17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 


დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხის განხილვას საკრებულოს წევრებმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად ხმა მაინც მისცეს. საკრებულომ და მერმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ „რივიერა“ ქალაქს სჭირდება“.

„რივიერა“ არის პროექტი, რომლის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ტერიტორია კერძო კომპანიას ეკუთვნის.

პროექტის გაჟღერებიდან დღემდე, საზოგადოება „ბათომი“ და ძველი ბათუმის დამცველი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი ინტენსიურად მოითხოვდა, რომ მერიას უარი ეთქვა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე.

„არა ჩაბეტონებას“, „არ გვინდა ნაადრევი სიკვდილი“, „გაწიე კედელი, დამანახე ზღვა“ და სხვა არაერთი მოწოდება უამრავჯერ გაახმოვანეს მოქალაქეებმა, როგორც ხალხმრავალ საპროტესტო აქციებზე, ასევე სხვადასხვა ფორმატში. ამის მიუხედავად, ბათუმის თვითმმართველობამ  ხალხის აზრი არ მოისმინა და რივიერას პროექტი საკრებულოს სხდომაზე მაინც გაიტანა.

სხდომის დაწყებამდე საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა სიტყვის გამოსვლისთვის ნებართვა ითხოვეს. მათ ამის უფლება არ მისცეს – „ორი დღით ადრე უნდა მოგემართათო“.

„რივიერას“ თემა მეორე საკითხად გავიდა. მერიის არქიტექტორის სამსახურის უფროსმა იმაზე დაიწყო საუბარი, რომ პროექტია რივიერა ბათუმისთვის მომგებიანია და სამუშაო ადგილები შეიქმნება. სამოქალაქო აქტივისტები შეეცადნენ, მისგან უფრო დამაჯერებელი არგუმენტები მოესმინათ, მაგრამ ვერ მოისმინეს.

ბათუმის საკრებულო

იგივე თქვა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ. მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ეს პროექტი ქალაქისთვის არის უსაფრთხო და როგორც „მრავალი თაობის ბათუმელი“, წლების შემდეგ აუცილებლად იამაყებს იმით, რომ პროექტი მისი მერობის პირობებში დაიწყო.

ლაშა კომახიძე უფრო შორსაც წავიდა და თქვა, რომ „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განხორციელებულა საქართველოში და მთელს რეგიონშიო“.

სხდომაზე მყოფი მოქალაქეები მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მიეღოთ სიტყვით გამოსვლის უფლება. როგორც იქნა, ბოლოს მიკროფონთან ნინო ინაიშვილი აღმოჩნდა. მან საკრებულოს და მერს კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოების განწყობა ამ პროექტზე და თქვა, თუ რამდენად დამაზიანებელია ეს პროექტი ქალაქისთვის:

„თქვენ, ქალაქის ხელისუფლება ვალდებული ხართ მოუსმინოთ ხალხს და სერიოზულ კითხვებს პასუხი გასცეთ. ჩვენ ვითხოვთ პასუხს. ჩვენ რაც ამ დარბაზში მოვისმინეთ, ამან აღგვაშფოთა, რადგან ბათუმი არ უნდა იქცეს ერთი სეზონის ქალაქად. ეს გადაწყვეტილება არასწორია და თქვენი ვალდებულებაა, რომ პოლიტიკა  სწორად განსაზღვროთ, თუმცა თქვენ ამაში ძალიან სუსტები ხართ“.

ინაიშვილის კრიტიკული შეფასებების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ ისევ გააგრძელა „რივიერას“ ღირსებებზე საუბარი და  საკრებულოს წევრებს კენჭისყრისკენ მოუწოდა. თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დარბაზიდან ისევ მოჰყვა რეპლიკები.

„ადამიანების ჯანმრთელობა თქვენ არ გაინტერესებთ. ჯერ გამოიკვლიეთ და მერე გაეცით ნებართვები მაღლივ შენობებზე?“ – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ექიმმა ზეინაბ დიასამიძემ.

მანდატური ცდილობს შოთა გუჯაბიძე გაიყვანოს დარბაზიდან

საზოგადოება „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ სულ ცოტა ხუთჯერ მაინც სთხოვა საკრებულოს თავმჯდომარეს მისთვის სიტყვის უფლება მიეცა, თუმცა უარი მიიღო. „მე მაქვს უფლება მოვითხოვო სიტყვა“, – ეუბნებოდა შოთა გუჯაბიძე თავმჯდომარეს.

ის პრინციპულად ეკითხებოდა თავმჯდომარეს, თუ რა პროცედურა უნდა გაევლო, რომ ბოლოს და ბოლოს მისთვის მოესმინათ. თავმჯდომარემ კი საპასუხოდ უთხრა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მოუსმენდა.

„სხდომის შემდეგ არ მინდა, ახლა მინდა“, – ეუბნებოდა გუჯაბიძე. მაშინ სულიკო თებიძემ დაცვას დაუძახა: „გაიყვანეთ, ხელს მიშლის“. შოთა გუჯაბიძის დარბაზიდან გასაყვანად მანდატური მოვიდა.

შოთა გუჯაბიძემ დარბაზში მყოფ ბათუმის მერს უსაყვედურა: „თქვენ ყველაფერს ამას უყურებდით და არ ჩაერიეთ“.

მერმა მისკენ მიმართულ საყვედურს ასე უპასუხა: „მე არ მოგეცი სიტყვა? საკრებულოში ხარ შოთა…“

„კი საკრებულოში ვარ და საკრებულოს თავმჯდომარისგანაც მქონდა თანხმობა, რომ სიტყვას მომცემდა. თქვენ უყურებდით ამ ყველაფერს და არ ჩაერიეთ ამაში“, – უპასუხა გუჯაბიძემ.

„ჩემი დანაშაულია, რომ არ ჩავერიე იმაში, რომ სიტყვა არ მოგცეს?“- რიტორიკულად იკითხა ლაშა კომახიძემ და თავი გააქნია.

ამის შემდეგ გუჯაბიძეს თავისი პოზიციის დაფიქსირება ჟურნალისტებმა სთხოვეს. თუმცა სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან უკანა რიგებში საკრებულოს ოპოზიური პარტიის წევრებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნი ატეხეს. დარბაზი აჩოჩქოლდა და საკრებულოს თავმჯდომარე სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა. შოთა გუჯაბიძე დარბაზიდან გავიდა, დარბაზში ჩხუბი, პოლემიკა, ყვირილი და მოწოდებები ერთდროულად ისმოდა სხვადასხვა მხრიდან.

ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ „რივიერას“  მიმართ პროტესტს „არა გახარიას“   პროტესტიც მიუერთა და თაბახის ფურცელზე დააწერა:  #როდიონივი #გახარია-წადი“.

მირდატ ქამადაძე წარწერით – #როდიონოვი #გახარია-წადი

სულიკო თებიძე სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რამდენიმე წუთის მანძილზე, ხან მანდატურებს მოუხმობდა, ხან პოლიციას. ამის მიუხედავად, მან სიტუაციის გაკონტროლება მაინც ვერ შეძლო.

„რატომ დაარღვიე რეგლამენტი“ – მაგიდაზე ხელების ბრახუნით ეკითხებოდნენ ენმ-ს წევრები სულიკო თებიძეს. თავმჯდომარის სკამიდან ადგა და ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

საკრებულოს წევრების დაცარიელებული სკამები ცოტა ხნით სამოქალაქო აქტივისტებმა დაიკავეს. მათ უმრავლესობის წევრებს მაგიდაზე საპროტესტო გზავნილები დაუტოვეს:

„არა, ნაადრევ სიკვდილს. ჩვენ გვინდა ჰაერი!“, „ნუ ანგრევ ბათუმს, ნუ უნგრევთ ქალაქს თქვენს შვილებს“, „ქალაქი უარს გეუბნებათ“ და ა.შ.

სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოში

შესვენების შემდეგ განახლებულ სხდომაზე სულიკო თებიძემ მალევე დააყენა ხუთი ცათამბჯენის საკითხი განხილვაზე და მალევე მიიღო უმრავლესობის წევრების 17 ხმა. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ისინი კენჭისყრას უკანონოს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ის პროცედურების დარღვევით ჩატარდა, რასაც გააპროტესტებდნენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა კი საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, ფართომასშტაბიანი აქციაა დაანონსეს.

რივიერაზე ცათამბჯენების აშენება „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალ ერთ-ერთ კომპანიას სურს. მისი ფინანსური მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი  ქვეყნის მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია.

„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ  დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს ბათუმის კონცხთან დაკავშირებით.

კვლევა 2013 წელს ჩაატარა სახელმწიფომ. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მაშინ ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა.

ამავე თემაზე:

სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი ბათუმის საკრებულოში

16 ივლისს ბათუმის საკრებულომ „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხი განიხილა. სამოქალაქო აქტივისტები ჰყვებიან, თუ რატომ არის საზიანო ბათუმისთვის სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობა

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on სამშაბათი, 16 ივლისი, 2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com