მთავარი,სიახლეები

რამდენად გაიაფდა დასვენება ბათუმში

17.07.2019 • 5355
რამდენად გაიაფდა დასვენება ბათუმში

„ბათუმში ძვირია დასვენება“, – ეს მოსაზრება წელს ალბათ უკვე მცდარია, რადგან ის ადამიანები, ვინც წლებია ტურიზმის სფეროში მუშაობენ, აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით ფასები წელს 20-30%-ით დაბალია.

ელისოს საცხოვრებელი ბინა, აკვაპარკის წინ, ნინოშვილის ქუჩაზე, პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. ის 3-ოთახიან კომფორტულ ბინას უკვე წლებია აქირავებს დამსვენებლებზე. იქედან გამომდინარე, რომ ელისოს ბინა ზღვის პირასაა, ყოველთვის ბევრი სტუმარი ჰყავდა. ელისო ამბობს, რომ დამსვენებლები წელსაც ჰყავს, მაგრამ მას გაუმართლა – მისი ბინა წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი.

„მე პრობლემა არ მაქვს, რადგან წინასწარი ჯავშანი მქონდა და 90 ლარს მიხდიან დღეში. ახლა ყაზახეთიდან არიან, ოთხი ადამიანია. სხვებიც იყვნენ. ჩემი ბინა სამოთახიანია, ევრორემონტით… მეზობლები ამბობენ, რომ ძალიან იაფად აქირავებენ – 60-70 ლარად. მათი ფართობიც იგივეა. ამ დროს ყოველთვის 80-90 ლარად უპრობლემოდ ქირავდებოდა“.

ფასების შემცირებაზე გვითხრეს იმ კორპუსშიც, რომელიც პირდაპირ ძველი ბულვარის მთავარ შესასვლელთან დგას. აქ ბინის დაქირავება ყოველთვის უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე სხვა, ნებისმიერ უბანში.

ამ კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა აგვიხსნა, რომ წელს ბინების ფასმა მათთანაც საგრძნობლად იკლო. თუ მაგალითად, გასულ წელს ბინას ერთი ღამით აქ 30-35 ლარად აქირავებდნენ ერთ ადამიანზე, წელს 25 ლარად შეიძლება კომფორტულად მოწყობა და დასვენება. „სამოთახიანი ბინა მაქვს. ერთდროულად შემიძლია 6-7 ადამიანის მიღება. ფასიც შესაბამისად – 120-130 ლარია. გასულ წელს იმავე ბინას 180-200 ლარად ვაქირავებდი“, – გვითხრა ბინის მესაკუთრემ.

იგი ასევე ამბობს, რომ მათთან ტურისტების ნაკადის სიმცირე ნამდვილად არ იგრძნობა. „არ უშვებენ არაბებს და ირანელებს, მაგრამ მაინც არიან. ნაკადი წამოვიდა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც. არიან ბელორუსები და უკრაინელები. თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ დიდი ნაკადია რუსების – მანქანებით ჩამოდიან“, – გვითხრა დიასახლისმა.

სასტუმროების, ჰოსტელებისა და ბინების გაქირავების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლატფორმას – booking.com-ს თუ დაათვალიერებთ, აღმოაჩენთ, რომ ბათუმში ღამის გათევა დღეს, ტურისტული სეზონის პიკზე, 10 ლარადაც კი შეიძლება ქალაქის მეორე-მესამე ზოლში მდებარე ჰოსტელებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ზღვასთან ახლოს მდებარე ჰოსტელებში კი –  20-22 ლარად.

თუ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული თქვენთვის პრობლემა არ არის და ზღვიდან რამდენიმე კვარტალში გადაწყვეტთ დასაქირავებელი სივრცის ძებნას, აუცილებლად იპოვით კომფორტულ ადგილს საოჯახო სასტუმროში. სოფო ერთ-ერთია, ვისაც საოჯახო სასტუმრო აქვს ლერმონტოვის ქუჩაზე და უკვე 10 წელია ამუშავებს. ის ამბობს, რომ მთელი სეზონი დაჯავშნილი ჰქონდა 20-30 ლარად. რუსეთთან „ისტერიის ატეხვის“ შემდეგ კი ყველა ჯავშანი გაგვიუქმდაო, გვითხრა სოფომ.

„მაშინ დავაკვირდი, რომ 80% რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ დაჯავშნილი. სხვათა შორის, 2-3 დღეა უკვე დაიწყეს  რუსებმა ისევ დაჯავშნა. რამდენჯერმე შემოვიდნენ ევროპელებიც. ახლა 15 ლარადაც ვუშვებთ ერთ ადამიანს, მაგრამ თითქმის არავინ გვყავს“, – გვითხრა სოფომ.

გასულ წლებთან შედარებით ღამის გათევა უფრო იაფია ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშიც. თუ გასულ წელს ამ სასტუმროებში ღამის გათევის ფასი 150 დოლარიდან იწყებოდა, წელს თანხა საგრძნობლად ნაკლებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: