საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლის, პაატა სალიას განცხადება რ2-ის მფლობელების შეცვლასთან დაკავშირებით.
ამჟამად საჯარო რეესტრის მიხედვით, რ2-ის 100-პროცენტიან წილს ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია პანორამა ფლობენ.
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა დღეს, 18 ივლისს, რათა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები დაარეგისტრიროს.
განცხადების თანახმად შესაცვლელი რეკვიზიტებია:
- პარტნიორის ცვლილება
- წილის ცვლილება
განცხადება სალიამ რეესტრში დაახლოებით 14 საათზე დაარეგისტრირა. მის განცხადებას თან ერთვის მინდობილობა ქიბარ ხალვაშისგან და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის გადაწყვეტილება. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს და თუ ამას მაინც გააკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღევად და თანამდებობრივ დანაშაულად ჩაითვლება.