ბოლო ორ თვეში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მოძრაობის წესების ცალკეულ სამართალდარღვევებზე 25 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ექვს პირზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურის მიერ ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობის წესების დარღვევისთვის 4 პირი დაჯარიმდა, ელექტრომობილების მართვის წესების დარღვევისთვის – 13, მათგან 12 პირი ელექტრომობილით მოძრაობდა ბათუმის ბულვარის სარგებლობაში არსებულ აკრძალულ ტერიტორიაზე.
„აგრეთვე, რიქშის ერთი და მოპედის დაჯარიმების შვიდი შემთხვევა არის დაფიქსირებული,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.
მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა იწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი – 50 ლარით.
ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ 06:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე. ველობილიკზე კი ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია.
ბულვარში ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება აკრძალულია, დასაშვებია მხოლოდ დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.
„თუ არის ფაქტი, რომ გარე სივრციდან შემოვიდა ელექტრომობილი ან მოპედი [არის ხოლმე ასეთი შემთხვევებიც], ფაქტზე მყისიერად ხდება რეაგირება. მონიტორინგის ჯგუფი აჩერებს და აჯარიმებს,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.