენება იგეგმება და ამას ლაშა კომახიძე აქტიურად მხარს უჭერს.

ლაშა კომახიძე იყო გაეროს განვითარების პროგრამის კოორდინატორი აჭარაში, როცა კონკრეტულ საფრთხეებზე 2013 წელს გაეროს მხარდაჭერით კვლევა მომზადდა.

დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – აღნიშნულია UNDP-ის მიერ დაფინანსებულ კვლევაში.

ლაშა კომახიძე განმარტავს, რომ კომპანიამ, რომელიც ცათამბჯენების აშენებას ბათუმის კონცხზე გეგმავს, უნდა წარმოადგინოს კვალიფიციური კომპანიის მიერ დამუშავებული გეოდეზიური კვლევის შედეგი. ბათუმის მერის თქმით, მსგავს კვლევას ამჯერად ერთ-ერთი იტალიური კომპანია ამზადებს.

რის საფუძველზე უჭერს მხარს და ეთანხმება „რივიერას“ პროექტს ბათუმის მერი, როცა ახალი კვლევა არ არსებობს, წინა კვლევით კი, მრავალსართულიანი სახლები კონცხზე აღარ უნდა აშენდეს?

„თანხმობა, როგორც ასეთი, გრგ-ზე ჯერ არ არის. ჩემი ეს მზაობა არის უშუალოდ პროექტის მხარდაჭერაზე, თუმცა ამ პროექტს აქვს აუცილებელი შემადგენელი – გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევები. შესაძლოა პროექტი იყოს ეკონომიკურად მომგებიანი, მაგრამ ფიზიკურად გარკვეული გარემოებების გამო ვერ განხორციელდეს. იგივე სიტუაციაა აქ,“ – გვითხრა ლაშა კომახიძემ.

17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 

 

ივანიშვილი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს: რუსთავი 2-ის ფილიალი ხართ

ბიძინა ივანიშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც მას კითხვებს უსვამდა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, უთხრა: „დაწყნარდით შვილო, ნუ უზრდელობ.  როგორ ერთმანეთს გავხართ (იგულისხმა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი 2),  გიორგი გახარიამ დაიცვა რუსთავი 2-ის მეპატრონეები, თქვენიც (საზ.მაუწყებლის),“-განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც ის პარტიულ შეხვედრას დახურულ ფორმატში მართავდა.

ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან  დაკავშირებით განაცხადა, რომ შს მინისტრი არ უნდა გადადგეს. „არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, (20-21 ივნისის აქციის), არავის კითხვა არ აღეძვრის ძალის ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული.

20 ივნისს გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი, რადგან ის ბიჭები, ვინც ორგანიზებას უწევდა აქციებს, უნდოდათ სახელმწიფო გადატრიალება, რა უნდოდათ პარლამენტში? და თუ გახარია გადადგებოდა, შს სამინისტრო აღარ იარსებებდა,“-განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის „ჰილტონში“ ვიზიტი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მას სასტუმროს წინ აქტივისტები   პლაკატებით დახვდნენ.

 

Exit mobile version