მთავარი,სიახლეები

აქტივისტი: დაასაფლავეთ ილუზია, რომ „რივიერასთან“ ივანიშვილი არაფერ შუაშია 

17.07.2019 • 1102
აქტივისტი: დაასაფლავეთ ილუზია, რომ „რივიერასთან“ ივანიშვილი არაფერ შუაშია 

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, „ოცნების“ პარტიულ შეკრებაზე ჩამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში „რივიერაზე“ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას „ნაციონალებისგან“ მართული ადამიანები აპროტესტებენ.

„აბა, ნახეთ პანორამაზე რა დღეში იყვნენ, უნიკალურ პროექტს ვაკეთებ მე თბილისში, არარენტაბელურს. რა დღეში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და რა დღეში იყვნენ მათგან მართული ენჯეოები. მათ უნდათ, რომ მშენებლობა შეაჩერონ საქართველოში. მათ უნდათ, რომ დაანგრიონ ქვეყანა. ისინი მავნებლები არიან და არ მალავენ ამას,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

ბათუმში რივიერაზე ცათამბჯენების აგებას საზოგადოება „ბათომი“ და საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“ ეწინააღმდეგება. სწორედ მათ ირგვლივ იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში ცათამბჯენების შენებას ეწინააღმდეგებიან.

ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისთვის ივანიშვილის ამ განცხადებას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური ტრიუკია – უნდათ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას იცავს, თავის მართლება დაიწყონ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ არ არიან მართულნი.

„არ მაინტერესებს ვისთან გამაიგივებენ, დაანებოს თავი პოლიტიკური იარლიყების მიწებებას, ჩვენ ამაზე არ წამოვეგებით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ორივე პროექტი – „პანორამა თბილისიც“ და „რივიერა ბათუმიც“ – არის ქალაქებისთვის დამღუპველი, ეს არის არქიტექტურა, რომელიც ძალადობს ქალაქზე და ამას ყოველთვის აპროტესტებდნენ ძეგლისდამცველები, მოქალაქეები და პროფესიონალები, მათ შორის უცხოელი ექსპერტებიც, რომელთა ხმაც არ ესმის ხელისუფლებას. როცა მმართველი ძალა არ სცემს პატივს საზოგადოების ღირებულებებს, მისთვის აღარ უნდა იყოს მოულოდნელი საზოგადოების საპასუხო განწყობები,“ – აღნიშნა ნინო ინაიშვილმა „ბათუმელებთან“.

თამარ მამეიშვილი, EECMD ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი ბათუმში, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანებას ეწინააღმდეგება.

„ვუსმინე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და მართლა ღიმილის მომგვრელია, ტრაგიკულიც რომ არ იყოს. სამწუხაროა, როცა ნებისმიერი კრიტიკული აზრი ავტომატურად ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერად აღიქმება, სხვაგვარად ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, ან კიდევ არ აქვთ საპირისპირო ღირებული არგუმენტები. ჩვენს შორის არიან ექიმებიც, მასწავლებლებიც, მუსიკოსებიც, ჟურნალისტებიც, უმუშევრებიც, ენჯეოში დასაქმებულებიც, ბათუმელები, რომლებსაც ამ ქალაქზე გული შეგვტკივა და რომლებსაც გვინდა ჩვენი ქალაქი შევინარჩუნოთ, გადავარჩინოთ და მართლა განვავითაროთ.

ძალიან მენიშნა პარალელი პანორამა თბილისთან, როდესაც ივანიშვილმა პანორამა თბილისი და ბათუმი რივიერა ერთ კონტექსტში ახსენა. ნამდვილად არ გვინდა იგივე შედეგი დადგეს ბათუმში, რაც თბილისში მოყვა ამ მშენებლობას. ეს განცხადებაც ხაზს უსვამს მის პირად ინტერესს, რაც კიდევ უფრო გვარწმუნებს ჩვენი ბრძოლის სისწორეში“, – ამბობს თამარი.

ბათუმელი ექიმი ზეინაბ დიასამიძე უკვე რამდენიმე წელია ქალაქის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის იბრძვის: არის აქციების ორგანიზატორი, ესწრება საკრებულოს სხდომებს, სადაც ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. იგი ფეისბუქზე გამოეხმაურა ივანიშვილის განცხადებას:

„თუკი აქამდე ვინმეს ჰქონდა შერჩენილი სულ მცირედი ილუზიაც კი, რომ ივანიშვილი არაფერ შუაშია, ან სწორ ინფორმაციას არის მოკლებული და „რივიერასთან“ არაფერ შუაშიაო, დღეს ეს ილუზიები ღრმად ჩავმარხე. თქვენაც დაასაფლავეთ!“ – წერს ზეინაბ დიასამიძე.

____________

ფოტოზე: „არა ჩაბეტონებას“ – აქცია ბათუმში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი