მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზია ივანიშვილის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

17.07.2019 • 1810
აჭარის ტელევიზია ივანიშვილის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო განცხადებას ავრცელებს მმართველი პარტიის -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მაუწყებლის ჟურნალისტის, თეონა თურმანიძის შეურაცხყოფაზე.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “ჰილტონში” გამართულ ბრიფინგზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის პროფესიულ აქტიურობას “უზრდელობა” უწოდა, ხოლო აჭარის ტელევიზია და რადიო “რუსთავი-2-სა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფილიალად მოიხსენია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მუშაობს მაღალპროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით. ამას ჩვენი აუდიტორიაც დადებითად აფასებს და სხვადასხვა შემფასებელი ორგანიზაციაც. ეს ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, რაც კარგად აქვს გააზრებული ჩვენი მაუწყებლის ყველა თანამშრომელს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში“.

„სად გაიზარდე შვილო, ეცით პატივი კოლეგას მაინც, კითხვაზე მაპასუხებინეთ … ”დაწყნარდით ცოტა”, ”ნუ უზრდელობ” – ასეთი რეპლიკებით მიმართა დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მას სიტყვა შეაწყვეტინა და შეუსწორა, რომ ანტისაოკუპაციო აქციაზე არა 200 [ეს ციფრი ივანიშვილმა დაასახელა], არამედ ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

 

ამავე თემაზე:

ივანიშვილი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს: რუსთავი 2-ის ფილიალი ხართ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: