მთავარი,სიახლეები

ეკუთვნის თუ არა სტიპენდია მეოთხეკურსელს – სტუდენტმა ბსუ-ს სასამართლო დავა მოუგო

17.07.2019
ეკუთვნის თუ არა სტიპენდია მეოთხეკურსელს – სტუდენტმა ბსუ-ს სასამართლო დავა მოუგო

სტიპენდიის გამო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა სტუდენტმა მეგი ბაკურიძემ უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლა. მას მეოთხე კურსის მეორე სემესტრის სტიპენდია არ მისცეს, რაც თვეში 100 ლარია. მეგი ბაკურიძემ ასევე ვერ აიღო სტიპენდია ხელვაჩაურის მერიისგან – ჯამში 400 ლარი. ამ უწყებასაც უჩივლა უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებულმა სასამართლოში.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ფრიადოსან სტუდენტებს აძლევენ სტიპენდიას, რომლებიც სემესტრის ბოლოს პროგრამით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებში 91 და მეტ ქულას მიიღებენ. სტიპენდიას სტუდენტები შემდეგ სასწავლო სემესტრში იღებენ. ანუ თუკი სტუდენტმა წარმატებით დაასრულა სასწავლო სემესტრი ივნისში, ის ფრიადოსნის სტიპენდიას სექტემბრიდან მიიღებს.

„სექტემბერში უნივერსიტეტმა მითხრა, რომ ვერ მომცემდა სტიპენდიას, რადგან ბაკალავრიატი უკვე დავასრულე და აღარ მქონდა სტუდენტის სტატუსი. ეს არ იყო სამართლიანი დამოკიდებულება – მე სტიპენდიის აღების უფლება სტუდენტობის პერიოდში მივიღე. მეოთხე კურსის შემთხვევა გაწერილი არ არის, მაგრამ სამართლებრივად მეკუთვნის სტიპენდია და ეს დაადასტურა სააპელაციო სასამართლომ,“ – გვიყვება მეგი ბაკურიძე. მისივე თქმით, აქამდე არსებული პრაქტიკით, მეოთხეკურსელები ამ სტიპენდიას ვერ იღებდნენ და აქამდე ამას არავინ აპროტესტებდა.

„ჩემს კურსზეც სამი ფრიადოსანი იყო, მაგრამ გაცხადებითაც არ მიუმართავთ უნივერსიტეტისთვის“, – დასძენს მეგი ბაკურიძე. მან უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებაც გვაჩვენა, სადაც განსაზღვრულია სტიპენდიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი: ფინანსური დავალიანება და მეორე, როცა ათვისებული არ გაქვს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული კრედიტები.

სტიპენდია ფრიადოსან სტუდენტს არც ხელვაჩაურის მერიამ მისცა. ეს მუნიციპალიტეტიც სტიპენდიას გამოცდების ჩაბარების შემდეგ, შემდეგი სემესტრიდან გასცემს მათზე, ვინც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. მერიამ სტიპენდიის გაცემაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ერთ-ერთ არჩევით საგანში სტუდენტს 91 ქულა არ ჰქონდა.

„ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი ხელვაჩაურთან მიმართებით, მაგრამ არ დააკმაყოფილა უნივერსიტეტის წინააღმდეგ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მე აღარ მქონდა სტუდენტის სტატუსი და უნივერსიტეტს ჰქონდა უფლებამოსილება, არ მოეცა ჩემთვის სტიპენდია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი ჩემი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა,“ – განმარტავს მეგი ბაკურიძე.

მეგი ბაკურიძემ გვითხრა ისიც, რომ სასამართლო დავის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტმა წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა და მეოთხე კურსის მეორე სემესტრიდან საერთოდ გააუქმა სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემა.

„სამწუხაროდ, უნივერსიტეტმა ეს გზა აირჩია და მარტივად მოაგვარა პრობლემა,“ – აღნიშნა მეგი ბაკურიძემ „ბათუმელებთან“.

თემაზე განმარტება „ბათუმელებმა“ იურისტ რამინ მაჭარაშვილს სთხოვა. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერესებს იცავს სასამართლოში. რამინ მაჭარაშვილმა გვითხრა, რომ იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმების შემდეგ გაგვაცნობს პოზიციას.

განახლება:

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტმა, რამინ მაჭარაშვილმა წერილობით მოგვაწოდა ინფორმაცია. იურისტის თქმით, უნივერსიტეტი დიდი ალბათობით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„სტიპენდიის დანიშვნის წესის თანახმად,  სტიპენდიას ნიშნავს რექტორი წინა სემესტრის შედეგების მიხედვით ახალი სემესტრის დაწყებიდან 1 თვის ვადაში. მეგი ბაკურიძის შემთხვევაშიც, რომელმაც ივლისში უკვე დაასრულა სწავლა და მიენიჭა კვალიფიკაცია (ე.ი. შეუწყდა სტუდენტის სტატუსი ) ლოგიკურია, რომ  ვერ მიიღო რექტორის ბრძანებით იმ წელს 2 თვის შემდეგ დანიშნული სტიპენდია, რადგან რექტორის ბრძანების გამოცემის დროისთვის აღარ იყო ბსუ-ს სტუდენტი,“ – აღნიშნავს რამინ მაჭარაშვილი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: